დავით ჩიკვაიძე

საეკლესიო სამართალის საკითხები

 

თავი I. ეკლესია

§1. ზოგადი მიმოხილვა

ეკლესია ბერძნული სიტყვაა (ბერძნ. η ̠κκλη̠ί̠) და კრებას, საკრებულოს, შესაკრებელს ნიშნავს. ძველ საბერძნეთში ეკლესია ეწოდებოდა უხუცესთა კრებას, რომელიც მოიწვეოდა სხვადასხვა საქმეების გადასაწყვეტად. დღესდღეობით ეკლესია გულისხმობს ქრისტიანთა კრებას, ორგანიზაციას. ეკლესია ეწოდება, ასევე, ქრისტიანთა შესაკრებელ ტაძარს, სადაც შეიწირება უსისხლო მსხვერპლი სადიდებელად ყოვლადწმიდისა სამებისა.

წმ. სამების მეორე იპოსტასის განხორციელებით აღესრულა უდიდესი სასწაული კაცობრიობის ისტორიაში: ძე ღმრთისამ თავისი ჯვარცმითა და აღდგომით აღასრულა ნება ღმრთისა და მამისა - კაცთა მოდგმა გამოისყიდა ცოდვისაგან და განუხვნა კარნი სამოთხისანი. მან დაგვიტოვა მაცხონებლი სჯული, რომელიც ახალ აღთქმაშია გადმოცემული. ამაღლების წინ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ აკურთხა თავისი მოწაფენი სამოციქულო გზაზე შემდეგი სიტყვებით: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს-ჰსცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და წმიდისა სულისაჲთა“ (მთ. 28;19). ამგვარად, მოციქულებს მიეცათ კურთხევა, რომ მოენათლათ წარმართი ერები წმ. სამების სახელით და ამ გზით დაეარსებინათ ქრისტეს მორწმუნეთა საკრებულო - ქრისტეს ეკლესია.

მოციქულები დედამიწის მრავალ მხარეში გაემგზავრენ უდიდესი მისიის შესასრულებლად. მართლაც, აღსრულდა სიტყვები დავით მეფისა და წინასწარმეტყველისა: „ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი“ (ფს. 18; 4). მოციქულებმა დააარსეს ადგილობრივი ეკლესიები, იქადაგეს ღმრთის ჭეშმარიტი სიტყვა, დაადგინეს ეპისკოპოსები და ღმრთისმსახურები, შექმნეს საეკლესიო სამართლის პირველი ძეგლები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ქრისტიანობა იქადაგეს წმიდა მოციქულებმა: ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა, ბართლომემ და მატათამ. ყველა მოციქულმა, იოანე ღმრთისმეტყველის გარდა, სიცოცხლე მოწამეობრივი სიკვდილით დაასრულა.

ქრისტეს ეკლესია ნელ-ნელა იზრდებოდა და ძლიერდებოდა. მართალია I-III სს. ქრისტიანებს სასტიკად დევნიდნენ, მაგრამ ამას ეკლესიის ზრდაზე გავლენა არ მოუხდენია. პირიქით, მიუხედავად უამრავი მორწმუნის სასტიკი წამებით დახოცვისა, ქრისტიანთა რიცხვი განუხრელად იზრდებოდა. 313 წ. გამოიცა მილანის ედიქტი, რომლის ძალითაც შეწყდა ქრისტიანთა დევნა. 325 წ. კი მოწვეულ იქნა ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ეკლესიის ისტორიაში. ქრისტიანობა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად რომის იმპერიაში, მიღებულ იქნა „მრწამსი“ - სიმბოლო სარწმუნოებისა. ნიკეის კრების შემდეგ მოიწვიეს 6 მსოფლიო კრება.

სამწუხაროდ ეკლესიაში ხშირად ჩნდებოდნენ სხვადასხვა ჯურის მწვალებელები, რომლებიც ცდილობდნენ ქრისტიანობის შერყვნას, მაგრამ ღმრთის მადლით და ეკლესიის დიდი იერარქების უშუალო მონაწილეობით მართლმადიდებლობა ყოველთვის ამარცხებდა ერეტიკოსებს. ერთ-ერთი ასეთი იყვნენ მონოფიზიტებიც, რომელთა მოძღვრებასაც მიემხრო სომხეთის ეკლესია. იგი 608 წ. გამოეყო ერთიან ეკლესიას და დამოუკიდებლად განაგრძო არსებობდა.

ყველაზე დიდი განხეთქილება ქრისტეს ეკლესიაში მოხდა 1054 წ., როცა ჭეშმარიტ ქრისტიანებს გამოეყო რომის ეკლესია. არასწორია მოსაზრება, თითქოს ამის შემდეგ დაერქვა აღმოსავლეთ ეკლესიას „მართლმადიდებელი“. ეს სიტყვა გვხვდება დიდ სჯულისკანონში ეკლესიის გაყოფამდე (1). აუცილებელია ითქვას, რომ რომის ეკლესია და აღმოსავლეთ ეკლესია, როგორც თანასწორი ეკლესიები კი არ გაყოფილან, არამედ ქრისტეს ერთიან ეკლესიას, რომელშიც იყო რამდენიმე ავტოკეფალური ეკლესია, გამოეყო ერთ-ერთი ავტოკეფალური რომის ეკლესია. იგი უბრალოდ დიდ კანონიკურ ტერიტორიას - მთელ დასავლეთ ევროპას მოიცავდა, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე დარჩენილი ეკლესიები კი აღმოსავლეთ ევროპას. ამავე დროს, უნდა ითქვას ისიც, რომ რომის ეკლესია არასწორად იყენებს ტერმინ „კათოლიკეს“, რაც ბერძნულად (κ̠θολική) საყოველთაოს

ნიშნავს, რადგან ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია არის მართლმადიდებელი ეკლესია. ასე რომ, იმ ჭეშმარიტ, მოციქულთაგან ნაქადაგებ სჯულზე დგას მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის წიაღშიც არსებობს 15 ავტოკეფალური და 4 ავტონომიური ეკლესია.


1. იხ. კონსტანტინოპოლის I მსოფლიო საეკლესიო კრების (მოწვ. 381 წ.) ვ (6) კანონი.