დავით ჩიკვაიძე

საეკლესიო სამართალის საკითხები

 

III. საეკლესიო სამართალი და მისი წყაროები

§1. საეკლესიო სამართლის არსი და მისი თავისებურებანი

საეკლესიო სამართალი არის ერთობლიობა იმ ნორმებისა, რომელთა შესრულება სავალდებულოა ეკლესიის წევრებისთვის (მრევლისათვის). თუმცა ეს საკმაოდ უბრალო განმარტებაა. უფრო ვრცლად რომ განვიხილოთ საეკლესიო სამართლის შინაარსი, იგი არის სავალდებულო ნორმები, დოგმები, რომლებიც გადმოსცემენ ობიექტურ ჭეშმარიტებას და გვიჩვენებენ როგორც ამქვეყნიური ჯანსაღი ცხოვრების, ისე ცხონების გზას. საეკლესიო სამართალი არ შეიძლება აღვიქვათ როგორც მხოლოდ სამართალი. ის ფაქტობრივად მთლიანად გადმოსცემს ქრისტიანულ მოძღვრებას და განმსჭვალულია სახარებისეული სულისკვეთებით. აუცილებელია ითქვას, რომ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და წმიდა მოციქულების მიერ წმიდა წერილში ჩაწერილი ქრისტიანისათვის სავალდებულო ქცევის წესებიდან ზოგიერთს პირდაპირ აქვს კანონის ძალა მიცემული და სიტყვასიტყვითაა შეტანი-ლი დიდ სჯულისკანონსა და საეკლესიო კანონმდებლობის სხვა ძეგლებში. ზოგს კი რეალურად ეფუძნება საეკლესიო ნორმა, თუმცა შინაარსი შეიძლება ცოტათი განსხვავდებოდეს კიდეც წმიდა წერილისეული ვარიანტისგან.

წმ. დავით მეფსალმუნე ერთგან ბრძანებს: „უგალობდით ღმერთსა ჩვენსა უგალობდით, უგალობდით მეუფესა ჩვენსა უგალობდით, რამეთუ მეუფე არს ყოვლისა ქვეყანისა ღმერთი, უგალობდით მას მეცნიერებით“ (ფს. 46;6-7). ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საეკლესიო სამართალი მართლაც არის გალობა უფლისადმი მეცნიერებით, რადგან იგი არის ერთ-ერთი შემაკავშირებელი რგოლი სარწმუნოებასა და მეცნიერებას შორის, ღვთისმეტყველებასა და სამართლისმცოდნეობას შორის. საეკლესიო სამართალი, სხვა მეცნიერებებთან ერთად, კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ მეცნიერება სარწმუნოების გარეშე მკვდარია, ხოლო სარწმუნოება მეცნიერებისა და შემეცნების გარეშე მხოლიდ მონობაა ღმრთისა და არა მეგობრობა, რომლისკენაც მოგვიწოდებს ჩვენ თავად უფალი. როდესაც ადამიანი კითხულობს რომელიმე საეკლესიო კანონს, გაოცდება იმ ღრმა ღვთისმეტყველებით რაც მასშია გადმოცემული და იმ მაღალი დონის იურიდიული ტექნიკით, რომელიც მას ახასიათებს. ჯერ კიდევ იმ დროს, როცა ევროპაში მხოლოდდამხოლოდ ობიექტური შერაცხადობის პრინციპი არსებობდა და ხშირად ცხოველებსაც კი სჯიდნენ სიკვდილით, საეკლესიო სამართალი განასხვავებდა დანაშაულის ნებსით და უნებლიეთ ჩადენას, შეცოდებას არასრულწლოვანისა და სულიერად დაავადებულის მიერ და შესაბამისად განსხვავებულ სასჯელებს აწესებდა. საეკლესიო სამართალი ყოველთვის იდგა სათანადო სიმაღლეზე და ხშირად გვევლინებოდა კიდეც საერო სამართლის საფუძვლად. მაგალითად, საქორწინო-საოჯახო ურთიერთობები საუკუნეების მანძილზე მხოლოდ საეკლესიო სამართლის ნორმებით იყო დარეგულირებული (ქრისტიანულ ქვეყნებში) და მისი საერო ანალოგიც და პარალელური სამართალიც კი ფაქტობრივად არ არსებობდა. საეკლესიო სამართლის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ კანონიკურ ნორმებს თითქმის ყველა მართლმადიდებლურ და სხვათაშორის არამართლმადიდებლურ ქვეყნებშიც მომქმედი სამართლის ძალა ჰქონდა. საეკლესიო სამართალს ანუ რჯულს ასწავლიდნენ ქართველ უფლისწულებს, ასწავლიდნენ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. სამართალს საერთოდ საქართველოში „საბჭოი საქმე“ ან „რჯული“ ეწოდებოდა, ხოლო იურისტს „მეცნიერი საბჭოთა საქმეთაი“ ან „მერჯულე“ ერქვა. ცხადია მერჯულე უპირველეს ყოვლისა საეკლესიო ნორმებისა და ქრისტიანული მოძღვრების უბადლო მცოდნე უნდა ყოფილიყო, თავისთავად ცხადია, საერო სამართალთან ერთად.

საეკლესიო სამართალს, თავისი არსიდან და მნიშვნე-ლო-ბიდან გამომდინარე, აქვს გარკვეული თავისებურებანი, რითაც ის განსხვავდება საერო სამართლისაგან:

ა) საეკლესიო ნორმები ითვლება ღვთისგან დადგენილად. იგი არის ობიექტური ჭეშმარიტების განცხადება ადამიანთა მიმართ. თუ საერო სამართალი გამოხატავს არსებული ხელისუფლების ნებას, სა-ეკლესიო სამართალი ღვთის ნების გამომხატველად გვევლინება. ადვილი შესაძლებელია, და ეს ასეც ხდება, რომ შეიცვალოს საერო ხელისუფლების ნება და დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ, და ამგვარად შეიცვლება სა-მართალიც. ისტორია იცნობს მონათმფლობელურ, ფეოდალურ და კაპიტალისტური წყობის სახელმწიფოთა სამართალს. საეკლესიო სამართალი კი არის უცვალებელი, მუდმივი და ჭეშმარიტი. თუ გადავავლებთ თვალს ისტორიას, ადვილად შევამჩნევთ, რომ საეკლესიო სამართალი, თუ შეიძლება ასე ითქვას, იოლად „მოერგო“ სახელმწიფოთა ფორმაციების ცვლას, მოერგო იმიტომ, რომ იგი გამოხატავს, როგორც აღვნიშნეთ, უცვალებელ ჭეშმარიტებას. მას არ ახასიათებს მოქმედება დროში და არ არის კონკრეტული პერიოდისთვის ან კონკრეტული ისტორიული მოვლენისთვის შექმნილი. ქრისტიანული მოძღვრების თანახმად უცვალებელი არის ღმერთი და უცვალებელია მისი სამართალიც.

ბ) კანონთა მკაცრი იერარქია. მართმადიდებელ ეკლესიაში დადგენილია საეკლესიო სამართლის იერარქია:

  1. წმიდა წერილი და წმიდა გარდამოცემა;
  2. წმიდათა და ყოვლად ქებულთა ათორმეტთა მოციქულთა კანონები;
  3. მსოფლიო კრებათა კანონები;
  4. ადგილობრივ კრებათა ზოგადქრისტიანული მნიშვნე-ლობის კანონები;
  5. ეპისტოლარული კანონმდებლობა;
  6. ადგილობრივი კრებების ლოკალური მნიშვნელობის კანონები;
  7. ეკლესიის მეთაურთა განჩინებანი.

ეს იერარქია მკაცრადაა განსაზღვრული. ამასთან, 1-5 საეკლესიო-სამართლებრივი ტრადიციით ითვლება უცვალებლად. დაუშვებელია მისი გადაკეთება, რამეს გამოკლება ან მიმატება. მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი კრების კანონები შეიძლება შეიცვალოს, ცხადია, ეკლესიის მეთაურთა განჩინებებთან ერთად. ყოველი სახის კანონი უნდა შეესაბამებოდეს იერარქიულად ზემდგომ კანონებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ძალა არ ექნება.

გ) საეკლესიო სამართლის სუბიექტები არიან მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები, ხოლო მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებად ითვლებიან სათანადო წესით ნაკურთხი და უფლებამოსილი ღვთისმსახურის მიერ მონათლული ადამიანები, რომლებიც არ არიან განკვეთილი ეკლესიიდან. ამიტომ, თავისთავად ცხადია, რომ საეკლესიო სამართალი არაქრისტიანებზე და არამართლმადიდებლებზე არ გავრცელდება. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მრავალი შეცოდების სასჯელად ეკლესია უზიარებლობას ადგენს, უფრო ნათლად დავინახავთ, თუ რატომ არ ვრცელდება საეკლესიო სამართალი არაქრისტიანებზე. ამ თავისებურებიდან გამომდინარე მუსლიმი ვერ დაისჯება, ვთქვათ, ქრისტიანული ხატის შეურაცხყოფისათვის, რადგან მასზე, იურიდიულად რომ ვთქვათ, კანონიკური სამართლის იურისდიქცია არ ვრცელდება. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ასეთი ქმედება დაუსჯელი უნდა დარჩეს, მაგრამ ამისთვის სახელმწიფოს სათანადო ორგანოებმა უნდა იზრუნონ.

დ) აღსრულების პრობლემიდან გამომდინარე თავისებუ-რება. ადრე, როგორც აღვნიშნეთ, საეკლესიო სამართლის აღსრულებაზე ზედამხედველობას სახელმწიფოც ასრულებდა. ამის მაგალითია თუნდაც სექტანტური ლიტერატურა, რომლის შემოტანაც სასტიკად იკრძალებოდა მართმადიდებლურ სახელმწიფოში, თუმცა შემომტანთათვის, თუკი ისინი მართლმადიდებლურად იყვნენ მონათლულნი, მხოლოდ უზიარებლობას ადგენს ეკლესია. რაც შეეხება ლიტერატურის განადგურებას ამას ე.წ. „ხელარგოსნები“, „მსტოვარნი“ ან „მოხელენი“, ანუ დღევანდელი სიტყვებით რომ ვთქვათ პოლიციისა და უშიშროების წარმომადგენლები ასრულებდნენ და არა მღვდლები. საეკლესიო სამართალი ასეთ შემთხვევაში უფრო შემფასებლად გვევლინება, ვიდრე საეკლესიო ხელისუფლების ოფიციალურ კანონად, ვინაიდან, როგორც წესი, ასეთი საქმის ჩამდენნი საერთოდ არ ეზიარებიან ან სულაც მონათლულნიც კი არ არიან და თავისთავად აქვთ მისჯილი უზიარებლობა. მოციქულთა კანონებში ვკითხულობთ, რომ თუ ღვთისმსახური სამხედრო პირების მოვალეობას შეასრულებს, განიკვეთოს, რამეთუ „კეისრისანი კეისარსა და ღმრთისანი ღმერთსაო“. საუკეთესო კი იქნებოდა, თუ სახელმწიფო და ეკლესია ერთდროულად იზრუნებდნენ ერის სულიერ სიჯანსაღეზე.

კიდევ ერთი მოვლენა, რომელსაც სამწუხაროდ ადგილი აქვს ჩვენს ცხოვრებაში არის აბორტი. აბორტის შესახებ პირდაპირ არის მითითებული ტრულის კრების 91-ე კანონში, რომ „კაცის კვლად შეერაცხოსო“. ჩვენდა საუბედუროდ, აბორტი სისხლის სამართლის კოდექსით ჯერ კიდევ არ ითვლება დანაშაულად. ამას არავითარი ახსნა არ მოეძებნება, არ მოეძებნება თვით უკიდურესი ათეისტური და მატერიალისტური კუთხითაც. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის ზრდის ტემპი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ყოველნაირი ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს ერის გამრავლებას და თუ ხელშეწყობა არა, ხელის შეშლა მაინც უნდა აღიკვეთოს. ამ ყველაფერს თუ დავუმატებთ იმას, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის მე-2 პუნქტით ჩასახული, მაგრამ ჯერაც დაუბადებელი ბავშვი შეიძლება მოგვევლინოს ქონების მემკვიდრედ, მაშინ საერთოდ გაუგებარი ხდება, როგორ შეიძლება სამართლის სუბიექტის მკვლელობის დაშვება?! საეკლესიო სამართალი ასეთ შემთხვევებშიც ხშირად შემფასებლის როლში გამოდის და მხოლოდ აფრთხილებს ეკლესიის დანარჩენ წევრებს, რომ თავი აარიდონ ასეთ მძიმე ცოდვას.

 

§2. ქრისტიანული მოძღვრება სასჯელის შესახებ

უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: „არა მნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და ცხორებაჲ მისი“. სწორედ ეს სახარებისეული ჭეშმარიტება დაედო ქრისტიანულ მოძღვრებას და, ამგვარად, საეკლესიო სამართალს სასჯელის შესახებ. საინტერესო ცნობებს გვაწვდის სასჯელთა ისტორიის შესახებ მცირე სჯულისკანონში შემავალი თხზულების „კანონნი შეცოდებულთანის“ ავტორი იოანე მმარხველი (1). ის აღნიშნავს, რომ პირველი სასჯელი, რომელიც ღმერთმა ადამიანთა მიმართ გამოიყენა, იყო ექსორია, ანუ გაძევება, როცა მან მცნების დარღვევისათვის სამოთხიდან ადამი და ევა გამოაძევა. შემდეგი სასჯელი იყო წარღვნა და სოდომისა და გომორის განადგურება, რომელთა მიზანი უკეთურების მოსპობა და კაცობრიობის განახლება გახლდათ.

მას შემდეგ, რაც ადამის მოდგმამ ცოდვა არ მოიშალა, ღმერთმა კაცობრიობას მოსეს რჯულის სახით ხორციელი ტანჯვა დაუდგინა, „რაჲთამცა შიშითა მით ტანჯჳსაჲთა დასცხრეს უკეთურება კაცთა და ცოდჳსა მიმართ წარმდებობაჲ“. როგორც ცნობილია, ებრაული სამართალი, ანუ მეორე რჯული მოსეს ხუთწიგნეულისა შეცოდებათათვის ფიზიკურ სასჯელს და ზოგ შემთხვევებში სიკვდილით დასჯასაც კი აწესებდა. ასეთი მდგომარეობა იყო ღმრთის სიტყვის გახორციელებამდე.

„ხოლო იესუ ქრისტემან სიკუდილითა თჳსითა აღიხუნა ცოდუანი სოფლისანი და ტანჯუა იგი ცოდუათა ჩუენთათჳს განწესებული აგუაცილა. მისაგებელთა მათთათჳს, რომელნიცა ძუელსა შჯულსა შინა შეცოდებულთათჳს განჩინებულიყო, იესო ქრისტემან ნებსითითა სიკუდილითა მისითა მოგუცა ზიარება და დაგჳდუა კანონად სინანულისა, რაჲთა უკუეთუ ქრისტეანემან რაჲმე ცოდუაჲ, ანუ ბოროტი ჰქმნას, განეყენოს ზიარებისაგან, გინა თუ მცირედთა წელთა, გინა თუ მრავალთა, ანუ თუ სიკუდილადმცა, შემსგავსებულად კაცად-კაცადისა ცოდუათა.“

ამგვარად ქრისტეს ეკლესიამ კაცთა შეცოდებისათვის დააწესა უზიარებლობა სხვადასხვა დროით. იოანე მმარხველი აღნიშნავს, რომ წმიდა ბასილი დიდს შეუმცირებია და შეუმსუბუქებია ის სასჯელები, რაც გათვალისწინებული იყო წმიდათა ათორმეტთა მოციქულთა კანონებში, „რაჲთა არა სიმრავლითა მისთჳს წელთაჲსა ეშინოდის შეცოდებულთა და აღსარებად უდებ იქმნებოდიან.“ ძირითადად სასჯელთა აღმსუბუქება ზიარებისაგან განყენების დროის შემცირებით გამოიხატებოდა. მაგალითად იოანე მმარხველს აღნიშნული აქვს, რომ წმიდა ბასილი დიდს შეუმცირებია და შეუმსუბუქებია ის სასჯელები, რაც გათვალისწინებული იყო წმიდათა ათორმეტთა მოციქულთა კანონებში, „რაჲთა არა სიმრავლისა მისთ ს წელთა სა ეშინოდის შეცოდებულთა და აღსარებად უდებ იქმნებოდიან.“ ძირითადად სასჯელთა აღმსუბუქება ზიარებისაგან განყენების დროის შემცირებით გამოიხატებოდა. მაგალითად იოანე მმარხველს აღნიშნული აქვს: „აწ უკუე შჳდსა მას წელსა სიძჳსთჳის დაწესებულთა სამად წელად მოვიყვანებთ უძლურებისათჳს ამის ნათესავისა, რამეთუ კანონისა დამძიმებითა სასოებასა წარუკუეთენ და მით შეცოდებულთა გარემიქცევენ სინანულისაგან.“

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ იმ პერიოდისათვის, როცა ზემოთმოყვანილი კანონები იყო მიღებული, მორწმუნენი თითქმის ყოველ კვირას ეზიარებოდნენ. ამიტომაც, თავისთავად ცხადია, თუ რაოდენ სამძიმო იქნებოდა მათთვის ზიარებისგან რამოდენიმე წლით განყენება. თუმცა ბასილი დიდს მითითებული აქვს, რომ თუ ზიარებისგან განყენებული ქრისტიანი ღვაწლში შევიდოდა, მისთვის შეიძლებოდა უზიარებლობის სასჯელად დაწესებული დრო შეემცირებინათ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კათოლიკურმა ეკლესიმ სასჯელთა შემსუბუქების მიზნით ქონებრივი გამოსასყიდი დააწესა, რაც შეუსაბამოა ქრისტიანულ მოძღვრებასთან (2). მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რაღა თქმა, უნდა არ მიიღო რომის სამართლის ეს ნაწილი და დააკანონა ზიარებისგან განყენება მარხვისა და მეტანიების ღვაწლთა თანდართვით.

მართლმადიდებლურ-სამართლებრივი მოძღვრებით სასჯელის მიზანი იყო „მონანიება, წუართნა და კურნება ცოდვილისა.“ ამგვარად, ის მოძღვარი, რომელიც ზემოთმოყვანილ სასჯელთაგან რომელიმეს დაუწესებდა სულიერ შვილს, „სულიერ მკურნალად“ უნდა ჩავთვალოთ და არა დამსჯელად, რამეთუ მსგავსადვე იესუ ქრისტჱსა, აჩუ ნებენ წყალობასა და ძმათა მოყუარებასა შეცოდებულთა ზედა.“


1. იხ. მცირე სჯულისკანონი, ე. გიუნაშვილის რედ., თბ., 1972; იხ. აგრეთვე, Заозерскій Н., Хахановъ Ал., Номоканонъ Іоанна Постника въ его редакціяхъ грузинской, греческой и славянской съ предисловіемъ издателей, М., 1902

2. იხ. Schmitz, Die Büssbücher, s. 315