დავით ჩიკვაიძე

საეკლესიო სამართალის საკითხები

 

თავი V. საეკლესიო საიდუმლოებათა და მღვდელმოქმედებათა იურიდიული ხასიათი

§1. საეკლესიო საიდუმლოებათა იურიდიული ხასიათი

საეკლესიო საიდუმლო ეწოდება მღვდელმოქმედებას, რომლის დროსაც მორწმუნეზე საიდუმლოდ გადმოდის უხილავი მადლი სულისა წმიდისა (1). საეკლესიო საიდუმლოებს, გარდა სარწმუნოებრივი მნიშვნელობისა, საეკლესიო-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნიათ, ვინაიდან ისინი იწვევენ სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას ან ხასიათდებიან სხვა იურიდიული თვისებებით.

მართლმადიდებელი ეკლესია ცნობს შვიდ საიდუმლოს: ნათლობას, მირონცხებას, აღსარებას, ზიარებას, ზეთის კურთხევას, ჯვრისწერას და მღვდლობას. საიდუმლოებად ითვლებას, აგრეთვე, ტაძრისა და ოდიკის კურთხევა, ბერად აღკვეცა და ტაძრის მსახურად კურთხევა. იურიდიული ფაქტებია, აგრეთვე, ჯვრის, ხატისა და წყლის კურთხევა და სხვა.

ა. ნათლობა

ნათლობის საიდუმლო პიროვნებაზე ერთხელ აღესრულება: „აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა“ - მითითებულია სარწმუნოების სიმბოლოში. ადამიანი, რომელიც გულწრფელად აღიარებს ქრისტეს და მის მართლმადიდებელ სარწმუნოებას, სურს განაგდოს სატანა და შეუდგეს ქრისტეს, ღვთის უხილავი ძალით განიწმინდება ყველა ცოდვისაგან და შეერთვის წმიდა ეკლესიას. მან რაც უნდა მძიმედ შესცოდოს, თვით მწვალებლობამდეც კი, ნათლობა ხელმეორედ აღარ აღესრულება.

საეკლესიო სამართალი, როგორც ცნობილია, არის იმ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს ურთიერთობას ეკლესიასა და მის წევრებს შორის. ეკლესიის წევრებად კი, ცხადია, მონათლული ქრისტიანები ითვლებიან. ამიტომ ნათლობის აღსრულება იწვევს იურიდიულ შედეგებს: მონათლულზე, როგორც ქრისტიანზე გავრცელებს იწყებს საეკლესიო სამართალი, მოუნათლავზე კი კანონიკური ნორმები არ ვრცელდება. თუ, ვთქვათ, არაქრისტიანი შესცოდავს კაცის კვლით, იგი, ცხადია, რომ ოცი წლით უზიარებლობით ვერ დაისჯება, ვინაიდან, იგი საერთოდ არ არის წმიდა ეკლესიის წევრი. თვით საეკლესიო სასჯელთა ბუნებაც მიგვითითებს, რომ იგი მხოლოდ ქრისტიანთა სასჯელია, რადგან უზიარებლობა, ეკლესიიდან განყენება, ეკლესიიდან განკვეთა, ანათემა და ა. შ. არაქრისტიანის სასჯელი ვერ იქნება, სხვაგვარი სასჯელი კი, საეკლესიო სამართალში, როგორც წესი, არაა.

ნათლობის საიდუმლო იწვევს გარკვეულ ცვლილებებს ადამიანის უფლებებსა და ვალდებულებებში ეკლესიასთან მიმართებაში. ნათლობის შემდეგ ქრისტიანს უფლება ეძლევა:

ა) დაესწროს ყველა მსახურებას;
ბ) მიიღოს საერო პირისთვის ნებადართული სიწმიდეები;
გ) მონაწილეობა მიიღოს საღმრთო საიდუმლოებში;
დ) მოხსენიებული იქნეს ყველა მსახურებაში, როგორც სი-ცოცხლეში, ისე გარდაცვალების შემდეგ.

მონათლულ ქრისტიანს ეკრძალება:

ა) ხელმეორედ მოინათლოს;
ბ) წინაღუდგეს წმიდა წერილს, საეკლესიო ნორმებს და საპატრიარქო (სამღვდელმთავრო) კურთხევას;
გ) დაესწროს არამართლმადიდებლურ მსახურებას ან მო-ნაწილეობა მიიღოს მასში;
დ) მიიღოს ნაკერპალი, ნამშთვარი ან სხვა რამ წარმართული მსახურებებიდან.

საინტერესოა ის საკითხიც, თუ როდის ითვლება ნათლობის საიდუმლო აღსრულებულად, ანუ როდიდან ჩაითვლება პირი ეკლესიის წევრად. ნათლისღების საიდუმლო აღსრულებულად ჩაითვლება ადამიანის წმიდა სამების სახელით მონათვლისთანავე. შეიძლება მონათლულ იქნეს მხოლოდ ქმედუნარიანი ადამიანი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი მოქმედება. რა თქმა უნდა, დასაშვებია, და პირიქით მიზანშეწონილიცაა ბავშვის, ან ქმედუუნაროს მონათვლა, მაგრამ ეს ხდება მშობლების (ახლობლის, ნათლიის) და არა მოსანათლის სარწმუნოებით. იმ შემთხვევაში, როცა ბავშვი სურვილს გამოთქვამს მონათვლისა, მაგრამ მშობლები ამის კატეგორიული წინააღმდეგი არიან, სასულიერო პირს უფლება არ აქვს ბავშვი მონათლოს, თუმცა გამონაკლისი დასაშვებია.

ჩვეულებისამებრ ნათლობას მღვდელი ან ეპისკოპოსი ასრულებს. იმ შემთხვევაში, თუ მოსანათლი მომაკვდავია, დაიშვება ნათლისღების საიდუმლოს შემცირება, რათა ადამიანი უნათლავი არ წავიდეს ამ ქვეყნიდან. უფრო მეტიც, უკიდურესი შემთხვეისას, როცა ღვთისმსახურის მოყვანა არ ხერხდება, ნათლობა შეიძლება შეასრულოს საერო პირმაც მხოლოდ ნათლობის ფორმულის წარმოთქმით. თუ მონათლული გარდაიცვლება, ეს ნათლობა მას ჭეშმარიტ ნათლობად შეერაცხება, ხოლო გადარჩენის შემთხვევაში ნათლობა მღვდელმსახურმა უნდა დაასრულოს. საეკლესიო კანონებით იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია დანამდვილებით იმის დადგენა ჭეშმარიტად ნათელღებულია თუ არა ესა თუ ის პიროვნება, როცა არც მას და არც მის ახლობლებს ახსოვთ, დაიშვება მონათვლა, თუნდაც რომ მეორე იყოს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ნათლობის ფორმულას წინ ერთვის სიტყვები: „თუ არა ნათელღებულ იყოს...“.

ბ. მირონცხება

მირონცხების საიდუმლო, ვინაიდან დამოუკიდებლად არასდროს არ აღესრულება, სამართლებრივი ბუნება ნაკლებად აქვს, იგი უფრო „სულიწმიდის ბეჭდად“ იწოდება, ვინაიდან მოებმის რომელიმე საიდუმლოს და ამოწმებს მას. მირონცხება უშუალოდ ნათლობას მოებმის და იურიდიულად იგივე შინაარს ატარებს, რასაც ნათლობის საიდუმლო. თუმცა, ამას გარდა, მირონცხება აღესრულება იმ მწვალებებლზეც, რომელიც ნათელღებულ იყო ჭეშმარიტი ნათლისღებით, შემდგომ განუდგა ქრისტეს და კვლავ მოექცა მართლმადიდებლობაზე. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ მირონცხებას გააჩნია საეკლესიო-სამართლებრივი ბუნება, ვინაიდან იგი იწვევს ქრისტიანის თავის უფლებებში აღდგენას და იურიდიულად უტოლდება ნათლობის საიდუმლოს. მირონცხება აღესრულება, აგრეთვე, მონარქის კურთხევისას. მეფის კურთხევა, ცხადია, წარმოადგენს, იურიდიულ ფაქტს, ვინაიდან მეფის უფლებამოსილება კურთხევის შემდეგ იწყება, მაგრამ ამ შემთხვევაში მირონცხების ცალკე გამოყოფა არ ეგების, რადგან მეფის კურთხევა მთლიანად წარმოადგენს იურიდიულ ფაქტს და არა მისი ცალკეული ელემენტები.

გ. აღსარება

აღსარება გულისხმობს მორწმუნის მიერ თავისი ცოდვების ნებაყოფლობით და გულწრფელ აღიარებას სასულიერო პირის წინაშე, რომელიც მას აღსარების შემდეგ წაუკითხავს შენდობის ლოცვას და მიუტევებს ცოდვებს უფლის სახელით. აღსარებას, ანუ თანამედროვე ქართულით - აღიარებას, დიდი საეკლესიო-სამართლებრივი მნიშვნელობა ენიჭება. ხშირად საეკლესიო სასჯელი დამოკიდებულია აღსარებაზე. ასე მაგალითად, ეპისტოლარულ კანონებში მითითებულია, რომ თუ მპარავმა „ნებსითა თ სითა აღუაროს“, მაშინ ერთწლიანი უზიარებლობით დაისაჯოს, ხოლო თუ „სხუათა შეასმინონ“, მაშინ ორწლიანი უზიარებლობითო. მსგავსადვეა „მცირე სჯულისკანონში“ განსაზღვრული მისაგებელი მრუშებისათვის: თუ თვითონ აღიარებს შემცოდე - 7 წელი უზიარებლობა, ხოლო თუ სხვები შეასმენენ - 14 წელი. ასევე მნიშვნელოვანია მოციქულთა კანონები, სადაც საუბარია აღმსარებლის წინაშე ჩადენილ შეცოდებაზე. ასეთ შემთხვევაში აღსარება იწვევს საეკლესიო დანაშაულის ობიექტის სპეციფიკაციას, კერძოდ იმ კუთხით, რომ შეცოდების ობიექტი არის არა ყველა ადამიანი, არამედ აღმსარებელი. აქ აუცილებელია განიმარტოს სიტყვა „აღმსარებელი“, რადგან მას ორი გაგება აქვს: ვიწრო და ფართო. ვიწრო გაგებით აღმსარებელი არის ის ქრისტიანი, რომელმაც სცოდა უფლის წინაშე და შემდეგ აღიარა ეს შეცოდება მღვდელთან. ფართო გაგებით კი აღმსარებელი არის ყველა მორწმუნე ქრისტიანი. გამომდინარე იქიდან, რომ უცოდველი არავინაა, შესაბამისად მორწმუნენი აღსარებათა რეგულარული ჩაბარების შემდეგ ხდებიან აღმსარებლები, თუმცა აქ სიტყვა აღმსარებელში, ცოდვების აღიარების გარდა სარწმუნოების აღიარებაც უნდა იგულისხმებოდეს. თვალსაჩინოებისათვის გავიხსენოთ აღსარების ლათინური შესატყვისი ცონფესსიო, რაც ცალკეულ რელიგიას, ანუ აღმსარებლობას ნიშნავს. აღმსარებელს კიდევ ერთი მნიშვნელობაც აქვს: ესაა ისეთი წმინდანი, რომელიც სიცოცხლის მანძილზე იდევნებოდა ქრისტეს სარწმუნოებისათვის, თუმცა მოწამეობით არ აღსრულებულა. ასეთები იყვნენ, მაგალითად: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წმ. ამბროსი აღმსარებელი (ხელაია), ქართული გალობის მოამაგე წმ. ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე), ეკლესიის დიდი მნათობი წმ. მაქსიმე აღმსარებელი და მრავალი სხვა. რაც შეეხება საეკლესიო სჯულდებას, აქ აღმსარებელი, როგორც წესი, ვიწრო მნიშვნელობით გამოიყენება.

დ. ზიარება

წმიდა ზიარება უდიდესი საეკლესიო საიდუმლოა. ყოველი წირვა არის განმეორება გოლგოთის მსხვერპლშეწირვისა, როდესაც ჯვარზე აღესრულა ძე ღვთისა კაცობრიობის ცოდვისაგან დასახსნელად. საკუთრივ წმიდა ზიარების საიდუმლო დადგინდა თავად მაცხოვრის მიერ დიდ ხუთშაბათს საიდუმლო სერობის აღსრულების ჟამს. მართლმადიდბელი ეკლესიის სწავლებით მორწმუნე იღებს ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცსა და სისხლს, რითაც თანაზიარი ხდება ღვთისა.

ზიარება ხასიათდება საეკლესიო-სამართლებრივი ბუნებით. იმის გახსენებაც საკმარისია, რომ საეკლესიო დანაშაულთა დიდი ნაწილი სასჯელად ზიარებიდან განყენებას გულისხმობს. საინტერესოა, რომ საქართველოს სამეფოში უზიარებლობას „სამოქალაქო სიკვდილი“ ერქვა, ვინაიდან უზიარებელს ერთმეოდა თითქმის ყველა სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება: არ ჰქონდა ჯარში წასვლის უფლება, ქორწინების უფლება, ქონების მიღებისა და ანდერძის დატოვების უფლება. ფაქტობრივად უზიარებელი იყო ადამიანი ბიოლოგიური თვალსაზრისით, ხოლო სამართლებრივად მას ჩამორთმეული ჰქონდა უფლებათა დიდი ნაწილი. ცხადია, ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს მას, ასე ვთქვათ, ადამიანობა ერთმეოდა, ანუ მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი დარჩებოდა ან მცირედით დაისჯებოდა. უზიარებელი მხოლოდ უფლებრივად იყო შეზღუდული, მაგრამ იგი სხვათა თანასწორად ითვლებოდა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ უზიარებლობა მისთვის სასჯელი იყო და ამიტომ, მსგავსად საერო სამართალში თავისუფლების შეზღუდვისა, იგი სულიერად იყო შეზღუდული თავისი ცოდვისათვის. როგორც ვხედავთ, ქართული სახელმწიფო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ჯანსაღ ქრისტიანულ ცხოვრებას, წმ. ზიარებას და შესაბამისად არეგულირებდა სამართლებრივ ურთიერთობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ე. ზეთის კურთხევა

ზეთის კურთხევა აღესრულება ავადმყოფზე ხორციელ და სულიერ სნეულებათაგან განსაკურნებლად. გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში ვლინდება ზეთის კურთხევის საეკლესიო-სამართლებრივი ხასიათი. კერძოდ, მართლმადიდებლური მოძღვრების თანახმად ზეთისცხებისას მორწმუნეს მიეტევება ის ცოდვები, რომელიც მას დაავიწყდა (და, ცხადია, არა ისინი, რომლებიც დამალა) (2). თუმცა, ეს ძირითადად მცირე მნიშვნელობის ცოდვებს ეხება და არა მძიმე ცოდვებს. ისიც ფაქტია, რომ მძიმე ცოდვა ადამიანს არც ავიწყდება. ამგვარად, სამართლებრივად ზეთის კურთხევის (ზეთისცხების) საიდუმლო გარკვეულწილად ცვლის აღსარებას.

ვ. ჯვრისწერა

ძველ რომაულ სამართალში ქორწინება განიხილებოდა როგორც ქალსა და მამაკაცს შორის დადებული ხელშეკრულება და ამგვარად, ქორწინება მკაცრად განსაზღვრულ სამოქალაქო ურთიერთობად ითვლებოდა, რომელსაც გარეგნულად ნაკლები კავშირი ჰქონდა ადამიანურ ურთიერთობებთან (3). რომის სამართალი ქორწინებას მხოლოდ ერთსადაიმავე საზოგადოებრივი ფენის წარმომადგენელთა შორის უშვებდა. ასევე მარტივი იყო განქორწინებაც. თვით მოსეს რჯულიც კი უშვებდა განქორწინებას გამარტივებული წესით, განსაკუთრებით მამაკაცის მხრიდან.

მხოლოდ ახალი აღთქმის ეკლესიაში განისაზღვრა ქორწინების, როგორც საღმრთო საიდუმლოს ხასიათი. „რომელნიცა ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებნ“. საეკლესიო სამართალი არ გარდადრეკილა „არცა მარჯვულ, არცა მარცხულ“, ანუ ქორწინება არც მხოლოდ იურიდიულ ფაქტად მოუნათლავს და არც მხოლოდ საღმრთო საიდუმლოდ, „არამედ ვიდოდა იგი გზასა სამეუფოსა“, ანუ შეაზავა ეს ორი ცნება და განსაზღვრა ქორწინების (ჯვრისწერის), როგორც იურიდიული ფაქტის ბუნება, და ამავე დროს, აღიარა მისი დიდი სარწმუნოებრივი მნიშვნელობა.

ჯვრისწერის საიდუმლო აღესრულება ნაკურთხი და უფლებამოსილი მღვდლის ან მღვდელმთავრის მიერ წმიდა ტრაპეზზე. რუის-ურბნისის ძეგლისწერის მიხედვით ჯვრისწერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში აღესრულება გიორგი მთაწმიდლის განწესებით და მხოლოდ ტაძარში. ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ ჯვრისწერის მონასტერში აღსრულება დაუშვებელია. ამასთან, ჯვრისწერა არაა მიზანშეწონილი, რომ აღესრულოს მღვდელმონაზონის მიერ, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.

ჯვრისწერის დამაბრკოლებელი გარემოებებია:

ა) მექორწილეთა ხორციელი ნათესაობა;
ბ) მექორწილეთა სულიერი ნათესაობა;
გ) მექორწილეთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი სამღვდელო ან სამონაზვნო დასში შედის;
დ) მექორწილეთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი წარმართია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს უკანასკნელი პირობას დადებს, რომ მოინათლება;
ე) მექორწილეთა ასაკი და სულიერი მდგომარეობა.

გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს შუასაუკუნეებში ეკლესია არ აკურთხებდა ჯვრისწერას სხვადასხვა საზოგადოებრივი ფენის წარმომადგენლის შორის. ეს არასწორია. უბრალოდ ხალხში არსებული ტრადიცია იმდენად ძლიერი იყო, რომ თავადი და გლეხი თვითონ არ ქორწინდებოდნენ (4). ეკლესია, ცხადია, ვერ დაავალდებულებდა ბატონებსა და ყმებს ექორწინათ ერთმანეთში მხოლოდ იმიტომ, რომ ეს დაშვებული იყო. ეს ხომ უფლება იყო და არა ვალდებულება!

ჯვრიწერის საიდუმლო, რომელიც დღეს ფაქტობრივად დღესდღეობით აღესრულება საქართველოს ეკლესიაში, შედგება ორი ნაწილისაგან: წინდობისა და გვირგვინოსნებისაგან. თუმცა შესაძლებელია, რომ ეს ორი მსახურება ცალ-ცალკე აღესრულოს. წინდობისას იკურთხება ბეჭდები და დაახლოებით საერო ნიშნობას უტოლდება. წინდობა არ წარმოადგენს საიდუმლოს და არ იწვევს იურიდიულ შედეგებს. ჯვრისწერა აღსრულებულად ითვლება გვირგვინოსნების შემდეგ და მექორწილენი ითვლებიან ჯვარდაწერილად.

ჯვრისწერა არის ცოლ-ქმრის საუკუნო შეერთება. თუმცა, გამონაკლის შემთხვევაში ხდება ჯვრისწერის გაუქმება. ასევე დასაშვებია ხელმეორე ჯვრისწერა. ჯვრისწერის გაუქმების საფუძვლებია:

ა) ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალება;
ბ) ერთ-ერთი მეუღლის ბერად ან მონაზვნად აღკვეცა მე-რის თანხმობით;
გ) გვირგვინის ახდა, ანუ განქორწინება.

გვირგვინის ახდა აღესრულება ადგილობრივი მღვდელმთა-ვრის მიერ და დასაშვებია მრუშების და სხვა განსაკუთრებული შემთხვევებისას. „რომელმანცა ცოლი თ სი თ ნიერ მრუშებისა, მან იმრუშა“ - მითითებულია წმიდა სახარებაში.

საქართველოში ჯვრისწერის რეგისტრაციას მხოლოდ ეკლესია ახდენდა. მსგავსივე მდგომარეობა იყო რუსეთის იმპერიაშიც. 1920 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონით „მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ“ გაუქმდა ჯვრისწერის იურიდიული საფუძველი და იგი მხოლოდ ფორმალური სახით დარჩა. ქორწინების რეგისტრაცია კი ხდებოდა სახელმწიფოს სპეციალურ ორგანოებში. ცხადია, ბოლშევიკური დიქტატურის დამყარების შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა და ჯვრისწერა ფაქტობრივად აიკრძალა. დადებითი ძვრა საქართველოს დამოუკიდებლობას (1991 წ.) არ მოჰყოლია, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსმა 1920 წლის კანონის მსგავსად განსაზღვრა, რომ „რელიგიური ქორწინება არავითარ სამართლებრივ შედეგებს არ იწვევს“. არადა, მრავალი ევროპული სახელმწიფო ჯვრისწერას აღიარებს თავისი სრული სახით, როგორც სარწმუნოებრივ, ისე სამართლებრივი კუთხით. კონსტიტუციური შეთანხმების მე-3 მუხლით სახელწმიფომ ცნო ჯვრისწერა. თუმცა რეგისტრაცია მაინც მხოლოდ ოფიციალურ ორგანოში ხდება.

ზ. მღვდლობა

მღვდლობის საიდუმლოს, როგორც სამღვდელო იერარქიის შესახებ საუბრისას აღვნიშნეთ, გააჩნია სამი ქიროტონია, ანუ ხელდასხმა: დიაკვნის, მღვდლის და ეპისკოპოსის. მღდვლობის საიდუმლო ხასიათდება თავისი საეკლესიო-სამართლებრივი ბუნებით, იწვევს მრავალი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას, შეცვლას და შეწყვეტას.

საეკლესიო სამართალი სამართლის სუბიექტებს ფაქტობრივად ორ კატეგორიად ჰყოფს: სამღვდელონი და საერონი. საერო პირებზე ვრცელდება სასულიერო პირებისაგან განსხვავებული კანონები, თუმცა, ცხადია, არსებობს საერთო კანონებიც და უნდა ითქვას, რომ ამგვარი სახის კანონები მრავალია.

სამღვდელო საიდუმლოს პირველი ქიროტონია - დიაკვნობა იწყებს ახალი სამართლებრივი ურთიერთობების დაწყებას: საერო პირი ხდება სასულიერო, ერისკაცი გარდაიქმნება დიაკვნად. დიაკონს, ცხადია, გააჩნია ერისკაცისაგან განსხვავებული უფლებები და ვალდებულებები. კერძოდ, მას შეუძლია მიეხმაროს მღვდელს ან ეპისკოპოსს მსახურების აღსრულებაში, წარმოთქვას დიაკვნისთვის დასაშვები ლოცვები, მოვალეა ატაროს წვერი და შესაბამისი შესამოსელი, ეკრძალება მონაწილეობა მიიღოს ჯვრისწერის საიდუმლოში და ა. შ. იმ შემთხვევაში, თუ დიაკონი ბერია, ე. ი. იეროდიაკონია ან არქიდიაკონი, მასზე დამატებით ვრცელდება ბერის ვალდებულებანი. საერთოდ, ბერდიაკვნები და დიაკვნები იურიდიულად თანასწორნი არიან, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. აუცილებელია აქვე აღინიშნოს, რომ ის ბერები, რომელთაც არ გააჩნიათ სამღვდელო ხარისხი, ნიკეის II მსოფლიო კრების თ (9) კანონის თანახმად, სამართლებრივად ერისკაცთა თანასწორნი არიან. აქაც მხედველობაშია მისაღები გამონაკლისი შემთხვევები, კერძოდ, ბერობასთან დაკავშირებული აღთქმები.

დიაკვნობა ასევე იწვევს გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობების შეწყვეტას. როგორც აღვნიშნეთ, ერთ-ერთია ჯვრისწერაში მონაწილეობის აკრძალვა, ანუ ჯვრისწერის უფლების ჩამორთმევა. ასევე ეკრძალება საერო სანახაობებში მონაწილეობა, საერო სამსახურში შესვლა (გარდა პედაგოგიურისა), სამხედრო სამსახურში შესვლა და სხვა.

მეორე ქიროტონია არის მღვდლად კურთხევა. მღვდლად მხოლოდ დიაკონი იკურთხება. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში ხელდასხმა აღესრულება ქიროტონიის თანმიმდევრობის მკაცრი დაცვით და ყოვლად დაუშვებელია რომელიმე საფეხურის გამოტოვება. აუცილებელია ითქვას, რომ მოციქულთა ბ (2) კანონით დიაკვნისა და მღვდლის კურთხევისათვის საკმარისია ერთი ეპისკოპოსი.

მღვდლობა დიაკვნობისგან განსხვავებით ნაკლებად აწესებს ახალ აკრძალვებს, რადგან, ფაქტობრივად, დიაკონიც და მღვდელიც სასულიერო პირია. სამაგიეროდ, დიაკვნისაგან განსხვავებით მღვდელი იძენს ახალ უფლებებს და ეკისრება განსხვავებული ვალდებულებანი.

მღვდელს უფლება აქვს:

ა) შეასრულოს ყველა საიდუმლო, გარდა მღვდლობისა;
ბ) აკურთხოს ყველა საღვთისმსახურო ნივთი, გარდა წმ. ოდიკისა;
გ) იქადაგოს საღმრთო სჯული;
დ) შეასრულოს სხვა მღვდელმოქმედებანი, გარდა წმ. მირონის კურთხევისა.

მღვდელი ვალდებულია:

ა) იზრუნოს სამწყსოზე;
ბ) იცხოვროს წმიდა სახარების მიხედვით და იყოს მაგალითი ქრისტიანული და ზნეობრივი ცხოვრებისა;
გ) შეასრულოს საეკლესიო სამართლის ყველა მოთხოვნა, აგრეთვე სინოდის განჩინებანი, საპატრიარქო და სამღვდელმთავრო კურთხევა;
დ) მკაცრად დაიცვას მსახურების განწესი, განსაკუთრებით საღმრთო საიდუმლოებისა.

ეპისკოპოსი წმიდა მოციქულებიდან მომდინარე უწყვეტი იერარქიული ხელდასხმის მადლით არის ეპარქიის საჭეთმპყრობელი და მისი კანონიკური მმართველი. ეპისკოპოსის კურთხევა, მოციქულთა ა (1) კანონით აღესრულება 2 ან 3 ეპისკოპოსის მიერ.

სამოციქულო მადლის მქონე ქრისტესმიერი მღვდელმთავარი:

ა) უფლებამოსილია შეასრულოს ყველა მღვდელმოქმედება, მონაწილეობა მიიღოს მღვდელმთავრის კურთხევაში;
ბ) წარმოადგენს ეპარქიის ადმინისტრაციულ მმართველს;
გ) წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს ეპარქიის მრევლისა და სამღვდელოებისათვის;
დ) უფლებამოსილია თავისი ომოფორის ქვეშ მყოფ ქრისტიანებს შეუფარდოს და მოუხსნას საეკლესიო სასჯელი;
ე) უფლებამოსილია გააუქმოს ჯვრისწერა დადგენილ შემთხვევებში და წესით;
ვ) უფლებამოსილია გააუქმოს, თუკი ეს დასაშვებია, გარკვეული დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც ხელს უშლის მორწმუნეს მღვდელმოქმედებაში მონაწილეობაში.

მღვდელმთავრის ქიროტონიაში გამოიყოფა სამი ხარისხი: ეპისკოპოსის, მთავარეპისკოპოსის და მიტროპოლიტის. დღესდღეობით, საქართველოს ეკლესიაში ეს ხარისხები მხოლოდ პატივით არიან განსხვავებული და მათ არანაირი იურიდიული სხვაობა არ გააჩნიათ. ყურადსაღებია მღვდელმთავრის, როგორც ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურის უფლებები და მოვალეობები. ეკლესიის საჭეთმპყრობელი, ცხადია, ქიროტონიით თანასწორია მღვდელმთავრებთან, მაგრამ აღემატება მათ უფლებრივად. მას შეუძლია მოიწვიოს და უხელმძღვანელოს წმიდა სინოდს, გასცეს კურთხევა მთელი ეკლესიის მრევლისა და სამღვდელოებისთვის, გამოიტანოს სავალდებულო ძალის მქონე განჩინება ან ბრძანება. იგი ხელს აწერს და ამტკიცებს წმიდა სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

დიდ სჯულისკანონში სამღვდელო პირთა უფლება-მოვალეობანი მოცემულია გაბნეულად და არაერთგვაროვნად. ზოგიერთი ეხება სამივე ქიროტონიის სასულიერო პირებს, როგორიცაა, მაგალითად, სამხედრო სამსახურის აკრძალვა, ზოგი მხოლოდ დიაკონს, ღვთისმსახურთათვის დახმარებასთან დაკავშირებით, ზოგიც მხოლოდ მღვდელს, წირვის აღსრულებისთვის კურთხევის სავალდებულობასთან დაკავშირებით, ასევე დიაკონს და მღვდელს, ან მღვდელს და ეპისკოპოსს ან მხოლოდ ეპისკოპოსს და ა. შ.


1. ეპ. ალექსანდრე (სემიონოვი), დასახ. ნაშრომი, გვ. 64.

2. იხ. ეპ. ალექსანდრე (სემიონოვი), დასახ. ნაშრომი, გვ. 100.

3. იხ. ვ. მეტრეველი, რომის სამართალი (საფუძვლები), თბ. 2000, გვ. 90.

4. იხ. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. VII, თბ. 1984, გვ. 267.