პატარა აკაკი ჯანელიძის სასწაულებრივი განკურნება (თბილისი, 2000 წ.)

ეს ამბავი 2000 წლის მაისში თბილისში მცხოვრებ აკაკი ჯანელიძეს შეემთხვა. 7 წლის აკაკი ეზოში თამაშობდა. თამაშის დროს იგი გარაჟის თავზე ავიდა, ჩამოსვლისას კი ფეხი დაუცდა, გადმოვარდა და სახის მარცხენა მხარე დაარტყა მიწას. ბავშვმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და წაიქცა, გონება დაკარგა. მაშინვე სახლში აიყვანეს. აკაკიმ ტვინის შერყევა მიიღო, მარცხენა ხელი იღრძო, სახე კი ისე ძლიერ დაუზიანდა, რომ ექიმები პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას გეგმავდნენ, რათა მას პირვანდელი სახე დაბრუნებოდა. მალამოს დადების დროს ბავშვს ისეთი ტკივილები ჰქონდა, რომ ყველა ღონით ცდილობდა, არ დაენებებინა მშობლებისთვის სახეზე შეხება.

აკაკი ორი დღე იწვა სახლში სახეზე იარებით, ტვინის შერყევით. ორი დღის შემდეგ აკაკის მამა, დავით ჯანელიძე, შინ დაბრუნდა და შვილი ასეთ მძიმე მდგომარეობაში რომ იხილა, მაშინვე ხელი მოჰკიდა და ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში წაიყვანა. 13 საათზე ბავშვს მამა გრიგოლმა ჯანმრთელობის პარაკლისი გადაუხადა, რის შემდეგაც მამა-შვილი ისევ სახლში დაბრუნდა. 16 საათზე აკაკი მამასთან ერთად ისევ წავიდა წმიდა ნიკოლოზის ეკლესიაში ლოცვაზე დასასწრებად. იქ მას შეხვდა ბებია, რომელმაც გაკვირვებით ჰკითხა, შენს იარებს ვერ ვხედავ, რომელი მხარე გაქვს დაწყლულებულიო. იმ დილით მას ნანახი ჰყავდა ბავშვი და მალამოს წასმასაც ეცადა მის ნაჭრილობევ სახეზე, მაგრამ აკაკიმ არ დაანება აუტანელი ტკივილების გამო. ამის მხილველი მრავალი ადამიანი თანაგრძნობით ამბობდა: ვაი შენს დედას, შვილოო. ახლა კი მათ თვალწინ იდგა სახეგაწმენდილი ბიჭუნა და გაოცებული შეჰყურებდა. „მე დღემდე ვფიქრობ, როგორ არ გამიკვირდა მაშინ სასწაული სახე გაწმენდილი ბავშვისა, - ამბობს დავით ჯანელიძე, - მაშინვე მკლავზე მოვკიდე ხელი შეუცნობლად; ნაღრძობი ხელი ტკივილს აღარ გრძნობდა, იარები კი სახეზე თითქოს არც ყოფილიყო. ბავშვი მუდამ ოცნებობდა ეკლესიაში მსახურებაზე და მას შემდეგ სტიქაროსანი გახდა. იმ დღესვე მითხრა: მამა, მე იმიტომ გადავრჩი, რომ ყოველდღე „მამაო ჩვენოს“ ვკითხულობდიო...“ აკაკის სასწაულებრივმა განკურნებამ სარწმუნოებისადმი გულგრილი მრავალი ადამიანი სასოებით მიახედა ეკლესიისკენ.