მამა იოანე კრესტიანკინი

როგორ უნდა ვთქვათ აღსარება 10 მცნების მიხედვით

მესამე მცნება: არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.

1. უფალო, ჩვენ ყველანი ვცოდავთ ამ მცნების დარღვევით და არც კი გვესმის, რა საშინელ დანაშაულს ჩავდივართ. ყოველი კაცი შეძრწუნდება, როცა თავს ღმრთის მგმობელად იხილავს. ჩვენს წარმოდგენააში ღმრთის მგმობელი არის გაავებული, ურწმუნო ადამიანი. ჩვენ, მორწმუნენი, დავდივართ ტაძარში, მივეახლებით წმიდა საიდუმლოს... და მაინც, ჩვენ ღმრთის მგმობელნი ვართ, ვინაიდან უბედურებისა და სნეულების დროს ვდრტვინავთ და ამით განვიკითხავთ უფლის განგებულებას. ჩვენ შორის, ვისაც მცირედმორწმუნე ქრისტიანები გვქვია, ისეთებიც არიან, რომელთაც არ გვყოფნის მოთმინება, უდრტვინველად გადავიტანოთ მწუხარება და ვაცხადებთ: „ღმერთი არ არსებობს!“, თუ ხმამაღლა არ ვამბობთ, გულში მაინც ვიტყვით ამას. შეინანეთ შემუსვრილი გულით უფლის წინაშე თქვენგა წარმოთქმული ღმრთის საგმობი სიტყვები. იქნებ რომელიმე თქვენგანი ისე გაკადნიერდა, რომ ფიქრობს, თითქოს ღმრთის მიერ არის დაშვებული ადამიანთა შეცოდებანი? „განა მე ვარ დამნაშავე, რომ ასეთი ხასიათი მაქვს დაბადებიდან?“, ანდა: „ღმერთი რომ იყოს, დაუშვებდა ომს, ძარცვას, მკვლელობას, ყრმათა სიკვდილს?“ და ა.შ. განა ეს სიტყვები და ფიქრები ქრისტიანულია?

უფალო, მოგვიტევე ჩვენ აშკარა ღმრთისმგმობელებს!

2. ჩვენს შორის ისეთი მცირედმორწმუნენიც არიან, რომლებიც გამოსცდიან ღმერთს კადნიერი მიმართვით: „თუ მართლა არსებობ, უფალო, შემისრულე ესა თუ ის სურვილი, ხოლო თუ სურვილი არ შემისრულდება, შენც არ ყოფილხარ!..“ ყოველივე ამას წარმოთქვამენ ბაგენი არა რწმენის გზაზე ახლად შემდგარი კაცისა, არამედ იმისა, ვინც თავს ღრმად მორწმუნეს უწოდებს.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

ჩვენ უკვე ვემსგავსებით იმ მგმობელებს, რომლებიც გოლგოთაზე დასცინოდნენ ჯვარცმულ მაცხოვარს. გაიხსენეთ მაცხოვრის გვერდით გაკრული ავაზაკის სიტყვები: „შენ თუ ხარ ქრისტე, იხსენ თავი შენი და ჩუენცა“ (ლკ. 23,29). დღევანდელ მონანულთაგან თუ ვინმეს მსგავსი კადნიერება გამოგიჩენიათ უფლის წინაშე, შეინანეთ წრფელი სინანულით: უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ღმრთისმგმობელთ! უფალო, ჩვენ განუწყვეტლივ ვცოდავთ იმით, რომ შენს სახელს წარმოვთქვამთ უქმად მეტყველებით! ყური დაუგდეთ უღმრთოთა საუბარს. მათი ლექსიკა გადატვირთულია უფლისა და ბოროტი ძალების ხსენებით, მაგრამ ისინი ხომ უღმერთონი არიან და მათთვის ეს მხოლოდ სიტყვის მასალაა... ჩვენი მეტყველება კი აბა რითღა განირჩევა მათი საუბრისგან? ჩვენც ხომ ასევე უშიშრად და სასოების გარეშე ხშირად ვახსენებთ უფალს, მის უწმიდეს მშობელს და წმინდანებს?!

უფრო მეტიც, ჩვენ ვბედავთ და ვიფიცებთ უფლის სახელს, ხოლო ზოგჯერ ამ ფიცით აშაკარა სიცრუეს ვფარავთ და ამას უშიშრად ჩავდივართ ყოვლისმხილველი უფლის თვალთა წინაშე.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

და თუ აქამდე არ დაგვატყდა თავს უფლის რისხვა, მხოლოდ მისი უდიდესი მოთმინების წყალობით.

შეინანეთ, ვინც გაბედა და დაიფიცა თავისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და შვილები - ეს უდიდესი საჩუქარი უფლისა. მხოლოდ იმათ კი არ უნდა შეინანონ, ვინც თავად იფიცებდა, არამედ მათაც, ვინც აიძულებდა თავის მოყვასს, დაეფიცა.

უფალო, ჩვენ მკრეხელებიცა ვართ.

ისინი, ვისაც გრძელი ენა აქვს, თავისდა საუბედუროდ ხშირად წარმოთქვამდე ლოცვის სიტყვებს, წმინდა სახარების და ეპისტოლეთა ციტატებს ხუმრობით, ხოლო ზოგიერთი კიდეც დასცინოდა და აჯავრდება მღვდელს. ეს ყოველივე მკრეხელობაა.

ვინც კითხულობს ან გალობს ტაძარში ღმრთისმსახურების დროს, განა ყოველთვის სათანადო ყურადღებით ეპყრობა ამ საქმეს? ზოგჯერ არასწორად წარმოთქმული ერთი სიტყვაც კი ისე ამახინჯებს ხოლმე მთელ ფრაზას, რომ ღმრთის დიდების ნაცვლად მკრეხელობა გამოდის.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ ბოროტად ან უქმადმეტყველ მკრეხელებს!

4. ყველა ჩვენგანი სცოდავს ამ მცნების წინაშე უგულისყურო ლოცვის გამო. შეიძლება მოვისმინოთ ტაძარში ღმრთიმსახურება, სრულიად წავიკითხოთ დილისა და საღამოს კანონი, მაგრამ ლოცვა კი არ გამოგვივიდეს, არამედ შეცოდება, ვინაიდან უფლის სახელს ამაოდ ვახსენებთ. ლოცვა, რომელიც გულისყურით აღესრულება, უფლის მიერ მონიჭებული მადლია იმისათვის, ვინც ლოცვითი ღვაწლით დაშვრა.

ჩვენ ყოველი მხრიდან უნდა დავაკვირდეთ საკუთარ თავს და დიდი ყურადღებით მოვიკრიბოთ გონება ლოცვისას, ვაიძულოთ თავს, დავუბრუნოთ გაფანტული აზრები ლოცვის სიტყვებს. ჩვენ კი მოვდივართ ტაძარში, ფეხმოუცვლელად ვესწრებით ყველა საეკლესიო მსახურებას, და თავი უაღრესად მლოცველები გვგონია. შესაძლოა, სახლში, ჩვენს საკუთარ ტაძარში, როდესაც ჩვენ ყურადღებას არაფერი ფანტავს, ერთი რომელიმე ლოცვა აღვავლინოთ ან დაუჯდომელი წავიკითხოთ და ბევრად უკეთესად, წმინდად და ღრმად ვილოცოთ. ყური უგდეთ საკუთარ თავს და შეინანეთ უფლის წინაშე თქვენი ლოცვის არასრულყოფილება.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

5. უფალო, შევცოდეთ რა შენი მცნების წინაშე, ჩვენ გადავიქეცით აღთქმის დამრღვევებად.

რამდენჯერ დაგვირღვევია ჩვენ აღთქმა, დადებული ჯვრისა და სახარების წინაშე. მივიღეთ რა ნათლისღების საიდუმლო, უარვყავით რა ეშმაკი და ყოველივე მისი საქმენი, პირობა დავდეთ, რომ ქრისტესთან შეერთების შემდეგ მას ვემსახურებოდით მთელი ჩვენი ცხოვრებით, მაგრამ რამდენჯერ დავარღვიეთ ეს აღთქმა!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

ჯვართან და სახარებასთან მიახლებისას, როდესაც აღსარების საიდუმლოს აღვასრულებთ, რამდენჯერ დაგვიდია პირობა უფლის წინაშე, რომ მოვიკვეთდით ცოდვილ ჩვევებს, მაგრამ მაინც მათ ტყვეობაში ვართ. განა ვაცნობიერებთ, რომ დავარღვიეთ სიტყვა, გავტეხეთ ფიცი, უფლის წინაშე აღსარების საიდუმლოს აღსრულებისას თქმული?

ამჯერადაც მოგვიტევე ჩვენ, უფალო!

მონაზვნებმა, რომელთაც აღთქმა დადეს ჯვრისა და სახარების წინაშე, დაიცვეს განა სიწმინდით ყველა თავისი სამონაზვნო აღთქმა? ახლა, მონასტერთა ნაკლებობის გამო ზოგიერთი შეგინებულად, ხოლო ზოგიც გაუცნობიერებლად ცდილობს სამონაზვნო აღთქმის ტვირთვის შემდეგაც იცხოვროს ამ სოფლად, ოჯახშიც კი. სამწუხაროდ, ჩვენი ცხონების მტრისგან წაქეზებულთა შორის არსებობს აზრი, რომ მონაზონი ერში - არ არის იგივე, რაც მონასტერში, რომ მისთვის აუცილებელი არ არის ყველა სამონაზვნო აღთქმის მკაცრად დაცვა. ასე ხომ მხოლოდ უგუნურს შეუძლია ლაპარაკი! სადაც არ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რა პირობებშიც არ უნდა მოხვდეს იგი, თუ სამონაზვნო აღთქმა მიუღია და მათ არ იცავს, ფიცის გამტეხია.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

ჩვენც, ღმერთის მსახურები, როდესაც სასულიერო წოდებას ვიღებთ, ფიცით აღვუთქვამთ უფალს, რომ წმიდა მსახურებას აღვასრულებთ უფლის სიტყვის და ეკლესიის წესების თანახმად, ვიხელმძღვანელოთ საეკლესიო ხელისუფლების მითითებით, მაგრამ ბუნებითი სისუსტის გამო ვარღვევთ უფლის წინაშე დადებულ ფიცს. ურიცხვია აგრეთვე ის შეუსრულებელი აღთქმანი, რომელთაც უფლის წინაშე ვდებთ ხოლმე, როცა მისგან რომელიმე სურვილის შესრულებას ვითხოვთ. როდესაც სათხოვარი მოგვეცემა, აღთქმულს ვივიწყებთ ან ვაყოვნებთ მის შესრულებას. უმჯობესია, საერთოდ არაფერი აღუთქვა, ხოლო თუ მაინც აღუთქვამ, დაუყოვნებლად უნდა შეასრულო. ახლავე მიიღეთ გადაწყვეტილება, რათა დაუყოვნებლად, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში შეასრულოთ აღთქმული პირობა და ეკრძალოთ ახალი აღთქმის დადებას.

6. ჩახედეთ საკუთარ სინდისს, ოდესმე შეგვრცხვა თუ არა საკუთარი მორწმუნეობისა, ან სულმოკლეობის გამო ხომ არ გვითქვამს რაიმე დასაცინი და არასაკადრისი მორწმუნე ადამიანის შესახებ?

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

იქნებ ისიც მომხდარა, რომ აღსარების თქმის მოლოდინში გაბეზრებულს გაგიკიცხავთ ის, ვინც დიდხანს ყოვნდება ანალოღიასთან მოძღვართან საუბრისას.

ხშირად განგვიკითხავს ის, ვინც ხშირად ეზიარება. ეს კი სულაც არ არის ჩვენი საქმე და შეეხება მხოლოდ მაზიარებელსა და მის სულიერ მოძღვარს. განა ჩვენ შეგვიძლია იმის განსაზღვრა, ვინ არის ღირსი ზიარებისა და ვინ არა?

7. აღმსარებელთა და მაზიარებელთა განკითხვის ნაცვლად, უმჯობესი არ არის, საკუთარ თავს მივხედოთ? ჩვენ ხომ ყველანი იმით ვცოდავთ, რომ უგულისყუროდ ვემზადებით აღსარებისა და ზიარებისათვის.

ქრისტიანი ადამიანის ცხოვრება მადლმოსილია. ეს არის შედეგი უფალთან ურთიერთობისა, ხოლო ამ ურთიერთობის ყველაზე ცხოველი საშუალება არის ზიარება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცთან. „მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ“, თქვა უფალმა - „რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს, და მე მის თანა. ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან მამან და მეცა ცხოველ ვარ მამისა თანა, და რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხონდეს ჩემ მიერ“ (ინ. 6,51,56,57).

ქრისტეს წმინდა საიდუმლოსთან ზიარება ეს არის მადლმოსილი წყარო ჩვენი სულიერი ცხოვრების დაცვისა და გაძლიერებისა. ამიტომაც ქრისტიანობის დასაბამიდანვე კეთილზნეობის ჭეშმარიტმა მოშურნეებმა უპირველეს სიკეთედ დაადგინეს ხშირი ზიარება. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ, მართალია, უფალი არის სიცოცხლის წყარო, რომელიც აცოცხლებს მაზიარებლებს, მაგრამ იმავდროულად იგია ცეცხლი, შთანმთქმელი თავქარიანობისა და უგულისყურობისა. ზიარების ღირსეულად მიმღები იგემებს სიცოცხლეს, ხოლო უღირსად მიმღები - სიკვდილს. თუმცა ეს სიკვდილი ხშირად არა ჩანს ხილულად, მაგრამ უხილავად მოქმედებს კაცის სულსა და გონზე. ხშირად გაგვიგონია, რომ ეზიარა და შინ მისვლაც ვერ მოასწრო, ისე განუტევა სული რაიმე მიზეზით. ასეთ შემთხვევაში ვიტყვით ხოლმე: მადლობა ღმერთს, ზიარება მოასწრო, ნეტავ ყველას ეღირსებოდეს ასეთი სიკვდილი! რა ვიცით, ბედნიერი სიკვდილია ეს თუ უღირსად მიღებული ზიარების შედეგი. ყველა დაიფაროს ამისგან ღმერთმა!

არ იფიქროთ, რომ არ ძალგვიძს ღირსეულად მოვემზადოთ ზიარებისათვის. ამისათვის მაქსიმალურად უნდა მოვიხმოთ ძალები. საჭიროა დავიწყოთ „მდაბლად, შეგნებით იმისა, რომ ყოვლად ცოდვილნი ვართ“, როგორც ამას ღირსი მამა სერაფიმე საროველი ამბობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოჩვენებითი ღირსება განდევნის ღვთიურ მადლს, ვითარცა კვამლი დევნის ფუტკარს. რაში მდგომარეობს საიდუმლოს აღსრულებისათვის მზადება? ყური უგდეთ, რას გვიბრძანებს საეკლესიო განჩინება: როცა სურს ვინმეს ზიარება ქრისტეს წმინდა საიდუმლოსთან, მან მთელი შვიდეული - ორშაბათიდან კვირამდე უნდა დაიცვას მარხვით, ლოცვით, სიფხიზლით და მაშინ შიშითა და დიდი მოწიწებით მიიღებს წმინდა საიდუმლოს.

მრავალი თქვენგანი უძლურებისა და ბევრი სხვა მიზეზის გამო, რომელთაგან ზოგი ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ვერ მარხულობს მთელი კვირის მანძილზე, მაგრამ ორი-სამი დღე ხომ მაინც უნდა შეინახონ მარხვა!

ზიარების წინა დღეს საღამოს ლოცვაზე დასწრება სავალდებულოა. შუაღამის შემდეგ არც ჭამა შეიძლება და არც დალევა, თვით სამკურნალო საშუალებებისა და ნაკურთხი წყლისაც კი. თუ ვინმე თამბაქოს წევის ვნებითაა შეპყრობილი, ნუ იკადრებას ბაგეთა შებილწვას სიგარეტით.

აუცილებელია სულის მომზადება აღსარებისა და ზიარების საიდუმლოს აღსასრულებლად. საჭიროა სახლში წაიკითხოთ ზიარების წინა ლოცვები, რომლითაც მივმართავთ მაცხოვარს, ღმრთისმშობელს და მფარველ ანგელოზს. ვისაც არა აქვს ლოცვანი, სცადეთ გადაწერა, ხოლო თუ ვინმემ კითხვა არ იცის, ცუდად ხედავს, ან ხელიშემწყობი პირობები არა აქვს კანონის წასაკითხად, მან შემუსვრილი გულით რაც შეიძლება ბევრჯერ უნდა თქვას იესოს ლოცვა: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი“. ტაძარში კი დიდი გულისყურით უნდა უგდოს ყური ზიარების წინა ლოცვას, შეუფარდოს თავისი ძალები ვითარებას, მოემზადოს, რათა თავის სულის ნავსაყუდელში მიიღოს დიდებული სტუმარი.

წმიდა ზიარებას წინ უძღვის აღსარების საიდუმლოს აღსრულება. უმრავლეს ჩვენგანს არ შეუძლია მონანიება და თითქოს იმართლებს კიდეც თავს: „არ ვიცი რა არის სინანული!“ განა შენთვის არ არის ცნობილი უფლის მცნება? თვით ადამიანზე უკეთ ვინ იცის მისი საქმეების, აზრებისა და გრძნობების შესახებ? საჭიროა მხოლოდ გარჯა, აზრის მოკრება, წარსული ცხოვრებისათვის თვალის გადევნება, ისე ვიცხოვრეთ თუ არა, როგორც უფალი ბრძანებდა.

უფლის წინაშე უნდა გავიაზროთ მთელი ჩვენი ცხოვრება, გავაანალიზოთ უფლის ნების ხშირი დარღვევა: როგორ ვექცევით ახლობლებს სახლში, თანამშრომლებს სამსახურში, ადამიანებს ქუჩაში, ტაძარში, მაღაზიაში, მატარებელში, ავტობუსში. რა აზრები გვიტრიალებს თავში, რა ინტერესები გვიპყრობს, როგორი შინაარსისაა ჩვენი საუბრები ირგვლივ მყოფებთან და შეესაბამება თუ არა ჩვენი ნათქვამი და საქციელი იმას, რასაც უფალი ჩვენგან მოითხოვს, როგორც ქრისტიანისაგან. როცა თავს მიაჩვევ ასეთ შემოწმებას, ასეთ თვითანალიზს, მაშინ გაგეხსნება თვალწინ უფსკრული შენი ცოდვებისა და აღარ გაგიჩნდება სურვილი განიკითხო ის, ვინც ხანგრძლივად ამბობს აღსარებას და ხშირად ეზიარება. ამისთვის აღარ გეცლება.

უფალო, შეგვეწიე, რათა ვისწავლოთ სინანული!

გაგრძელება...