დავით ჩიკვაიძე

საეკლესიო სამართალის საკითხები

„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი
და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“
(ფს. 105; 4)

წინათქმა

წინამდებარე კრებულში წარმოდგენილი საკითხების უდიდესი ნაწილი სახელწოდებით „საეკლესიო სამართალი“ 2002-2003 წლებში გადაიცემოდა საპატრიარქოს რადიო „ივერიის“ ეთერში. ამჟამად მკითხველს ვთავაზობთ მის შევსებულ და გადამუშავებულ ვარიანტს საერთო სახელწოდებით „საეკლესიო სამართლის საკითხები“.

საეკლესიო სამართალი წარმოადგენს იმ ნორმათა ერთობლიობას, რომლებიც აწესრიგებენ ურთიერთობას ეკლესიის წევრთა შორის და, ასევე, მათ ურთიერთობას ეკლესიასთან. ყოველი ქრისტიანი მოვალეა გარკვეულ დონეზე იცოდეს საეკლესიო სამართალი, რადგან სარწმუნოებრივი და ეკლესიური ცხოვრება ორგანულადაა დაკავშირებული საეკლესიო სამართალთან. საეკლესიო სამართალმა დიდი ზეგავლენა მოახდინა საერო სამართალზე, მისმა ნორმებმა არაერთ შემთხვევაში ბიძგიც კი მისცა ქრისტიანული ქვეყნების სამართლის სხვადასხვა დარგებს. ამის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ საოჯახო სამართალი, სამემკვიდრეო სამართალი და სხვა. აუცილებელია აღინიშნოს, რომ საეკლესიო სამართალს თითქმის ყველა მართლმადიდებლურ სახელწმიფოში მოქმედი სამართლის ძალა ჰქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საერო ხელისუფლება ისევე ზრუნავდა და ზედამხედველობდა საეკლესიო სამართლის ნორმათა შესრულებას, როგორც საერო კანონმდებლობისას. დღესდღეობით, საეკლესიო სამართალი მოქმედებს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიაში, ასევე, სხვა ერთმორწმუნე ეკლესიებშიც.

ამ წიგნის მიზანია მკითხველს გააცნოს საეკლესიო სამართალი, მისი ნორმები და კანონმდებლობა, ასევე საეკლესიო-სამართლებრივი ინსტიტუტები. ცხადია, წიგნს არ ექნება იმის პრეტენზია, რომ აქ სრულად იქნება წარმოდგენილი საეკლესიო სამართალი. ჩვენი მიზანია, რომ მკითხველს, საქართველოს ეკლესიის სულიერ შვილებს ამ კრებულის გაცნობით გარკვეული წარმოდგენა შეექმნას საეკლესიო სამართლის შესახებ. თუ ჩვენს შრომას ასეთი შედეგი მოჰყვა, ვფიქრობთ რომ მიზანი მიღწეული იქნება.

ასევე აუცილებელია ითქვას, რომ განსხვავდება საეკლესიო სამართლის იურიდიული და საღვთისმეტყველო ხედვა. როდესაც საუბარია საეკლესიო სამართლის ნორმის შესწავლის შესახებ, იურისტი ეძიებს მის იურიდიულ საფუძველს, თუ რა სახითაა იგი ჩამოყალიბებული, რომელ დარგს განეკუთვნება იგი, შეიცავს თუ არა ნორმა სანქციის ნაწილს, ანუ არის თუ არა მასში განსაზღვრული სასჯელი, ასევე აზუსტებს, გულისხმობს თუ არა ნორმა სანქციას რეციდივისათვის, ანუ ხელმეორე შეცოდებისათვის. რაც შეეხება საეკლესიო სამართლის თეოლოგიურ შესწავლას, ამ შემთხვევაში ზუსტდება მისი საღვთისმეტყველო საფუძველი, თუ უფლის რომელი მცნების დარღვევად ითვლება ესა თუ ის შეცოდება, რა სარწმუნოებრივი მნიშვნელობა ენიჭება საეკლესიო სამართლის ნორმას, როგორი ეკლესიური დატვირთვა აქვს მისაგებელს, ანუ სასჯელს, რა ღვაწლს გულისხმობს ესა თუ ის ეპიტიმია და ა.შ. როგორც დავინახეთ, თითქმის ძირეულად განსხვავდება საეკლესიო სამართლის შესწავლის ორი საფუძველი - იურიდიული და საღვთისმეტყველო. თქმა იმისა, რომ რომელიმეს ენიჭება უპირატესობა მეორის მიმართ - არასწორია. მართალია, საღვთისმეტყველო კუთხით საეკლესიო სამართლის შესწავლა გულისხმობს ღვთის ნების დადგენას გარკვეულ ნორმათა შემუშავებისას და ამით, რაღა თქმა უნდა, პირველობა ეკუთვნის, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საეკლესიო სამართალი უპირველესად სამართალია და სწორედ რომ სამართლისმცოდნეთა შესწავლის ობიექტს წარმოადგენს. წინამდებარე წიგნში საეკლესიო სამართალი განხილული იქნება იურიდიული თვალსაზრისით.

მოკლედ შევეხოთ საეკლესიო სამართლის შესწავლის ისტორიას საქართველოში.

წარსულში, საქართველოს სამეფოს უმაღლეს სასწავლებლებში - გელათისა და იყალთოს აკადემიებში საფუძვლიანად ისწავლებოდა საეკლესიო სამართალი, ანუ სჯული. თუმცა, რაღა თქმა უნდა, სახელმძღვანელო არ არსებობდა. საქართველოს ძლიერების შესუსტების ჟამს საეკლესიო სამართლის შესწავლამ დაკარგა ფართო გაქანება და მის მცოდნეებად მხოლოდ ღვთისმსახურები დარჩნენ. მეფე ერეკლე II, რომელსაც სურვილი ჰქონდა შეექმნა საქართველოში თანამედროვე სტილის სასწავლებლები, საეკლესიო სამართალი შეიტანა შესასწავლ საგანთა სიაში. სამწუხაროდ, როგორც ცნობილია, ერეკლე II ეს ვერ განახორციელა. შემდგომ საქართველო რუსეთის იმპერიას შეუერთდა, სადაც საკმაოდ კარგად ისწავლებოდა საეკლესიო სამართალი. არსებობდა არაერთი შესანიშნავი სახელმძღვანელო, რომელთა საშუალებითაც ეს საგანი ისწავლებოდა რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში. ასეთები იყო, მაგალითად, სუვოროვის ავტორობით გამოცემული წიგნები; საეკლესიო სამართლის სახელმძღვანელო“ (Учебникъ церковнаго права), „საეკლესიო სამართლის კურსი“ (Курсъ церковнаго права), „საეკლესიო სასჯელთა შესახებ“ (О церковныхъ наказанiяхъ), ასევე ბერდნიკოვის „საეკლესიო სამართლის მოკლე კურსი“ (Краткiй курсъ церковнаго права), შტუტცის „საეკლესიო სამართალი“ (Церковное право). ბუნებრივია, ყველა მათგანი რუსულ ენაზე იყო გამოცემული. თავისთავად ცხადია, ქართულ ენაზე სახელმძღვანელოს ან მეცნიერული შრომის გამოცემის საშუალება იმ პერიოდში არ არსებობდა. ერთადერთი, რაც შეიქმნა იმ პერიოდში იყო ნიკო ხიზანიშვილის სტატიები, რომლებიც იბეჭდებოდა გაზეთ „ივერიაში“ სახელწოდებით „ჩვენი საეკლესიო სჯულდება“.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რამდენიმე წლის წინ თსუ-ში გადაწყდა საეკლესიო სამართლის კურსის შემოღება. ეს პირველი შემთხვევა იყო საქართველოს ამ უპირველესი უმაღლესი სასწავლებლის არსებობის მანძილზე. ბუნებრივია, იგი შეიტანეს იურიდიული ფაკულტეტის დისციპლინათა შორის.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დღითიდღე იზრდება საეკლესიო სამართლის მეცნიერულად შესწავლის მსურველთა რიცხვი. იმედია, რომ უახლოეს ხანში ამ დარგში გვეყოლება მართლაც და ღირსეული სპეციალისტები, რომლებიც თავის სიტყვას იტყვიან საეკლესიო სამართლის კვლევის დიდ საქმეში.

დავით ჩიკვაიძე