დავით ჩიკვაიძე

საეკლესიო სამართალის საკითხები

 

II. სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა საქართველოში

§2. კონსტიტუციური შეთანხმება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის

მუხლი 5

1. ჯერ კიდევ საქართველოს სამეფოში სავალდებულო იყო, რომ დაწყებითი ქრისტიანული საფუძვლები მრევლისთვის მღვდელს ესწავლებინა. მაშინ, თავისთავად ცხადია, არც სახელმძღვანელოები არსებობდა და არც სასწავლო პროგრამები. ამ ხარვეზის გამოსწორება სცადა მეფე ერეკლე II, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართულ სახელმწიფოში შექმნილი სავალალო მდგომარეობის გამო აღნიშნულის განხორციელება არ დასცალდა. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ სკოლებსა და გიმნაზიებში შემოიღეს ქრისტიანული სარწმუნოების საფუძვლების - საღვთო სჯულის სწავლება. ეს საგანი რუსეთის იმპერატორისა და უწმიდესი სინოდის მიერ დადგენილი პროგრამითა და სახელმძღვანელოებით ისწავლებოდა. ძირითადად წიგნები რუსულენოვანი იყო, მაგრამ არსებობდა ქართული ანალოგიური შინაარსის წიგნებიც. ასე გრძელდებოდა რევოლუციამდე. 1918 წ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ბრძანებით ქვეყნის ყველა სასწავლებელში გაუქმდა საღვთო სჯულის სწავლება. რაღა თქმა უნდა, საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ შეერთების შემდეგ ამ საკითხში დადებითი ძვრა არ ყოფილა. პირიქით, თუ დემოკრატიული რესპუბლიკის კანონმდებლობით დასაშვები იყო მშობლებს თავიანთი ხარჯით მოეწვიათ აღნიშნული საგნის მასწავლებელი, საბჭოთა კანონმდებლობამ საქართველოს მოქალაქეებს ეს უფლებაც ჩამოართვა. კონსტიტუციური შეთანხმების ძალით 85 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში კვლავ აღდგა საღვთო სჯულის სწავლება.

აუცილებელია ითქვას, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ (1991 წ.) ზოგიერთ სასწავლებელში ხელმძღვანელებმა საკუთარი ინიციატივით აღადგინეს საღვთო სჯულის სწავლება. ამ კეთილ განზრახვას უარყოფითი მხარეც აღმოაჩ-ნდა: გართულდა საგანში კარგად გათვითცნობიერებულ პედაგოგთა კადრის შერჩევა. არაერთხელ ისეთი შემთხვევაც კი დაფიქსირდა, როცა სკოლებში მართლმადიდებლობას ამოფარებული სექტანტები შედიოდნენ და ბავშვებს გონებას უწამლავდნენ (ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოს რადიო “ივერიის” ეთერში სხვადასხვა სახელწოდების არაერთი გადაცემა გავიდა). ზემოთთქმულიდან გამომდინარე კონსტიტუციურ შეთანხმებაში მართებულად ჩაიწერა, რომ “სასწავლო პროგრამების დადგენა, შეცვლა, პედაგოგთა დანიშვნა და გათავისუფლება ხდება ეკლესიის წარდგინებით”. მართლაც, ვის თუ არა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას აქვს უფლება შეარჩიოს ქვეყნის მომავლის სულიერ აღმზრდელთა კადრები!.. იურიდიულად, ეკლესიის მიერ წარდგენილ პროგრამასა და მასწავლებელთა კანდიდატურებს დაამტკიცებს საქართვე-ლოს განათლების სამინისტრო.

2. საქართველოს უდიდესი სასულიერო სკოლა აქვს. ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როცა დღეს არსებულ მართლმადიდებელ სახელმწიფოთაგან მრავალი ან არ არსებობდა, ან არსებობის პირველ წლებს ითვლიდა, საქართველოს ჰქონდა საყოველთა-ოდ ცნობილი გელათისა და იყალთოს სასულიერო აკადემიები და სხვა სასწავლებლები. იმ უმდიდრესი სამეცნიერო და პედაგოგიური მიღწევების უმრავლესობა, რომლითაც დღეს სამართლიანად ამაყობს საქართველო, სწორედ აღნიშნული სამეცნიერო-კულტურული ცენტრების საქმიანობის შედეგია. ამიტომაც, სამართლიანი იქნებოდა, რომ სახელმწიფო სასწავლებლებთან თანასწორად წარმოდგენილი ყოფილიყო საპატრიარქოს იურისდიქციაში მყოფი სასწავლებლები.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ექვემდებარება:

- გელათის მეცნიერებათა აკადემია (რექტორი მაგალი თოდუა), რომელიც ამიერიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანასწორად იქნება განხილული;

- თბილისისა და გელათის სასულიერო აკადემიები, რომლებიც როგორც უმაღლესი სასულიერო სასწავლებლები წარმოდგენილი იქნებიან საერო უნივერსიტეტების, აგრეთვე სპეციალური უმაღლესი სკოლების (მაგალითად, გაერთიანებული სამხედრო აკადემია, სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია და სხვა) თანასწორად;

- სხვა საშუალო და საშუალო-სპეციალური სასწავლებლების თანასწორი ლიცეუმები და გიმნაზიები, როგორც საერო, ისე სასულიერო (მაგალითად, მცხეთის წმ. ათორმეტთა მოციქულთა სახ. გიმნაზია, ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდე-ბულის სახ. გიმნაზია და ა. შ.).

ბუნებრივია, თანასწორუფლებიან სასწავლებელთა მიერ გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები თანაბარი იურიდიული ძალის და ასევე, მნიშვნელობის მქონე იქნება.

3. ეს პუნქტი იმეორებს 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შინაარსს. აქვე დამატებულია, რომ სახელმწიფო ხელს შეუწყობს ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებას. ხელშეწყობა შეიძლება გამოიხატოს როგორც მატერიალური, ისე მორალური, იდეო-ლოგიური და სხვა სახით.

მუხლი 6

1. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საუკუნეე-ბის მანძილზე ეკონომიკურად ძლიერი ორგანიზაცია იყო, რომელსაც გააჩნდა უძრავი ქონება, ჰყავდა საეკლესიო ყმები. სამეფო კანონმდებლობა იცავდა საეკლსიო ქონებას და მას შეუხებლად აცხადებდა (განსხვავებით რუსეთის იმპერიისა, სადაც ხდებოდა საეკლესიო ქონების სეკულარიზაცია, თუ ეს მიზანშეწონილად ჩაითვლებოდა “ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე”). ჩვენმა ეკლესიამ დიდი მორალური და მატერიალური დანაკლისი განიცადა ავტოკეფალიის გაუქმებისა (1811წ.) და რუსეთის ეკლესიასთან მიერთების შემდეგ, რის შემდეგაც დამყარდა სინოდალური მმართველობა რუსეთის ეკლესიის მოდელზე. რაც შეეხება საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდე-ბულებას ეკლესიის მიმართ, იგი “შეუდარებელი” იყო რუსე-თის იმპერიის მიერ განხორციელებულ ქმედებებთან: თუ წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძის) დროს იმერეთის ეპარქიაში 800-მდე ღვთისმსახური და 100-ზე მეტი ტაძარი იყო, 1925 წლისთვის კომუნისტებმა “მოახერხეს” ამ მონაცემთაგან პირველის 50-მდე, ხოლო მეორის 20-მდე დაყვანა. გადარჩენილი ეკლესიები, მსგავსად “დიდი თურქობისა” გადაკეთებულ იქნა თავლებად, სადგომებად, საწყობებად, თეატრებად, აბანოებად და სხვა უამრავ, ბუნებრივია, ეკლსიისთვის შეუფერებელ ნაგებობებად. ერთადერთი დადებითი ქმედება საბჭოთა ხელი-სუფლებისა, განხორციელებული ეკლესიის მიმართ იყო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 12 აპრილის დადგენილება “ეკლესიისთვის მორალური კომპენსაციის გაწევისა და ქონების ნაწილობრივ დაბრუნების შესახებ”. ამგვარად, საბჭოთა ხელისუფლებამ, არსებობის უკანასკნელ წელს ძალიან მცირედით, მაგრამ მაინც გამოისყიდა თავისი დანაშაული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს პრეზიდენ-ტის ბრძანებულებით ეკლესია გათავისუფლდა გადასახადებისაგან. შეთანხმების ამ პუნქტით კი სახელმწიფომ თავის თავზე აიღო ეკლესიის საკუთრების დაცვა.

მეორე წინადადებაში მითითებულია, რომ ეკლესიას უფ-ლება აქვს ფლობდეს ნებისმიერ ქონებას, რომელიც არ არის აკრძალული ქვეყნის კანონმდებლობით. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესიას, გარდა საღვთისმსახურო ქონებისა, შეიძლება საკუთრებაში ჰქონდეს მიწები, შენობა-ნაგებობები, სხვადასხვა დანიშნულების ტექნიკა, კომპიუტერები, და სხვა. დაუშვებელია, ეკლესია ფლობდეს სამხედრო დანიშნულების ტექნიკას, იარაღს, ასევე აკრძალულ ნივთიერებებს.

2. როგორც წინა პუნქტის კომენტარშიც აღინიშნა ეკლესია ფლობს როგორც საღვთისმსახურო, ისე არასაღვთისმსახურო ქონებას. ეს პუნქტი სწორედ არასაღვთისმსახურო ქონებას ეხება. კერძოდ, მასში ნათქვამია, რომ ეკლესია მათ ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას ახორციელებს საეკლესიო და ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე. ამ პუნქტში საუბარია სწორედ იმ საკითხზე, რაც განხილული იყო 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის კომენტარში, კერძოდ ის, რომ, სახელმწიფო ცნობს თავის კანონმდებლობაზე უზენაესად კა-ნონიკურ სამართალს მხოლოდ ეკლესიის შიდა საქმიანობაში. რაც შეეხება იმას, თუ რა გზით იღებს ეკლესია ქონებას, ამის შესახებ შემდგომ პუნქტებშია საუბარი.

3. საერო კანონმდებლობით საჯარო სამართლის იურიდიული პირი სამეწარმეო საქმიანობას უშუალოდ არ ახორცი-ელებს, ე. ი. იგი მოგების მიზნით არაა შექმნილი. ეს დებულება გამომდინარეობს თავად საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფუნქციდან: მისი მიზნებია საჯარო, ქვეყნის საერთო ინტერესების განხორციელება და არა მოგების მიღება, თუმცა შესაძლებელია, რომ იგი მაინც ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას ბიუჯეტის უკეთ შევსების მიზნით. მართალია, ეკლესია საჯარო სამართლის განსაკუთრებული იურიდიული პირია, მაგრამ ეს წესები, რაღა თქმა უნდა, მის მიმართაც არამარტო ვრცელდება, არამედ უპირველესად ეკლესიაა ის ორგანიზაცია, რომლის ფუნქციებშიც არ შედის სამეწარმეო საქმიანობა. „მეუფებაჲ ჩემი არა ამის სოფლისაგანი არს“ - ბრძანებს უფალი (ინ. 18; 36) და მართლაც, თუ სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფუნქციები ამქვეყნიურ საქმეებს აწესრიგებს (და ამით შეიძლება უფრო ახლოს იდგეს სამეწარმეო საქმიანობასთან), ეკლესიის მოვალეობა კაცთა წინაშე უფრო აღმატებული და ამავე დროს არაამქვეყნიურია. მსგავსად საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, ეკლესიაც შეიძლება ეწეოდეს სამეწარ-მეო საქმიანობას, თუმცა ასეთ საქმიანობას არ ეგების, რომ ვუწოდოთ საქმიანობა ბიუჯეტის გაზრდის მიზნით. ეკლესიის ნაწარმთა უმრავლესობა თავად საეკლესიო მსახურების განხორციელებისათვის იწარმოება. ამის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ: ხატები, ჯვრები, საცეცხლურები, საკმეველი, სანთელი, ბარძიმი, ფეშხუმი, სამღვდელო შესამოსელი და სხვა მრავალი. შესაძლებელია, რომ ეს პროდუქცია სხვა მართლმადიდებელი ქვეყნებიდან შემოიტანონ, თუმცა ეკონომიკურად ამას მაინც მეწარმეობა დაერქმევა. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რა უფლებები ექნებათ იმ ორგანიზაციებს (ცხადია, ეკლესიის გარდა), რომლებსაც სურთ აწარმოონ საეკლესიო დანიშნულების ნივთები, ეხება ამ მუხლის მე-6 პუნქტი.

4. ამ პუნქტში საუბარია ეკლესიის დაფინანსების წყარო-ზე. გამომდინარე იქიდან, რომ მართლმადიდებლობა საქართველოს სახელმწიფო რელიგია არაა, ქვეყნის ბიუჯეტში ეკლესიისთვის გამიზნული თანხა შეიძლება მხოლოდ დახმარებად იქნეს გათვალისწინებული. ასევე ეკლესია შემოსავლებს იღებს სხვადასხვა სახით, რომლებიც სწორედ ამ პუნქტშია ჩამოთვლილი. განვიხილოთ თითოეული მათგანი:

ნებაყოფლობითი შემოწირულობა არის ეკლესიის სასარგებლოდ მორწმუნის მიერ (და არა მარტო მისი) საკუთარი ნებით გაცემული თანხა. აქ აუცილებელია ორიოდ სიტყვა ითქვას საეკლესიო მსახურების და ღვთისმსახურთა ანაზღაურებაზე მორწმუნეთაგან. საერთოდ, ყველა ადამიანი თავს საკუთარი საქმიანობით ირჩენს. აქ უნებურად გვახსენდება დავით გურამიშვილის „სწავლა მოსწავლეთა“: „ბრძენი სიტყვითა დარჩების, // ოსტატი თავის ხელითა, // ხუცესი წირვით, ვაჭარი // შორს წასვლით-მოსვლით ძნელითა.“ მართალც, ყველა თავისი საქმისაებრ ცხოვრობს. ამგვარად, სასულიერო პირისთვის ღვთისმსახურების აღსრულების შეძლებისდაგვარად ანაზღაურება სავალდებულოა, რადგან გარდა თავისი უდიდესი სულიერი დატვირთვისა, მსახურებას ის ფუნქციაც აქვს, რომ სამღვდელო პირს ოჯახის რჩენის საშუალება მისცეს. აქედან გამომდინარე სრულიად გასაკვირია იმ პირთა გაოცება, რომელთაც არ ესმით, თუ რატომ უნდა მისცენ სასულიერო პირებს გასამრჯელო. მართლაც, პავლე მოციქული ერთგან ბრძანებს, რომ „უკუეთუ ჩუენ სულიერი დავსთესეთ თქუენ შორის, დიდ-მე რაჲ არსა, თქუენგან თუ ჴორციელი მოვიმკოთ ჩუენ?“ (I კორ. 9;11)

სამეწარმეო შემოსავლები უკვე განხილული იყო ჩვენს მიერ წინა პუნქტის კომენტარში.

ინვესტიციები ეკონომიკურად ეწოდება რაიმე წარმოებაში კაპიტალის გრძელვადიან დაბანდებას.

გრანტი არის ერთჯერადი დახმარება.

5. ეკლესია, როგორც აღინიშნა, შეიძლება აწარმოებდეს როგორც საღვთისმსახურო, ისე არასაღვთისმსახურო პროდუქციას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოც ეკლესიის მიერ განხორციელებულ წარმოებით საქმიანობას ორგვარად აწესრიგებს: გადასახადებს უწესებს არასაღვთისმსახურო პროდუქციის წარმოებას, ხოლო მეორეს მხრივ საღვთისმსახურო პროდუქციის წარმოებას ათავისუფლებს გადასახადებისაგან. ეს უკანასკნელი გაგრძელებაა იმ უძველესი ტრადიციისა, რომელიც საქართველოს სამეფოში არსებობდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვინც არ უნდა აწარმოებდეს მართლმადიდებლო-ბისათვის საჭირო პროდუქციას, გადასახადისაგან გათავისუფლება ეხება მხოლოდ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლ ეკლესიას.

6. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პუნქტია. ჩვენ სხვა მუხლების განხილვის დროს საუბარი გვქონდა იმაზე, თუ რა ზიანი მიაყენა მრავალ მართლმადიდებელ ქრისტიანს სკოლებში საღვთო სჯულის პროგრამის და შესაბამისი კადრის უქონლობამ. იგივე, და შეიძლება უარესი შედეგიც მოჰყვეს საღვთისმსახურო პროდუქციის უნებართვოდ წარმოებას, რადგან ადვილი შესაძლებელია, რომ სექტანტებმა ისარგებლონ ამ მდგომარეობით და მწვალებლური ლიტერატურა (და სხვა პროდუქცია) მოახვიონ მორწმუნეებს მართლმადიდებლობის სახელით. ამ პუნქტის შეთანხმებაში შეტანით მოიხსნება ეს პრობლემა, რადგან ზემოთხსენებული პროდუქციის წარმოების ნებართვის გაცემას განახორციელებს მხოლოდ სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით.

ტერმინთა განმარტების მიხედვით ეკლესიის ოფიციალურ ტერმინებად ითვლება: “მართლმადიდებელი”, “სამოციქულო”, “კათოლიკოს-პატრიარქი” და სხვ. საეკლესიო მოძღვრების თანახმად არ შეიძლება ღვთის სახელის უპატივცემლოდ გამოყენება. “არა მოიღო სახელი უფლისა შენისა ამაოსა ზედა” - ვკითხულობთ ათიდან მესამე მცნებაში. ასევე, არ შეიძლება წმიდა გამოსახულების (ჯვარი, ხატი, ფრესკა) გაუფრთხილებლად მოპყრობა და შერყვნა. ჩვენი აზრით, ასევე უნდა აიკრძალოს ეკლესიის არაოფიციალური, მაგრამ მასთან სისხლხორცეულად დაკავშირებული ტერმინების და სიტყვების გამოყენება. მაგალითისთვის შეიძლება დავასახელოთ: სამება, ღვთის სხვა სახელები, წმინდანთა სახელები, ციტატები წმიდა წერილიდან და ლოცვებიდან. იგივე ითქმის ტერმინ “ივერიაზეც”. ივერია საქართველოს, თუ შეიძლება ასე ითქვას, საეკლესიო სახელია. როდესაც ლაპარაკია საქართველოს შესახებ ღრმა სარწმუნოებრივი კუთხით, ხშირად სწორედ ივერია გამოიყენება: ივერიის ეკლესია, ივერიის გაქრისტიანება, ივერიის გაბრწყინება. ასევე უნდა აიკრძალოს წმიდათა სახელის დარქმევა უბრალო ორგანიზაციებზე, თუმცა უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, წმიდა სახელისთვის შეუსაბამო ორგანიზაციებზე (რაღა თქმა უნდა, ეს არ ვრცელდება სასწავლებლებზეც, თუ ისინი თავიანთი სულისკვეთებით ღირსნი არიან ასეთი სახელის).

ცალკე აღნიშვნის ღირსია ტერმინი “მართლმადიდებელი”, რომლის გამოყენების უფლება აქვთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიას, ასევე მსოფლიოს სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს (რომლებსაც ცნობს მსოფლიო საპატრიარქო და საქართველოს საპატრიარქო), ასევე მათ იურისდიქციაში მყოფ პირებს. სხვა პირებს (როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ) უნდა აეკრძალოთ ამ ტერმინის გამოყენება (ძირითადად მხედველობაში გვაქვს ვასილ მკალავიშვილის სქიზმატური დაჯგუფება, რომლიც უკანონოდ იყენებს თავის დასახელებაში სიტყვა “მართლმადიდებელს”: ე. წ. გლდანის “მართლმადიდე-ბელი” ეპარქია).

მუხლი 7

1. ამ მუხლით მართლაც უამრავი პრობლემა მოგვარდა. როგორც ცნობილია, საქართველოს ეკლესიამ დიდი მატერიალური ზარალი განიცადა ღვთისმებრძოლი საბჭოთა ხელისუფლებისაგან. დაინგრა და ეკლესიას ჩამოერთვა უამრავი ტაძარი და მონასტერი (ამის შესახებ საუბარი გვქონდა მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის კომენტარისას). სამწუხაროდ, სახელმწიფო თავის საკუთრებაში მყოფ საეკლესიო ნაგებობებს ღვთის სახლისთვის ყოვლად შეუსაბამოდ ეპყრობოდა: ზოგი მათგანი თეატრად, ზოგი კინოთეატრად, ზოგი საპატიმროდ და ზოგი აბანოდაც კი იყო გადაკეთებული. ღვთის მადლით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ტაძრების ძირითადი ნაწილი ეკლესიას დაუბრუნდა. თუმცა, კონსტიტუციური შეთანხმების დადებამდე ზოგი ისევ სახელმწიფოს კუთვნილებად რჩებოდა და ერთ-ერთი მათგანში თეატრი იყო კვლავ განთავსებული (საუბარია ფოთის საკათედრო ტაძარზე, რომლის მიხედვითაც დაპროექტდა მთლიანად ქალაქი ფოთი ისე, რომ ქალაქის ყველა ცენტრალური გზა ტაძრისკენ მიდის). საბედნიეროდ, შეთანხმების საფუძველზე ყველაფერი თავის ადგილას უნდა დადგეს.

ამ პუნქტში საუბარია ასევე იმაზეც, რომ ეკლესიის საკუთრება ხდება ტაძრის ნანგრევებიც (ე. ი. ის ისტორიული ტაძრები, რომლებმაც ჟამთა სიავის გამო სრული სახით ვერ მოაღწიეს ჩვენამდე). ეკლესიის საკუთრებად ცხადდება ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაც.

2. ბუნებრივია, ეკლესიის საკუთრებაში მყოფი ტაძრების ნაწილი დიდი კულტურული ღირებულების მქონეა. ამიტომ, სახელმწიფო მათ შესახებ საგანგებო წესებს ადგენს. თუმცა ამის შესახებ უფრო კონკრეტულად მე-9 მუხლის კომენტირებისას ვისაუბრებთ.

მუხლი 8

1. ის საეკლსიო ნივთები, რომლებიც დღეს უდიდესი ღირებულების მქონე საგანძურად ითვლება, თავიდანვე საეკლესიო მსახურებისთვის შეიქმნა. დროთა განმავლობაში გამომდინარე თავისი სილამაზიდან, მდიდრული პერანგიდან, ისტორიული მნიშვნელობის შეძენიდან ისინი ერის საგანძურად იქცნენ. აქედან გამომდინარე მათ, მართალია, დაკარგეს თავიანთი ძირითადი მნიშვნელობა (ანუ აღარ გამოიყენებოდა მსახურებაში), მაგრამ დარჩნენ ეკლესიაში მორწმუნეთა განსაძლიერებლად. არასწორია ის მოსაზრება, რომ თითქოს ეკლესია არასათანადოდ უფრთხილდებოდა ხატებს, რომ თითქოს ეკლესიაში ხატები ზიანდებოდა, რომ თითქოს ხატები ისვრებოდა ამბორისა და საკმეველისაგან. ალბათ, არაეკლესიურმა მორწმუნემაც კი იცის, რომ ხატების უმრავლესობა ეკლესიებში მინით დაფარულ ჩარჩოებშია ჩასმული და ამით თავიდანაა აცილებული მათი დაზიანება. ამისდა მიუხედავად ზოგიერთნი მაინც ჯიუტად ადგანან ზემოთმოყვანილ მცდარ აზრს. შეთანხმების ამ მუხლმა ერთხელ და სამუდამოდ მოუღო ბოლო ამ უაზრო კამათს იმის შესახებ, თუ სად უნდა ინახებოდეს ხატი!..

ბუნებრივია, სახელმწიფო ეკლესიას გადასცემს მხოლოდ მის საკუთრებაში მყოფ საგანძურს. კერძო საკუთრებაში მყოფ საგანძურზე, ცხადია, ეს მუხლი ვერ გავრცელდება, თუმცა, კარგი იქნება, თუ მოქალაქენი თავისივე ნებით დაუბრუნებენ ეკლესიას მის კუთვნილ და უკანონოდ ჩამორთმე-ულ ქონებას.

2. სახელმწიფომ გაითვალისწინა ის ფაქტიც, რომ დღევანდელ დღეს, როცა საკმაოდ შეცვლილია ბუნებრივი პირობები და გართულებულია კრიმინოგენული სიტუაცია, ეკლესიას შეიძლება გაუჭირდეს აღნიშნული ქონების სათანადოდ შენახვა. ამიტომ მათზე დაწესდა ერთობლივი მფლობელობა. ფრჩხილებში მითითებულია, რომ ეს პუნქტი ვრცელდება მხოლოდ მატერიალური ღირებულების მქონე ნივთებზე. თავისთავად ცხადია, რომ ისეთ სიწმიდეებზე, რომელსაც მატერიალური ღირებულება არ გააჩნიათ ეს მუხლი არ გავრცელდება, რადგან არამატერიალური საეკლესიო ქონება სახელმწიფოს მფლობელობაში არ შედის. ასეთად შეგვიძლია დავასახელოთ წმიდათა ნაწილები (მაგ.: წმ. გიორგის ძვალი, წმ. ქეთევან დედოფლის ხელი, წმ. თომა მოციქულის თავის ქალა, ასევე სხვა წმიდანების სხეულები) და წმიდა რელიკვიები (მაგ.: მაცხოვრის სამსჭვალი, წმ. ნინოს ჯვარი ვაზისა, ღირსი მამის, დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი მადლის ქვა და სხვა).

მუხლი 9

1. საუკუნეთა მანძილზე ქართველი ერი ქმნიდა კულტურულ და არქიტექტურულ შედევრებს, რომლებიც დღეს საყოველთაოდაა ცნობილი მთელს მსოფლიოში. არაერთი მათგანი იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურის საგანძურშია შეტანილი. თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ისინი იქმნებოდა ძირითადად მართლმადიდებლობისთვის და ამგვარად, ეკლესიისთვის იყო განკუთვნილი. ასე რომ, თუ ვისმე აქვს მათზე პრეტენზიის გაცხადების უფლება, ეს უპირველესად საქართველოს სამოციქულო ეკლესიაა. საისტორიო წყაროე-ბიდან ირკვევა, რომ საქართველოს სამეფო და ეკლესია ყოველთვის აღიარებდნენ დიდი კულტურული ღირებულების მქონე ძეგლებსა და ნივთებს საეკლესიო საგანძურად და მათ სათანადოდ და საგანგებოდ ეპყრობოდნენ. იმის მიუხედავად, რომ განირჩეოდა უბრალო და ფასეული საეკლესიო ნივთი, არასდროს არ დასმულა საკითხი, თუ ვის საკუთრებაში უნდა ყოფილიყო ხატი, ჯვარი, სახარება, ბიბლია, კონდაკი, ტაძარი! (ამის შესახებ ჩვენ გვქონდა საუბარი მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის კომენტარში).

კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე ეკლესიას დაუბრუნდა სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი ყველა საეკლესიო ნივთი და ნაგებობა მათი ღირებულებისდა მიუხედავად. ამის შესახებ ამ შეთანხმების არაერთ მუხლშია საუბარი. თავისთავად, ეროვნული ფასეულობა მთელი ერის კუთვნილებაა სარწმუნოებისდა მიუხედავად, მაგრამ კუთვნილებაა მხოლოდ ზოგადი და არა იურიდიული გაგებით. იურიდიულად ისინი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის (რაღა თქმა უნდა, საუბარია საეკლესიო ნივთებსა და ნაგებობებზე).

2. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პუნქტია. არსებობს მოსაზრება, რომ მშენებარე წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის კომპლქსში შეიქმნას საეკლესიო მუზეუმი, სადაც დაცული იქნება მატერიალური ღირებულებების მქონე საეკლესიო ნივთები. თუმცა ამის განხორციელებამდე, სანამ საეკლესიო ექსპონატები კვლავაც მუზეუმშია, აუცილებლად უნდა იქნეს შემოღებული საგანგებო წესები მათი სარგებლობისათვის. აქ უპირველესად უნდა ვიგულისხმოთ მათ მიმართ, როგორც საეკლესიო სიწმიდეების მიმართ მოპყრობა. ხატი, როგორც ცნობილია, ძალას კარგავს მასზე ულოცველობით. ამიტომაც სავალდებულოა, რომ სიწმიდეთა წინაშე აღევლინოს პარაკლისები, დაუჯდომლები, რათა მათ თავიანთი ჭეშმარიტი ფუნქცია დაიბრუნონ.

ამ პუნქტში ასევე საუბარია იმაზეც, რომ დიდი ისტორიისა და მნიშვნელობის მქონე ძეგლების აღდგენისათვის, მოხატვისათვის და სხვა სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა საგანგებო წესების შემოღება, რადგან მასზე უდიერად ან არასათანადოდ განხორციელებულმა სამუშაოებმა შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი გამოიწვიოს. ეს ეხება როგორც ფრესკების აღდგენას, ისე საკუთრივ ტაძრების აღდგენა-გამშვენებას, ასევე კანონიკის, იკონოგრაფიისა და ქართული ტრადიციული ხუროთმოძღვრებისა და ხატწერის წესების დაცვას.

ამისთვის საქართველოს საპატრიარქოში შექმნილია სპეციალური სამსახური - საეკლესიო ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრი, რომელსაც ხელმძღვანე-ლობს მაღალყოვლადუსამღვდელოესი, ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე).

მუხლი 10

საუკუნეთა მანძილზე ქართველი მეფეები ყოველთვის იმას ცდილობდნენ, რომ გაემრავლებინათ ქრისტიანული ტაძრები, როგორც სამშობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რათა დაუსრულებლად აღვლენილიყო ქება და დიდება უფლისა (ეს ტრადიცია, სხვათაშორის, სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებშიც არსებობდა). ამგვარად, საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ უამრავი ქართული ეკლესია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. სამწუხაროდ, საქართველოს ძლიერების შესუსტების ჟამს ისარგებლეს მტრებმა და ჩვენს ქვეყანას არაერთი ტაძარი წაართვეს. საქართველომ ბევრი დაკარგა რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დროსაც. ზოგიერთი უძველესი ქართული ეკლესია სხვა ქვეყნების შემადგენლობაში იმ მიზეზით აღმოჩნდა, რომ მათ საკუთრივ ქართული მიწები მიითვისეს. დღეს, როცა თანდათანობით აღდგა ისტორიული სამართლიანობა, საქართველოს ტერიტორიის გარეთ მყოფი ტაძრები კვლავაც უცხო სახელმწიფოთა იურისდიქციაში რჩება. ხშირად საუბარია არა საკუთრების, არამედ ქართულ ენაზე მსახურების ჩატარების შესახებ, თუმცა შედეგი, როგორც წესი, ამასაც არ მოსდევს ხოლმე. ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე სახელმწიფომ თავის თავზე აიღო მოლაპარაკებების გამართვა იმ ქვყნებთან, რომელთა ტერიტორიაზეცაა ქართული ეკლესია-მონასტრები. ძირითადად საუბარია იერუსალიმის ჯვრის მონასტერზე, პეტრიწონის მონასტერზე (ბულგარეთი), თურქეთის ტერიტორიაზე განლაგებულ უამრავ ქართულ ტაძარზე (ოშკი, ზარზმა, ხახული, ხანძთა, შატბერდი, იშხანი, ოთხთა ეკლესია) და ა. შ. ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას: უპირველესად ეს ეხება ათონის ივერთა მონასტერს. ათონის მთას აქვს განსაკუთრებული იურიდიული სტატუსი საბერძნეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში და კანონიკურად ექვემდებარება კონსტანტინოპოლის (მსოფლიო) საპატრიარქოს (და არა ელადის ეკლესიას). მის ტერიტორიაზე აღმართული ყველა მონასტერი ეროვნული ნიშნის მიუხედავად ემორჩილება კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსსა და მსოფლიო პატრიარქს, ყოვლადუწმიდეს ბართლომეოსს. ასე რომ, ივერონის მიმართ მოთხოვნაა ის, რომ დაუშვან ქართველი ბერები იქ სამოღვაწეოდ. ცალკე აღნიშვნის ღირსია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე განლაგებული ქართული ტაძრები. ჩვენი და რუსეთის ეკლესიათა შეთანხმებით რუსეთის მიწაზე განლაგებული ქართული ტაძრები მოსკოვის საპატრიარქოს დაექვემდებარა, ხოლო საქართველოს მიწაზე განლაგებული რუსული ტაძრები - ჩვენს საპატრიარქოს. ღვთის მადლით, საინგილოს ქართული ეკლესიები ჩვენს იურისდიქცია-შია. ისინი ექვემდებარებიან ნეკრესისა და ჰერეთის მიტრო-პოლოტს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს სერგის (ჩეკურიშვი-ლი). თურქეთის ქართული ეკლესია-მონასტრებში ქართული წირვა-ლოცვის აღდგენაზე უკვე არის საუბარი. ამის წინაპი-რობაა ისიც, რომ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებთ ახალციხის ეპარქიის სახელწოდებას (ეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე) დაემატა სიტყვები: „ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის“.

მუხლი 11

1. აღნიშნული საკითხის შესახებ ამ შეთანხმების არაერთ მუხლშია საუბარი. მართლაც, საქართველოს ეკლესიამ დიდი ზარალი განიცადა XIX-XX სს. საეკლესიო ქონების გაფლანგვას სხვადასხვანაირად ახორციელებდნენ რუსეთის იმპერია და საბჭოთა რუსეთი. გამომდინარე იქიდან, რომ მართლმადი-დებლობა რუსეთის იმპერიის სახელმწიფო რელიგია იყო, ამ პერიოდში საქართველოს ეკლესიის ქონება ან სახელმწიფოს გადაეცა, ან რუსეთში გაიზიდა. საბჭოთა ღვთისმგმობმა ხელისუფლებამ საქართველოს ისტორიაში მანამდე არნახული ანტისარწმუნოებრივი პოლიტიკა გაატარა. მათი პრინციპი ძირი-თადად “ცრურწმენის” მოშთობა იყო. ამიტომ, საბჭოთა ხელისუფლებას ძალიან ძნელად გადაურჩა ეკლესია-მონასტრები და საეკლესიო საგანძური. გადარჩა ის, რასაც დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. გადარჩენილი საგანძური, რაღა თქმა უნდა, სახელმწიფოს საკუთრებად გამოცხადდა. ამგვარად, რუსეთისა და საბჭოთა იმპერიების მიერ ჩამორთმეული ქონების გარკვეული ნაწილის მესაკუთრე, ღვთის განგებით, დამოუკიდებელი საქართველო გახდა. ამგვარდ, უმადურობად შეიძლება შეერაცხოს ჩვენს ერს, თუ ამ ქონებას სახელმწი-ფო ეკლესიას არ დაუბრუნებს. თავისთავად ცხადია, სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს მხოლოდ იმ ქონებაზე, რაც მას ეკუთვნის. არც ეგების, რომ მოეთხოვოს სახელმწიფოს იმის დაბრუნება, რაც მას ჩვენი ეკლესიისთვის არც კი ჩამოურთმევია.

2. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 7 იანვრის №1 ბრძანებულებით სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ღონისძიებების მომზადების მიზნით შეიქმნა 5 კომისია:

ა) ჯვრისწერის სახელმწიფო აღიარებასთან დაკავშირებუ-ლი სამართლებრივი აქტების მომზადების კომისია;

ბ) კაპელანის ინსტიტუტის შექმნის კომისია;

გ) საღვთო სჯულის სწავლების საკითხთა კომისია;

დ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სამართლებრივი და ქონებრივი ურთიერთობების მოწესრიგების ღონისძიებათა კომისია;

ე) ეკლესიისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ნაწილობრივი კომპენსაციის საკითხების შემსწავლელი კომისია.

აღნიშნულ კომისიებში შედიან როგორც მთავრობის, ისე საპატრიარქოს წარმომადგენლები. ეს, ვფიქრობ, იმის საწინდარი იქნება, რომ მომზადდეს რეალური და, რაც მთავარია, სახელმწიფოსათვის და ეკლესიისათვის ღირსეული და შესაფერისი კანონპროექტები.

მუხლი 12

1. შეთანხმებას თან ახლავს ტერმინთა განმარტებანი, სადაც განსაზღვრულია შეთანხმებაში გამოყენებული ზოგიერთი საეკლესიო ტერმინის მნიშვნელობა ამ შეთანხმებაში. ჩვენ ამ ნაშრომზე მუშაობისას ვსარგებლობით როგორც აღნიშნული ტერმინთა განმარტებებით, ისე, ზოგადად ეკლესიის წიაღში არსებული ტრადიციით ამა თუ იმ ტერმინის მნიშვნელობათა შესახებ. ამიტომ, საჭიროდ ვცანით, რომ ამჯერად ნაშრომში აღარ მოგვეთავსებინა ტერმინთა განმარტებების ტექსტი.

2. ეს შეთანხმება არ არის სახელმწიფოს, როგორც უფლებრივად ზემდგომი ორგანიზაციის ქვემდგომისთვის უფლებების ბოძების დოკუმენტი. იგი წარმოადგენს თანასწორუფლებიანი ორი იურიდიული პირის შეთანხმებას საკუთარი ქვეყნის მოქალაქეთა წინაშე პასუხისმგებლობის გადანაწილების შესახებ. ამგვარად, მასში ცვლილებების შეტანა შესაძლებე-ლია მხოლოდ ორივე მხარის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - საქართველოს პარლამენტისა და წმიდა სინოდის დამტკიცებით. ცვლილებისათვის საჭიროა, აგრეთვე, ორმხრივი ხელმოწერა, ანუ ცვლილების მომხრე უნდა იყოს როგორც სახელმწიფო, ისე ეკლესია. ამით იურიდიულად თავიდან იქნე-ბა აცილებული მთავრობის თვითნებური ქმედება ეკლესიის მიმართ.

3. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმება ქვეყნის უმაღლესი იურიდიული ძალის დოკუმენტია კონსტიტუციის შემდეგ. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ მის დასამტკიცებლად საჭიროა ორივე მხარის უმაღლესი პირის ხელმოწერა. ამგვარად, კონსტიტუციურ შეთანხმებას ხელს აწერენ: მისი აღმატებულება, საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი ედუარდ-გიორგი შევარდნაძე და მისი უწმიდესობა და უნეტარესობა, სრულიად სა-ქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II .

4. როგორც წინა პუნქტების კომენტარშიც აღინიშნა, შეთანხმების დასამტკიცებლად საჭიროა პარლამენტისა და წმიდა სინოდის მიერ მისი დამტკიცება. მართლაც, 2002 წლის 14 ოქტომბერს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ხელმოწერილი კონსტიტუციური შეთანხმება წმიდა სინოდმა დაამტკიცა ამავე წლის 17 ოქტომბერს, ხოლო საქართველოს პარლამენტმა - 22 ოქტომბერს.