საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
წმიდა სინოდის სხდომის ოქმი

23 დეკემბერი, 2005 წელი, თბილისი

სინოდის სხდომა გახსნა წმიდა სინოდის თავმჯდომარემ, მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II.

განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

1. იმსჯელეს საქართველოს მთლიანობის შესახებ. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი მტკივნეულად უყურებს იმ ფაქტს, რომ დღემდე არ არის აღდგენილი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეკლესიას აქვს კავშირი აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ ქრისტიანებთან, როგორც ქართველებთან, ისე აფხაზებთან და ოსებთან და ცდილობს, გაუწიოს მათ სულიერი მეურვეობა.

დაადგინეს: უნდა გაძლიერდეს ქვეყნის მთლიანობისათვის ლოცვა. ამ მიზნით ეკლესია მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, დილასაღამოს და შვიდგზის ლოცვების წაკითხვის შემდეგ განსაკუთრებით შესთხოვონ უფალს საქართველოს გამთლიანება და გადარჩენა.

ეკლესია ამასთან, კიდევ ერთხელ, თანადგომას უცხადებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებიდან ლტოლვილთ მათი ამჟამინდელი მძიმე მდგომარეობის გამო და გამოთქვამს იმედს, რომ მიუხედავად მრავალი პრობლემისა, საქართველოს მოსახლეობა (ორივე მხარე) შეძლებს შერიგებას და მშვიდობის აღდგენას ქვეყანაში.

2. განიხილეს ნარკომანიის პრობლემა.

აღინიშნა, რომ საქართველოში შეინიშნება ნარკომანიის ზრდის ტემპი.

სხდომამ დაადგინა: ეკლესიამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს სასკოლო ასაკის ბავშვებს. მეტი სიახლოვე უნდა დამყარდეს სკოლას, ოჯახსა და ეკლესიას შორის, რაც დაეხმარება სახელმწიფოს ამ პრობლემის გადაწყვეტაში. საზოგადოებაში უნდა შეიქმნას აზრი, რომ ნარკომანობა არის სირცხვილი; ეს არის სენი, რომელიც უდიდეს საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს.

წმიდა სინოდი გმობს ნარკოტიკების გამავრცელებელთა საქმიანობას და მოუწოდებს მათ შეწყვიტონ ერის საწინააღმდეგო ქმედება.

3. სინოდზე დაისვა ეპარქიებში ახალგაზრდული ცენტრების შექმნის საკითხი.

განაჩინეს: ახალგაზრდული ცენტრების შექმნით ეკლესია დაეხმარება მომავალ თაობას სახელმწიფოებრივი აზროვნების, ერის წინაშე პასუხისმგებლობისა და ზნეობრივი ცხოვრების ჩამოყალიბებაში, ხელს შეუწყობს მათ სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებას, შრომის, კულტურის ამაღლებას.

4. განიხილეს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის თანამშრომლობის საკითხი. აღინიშნა, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმება არის ამ ურთიერთობის საიმედო საფუძველი და ამასთან მრავალწლიანი შრომის ნაყოფი.

წმიდა სინოდმა დაადგინა: ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, დააჩქაროს ორმხრივი კომისიის ამოქმედება, რათა შეთანხმება პრაქტიკულად განხორციელდეს. თავის მხრივ ეკლესიაც შეეცდება ხელი შეუწყოს ამ პროცესს.

5. მოისმინეს განცხადება კომუნისტური რეჟიმის დროს რეპრესირებული სამღვდელოებისა და საერო პირთა კანონიზირების შესახებ.

განაჩინეს: მიემართოს საქართველოს მოსახლეობას, რათა მოგვაწოდონ რეპრესირებულ საერო და სასულიერო პირთა შესახებ ინფორმაცია კანონიზირებისათვის საჭირო მასალების შესაგროვებლად.

6. სინოდმა განიხილა სომეხი ეროვნების ზოგიერთი წარმომადგენლის უსაფუძვლო განცხადებები საქართველოში სომხური ეკლესიების დიდი რაოდენობით არსებობის შესახებ, რაც მოკლებულია ისტორიულ და მეცნიერულ საფუძველს.

განაჩინეს: აღნიშნული განცხადებები ძაბავს ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებსა და ეკლესიებს შორის. ამიტომაც საქართველოს ეკლესია მოუწოდებს სომხეთის სამოციქულო ეკლესიას საქართველოში, თავი შეიკავოს ასეთი ქმედებებისაგან. თავის მხრივ საქართველოს ეკლესია არ დაუშვებს ურთიერ- თობის გამწვავებას.

7. წმიდა სინოდმა იმსჯელა ბიბლიის სვანურად და მეგრულად თარგმნის მცდელობის შესახებ. აღინიშნა, რომ რუსეთის იმპერიის მიერ XIX საუკუნის ბოლოს ხელოვნურად ინსპირირებული ეს ვერაგული იდეა გარკვეულ ძალებს სურთ დღეს პრაქტიკულად განახორციელონ.

მოსახლეობას შევახსენებთ X საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწის, წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების ავტორის, გიორგი მერჩულის სიტყვებს: „ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“ და 1790 წელს მეფემთავართა მიერ ხელმოწერილ „ივერიელთა ერთობის ტრაქტატს“, სადაც ვკითხულობთ: „...ყოველთავე ივერიელთა, მსახლობელთა სამეფოსა შინა ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა და გურიისათა აქვსთ ერთმორწმუნეობა, არიან შვილნი ერთისა კათოლიკესა ეკლესიისაგან შობილნი და ერთისა ენისა მქონებელნი“...

განაჩინეს: დაუშვებელია ისტორიის გაყალბება - მეგრელებისა და სვანების მწიგნობრობისა და ქრისტიანული კულტურის არმქონეებად გამოცხადება და ამ კუთხის შვილებისათვის XXI საუკუნეში ბიბლიის თარგმნა, რაც უპირველეს ყოვლისა მიზნად ისახავს ერის გათიშვას და ქვეყნის მთლიანობის დარღვევის მცდელობას.

8. განიხილეს მეფე ვახტანგ IIIის (1302-1308), - წმიდა დემეტრე თავდადებულის ძისა და გიორგი ბრწყინვალის ძმის კანონიზირების საკითხი (იგი დმანისის სიონში განისვენებს).

განაჩინეს: სახელითა მამისათა, და ძისათა და წმიდისა სულისათა. მეფე ვახტანგ III, როგორც სამშობლოსათვის თავდადებული, შერაცხილ იქნას წმიდა მოწამედ წმიდათა შორის. შეიქმნას წმინდანის ხატი და დაიწეროს ლოცვები. წმიდა მოწამე ვახტანგ III-ის ხსენების დღედ დადგინდეს 10 დეკემბერი ძვ. სტ. (23 დეკემბერი ახ.სტ.)

9. განხილულ იქნა დმანისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატთან დაკავშირებული საკითხი.

განაჩინეს: დმანისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატად მიჩნეულ იქნას ხატის ასლი და მისი ხსენების დღე 15/28 აგვისტო შეტანილ იქნას საეკლესიო კალენდარში.

10. წმიდა სინოდმა იმსჯელა ზოგიერთი ასურელი მამის შესახებ და დაადგინა მათი ხსენების დღეები:

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 45, 2005 წ.