დავით ჩიკვაიძე

საეკლესიო სამართალის საკითხები

 

IV. შეცოდებანი დიდი სჯულისკანონის მიხედვით

§1. შეცოდებანი და მათი კლასიფიკაციის პრობლემები

ნორმათა კლასიფიკაციას სამართალში განსაკუთ-რებული მნიშვნელობა ენიჭება. ასევე ყურადსაღებია დანაშაულთა, ჩვენს შემთხვევაში შეცოდებათა კლასიფიკაცია, ვინაიდან ამ გზით შეიძლება გავერკვეთ დანაშაულის არსში, მისი ჩადენის მიზეზებში, ხასიათში, სახეებში და ა. შ. არსებობს დანაშაულთა კლასიფიკაციის სხვადასხვა სახე. ჩვენს თემაში შეცო-დებათა კლასიფიკაციისას გამოვიყენებთ ტრადიციულ საეკლესიო წესს ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც ზემოთაც აღინიშნა შეცოდებანი განსხვავდებიან თავიანთი ხასიათით დანაშაულთაგან. განსხვავებულია შედგენილობით, აგრეთვე, საკუთრივ საეკლესიო სამართლის წყარო - დიდი სჯულისკანონი. როგორც აღვნიშნეთ, იგი თარიღების მიხედვითაა დალაგებული. ამიტომ ჩვენი თემის მიზანი არაა კლასიფიკაციის ახლებური ვარიანტის წარმოდგენა. ამჯერად ჩვენ განვმარტავთ თითოეულ შეცოდებას და მოვახდენთ მათ კლასიფიკაციას ეკლესიის ტრადიციის გათვალისწინებით.

უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას ის, რომ შეცოდებათა დაჯგუფება მოხდება სხვადასხვა ნიშნის მიხედვით. თუმცა, გამომდინარე თავისი შინაარსიდან საკუთრივ შეცოდებათა განხილვა მოხდება მათ ობიექტთა მიხედვით კლასიფიკაცი-ისას, ანუ იქ, სადაც ვაჩვენებთ, თუ ვის ან რის წინააღმდეგაა ქმნილი ესა თუ ის შეცოდება. დანაშაულთა კლასიფიკაცია შეიძლება მოხდეს სხვდასხვა საფუძვლის მიხედვით.

იმის მიხედვით, თუ ვინ ჩადის შეცოდებას, შესაძლოა მოვახდინოთ კლასიფიკაცია სუბიექტთა მიხედვით. აქ გამოიყოფა შეცოდებათა ორი ჯგუფი: შეცოდებანი, ქმნილნი სამღდელოთა და ერისკაცთა მიერ. ბუნებრივია, ერისკაცად ითვლება ეკლესიის მრევლი ხელდასხმამდე, სქესის განურჩევლად. რაც შეეხება სამღდელო ხარისხს, აქ გამოიყოფა ორი ჯგუფი: ე. წ. თეთრი სამღვდელოება და შავი სამღვდელოება. საერთოდ, მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს სამი სამღვდელო ხარისხი: დიაკონი, მღვდელი (ხუცესი) და ეპისკოპოსი. დიაკონი და მღვდელი შეიძლება იყოს როგორც თეთრი, ისე შავი სამღვდელოების წარმომადგენელი. რაც შეეხება ეპისკოპოსს, იგი ყოველთვის შავ სამღვდელოებას ეკუთვნის, ე. ი. ბერია. ბერობის მსურველ მრველის წევრს ჯერ აღკვეცავენ ბერად, ხოლო შემდგომ ანიჭებენ მას ხარისხებს. შეიძლება ბერად აღიკვეცოს ხარისხის მქონე პირიც. ამის მიხედვით განარჩევენ თეთრ და შავ სამღვდელოებას (შავ სამღვდელოებას ბერები ეკუთვნიან). შესაბამისად, ხარისხებიც მცირედით განსხვავებული სახელწოდებით ენიჭებათ ბერებს: იეროდიაკონი, ანუ ბერდიაკონი, და მღვდელმონაზონი. რაც შეეხება ბერს (მონაზონს), რომელსაც სამღვდელო ხარისხი არ აქვს, ერისკაცის თანასწორად განიხილება (იხ. ნიკეის II მსოფლიო საეკლესიო კრების ე (5) კანონი). ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ შეცოდებათა კლასიფიკაციაზე სუბიექტთა მიხედვით, აუცილებელია გავითვალისწინოთ შემდეგი გარემოება: არსებობენ შეცოდებანი, რომლებიც შეიძლება ქმნან როგორც სასულიერო, ისე საერო პირებმა. თუმცა დიდ სჯულისკანონში გამოიყოფა მთელი რიგი შეცოდებანი, რომელთა ქმნაც მხოლოდ სამღვდელო, ან მხოლოდ ერისკაცთა მიერაა შესაძლებელი. ასევე არსებობს ისეთი შეცოდებებიც, რომლებიც შეიძლება მხოლოდ განსაზღვრული სამღდელო ხარისხის მქონე პირმა ქმნას. ვთქვათ, მარტო დიაკონმა, ეპისკოპოსმა, ან მხოლოდ დიაკონმა და მღვდელმა და ა. შ.

ძალიან საინტერესოა შეცოდებათა კლასიფიკაცია ბრალის, ანუ პირის სულიერი მდგომარეობის მიხედვით მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან, ვინაიდან საეკლესიო სამართალი შეცოდებათა მიმართ ადგენს სუბიექტური შერაცხვის პრინციპს. მისთვის არაა სულერთი, თუ რა სულიერ მდგომარეობაში შესცოდა ადამიანმა, ან ჰქონდა თუ არა შემცოდეს სურვილი იმისა, რომ დამდგარიყო ის შედეგი, რაც მოჰყვა მის მიერ ჩადენილ ქმედებას. საეკლესიო ტრადიციისამებრ, შეცოდებანი ამ მხრივ იყოფა ორ ჯგუფად: ნებსით და უნებლიეთ შეცოდებად. ნებსით და უნებლიე შეცოდებათა განრჩევა მკვლელობის მაგალითზე წმიდა ბასილი დიდის მიხედვით, ჩვენ განხილული გვაქვს შემდეგ თავში.

ასევე საყურადღებოა შეცოდებათა კლასიფიკაცია სიმძიმის მიხედვით, ანუ იმის მიხედვით, თუ რამდენად სახიფათო ქმედებას ჩადის ადამიანი თავისი თავის, ან საზოგადოების მიმართ. თავისთავად ცხადია, რომ სასჯელიც მათ შესაბამისი აქვთ განსაზღვრული. გამომდინარე იქიდან, რომ კანონებს არა აქვს მითითება, თუ რა პერიოდით ხდება ღვთისმსახურის განკვეთა ან ერისკაცის ზიარებიდან განყენება, რთულდება იმის დადგენა, რა სიმძიმისაა ესა თუ ის შეცოდება. ტრადიციულად, ეკლესიაში მიღებულია შეცოდებათა შემდეგი კლასიფიკაცია: სასიკვდინე, ანუ მომაკვდინებელი, დიდი და მცირე შეცოდება. ნიკეის II მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მიიღეს სპეციალური კანონი (ე), რომელმაც განსაზღვრა სასიკვდინე შეცოდება: „სასიკვდინე ცოდვა არს, რაჟამს ცოდვის მოქმედნი ვინმე ეგნენ განუმართლებლად, ხოლო ამისსაცა უძჳრეს არს, უკუეთუ თავ ედობით აღდგენ კეთილად მსახურებასა ზედა და ჭეშმარიტებასა და ღმრთისა დამორჩილებისასა უფროჲს პატივ-სცემდენ მამონას და კანონებრივთა განწესებათა მისთა არა შეუდგენ.“ ამავე კანონშია ჩამოთვლილი ის შეცოდებანი, რომლებიც წარმოადგენენ სასიკვდინე შეცოდებებს. თუმცა მათ ძირითადი ის აქვთ, რომ გულისხმობენ ამა თუ იმ პატივის „საჴმარით“, „სასყიდლით“ ან „ქრთამით“ მინიჭებას.

ჩვენ აქ ვერ გამოვყოფთ იმ შეცოდებებს, რომლებიც თავისი სიმძიმით დიდ ან მცირე შეცოდებად განიხილება, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საეკლესიო კანონი არ მიუთითებს შეცოდების სიმძიმეს. რაც შეეხება სასიკვდინე შეცოდებებს, მათი არასრული სია ასეთია:

ა) სამღვდელო ხარისხის პატივით შეძენა (მოც. კთ (29) კანონი)
ბ) სამღვდელო პატივის ნათესაობით მინიჭება (მოც. ოვ (76) კანონი)
გ) მადლით ვაჭრობა (ქალკ. ბ (2) კანონი)
დ) ქრთამით ელდასხმა (ტრ. კბ (22) კანონი)
ე) სა მარით დადგინება (ნიკ. II ე (5) კანონი)
ვ) მადლის სასყიდლით ყიდვა (ნიკ. II ით (19) კანონი)

ჩვენი მოსაზრებით, დიდ შეცოდებად უნდა ჩაითვალოს ისეთი შეცოდება, როგორიცაა, მაგალითად, ღვთის გმობა (მოც. ბ (62), ბას. ოგ (73) კანონები), ტაძრის შურაცხყოფა (ტრ. ჟზ (97) კანონი), ჯვრის დათრგუნვა (ტრ. ოგ (73) კანონი), ნებსით მკვლელობა (ანკ. კბ (22), ბას. ნვ (56) კანონები), სოდომური ცოდვა (ანკ. ივ (16), ბას. ზ (7) კანონები) და სხვა. რაც შეეხება მცირეს, ასეთი შეიძლება იყოს შაბათ-კვირას მარხვა (ტრ. ნე (55) კანონი), ტაძარში იკონომოსის დაუდგინება (ქალკ. კვ (26) კანონი) და სხვა.

განარჩევენ შეცოდებებს აღსრულების მიხედვით. შეცოდე-ბათა ამგვარი კლასიფიკაცია გულისხმობს მათ დაჯგუფებას იმის მიხედვით, თუ როგორ დამოკიდებულებაში იყო ადამიანი მის მიერ ჩადენილ შეცოდებასთან - პირდაპირში, თუ ირიბში. აქ გამოიყოფა ორი ჯგუფი: უშუალოდ და შუალობით ჩადენილი შეცოდებანი. განვმარტოთ მათი შინაარსი: შეცოდებათა უმრავლესი ნაწილი სწორედ უშუალოდაა ჩადენილი. ეს იმას ნიშნავს, რომ შეცოდებას მორწმუნე ჩადის, ცხადია, უშუალოდ თვითონ, საკუთარი ნების საფუძველზე. იგი თვითონვე ქმნის საფუძველს შეცოდების ჩასადენად და ყოველივეს თვითონვე აღასრულებს. რაც შეეხება შუალობით შეცოდებას, ასეთად, ძირითადად, იწოდება შეცოდება, როცა იგი გულისხმობს სხვის შეცოდებაში შეყვანას თავისი ბრალეული ქმედებით, თუმცა შეცოდების უშუალო ჩამდენად იგი მაინც არ გვევლინება. როგორც წესი, შუალობით შეცოდებები ღვთისმსახურთათვისაა განსაზღვრული. შუალობითი შეცოდებები მოცემულია: ქალკედონის ბ (2), კ (20), ტრულის ა (1), იზ (17), კბ (22), ნიკეის II კრების ე (5) და სხვა კანონებში.

საეკლესიო მოძღვრების თანახმად ყოველი შეცოდება იბადება მისი გაფიქრებით. ამიტომ კანონიკური სამართალი შეცოდებად მიიჩნევს მის მხოლოდ გაფიქრებასაც კი. ამ მხრივ განასხვავებენ შეცოდებებს ფორმის მიხედვით: გულისხმისყოფით, სიტყვით და საქმით. ეს უკანასკნელი კი იყოფა უდებებით და ქმნით შეცოდებებად. შესაძლოა, რომ რომელიმე შეცოდებას ჩამოთვლილთაგან ყველა ფორმა ჰქონდეს, ან არც ჰქონდეს, გამომდინარე თავად შეცოდების შინაარსიდან. ვთქვათ, ადამიანმა გადაწყვიტა ვინმეს მოკვლა. იგი ჯერ კარგად მოიფიქრებს, თუ როგორ და რანაირად გააკეთოს ეს. ის, ალბათ, იარაღსაც იშოვის ან დაამზადებს ამ საქმისთვის. შემდგომ შესაძლოა ვინმეს გაუზიაროს კიდევაც თავისი ჩანაფიქრი, რომ უკეთ აღასრულოს თავისი ბნელი ზრახვები. თუ ის, ვისაც თავისი აზრები გაანდო, თვითონაც არ აღმოჩნდა მაღალი სულიერი მოწოდების მქონე პიროვნება, არ დაუშლის ამის გაკეთებას. პირიქით, შეიძლება დაეხმაროს კიდეც. ამის შემდეგ კი ისინი მოძებნიან მარჯვე შემთხვევას, „რაჲთა მოკლან იგი“ (გაიხსენეთ კაენის მიერ აბელის მოკვლა). თუკი მკვლელობა მართლაც მოხდა, სახეზე გვექნება შეცოდების სამი ფორმა: ა) გულისხმისყოფით (ანუ აზრით, როცა მან დაბეჯითებით გადაწყვიტა მკვლელობა); ბ) სიტყვით (როცა მან სხვას გაუზიარა ჩანაფიქრი და მათ ერთად გადაწყვიტეს შეცოდების ჩადენა); გ) საქმით (როცა აღასრულეს ჩანაფიქრი). რაც შეეხება საქმით შეცოდებას, მასში ორი სახე გამოიყოფა: ქმნით (ე. ი. აქტიური მოქმედებით) და უდებებით (ე. ი. პასიური მოქმედებით, ანუ უმოქმედობით). მოვიყვანოთ მაგალითები:

ა) გულისხმისყოფით, ანუ გონებით შეცოდება ნიშნავს ამა თუ იმ შეცოდების ჩადენის მოფიქრებასა და გადაწყვეტას. ამიტომ გონებით შეცოდებას საეკლესიო სამართალი აღიქვამს საქმით შეცოდების აღმამსუბუქებელ, ანუ შემამსუბუქებელ გარემოებად. წმ. სახარებაში უფალი ბრძანებს: „ხოლო გამომავალი პირით გულისაგან გამოვალს და იგი შეაგინებს კაცსა. რამეთუ გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი, კაცის-კლვანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილის-წამებანი, გმობანი“ (მათე, 15, 18-19) ამგვარად, სახარების მიხედვით, ცოდვად ითვლება ადამიანის გულიდან გამოსული არაწმიდა ზრახვები. ამიტომაც საეკლესიო სამართალი ჩვეულებრივ შეცოდებად მიიჩნევს გონებით შეცოდებასაც. შესაძლოა, რომ გონებით შეცოდება სიმძიმით გარდაემეტოს კიდეც ზოგიერთ საქმით შეცოდებასაც. მაგალითად, ღვთის გმობა ან სასოწარკვეთილება უფრო დიდი შეცოდებაა, თუნდაც რომ გულისხმისყოფით იყოს, ვიდრე, ვთქვათ, გულმავიწყობით მარხვის დარღვევა. გულისხმისყოფით შეცოდების ერთადერთი მაგალითი დიდ სჯულისკანონში არის ნეოკესარიის დ (4) კანონი, რომელიც გულისთქმით, მაგრამ აღუსრულებელ მრუშებას ეხება: „უკეთუ ვინმე ინებოს გულისთქუმა დედაკაცისა და საწოლსა უკუე მისსა დაწვეს, ხოლო არა სრულ-ჰყოს საქმით გულისთქუმა თჳსი, საცნაურ არს, ვითარმედ მადლისა მიერ გამოჴსნილ არს“.

ბ) სიტყვით შეცოდება უმთავრესად გულისხმობს ისეთი ცოდვის ქმნას, რომელსაც მხოლოდ სიტყვით ჩაიდენს ადამიანი. ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი მაგალითი (შეცოდების ერთობლივი მოფიქრება) არაა სიტყვით შეცოდების კლასიკური ნიმუში. რეალურად, სიტყვით შეცოდება მართლაც მხოლოდ „სიტყვითაა“. ამის მაგალითი არის მოციქულთა პდ (84) კანონი: „ვინცა ვინ აგინოს მეფესა ანუ მთავარს თ ნიერ სამართლისა, გუემისა თანამდებ იყავნ და, უკუეთუ მღდელი იყოს, განიკუეთენ, ხოლო უკუეთუ ერისკაცი - უზიარებელ იქმენინ.“ ამის გარდა ჩვენს მიერ შესწავლილ კანონებში სიტყვით შეცოდების მაგალითი კიდევ გვხვდება ტრულის კრების კ (20), დ (64), ბასილი დიდის დ (64), ო (70) და პბ (82) კანონებში.

გ 1) ქმნით შეცოდებაში იგულისხმება ისეთი ცოდვა, როდესაც ადამიანი თავისი ქმედებით გადააბიჯებს კანონით დადგენილ ზღვარს, ანუ „გარდა დება კანონსა ზედა“. შეცოდებათა უმრავლესი ნაწილი სწორედ რომ ქმნით შეცოდებას გულისხმობს. ამიტომ ქმნით შეცოდების მაგალითებს აქ არ მოვიყვანთ. მათ უბრალოდ შევეხებით შეცოდებათა ობიექტთა მიხედვით კლასიფიკაციისას, როდესაც უშუალოდ განვიხილავთ შეცოდებებს.

გ 2) უდებებით შეცოდება არის საკუთარ მოვალეობაზე თავის არიდების შემთხვევა (ძვ. ქართ. უდებება – დაზარება). „უკუეთუ ვინმე ელთდასხმულმან ეპისკოპოსად არა თავს-იდვას მღდელობად და ზრუნვა მისდა ელთდებულისა ერისაჲ, ესე უზიარებელ იქმენინ, ვიდრემდის თვას-იდვას, ეგრეთვე ხუცესი და დიაკონი.“ (მოც. ლვ (36) კანონი) უდებებითაა ყველა ის შეცოდება ჩადენილი, რომელიც გამომდინარეობს გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობიდან, რაღა თქმა უნდა, საკუთარი ნებით. ზემოთმოყვანილი კანონის მეორე ნაწილში წერია, რომ თუ სამწყსოზე უზრუნველობა სხვა მიზეზითაა გამოწვეული, მაშინ ეს სამღდელოს ცოდვად არ შეერაცხება. მთავარი არსი ამგვარი შეცოდებისა არის ის, რომ პიროვნება ბოროტად თავს არიდებს რაღაცის გაკეთებას, რაც მან უნდა გააკეთოს და ამ გზით იგი ხიფათს უქმნის მისდამი მინდობილთ. გარდა ზემოთმოყვანილი კანონისა, სადაც უშუალოდაა მითითებული, თუ რომელი შეცოდებაა უდებებით, ჩვენ ამგვარ შეცოდებად უნდა ჩავთვალოთ ნებისმიერი საეკლესიო სამართლის ნორმის (არა სისხლისსამართლებრივი) შესრულებიდან ბოროტად თავის არიდება ან შეუსრულებლობა. უდებებით შეცოდება მოცემულია, აგრეთვე, მოციქულთა ნთ (59) და ანტიოქიის იზ (17) კანონებში.

საეკლესიო სამართალში არსებობს კიდევ ერთი სახის კლასიფიკაცია, სადაც შეცოდებათა დაჯგუფება ხდება დროის მიხედვით, ანუ სხვა სუტყვებით რომ ვთქვათ, საეკლესიო სამართალი განარჩევს შეცოდებებს იმის მიხედვით, თუ რა დროსაა ისინი ჩადენილი. დროში ჩევნ შეგვიძლია ვიგულისხმოთ როგორც დღის განმავლობაში ჩადენილი შეცოდებანი (იმის მიხედვით, თუ რა დროსაა), ასევე წლის სხვადსხვა დროს (მაგ. დღესასწაულზე, მარხვაში და სხვა). როგორც წესი, მისაგებელი დიდად არ იცვლება დროის მიხედვით. სხვანაირად რომ ვთქვათ, შეცოდების ჩადენის დრო ძირითადად ან არ ცვლის, ან მცირედით ცვლის შეცოდების სიმძიმეს. თუმცა მას გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება საღვთისმეტყველო კუთხით, პიროვნების სულიერი განვითარების თვალსაზრისით. რაც შეეხება თავად დიდი სჯულისკანონის ნორმებს, ჩვენ ვერ მივაკვლიეთ ისეთ ნორმას, რომელიც განარჩევდა შეცოდებას ჩადენილს დღისით ან ღამით, ან წლის სხვადასხვა დროს. თუმცა ეს გარჩევა არსებობს როგორც შეცოდებათა ტრადიციული კლასიფიკაციაში, ასევე ქართულ ისტორიულ სამართალში (მაგ. ქურდობა ღამით ვახტანგის სამართალში).

როგორც ვხედავთ, კანონიკური სამართლის მიხედვით არსებობს შეცოდებათა კლასიფიკაციის მრავალი სახე. ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ შეცოდებათა ძირითადი კლასიფიკაცია მოგვეხდინა ობიექტთა მიხედვით, ვინაიდან შეცოდებათა ამგვარი კლასიფიკაცია უფრო ნათლად წარმოაჩენს საეკლესიო დანაშაულთა ბუნებას.