დავით ჩიკვაიძე

საეკლესიო სამართალის საკითხები

 

§2. მღვდელმოქმედებათა იურიდიული ხასიათი

ჩვენ წინა პარაგრაფში განვიხილეთ საღმრთო საიდუმლოთა იურიდიული ხასიათი, მათი, როგორც იურიდიული ფაქტების თვისებები საეკლესიო სამართალში. აღნიშნული თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ასევე სხვა მღვდელმოქმედებანიც, რომლებსაც აღასრულებენ მართლმადიდებელ ეკლესიაში ნაკურთხი სასულიერო პირები. ამ მღვდელმოქმედებებს სულიერის გარდა, სამართლებრივი ბუნებაც გააჩნიათ.

ა. ტაძრისა და ოდიკის კურთხევა

ერთ-ერთი უმთავრესი მღვდელმოქმედება, რომელსაც აღასრულებს მღვდელმთავარი არის ტაძრისა და ოდიკის კურთხევა. ოდიკი, როგორც ცნობილია, წარმოადგენს აბრეშუმის ნაჭერს, რომელზეც გამოსახულია საფლავში მდებარე მაცხოვარი და მისი წამების იარაღები. ოდიკში ატანებენ სიწმიდეს, ხოლო თვითონ ოდიკი თავსდება ტრაპეზზე. უოდიკოდ წირვის ჩატარება დაუშვებელია. იგი ნახევრად იხსნება მრჩობლი, ხოლო სრულიად კათაკმევევლთა კვერექსისას და იკეცება ზიარების შემდგომ სამადლობელი კვერექსისას. ტრაპეზისა (ტაძრის) და ოდიკის კურთხევას დიდი საეკლესიო მნიშვნელობა ენიჭება. იგი, ამასთან, იწვევს გარკვეულ ცვლილებებს საეკლესიო-სამართლებრივ ურთიერთობებში:

ა) ტაძარი ამ მომენტიდან ითვლება ნაკურთხად, ამიტომ მასზე გავრცელდება საეკლესიო სამართლის ის ნორმები, რომლებიც ეხებიან წმიდა ტაძარს. კერძოდ, აღაპის გამართვის აკრძალვა, შეურაცხყოფა, შებღალვა და სხვა მრავალი;

ბ) საკურთხეველი იძენს სიწმიდეს, ანუ სიმბოლიზდება სამოთხესთან. ამიტომ ამ მომენტიდან იკრძალება მასში ქალებისა და საგანგებო კურთხევის გარეშე მამაკაცების (საერო) შესვლა;

გ) თვითონ ტრაპეზი ჩაითვლება ნაკურთხად, ამიტომ მასზე შეხება აეკრძალება ერისკაცებს.

ამათ გარდა, ტაძრის და ოდიკის კურთხევა ხდება საფუძველი სხვადასხვა საიდუმლოების აღსასრულებლად. ასეთი საიდუმლოების განწესში პირდაპირაა ხოლმე მითითებული, რომ აუცილებელია მსახურების წმიდა ტრაპეზზე აღსრულება.

ბ. მირონის კურთხევა

მირონის კურთხევის უფლებამოსილება ერთ-ერთი ნიშანია ადგილობრივი ეკლესიის ავტოკეფალიისა, ვინაიდან მირონის მოხარშვისა და კურთხევის უფლება აქვს მხოლოდ ავტოკეფალურ ეკლესიას. როგორც წესი, მირონის კურთხევას აღასრულება წმიდა სინოდის მღვდელმთავრები ეკლესიის მეთაურთან ერთად დიდ ხუთშაბათ დღეს. საკუთრივ მირონი შედგება სხვადასხვა სურნელოვანი მცენარეებისა და ზეთებისაგან. მირონი, როგორც მირონცხებაზე საუბრისას აღვნიშნეთ, წარმოადგენს „ბეჭედს სულისა წმიდისა“, რომლის მეშვეობითაც ხდება დამტკიცება, „დაბეჭდვა“ საღმრთო საიდუმლოებისა. მირონის კურთხევის უმთავრესი სამართლებრივი ხასიათი იმაში ვლინდება, რომ იგი არის ნიშანი ეკლესიის ავტოკეფალიისა.

გ. ბერად (მონაზვნად) შედგომა

ბერობა (მონაზვნობა) აუცილებლად უნდა განვასხვავოთ მღვდლობისაგან, რომელიც შვიდიდან ერთ-ერთ საიდუმლოს წარმოადგენს. რაც შეეხება ბერობას, მას აღასრულებს ეპისკოპოსი ან მისი კურთხევით მღვდელმონაზონი. საბერო და სამონაზვნე პირი შედგომის წინ დებს უქორწინებლობის, უპოვარების და მორჩილების აღთქმას, რომლის დარღვევა წარმოადგენს საეკლესიო დანაშაულს. იმ შემთხვევაში, თუ საბერო (სამონაზვნე) პირი ჯვარდაწერილია და სჯულიერი მეუღლე ცოცხალი ჰყავს, ბერად შედგომა, როგორც ჯვრისწერაზე საუბრისას აღვნიშნეთ, გამოიწვევს ქორწინების შეწყვეტას. ამ შემთხვევაში სავალდებულოა მეუღლის თანხმობა. კიდევ ერთი მოქმედება, რაც იწვევს ახალი საეკლესიო-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას ბერობასთან დაკავშირებით, არის მისთვის სახელი გამოცვლა.

ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ბერი, თუ ის სამღვდელო ხარისხში ნაკურთხი არაა, სამართლებრივად ერისკაცის თანასწორად ჩაითვლება, თუმცა უფლებრივად იგი მცირედით მაინც განსხვავდება ერისკაცისგან. კერძოდ:

ა) ბერი (მონაზონი) ვალდებულია დაიცვას აღთქმა უქორწინებლობის, უპოვარებისა და მორჩილების შესახებ;
ბ) ბერს ეკრძალება იქორწინოს ან იყოს მეჯვარე;
გ) ბერს ეკრძალება დაუტეოს ბერობა და დაუბრუნდეს საერო ცხოვრებას;
დ) ბერი ვალდებულია თავისი მოქმედებები შეათანხმოს მონასტრის წინამძღვართან, უნებართვოდ არ დატოვოს მონასტრის ტერიტორია და ა.შ.

დ. ტაძრის მსახურად კურთხევა

ტაძრის მსახურად (მნათედ, მედავითნედ, მგალობლად, კერძოდიაკვნად) კურთხევა, როგორც წესი, საგანგებოდ და დამოუკიდებლად არ აღესრულება, თუმცა კი იწვევს გარკვეულ ცვლილებებს საეკლესიო სამართლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებში. ტაძრის მსახურს უფლება აქვს:

ა) შეიმოსოს სტიქარი (მამაკაცმა);
ბ) შეასრულოს საეკლესიო განწესით გათვალისწინებული საღვთისმსახურო მოქმედებანი;
გ) გარკვეული სახით შეცვალოს დიაკონი მსახურებისას.

ე. კურთხევანი

სასულიერო პირის ისეთი ყოველდღიური მღვდელმოქმედებანი, როგორიცაა ჯვრის, ხატის, წყლის კურთხევა, თუ მცირე ან დიდ კურთხევანში მოცემული სხვა მღვდელმოქმედებები გარკვეულწილად ხასიათდება საეკლესიო-სამართლებრივი ბუნებით. იმისათვის, რომ ზემოთჩამოთვლილნი სიწმიდედ ჩაითვალოს, ანუ მასზე გავრცელდეს ის საეკლესიო-სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ეხება სიწმიდეთა დაცვას თუ მათდამი მოპყრობის წესებს, აუცილებელია, რომ ისინი აკურთხოს მღვდელმა. ამიტომ, ცხადია, კურთხევის მომენტიდან მის მიმართ გამოსაყენებელი საეკლესიო ნორმების ცვლილება ნათლად მიუთითებს აღნიშნული კურთხევის სამართლებრივ ხასიათზე.

განსაკუთრებული ყურადღების ღირსია წყლის კურთხევა. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს წყლის კურთხევის ორი წესი: დიდი და მცირე აიაზმის. წყლის კურთხევა იმითაა მნიშველოვანი, რომ ნაკურთხი წყალი გამოიყენება თითქმის ყველა მღვდელმოქმედების დასრულებისას და განსწმედს ნაკურთხ ნივთს. ფაქტობრივად, ნაკურთხი წყალიც, მსგავსად მირონისა, წარმოადგენს „ბეჭედს“, რომლითაც ხდება მღვდელმოქმედების აღსრულება.

ვ. წმიდათა კანონიზაცია

მართალია, წმიდათა კანონიზაცია არ წარმოადგენს მღვდელმოქმედებას, მაგრამ იგი ხასიათდება გარკვეული სამართლებრივი ხასიათით. იგი სრულდება მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით. განჩინება წარმოადგენს დოკუმენტს, რომლის ძალითაც ესა თუ ის პიროვნება საღმრთო ნების გამოცხადების საფუძველზე შეიარცხება წმიდათა დასში. წმიდანის კანონიზაციის შესახებ სინოდის განჩინება წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ მის სახელზე დაიწეროს ხატები, ტროპარ-კონდაკები, მსახურების განწესი, აიგოს ტაძარი და სხვა. რაც არ უნდა წმიდად ჩანდეს განსვენებული კაცთა წინაშე, მისი ჩათვლა წმინდანად ოფიციალური სახით ყოვლად დაუშვებელია. ამასთან, ცხადია, დაუშვებელია მის მიმართ ზემოთჩამოთვლილი მოქმედებების შესრულება.