ავტორის შესახებ

დავით ჩიკვაიძე დაიბადა ქ. თბილისში 1983 წელს. 2001 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის 57-ე საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე. იგი პირველი კურსიდანვე დაინტერესდა სამართლის ისტორიით და კერძოდ, საეკლესიო სამართლის შესწავლით. აღნი-შნულ საკითხებს მან მიუძღვნა რამდენიმე შესანიშნავი საკონფერენციო თემა. 2002 წლიდან მუშაობს დიდი სჯულისკანონის იურიდიული მიმართულებით შესწავლაზე. მიმდინარე წელს დავით ჩიკვაიძემ წარმოადგინა საკონფერენციო თემა სახელწოდებით „შეცოდებათა (საეკლესიო დანაშაულთა) სახეები დიდი სჯულისკანონის მიხედვით“, რომელმაც მაღალი შეფასება და II ადგილი დაიმსახურა თსუ იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო კონფერენციაზე. ასევე, გასულ წელს 1-2 მაისს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაზე სახელწოდებით „აფხაზეთის საკათალიკოსოს ისტორია - გზა ქრისტიანობისა დასავლეთ საქართველოში“ მან წარმოადგინა თემა „აფხაზეთის საკათალიკოსოში მოქმედი საეკლესიო სამართლის ძეგლები“.

დავით ჩიკვაიძეს საქართველოს საპატრიარქოს რადიო „ივერიის“ ეთერში 2001-2002 წლებში მიჰყავდა გადაცემათა ციკლი „ქართული სამართლის ისტორია“, ხოლო 2002-2003 წლებში - „საეკლესიო სამართალი“, რომლის ნაბეჭდ და შევსებულ ვერსიასაც წინამდებარე წიგნი წარმოადგენს.

2003 წელს დავით ჩიკვაიძის ავტორობით გამოვიდა საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების კომენტარები.

დავით ჩიკვაიძე არის ავტორი რამდენიმე საგაზეთო სტატიისა, რომელთაგან მნიშვნელოვანია: „აბორტის კრიმინალიზაციის შესახებ“ და „ჯვრისწერის იურიდიული აღიარების პრობლემები“.

სამეცნიერო მუშაობის წარმატებით წარმართვაში დავით ჩიკვაიძეს ხელს უწყობს დიდი ერუდიცია და ღრმა წიგნიერება, კოლოსალური შრომისმოყვარეობა და, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, უცხო ენების ცოდნა. ამჟამად იგი ფლობს ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, თურქულ, უკრაინულ, ბერძნულ და აზერბაიჯანულ ენებს, აგრეთვე ლათინურსა და ძველბერძნულს.

დავით ჩიკვაიძე ხელმძღვანელობს მის მიერვე დაარსებულ საეკლესიო სამართლის კვლევით ცენტრს, რომელიც მიზნად ისახავს საეკლესიო სამართლის საკვლევი მუშაობის წარმართვას, შესაბამისი ლიტერატურის გამოცემას და საეკლესიო სამართლის პოპულარიზაციის ხელშეწყობას. წინამდებარე წიგნი ამ ციკლის პირველი გამოცემაა.