მამა იოანე კრესტიანკინი

როგორ უნდა ვთქვათ აღსარება 9 ნეტარების მიხედვით

მეცხრე ნეტარება: ნეტარ იყუნეთ თქვენ, რაჟამს გდევნიდენ და გყვედრიდენ, და თქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის; გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ-არს ცათა შინა.

აი, აღთქმა დიდი საზღაურისა მათთვის, ვინც დამთმენია! დააკვირდით ცხოვრებას, როგორ ვიტანჯებით სულიერი მწუხარების უღელქვეშ! „ამქვეყნად მთელი ჩვენი ცხოვრება მტკივნეულია და მწუხარებითაა აღსავსე, ცილისწამებისა, საყვედურის, გულისტკენისა და სხვა მრავალგვარი განსაცდელის გამო“, „...განსაცდელი მტრისაგან, განსაცდელი თანამოძმისაგან, განსაცდელი ცრუმოძმისაგან...“ „ხორცი უძლურია და იტანჯება სული ჩვენი“... ასე შევღაღადებთ ღვთისმშობლის ხატს დაუჯდომელი ლოცვით, ხატს, რომელსაც ეწოდება „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“. განსაკუთრებით მძიმეა სულიერი ტანჯვა მათთვის, ვისი ამაღლებული სულიერი მისწრაფებები ვერ გაიგეს ირგვლივმყოფებმა. სწორედ ამის შესახებ ამბობს უფალი: „თქუან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მიმართ სიცრუით ჩემთვის“.

როდესაც ხედავთ თქვენი ახლობლის უბედურებას, მიისწრაფვით ეკლესიისაკენ, რადგან იცით, რომ ლოცვით შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ. თუ ის, ვისთვისაც თქვენ ახლახანს ცრემლებით ლოცულობდით, შინ უხეში სიტყვითა და ლანძღვა-გინებით შეგხვდებათ, როგორი სიმწარე და ტკივილი მოიცავს თქვენს გულს. ან კიდევ: ეკლესიიდან შორს მცხოვრებ, ხანდაზმულობისაგან დაუძლურებულ კაცს აშინებს დიდი მანძილი, მაგრამ ტაძარში ყოფნის, ლოცვის, მოსახსენებლის გადაცემის, პარაკლისის გადახდის, ნაკურთხი წყლის შინ წამოღების სურივლი დასძლევს და გაემართება ტაძრისაკენ, რა სიძნელეებს აღარ გადაიტანს მიზნის მისაღწევად... და აი, ბოლოს ტაძარში შესულს უდიერად ეუბნებიან: „რას დაეთრევი ეკლესიაში, დაეტიე სახლში და იქ ილოცე, სადმე არ მოკვდე“. ან კიდევ: „როგორც ჩანს, საქმეს ისე არ დაუღლიხარ, რადგან ამ სიშორეზე სიარული შეგიძლია“... როგორი გულსატკენია მიუხვედრელობა იმისა, რომ ეკლესიის სიყვარულმა კაცს შეუძლებელი შეაძლებინა!..

თქვენ უფრთხილდებით სიწმინდეებს, რომელიც სახლში გაქვთ: ხატს, სახარებას, ნაკურთ წყალს... რა სიტყვებით გამოითქმება ის სულიერი ტანჯვა, როდესაც შინმოსული დაინახავთ, რომ ვიღაცას თქვენი კუთხე დაურბევია და ამის ჩამდენი თქვენი ოჯახის წევრია!

თქვენ უანგაროდ, მაგრამ თანაგრძნობით და უფლის სიყვარულით დაეხმარეთ ვინმეს, მაგრამ ცილი დაგწამეს, დაგაბრალეს ანგარება, უპატიოსნება... რარიგ ძნელია ამ ცილიწამების გადატანა!

თქვენ ცდილობთ იმსახუროთ ტაძარში და ამას მთელი გულით, დიდი სიყვარულით აკეთებთ, ამ საქმეს ანდომებთ თქვენ ნიჭსა და ფიზიკურ შესძლებლობას, ხოლო თქვენ გდევნიან, გლანძღავენ, ვერ გიგებენ, იქნებ ფიზიკურადაც გეხებიან.

როგორი გამძლეობა სჭირდება ადამიანს, რომ არ მიატოვოს საქმე, არ გაუცივდეს გული, სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეს და, რაც მთავარია, არ შეიძულოს თავისი მდევნელი!.. ვინ იცის, კიდევ რამდენი გაუგებრობა, უაზრო ბრალდება და ცრუ წარმოდგენა გადაგვეღობება გზაზე, რაც ტკივილს მოგვაყენებს. ყოველივე ეს აღემატება მოწამებრივ ტანჯვას, პირველ ქრისტიანთა მიერ დათმენილ უდიდეს განსაცდელს.

თარგმნეს მართა კასრაძემ და მანანა ჭირაქაძემ
„აღსარების აგების გამოცდილება“, თბილისი, 2001 წ.