დავით ჩიკვაიძე

საეკლესიო სამართალის საკითხები

 

III. საეკლესიო სამართალი და მისი წყაროები

§6. რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერა̠̠̠̠̠̠

რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელსაც თავმჯდომარეობდა კათოლიკოს-პატრიარქი იოანე IV საფარელი, მოწვეულ იყო 1103 წ. წმ. კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის უშუალო ინიციატივით. წმ. მეფეს მიაჩნდა, რომ ღვთისთვის მოსაწონი არ იქნებოდა საქართველოს მაშინდელ ეკლესიაში და ერში არსებული მდგომარეობა, ვინაიდან გამრავლებული იყო ცოდვა და ნაწილი ღვთისმსახურები, ნაცვლად ერში ქადაგებისა და მათთვის ღირსეული მაგალითის მიცემისა, ყოველგვარ უკუღმართობაში იყვნენ ჩართულნი. ამიტომაც, დავით აღმაშენებელმა, შემოიკრიბა რა ჩვენი ეკლესიის დიდი მღვდელთმთავრები, მტკიცე ხელით შეუდგა წესრიგის დამყარებას საქართველოს ეკლესიაში. სწორედ ამისთვის იქნა მიღებული ეს ძეგლისწერაც.

რუის-ურბნისის საეკლესიო ძეგლისწერა ერთ-ერთი საუკეთესოა სასულიერო ხასიათის ქართული სამართლის წყაროებს შორის. ძეგლისწერას ივანე ჯავახიშვილი 4, ხოლო კორნელი კეკელიძე 3 ნაწილად ჰყოფს. განსხვავება მათ შორის ისაა, რომ დავითის შესხმას და ქართველ მოღვაწეთა მრავალჟამიერსა და მოსახსენებელს ჯავახიშვილი ცალ-ცალკე ნაწილებად განიხილავს, ხოლო კეკელიძე კი მათ ტერმინ „სინოდიკონის“ ქვეშ აერთიანებს. ამგვარად, რუის-ურბნისის ძეგლისწერა შედგება:

ა) შესავლის,
ბ) კანონების,
გ) დავითის შესხმისა და
დ) ქართველ მოღვაწეთა მრავალჟამიერისა და მოსახსენებ-ლისაგან.

ივანე ჯავახიშვილი ვარაუდობდა, რომ წმ. დავით მეფის თანამედროვე დიდი ქართველი საეკლესიო მოღვაწე არსენ იყალთოელი უნდა ყოფილიყო კრების მდივანი და აქედან, შესაძლოა, ტექსტის ავტორიც.

ძეგლისწერის შესავალში მოთხრობილია: ადამიანის გაჩენა, მისი განდევნა სამოთხიდან, ღვთის მიერ მოსეს ხელით ადამიანებისთვის სჯულის მიცემა, ასევე ქრისტეს განხორციელება, მისი წამება, აღდგომა და ამაღლება და საქართველოს გაქრისტიანება. ძეგლის შესავალში აღიარებულია სამეფო ხელისუფლების ღვთიური წარმოშობა. რუის-ურბნისის ძეგლისწერა განარჩევდა სამართალს, როგორც ბუნებითს, ე.ი. ღვთიურს, ისე დაწერილს, ანუ კანონს. უპირატესობას, რასაკვირველია, ღვთისგან ბოძებულ სამართალს ანიჭებდა, თანაც თვლიდა, რომ დაწერილი სჯული საღვთო სჯულის შესაბამისი უნდა ყოფილიყო.

შესავალს მოსდევს საკუთრივ დადგენილებანი, ანუ საეკლესიო კრების გადაწყვეტილებები. ივ. ჯავახიშვილს და კ.კეკელიძეს გააჩნდათ მოსაზრება, რომ ძეგლი 15 მუხლად იყოფა, ხოლო ი.დოლიძე მას 16 მუხლად ჰყოფდა. რაც შეეხება მუხლების შინაარსს, მათ ჩვენ დაწვრილებით ქვემოთ განვიხილავთ.

დადგენილებების შემდეგ მოცემულია შესხმა „კეთილად მსახურისა და ღȠივდაცულისა მეფისა ჩუ ნისა დავითისი�. შესხმა საკმაოდ დიდია და მასში წმ. დავით IV განდიდებულია შედარებებით. არსენ იყალთოელი აღნიშნავს, რომ მეფე დავითი არის: „საჩინო, ვითარცა მზე ვარსკვლავთა შორის... ღვთის სახე, ვითარცა სიყვარული სათნოებათა შორის... ბრძენ, ვითარცა სოლომონ მეფეთა შორის... მშვიდ, ვითარცა დავით ცხებულთა შორის.“ შესხმა საკმაოდ ვრცელია. მას მოსდევს მრავალჟამიერი ცოცხალთა და მოსახსენებელი გარდაცვალებულთა. როგორც აღვნიშნეთ, კორნელი კეკელიძე დავითის შესხმას და მოსახსენებელს ძეგლისწერის ერთ ნაწილად თვლიდა და მას „სინოდიკონს“ უწოდებდა. სინოდიკონი, კეკელიძისვე განმარტებით, იყო ბიზანტიაში 843წ. ხატმებრძოლებზე მართლმადიდებელი ეკლესიის გამარჯვების ნიშნად შემოღებული განსაკუთრებული საეკლესიო მსახურება, რომლის დროსაც ქებას უძღვნიდნენ ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის მებრძოლთ.

ახლა განვიხილოთ რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მიერ მიღებული დადგენილებები:

პირველი მუხლით განიკვეთნენ უღირსი მღვდელმთავრები. აქვეა განმარტებული, რომ უღირსი არს ის ღვთისმსახური, რომელსაც ხორცი სულისთვის არ დაუთრგუნავს და არ არის შესაბამისი ასაკის მქონე.

მეორე მუხლმა მოაწესრიგა ღვთისმსახურისთვის საჭირო ასაკი. კერძოდ: წიგნის მკითხველისთვის - 8 წელი, დიაკვნისთვის - 25, მღვდლისთვის - 30 და მღვდელმთავრისთვის - 35. ამ მუხლშივეა მითითებული, რომ ხელდასხმა უნდა ხდებოდეს თანმიმდევრობით, უმცირესიდან უპირატეს ხარისხზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში 1995 წლის 19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული ადგილობრივი კრების მიერ მიღებული „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დე-ბულების“ VII თავის §4 1-ლი პუნქტი ადასტურებს რუის-ურბნისის ძეგლისწერის მოთხოვნას, კერძოდ კი მღვდელ-მთავრისთვის საჭირო ასაკს - 35 წელს.

მესამე მუხლში მითითებულია, რომ ხელდასხმა და ეკლესიის კურთხევა უნდა ჩატარდეს გიორგი მთაწმინდლის განწესების მიხედვით.

მეოთხე მუხლი კრძალავს ხელდასხმას ქრთამით, საფასით, ან ძღვენით, ანუ ე.წ. სიმონიას. როგორც ცნობილია, სიმონი იყო ის მოგვი, რომელმაც ქრისტეს წმიდა მოციქულებს სთხოვა მიეყიდათ მისთვის ღვთივმომადლებული კურნების და სასწაულის მოხდენის უნარი.

მეხუთე მუხლში მითითებულია, რომ ეკლესიის ქონება და ჭურჭელი, ნაყიდი იქნება ეს თუ შემოწირული, უნდა იქნეს მოხმარებული მხოლოდ საჭიროების მიხედვით და ძეგლისწერით მისი გასხვისება, თვით ტყვეთა გამოსყიდვის მიზნითაც კი სასტიკად აიკრძალა.

მეექვსე მუხლით დადგინდა, რომ ქორწინება, მონათვლა და მონაზვნად განწესება უნდა მოხდეს მხოლოდ ეკლესიის მიერ განსაზღვრული წესით. აქვეა აღნიშნული, რომ ქორწინება უნდა შესრულდეს ეკლესიაში და შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ, ე.ი. ადამიანს ორჯერ ჰქონდა ქორწინების უფლება.

მეშვიდე მუხლმა დაადგინა მექორწილეთა ასაკი, კერძოდ 12 წელი. აიკრძალა მცირეწლოვანთა ჯვრისწერა.

მერვე მუხლში მითითებულია, რომ მღვდელმთავრებად უნდა შეირჩენ ეკლესიის ის მსახურნი, რომელნიც გათვითცნობიერებულნი არიან საქრისტიანო წესებში, ანუ როგორც „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დებულებაშია“ მითითებული უნდა ჰქონდეს შესაფერისი საღვთისმეტყველო განათლება.

მეცხრე მუხლი აწესრიგებს მოძღვართა რიცხვს მონასტერში. აღნიშნულია, რომ დიდ მონასტრებს უნდა ჰყავდეთ 2 მოძღვარი, ხოლო პატარებს - მხოლოდ ერთი. აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოში არსებობდა მოძღვართა უფროსის, ანუ მოძღვართმოძღვრის თანამდებობა, რომელიც, ისიდორე დოლიძის მოსაზრებით, გელათის აკადემიის რექტორი იყო და ფრიად საპატიო სახელოდ ითვლებოდა.

მეათე მუხლი კრძალავს მონასტერში ერისკაცთა მიერ ვაჭრობას, ასევე მონასტრის ტერიტორიაზე არასაეკლესიო მიზნით შეკრებას, ვინაიდან მონასტერი არის ღვთის ტაძარი სამლოცველო სახლი და ბერულ წმიდა ცხოვრებას უწესობა, არ შეშვენის.

მეთერთმეტე მუხლში განმარტებულია, თუ ვის მიერ, როგორ და სად უნდა სრულდებოდეს პარაკლისი, პანაშვიდი და საღვთო ლიტურგია, ჟამისწირვა.

მეთორმეტე მუხლით აღიარებულია სომხური ეკლესიის მწვალებლობა. ამიტომ, აღნიშნულ მუხლში მითითებულია, რომ თუ სომეხი მოექცევა ჭეშმარიტ სჯულზე ის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა მიიღოს, როგორც წარმართი.

მეცამეტე მუხლმა აკრძალა მართლმადიდებელისა და წარმართის ჯვრისწერა.

მეთოთხმეტე მუხლით დაუშვებლად გამოცხადდა წარმომადგენლობითი ქორწინება, ანუ როგორც ძეგლისწერაშია მითითებული „კურთხევა გ რგ ნისა კიდის-კიდე“. ასეთი ქორწინების დროს მომავალი მეუღლეები სხვადასხვა ეკლესიებში იწერდნენ ჯვარს ერთსადაიმავე დროს. ხოლო ადგილზე მათ ნაცვლად წარმომადგენლები იყვნენ. მუხლში მითითებულია, რომ ჯვრისწერა არის ერთ-ერთი წმიდა საიდუმლო და არა რაღაც ხელშეკრულება, რომელიც შეიძლება წარმომადგენლების მეშვეობითაც გაფორმდეს.

მეთხუთმეტე მუხლი ეხება სხვადასხვა ცოდვებს და მოცემულია მათი განმარტება. კერძოდ, მუხლში ნახსენებია კაციკვლა, მრუშობა, ცრუ ფიცი, შური, მტრობა, კერპთმსახურება. განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი მამათმავლობას, ანუ სოდომურ ცოდვას, როგორც უმძიმეს დანაშაულს, რომელიც „წინაუკუმო ბუნებისა შესცვალებს ბუნებითსა ძალსა თ სსა“. რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მონაწილენი მიუთითებენ აღნიშნული ცოდვის მომაკვდინებელ ხასიათზე, რომელმაც შეიძლება ქვეყანა დაღუპოს.

დასასრულს უნდა ითქვას, რომ რუის-ურბნისის საეკლესიო კრების დადგენილებანი ჩაურთეს სჯულისკანონში. მანამდე კი დადგენილებანი გაკრული იყო სვეტიცხოვლისა და რუისის ეკლესიის სვეტებზე, რათა მრევლი გასცნობოდა მათ. სხვათაშორის, აქედან მომდინარეობს მათი სახელწოდება - ძეგლისწერა.

 

§7. კათალიკოსთა სამართალი

„კათალიკოსთა სამართალი“ შედგენილია 1543-1549 წლებში და შედგება 21 მუხლისაგან. როგორც ცნობილია, ეს პერიოდი მეტად მძიმე იყო საქართველოსთვის. ოსმალეთმა დაიპყრო რა სამცხე-საათაბაგო XVI ს. დასაწყისში, შეუდგა საქართველოს სხვა მხარეების, განსაკუთრებით კი დას. საქართველოს დალაშქვრას. 1510 წელს ოსმალეთი ქუთაისშიც შეიჭრა, მტერი ჩრდილოეთდანაც უახლოვდებოდა ქვეყანას. ყველაფერმა ამან შეაფერხა საქართველოს განვითარება, სახელმწიფო პოლიტიკურად დაიშალა. ასეთ ვითარებაში გახშირდა მეკობრეობა, მკვლელობა. განსაკუთრებით საშიში გახდა ტყვეების საზღვარგარეთ გაყიდვა. ოსმალეთი საქართველოდან ტყვეებით ვაჭრობას ყოველმხრივ უწყობდა ხელს. ქართველი გლეხების საზღვარგარეთ გაყიდვა ქართული ფეოდალური საზოგადოების ფიზიკური არსებობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა.

ასეთ ვითარებაში აფხაზეთის საკათალიკოსოში მოიწვიეს საეკლესიო კრება, რომელმაც საერო და საეკლესიო სამართლის საკითხების შესახებ შეიმუშავა „კათალიკოსთა სამართალი“.

„კათალიკოსთა სამართალი“, გამომდინარე თვით დანაშაულის საშიშროებიდან, იწყება ტყვეების გაყიდვის ცოდვის განმარტებით და სანქციით „რამანც კაცმან კაცი დაყიდოს, ანუ დიდმან, ანუ მცირემან, ანუ თავადმან, ანუ აზნაურმან,და ან გლეხმან, წმიდათა კრებულთაგან შეჩუენებულ იყოს და გან დილი“. აქ ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ძეგლი არ განარჩევს დამნაშავის გვაროვნულ წარმოშობას - ტყვის გამყიდველი ყველა შემთხვევაში უნდა შეაჩვენონ. აქვეა დამატებული, რომ თუ დამნაშავე მოახერხებს მის მიერ გაყიდულის გამოსყიდვას, ჯარიმა უნდა გადაუხადოს გაყიდულის ბატონს და იმ ეპისკოპოსს, რომლის ეპარქიაშიც ცხოვრობდა აღნიშნული პირი. ხოლო თუ ვერ დააბრუნებდა ტყვეს დამნაშავე, მაშინ ის უნდა ჩამოეხრჩოთ.

მეორე მუხლით ასევე უნდა ჩამოახრჩონ ეკლესიისა და ხატის მძარცველი, როგორც დამნაშავე მკრეხელურ საქმეში: „ვინცა ეკკლესია განტეხოს და ხატი განძარცოს უკანონოდ, ძელს მიეცეს.“ აქ ყურადსაღებია სიტყვა „განტეხოს“, რადგანაც გატეხვა ეკლესიისა აქ დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებადაა მიჩნეული.

მესამე მუხლში განხილულია მხოლოდ მოპარვის ან უკანონოდ რისმე გატანის შემთხვევა, ვინაიდან იგი გატეხვასთან შედარებით უფრო მსუბუქად ისჯება. აღნიშნულის ჩამდენს „კათალიკოსთა სამართლით“ უნდა მიესაჯოს საქონლის ანაზღაურება და დახეიბრება, ე.ი. სხეულის რომელიმე ნაწილის მოკვეთა.

მეოთხე მუხლით ძმისა და მამის მკვლელს უნდა მიესაჯოს ხელის მოკვეთა და გაძევება. ხელის მოკვეთა დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ მკვლელობა ხელით სრულდება.

მეხუთე მუხლის მიხედვით ვინც „უბრალოდ“, ე. ი. დანაშაულის გარეშე მოკლავს ვისმე, ან მგზავრს ან მცველს - დაისჯება, მაგრამ სასჯელის სახე დასახელებული არ არის. აქვე უნდა ითქვას, რომ ქართული სამართალი, საზოგადოდ, ქურდობას განარჩევდა ჩადენის ადგილის მიხედვით: ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, ურდოში და სხვ. ქურდობისათვის სასჯელის სხვადასხვა სახე იყო დაწესებული: ორმაგი, სამმაგი, ოთხმაგი, ხუთმაგი და შვიდმაგი გადასახადი.

მეშვიდე მუხლით თუ ეპისკოპოსი 20 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში თავის ეკლესიაში არ იმყოფება, ისე რომ მეფეს ან კათალიკოსს არ გაუგზავნია ან არ არის თავისი სამწყსოს მოსანახულებლად, ან არ ყოფილა ავად, ანდა სისტემატურად ქორეპისკოპოსს არ აგზავნის თავის სამწყსოში სხვადასხვა საკითხის მოსაგვარებლად, არ იცავს ეკლესიას, მის ქონებას, დიდი სჯულისკანონის წინააღმდეგ ნებას რთავს „უხვედრო“, ე.ი. ნათესავთა შორის ქორწინებაზე, ასეთი ეპისკოპოსი უნდა დაიწყევლოს და ექსორია ქმნილ იყოს თავისი საყდრიდან.

მერვე მუხლი ავალდებულებს ეპისკოპოსს, რომ სამღვდელო და სადიაკვნო კანდიდატებს ხელი არ დაასხას გამოცდის, ე.ი. შემოწმების გარეშე.

მეცხრე მუხლი უკრძალავს ეპისკოპოსს ჩაერიოს სხვა ეპისკოპოსის საქმიანობაში. ამ მუხლის დარღვევისთვის სანქციად შეჩვენებაა გათვალისწინებული.

მეათე მუხლით უნდა ჩამოშორდეს სამღვდელო პატივიდან ისეთი მღვდელმსახური, რომელიც ზიარებას ვისმე ერისკაცის ხელით გაუგზავნის, ხოლო მეთერთმეტე მუხლით თუ ეპისკოპოსმა ასეთი მღვდელი არ დასაჯა, მაშინ იგი უნდა დაიწყევლოს.

მეთორმეტე მუხლის მიხედვით ქორეპისკოპოსი ვალდებულია დადიოდეს საეპისკოპოსოში და ამოწმებდეს სარწმუნოებრივი წესების შესრულებას: მარხვის დაცვას, უქმეების შენახვას და სხვა.

მეცამეტე მუხლით ყველას ეკრძალება ეპისკოპოსის და ქორეპისკოპოსის წინაღდგომა და ხელის შეშლა. მეთოთხმეტე მუხლი აღნიშნული მუხლის დამრღვევს მეფის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად განიხილავს.

მეთხუთმეტე მუხლი მიუთითებს, რომ თუ ეპისკოპოსი სარწმუნოებრივ საკითხებში წინაღუდგება კათალიკოსს და არ შეისმენს მის შეგონებას, ეს საქმე კარგად უნდა გამოიძიონ და თუ ეპისკოპოსის დანაშაული კათალიკოსის მიმართ დამტკიცდება, ასეთი ეპისკოპოსი მეფის მიერ ექსორია-ქმნილ უნდა იყოს.

მეთექვსმეტე მუხლის მიხედვით მეფის მოღალატე სიკვდილით უნდა დაისაჯოს.

მეჩვიდმეტე მუხლით კათალიკოსის და ეპისკოპოსის მაგინებელი უნდა დასჯილიყო „დიდი სჯულისკანონის“ მიხედვით, კერძოდ კი წმიდათა მოციქულთა 55-ე კანონის მიხედვით, სადაც ვკითხულობთ: „უკუეთუ ვინმე მოყუასმან აგინოს ეპისკოპოზსა, - განიკუეთენ, რამეთუ თქმულ არს: „მთავართა ერისა შენისასა არა ჰრქუა ძ რი.“

მეთვრამეტე მუხლმა სასტიკად აუკრძალა მღვდელმთავრებს უღირსი პირების მღვდლად ან დიაკვნად კურთხევა ქრთამის საფუძველზე. ძეგლში, კერძოდ კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, მე-8 მუხლში მითითებულია, რომ მღვდელმთავარმა ხელდასხმამდე უნდა გამოცადოს სამღვდელო და სადიაკვნო კანდიდატები. „კათალიკოსთა სამართალი“ წყევლას უგზავნის როგორც მაკურთხველს, ისე ხელდასხმულს.

მეცხრამეტე მუხლი ყველას მოუწოდებდა, რომ მკაცრად დაეცვათ ძეგლში მოცემული წესები და ყურადღება მიექციათ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისათვის, განსაკუთრებით კი ტყვის სყიდვისა და ეკლესიის გაძარცვისათვის. ძეგლი შეჩვენებას უთვლის იმას, „ვინაცა მართალი მრუდად გამოიკულიოს და მრუდი განამართლოს“.

მეოცე მუხლში საუბარია ეკლესიისთვის და მონასტრისათვის ქონების წართმევის შესახებ, კერძოდ კი მამულის, სოფლის, ვენახის, მიწის და აგარაკის. მნიშვნელოვანია აღნიშნული ცნებების განმარტება: მამული ფართო გაგების სიტყვაა. მამულში შეიძლება ვენახიც შედიოდეს, აგარაკიც და სოფელიც კი. მიწა კი აღნიშნულ შემთხვევაში ადგილს ნიშნავს.

ოცდამეერთე მუხლში მითითებულია სახლიც აღნიშნულ ტერმინებთან ერთად. „კათალიკოსთა სამართალი“ სახლში ოჯახობას გულისხმობს. ამ მუხლშივეა ლოცვა-კურთხევა „კათალიკოსთა სამართლის“ დამცველთა და შეჩვენება მის დამარღვეველთა. ამით მთავრდება მუხლები და მას მოსდევს ხელრთვა, ანუ ხელმოწერები.

იმისდა მიუხედვად, რომ ქართლის კათალიკოსი მალაქია აქტიურად მონაწილეობდა ძეგლის შედგენაში, იგი „კათალიკოსთა სამართალს“ ხელს არ აწერს. თავში წერია აფხაზეთის კათალიკოსი ევდემონი. მას მოსდევენ კრების მონაწილენი: ქუთათელი, გაენთელი, ჭყონდიდელი, ბედიელი, მოქველი, დრანდელი, ცაგერელი, ხონელი, ნიკორწმიდელი და ჩიშელი მღვდელმთავრები. ამის შემდეგ ჩამატებულია ერთი მუხლი, რომ ცოლის „უბრალოდ დამგდები“ შეჩვენებული იყოს და „სიკუდილითა განიპატიჟოსო“. ცოლის გაშვებისათვის სიკვდილით დასჯა უცნობია ქართული სამართლისათვის. ეს მუხლი, ქართველ მეცნიერთა ვარაუდით, დამატებული უნდა იყოს. თუმცა, ისიც გაურკვეველია, თუ რისთვის დაუმატეს იგი.

ამგვარია მოკლედ „კათალიკოსთა სამართალი“, რომლის საშუალებითაც ქართულმა ეკლესიამ, ისევე, როგორც მრავალჯერ სხვა დროს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თავის თავზე აიღო ტყვეთა სყიდვის საშინელი ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლა და მტკიცე ხელით შეუდგა წესიერების დამყარებას იმერეთის სამეფოში.