უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

შენდობის დღე

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.

დღეს განსაკუთრებული დღეა, მას მიტევების კვირა ეწოდება, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთია. დღევანდელ დღეს ყოველი მართლმადიდებელი მორწმუნე უფრო ღრმად იხედება თავის სულში, უფრო ცხადად ხედავს თავის ცოდვებსა და ნაკლს და შესთხოვს უფალს, რომ სულიწმიდა გადმოვიდეს მას ზედა და ძალი მაღლისა ჰფარვიდეს, რათა სულიერად განიწმინდოს. ეს დღე წინა დღეა დიდი მარხვისა, რომელიც სწორედ სინანულისა და სულიერი განწმენდის მარხვას წარმოადგენს.

თქვენთვის ცნობილია, რომ მიტევების კვირა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში დააწესეს ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე მამებმა. ამ დღეს ბერები ერთმანეთისაგან ცოდვების შენდობას ითხოვდნენ და უდაბნოში აღდგომის საგალობელთა გალობით გადიოდნენ, რადგან არ იცოდნენ მშვიდობით დაუბრუნდებოდნენ თუ არა თავიანთ მონასტრებს აღდგომისათვის.

ცოდვა და მადლი! ორივე როგორი ახლობელია ადამიანისათვის; მადლი, რომელიც უფალმა მიანიჭა და ცოდვა, რომელიც თვითონ შეიძინა; მადლი, რომელიც უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელია და ცოდვა, რომელიც ადამიანისათვის მომაკვდინებელი სენია. სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვერ ვგრძნობთ ცოდვის ძალასა და მას, როგორც რაღაც ბუნებრივსა და ჩვენთვის თითქოსდა აუცილებელს, ისე ვეძლევით, მისი მონები და ბოროტი ძალის იარაღები ვხდებით. როგორ ავიცილოთ ცოდვის მონობა და სიწმინდის გზაზე როგორ დავდგეთ? ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავთან ბრძოლაა საჭირო, მაგრამ ბრძოლა მხოლოდ მას შეუძლია, რომელიც საკუთარ თავს შეიცნობს. ეს ჯერ კიდევ ანტიკური ხანის ფილოსოფოსებმა იცოდნენ, რომელნიც გვასწავლიდნენ: შეიცან თავი შენი. ადამიანის უპირველესი მოვალეობა სწორედ საკუთარი თავის შეცნობაში მდგომარეობს. ვინც საკუთარ თავს შეიცნობს, ის აუცილებლად დაინახავს, რომ ცოდვა მასშია და თვითონ ცოდვაშია და გაუჩნდება განცდაჲ თჳსთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა თჳსისა. ეს ორი მცნება - განცდაჲ თჳსთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა, ერთმანეთზეა დამოკიდებული. ადამიანი, რომელიც სხვას განიკითხავს, თავის ცოდვებს ვერ ხედავს და არც თვისთა ცოდვათა განცდა აქვს. ხოლო უკეთუ მას განცდაჲ თჳსთა ცოდვათა შეუძლია, მაშინ სხვას კი არ განიკითხავს, არამედ პირველ რიგში თავის სულზე იზრუნებს.

დიდი იყო წმიდა მამების მიერ განცდაჲ თჳსთა ცოდვათა. ერთხელ როცა ერთ-ერთ მონასტერში სტუმრად მისულ ანტონი დიდს ბერებმა დარიგება სთხოვეს, რა გავაკეთოთო, ანტონი დიდმა უპასუხა, ვიტიროთ ჩვენი ცოდვებისთვისო. მართლაც, მთელი მონასტერი ატირდა, რადგან მის მკვიდრთა შორის თვისთა ცოდვათა განცდა დაიბადა.

სულიერი განწმენდა, და ამაღლება, ბოროტისაგან განშორება და სულიწმიდის მოპოვება მხოლოდ ერთი გზით - საკუთარი ცოდვების დანახვითა და მათი განცდით შეიძლება. გავიხსენოთ წმ. მეფე დავით წინასწარმეტყველი. მისი ორმოცდამეათე ფსალმუნი, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ, საკუთარი ცოდვების განცდისაგან გამოწვეული გულწრფელი ცრემლებითაა წარმოთქმული: მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი რაც უფრო მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე და რაც უფრო უახლოვდება უფალს, თვისთა ცოდვათა განცდა და საკუთარი უღირსების შეგრძნება უფრო და უფრო უძლიერდება. ადამიანზე, რომელსაც თავი უცოდველად წარმოუდგენია, წმიდა მამები ამბობენ, რომ მას სინდისი დამწვარი აქვს, რადგან სულიერად დაბრმავებული თავის ცოდვებს ვეღარც ხედავს და ვეღარც განიცდის.

მორწმუნე ადამიანი არასოდეს არ უნდა დაკმაყოფილდეს თავისი მდგომარეობით და არ უნდა თფიქროს, რომ მან უკვე რაღაცას მიაღწია და სულიერი სიწმინდე შეიძინა. პირიქით, მუდამ სულიერი უკმარისობის გრძნობა უნდა აწუხებდეს და ყველაფერს აკეთებდეს იმისათვის, რომ ხვალ უკეთესი იყოს ვიდრე დღესაა. ეკლესიის ისტორიამ მრავალი მაგალითი იცის ავაზაკთა, მკვლელთა, ქურდთა და მეძავთა მოქცევისა და წმინდანობის სიმაღლემდე ასვლისა. ერთ-ერთი მათგანი ღირსი დედა მარიამ ეგვიპტელია, რომელსაც ეკლესია განსაკუთრებით იხსენიებს დიდ მარხვაში. ქალი, რომელიც 12 წლის ასაკიდან ეწეოდა ზნედაცემულ ცხოვრებას, შემდეგში მოიქცა და ანგელოზთა სწორი გახდა. ამიტომ საკუთარი ცოდვების დანახვამ და განცდამ ადამიანში სასოწარკვეთილება არ უნდა გამოიწვიოს. ჩვენ უნდა გვახსოგდეს, რომ რადგან უფლის სახიერება და სიყვარული ყოველგვარ ცოდვას აღემატება, გულწრფელად მონანულთ ცოდვები შეენდობათ.

ისე დიდია ძალა სულიერი სიწმინდისა, რომელიც სინანულით, სიყვარულითა და კეთილი საქმეებით მოიპოვება, რომ წმინდა ადამიანის წინაშე თვით ცხოველებიც კი ძრწიან. მინდა ერთი მაგალითი მოგიყვანოთ. პირველ საუკუნეებში ეგვიპტეში, განსაკუთრებით კი ნიტრიის უდაბნოში, დიდი სულიერი მოღვაწეობა იყო გაჩაღებული. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ერთი ბერი, რომელსაც დიდი სიწმინდე ჰქონდა მოპოვებული. საერთოდ უნდა ითქვას, რომ სიწმინდე თავისთავად, ღვაწლის გაწევის გარეშე, არ მოდის, როგორც უფალი გვასწავლის, მადლი ღვთისა და სასუფეველი ცათა იიძულების, ე.ი. ადამიანმა თავისი თავი უნდა აიძულოს და ზეციური სასუფეველი ისე მოიტაცოს. ერთხელ ამ ბერთან ორი ახალგაზრდა მორჩილი მივიდა თაყვანსაცემად და კურთხევის ასაღებად, მან სიყვარულით მიიღო ახალგაზრდები, ესაუბრა, დალოცა და გააცილა. გზაზე ძუ ლომი შემოხვდათ, რომელსაც თვალებიდან ცრემლები სდიოდა და მწარედ ღმუოდა. ლომი ჯერ ბერის წინაშე დაემხო და ფეხები აულოკა, ხოლო შემდეგ უდაბნოსკენ გაემართა, თან მალიმალ უკან იხედებოდა, თითქოს გაყოლას ითხოვდა, ისინიც გაჰყვნენ. მცირე ხხის შემდეგ ლომის ბუნაგს მიადგნენ, რომელშიც ხუთი დაბადებით ბრმა ბოკვერი დახვდათ. ძუ ლომს სათითაოდ გამოჰყავდა შვილები ბუნაგიდან, ბერის ფეხებთან აწყობდა და თითქოს მათ განკურნებას ევედრებოდა. წმინდა მამას შეეცოდა ძუ ლომი, მუხლებზე დაეცა და ყოვლისშემძლე უფალს ბოკვერთა განკურნება სთხოვა. მართლაც მისი ხელის შეხებით ბოკვერებს თვალები აეხილათ და განიკურნენ, აი, რა ძალა აქვს სიწმინდეს და რისკენ უნდა ისწრაფვოდეს ყოველი ადამიანი. თქვენ იტყვით, ის წმინდანი იყოო. ყველა ადამიანი სიწმინდისთვისაა მოწოდებული, რადგან სასუფეველში არაწმიდა, ვინც და რაც არ უნდა იყოს იგი, ვერ შევა.

მე ვმადლობ უფალს, რომ საქართველოში სულიერი განწმენდის პროცესი დაწყებულია, რაზეც ეს დღეც მეტყველებს. თქვენ ხომ სწორედ ღვთის რწმენამ, სიყვარულმა და თვისთა ცოდვათა განცდამ მოგიყვანათ წმ. სიონის ტაძარში.

დღეს შეუნდობელი არავინ უნდა დარჩეს. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ვინმესთვის წყენა ას გულისტკივილი არ მიეყენებინოს. წმ. პავლე მოციქული ამბობდა, რომ ხშირად აკეთებდა იმას, რაც არ უნდოდა. მართლაც, არსებობს შემთხვევები, როცა ადამიანს ცოდვის ჩადენა არ სურს, მაგრამ მაინც სჩადის და იარაღი ხდება ბოროტი ძალისა. არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა სწორედ ის ადამიანი გვაწყენინებს, რომლისთვისაც სიკეთის მეტი არა გაგვიკეთებია რა. მართალია, ძნელია შენდობა მისი, მაგრამ ქრისტიანმა უნდა შეძლოს და ამის სულიერი ძალა მოიპოვოს. რა თქმა უნდა, შენდობას ის შეძლებს, ვის გულშიც მადლი ღვთისა სუფევს. ნუ დაელოდებით სხვის მოსვლას თქვენთან პატიების სათხოვნელად. თქვენ თვითონ მიდით მათთან, თაყვანი ეცით და შენდობა ითხოვეთ. შეიძლება მათ არც შეგინდონ, მაგრამ მთავარი ხომ უფალია, რომელიც თქვენს ყოველ საქმეს ხედავს და რომელიც თქვენზე წყალობას მოიღებს.

დღეს, როცა ჩვენ ღვთის წინაშე ვდგავართ, როცა უფალი უხილავად ჩვენთანაა, მე მინდა ჩემს შესახებაც გითხრათ. აი, უკვე მეცხრამეტე წელია, რაც უფალმა ინება და პატრიარქის ტახტზე დამადგინა. ეს იყო მძიმე წლები, წლები წამებისა და განსაცდელისა, მაგრამ განსაცდელის დროსაც მუდამ ვგრძნობდი უფლის წყალობასა და მფარველობას. ამ წლების მანძილზე ხშირი იყო შემთხვევა, როცა ვხედავდი, რომ ადამიანი ცოდვის გზაზე დგას და იღუპება და ვცდილობდი მისთვის დახმარების ხელი გამეწოდებინა გადასარჩენად, მაგრამ თვითონვე უთქვამს უარი, რადგან ცოდვა ერჩივნა სიწმინდეს. დღეს განსაკუთრებით მინდა ვთქვა, რომ ალბათ მე თვითონაც არ ვაკეთებდი ყველაფერს, რაც უნდა გაეკეთებინა ცოდვილთა გადასარჩენად კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოჲსა, ალბათ მეც მაკლდა და მაკლია თავმდაბლობაც, სიწმინდეც, ლოცვაცა და მარხვაც და იმიტომაც აღმოვჩნდი უძლური მათთვის დახმარების გასაწევად,

განსაკუთრებით მოძღვრები დამერწმუნებიან, რომ მე თავს ვარიდებ ვინმეს დასჯას და ვინმეზე სასჯელის მოღებას, რადგან ველოდები, რომ ადამიანი თვითონ მიხვდება, თვითონ დაინახავს თავის ცოდვას, გაიხსენებს რომ წუთისოფელში ცხოვრობს, რომელიც წარმავალია და უნდა თუ არა მას ეს, წინაშე უფლისა უნდა წარდგეს და თავისი ცხოვრებისათვის პასუხი აგოს.

დღეს, შენდობის ჟამს, მე უპირველეს ყოვლისა, მუხლს ვიყრი თქვენს წინაშე, მთელი საქართველოსა და ყოველთა ქართველთა წინაშე და - გთხოვთ აღავლინოთ ლოცვები ჩემთვის და შემინდოთ ყოველი ცოდვა ჩემი.

კაცთმოყვარე და სახიერმა ღმერთმა თქვენცა და მთელ საქართველოსაც შეგინდოთ ყოველნი შეცოდებანი თქვენნი, ნებსითნი და უნებლიეთნი. ღმერთმა დააყენოს სრულიად საქართველოს სინანულის გზაზე, ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი. ამინ.

სიონი, 25 თებერვალი, 1996 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.