ძველი აღთქმის სამღვდელმთავრო შესამოსელი

„ჰრქუა მამან მისმან მონათა თჳსთა: გამოიღეთ სამოსელი პირველი
და შეჰმოსეთ მას და შეაცუთ ჴელსა მისსა და ხამლნი ფერხთა მისთა“
(ლუკა 15,22)

პავლე ფლორენსკის აზრით მიწიერი ცხოვრების დროს ადამიანის სამოსელს იდუმალი კავშირი აქვს მის სულთან: სამოსელი სხეულის ნაწილია. ხოლო მხატვრული თვალსაზრისით იგი სხეულის აგებულებას ჰფენს ნათელს.

ცოდვით დაცემის შემდგომ ადამ და ევამ დაინახეს, რა რომ შიშვლები იყვნენ, (რაც ნიშნავდა იმას, რომ უღირსნი შეიქნენ ღვთისგან ბოძებული უნივთო ნათლით მოსილებისა).

უფლის განკაცებით ადამიანმა დაიბრუნა სამოსელი პირველი ანუ განიღმრთო. ფერიცვალების დროს უფლის გაბრწყინებასთან ერთად მისი სამოსელიც სპეტაკ იქმნა: „და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე და სპეტაკ, ვითარცა თოვლი, რომელ ყოველსავე მმურკნვალსა ქვეყანასა ზედა ვერ ხელეწიფების ეგრეთ განსპეტაკებად“ (მარკ. 9,3). მოხდა ფერისცვალება ნივთიერისა უნივთოდ. ყოველივე კი იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანის სხეული არ შექმნილა შიშვლად, არამედ მას მოსავდა ღვთისმსახურებისათვის შესაფერისი სამოსი. ზეციური სამოსელის ვიზუალურ ხატს წარმოადგენს საღვთისმსახურო შესამოსელი. იგი ფლობს თავისი პირველხატის, ზეციური შესამოსელის ძალასა და მადლს. საღვთისმსახურო შესამოსლად იწოდება ყველა ის შესამოსელი, რომლებიც ღვთისმსახურების დროს გამოიყენება. იგი იქმნება მაშინ, როცა იგება კარავი, როცა საფუძველი ეყრება ლიტურღიას. მაშინ უბრძანებს უფალი მოსეს: „გაუწყვე წმიდა შესამოსელი აარონს, შენს ძმას, დიდებისათვის და დასამშვენებლად“. აარონი ერთდროულად განასახიერებდა მესიასაც და ისრაელსაც, (გამოს. 28,2), რაღა თქმა უნდა მისი შესამოსელი უთუოდ მესიის სიმბოლოებით იყო დატვირთული. და მის გარეშე (შესამოსელის - ნ. გ.) ვერ შევიდოდა მღვდელმთავარი წმიდათა წმიდაში (უთუოდ დაიღუპებოდა). მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო ჭეშმარიტი განღმრთობა, მხოლოდ მაცხოვრის ჯვარცმას მოჰყვა ადამიანის მამის წიაღს დაბრუნება და მისი სახელით ნათელღებულები ქრისტეს შეიმოსავენ.

ისტორიულად საღვთისმსახურო სამოსელი VI ს-დან ჩნდება. თუმცა არსებობს გადმოცემები, რომლებშიც აღწერილია მოციქულთა შესამოსელი.

ისიც ცნობილია, რომ პირველი შესამოსელი თეთრი ფერისა იყო ნიშნად ღვთაებრივი ნათლის მოსილებისა. ხოლო მოგვიანებით უკვე VII-VIII სს-ში ეკლესიაში ვხვდებით სხვა ფერის შესამოსელს: მეწამულს, ცისფერს, მწვანეს. შავი ფერის შესამოსელი, როგორც წესი გლოვის ნიშნად იქნა მიღებული დიდმარხვაში V ს-დან. ახალი აღთქმის ეკლესიის მღვდელმთავრის შესამოსლის დიდი ნაწილი დასაბამს აარონის შესამოსლიდან იღებს.

აი, შესამოსელი, რომელიც უნდა გაუწყონ მღვდელმთავარ აარონს, „სამკერდული, ეფოდი, წამოსასხამი, ნაქსოვი კვართი, თავსაბურავი და სარტყელი“ (გამოს. 28, 4). ამ შესამოსელიდან მხოლოდ კვართს, თავსაბურავსა და სარტყელს ატარებდნენ აარონის შვილები. შესამოსლის გასაწყობად უნდა გამოერჩიათ განბრძობილი - ხელოვანი ადამიანები.

ეფოდი - ნიშნავს შეკვრას; იგი შედგებოდა ქსოვილის ორი ნაწილისაგან, ერთი ფარავდა ზურგს, ხოლო მეორე მკერდს წელამდე. მხრებზე ეს ორი ნაწილი თასმით იკვროდა, წელზე კი სარტყელი ერტყმოდა. თვითონ ქსოვილი უნდა ყოფილიყო ცისფერი, ძოწისფერი და ჭიაფერი სელისაგან ოქროს ძაფის დამატებით. ეფოდის სამხრეებზე მაგრდებოდა ოქროს ბუდეში ჩამჯდარი ონიქსის ორი ქვა მამამთავართა სახელებით, ექვსი ერთ მხარეს, ექვსი მეორე მხარეს. რათა მღვდელმთავარს ლოცვის დროს ერი არ დავიწყებოდა. აი, რას ამბობს გრიგოლ ნოსელი „ვაკინთი უკუჱ პორფირსა თანა შეიქსოვის ესე იგი არს, ვითარმედ სიწმინდით ცხოვრებასა თანა სასუფეველი შეერთებულ არს, ხოლო ძოწეული ბისონთა თანა შეერთებული ამას მოასწავებს, ვითარმედ ბრწყინვალებასა თანა კრძალულებისა და მოღუაწებისასა სიწმიდე და შუენიერებაჲ საქმეთაჲ შეეზავების. ხოლო ოქროჲსა ამათ ყოველთა თანა შეზავებაჲ ესევითარის მის მოქალაქობისათვის დამარხულსა საუნჯესა ქადაგებს“. [სულხან-საბა ბისონს განმარტავს - „ესე არს სახე მწუანილისა რასამე, რომლისა მიერ შეღებილისა სამოსელსა ბისონად უწოდებენ. არს ფერი ბისონისა ელვარედ ნაკვერცხალისა ფერი. იგი ეწოდება სელისაგან დიდი ხელოვნებით დამზადებულ უთხელეს ქსოვილს, იგი არის სამეფო, სამღვდელმთავრო შესამოსელი“]. იგია პატიოსანი შესამოსელი, გამოცხადებაში ვკითხულობთ: „და მიეცა მას, რაჲთა შეიმოსოს სიმართლენი ძოწეული წმიდაჲ და ბრწყინვალე, რამეთუ ძოწეული სიმართლენი წმიდათანი არიან“ (გამ. 19.8); პორფირი, ბისონის - სისხლის ფერობა. მეფეთა და მღვდელმთავართა სამოსლად მოასწავებს, რათა დასთხიონ სისხლი მათი ვითარცა ქრისტემ ერისთვის.

განუწყვეტლივ მეორდება შესამოსელში ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი. აქ არ შეიძლება არ აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მაცხოვრის სამოსლის ფერები ძირითადად ძოწისფერი და ლურჯია, ანუ ლურჯი კვართი და ძოწისფერი მოსასხამი მოსავს მას. ხოლო ქვები რომლებიც დაბეჭდილი იყო ისრაელის მამამთავართა სახელებით, შეიძლება მოასწავებდა ახალ ისრაელს, რომელსაც მაცხოვარი თავისი მხრებით ატარებს, როგორც აარონი თავისი ერის ცოდვებს.

იმავე ფერებით განიწყობა განკითხვის სამკერდული - [საკითხავი სჯულისა]. მას ჰქონდა ოთხკუთხა ტომრის ფორმა, რომელიც ოქროს რგოლებით მაგრდებოდა ეფოდზე. მასზე ოქროს ბუდეებში ჩამჯდარი თორმეტი ქვა იყო მიმაგრებული სამ-სამი ოთხ რიგად, მამამთავართა სახელებით. I რიგი: სარდიონი, ტბაზიონი, ზურმუხტი; II რიგი: ფირუზი, საფირონი, იასპი; III რიგი: იაგუნდი, აქატი, ამეთვისტო; IV რიგი: ქრიზოლითი, ონიქსი, ბერილი.

სამკერდული ეწოდება მას იმის გამო, რომ მკერდით ატარებდა მას მღვდელმთავარი. სწორედ მკერდით უნდა ეტარებინა მას ისრაელის 12 ტომის სახელები რათა მარადჟამს ხსომებოდა ღვთის წინაშე ისინი. მღვდელმთავარს, როგორც თავისი ერის მსაჯულს უნდა ჰქონოდა „გონიერი და ბრძენი გული“. ხოლო საკითხავი სასჯელისაჲ მას ეწოდება იმის გამო, რომ მასში იდო ურიმი და თუმიმი - გამოცხადება და ჭეშმარიტება. ნათელი და სიმართლე - ასე ეწოდება ამ ნივთებს. [გერმანელი კომენტატორი ოტი გერლახი ამ ნივთებს ადარებს ეგვიპტეში მსაჯულის გულსაკიდს სიმართლის გამოსახულებით (დახუჭული თვალი), რომელიც ატარებდა ჭეშმარიტების სახელწოდებას]. ურიმის საშუალებით მღვდელმთავარი უფალს შესთხოვდა, უკავშირდებოდა. იოსებ ფლავიუსის მიხედვით სამკერდულს მთლიანად ერქვა ურიმი და თუმიმი. მისივე ცნობით ძვირფასი თვლები ელვარებას იწყებდნენ თუკი ღვთისაგან დადებით პასუხს ღებულობდნენ ებრაელები.

არსებობს მოსაზრება, რომ ურიმისა და თუმიმის საშუალებით გამოხატული ღვთის ნება ხმით ვლინდებოდა. შესაძლოა მღვდელმთავარი სწორედ თვლებზე ძაბავდა ყურადღებას და ამ დროს ეძლეოდა წინასწარმეტყველების მადლი. რაბინთა სწავლებით სამკერდულის თვლებს ჰქონდა ასოთა მნიშვნელობები, ისე, რომ დგებოდა მთელი სიტყვები. ხოლო კაბალისტები და თალმუდისტები ფიქრობენ, რომ მღვდელმთავარი თავის ყურადღებას აჩერებდა სიტყვა იაჰვეზე, რომელიც ეწერა სამკერდულზე და წინასწარმეტყველურ მადლს იღებდა მასზე ფიქრისა და ჭვრეტის დროს. რაბი არიელი (ლევინი) განმარტავს, რომ სამკერდულში იდო პაპირუსი, რომელზეც 72 სახელი იყო ღვთისა და მასზე კონცენტრირების დროს ქვათა ელვარებით იწერებოდა პასუხი ღვთისა.

[მიხაილისის აზრით კი სამკერდულში იდო სამი პაპირუსი, ერთზე დადებითი პასუხი ეწერა, მეორეზე უარყოფითი, მესამე კი ცარიელი იყო, რაც დუმილს გამოხატავდა. არის კიდევ ასეთი მოსაზრება, რომ ურიმი და თუმიმი ალმასის კოჭები იყო რომელსაც მღვდელმთავარი აგორებდა წმიდათა წმიდათაში შესვლის დროს და პასუხს ამ გზით ღებულობდა].

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ამ ნივთებს სხვაგვარად ნათელს, ჭეშმარიტებას, სიმართლეს უწოდებენ რაც მაცხოვრის ეპითეტებია. მათი საშუალებით უკავშირდებოდა მღვდელმთავარი ღმერთს, აქედან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სიმბოლურად ისინი მაცხოვარს განასახიერებდა. სამკერდულში ჩადებული ურიმი და თუმიმი სჯულის კიდობანში არსებულ ნივთებს მოგვავგონებს, რომლებიც სიმბოლურად ასევე მაცხოვარს უკავშირდებიან. და ბოლოს ღმერთთან კაცობრიობის (კვლავ) დაკავშირება მოხდა მაცხოვრის განკაცების გზით. ამრიგად შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ძვ. აღთქმის შესამოსლის ეს ელემენტი მესიის სიმბოლოს წარმოადგენს.

უფალი აგრძელებს და უბრძანებს მოსეს: „გააკეთე ეფოდის მოსასხამი მთლიანად ლურჯი ქსოვილისაგან. შუაში თავის გასაყრელი უნდა ჰქონდეს, ამოჭრილს პირს ირგვლივ არშია უნდა გასდევდეს ნაქსოვისაგან, როგორც ჯაჭვის პერანგის სათაურს, რომ არ შემოირღვეს“. [გამ. 28,31-32] გადმოცემის თანახმად იგი იყო უნაკერო სამოსი, მაცხოვრის კვართის მაგვარი („ხოლო კუართი იგი, რამეთუ იყო უკერველ, ზეით გამოქსოვილ ყოვლად“ იოანე 19,23). აარონის მოსასხამს კალთაზე ირგვლივ ამოქარგული ჰქონდა ბროწეულები იმავე ფერის ძაფების (იგულისხმება ძოწისფერი, ლურჯი, ჭიაფერი). ბროწეულებს შორის ოქროს ეჟვნები ეკიდა, რათა „ისმოდეს მისი ხმა საწმიდარში შესვლისას უფლის წინაშე და იქიდან გამოსვლისას, რათა არ მოკვდეს“. [გამ. 28,35] გრ. ნოსელი გვასწავლის: „აწ უკუჱ ჩუენიცა სარწმუნოებაჲ ჴმობდინ წმიდად ჴმამაღლად, ვითარცა ოქროჲსა ეჟუანი ქადაგებითა მის წმიდისა სამებისაჲთა, ხოლო ცხოვრებაჲ ჩუენი მიმსგავსებულ იყავნა ბუნებასა მას ბროწეულისასა, რამეთუ მისი გარეგანი კერძო შეუძლებელ არს ჭამად, რომელი ფიცხელ არს და მომმუხავსა ქერქსა შინა შეწყუდეულ არს, საჭმელად, რამეთუ დაატკბობს სასასა კეთილად, ეგრეთვე უკუჱ საღმრთოჲ მოქალაქეობაჲ ფიცხელ არს და არა გემოვან გარეშეჱ მისი საცნობელთა ამათ შინა ხილულთა, ხოლო შინაგანი მისი დამწიკდეს. რაჲთა გამოჩნდეს რაჟამს იგი მუშაკმამან ყოველთამან განაღოს ბროწეული იგი ამის ცხოვრებისაჲ თჳსსა ჟამსა სავსე არს სიტკბოებითა მით და სასოებითა კეთილისა. რამეთუ რაჟამს იგი მუშაკმამან ყოველთამან განაღოს ბროწეული იგი ამის ცხოვრებისაჲ თჳსსა ჟამსა და გამოაჩინოს მას შინა მყოფი იგი შუენიერებაჲ, მაშინ ტკბილ იქმნეს იგი პირსა შინა მისსა...“ („მოსეს ცხოვრება“).

შესამოსელის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დეტალს წარმოადგენდა თავსაბურავი ღვთის სახელის გამოსახულებით. „გააკეთე ხალასი ოქროს ჯიღა და ამოტვიფრე მასზე ბეჭდის ტვიფარით: სიწმინდე უფლისათვის“. ამ თავსაბურავს კიდარი ეწოდება. იგი შეკერილი იყო ბისონისაგან (თხელი, თეთრი ქსოვილისაგან). იუდაისტური სწავლებით ეს თხელი ქსოვილი თავზე ეხვეოდა როგორც ჩალმა. ი. ფლავიუსი მას უწოდებს ტაირას, ამ ქსოვილს გარშემოუყვებოდა სამმაგი ოქროს გვირგვინი, პატარა ოქროს ყვავილებით. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ი. ფლავიუსი მისდევს და აღწერს იმ ტრადიციებს, რომლებიც მის დროს არსებობდა (ტაძრის არსებობის უკანასკნელ წლებში), ამიტომ მისი ცნობები ზუსტ წარმოდგენას ვერ შეგვიქმნის. ბიბლიის ტექტსთან უფრო ახლოს არის რაბინთა სწავლება „კიდარზე“, მათი აღწერით თავსაბურავი უნდა ყოფილიყო სპეტაკი (თეთრი), პრიალა ოქროს დაფით, რომელიც ქსოვილზე მაგრდებოდა ცისფერი თასმით, ოქროს დაფაზე ამოტვიფრული იყო სიტყვები „სიწმინდე უფლისა“.

შესამოსლის ქვემოთ მღვდელმთავარი იცვამდა კვართს - [კიტონეტ.] იგი იყო მკლავებიანი, ლოპუხინის განმარტებით იგი ბისონისაგან იკერებოდა და ქსოვილს დაჰყვებოდა კუბოკრული ორნამენტი. კვართზე ერტყმოდა სარტყელი.

სარტყელი ასევე ბისონისაგან მზადდებოდა ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ორნამენტებით გაფორმებული. შიშველი ხორცის დასაფარავად ტილოს საწმერთული უნდა სცმოდა ღვთის მსახურს. აარონის შვილებს მხოლოდ კვართი, სარტყელი და ქუდი განუწესა უფალმა შესამოსლად.

იუდაური ტრადიციის მიხედვით ეს შესამოსელი მღვდელმთავარს მხოლოდ ერთხელ უნდა ჩაეცვა წელიწადში განწმენდის დღეს. ამ დღეს შედიოდა იგი წმიდათა წმიდაში.

შესამოსელში იუდაური ტრადიციის მიხედვით უმთავრესი მაინც სამკერდული იყო ურიმითა და თუმიმით [ნათელი და სრულყოფილება] - ზუსტი წარმოდგენა მასზე არ გაგვაჩნია. ბაბილონის ტყვეობის შემდეგ ურიმი და თუმიმი აღარ ჩანს. მხოლოდ ვხვდებით წინასწარმეტყველებას [I ეზრა II 63] „უთხრა მათ განმგებელმა, რომ არ ეჭამათ წმიდათა წმიდიდან, ვიდრე არ დადგებოდა მღვდელი ურიმითა და თუმიმით“. ეს მღდელმთავარი ურიმითა და თუმიმით არის იესო ქრისტე. თუკი საერთოდ მღვდელმთავარი ძველ აღთქმაში პირველსახე იყო იესო ქრისტესი, მაშინ მეტადრე მღვდელმთავარი ურიმითა და თუმიმით, რომელშიც წარმოდგენილია იგი არა მხოლოდ როგორც მღვდელმთავარი, გამომსყიდველი და მოწყალე, არამედ როგორც ზეციური მოძღვარი და განმანათლებელი, ქრისტე არის ჭეშმარიტი მღვდელმთავარი, რომელმაც მოგვიტანა ღვთის ნების სრულყოფილი გამოცხადება. იგია ჭეშმარიტება და ნათელი. მას შემდეგ რაც დაინგრა ტაძარი, აღარ იწირებოდა მსხვერპლი, ამიტომ შესამოსელი ხმარებიდან ამოიღეს (უფრო მეტიც, აიკრძალა).

დღესეისათვის სინაგოგაში ლოცვის დროს იმოსებიან ტალეთით, იგი რაბი არიელის თქმით აარონის შესამოსელზე უფრო ძველია. ბოლოს დავსძენთ, რომ „ტალეთს“ ხმარობდნენ პირველი ქრისტიანებიც იერუსალიმის თემებში.

ნინო გველესიანი
ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტის V კურსის სტუდენტი