ბავშვთა აღსარება

რა არის ცოდვა?

პატარა ბავშვებმა არ იციან, რა არის ცოდვა. მხოლოდ მოძღვართან საუბრის შემდეგ ხვდებიან, რომ ცოდვაა გაუგონრობა, დაუკითხავად რამის აღება და ასეთი რამეები. თანაც ცოდვად მხოლოდ „ცუდი საქციელი“ კი არ მიიჩნევა, არამედ „ბილწი გულისთქმებიც“. ბავშვებს ხშირად ეს „ბილწი გულისთქმები“ უფრო აშინებთ, ვიდრე „ცუდი საქციელი“. „ვიღაც მაიძულებს ცუდი სიტყვების თქმას, მე კი არ მინდა ასე მოვიქცე“, - ამბობენ ისინი. ასეთ დროს მშობლები უნდა ესაუბრონ პატარას, ურჩიონ, რომ აღსარებისას თქვას ეს.

თუ ბავშვი მშობლებს „ბილწ გულისთქმათა“ შესახებ შესჩივლებს, ე.ი. ენდობა მათ. ჩვენც, ჩვენი მხრივ, შვილს უნდა განვუმარტოთ, რომ ბილწ ზრახვებს ბოროტი ძალა შთააგონებს და კი არ უნდა შეშინდეს, არამედ უნდა შეებრძოლოს მას.

ბავშვებს ხშირად აწუხებთ ცუდი სიზმრები ან ლოცვისას გონება ეფანტებათ. ისინი ცდილობენ, მშობლებს გააგებინონ ეს. აი ყველაზე ხელსაყრელი წუთი სულიერი ბრძოლის დასაწყებად! მარხვითა და ლოცვით, აღსარებითა და ზიარებით უნდა ვებრძოლოთ ცოდვას. ბავშვიც შეამჩნევს, რომ ლოცვის დროს ბოროტი აზრები თანდათან ქრება.

თუ ცუდი ფიქრები არ ტოვებს პატარას, მან უფრო ხშირად და ხანგრძლივად უნდა ილოცოს.

უცოდველია თუ არა ბავშვი?

გავიხსენოთ ნეტარი ავგუსტინეს სწავლება: თუკი ბავშვი უცოდველია, მაშინ რატომ კბენს დედის ძუძუს წოვისას? ადამიანი ცოდვილი იბადება, ის შობიდანვეა მიდრეკილი ბოროტებისკენ. პირველი ცოდვა მას ნათლობისას მიეტევება, თუმცა თვით ცოდვის შედეგი რჩება, ამიტომ მის გამოსწორებას უნდა ვეცადოთ. ეს შესაძლებელია, ვინაიდან ადამიანი ბუნებით კეთილია - ღმერთმა ხომ თავის ხატად და მსგავსად შექმნა იგი.

რატომ ვამბობთ აღსარებას

ადამიანი, რომელიც არ განიცდის სინანულს და ასე ფიქრობს: „რას ვიზამ, ჩემი ცხოვრება ასე აეწყო, მაგრამ მინდა, შვილი ქრისტიანულად აღვზარდო, მინდა, იაროს ეკლესიაში, ჩააბაროს აღსარება, ეზიაროს, მე კი როგორმე უამისოდაც ვიცხოვრებო“, - შვილს აღსარების მნიშნველობას ვერ აუხსნის. როგორ უნდა გააგებინო ბავშვს, რატომ ვამბობთ აღსარებას, თუკი თავად არ ხარ აღმსარებელი?

კარგი იქნება, თუკი ოჯახის წევრებთან ერთად, ბავშვების თანდასწრებით, სახარებას ვიკითხავთ. ეს პატარებზე სასიკეთო გავლენას მოახდენს.

„მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა“ (მათე 3,2), - გვიქადაგებს საღვთო წერილი. მონანიება - ეს არის სულიერი ცხოვრების გზა, რომელსაც სულის ცხონებამდე მივყავართ. სინანულის გარეშე გადარჩენა შეუძლებელია.

„როგორ უნდა ჩავაბაროთ აღსარება?“ - მართლმორწმუნე მშობელი ამ კითხვაზე პასუხს ყოველთვის იპოვის, მისი განმარტება არ იქნება ზედაპირული, რადგანაც აღსარება თითოეული ადამიანის სულიერი მოთხოვნილებაა.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს აღსარებიასთვის მომზადებაში?

ოჯახს, რომელსაც ჰყავს მოძღვარი და აქვს ქრისტიანული ცხოვრების ტრადიცია, ბავშვის აღსარებისთვის მომზადება არ გაუძნელდება, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა პატარას სულს არ ვავნოთ. ზოგიერთი მშობელი შვილისთვის თავად წერს აღსარებას, მიდის ბავშვი მოძღვართან და მიაქვს დედის ან მამის მიერ დაწერილი აღსარება... მშობლები ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ეშინიათ, ბავშვს ცოდვები არ გამორჩეს. ასე ფიქრი შეცდომაა. უფალი ხომ რაოდენობის მიხედვით არ შეგვინდობს ცოდვებს! თუ ბავშვი გულწრფელად ამბობს აღსარებას, მაგრამ ყველა ცოდვას ვერ იხსენებს, ამაში საშიში არაფერია; ღმერთი ყველას აძლევს საშუალებას, თანდათანობით მოინანიოს შეცოდებანი. ბავშვი კი ინანიებს მხოლოდ იმას, რაც თვითონ მიაჩნია ცოდვად.

აღსარების წინ მშობელი უნდა გაესაუბროს შვილს, აუხსნას, რომ სირცხვილის გრძნობის გამო ცოდვის დამალვა არ ღირს, რადგან ღმერთი მაინც ყველაფერს ხედავს, მოუნანიებელი ცოდვა კი უფრო ღრმად გაიდგამს ფესვებს და შემდეგ მისი ამოძირკვა უფრო გაჭირდება. ბავშვს უნდა შევახსენოთ თავისი შეცდომები (ცხადია, ტაქტიანად და ლმობიერად და არა საყვედურით ან კილვით), მაგრამ მის ნაცვლად აღსარების ჩაბარება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მით უმეტეს დაუშვებელია, გამოვკითხოთ მოძღვარს ჩვენი შვილის უკვე მონანიებული ცოდვების შესახებ. ეს პატარას მოძღვრის ნდობას დააკარგვინებს. რაც უფრო მეტად ენდობა ბავშვი მშობლებს, მით მეტად ენდობა მოძღვარს.

ბავშვები შინაგანად მზად არიან აღსარებისთვის, მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმა მაინც უჭირთ. ამ დროს მათ ყველაზე მეტად მოძღვარი დაეხმარება.

რა ასაკიდან ამბობენ ბავშვები აღსარებას?

ბევრ მშობელს მიაჩნია, რომ რაც უფრო ადრე დაიწყებს ბავშვი აღსარების ჩაბარებას, მით უკეთესია, ეკლესიაში კი შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებს აღსარების გარეშე აზიარებენ. ქრისტიანული ანთროპოლოგიის თანახმად, ბავშვი შვიდ წლამდე აღსარებას არ აბარებს. არა იმიტომ, რომ უცოდველია, არამედ იმიტომ, რომ აღსარების თქმა მხოლოდ ცოდვის აღიარება კი არა, მასთან ბრძოლაცაა. მცირე ასაკის ბავშვებს კი თავიანთი ცოდვის შეგნება და მასთან შებრძოლება გაუჭირდებათ, ამიტომაც პატარების ნაკლოვანებათა გამოსწორება მშობლების მოვალეობაა. დედ-მამასთან გულახდილი საუბარი პატარა ბავშვისთვის აღსარების ტოლფასია. მშობლების გარეშე ბავშვი ცოდვას ვერც შეიგნებს და, რაღა თქმა უნდა, ვერც გამოასწორებს.

ბევრი მიიჩნევს, რომ აღსარება შეიძლება აღზრდის მეთოდადაც გამოვიყენოთ, მაგრამ ეს ასე არ არის. მშობლებს ჰგონიათ, რომ თუ 4-5 წლის ბავშვი აღსარებას აბარებს, ის სამუდამოდ თავისუფლდება იმ ცოდვისაგან, რომლებიც მოინანია. ასეთ ადამიანებს აღსარების არსი არ ესმით.

ზოგიერთი პატარა, რომელიც გონებრივად ადრე ვითარდება, 7 წლამდე ამბობს აღსარებას, მაგრამ, ჩვეულებრივ, 7 წლის ბავშვსაც არ შეუძლია შეგნებულად აღსარების თქმა. აღსარება ბავშვისთვის ყოველთვის ერთგვარი სტრესია, ამიტომ შეიძლება, გული ვერ გადაუშალოს მოძღვარს, პირიქით - უფრო ჩაიკეტოს საკუთარ თავში. ასე მაშინ ხდება, როცა ბავშვი სულიერად მოუმწიფებელია და ვერ აცნობიერებს, რა ხდება. ასეთი აღსარება ფორმალური იქნება, ის ვერავითარ სიკეთეს ვერ მოუტანს ბავშვის სულს.

7 წლიდან ბავშვის ცხოვრება ძირფესვიანად იცვლება, ის სკოლაში მიდის, ხვდება ახალ გარემოში, ეკისრება ახალი მოვალეობანი, ერთი სიტყვით, იწყება მისი პირადი პასუხისმგებლობის გამოყალიბება. ეს ასაკი ბავშვისთვის ახალი დაბადებაა. მთელი სამყარო მას ახლებურად წარმოუდგება. მან იცის, რომ მის საქციელსა და ცოდნას ამიერიდან აფასებენ.

ამ ასაკის ბავშვები ტაძარშიც სხვაგვარი პასუხისმგელობით მიდიან. ეკლესია ხომ იგივე სკოლაა, ცხოვრების ნამდვილი სკოლა, სადაც მასწავლებელი ღმერთია. ამ ასაკში იწყება სულიერი ცხოვრება, სულიერი ბრძოლები. ამ დროს აღსარების მნიშვნელობაც ბავშვს გაცილებით უკეთ ესმის. ცოდვასთან ბრძოლა ისეთი აქტიური ვერ იქნება, როგორიც მოწიფულ ასაკში, მაგრამ ის მაინც გამოიღებს შედეგს. ამ ბრძოლაში ყალიბდება ბავშვის ხასიათიც.

პირველი აღსარების წინ

ბავშვის პირველი აღსარების წინ მშობლებმა უნდა ილოცონ, ესაუბრონ შვილს და მარტივად და გასაგებად განუმარტონ აღსარების მნიშვნელობა. ნუ დააშინებთ პატარას, რათა უფალი მკაცრ მსაჯულად არ წამოიდგინოს. ღმერთი მოსიყვარულე მამაო, - უნდა ფიქრობდეს ის. ამას გარდა, ასწავლეთ მოძღვართან ურთიერთობის წესები.

კარგი იქნება, თუ მშობლები ისეთ მოძღვარს შეარჩევენ, რომელიც ყურადღებით მოუსმენს ბავშვს.

პირველი აღსარება ბავშვის ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს დღე მისთვის დღესასწაულად უნდა იქცეს, მან უნდა გააცნობიეროს, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ოღონდ საჩუქრებით ნუ მოისყიდით, ნუ მიაჩვევთ, მათი ხათრით თქვას აღსარება.

როგორი უნდა იყოს ბავშვის აღსარება?

ბავშვის აღსარება გულახდილი და უშუალო უნდა იყოს. თუკი სიმართლე და გულწრფელობა აღსარების შემდეგაც დარჩება მის გულში, მაშინ ის ყოველი აღსარების შემდეგ უფრო უკეთესი გახდება, ვიდრე მანამდე იყო, მაგრამ თუ თუთიყუშივით გაიმეორებს მშობლის ნათქვამს, მისი გამოსწორება გაჭირდება.

ბავშვები აღსარების დროს ხშირად დუმან. აღსარების მიღება ასეთ დროსაც შეიძლება, რადგან დუმილი ამ დროს სინანულის ნიშანია.

ბავშვს აღსარებისას თავისუფლება უნდა მისცეთ. მან უნდა თქვას ის, რასაც თავად მიიჩნევს საჭიროდ. თუკი არ გავითვალისწინებთ მის ასაკობრივ ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, ვასწავლით, რა და როგორ თქვას და დაჟინებით მოვთხოვთ, მაინცდამაინც წესისამებრ მოიქეციო, ბავშვი თვალთმაქცობას დაიწყებს. თავიდან ისე მოიქცევა, როგორც მისგან მოითხოვენ, მერე კი თანდათან დაშორდება ეკლესიას. ჩვენ მხოლოდ იმის უფლება გვაქვს, აღსარების წინ კეთილსა და ბოროტზე, სინდისის ქენჯნაზე ვესაუბროთ.

აღსარება ახალი აღთქმის შვიდ საიდუმლოთაგანია. ამ საიდუმლოში მონაწილეობენ აღსარებელი, მოძღვარი და ღმერთი. სწორად ჩააბარა თუ არა ბავშვმა აღსარება, გულწრფელად მოინანია თუ არა ცოდვები, ამის შეფასება არავის ძალუძს, ეს მხოლოდ უფალმა იცის.

წიგნიდან „ბავშვთა აღსარება“
მოამზადა თამაზ სახეიშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“, № 4 (15), 2005 წ.