მესამე მცნება

არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.

უფლის მესამე მცნება, რომელიც კაცობრიობას მოსე წინასწარმეტყველის მეშვეობით მიეცა, ასე ჟღერს: „არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა“.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ დღევანდელი მორწმუნეები ამ მცნებას, ისევე, როგორც სხვა დანარჩენ მცნებებს, ხშირად ვარღვევთ. შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს კიდეც, რატომ არ შეიძლება უფლის ამაოდ, სიტყვის მასალად ხსენება. მაგრამ თუკი გავიხსენებთ იმას, რომ უფალი არის ცისა და მიწის, მთელი სამყაროს შემოქმედი და ჩვენ მის მიერ ვართ შექმნილნი; მან შეგვქმნა უდიდესი სიყვარულის გამო, რათა ჩვენი (ადამიანური) არსება თანაზიარი გაეხადა იმ სიკეთისა და ნეტარებისა, რომელშიც მარადიულად მყოფობს თავად. თუკი ჩვენ გავიხსენებთ იმასაც, რომ პირველქმნილი ცოდვის შედეგად, როდესაც ადამიანი, თავისივე დანაშაულის გამო, სამოთხიდან განიდევნა, ამ ცოდვის გამოსასყიდად უფალმა, რომელსაც განსაკუთრებული სიყვარულით უყვარს ყოველი ადამიანი, მთელი კაცობრიობა, მოგვივლინა თავისი მხოლოდშობილი ძე, რომელიც განკაცდა, ჩვენთვის ივნო, ჩვენთვის ჯვარს ეცვა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ცოდვა გამოესყიდა და სამოთხის კარი კვლავ გაღებულიყო ჩვენთვის. ბუნებრივია, თუ ყოველივე ამას გავიაზრებთ და გავიაზრებთ იმასაც, რომ დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე ვცოდავთ, უფალი მაინც არ წარგვწყმედს და არ გვსჯის, მაშინ, რა თქმა უნდა, მივხვდებით, თუ რატომ არ შეიძლება ამაოდ ღვთის სახელის ხსენება. არ შეიძლება მოვიხსენოთ უფალი სიტყვის მასალად, პირად საუბრებში, გულის გარეთ, სასხვათაშორისოდ. შეიძლება ვინმემ იკითხოს, თუ ეს ასეა, ლოცვისასაც ხომ ვახსენებთ უფალს? უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ადამიანი ლოცულობს, იგი ღმერთს ესაუბრება, თუმცა ლოცვის დროს უყურადღებობა, გონების გაფანტვა, სხვადასხვა საკითხებზე ფიქრი არ შეიძლება და ღვთის სახელის ამაოდ მოხსენების ცოდვად ითვლება. ისევე როგორც უბრალო საუბრებში უფლის წარამარა ხსენება. ხანდახან ზოგიერთ არაეკლესიურ ან სულიერ ცხოვრებაში გამოუცდელ ადამიანს ჰგონია, რომ დიდი მორწმუნე ისაა, ვისაც სულ ღმერთის სახელი აკერია პირზე. იტყვიან ხოლმე, აი, ესა და ეს კაცი ისეთი მორწმუნეა, რომ ყოველი სიტყვის შემდეგ უფალს ახსენებსო. ასეთი მოსაზრება, რა თქმა უნდა, მართებული არ არის. ზოგჯერ თვით არამართლმადიდებლებიც კი ერიდებიან უფლის სახელის ამაოდ, უპატივცემულოდ ხსენებას. ცნობილი ფიზიკოსი ისააკ ნიუტონი, რომელიც მორწმუნე იყო, უფლის ხსენებისას ფეხზე დგებოდა და ქუდს იხდიდა. თუკი არამართლმადიდებელს ასეთი მოწიწება ჰქონდა უფლის სახელის მიმართ, რაღა გვეთქმის ჩვენ, მართლმადიდებლებს, რომლებსაც უპირველესად გვეკუთვნის ღვთის თაყვანისცემა და მოწიწება.

უფლის სახელის ხსენება განსაკუთრებით არ შეიძლება მაშინ, როცა განრისხებულნი, გაღიზიანებულნი ვართ. ზოგჯერ გაბრაზებულები ლამის ყვირილით ვახსენებთ ხოლმე ღმერთს. უნდა მოვერიდოთ იმის თქმასაც, რასაც, სამწუხაროდ, ხშირად თუ არა, ხანდახან მაინც ყველანი ვიმეორებთ - „უფალი დასჯის“. თითქოს ჩვენ ზუსტად ვიცით, ვის როგორ დასჯის ღმერთი, ამით თავი საღვთო სამსჯავროს გადაწყვეტილების მცოდნეებად მოგვაქვს. როდესაც კატეგორიულად ვიტყვით, რომ ესა თუ ის ადამიანი უფლისგან დაისჯება, უნდა გავიხსენოთ ჩვენი აურაცხელი ცოდვები, რის გამოც ჩვენც შეიძლება დავისაჯოთ. თუ სხვას იოლად ვიმეტებთ, უფალმა შეიძლება ჩვენც ადვილად გაგვიმეტოს. სწორედ ამიტომ ღმერთზე საუბარი, მისი ხსენება დიდ სიფრთხილეს საჭიროებს. არ არის შემთხვევითი, რომ მოციქული გვირჩევს - ყველა ნუ დამოძღვრავთ. ეს ნიშნავს, რომ ყველამ არ უნდა დაიწყოს ხალხის დამოძღვრა და უფლის სახელის მოხსენიება.

როცა უფლის სახელს ვახსენებთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველთვის თუ არა, ზოგჯერ მაინც, შეიძლება ღირსნიც კი არ ვიყოთ მისი სახელის ხსენებისა. გვახსენდება ერთი შემთხვევა ეკლესიის ისტორიიდან, როცა ერთმა მონაზონმა მძიმედ შესცოდა, სულიერმა მოძღვარმა ასეთი ეპიტიმია დაადო: ილოცე შემდეგი სიტყვებით: „რომელმა დამბადე, შემიწყალე მე ცოდვილი“. ესე იგი, უფლის სახელსაც ნუ წარმოთქვამო. ეს მონაზონი შემდეგ მართლაც ასე ლოცულობდა და ამ ლოცვით ისეთი სინანული მოიპოვა, რომ მისმა სინანულმა, მთლიანად აღხოცა ცოდვა და უფლის წინაშე იგი განმართლებული წარსდგა. ეს მაგალითი ყოველთვის თვალწინ უნდა გვედგას. თუ ეს გვემახსოვრება, უფლის სახელს უფრო მოწიწებით წარმოვთქვამთ.

ზურაბ ცხოვრებაძე
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორი