უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ადამიანის ცხოვრების მიზანი

ყოველი ჩვენგანის, ისე როგორც მთელი კაცობრიობის, წინაშე ერთი მარადიული კითხვა დგას: ვიცით თუ არა ჩვენი არსებობის მიზანი, ვიცით თუ არა ვინ ვართ, საითკენ მივდივართ, და რა მოგველის. ჯერ კიდევ ძველ რომაელებს ჰქონდათ ასეთი გამოთქმა: ვჭამ იმისათვის, რომ ვიარსებო და არა იმისათვის ვარსებობ, რომ ვჭამო. მართლაც რისთვის ვარსებობთ: იმისთვის, რომ კარგად ვჭამოთ და ვსვათ, კარგად ჩავიცვათ და დავისვენოთ, თუ ჭამა-სმა და დასვენება რაღაც სხვა უფრო დიდი მიზნისთვის გვჭირდება. მე ვფიქრობ, რომ ადამიანს ორი მიზანი უნდა ჰქონდეს: როგორ მიაღწიოს სულიერ სიმაღლეს და როგორ გამოადგეს სხვას, რადგან თუ კაცი თავისთვის არ ვარგა, ის სხვისთვის მით უმეტეს უვარგისია.

მე ხშირად ვხვდები აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ე.წ. განვითარების გზაზე დამდგარი ქვეყნების წარმომადგენლებს და როცა სულიერ, საღვთისმეტყველო საკითხებზე ვესაუბრები, საუბარი მუდამ ეკონომიკურ საკითხებსა და სოციალურ პრობლემებზე გადააქვთ. მათი შეხედულებით ჯერ სხეულებრივი მოთხოვნილებანი უნდა დაკმაყოფილდეს და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრებენ სულიერ საკითხებზე. ეკლესია და რწმენა, როგორც ამას ზოგჯერ წერენ და ხმამაღლაც აცხადებენ, სრულიადაც არ კრძალავს ზრუნვას ეკონომიკურსა და მატერიალურ საკითხებზე, მაგრამ იგი გვასწავლის, რომ მთავარი სულია, რომელსაც სხეულისაგან განსხვავებით მარადიული არსებობა აქვს და უკვდავია, ამიტომაც პირველ რიგში მასზე ფიქრი და ზრუნვა გვმართებს. რა არის ამქვეყნიური ცხოვრების 60 თუ 70 წელი მარადიულობასთან შედარებით! ჩვენი არსი ხომ  ჩვენი ხორციელი სიკვდილის შემდეგაც რჩება: მე ვინცა ვარ, იქაც ის ვიქნები, ასევე თქვენც, მაგრამ გააჩნია მარადიულობის წინაშე როგორ წარვდგებით. მრავალტანჯული წმიდა იობი ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრება გამოცდაა, ჩვენზეა დამოკიდებული როგორ ავიტანთ ამ გამოცდას: მიწიერი და წარმავალი საზრუნავებით ვიქნებით გართული, თუ სულის სიწმინდისთვის ვიღვაწებთ. მე კიდევ ვიმეორებ, რომ ეკლესია ეკონომიკურსა და მატერიალურ საკითხებს კი არ უარყოფს, არამედ თავის ადგილზე აყენებს, რადგან სანამ ადამიანი სხეულით ცოცხლობს, მისთვის ორივე საზდრო საჭირო და აუცილებელია - ხორციელიც და სულიერიც, ოღონდ უპირველეს ყოვლისა, სულიერი.

ვინც თავისი სულისათვის ზრუნავს, ის მოყვასზეც აუცილებლად იზრუნებს. შეუძლებელია მორწმუნე მშვიდად ცხოვრობდეს თუ მისი უახლოესი ადამიანები ურწმუნონი არიან.

მინდა მოგიყვანოთ ერთი ძალიან უბრალო, მაგრამ ფრიად შთამაგონებელი მაგალითი. არსებობს ასეთი ინგლისური ზღაპარი: კატა დიდი ხანი ემზადებოდა, რომ ლონდონში ჩასულიყო და დედოფალი ენახა, ბოლოს მოემზადა და ამ ერთადერთი მიზნით ლონდონში ჩავიდა, მაგრამ ვერაფერი ნახა თაგვის გარდა, რადგან როგორც კი თვალი მოჰკრა, მთელი ყურადღება მასზე გადაიტანა. ყოველ ადამიანსაც, რომელიც ამ ცხოვრებაში მოდის, ერთი უდიდესი მიზანი აქვს - მარადიულობისათვის მომზადება, რათა უფლის წინაშე განწმენდილი წარდგეს და სასუფეველი დაიმკვიდროს - ცხონდეს, მაგრამ ხშირად იგი ნაცვლად იმისა, რომ უფალთან შესახვედრად მოემზადოს, მთავარ მიზანს, რისთვისაც ამ ქვეყნად მოვიდა, ივიწყებს და იმ კატის მსგავსად, თაგვმა რომ ყველაფერი დაავიწყა, მთელი გული და გონება პატარ-პატარა მიწიერი საზრუნავებისკენ აქვს მიპყრობილი.

ღმერთმა მოგცეთ თქვენ და ღვთივკურთხეულ ქართველ ერს ძალა ამ გამოცდის ღირსეულად ატანისა და ჩვენი არსებობის უპირველესი მიზნის სამსახურისა.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!

რადგან ჩვენი ერის დიდი ნაწილი სხვადასხვა მიზეზის გამო ეკლესიაში იშვიათად ან საერთოდ არ დადის, მთელი საქართველოსთვის თქვენ უნდა ილოცოთ. მთელ საქართველოს თქვენი იმედი აქვს.

3 ოქტომბერი, 1982 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.