მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი

წესი ქრისტიანის ცხოვრებისა

 

თავი I. ლოცვა

1. შესავალი

ჩვენ, ადამიანებს, ყოველდღიურად გვაქვს სხვადასხვა სახის ურთიერთობა ერთმანეთთან ან სიტყვების საშუალებით, ან გარკვეული ქმედებით თუ უმოქმედობით, ან ფიქრით. ჩვენ ასე გვიწევს ურთიერთობა გარემომცველ სამყაროსთან: სხვადასხვა სახის ნივთებთან, ბუნებასთან, ცხოველებთან, მაგრამ მთავარი, ყველა დანარჩენის განმსაზღვრელი, მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში არის ურთიერთობა უზენაეს არსებასთან – ღმერთთან და ამ ურთიერთობას ეწოდება ლოცვა.

ფართო გაგებით, მორწმუნე ადამიანის მთელი ცხოვრება, მისი ყოველი სიტყვა, საქმე თუ გაფიქრება არის ლოცვა გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ცოდავს, ანუ თავისუფალი ნებით არღვევს კავშირს ღმერთთან.

საუბედუროდ, ამგვარი დარღვევა, ჩვენი დაცემული ბუნების გამო, შემთხვევის ხასიათს არ ატარებს და დღევანდელ ადამიანს ღმერთი მხოლოდ მაშინ თუ ახსენდება, როცა უჭირს.

ამის გამო, საჭიროა გარკვეული იძულება საკუთარი თავისა იმ განუწყვეტელი კავშირის აღსადგენად, რომლისკენაც მოგვიწოდებს წმ. პავლე მოციქული, როდესაც ამბობს „მთელებლად ილოცვედითი“ (I თესალ, 5 ,17). ასეთი კავშირი ღმერთთან ადამიანს დაკარგული აქვს და მისი აღდგენა დღევანდელ პირობებში ერთი შეხედვით შეუძლებელიც კი ჩანს, მაგრამ იყვნენ ადამიანები (არა მარტო მონაზვნები, არამედ ერისკაცნიც) და, ალბათ, დღესაც არიან, რომლებმაც განუწყვეტელი ლოცვის მდგომარეობას მიაღწიეს.

დღეს ჩვენი მიზანია შევძლოთ უმცირესი – ვისწავლოთ ელემენტარული სწორი დამოკიდებულება სამყაროს შემოქმედთან. ამისათვის, ეკლესიის წმინდა მამების მიერ ღვთაებრივი გამოცხადებებისა და პირადი სულიერი გამოცდილების საფუძველზე, დადგენილია გარკვეული რეჟიმი, ჩარჩოები, გარკვეული კანონი, რომელიც გვეხმარება, არ ავცდეთ ღმრთისაკენ მიმავალ ვიწრო გზას. ეს კანონი ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროს ეხება: მის დამოკიდებულებას ღმერთთან, მოყვასთან და საკუთარ თავთან.

ღმერთთან მიმართებაში ერთ-ერთი უმთავრესია საკუთრივ ლოცვითი კანონი ანუ ლოცვა, ამ სიტყვის კონკრეტული მნიშვნელობით, რაც გულისხმობს უშუალო მიმართებას, უშუალო საუბარს ღმერთთან, იქნება ეს სიტყვიერი თუ უხმო, გულში ჩუმად წარმოთქმული.

2. დილის ლოცვები

ყოველი დღე ქრისტიანისა იწყება და მთავრდება ღვთის ხსენებით. გაღვიძებისთანავე ვიწერთ პირჯვარს და ვამბობთ: „დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.“

პირჯვარის გადასაწერად მარჯვენა ხელის პირველ სამ თითს შევკრავთ ერთად ნიშნად იმისა, რომ ჩვენი ღმერთი პირით სამია – მამა, ძე და სული წმინდა, არსით კი ერთია და განუყოფელი: ბოლო ორ თითს ხელისგულზე მივიბჯენთ ნიშნად იმისა, რომ იესო ქრისტე არის სრული ღმერთი და სრული კაცი და ამგვარ თითთა წყობით ხელს ჯერ შუბლზე მივიდებთ, შემდეგ გულის პირზე, სარტყელთან, შემდეგ მარჯვენა მხრის თავზე, ბოლოს მარცხენა მხრის თავზე და ვიტყვით ზემოთ მოყვანილ ლოცვას. „დიდება....და“.

დილის ტუალეტის შემდეგ დავდგებით ხატების წინ, პირით აღმოსავლეთისაკენ, გავსწორდებით, დავმშვიდდებით და დაბალ ხმაზე (შეიძლება გულშიც) დავიწყებთ დილის ლოცვების შესრულებას იმ თანმიმდევრობით, როგორც წერია შესაბამის „ლოცვანში“, რომელიც იყიდება ეკლესიაში.

ბოლო ორი ლოცვის შესრულებისას (ლოცვა ცოცხალთათვის, ლოცვა მიცვალებულთათვის), ყოველი მუხლის შემდეგ უნდა ვყოთ მეტანია ანუ თაყვანისცემა, რისთვისაც უნდა გადავიწეროთ პირჯვარი, დავდგეთ მუხლებზე და შუბლით იატაკს შევეხოთ. თუ კვირიაკეა (კვირა დღე) ან დიდი დღესასწაული, შესრულდება არა სრული მეტანია, გადავიწერთ პირჯვარს და წელში მოხრით ხატების წინაშე თავს მოვიდრეკთ.

ხანდახან ხდება, რომ ამა თუ იმ მიზეზით ადამიანი ვერ ასწრებს დილის ლოცვების სრულიად წაკითხვას. ასეთ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, დასაშვებია დილის ლოცვების შემოკლება, ე. ი. მისი გარკვეული ნაწილის წაკითხვა. თუ ესეც არ ესწრება, უნდა ითქვას მოკლე სამადლობელი ლოცვა: „ძილისაგან ადგომილი გმადლობ შენ, წმინდაო სამებაო…“

გარდა ამ ზემოთმოყვანილი ლოცვებისა, მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, მათი წაკითხვის შემდეგ, შეიძლება შევასრულოთ სხვა ლოცვებიც, წავიკითხოთ ფსალმუნები, სახარება მივმართოთ ლოცვით ჩვენ მფარველ წმინდანებს, ვილოცოთ სკვნილზე (სკვნილის შესახებ შემდეგ გვექნება საუბარი) და ვილოცოთ საკუთარი სიტყვებით.

3. ლოცვანი ძილად მისვლისა, განვლილი დღის ანალიზი

ათიოდე წუთი ქრისტიანი საღამოს უნდა განმარტოვდეს, რათა განვლილ დღეს ანალიზი გაუკეთოს და ღმრთისაგან ლოცვით ითხოვოს მშვიდობის ღამე და დღის განმავლობაში ჩადენილ ცოდვათა მიტევება.

ანალიზი ნიშნავს, რომ უნდა გავიხსენოთ განვლილი დღე, დილიდან საღამომდე და უბის წიგნაკში ჩავინიშნოთ ღვთის მცნებათა და სინდისის საწინააღმდეგო თუ რამ ჩაგვიდენია (აღსარების შემდეგ ამ ფურცლებს დავწვავთ). ასეთი რეგულარული ანალიზი და მისი ქაღალდზე ან გონებაში დაფიქსირება დიდად ეხმარება ადამიანს აღსარების მომზადებაში.

ამის შემდგომ კვლავ დავდგებით ხატებთან პირით აღმოსავლეთისაკენ,

გავსწორდებით, დავმშვიდდებით და დაბალ ხმაზე ან გულში აღვავლენთ ძილად მისვლის ლოცვებს იმ თანმიმდევრობით, როგორც წერია შესაბამის „ლოცვანში“.

თუ ადამიანი იმდენად დაღლილია, რომ ათწუთიანი ლოცვის წაკითხვაც არ შეუძლია, გამონაკლისის სახით, შეიძლება მისი შემოკლება. ასეთ შემთხვევაში დავდგებით პირით აღმოსავლეთისაკენ, გადავიწერთ პირჯვარს და ვიტყვით მე-4 ლოცვას: „უფალო ღმერთო ჩვენო“…

ლოცვა დილით და საღამოს ქრისტიანის კეთილკრძალული ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია. შეიძლება თავიდან ამ ლოცვების სრულად წაკითხვა ძნელი იყოს. ამ შემთხვევაში დასაშვებია მათი შემოკლება. დასაწყისში შეიძლება ადამიანმა დილას და საღამოს მხოლოდ „მამაო ჩვენო“ თქვას, მაგრამ დღე არ უნდა გამოტოვოს; თუ დაავიწყდა, მეორე დღეს მაინც უნდა წაიკითხოს. ასეთი გულმოდგინებისათვის ღმერთი ძალას მისცემს და შეუძლებელს შეაძლებინებს.

4. ლოცვანი საყოველდღეო

დღის განმავლობაში ვასრულებთ სხვა მოკლე ლოცვებსაც. კერძოდ, დღეში შვიდგზის ლოცვას, ლოცვებს ჭამის, საქმის კეთების, სწავლის წინ და შემდგომ, და იესოს ლოცვას.

ა) დღეში შვიდგზის ლოცვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 1989 წლის შობის დღესასწაულიდან მოყოლებული დღეში შვიდჯერ ვასრულებთ მოკლე ლოცვას. ეს ლოცვები სრულდება დილის 6-სა და 9 საათზე, დღის 12-სა და 3-ზე, საღამოს 6-სა და 9-ზე და ღამის 12 საათზე. მათი ტექსტი იყიდება ეკლესიებში.

ამ ლოცვების მნიშვნელობის შესახებ ბევრი ითქვა და მის შესავალშიც წერია, აქ კი იმას დავუმატებთ, რომ ყველა ქრისტიანმა, ვისაც როგორ შეუძლია, უნდა მიიღოს მონაწილეობა და ამა თუ იმ მიზეზით უარი არ უნდა თქვას ამ ლოცვა-კურთხევაზე. შეიძლება ადამიანს უჭირდეს მისი მთლიანად შესრულება, შეიძლება დილით ადრე ადგომა არ შეეძლოს, როცა გაახსენდება, მაშინ ერთხელ მაინც უნდა წაიკითხოს. და თუ ასე მოიქცევა, ეს ლოცვა თანდათანობით ჩვევად ექცევა და შემდეგ ღმერთის შეწევნით, იქნებ აღარც დაავიწყდეს და სრულადაც მოახერხოს მისი შესრულება.

ბ) საყოველდღეო ლოცვები

დღის განმავლობაში აღვავლენთ სხვა მოკლე ლოცვებსაც ჭამის, საქმის კეთების, სწავლის წინ და შემდგომ. ყველა ეს ლოცვა, აგრეთვე სხვა მოკლე ლოცვებიც წერია „ლოცვანში“ სათაურით „საყოველდღეო ლოცვები“.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ ჭამის წინ, ლოცვის თქმის შემდეგ საჭმელს ჰაერში გადავსახავთ ჯვარს მარჯვენა ხელის სამი შეკრული თითით ჯერ ზემოთ, შემდეგ ქვემოთ, შემდეგ ჩვენგან მარცხნივ და ბოლოს მარჯვნივ.

მსუბუქი ჭამის, ხილის მიღების, წყლის დალევის წინ და შემდგომ, ლოცვას არ ვამბობთ სრულად, არამედ გადავიწერთ პირჯვარს და პროდუქტსაც ჯვარს გადავსახავთ.

აგრეთვე, თუ ადამიანი მთელი დღე საქმიანობს, მაგალითად სახლის საქმეებს აკეთებს, საქმის დაწყების (ასევე დამთავრების) ლოცვას იტყვის ერთხელ და არა ყოველი კონკრეტული ქმედების წინ.

გ) იესოს ლოცვა

იესოს ლოცვას ქრისტიანი სულ უნდა იმეორებდეს. იგი შემდეგნაირად გამოითქმის:

„უფალო იესო ქრისტე, ძე ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“.

მისი გამეორება შეიძლება ნებისმიერ მდგომარეობაში: ვზივართ თუ ვწევართ, ვჭამთ თუ ვმგზავრობთ, გვიჭირს თუ გვილხინს.

ამ ლოცვას ორი ათასი წლის ისტორია აქვს: მას ჯერ კიდევ მოციქულები იმეორებდნენ. მასში ღრმა მისტიკური აზრია ჩადებული. წმინდა მამების თქმით, იგი ქრისტიანული სარწმუნოების მთელ შინაარს გადმოგვცემს. სხვა რომ არა იყოს რა, თავისთავად უფლის სახელის – იესოს ხსენებასაც კი უდიდესი ძალა აქვს.

ჩვენთვის ამ ლოცვის ხშირი განმეორება არის გახსენება ღმრთის, ვინც გვიფარავს ცოდვის ჩადენისაგან, გვიცავს ხილული თუ უხილავი მტრებისაგან.

5. ზიარების ლოცვები

ა) როგორ მოვემზადოთ ზიარებისთვის

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენა ქრისტიანის ცხოვრებაში არის წმიდა ზიარება, რომელიც მან გარკვეული პერიოდულობით უნდა მიიღოს.

ადამიანი, რომელიც წელიწადში ერთხელ მაინც არ ეზიარება, თავს ეკლესიის გარეთ აყენებს. ადრე ქრისტიანები ყოველ წირვაზე ეზიარებოდნენ. თანამედროვე ადამიანისათვის, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ოპტიმალურია თვეში ერთხელ, ხოლო მარხვების პერიოდში კვირაში ერთხელ ზიარება (რასაკვირველია იმათთვის, ვინც მარხვას ინახავს).

ადამიანი გულმოდგინედ უნდა მოემზადოს ამ გონებისათვის მიუწვდომელ საიდუმლოში მონაწილეობის მისაღებად. ცხადია, ბოლომდე მზად ის ვერასდროს იქნება, მაგრამ რაც შეუძლია, ის კი უნდა იღონოს, რათა სულიერი და ხორციელი განკურნების ნაცვლად სასჯელი არ დაიმსახუროს.

ზიარებისათვის უნდა მოვემზადოთ მარხვითა და ლოცვით.

მარხვა უნდა დავიწყოთ ერთი კვირით ადრე. ვინც სისტემატიურად ეზიარება, მისთვის საკმარისია იმარხულოს ოთხშაბათსა და პარასკევს, შაბათს კი სასურველია, ხორცისეულისაგან თავის შეკავება. ზიარების წინ კი ღამის თორმეტი საათიდან არც საჭმელი და არც წყალი არ უნდა მივიღოთ.

გარდა ამისა, უნდა წავიკითხოთ სპეციალური ლოცვები ზიარების წინ და შემდგომ.

ბ) ლოცვები ზიარების წინ

ზიარების ლოცვების წაკითხვა უმჯობესია საღამოს, როდესაც ეკლესიიდან დავბრუნდებით, მსუბუქი ვახშმის შემდეგ (ბევრი საკვების მიღებას უნდა მოვერიდოთ), ძილად მისვლის ლოცვების ნაცვლად.

ლოცვები უნდა წავიკითხოთ ფეხზე, ხატების წინ. სასურველია მათი ერთად წაკითხვა. მაგრამ, თუ ადამიანს უჭირს დაღლილობის ან ავადმყოფობის გამო, დასაშვებია ლოცვების გაყოფაც. ამ შემთხვევაში ძილად მისვლის ლოცვების ნაცვლად წავიკითხავთ ცხრა გალობას და ფსალმუნებს, მეორე დღეს კი დილის ლოცვების ნაცვლად, დარჩენილ 12 ლოცვას. უკიდურეს შემთხვევაში ლოცვები შეიძლება სამ ნაწილად გავყოთ და პირველი ნაწილი – 9 გალობა წინა დღის განმავლობაში წავიკითხოთ, მეორე ნაწილი – ფსალმუნები და პირველი 4 ლოცვა ძილის წინ, 5-12 ლოცვები კი – მეორე დილით.

ხანდაზმული ან ავადმყოფი ადამიანებისთვის, მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, შეიძლება ლოცვის დროს დაჯდომაც და ლოცვების შემოკლებაც მოძღვრის მიერვე მითითებული წესით.

გ) სამადლობელი ლოცვები

ზიარების შემდგომ, მადლობის ნიშნად, ღმერთს უნდა შევწიროთ ლოცვა. ამ ლოცვების წაკითხვა უმჯობესია ტაძარში წირვის შემდეგ. შეიძლება – შინაც, დღის განმავლობაში.

შენიშვნა: სამადლობელი ლოცვების ბოლო ნაწილში წარმოითქმება წმინდა იოანე ოქროპირის ტროპარი და კონდაკი (საგალობლის სახეობათა აღმნიშვნელი ბერძნული ტერმინებია), როდესაც წირვა მის მიერ შედგენილი წესით მიმდინარეობს. მაგრამ, დროგამოშვებით, ეკლესიაში წირვა-ლოცვა სრულდება წმ. ბასილი ან წმ. გრიგოლ დიოლოგოსის მიერ შედგენილი წესითაც. ამ შემთხვევაში ოქროპირის ტროპარ-კონდაკი, რომლებიც აქვე „ლოცვანის“ ბოლოშია მოყვანილი.

6. საზოგადო ლოცვა

აქამდე განვიხილეთ ქრისტიანის ინდივიდუალური ლოცვა, რომელიც ნაწილია მისი სავალდებულო ლოცვითი კანონისა. გარდა ამისა, მორწმუნე ადამიანმა მონაწილეობა უნდა მიიღოს საზოგადო ლოცვაში, რომელიც ეკლესიაში აღესრულება.

ა) შვიდი საიდუმლო. პარაკლისი და პანაშვიდი

ტაძარში, უპირველეს ყოვლისა, ახალი აღთქმის 7 საიდუმლო სრულდება: ნათლისღება, მირონცხება, აღსარება, ზიარება, ზეთისკურთხევა, ქორწინება (ანუ ჯვრისწერა) და მღვდლობა. თითოეული მათგანი, მღვდლობის გარდა, ყოველ ჩვენგანს ეხება და ჩვენს ქრისტიანობასაც სწორედ ის განსაზღვრავს, თუ რამდენად ვმონაწილეობთ მათში.

გარდა 7 საიდუმლოსი, ეკლესიაში სხვა საზოგადო ლოცვებიც აღესრულება, რომლებშიც ასევე სასურველია მონაწილეობის მიღება: პარაკლისი – სავედრებელი ლოცვა ცოცხალთათვის და პანაშვიდი – სავედრებელი ლოცვა მიცვალებულთათვის.

სიონის საკათედრო ტაძარში, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით პარაკლისები ზეთისცხებით დანიშნულია ყოველ ორშაბათსა და სამშაბათს საღამოს. ორშაბათობით სრულდება ბავშვებისა და მთელი ერის ლოცვა, სამშაბათობით კი არის ქადაგება და სიონის ღვთისმშობლის პარაკლისი ავადმყოფთა მოხსენიებით.

საზოგადო პანაშვიდი ტაძრებში სრულდება წლის განსაკუთრებულ დღეებში: ხორციელის შაბათს, დიდმარხვის პირველ 4 შაბათს, ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, თომას კვირის სამშაბათს, სულთმოფენობის წინა შაბათსა და დიმიტრის შაბათს (თვე და რიცხვი ამ დღესასწაულებისა ყოველწლიურად უნდა ვნახოთ საეკლესიო კალენდრებში). პანაშვიდი სრულდება წირვის შემდეგ. ყველა ტაძარში საკურთხისათვის გაშლილია მაგიდა. საკურთხი არის მიცვალებულის სახელზე დამზადებული საკვები: ძირითადად პური, ღვინო, ზეთი, მარილი და წანდილი, შეიძლება სხვა საჭმელიც (თუ მარხვაა, საკურთხიც სამარხო უნდა იყოს).

პარაკლისისა თუ პანაშვიდის გადახდა კონკრეტულ შემთხვევაშიც შეიძლება.

ბოლოს უნდა აღვნიშნოთ, რომ, რასაკვირველია, ერთბაშად ყველა ამ ინდივიდუალურ თუ საზოგადო ლოცვაში მონაწილეობის მიღება ძნელია, რის გამოც მორწმუნე ადამიანმა უნდა იცოდეს, თუ რა არის მისთვის სავალდებულო, რა – სასურველი და რა – სულიერი ზიანის მომტანი, რამეთუ ზედმეტობა ყველაფერში, ლოცვაშიც კი, საშიშია ლოცვის თითოეული სახეობის განმარტებისას ჩვენ ვეცადეთ მისი აუცილებლობის ხარისხი მიგვეთითებინა, მაგრამ ზოგადად ამისი განსაზღვრა არ შეგვიძლია. ერთი მხრივ, ერისკაცთა შორის არიან ქრისტიანები, რომლებიც საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწევიან და ყველა ამ წესსაც ასრულებენ; მეორე მხრივ, ეკლესიის წევრთა შორის არიან უძლური ადამიანებიც, რომლებიც ვერც ბევრს ლოცულობენ და მარხულობენ და წმ. ზიარებასაც სახლში ღებულობენ.

საკუთარი სულიერი ცხოვრების ინტენსივობა თითოეულმა ადამიანმა ინდივიდუალურად უნდა განსაზღვროს თავისი მოძღვრის დახმარებით. იმის თქმა კი შეგვიძლია, რომ ამ შემთხვევაში მთავარია თვითონ მიაჩნდეს ადამიანს თავი ეკლესიის წევრად და საქმითაც გამოხატავს ამას. ჰყავდეს სულიერი მოძღვარი, მარხულობდეს მსუბუქად მაინც, თუ მეტი არ შეუძლია (მარხვის შესახებ ცალკე ვისაუბრებთ) ლოცულობდეს დილას და საღამოს, თუნდაც სულ ცოტას, და ეზიარებოდეს, თუნდაც იშვიათად, მაგრამ სისტემატურად.