უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება წარმოთქმული თავთა მოციქულთა
პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს

დღეს მართლმადიდებლური ეკლესია ახსენებს წმიდათა და დიდებულთა, ყოვლად ქებულთა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს, რომელნიც არიან მოძღვარნი ყოვლისა სოფლისა. მათ ბრძანება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი დიდებულად აღასრულეს, ყოველივე ამქვეყნიური სიამოვნება დათმეს და სახარება ყოველსა სოფელსა შინა იქადაგეს.

წმიდა მოციქული პეტრე, ძე იონასი და ძმა ანდრია პირველწოდებულისა, იმდენად დიდი რწმენითა და სიყვარულით გამოირჩეოდა, რომ ხშირად საერთოდ მოციქულითა სახელით ლაპარაკობდა. როცა იესო ქრისტემ მოციქულებს აუწყა, ჯვარცმისას ყველანი დამტოვებთო, პეტრემ უპასუხა, რომ იგი არ დატოვებდა მას. ეს იყო მისი სურვილი, გამოწვეული უფლის უდიდესი სიყვარულით, მაგრამ პეტრე მოციქულმა სწორად ვერ შეაფასა თავისი ძალები და გამართლდა მაცხოვრის სიტყვები იმის თაობაზე, რომ იგი იმავე ღამეს მამლის ყივილამდე სამჯერ უარყოფდა მას. როცა მესამეჯერაც უარყო უფალი, ამ დროს მამალმაც იყივლა და პეტრემ დაინახა, რომ იესო მას აკურთხებდა, თითქოს ახსენებდა, რაც უთხრა. პეტრე ტირილით გამოვიდა მღვდელმთავრის ეზოდან. ამის შემდეგ ყოველ დილით, როგორც კი მამლის ყივილს გაიგონგბდა, იგი მწარედ ატირდებოდა და მთელი არსებით განიცდიდა თავის სულიერ დაცემას. ამ უარყოფით მან თავისი თავი მოციქულთა სიიდან ამოშალა. ამიტომ ანგელოზებმა, რომელნიც მენელსაცხებლე დედებს გამოეცხადნენ, უთხრეს მათ, წასულიყვნენ და ეთქვათ მოციქულებისა და პეტრესათვის, რომ იესო ქრისტე მათ გალილეაში შეხვდებოდა. ე.ი. მართალია, ანგელოზებმა პეტრე მოციქულებისაგან განცალკევებით მოიხსენიეს, მაგრამ შენდობის იმედიც მისცეს, რადგან უფალს მასთან შეხვედრა სურდა. აღდგომის შემდეგ მაცხოვარმა, რომელიც მოციქულებს გამოეცხადა, პირველად პეტრეს მიმართა, და ჰკითხა სვიმონ ძე იონასო (ადრე მას სვიმონი ერქვა), გიყვარვარ მე? ე.ი. თუკი გიყვარვარ, როგორღა უარმყავიო. პეტრემ უპასუხა: ჰე უფალო, მიყვარხარ შენო. როცა უფალმა მას იგივე კითხვა მესამედ დაუსვა, პეტრე შეწუხდა, რადგან თითქოს იესოს არ სჯეროდა მისი სიყვარულისა და უთხრა: უფალო, შენ ყოველივე იცი, იცი, რომ მიყვარხარო. მაცხოვარმა აღუდგინა მას წოდება და ღირსება მოციქულისა და სამწყსო ჩააბარა.

ამ უდიდესმა განსაცდელმა გარდაქმნა პეტრე. თუ ადრე მას ვიღაც უბრალო მოსამსახურის შეეშინდა, ამის შემდეგ არავისი და არაფრის შიში აღარ ჰქონდა. იგი სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში დადიოდა და უშიშრად ქადაგებდა მაცხოვრის მოძღვრებას... როგორც ისტორიიდან ვიცით, პირველი ეკლესია მან ანტიოქიაში დააარსა. რადგან ქართული ეკლესიის დაარსება ანტიოქიის სახელს უკავშირდება (ქართლის პირველი ეპისკოპოსი იოანე ანტიოქიის პატრიარქს უკურთხებია), ამდენად პეტრე მოციქული ჩვენთვის, ქართველებისთვისაც განსაკუთრებით მახლობელი და ძვირფასია.

შემდეგ პეტრე მოციქული რომში გადავიდა, ეკლესია დააარსა და ეპისკოპოსი აკურთხა. ამ დროს რომის იმპერატორის ბრძანებით განსაკუთრებული სისასტიკით დევნიდნენ ქრისტიანებს. რომის კოლიზიუმი ქრისტიანთა საწამებელ ადგილად იქცა, როგორც პეტრე მოციქულის ცხოვრებიდან ვიცით, მოწაფეებმა მოძღვარს რომიდან წასვლა ურჩიეს, რადგან მისი სიცოცხლე აუცილებლად მიაჩნდათ ეკლესიისათვის. მართლაც ერთ ადრიან დილას, გარიჟრაჟზე იგი რომიდან გავიდა და დაინახა, რომ ვიღაც რომისკენ მოემართებოდა, როცა მიუახლოვდა, მომავალში უფალი შეიცნო, რომელსაც ჯვარი მოჰქონდა, პეტრემ ჰკითხა, უფალო „ვიდრე ჰხვალ“, ე.ი. სად მიდიხარო. მცხოვარმა უპასუხა, რომ რომში მიდიოდა, რათა მეორედ გაკრულიყო ჯვარზე. ხილვა გაქრა, და პეტრე მოციქულიც მიხვდა, როგორ უნდა მოქცეულიყო, იგი დაბრუნდა რომში და სახარების ქადაგება კიდევ უდრო გააცხოველა, იგი შეიპყრეს და ჯვარზე გაკვრა მიუსაჯეს. მისი უკანასკნელი თხოვნა იყო, ჯვარზე თავდაყირა გაეკრათ, რადგან თავს ღირსად არ თვლიდა ჯვარზე უფლის მსგავსად ყოფილიყო გაკრული.

ასე აღესრულა მოციქულთა თავი, სვეტი ეკლესიისა. მისი საფლავი რომში მისივე სახელობის ტაძარშია. საბედნიეროდ მე მქონდა საშუალება, მივსულიყავი წმიდა მოქიცულის საფლავთან და ჩვენი ერისა და ეკლესიის სახელით მუხლი მომეყარა მის წინაშე.

რომშია დაკრძალული აგრეთვე პავლე მოციქული. როგორც მისი ცხოვრება გვამცნობს, პავლე მოციქულს შესანიშნავი განათლება მიუღია, მოსეს სჯულის ბრწყინვალე მცოდნე და მიმდევარი ყოფილა, ამავე დროს სასტიკი მტერი ქრისტიანობისა. სულ ახალგაზრდას მონაწილეობა მიუღია მთავარდიაკონი სტეფანეს წამებაში, მაგრამ უფალი ქრისტიანთა ამ მოუღლელ მდევნელში რჩეულ ჭურჭელს ხედავდა, რომელიც სული წმიდის მადლით უნდა ავსებულიყო. და აი, ერთხელ, როცა იგი იერუსალიმიდან დამასკოში მიდიოდა, რათა ქრისტიანები იქაც ედევნა, მას უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა. ამ ხილვის შედეგად მართალია იგი დამარცხდა, მაგრამ სამაგიეროდ სულიერი თვალი აეხილა. იგი მოინათლა, თვალებიც აეხილა და ქრისტეს დაუძინებელი მტრიდან სახარების შთაგონებულ მქადაგებლად იქცა. პავლე მოციქულს განსაკუთრებული ღვაწლი წარმართების მოქცევაში მიუძღვის, ცნობილია მისი რამდენიმე მოგზაურობა წარმართთა ქალაქებში. პავლე მოციქულის ეპისტოლეები ახალ აღთქმაში შევიდა და წირვისას იკითხება. იგი აღესრულა რომში, ოღონდ არა ჯვარზე გაკვრით. რადგან პავლე მოციქულს რომის მოქალაქის წოდება ჰქონდა, ხოლო რომის მოქალაქის ჯვარზე გაკვრა აკრძალული იყო, ამიტომ მას თავი მოჰკვეთეს.

დღეს ჩვენ შევსთხოვთ დიდებულ მოციქულებს - პეტრესა და პავლეს მათი შუამდგომლობით და ლოცვა-ვედრებით უფალმა პირველ რიგში ჩვენს ღვთივდაცულსა და კურთხეულ ერში ჭეშმარიტი სარწმუნოება გააძლიეროს, რადგან მის გარეშე შეუძლებელია ცხოვნება, მხოლოდ იმ ერს შეუძლია ააშენოს სულიერი ტაძარი ღვთისა და ადამიანის სიყვარულისა, რომელიც მას საფუძვლად ჭეშმარიტ სარწმუნოებას დაუგებს.

წმიდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ამინ.

12 ივლისი, 1987 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.