უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქალწულმა შვა ძე

ჩვენთან არს ღმერთი. - ამ სიტყვებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ, რადგან ისინი საღვთო წერილიდანაა ამოღებული და მათ შობის დღესასწაულზე ვამბობთ.

ადამიდან და ევადან მოყოლებული კაცობრიობა იესო ქრისტეს მოსვლას ელოდებოდა. ჯერ კიდევ ადამსა და ევას ეგონათ, რომ მხსნელი, რომელიც მათ ცოდვისგან იხსნიდა და დაცემულთ აღადგენდა, მათგან იშვებოდა. მაგრამ მას შემდეგ ათასობით წელიწადმა განვლო, მაცხოვარი კი არ ჩანდა, რადგან კაცობრიობას ჯერ დიდი განსაცდელი და ტანჯვა უნდა გაევლო, რათა იესო ქრისტეს შობას მომზადებული შეხვედროდა. წინასწარმეტყველი წერდა, რომ ქალწული მუცლად იღებს და შობს ძეს და ეწოდება მას სახელი ემანუელი, რომელიც ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი. ე.ი. როცა ჩვენ ვესალმებით ერთმანეთს სიტყვებით, ჩვენთან არს ღმერთი, იესო ქრისტეს სახელს - ემანუელს ვამბობთ.

როდესაც დადგა საკითხი, რომ საღვთო წერილი, სახელდობრ, ძველი აღთქმა, ებრაულიდან ბერძნულ ენაზე თარგმნილიყო, 70 მთარგმნელი შეიკრიბა, რომელთა შორის სვიმეონ მიმრქმელიც იყო. სწორედ მას შეხვდა სათარგმნელად ის ადგილი, სადაც ესაია წინასწარმეტყველი წერს, რომ ქალწული მუცლად იღებს და შობს ძეს. იგი ამ სიტყვებმა დააეჭვა, რადგან ქალწულისაგან შობა შეუძლებელია; ამიტომაც მოინდომა, რომ ებრაული ტექსტი გაესწორებინა, „ქალწული“ ამოეფხიკა და მის ნაცვლად „ქალი“ ჩაეწერა. ამ დროს მას ანგელოზი გამოეცხადა, რომელმაც უთხრა, რომ მანამდე არ იხილავდა სიკვდილს, სანამ ქალწულისგან შობილ მაცხოვარს არ ნახავდა. ეს კურთხეული დროც მოვიდა. ბეთლემის ზეცა ანგელოზთა გალობამ აავსო: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. პირველნი, რომელთაც ეს გალობა მოისმინეს, მწყემსები იყვნენ. მათ გამოქვაბულს მიაშურეს და სასწაული იხილეს - ქალწულისგან შობილი მაცხოვარი. ისინი იყვნენ პირველი თაყვანისმცემელნი ახალშობილი ყრმისა. ასე რომ, უფალს პირველად თაყვანი ამა ქვეყნის ძლიერებმა - მეფეებმა და დიდებულებმა კი არ სცეს, არამედ უბრალო მწყემსებმა, რომელთაც წმინდა გული ჰქონდათ.

ღვთის განგებითა და წყალობით, ჩემი პალესტინაში ყოფნის დროს, მე ამ წმინდა ადგილსაც ვეახელი. იესო ქრისტეს შობის ჟამს იმ გამოქვაბულის ადგილზე, რომელშიც მწყემსები უამინდობის ჟამს საქონელს აფარებდნენ, ბრწყინვალე ტაძარი დგას. ზუსტად იმ ადგილას კი სადაც მაცხოვარი იშვა, მარმარილოს იატაკზე ვერცხლის დიდი ვარსკვლავია და მუდმივად ანთი კანდელი. ამ ვარსკვლავთან ახლოს, სულ სამი-ოთხი ნაბიჯის დაშორებით ის კურთხეული ბაგაა, რომელშიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა პირველად ჩააწვინა თივაში უფალი იესო ქრისტე. ბაგა თივით ისევ ისე დგას, მორწმუნენი კრძალვით მიდიან და ემთხვევიან.

დღეს, როცა ჩვენ იესო ქრისტეს შობას ვზეიმობთ, თქვენი ყურადღება მინდა მივაქციო სიტყვებს: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ეს ხელთუქმნელი საგალობელია, რადგან იგი ადამიანს არ შეუქმნია. ანგელოზების ამ საგალობელში ღვთაებრივი კანონზომიერება შეიმჩნევა, კერძოდ, ადამიანი უპირველესად ღვთის, ზეციური მამის, დიდებას უნდა აღავლენდეს, ხოლო მშვიდობა ქვეყანასა ზეად იმაზეა დამოკიდებული, ვადიდებთ თუ არა ჩვენ სამყაროს შემოქმედს. მხოლოდ ამის შემდეგ დამკვიდრდება კაცთა შორის სათნოება. დღეს განსაკუთრებით ეს გვაკლია, კაცთა შორის სათნოება და სიყვარული, რადგან ღმერთს მთელი ჩვენი სულით, გულითა და გონებით ანუ მთელი არსებით კი არ ვადიდებთ, არამედ მხოლოდ ბაგეებით. ამის შედეგია ის, რომ მშვიდობაც გვაკლია და სიყვარულიც.

ამიტომაც აღვავლენთ ჩვენ დღეს ლოცვებს ღვთისადმი, რომ გარდამოგვივლინოს მადლი სულისა წმიდისა, რომელიც მტკიცე რწმენასა და დიდ სიყვარულს მოგვანიჭებს. სწორედ მტკიცე რწმენა და დიდი სიყვარული იყო ის ორი ძალა, რომელმაც ჩვენი მამული, ენა და კულტურა შეგვინარჩუნა.

შევსთხოვ ყოვლადწმიდა სამებას, რომ ჩვენი ერი და საერთოდ მთელი ქვეყანა, რწმენითა და სიყვარულით გააძლიეროს, რათა მსოფლიოში მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება სუფევდეს, ამინ.

ქრისტეშობა, 7 იანვარი, 1983 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.