მესამე სართულიდან ჩამოვარდნილი ბავშვი

დედის მონაყოლი თავისი პატარა ვაჟიშვილის შესახებ

„ეს ამბავი ჩემს ვანიას შეემთხვა, როდესაც იგი შვიდი წლისა იყო. ვანია მეტისმეტად ცელქი და დაუდეგარი ბავშვი გახლდათ. ერთხელ მე იგი ჩაიზე დასაპატიჟებლად გავგზავნე თავის ნათლიასთან, რომელიც ჩვენი სახლიდან ოდნავ მოშორებით, ხუთსართულიან სახლში ცხოვრობდა.

ვანიამ ქუჩა გადაჭრა, მესამე სართულზე ავიდა და რადგან პატარა იყო და ზარის ღილაკს ვერ მიწვდა, კიბეების მოაჯირზე შედგა და ის იყო, ღილაკისთვის თითი უნდა დაეჭირა, რომ ფეხი დაუცდა და კიბეების ჭრილში ჩავარდა.

მოხუცმა შვეიცარმა დაინახა, ტომარასავით როგორ დაენარცხა ბავშვი ბეტონის იატაკს. იგი კარგად იცნობდა ჩვენს ოჯახს და ამ საშინელების ხილვისას პირდაპირ ჩვენსკენ გამოქანდა ყვირილით:

- ბავშვი, ბავშვი დაგიმარცხდათ!

ჩვენ ყველანი თავქუდმოგლეჯილნი გავექანეთ შემთხვევის ადგილისაკენ, მაგრამ როდესაც ნათლიის სახლს მივუახლოვდით, დავინახეთ, რომ ვანია თავად მოდის ჩვენს შესახვედრად.

- ვანია, შვილო, ცოცხალი ხარ? - მივვარდი და გულში ჩავიკარი. - აბა, მითხარი, სად გტკივა?

- არსადაც არ მტკივა. უბრალოდ, ნათლიასთან ზარს ვრეკავდი და ქვემოთ ჩავვარდი. იატაკზე რომ დავეცი და ვერ ვდგებოდი, უცებ ჩემთან ის მოხუცი მოვიდა, თქვენს საძინებელში სურათზე რომაა დახატული. ჯერ წამომაჯინა, მერე ფეხებზე დამაყენა და მითხრა: „კეთილად გევლოს, გასწი ახლა და აღარ დაეცე ხოლმე!“ მეც წამოვედი, ოღონდ ის კი აღარ მახსოვს, ნათლიასთან რატომ გამაგზავნეთ?

ამის შემდეგ ვანიას მთელი დღე და ღამე ეძინა და სრულიად ჯანმრთელი წამოდგა ფეხზე. რაც შეეხება საძინებელს, ვანიამ რომ ახსენა, იქ ჩვენ წმიდა სერაფიმე საროველის ხატი გვეკიდა...“

„მართლმადიდებლური სასწაულები XX საუკუნეში“, კრებული I, თბილისი, 1996 წ.