დავით ჩიკვაიძე

საეკლესიო სამართალის საკითხები

 

IV. შეცოდებანი დიდი სჯულისკანონის მიხედვით

§2. შეცოდებათა კლასიფიკაცია ობიექტის მიხედვით

ჩვენ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უშუალოდ შეცოდებათა განხილვას მოვახდენთ მათი ობიექტთა მიხედვით კლასიფიკაციისას, ვინაიდან შეცოდებათა ამ ნიშნით კლასიფიკაცია გულისხმობს იმის გამორკვევას, თუ ვის ან რის წინააღმდეგაა ჩადენილი შეცოდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვაზუსტებთ შეცოდების შინაარსს, მის არსს და ამგვარად, უპრიანია, რომ შეცოდებათა განხილვა სწორედ ობიექტთა მიხედვით კლასიფიკაციის თანდართულად მოხდეს.

ძირითადად გამოიყოფა სამი ობიექტი: ღმერთი, ადამიანი და სა მარი, ანუ ნივთი. ზოგიერთ შემთხვევებში გამოყოფენ ღმერთს, მოყუასს და საკუთარ თავს. ჩვენი აზრით, ასეთი დაყოფა არაა სრულყოფილი, ვინაიდან მასში არაა ნაგულისხმები შეცოდება სა მარის, ანუ ნივთის წინააღმდეგ. ამგვარი დაყოფის მომხრენი ნივთის დაზიანებას მოყუასის წინააღმდეგ ჩადენილ შეცოდებად აღიქვამენ. ეს სწორია, მაგრამ შესაძლოა, რომ სა მარი არც ეკუთვნოდეს მოყუასს და იგი, ვთქვათ, უპატრონო ან თუნდაც საკუთარიც კი იყოს, ვინაიდან ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი სრულიად გამოსადეგ ნივთს, რომელიც მას აღარ სჭირდება, აზიანებს ან აფუჭებს. ასეთი ქმედება მას შეცოდებად შეერაცხება. ქრისტიანული მოძღვრების თანახმად, ადამიანი ვალდებულია თვით საჭირო ნივთი და ქონება, თუკი ამას შეძლებს, მოყვასისთვის გაიმეტოს. ცხადია, მისთვის გამოუსადეგარი ნივთის გადაგდება (გაფუჭება, ან სხვა სახით განადგურება) მას ცოდვად ჩაეთვლება.

აუცილებელია ორიოდ სიტყვა ითქვას ღვთის წინააღმდეგ ჩადენილ შეცოდებათა შესახებ. ზოგადი საღვთისმეტყველო კუთხით ყოველი შეცოდება არის შეცოდება ღვთის წინააღმდეგ, რადგან არღვევს უფლის მცნებებს. „რა ცა ერთსა ამას მცირედთაგანსა უყავით, იგი მე მიყავით“ - ბრძანებს უფალი სახარებაში (მთ. 25; 40) და ამით გადმოსცემს ქრისტიანულ მცნებას. რაც შეეხება იურიდიულ კუთხეს, იგი ღვთის წინააღმდეგ ჩადენილ შეცოდებად თვლის იმ შეცოდებებს, რომლებიც უშუალოდ ღვთის წინააღმდეგაა მიმართული. მაგალითად, ღვთის გმობა, ტაძრის შეურაცხყოფა და მრავალი სხვა.

ყურადსაღებია, ასევე, შეცოდებანი ადამიანთა წინააღმდეგ, ვინაიდან იგი ძალზე ფართო სპექტრის მომცველი ტერმინია. ადამიანთა წინააღმდეგ შეცოდებად ითვლება შეცოდებანი: ა) სახელმწიფოს (როგორც ადამიანთა პოლიტიკური ორგანიზაციის); ბ) საზოგადოების (როგორც ადამიანთა კრებულის); გ) უშუალოდ ადამიანის, ანუ მოყუასის და დ) საკუთარი თავის წინააღმდეგ. აქ მნიშვნელოვანია ერთი გარემოება: სასულიერო პირის წინააღმდეგ მიმართული შეცოდება ითვლება ღვთის (და არა ადამიანის) წინააღმდეგ მიმართულ შეცოდებად, ვინაიდან მღვდელი არის სახე „უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, მსახური ღმრთისა და ანგელოსი ქუეყანისა.“

რაც შეეხება სა მართა (ძვ. ქართ. სა მარი - ნივთი) წინააღმდეგ მიმართულ შეცოდებებს, ამ შემთხვევაში სა მარში იგულისხმება განსაკუთრებული ღირებულების არმქონე ნივთი, რომელსაც მხოლოდ მცირე მატერიალური ღირებულება გააჩნია. ხატი ან ჯვარი ვერ ჩაითვლება მხოლოდ სა მარად, რადგან ხატი არის სახე წმიდისა (რომელიცაა გამოსახული), თავად წმიდანი კი - ღვთისა. ამიტომ ხატის შეურაცხყოფა ღვთის წინააღმდეგ ჩადენილი შეცოდებაა. ასევე, თუ ვთქვათ ვინმე სახლს გადაუწვავს მოყუასს, რომლის შედეგად მოყუასი უსახლკაროდ დარჩება, ეს ჩაითვლება მოყუასის (ადამიანის) სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილ შეცოდებად და არა სა მარის დაზიანებად.

ა. შეცოდებანი ღვთის წინააღმდეგ

გმობა და მწვალებლობა

უდიდესი ცოდვა, ქმნილი ღვთის წინააღმდეგ არის გმობა და მწვალებლობა. აუცილებელია გაიმიჯნოს ეს ორი ტერმინი: გმობაში იგულისხმება ღვთის სახელის შეურაცხყოფა, სიწმიდეების მიმართ უპატივცემლობა, ღვთის სახელის აუგად ხსენება და ა. შ. რაც შეეხება მწვალებლობას (ანუ ერესს, ბერძნ. ̠̠ιρέ̠ις – მწვალებლობა) იგი არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოებისაგან დოგმატური კუთხით გადახვევა, ახალი სწავლებების დამატება, საეკლესიო კანონების შეცვლა და სხვა. ამ სახის შეცოდებებია:

მეორედ ნათლობა

მრწამსში ჩვენ ვამბობთ: „აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა“. ზოგადად, აქ ჩვენ ვაღიარებთ შვიდივე საეკლესიო საიდუმლოს, მაგრამ კონკრეტულად იგი გულისხმობს ნათლობის საიდუმლოს ერთხელ აღსრულებას. დიდი დატვირთვა ენიჭება სიტყვას „ერთსა“, რადგან მხოლოდ ნათლობა აღესრულება ადამიანზე შვიდ საიდუმლოთაგან ერთგზის - როცა ადამიანი ხდება ქრისტეს ეკლესიის წევრი. თვით ისეთ დროს, როცა მწვალებელი დაუბრუნდება ჭეშმარიტ სჯულს, მას ხელმეორედ აღარ ნათლავენ. ასეთი ადამიანის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა საეკლესიო სასჯელი. საეკლესიო კანონმდებლობა განკვეთას უდგენს იმ სასულიერო პირს, ვინც მონათლულს მეორედ მონათლავს. რუის-ურბნისის ძეგლისწერაც იგივეს ადასტურებს ნათლობის მიმართ. საკუთრივ დიდ სჯულისკანონში ამ საკითხს ეხება მოციქულთა მზ (47) კანონი: „ეპისკოპოსმან და ხუცესმან უკუეთუ მეორედ ნათელ-სცეს მას, რომელსა ჭეშმარიტი ნათლისღება აქუნდეს... განიკუეთენ...“ ცხადია, ჭეშმარიტ ნათლობად ჩაითვლება პირველი და არა მეორე.

ღვთის უარყოფა

ღვთის უარყოფა ნიშნავს როგორც ღვთის გმობას, ისე ქრისტიანობის უარყოფას, ქრისტეს შვილობის უარყოფას. ამ საკითხს ეხება მოციქულთა ბ (62) და ტრულის კრების ოთ (79) კანონები. ღვთის უარმყოფელს შენდობის შემდეგ ეკლესიაში დაბრუნების უფლება ეძლევა, ვინაიდან წმ. პეტრე მოციქულმაც ამგვარად სცოდა და ქრისტე ღმერთმა შეუნდო. „უკუეთუ ვინმე მოყუასმან შიშისათჳს კაცობრივისა ჰურიისა, ანუ ელლენისა, ანუ მწვალებლისა უვარ-ჰყოს სახელი ვიდრემე ქრისტესი, განიჴადენ იგი, ხოლო უკუეთუ სახელი მღდელობისა, განიკუეთენ იგი. ხოლო შეინანოს თუ, ვითარცა ერისკაცი შეწყნარებულ იქმენინ.“ (მოც. ბ (62) კანონი)

მარხვის არაჯეროვნად დაცვა

აქ ორი სახე გამოიყოფა: მარხვის დარღვევა და ხსნილის დროს მარხვა. პირველი არის დიდმარხვის, ოთხშაბათ-პარასკევის მარხვის და სხვა მარხვების დარღვევა. მარხვისას დღესასწაულზე და შაბათ-კვირას ყველით გახსნილება. რაც შეეხება მეორე სახეს, აქ გამოიყოფა არამოღვაწებისათვის შაბათ-კვირას ხსნილისას მარხვა. „უკუეთუ ვინმე მოყუასთაგანი იპოოს მმარხველად კჳრიაკისა, ანუ შაბათს თჳნიერ ერთისა მის, განიკუეთენ, ხოლო ერისკაცი უზიარებელ იქმენინ.“ (მოც. დ (64) კანონი)

მწვალებლობა

ერთ-ერთი უდიდესი ცოდვაა. ჩვენი აზრით, იგი ღვთის გმობასაც აღემატება, ვინაიდან გმობა ღვთისა საზიანოა პირადად ადამიანისთვის, ხოლო მწვალებლობა ჭეშმარიტებისაკენ მისასვლელ გზას უხშობს სხვა ადამიანებსაც. სახარებაში წერია, რომ მამა ღმერთის მგმობელსაც მიეტევება და ძე ღმრთისასაც, მაგრამ სული წმიდის მგმობელს არ მიეტევება. წმიდა მამათა განმარტებით სული წმიდის გმობა ნიშნავს წინააღდგომას ქრისტეს მოძღვრების მიმართ, ვინაიდან სული წმიდის ძალით ეუწყათ მოციქულებს ჭეშმარიტება და “რამეთუ სული წმიდა იტყოდა წინა სწარმეტყუელთა მიერ.”

მწვალებლობის ცოდვას რამდენიმე სახე აქვს. ყველაზე მძიმე არის თავად მწვალებლობა. გარდა ამისა, არსებობს: მწვალებელთან ერთად ლოცვა და მსახურება, მწვალებლური წიგნების შენახვა და სხვა. მწვალებლობის, ანუ ერესის ცოდვას ეხება მოციქულთა მე (45), მვ (46), (60), კონსტანტინეპოლის ა (1), ეფესოს ა (1), ბ (2), დ (4), ზ (7), ტრულის ა (1), ბ (2), ჟდ (94), ნიკეის II თ (9) კანონები. გარდა ამისა, თითქმის ყველა მსოფლიო საეკლესიო კრების კანონები იწყება ნიკეის პირველი კრების კანონთა აღიარებითა და დამტკიცებით, ასევე მწვალებლობის განკანონებით. მაგალითისთვის მოვიყვანოთ კანონები:

„ნუმცა შეურაცხ-იქმნების სარწმუნოება ნიკეას ბითჳნიისასა შეკრებულთა სამასათვრამეტთა მამათა, არამედ ეგენ იგი საკუთრებასა შინა თჳსსა და შეიჩუენენ ყოველი წვალება და თჳსაგან ევდნუმიანოსთა, რომელ არს უმსგავსოთა და არიანოზთა, ესე არს ევდუქსიანთა და ზოგ არიანოზთა, რომელ არს სულისა მბრძოლთა და საბელიანოზთა და მარკელიანოზთა და ფოტინელთა და აპოლინარელთა.“ (კონსტ. ა (1) კანონი)

„ეპისკოპოსი და ხუცესი და დიაკონი, რომელი თანამლოცველ ოდენ ექმნეს მწვალებელთა, დაეცადენ მღდელობისაგან. ხოლო უკუეთუ აწჳოსცა მათ მოქმედება რაჲსმე სამღდელოთაგანისა, ვითარცა მღდელთა, განიკუეთენ.“ (მოც. მე (45) კანონი)

„რაჲთა არავინ დამალნეს ქრისტეანობის შემასმენლობითისა მის წვალებისა წიგნნი... რაჲთა დასხნენ იგინი სხჳსა თანა წიგნებისა მწვალებელთაჲსა. ხოლო უკუეთუ ვინმე იპოოს დამმალველად მათდა, უკუეთუ ეპისკოპოსი, ანუ ხუცესი, გინა დიაკონი იყოს, განიკუეთოს, ხოლო უკუეთუ ერისკაცი ანუ მონაზონი - უზიარებელ იქმნეს.“ (ნიკ. II კრ. თ (9) კანონი)

წარმართობა

ამ სახის შეცოდებანი მცირედით განსხვავდებიან მწვალე-ბლობისაგან. მწვალებლობა, როგორც აღვნიშნეთ, გულისხმობს მართლმადიდებლობისაგან გადახვევას, მაგრამ, უმრავლეს შემთხვევაში, იგი მაინც სახარებასა და წმიდა წერილს ეფუძნება, ამიტომ მწვალებლობანი, ზოგადად, ქრისტიანულ სექტებად და მიმდინარეობებად იწოდებიან. რაც შეეხება წარმართობას, იგი აბსოლუტურად განსხვავებული სარწმუნოების აღიარებაა (მაგალითად: ისლამი, იუდეველობა). ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში წარმართობად, ძირითადად კერპთაყვანისმცემლობა ითვლებოდა. დღესდღეობით კი წარმართი შეიძლება ვუწოდოთ ყველა არაქრისტიანს.

საკუთრივ ამ შეცოდებას რამდენიმე სახე აქვს. უმძიმესი - რჯულის გმობა ღვთის გმობას უტოლდება. არსებობს სხვა სახეებიც: წარმართულ ტაძარში ლოცვა, წარმართული დღესასწაულის აღნიშვნა, წარმართული ნამსხვერპლარის და ნაკერპალის მიღება. აქ ყურადსაღებია რამდენიმე საკითხი: თუ რაიმე ქრისტიანული სიწმიდე არის წარმართულ ტაძარში, მის წინაშე ლოცვის აღვლენა დაიშვება, მსახურების კი - არა. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ შესაბამისი კანონები:

„უკუეთუ ვინმე მოყუასი ანუ ერისკაცი შევიდეს შესაკრებელსა ჰურიათასა (ე. ი. არაქრისტიანულ, დ. ჩ.) ანუ მწვალებელთასა ლოცვად, განიკუეთენ მოყუასი და ერისკაცი უზიარებელ იქმენინ.“ (მოც. ე (65) კანონი)

„უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან, ანუ ხუცესმან, ანუ დიაკონმან, ანუ რომლისავე სამღდელოჲსა დასისაგანმან იმარხოს ჰურიათა თანა, ანუ იდღესასწაულოს მათ თანა, ანუ შეიწყნაროს მათგან სადღესასწაულო რაჲმე ძღუენი, ვითარ უცომო, ანუ სხუა რაჲმე ეგევითარი, განიკუეთენ, ხოლო ერისკაცი უზიარებელ იქმენინ.“ (მოც. ო (70) კანონი). აქ ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ იკრძალება ნებისმიერი სახით წარმართული და იუდეველური ძღვენის მიღება. სამწუხაროდ პასექის უცომო პურის (ე. წ. „მაცა“) აღება ქრისტიანთა მიერ ებრაელებისაგან ხშირი იყო ჩვენში საბჭოთა პერიოდში.

„უკუეთუ ვინმე ქრისტეანემან ზეთი მიიღოს ტაძარსა საწარმართოსა, ანუ შესაკრებელს ჰურიათასა დღესასწაულთა მათთა, ანუ სანთელი აღანთოს, უზიარებელ იქმენინ.“ (მოც. ოა (71) კანონი)

ამათ გარდა, წარმართობასთან დაკავშირებული შეცოდებანი მოცემულია ტრულის ია (11) და ზ (67) კანონებში.

ქრისტიანისთვის შეუფერებელი საქციელი

ეს ზოგადი შეცოდებაა, რომელიც გულისხმობს ისეთი უკადრებელი საქციელის ჩადენას ქრისტიანის მხრიდან, რომელიც რჯულს შეურაცხყოფს. ასეთი შეცოდებებია, მაგალითად: მსახიობობა და სხვა არაქრისტიანულ სანახაობებში მონაწილეობა და დასწრება, ერისკაცისაგან თვითნებური ღვთისმეტყველება, ბილწსიტყვაობა, ბილწი ნახატების გამოსახვა და ა. შ. ჩვეულებისამებრ, ასეთი საქციელი დაცადებით ან განკვეთით ისჯება (სამღდელოთათვის), ასევე უზიარებლობითაც (ორივესთვის). ეს შეცოდებები აღწერილი და გადმოცემულია ტრულის ნა (51), დ (64) და რ (100) კანონებში.

შეცოდებანი ეკლესიისა და სიწმიდეთა წინააღმდეგ

ეკლესიის შეურაცხყოფა

ეკლესია ღვთის სახლია. ქრისტიანული მოძღვრების თანახმად მასში მყოფობს სული ღვთისა. ამიტომ ყოველი ქრისტიანი მოვალეა მოწიწებით მოეპყრას ღვთის სახლს. თავისთავად ცხადია, რომ საეკლესიო სამართალი მკაცრად სჯის ეკლესიის შეურაცხმყოფელს. არსებობს ეკლესიის შეურაცხყოფის სხვადასხვა სახე: ტაძარში ლოცვისა და ზიარების გარდა სხვა რამესთვის შესვლა (მოც. თ (9) კანონი), ტაძარში ჭამა (ტრ. ოდ (74) კანონი), ტაძრის ეზოში შეუფერებელი ნაგებობის აგება (მოც. ოვ (76) კანონი) და ტაძარში პირუტყვის შეყვანა (ტრ. პ (88) კანონი):

„ყოველთავე ეკლესიად შემავალთა მორწმუნეთა და წარკითხვასა წიგნთასა მომსმენელთ, ხოლო არა მომლოდეთა ლოცვასა და წმიდასა ზიარებასა, ვითარცა უწესოების შემქმნელთა ეკლესიისათა, უზიარებელ-ყოფა ჯერ-არს.“ (მოც. თ (9) კანონი)

„ვითარმედ არა ჯერ-არს საუფლოთა შინა სახლთა ანუ ეკლესიათა შინა ქმნა აღაპთა და შინაგან ტაძრისა ჭამა და ტაბლათა დაგება. ხოლო ამისა მკადრებელნი ანუ დასცხერინ ამათ საქმეთაგან, ანუ უზიარებელ იქმენინ.“ (ტრ. ოდ (74) კანონი)

ეკლესიის განკრახვა

როგორც აღინიშნა, ეკლესია დიდი სიწმიდეა ჩვენი სარწმუნოების მიხედვით. ამიტომ მისი განკრახვა (ე. ი. გაქურდვა, გაძარცვა) დიდი ცოდვაა. ამ შეცოდებას ეხება მხოლოდ და მხოლოდ მოციქულთა ობ (72) კანონი. სხვათაშორის, ეს კანონი არის ერთადერთ ჩვენს მიერ განხილულ საეკლესიო დადგენილებათა შორის, რომელიც გულისხმობს სამოქალაქო წესისამებრ დასჯას - ჯარიმას:

„უკუეთუ მოყუასმან, ანუ ერისკაცმან წმიდისა ეკლესიისაგან მიიხუეჭოს ც ლი, ანუ ზეთი, უზიარებელ იქმენინ და ხუთწილად მიე ადენ, რა ცა-იგი წარიღო.“ აქ ყურადსაღებია ის გარემოება, რომ საუბარი არაა ზეთისა და ცვილის გარდა სხვა რამეზე, რაც შეიძლება ადამიანმა ეკლესიიდან წაიღოს. ჩვენი აზრით, აქ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანალოგიის პრინციპი. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვა რამე ამათ გარდა, რისი მოპარვაც შეიძლება ტაძრიდან, არის სიწმიდე (ხატი, ჯვარი, ბარძიმი, სამღვდელო შესამოსელი) და მათი წაღება მპარავს სიწმიდეთა მიმართ უპატივცემლობად და მათ შეურაცხყოფად შეერაცხება და არა ქურდობად. ცხადია, მოპარულს დააბრუნებინებენ.

სამონასტრო ეკლესიის (ქონების) საეროდ ქმნა

მონასტერი, რომელიც ბერთა და მონაზონთა სამყოფელს წარმოადგენს, დიდი სიწმიდის მატარებელია. იქ დაუსრულებლად აღვლინება ქება-დიდება ღვთისა. ამიტომ დაუშვებელია მონასტრის საერისკაცოდ ქმნა (ე. ი. მისთვის თავისი ფუნქციის ჩამორთმევა), ასევე ნებისმიერი სამონასტრო ქონების. ნიკეის მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების იგ (13) კანონში ვკითხულობთ, რომ მონასტრის საერისკაცოდ შემქმნელნი „დიდისა სასჯელისა ღირს არიან“-ო.

„ერთგზის განწმედილნი მონასტერნი თანაჯერჩინებითა ეპისკოპოსთაჲთა ეგნენ სამარადისოდ მონასტრად და მიცემული მისდა საქონელნი დაიცვებოდედ მონასტრისათჳს და არღარა შესაძლებელ არს მერმეცა შექმნა მათი საყოფელად საერისკაცოდ, ხოლო რომელთა შეუნდონ ამის ქმნა, თანამდებ იყავნ კანონთამიერისა განპატიჟებისა.“

უღირსად ჴელდასხმა

სამღვდელო პატივი ეკლესიის ერთ-ერთი სიწმიდეა. ქრისტიანული სწავლებით მღვდელი არის სახე მაცხოვრისა და ატარებს ღვთივბოძებულ მადლს მღვდელმოქმედების შესასრულებლად. აქედან გამომდინარე იგი უნდა იყოს ღირსი ამ პატივისა. იმისდა მიუხედავად, რომ ეკლესიის ძლიერების ჟამს საკმაოდ ძლიერი იყო ფეოდალური წყობილებაც, ეკლესიას არ დაურთავს მღვდელმთავრებისთვის იმის ნება, რომ ხელდასხმა ნათესაობისდა მიხედვით მოეხდინათ, მით უმეტეს, რომ მათ ამის საფუძველი ჰქონდათ ძველ აღთქმაში. არსებობს ზოგადი წესი: მღვდლობა ეკუთვნის იმას, ვინც ამის ღირსია. თავად ღირსება კი ძირითადად პირადი თვისებებით განისაზღვრება. ამგვარად, ასეთი კატეგორიის შეცოდებებად ითვლება: ა) სამღვდელო ხარისხის პატივით შეძენა (მოც. კთ (29) კანონი), ბ) სამღვდელო პატივის ნათესაობით მინიჭება (მოც. ოვ (76) კანონი), გ) მადლით ვაჭრობა (ქალკ. ბ (2) კანონი), დ) ქრთამით ელდასხმა (ტრ. კბ (22) კანონი), ე) სა მარით დადგინება (ნიკ. II ე (5) კანონი), ვ) მადლის სასყიდლით ყიდვა (ნიკ. II ით (19) კანონი) და სხვა. ამის შესახებ ჩვენ ზემოთ გვქონდა საუბარი. როგორც აღვნიშნეთ, ეს შეცოდებანი სიმძიმის მიხედვით მძიმე შეცოდებებად ითვლება. ჩამოთვლილთაგან ა, გ, დ, ე და ვ კანონები გულისხმობენ საფასით, ანუ გარკვეული თანხით სამღვდელო პატივის შეძენას, ხოლო ბ ნათესაობით. კანონიკური სამართალი მისაგებელს უწესებს როგორც ხელდამსხმელს, ისე ხელდასხმულს. ხელდასხმა არშემდგარად ითვლება.

„ვითარმედ არა უჴმს ეპისკოპოსსა ძმისა, ანუ შვილისა, ანუ სხჳსა ნათესავისა მიმადლება პატივსა ეპისკოპოსობისასა და ჴელთ-დასხმა, ვისაცა ენებოს, რამეთუ მემამულე ეპისკოპოსობისა ყოფა მათი არა სამართალ არს. არცა რაჲთა კაცობრივისა ვნებისა მისამადლებელ ყვნეს ღმრთისანი, არცა სამამულო ყოფა ჯერ-არს ეკლესიისა. ხოლო უკუეთუ ვინმე ქმნას ესე, დაუმტკიცებელ უკუე იყავნ ჴელდასხმა, ხოლო იგი განიკანონენ უზიარებლობითა.“ (მოც. ოვ (76) კანონი)

მსახურების არაჯეროვნად აღსრულება

საღმრთო ლიტურგიის არაჯეროვნად აღსრულება

ლიტურგია არის უმთავრესი ქრისტიანული მსახურება - მსახურება, როცა იწირება ჭეშმარიტი ძღვენი ხორცი და სისხლი განკაცებული ძე ღვთისა სა საკურნებელად სულთა და ხორცთა ქრისტიანეთა და ცხოვნებად საუკუნოდ. ამიტომაც ღვთისმსახური ვალდებულია უდიდესი მოწიწებითა და კრძალვით შეასრულოს ეს „საშინელი საიდუმლო“ ღვთისა. მართლმადიდებელ ეკლესიაში შეიწირება წითელი ღვინო და ხორბლის პური. კვეთისას ღვინოში ურევენ წყალს ნიშნად იმისა, რომ ჯვარცმულ მაცხოვარს ფერდიდან (როცა მას შუბი უგმირეს) გადმოედინა სისხლი და წყალი. ამის გარდა სხვა რამის შეწირვა იკრძალება კანონიკური სამართლით. დასაშვებია ზეთისა და საკმევლის შეწირვა, მაგრამ ისინი მხოლოდ კონკრეტული მიზნისთვის - გასანათებლად და საკმევად ხდება.

„უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან ანუ ხუცესმან თჳნიერ უფლისა მიერ განწესებულისა მის შესწიროს სხუა რაჲმე მსხუერპლად საკურთხეველსა ზედა ანუ თაფლი, ანუ სძე, ანუ ნაცვლად ღჳნისა თაფლუჭი რა მე მოპოვნებული, ანუ მფრინველი, ანუ ცხოველთაგანი რაჲმე, ანუ ცერცუთა თჳნიერ განწესებულისა მის, განიკუეთენ, თჳნიერ ახალი იფქლის კონა და ყურძენი ჟამსა თჳსსა, ვინაჲცა არა ჯერ-არს სხჳსა რაჲსმე შეღება საკურთხევლად თჳნიერ ზეთისა სანთებლად და საკუმეველისა ჟამსა წმიდისა შეწირვისასა.“ (მოც. გ (3) კანონი). ასევე ტრულის კრების ნზ (57) კანონში. რაც შეეხება ღვინოში წყლის შერევას, ამის შესახებ საუბარია ტრულის ლბ (32) კანონში.

დიაკვნის ან ერისკაცის მიერ ზიარება

წირვის წმიდა საიდუმლოს ასრულებს მღვდელი ან ეპისკოპოსი. დიაკონი მხოლოდ ეხმარება მათ ყოველივეს აღსრულებაში. თვითონ მწირველი არ შეიძლება დიაკონი იყოს. ამგვარად, როგორც ნიკეის I კრების ი (18) კანონშია ნათქვამი „რომელთა-იგი ჴელმწიფება შეწირვისა არა აქუს, შემწირველთა მისცემდეს ორცთა ქრისტესსა.“ ცხადია, ერისკაცს მით უფრო ეკრძალება აზიაროს ღვთისმსახური ან სხვა ერისკაცი. შეცოდებად ითვლება, აგრეთვე, ზიარების წმ. ნაწილების გატანება ერისკაცისთვის რაც არ უნდა ჰქონდეს ასეთ ქმედებას მიზანი. ერისკაცის მიერ ზიარებას კრძალავს ტრულის კრების ნ (58) კანონი.

მრევლის მიმართ უყურადღებობა

წმ. წერილის მიხედვით ეპისკოპოსი ითვლება მოციქულთა მადლის მატარებლად. ამიტომ მას უდიდესი მისია აკისრია მისდა მინდობილი სამწყსოს მიმართ. მრევლის მიმართ უყურადღებობას რამდენიმე სახე შეიძლება ჰქონდეს. უმთავრესი არის თავად უყურადღებობა, ე. ი. უზრუნველობა, როცა ღვთისმსახური ნაკლებად არის დაინტერესებული თავისი მრევლის სულიერი ცხოვრებით, დიდად არ მონაწილეობს სულიერი შვილების აღზრდაში და ა. შ. ასევე, უყურადღებობა შეიძლება გამოიხატოს სიკეთის ქმნის უსწავლელობაში. ქველი საქმის კეთების უპირველესი მაგალითის მიმცემი სწორედ რომ ღვთისმსახური უნდა იყოს. აქვე აუცილებელია ითქვას, რომ ღვთისმსახურებად მოიაზრება ეპისკოპოსი და მღვდელი. დიაკონს სამწყსოზე ზრუნვა არ ევალება. „ეპიკოპოსმან ანუ ხუცესმან, რომელმან უდებ-ჰყოს სამღდელო მწყობრი, გინა თჳსი და არა ასწავებდეს მათ კეთილად მსახურებასა, დაეცადენ მღდელობისაგან და, უკუეთუ ეგოს და სნილობასა მას ზედა, განიკუეთენ.“ (მოც. ნ (58) კანონი). ამავე საკითხებს ეხება, ასევე, მოციქულთა ლვ (36) კანონი.

საერო ყოფაში ჩავარდნა

ეს მხოლოდ სასულიერო პირებს ეხება. იმისდა მიუხედავად, რომ ქრისტიანულად ეკლესია და სახელმწიფო ერთად უნდა მოქმედებდნენ, კანონიკური სამართალი მაინც მკაცრად მიჯნავს სასულიერო პირებს საეროთაგან. ამას სახარებისეული პრინციპი უდევს საფუძვლად: „მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა“ (მთ. 22; 21). რაც შეეხება საკუთრივ საერო ყოფას, მას შეიძლება რამდენიმე სახე ჰქონდეს: ერისკაცივით ქცევა, ანუ “სოფლიო ზრუნვაში” ყოფნა, სამ ედრო ყოფაში ჩავარდნა, ამქვეყნიური საქმეებით დაკავება, მეტისმეტი გართობა და თავაშვებულობა. ასევე, ეპისკოპოსის მიერ საერო მმართველობაში მონაწილეობის მიღება (მოც. ლ (30) კანონი). საერო ყოფით ცხოვრების შეცოდებას ეხება მოციქულთა ვ (6), პა (81), პგ (83), ნიკეის I კრების იბ (12), ქალკედონის გ (3), ზ (7) კანონები. „რომელნი ერთგზის სამღდელოსა დასსა შინა დაიწესნეს ანუ მონაზონ იქმნეს, განვასაზღვრებთ მათთჳს, რაჲთა არცაღა მჴედრობად, არცა სოფლიოდ რადმე პატივად მოვიდენ, ანუ რომელთა ესე იკადრონ. უკუეთუ არა შეინანონ და მისდავე მიმართ მიიქცენ, რომელი ღმრთისათჳს მიეღო პირველ, შეიჩუენნენ.“ (ქალკ. ზ (7) კანონი)

ნათლობის არაჯეროვნად აღსრულება

ამაღლების წინ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ სამოციქულო კურთხევა მისცა თავის მოწაფეებს: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს-ჰსცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა.“ (მთ. 28; 19) სხვაგან უფალი ბრძანებს, რომ ნათლისღების გარეშე ადამიანი დაისჯება. ამიტომ ნათლისღების სათანადოდ აღსრულებას ეკლესიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ნათლობის განწესებით, მოციქულებიდან მოყოლებული დღემდე მართლმადიდებელი ღვთისმსახური ნათლობისას სამჯერ შთაფლავს მოსანათლს სიტყვებით: „ნათელს იღებს მონა (მჴევალი) ღმრთისა სახელითა მამისაჲთა, ამინ! და ძისაჲთა, ამინ! და სულისა წმიდისაჲთა, ამინ!“ ნებისმიერი სხვა სახით ნათლობის აღსრულება ითვლება ამ საიდუმლოს არაჯეროვნად აღსრულებად. მოციქულთა დროს გავრცელებული იყო ნათლისღება: სამი მამის, სამი ძის ან სამი სულიწმიდის სახელით, უფლის მაცხონებელი სიკვდილის სახელით, ასევე სამგზის ნათლისღება სამგზის შთაფლვის ნაცვლად. ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებას ეხება მოციქულთა მთ (49) და ნ (50) კანონები.