მამა იოანე კრესტიანკინი

როგორ უნდა ვთქვათ აღსარება 9 ნეტარების მიხედვით

მეექვსე ნეტარება: ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.

აი, შემდეგი საფეხური ღმრთისაკენ მიმავალ სულიერ კიბეზე. „და ყოველი საცოჲ დაიმარხე გულსა შინა, რომლისაგან არიან გამოსავალნი ცხოვრებისანი“ (იგავთა 4,23). გამოსავალი, ანუ წყარო წმინდა, უმანკო ცხოვრებისა, არის ნაყოფი წმინდა გულისა, ხოლო ცოდვილი, მანკიერი ცხოვრება კი არის ნაყოფი გულის უწმინდურებისა.

ადამიანის გულთამპყრობელი უფალი ამბობს: „რამეთუ შინაგან გულისაგან კაცთაჲსა გამოვლენან გულის-სიტყუანი ბოროტნი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, კაცისკვლანი, ანგაჰრებანი და უკეთურებანი, ზაკუვანი, არაწმიდებანი, თაულბოროტებანი, გმობანი, ამპარტავნებანი, უგუნურებანი“ (მრკ. 7,21-22).

აი, თურმე რას ნიშნავს უწმინდურება გულისა, რა უნდა შევინანოთ ცრემლით, განუწყვეტელი გოდებითა და სულიერი შემუსვრილობით. დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით რომ ვთქვათ, „გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ-თანა, ღმერთო“ (ფს. 50,12).

საიდან მომდინარეობს ცოდვილი უწმინდურება გულისა, როდესაც ჩვენ შექმნილნი ვართ ხატად და მსგავსად ღმრთისა, ხოლო ღმერთი „წმინდა არს და უწმინდეს“. იგი მომდინარეობს ეშმაკისაგან, რომელსაც წმინდა წერილში ხშირად უწმინდური სული ჰქვია, ხოლო ლოცვაში მოიხსენიება უცხო, ბილწ და საძაგელ სულად, რომელიც თავისი დაცემის შემდეგ გადაიქცა ყოველგვარი სიბინძურის ჭურჭლად და იმთავითვე თავისი უწმინდური სუნთქვით შებილწა პირველ ადამიანთა გულები, ღრმად ჩათესა ცოდვა მათ არსებაში, სულში, სხეულში და კვლავაც გადასცემს ამ უწმინდურებას, როგორც მემკვიდრეობით მანკიერებას ყოველ მომდევნო თაობას. ეს ცოდვილი უწმინდურება ისე დიდია, ისე ღრმად გაიდგა ფესვები კაცის გულში, ისე ძნელია მისგან გათავისუფლება, რომ თვით წმიდა მამებიც კი, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე ფხიზლად ადევნებდნენ თვალყურს საკუთარი გულის თითოეულ მიმოხრასა და ზრახვას, დროდადრო თავის თავში ამჩნევდნენ მოზღვავებას ცბიერი, უწმინდური აზრებისას. ისე დიდი იყო ეს ცდუნება, რომ სიწმინდის მწვერვალზე მოქცეულნი უკანვე ჩამოვარდნილან უწმინდურების ცოდვაში. ეს ცოდვა ისე დიდია, რომ ხშირი ლოცვის მიუხედავად, იგი მაინც რჩება ჩვენში და სამარის კარამდე მიგვყვება, ხოლო ზოგიერთ ჩვენგანში კი განსაკუთრებული თავხედობითა და ურცხვობით ვლინდება (წმინდა მამა იოანე კრონშტადტელი).

გულის სიწმინდის განსაკუთრებულად საშიშ მტრად გვევლინება, განსაკუთრებით - მრუში და მკრეხელური ზრახვები, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებლად, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ იბადებიან ჩვენს ცნობიერებაში რაიმე წარმოდგენის, სახის, ვარაუდის, განზრახვის, სურვილის, მოგონების მეშვეობით.

ზრახვები სხვადასხვაგვარია: ერთნი წმინდა ნათლისღებით ინერგებიან ქრისტიანის არსებაში და ღვთიური მადლიდან მომდინარეობენ, ხოლო ზოგიერთი გვეძლევა დაცემული სულის მიერ. „დაცემული არსების ზრახვებსა და შეგრძნებებში სიკეთე და ბოროტება აღრეულია, ხოლო დემონურში კი ბოროტება ხშირად სიკეთის ნიღბით მოქმედებს, თუმცა ზოგჯერ აშკარა სიავესაც ავლენს“ (წმინდა მამა ეგნატე ბრიანჩანინოვი).

ყოველი ჩვენგანი თითქმის ყოველთვის ზრახვათა მონაა. ისინი გონებაში შემოიჭრებიან და ანაგვიანებენ მას უსარგებლო, ფუჭი, მავნებელი და გამრყვნელი წარმოდგენებით, სურათებით, მოგონებებით. აზრის მართებულ, მშვიდ მსვლელობაში შემოიჭრება ხოლმე მასთან დაუკავშირებელი და ხელისშემშლელი მოგონებები, წარმოდგენები; მაგალითად, გუშინდელი შეხვედრის, უსიამოვნო საუბრის, გეგმების, შთაბეჭდილებების, პრესისა და რადიოს ინფორმაციის შესახებ. განსაკუთრებით ანაგვიანებს გონებასა და გულს ყოველივე ეს, როდესაც კაცი შინ ან ტაძარში ლოცულობს. თითქოს განგებ ეძალება მას მრავალი ფიქრი, მომავლის გეგმები, წვრილმანი საზრუნავი, ღელვა დავიწყებულის შესახებ, გაღიზიანება სხვა ადამიანზე, რაიმეს გაკეთების სურვილი. თქვენი ლოცვა ლოცვას აღარ ჰგავს, ხელი გეშლებათ, ბრკოლდებით, ჩქარობთ, რომ სწრაფად შეასრულოთ თქვენი კანონი და საქმეს მიჰყოთ ხელი. რატომ გვემართება ყოველივე ეს? რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი შეგნების გაუწვრთნელობის გამო. ჩვენს „განათლებულ“ მეოცე საუკუნეში, მეტ-ნაკლებად განათლებული ნაწილი საზოგადოებისა, არა თუ ხმამაღლა ლაპარაკს, სერიოზულად ფიქრსაც კი თაკილობს სატანურ ძალაზე, რომელიც ყოველგვარი საშუალებით ცდილობს ჩვენი გონებისა და გულის დანაგვიანებას, შებილწვას, გასვრას, რათა თავის ნებას დაუმორჩილოს იგი, წაგვართვას სიწმინდე და სინათლე აზროვნებისა, დაგვაშოროს უფალს და ხშირად უნებლიედ, გაუცნობიერებლად გადავიქცეთ ხოლმე ამ ბოროტი ძალის ხელში სათამაშოდ.

წმინდა მამები და მართლმადიდებელი ეკლესია გვთავაზობენ საუკუნეებით გამოცდილ გზას მავნე ზრახვათაგან ჩვენი გონების განწმენდისა: აი, მივაღწიეთ ხანდაზმულობის ასაკს და იმდენად მივეჯაჭვეთ მიწიერ საფიქრალს, ხორციელ საზრუნავს, ისე დავშორდით სულიერ ცხოვრებას, რომ ვერც კი ვხვდებით ზრახვებთან ბრძოლის აუცილებლობას და ბოროტებადაც აღარ მიგვაჩნია მათი არსებობა, რომელნიც უმოწყალოდ გვტაცებენ ყოველივე იმას, რასაც უფლისაგან ვიღებთ საეკლესიო საიდუმლოებათა აღსრულებისას. მაგრამ როგორმე ხომ უნდა გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე, ვიფიქროთ სულის უკვდავებაზე, ვიზრუნოთ გულის განწმენდაზე, რამეთუ წმინდა გული არის ის საქორწინო სამოსელი, რომლის შესახებაც უფალი თავის იგავში საუბრობს. მხოლოდ ამ სამოსლით შეგვიძლია მივუსხდეთ ზეციურ ტრაპეზს მარადიულ ცხოვრებაში (მიტროპოლიტი ნიკოლოზ კრუტიცკი).

მარხვა მადლმოსილი ჟამია ჩვენთვის, ოღონდ თუ მოვახერხებთ და მცირედით მაინც შევამცირებთ ჩვენს ამაო ზრუნვას მიწიერი კეთილდღეობისათვის, თუ მცირეოდენ ნაწილს მაინც ჩვენი ყურადღებისა და ძალისხმევისა დავუთმობთ ჩვენს უბადრუკ, მიტოვებულ, მშიერსა და გაყინულ სულს, თუ შევეცდებით ჩავიხედოთ საკუთარ გულში და გავიგოთ, რა ხდება, რა ბუდობს იქ. ამიტომაც, დროის სიმცირის მიუხედავად, დავუთმოთ მცირე ხანი წმინდა მამათა დარიგებას ზრახვებთან ბრძოლის შესახებ.

ზრახვების მიერ ჩვენი სულის თანდათანობით დაპყრობას წმინდა მამები ასე გამოხატავენ:

1. თავდაპირველად გვევლინება ე.წ. მანქანება. ამ სახელით იწოდება ყოველგვარი უბრალო ზრახვა ან წარმოდგენა რაიმე საგნისა. შეიძლება ეს იყოს აზრი, რომელიც თავში მოუვა კაცს. იგი თავისთავად უცოდველია და არ იმსახურებს არც მოწონებას და არც გაკიცხვას, ვიდრე ჩვენში რაიმე ჩამოყალიბებულ დამოკიდებულებას არ გამოიწვევს.

2. მეორე მომენტი მაშინ დგება, როდესაც ამ საგანს ან აზრს დავაფიქსირებთ, დავაკვირდებით ან, წმიდან მამების თქმით, გრძნობით ან უგრძნობლად დავიწყებთ მასთან შესიტყვებას. ამ შემთხვევაში ჩვენ, თუმცა არ ვიღებთ, მაგრამ არც განვაგდებთ ზრახვას და უფლებას ვაძლევთ, დარჩეს ჩვენში. ამას ეწოდება შეთავსება. წმინდა მამებს ეს უკვე აღარ მიაჩნიათ უცოდველად; იგი შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზრახვაზე დაკვირვება ღმრთისთვის სათნო თვალსაზრისით ხდება, ანუ როდესაც უარვყოფთ მას, ვინაიდან შევნიშნეთ მისი ცოდვილიანობა.

3. მესამე მომენტი დგება მაშინ, როდესაც გაჩენილ ზრახვას თანაგრძნობით მოვეკიდებით და მზადა ვართ ავყვეთ მას. ეს უკვე ზრახვასთან თანხმობაა. ამ შემთხვევაში ორი ერთმანეთისგან განსხვავებული გამოსავალი არსებობს: 1. დროებითი თანხმობის შემდეგ ჩვენ შეიძლება გამოვფხიზლდეთ, შევინანოთ და უფლის წინაშე აღსარებით დავძლიოთ იგი. 2. გრიგოლ ნოსელის თქმით, „როდესაც კაცი თავისი ნებით მიიღებს მტრისაგან შემოტანილ აზრს, ეთანხმება და უმეგობრდება მას, არ ეწინააღმდეგება და მოქმედებს მისი ჩაგონებით - ეს უკვე აშკარა ცოდვაა“.

4. მეოთხე მომენტი მაშინ დგება, როდესაც ზრახვა ნებით ან უნებლიეთ იპყრობს ჩვენს გულს, შეერწყმის მას, იბუდებს იქ და ანგრევს ჩვენს კეთილგანწყობას. ეს მდგომარეობა ზრახვით ტყვეობაა. ამ შემთხვევაშიც, ზრახვებით დატყვევებულ გაონებას უფლის შემწეობით შეუძლია გადარჩენა.

ისეც ხდება, რომ ცბიერი აზრების ქარტეხილით დამორჩილებული გონება ვერ ფხიზლდება და თავის კეთილგანწყობას ვეღარ უბრუნდება. ყოველივე ეს ხშირად ამაო და ფუჭი საუბრების გამო ხდება.

5. და ბოლოს, უამღლესი საფეხური ზრახვების მიერ ჩვენი დაპყრობისა უკვე ვნებაა. ეს მაშინ ხდება, როდესაც ჩვენს სულში ხანგრძლივად დაბუდებული ავი ზრახვა მის ხასიათად, მუდმივ ჩვევად იქცევა. ამ მდგომარეობაში კაცი საკუთარი ნებით ვარდება, ჩვენი დაუძინებელი მტერი კი ამკვიდრებს ჩვენს სულებში ვნებიან ზრახვებს ჩვენივე განუწყვეტელი ოცნებების წყალობით. ამ მდგომარეობიდან თავის დახსნა შეიძლება მხოლოდ მონანიების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანს მოელის მარადიული სატანჯველი.

ახლა ხომ ხედავთ, რომ მთელი ცხოვრება უნდა ვუდარაჯოთ საკუთარი გულის კარს და დავიცვათ იგი დაბინძურებისაგან, რათა არ მოვწყდეთ უფალს (იოანე ოქროპირი). ჩვენი მთავარი უბედურება მდგომარეობს ჩვენი გულის მოუწესრიგებლობაში, უპატრონოდ მიგდებაში. უფალო, მოგვიტევე უდარდელობა ჩვენი ცხონების საქმეში!

ჩვენ ისე ვცხოვრობთ, თითქოს სიკვდილსაც არ ვაპირებდეთ. ცოტათი მაინც რომ განვიწმინდოთ გულები დღევანდელი მონანიებით, მოდით, განვიხილოთ, რომელი ზრახვები აბნელებს განსაკუთრებით ჩვენს სულს, ასაკის, განათლებისა და მდგომარეობის მიუხედავად.

ყოველი ჩვენგანი ხდება არამიწნდა. მრუში ზრახვების მსხვერპლი. ლამაზ სახეზე თვალი გვრჩება და მას ნდომის შევცქერით, ვცოდავთ ბილწსიტყვაობით, საალერსო ზრახვებით, ტანის ურცხვი მიმოხრით და ა.შ. ჩვენ არა მარტო არ ვებრძვით ასეთ ზრახვებს და უფლის მიმართ ლოცვით არა თუ წინ აღვუდგებით მათ, არამედ სიამოვნებით ვიღებთ ჩვენს გულში, ფარულად ვტკბებით და პირველივე ხელსაყრელ მომენტში ჩავიდენთ ისეთ სასიკვდინე ცოდვებს, როგორიცაა: მრუშობა, სიძვა და ყოველგვარი უკეთურება, რომელთა შესახებ, არა თუ სიტყვის თქმა, ფიქრიც კი შემზარავია. ცრემლით შეინანეთ მრუში უწმინდურება თქვენი გულისა, რომელსაც, ნეტარი ავგუსტინეს თქმით, ანგელოზნი გაურბიან, ხოლო ეშმაკები თვალს უხუჭავენ.

საეკლესიო გადმოცემებში მრავალია ნეტარი ავგუსტინეს სიტყვების დამადასტურებელი მაგალითი: ერთმა მოგვმა იხმო დასახმარებლად ეშმაკი. ეშმაკი დიდხანს არ მოდიოდა, ხოლო მოგვი განაგრძობდა მის მოხმობას. ბოლოს ეშმაკი გამოეცხადა მას ადამიანის სახით, შორიახლოს დადგა და ცხვირზე ხელი მოიჭირა. როცა მოგვმა ჰკითხა, თუ რას ნიშნავდა ყოველივე ეს, ეშმაკმა უთხრა: „შენი მრუშობის სიმყრალე მოახლოების საშუალებას არ მაძლევსო“.

„ჰოი, წყეულო მრუშო!“ - ამბობს წმინდა მამა დიმიტრი როსტოველი - „ისეთ კრულებამდე მიდიხარ, რომ ღმერთი და მისი ანგელოზები კი არა, უწმინდური ეშმაკიც კი თაკილობს შენს უკეთურებას, თვალებს ხუჭავს და ყნოსვას იხშობს“.

წმ. დიმიტრი როსტოველს მოჰყავს კიდევ სხვა მაგალითი: ერთი კაცი აღსარებაში ამბობდა, როგორ ჩაიდინა უკანონო ხორციელი უწმინდურება. ამ დროს გაისმა ეშმაკის მიერ სამჯერ ნათქვამი „ხა“, „ხა“, „ხა“.

ვაი, ჩვენ, უბედურ ცოდვილებს, რომლებსაც არა გვაქვს სიწმინდე გულისა და უზრუნველად ვგორავთ ვნებათა ჭაობში!

ცოდვის სიბილწე განიწმინდება მონანიების ცრემლით, ისეთი მონანიებით, როდესაც შემცოდებლის გულს რცხვენია მომხდარისა და მტკივნეულად განიცდის ღმერთთან დაშორებას, ძრწის მოუნანიებელი ცოდვით სიკვდილის შიშით.

უფალო, ჩვენ გვრცხვენია, გვტკივა და გვეშინია. მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ! ამ წუთიდან უფალს უნდა გადაჭრილად აღვუთქვათ, რომ არ დავიშურებთ ძალასა და ღონეს, რათა შევასრულოთ ყოველივე, რასაც ეკლესია გვთავაზობს, რასაც ღვაწლით შემოსილი წმინდა მამები გვირჩევენ, რათა განვიწმინდოთ გულები, უდრტვინველად მივიღოთ ღმრთის ნებით მონიჭებული ნებისმიერი მწუხარება და იწროება, ვითარცა სამკურნალო საშუალება, რადგანაც ჩვენ ყველანი სულიერად მძიმედ სნეულნი ვართ! „მწუხარება კი ანადგურებს გულში სულიერი ტკბობის ნაკვალევს, აღმოფხვრის ცოდვის ღრმად წასულ ფესვებს“ (მიტროპოლიტი ფილარეტ მოსკოველი).

გულის სიწმინდის მოსაპოვებლად თითოეული ჩვენგანი მთელი ცხოვრების მანძილზე დაუღალავად უნდა ირჯებოდეს, რომ (ღმერთმა ნუ ქნას) არ გარდავიცვალოთ ცოდვებით სავსე უწმინდური გულით. მეტად საშინელია უფლის სიტყვები: „რაშიც მოგისწრებთ, იმით განგიკითხავთ“.

გაგრძელება