უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ყოველთა წმინდანთა დღესასწაულზე

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 30 მაისი, 2010 წ.

„ბავშვებს უნდა ვემსგავსოთ და ადვილად შევუნდოთ ცოდვები სხვებს.
დღე არ უნდა დაღამდეს, მზე არ უნდა ჩაესვენოს, ვიდრე არ
შევურიგდებით იმ ადამიანს, ვისთანაც კონფლიქტი მოგვივიდა!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

„დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი!“ მახსენდება ჩემი სტუდენტობის წლები: სასულიერო სემინარიის სტუდენტი ვიყავი და თბილისში არდადეგებზე ჩამოვედი. მიმიყვანეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარეს მელქისედეკ III-სთან, რომელიც იმ დროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი იყო. უწმინდესი და უნეტარესი მელქისედეკი შორსმჭვრეტელი და დიდად განათლებული პიროვნება გახლდათ. მას დამთავრებული ჰქონდა ყაზანის სასულიერო აკადემია, გარდა ამისა, ის იყო ბრწყინვალე მათემატიკოსი. როგორც კი მივეახლე და ლოცვა-კურთხევა ავიღე, მან რატომღაც რუსულად მითხრა (ეტყობა ეგონა, რომ რუსულად უკეთ გავიგებდი): „Бог гордым противится, а смиренным дает благодать“ - „ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“. ეს იყო რაღაც განსაკუთრებული დღე ჩემთვის, ის დღე არასოდეს დამავიწყდება. ეტყობა, მან ჩემში დაინახა ეს ნაკლი - ამპარტავნება და ამიტომაც მითხრა დს სიტყვები, რომლებიც სამუდამოდ ჩამრჩა გულსა და გონებაში. როგორც ყველა ადამიანი, მეც ცოდვილი ვარ, მაგრამ ყველანი იმედით ვცოცხლობთ, რომ ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოვსწორდებით.

დღეს არის ყოველთა წმინდანთა დღესასწაული. მაშასადამე, ყოველი ჩვენგანის ანგელოზის დღეა. ამიტომ ყველას გილოცავთ ანგელოზის დღეს!

რა არის სიწმინდე? სიწმინდე არის განშორება ბოროტთან და მიახლება ღმერთთან! უფლისა და ადამიანის ნების შერწყმა, ანუ სინერგია.

როცა ადამიანს აქვს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, აქვს სიყვარული, სასოება და თავმდაბლობა, - მან შეიძლება სიწმინდეს მიაღწიოს. მართალი ადამიანი განწმენდილია. „მომანიჭე მე, უფალო, განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“ - აი, ეს ყველაზე ადვილი გზაა სასუფევლისაკენ!

მრავალი წმინდანი ყოფილა, არის და კიდევ იქნება. ყველა წმინდა თუ არაწმინდა ადამიანი აღრიცხული ჰყავს უფალს და აი, დადგა ის დრო, როცა ადამიანმა უნდა აირჩიოს მარჯვენა ან მარცხენა მხარე. მკვიდრნი სასუფევლისა დგებიან მარჯვნივ, ხოლო სხვები, ცოდვილნი, - მარცხნივ. თვით ადამიანი ირჩევს გზას საკუთარი თავისუფალი ნებით.

სიწმინდეს ადამიანი ოდითგან მონასტრებში აღწევდა. მაგრამ ადამიანს მოღვაწეობაშიც დიდი სიფრთხილე მართებს. წმინდა მამები ამბობენ: „თუკი მორჩილი ძალიან სწრაფად ადის სიწმინდის კიბეზე, დაუჭირე მას ფეხი და ჩამოქაჩე, ვიდრე სიმაღლიდან არ გადმოვარდნილა!“ ხშირად ყოფილა, - მორჩილი 20-30 წელი მოღვაწეობდა მონასტერში და როცა სათნოებებს გამოიჩენდა, თავმდაბლობასა და განუკითხველობაში გამოიცდებოდა, მაშინ უკვე შეიძლებოდა მისი უდაბნოში სამოღვაწეოდ გაშვება. უდაბნო - ეს არის სავანე, სადაც უფრო ადვილია სიწმინდის მიღება, მაგრამ ასევე იოლია დაცემაც. ადრეც მიამბნია თქვენთვის ეს მაგალითი და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ: იყო ერთი ახალგაზრდა ბერი, რომელიც უდაბნოში სამოღვაწეოდ გავიდა. ლოცვით, მარხვითა დაშრომით დიდ სიწმინდეს მიაღწია და ღვთისგან კურნების ნიჭი ებოძა. მასთან ავადმყოფები მოჰყავდათ, იგი ლოცულობდა და კურნავდა მათ. ერთხელ სნეული ქალწული მოუყვანეს, ილოცა მისთვის, მაგრამ ვერ განკურნა. მერე მშობლებს სთხოვა, დამიტოვეთ სენაკში და კიდევ ვილოცებ მისთვისო. ეშმას არ სძინავს და ბილწმა სულმა ყველაფერი იღონა, რომ ახალგაზრდა ბერი ეცდუნებინა. ბერი ქალწულთან ცოდვით დაეცა. საშინლად განიცადა თავისი დაცემა და იმ უდიდესი სიწმინდიდან ისე დაბლა დაეშვა, რომ მოკლა ეს ქალიშვილი და უფსკრულში გადააგდო; მერე გამოქვაბულიდან წავიდა და თავის მოკვლა განიზრახა. ამ დროს მას ღმერთმა მოხუცი ბერი გამოუგზავნა. გამოცდილმა მოღვაწემ უცებ იგრძნო, რომ რაღაც დიდი ტრაგედია დატრიალებულიყო მის თავს და საბრალო ბერი ეშმაკის ლუკმად ქცეულიყო. მან პირდაპირ ჰკითხა: „რატომ ხარ ასე შეძრწუნებული?“ ახალგაზრდამ ყველაფერი უამბო. მოხუცმა მიუგო: „დარჩი ჩემთან, მეც მსგავსი რამ შემემთხვა, ერთად ვილოცოთ და ღვთისგან შენდობა ვითხოვოთ!“ სინამდვილეში ამ დიდ მოღვაწეს მსგავსი არაფერი გადახდომია,

მაგრამ უნდოდა ნუგეში ეცა ახალგაზრდა ბერისთვის, გაეადვილებინა მისთვის ამ საშინელი ცოდვის მოწანიება. სწორედ ამიტომ უთხრა მას: „მეც ჩავვარდნილვარ ასეთ ცოდვაში“. მართლაც, დარჩა იქ ეს ცოდვილი ბერი და დიდი მოღვაწეობით რამდენიმე წელი მოანდომა სულიერ განწმენდას. ამის შემდეგ უფალმა მას კვლავ დაუბრუნა მადლი და კურნების ნიჭი. როცა მოხუცმა ბერმა იგრძნო, რომ უკვე მტკიცედ დგას ფეხზე, უთხრა: „ახლა კი წადი და განმარტოებით იღვაწე“. აი, როგორი რთულია ადამიანის გზა - სიწმინდე, დაცემა, კვლავ სინანული და ისევ ამაღლება...

გვახსოვდეს, რომ ადამიანი შექმნილია ხატად და მსგავსად ღვთისა. ძვირფასი თვალ-მარგალიტი ტალახში რომ ამოისვაროს და შემდეგ გაიწმინდოს, იგი კვლავ დაიბრუნებს თავის პირვანდელ სახეს. ასევეა ცოდვისგან განწმენდილი ადამიანიც.

შევთხოვთ უფალს, მოგვანიჭოს ძალი, მადლი და თავმდაბლობა, მოგვცეს „განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. ღმერთი მოწყალეა, იგი ადვილად პატიობს ცოდვებს. მე მყავდა მოძღვარი, მამა შიო ძიძავა, სამეგრელოს მკვიდრი და ამბობდა ხოლმე: „ღმერთი ბავშვს ჰგავს, მალე ავიწყდება ჩვენი დანაშაული“. ჩვენც ბავშვებს უნდა ვემსგავსოთ და ადვილად შევუნდოთ ცოდვები სხვებს. დღე არ უნდა დაღამდეს, მზე არ უნდა ჩაესვენოს, ვიდრე არ შევურიგდებით იმ ადამიანს, ვისთანაც კონფლიქტი მოგვივიდა. მახარეს, რომ ზოგიერთ სკოლაში ინერგება შერიგების ასეთი ტრადიცია.

დალოცვილი იყავით! ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენც მივაღწიოთ სიწმინდეს!

მინდა მოგახსენოთ ერთი სამწუხარო ამბავი... გარდაიცვალა დიდი თავადი, ქალბატონი ლეონიდა ბაგრატიონი-რომანოვი. ლეონიდა ბაგრატიონი რომანოვზე გახლდათ გათხოვილი. ეს ოჯახი მემკვიდრეა რუსეთის საიმპერატორო სახლისა და ისინი ნამყოფნი არიან ჩვენთან. ქალბატონ ლეონიდას დარჩა ქალიშვილი - მარიამი და შვილიშვილი - იური. ახლა რუსეთის ტახტის მემკვიდრე მარიამ რომანოვია. ლეონიდა ბაგრატიონი იყო თქვენთვის კარგად ცნობილი დავით ბაგრატიონის პაპიდა; მამამისი გახლდათ გიორგი, ხოლო პაპა - ერეკლე; სწორედ ერეკლეს და იყო ლეონიდა.

ღმერთმა აცხონოს და ნათელში ამყოფოს მისი სული!

დღეს ყოველთა წმინდანთა დღეა და მინდა დავაჯილდოვო რამდენიმე სასულიერო პირი.

დეკანოზი მიქაელ აბულაძე - დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;

დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი - დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;

მღვდელი დავით რუხაძე - დაჯილდოებულია ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით;

მღვდელი თავმასი ჩოხელი - დაჯილდოებულია ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.

დღეს ვლოცავთ შემდეგ გვარებს: ფირცხელანებს, ფირცხელიანებს, ბროძელებს, ხოსიაურებს, მოსიაშვილებს, გამცემლიძეებს, თუთბერიძეებს, ბიჩინაშვილებს, ბუიშვილებს, გოგებაშვილებს, სივსივაძეებსა და კიზირიებს.

ღმერთმა დაგლოცოთ! გაგახაროთ, გაგამრავლოთ! მრავალი წმინდა ადამიანი, მეცნიერი და დიდი მოღვაწე გამოსულიყოს თქვენგან. დალოცვილი და გახარებული ყოფილიყავით თქვენ და სრულიად საქართველო!

მამაზეციერმა დაგლოცოთ!

მინდა განსაკუთრებით დავლოცო შვილგარდაცვლილი დედები, რომელთაც ვთხოვე მათი შვილების სახელით, გაეხადათ თალხი ფერის ტანსაცმელი და ღია ფერის სამოსი ჩაეცვათ. მათ მიიღეს ეს ლოცვა-კურთხევა და ეს მეტად სასიხარულოა ღვთისთვის, თქვენი შვილებისთვის და ჩვენთვის!

დალოცვილები გამყოფოთ მამაზეციერმა!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №20, 2010 წ.