ანათემა

ანათემა ბერნული სიტყვაა, რომლის პირველი კომპოზიტი ანა - ნიშნავს შორს, თიენ - დგომა. საეკლესიო განმარტებით ანათემა ეკლესიისაგან მისი ერთ-ერთი წევრის განდევნას, მოშორებას, ჩამოცილებას გამოხატავს. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ანათემა აღესრულება მხოლოდ: 1) ეკლესიის წევრებზე და არა ეკლესიისთვის უცხო პირებზე (ეკლესიის არაქრისტიან განმაქიქებლებზე); 2) ეკლესიის სწავლების შემრყვნელებზე; 3) საკუთარი ცრუშეხედულებების აქტიურად მქადაგებლებზე და არა უბრალოდ ცდომილებზე;

ანათემაში იგულისხმება არა წყევლა, არამედ იგი ადასტურებს ადამიანის ეკლესიისაგან ჩამოშორების ფაქტს.

მსოფლიო და ადგილობრივი ეკლესიების კანონები, ასევე წმინდა მამები, ხშირად ახსენებენ ამ ტერმინს და მისი გამოყენების შესაძლებლობაზე საუბრობენ. II მსოფლიო კრებაზე (კონსტანტინეპოლი, 381 წელი) ანათემაზე გადასცეს ყოველგვარი ერესი, კერძოდ, ევნომიანელობა, არიანელობა და ა.შ.

842 წელს, მას შემდეგ, რაც უკანასკნელი ხატმბრძოლი იმპერატორი თეოფილე გარდაიცვალა, წმინდა დედოფალმა თეოდორამ და კონსტანტინეპოლის პატრიარქმა, წმინდა მეთოდიმ საბოლოოდ აღადგინეს ხატთაყვანისცემა, რომელიც ჯერ კიდევ VII სოფლიო საეკლესიო კრებაზე (787 წ.) დამოწმდა. სადღესასწაულო წირვაზე კონსტანტინეპოლის წმინდა სოფიას ტაძარში, 843 წლის 19 თებერვალს, დიდი მარხვის პირველ კვირას სადღესასწაულოდ აღინიშნა მართლმადიდებლობის გამარჯვება ხატმბრძოლობაზე. სწორედ მაშინ წარმოითქვა ყველა ერესისა და ერეტიკოსების ანათემა. ნელ-ნელა ამ დღის საღვთისმსახურო წესი გაფართოვდა და ახლანდელი მართლმადიდებლობის ზეიმის კვირას აღვლენილი მსახურების დროს რეალურად ყველა ერესი სახელდება.

სამყარო, რომელიც წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სიტყვებით რომ ვთქვათ, ბოროტსა ზედა დგას (1 იოან. 5,19), აგრძელებს ადამიანთა ცდუნებას „ახალ-ახალი" ცრუსწავლებებით, მაგრამ ყოველვე ეს მხოლრდ ძველი ერესებია, ახალი ნიღბით.

ანათემას აქვს ორი მხარე: ფორმალურ-დისციპლინური (ადამიანს ერთმევა უფლება ითვლებოდეს ეკლესიის წევრად) და სულიერ-საიდუმლოებითი (რეალური დაკარგვა ღვთის მადლისა, მიუხედავად ფორმალური მონაწილეობისა საეკლესიო ცხოვრებაში). ანათემას მიცემულნი უკვე აღარ არიან ქრისტეს საიდუმლო სხეულთან კავშირში.

ანათემირებულთა გზა ეკლესიის ერთობაში აღსადგენად მხოლოდ სინანულის საიდუმლოსკენ მიდის.

მოამზადა ნინო გაგოშაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №34 (521), 2009 წ.