კლარჯეთის უდაბნოს სასწაულები

 

წმიდა ეპიფანე და გუნათლელი დედოფალი

ერთხელ, მკის ჟამს ნეტარი ეპიფანე მივიდა გუნათლელ დიდებულ აბდულასადთან და სთხოვა ხანძთის წილი სამკალი. დიდებულმა უთხრა, რამდენის მომკასაც შეძლებენ შენი ძმები ერთ დღეში, იმდენი წაიღეთო. ასევე დაუბარა თავის ცოლსაც, თვითონ კი გუნათლიდან სხვა მხარეს გაემგზავრა.

ნეტარმა ეპიფანემ შეკრიბა ძმები, მივიდნენ გუნათლეში და შეუდგნენ დიდი გულმოდგინებით მკას. უკეთურმა ადამიანებმა კი დრო იხელთეს და დედოფალს უთხრეს, საღამომდე მთელ ხორბალს მომკიანო. ქალმა დაიჯერა, გაგზავნა კაცი და უბრძანა მუშაობა შეეჩერებინათ. მაგრამ ძმებმა კვლავ განაგრძეს მკა, ამ დროს ნეტარი ეპიფანე მოშორებით იყო. განრისხებულმა დედოფალმა სხვები გაგზავნა, მათ ბერები ძალით გამოაძევეს ყანიდან. მაშინ მამა ეპიფანე ძმების საქციელმა აღაშფოთა, იმის გამო, რომ მათ არ უსმინეს პირველად მოვლენილ კაცს, რადგან თავად წმიდანი ჭეშმარიტად ქრისტეს მონა იყო და არ სურდა შფოთის ხილვა. წმიდა მამამ წარმოთქვა: „უფალო, შეუნდე შენს მხევალს ჩვენი შეურაცხყოფა და იზრუნეს მასზე - მოუვლინე მცირე განსაცდელი, რათა ისწავლოს გლახაკთა შეწყნარება“.

ამ სიტყვებზე უკეთურმა სულმა ქალი დასცა, რადგან საკუთარი კადნიერების გამო სულიწმიდა განშორებოდა მას. ყოველივე მაშინვე აცნობეს ღირს მამას, რომელიც ძმებთან ერთად მივიდა ქალთან და იწყო მისთვის ლოცვა. ფრიად საბრალო იყო დედოფალი და სწრაფად განიკურნა, რადგან კვლავ დაემკვიდრა მასთან სულიწმიდა საუკუნო მცველად და მას შემდეგ აღარ ვნებულა. ამის შემდეგ დედოფალი სრულიად შეიცვალა, პატიება სთხოვა ნეტარ ეპიფანეს და მის ძმებს და დიდი სიხარულითა და სიკეთით განუტევა ისინი უკან, მონასტერში.

 

ყრმის განკურნება

ერთ მორწმუნე ოჯახს ჰყავდა ვაჟი, რომელიც დაბადებიდანვე ყრუ-მუნჯი და გონება ნაკლული იყო. მას გარეგნულად არაფერი ეტყობოდა და ჩვეულებრივი ბავშვივით იზრდებოდა. როდესაც ათი წლის გახდა, იმ დროს ხალხში ნეტარი ეპიფანეს სასწაულების შესახებ იწყეს საუბარი. წმიდა მამა მივიდა სოფელში, სადაც ყრმა იზრდებოდა. ეს რომ დედამ გაიგო, წავიდა იმ გზაზე, რომელზეც ნეტარ ბერს უნდა გაევლო. როცა დაინახა, დიდი რწმენითა და ცრემლებით შეევედრა თავისი შვილის შეწყალებას. ნეტარი ეპიფანეც ატირდა და ლმობიერად თქვა: „ქრისტე ღმერთო, კაცთმოყვარებისათვის განკაცებულო და ვნებულთა განმკურნებელო, მოწყალეო უფალო, რატომ იგვემება ეშმაკისაგან ეს უცოდველი ადამიანი ჩვენ ცოდვილთა სამხილებლად?! აღურაცხელ წყალობათა უფალო, ულხინე და ყოველგვარი ჭირისაგან გაათავისუფლე იგი და მის მშობლებს სიხარული მიანიჭე“. ჯვარი გადასახა ყრმას და განკურნებული მისცა დედამისს. ნეტარი ეპიფანეს ლოცვით ბოროტი გაშორდა ჭაბუკს, იგი მაშინვე სიბრძნით ამეტყველდა და ყოველივე კარგად ესმოდა. ხოლო ვინც ეს საკვირველეა იხილა, ადიდებდა მრავალმოწყალე უფალს.

დედაკაცმა კი თავისი ქმარიც მოიყვანა და ორი ძროხა მიართვა ამ სიკეთისათვის ღირს მამას; მაგრამ ნეტარმა ეპიფანემ საქონელი ყრმას უბოძა და მთელი ოჯახი დალოცა. ისინი სიხარულით დაბრუნდნენ შინ და მადლი შესწირეს უფალს.

 

მამა მიტოის გარდაცვალება

მამა მიტოის გარდაცვალების წინ, შუაღამით მერეში სანატრელმა დედებმა - თემისტიამ და ანატოლე დაყუდებულმა იხილეს საოცარი ჩვენება. მარტოდმყოფი ანატოლე ჟამნობის დაწყებამდე მივიდა ტაძარში, ამ დროს მოიწია თემისტიამაც და ისინი ეკლესიის სტოასთან შეხვდნენ. ერთმანეთი მოიკითხეს და შემდეგ თემისტიამ ნეტარ ანატოლეს ჰკითხა: „რატომ მოხვედი? მიამბე რაც იხილე“. მან კი უპასუხა: „შენი ხილვის მსგავსად მეც ვიხილე, რომ ჩვენი მაკურთხეველი, მამა მატოი აღესრულა“ და უამბო ყოველივე: „მოვიდა ვიღაც ბრწყინვალე სამოსელით მოსილი კაცი და მითხრა: „დიდი მატოი ღვთის წინაშე მიიცვალება, გამომყევი, რათა ღირსი გახდე, იხილო მისი დიდებით მიცვალება ამ სოფლიდან ზეციურ სასუფეველში“. დავემორჩილე და გავყევი. მან მიმიყვანა ბერთის მონასტრის ახლოს, ბორცვთან და მითხრა: „შეხედე ბერთას და დაინახავ დიდებულ სანახაობას!“ და მე ვიხილე ნათლის სვეტი, რომელიც ზეცით ჩამოდიოდა მონასტერზე, მასთან ერთად უამრავი ანგელოზი. ერთი დიაკონი კი ოლარით ხელში ბრწყინვალე ხმით უგალობდა უფალს. კვლავ ვიხილე ზეცად აღმავალი წმიდა ანგელოზთა დასი, რომელთა შორისაც იყო წმიდა მატოი. იგი ხელაღპყრობილი, ნათლით შემკობილი და გამოუთქმელი გალობით აჰყავდათ მაღალთა შინა უხორცო ღვთიურ დიდებულებს. სწორედ ეს ვიხილე მე“.

თემისტიამ მიუგო: „ჭეშმარიტად სარწმუნოა შენი ჩვენება. ახლა მომისმინე: როგორც სიჭაბუკეში იყო სანატრელი მატოი მშვენიერი და აგებულებით სრული, მასზე უფრო მეტად  დიდებით შემკობილი ვიხილე იგი, გამოუთქმელი ბრწყინვალე ჟამის-წირვის შესამოსლით და ხელში ოქროს საცეცხლურით. გამიკვირდა მისი ხილვა და ვუთხარი: „როგორ გაძლიერებულხარ უძლურებისაგან, მოძღვარო?!“ მან კი მიპასუხა: „მსახურება საკურთხეველისა, რომელსაც სიყრმიდანვე ვემსახურებოდი, ახლა ამ დაუსრულებელი საკურთხევლის მსახურებით შემეცვალა, რადგან ღირსი გავხდი ზეციური საკურთხევლის წინაშე წარდგომისა და მარადის მსახურებისა“.

ამ საუბრის დროს ბერთიდან მოვიდა კაცი და მათ ნეტარი მატოის გარდაცვალება აუწყა. ნეტარმა დედებმა კი მადლობა შესწირეს უფალს, რადგან ღირსნი გახდნენ წმიდა მატოის გარდაცვალების ხილვისა.

 

წმიდა მიქაელ პარეხელის ბრძოლა ეშმაკთან

მიძნაძორის მონასტრიდან ხანძთაში მოვიდა მეუდაბნოე ბერი მიქაელი. იგი იყო ნეტარი გრიგოლის მეგობარი და განმარტოებულ ადგილს ეძებდა. მალე იპოვა კიდეც ასეთი სამკვიდრებელი ბერთას გამოქვაბულში, წმიდა განზრახვით დაემკვიდრა აქ და კეთილად წარმართა უფლისადმი თავისი სათნოება. მაგრამ ეშმაკი გლოვობდა, რადგან ხედავდა, რომ წმიდა ადამიანთა გამრავლებით სუსტდებოდა და მიქაელს ცხადად და ფარულად აბრკოლებდა, რათა დაეტოვებინა უდაბნო. მამა მიქაელი კი დიდი მოთმინებით იტანდა დაუძინებელი მტრის ვნებებს და ეშმაკის მანქანებას და სათითაოდ არცხვენდა ქრისტესა და ყოველთა წმიდათა შეწევნით.

ერთხელ მამა მიქაელი სენაკიდან მოშორებით, მაღალ მთაზე იდგა. ამ დროს ისე გაკადნიერდა ეშმაკი, რომ დიდი ქვა გადმოაგდო სიმაღლიდან, მაგრამ ქრისტე ღმერთმა სრულიად უვნებლად დაიცვა წმიდა ბერი. მამა მიქაელი შეწუხდა ამგვარი სულიერი ბრძოლებისაგან, მოწაფე გაუგზავნა თავის სულიერი მოძღვარს - მამა გრიგოლს და აუწყა ბოროტი სულისაგან მოვლენილი ყოველი განსაცდელი. მაშინ ნეტარი გრიგოლი სასწრაფოდ მივიდა სულიერ ძმასთან და უფლის ძალით სულიერად გაამხნევა იგი. წმიდა მამის დასაცველად და მტერთა განსატევებელად საკუთარი ხელით გააკეთა ვნებათა დამთრგუნველი ქრისტეს ბეჭედი - ორი ძელის ჯვარი. სენაკის მოშორებით აქეთ-იქით აღმართა ისინი, საზღვრად დაუწესა ბერს და ასე დაარიგა: „ქრისტეს ამ ორ ჯვარს შუა უშიშრად იყავი წმიდა სამებისა და პატიოსანი ჯვრის შეწევნით, ხოლო თუ გადაცილდები მათ, უფრო მეტად შეგებრძოლება ბოროტი“.

წმიდა მამებმა ერთად ილოცეს და შემდეგ მამა გრიგოლი უკან დაბრუნდა. ნეტარმა მიქაელმა კი სულიერი ნეტარება მოიპოვა, სიმდაბლის სათნოებით დასცა ამპარტავნების ვნება, რადგან თავისი ნებით კი არა, უფალზე მინდობით მოიყვანა შემწედ სულიერი ძმა - მამა გრიგოლი, რაზეც წმიდა წერილი ამბობს: „ძმა ძმისა შემწე ვითარცა ზღუდე დაუცემელი“ და იაკობი მოციქული გვასწავლის: „ერთი ერთისათვის ილოცევდით, რათა განიკურნნეთ, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვა მართლისა შეწევნად“ და ასე დაძლია ღვთის მადლით წმიდა მიქაელმა ეშმაკის ვნებები. ამის შემდეგ იგი პარეხში მრავალი წლის მანძილზე მოღვაწეობდა, კეთილად აღესრულა და იქვე დაკრძალეს. აქვეა მამა ბასილის საფლავიც, რომელიც მის შემდეგ მოღვაწეობდა პარეხში. ორივეს წმიდა განსასვენებელი რწმენით მისულ ადამიანებს კურნავს.

 

წმიდა გრიგოლი და ირემი

წმიდა გრიგოლის ლოცვითა და ცრემლით უამრავი ადამიანი იკურნებოდა, მასთან ნავთსაყუდელს არა მარტო კაცნი ჰპოვებდნენ, არამედ ველის ნადირნიც კი. ერთხელ ნეტარი გრიგოლი და ორი ძმა შატბერდის მახლობლად, მთაზე რაღაც საქმეზე იყვნენ წასულები. უეცრად მათ ირემი დაინახეს, რომელიც მონადირეებს მოემწყვდიათ: საწყალი ნადირი ვერაფრით დაუსხლტებოდა მათ ხელიდან. ირემი მონაზვნებისკენ გაიქცა და გონიერივით სწორედ ნეტარ გრიგოლთან მივიდა. თავი წმიდანის ხელზე დადო და თითქოს ატირდა მოახლოებული საფრთხის გამო. წმიდა გრიგოლმა ნუგეშისცა მას და უთხრა: „ქრისტეს სახელით, ვერაფერს გავნებს შენ ეს მტერი, ნუ გეშინია!“ ეს რომ ამ მონადირეებმა დაინახეს, ძალიან გაუკვირდათ და ადიდეს უფალი. ისინი წმიდანთა მივიდნენ, მან კი ჯვარი გადასახა მონადირეებს, აკურთხა, ირმის ნაცვლად სხვა საჭმელი მისცა და ისინიც წავიდნენ, ირემი კი მშვიდობით განუტევა.

ასეთივე შემთხვევა მოხდა ხანძთაშიც. წმიდა მამა თავის სენაკში იყო. მონასტრის მახლობლად კი უამრავმა მონადირემ ოთხი გარეული თხა მოიმწყვდია. ცხოველები სირბილით შევარდნენ წმიდანის სენაკში და ნეტარ გრიგოლს გარს შემოეხვივნენ. იგი მიხვდა ცხოველების მოსვლის მიზეზს, ნუგეშისცა მათ და ბრძანა, მონადირეებს გამასპინძლებოდნენ და შემდეგ უკან წარეგზავნათ. თავად კი ცხოველები დააპურა და მშვიდოებით განუტევა.

 

წმიდა გრიგოლი და ყრმა ბასილი

სიჭაბუკეში მამა ბასილი წმიდა გრიგოლის სახედარს უვლიდა. ერთხელ მას კისერზე წყლული გამოუვიდა. ყრმა ოთხი დღის განმავლობაში საწოლიდან ვერ დგებოდა და საშინელი სენით იგვემებოდა. ნეტარმა გრიგოლმა მოიკითხა იგი: „სად არის ყრმა ბასილი?“ ძმებმა უამბეს ბავშვის ავადმყოფობის შესახებ. მაშინ წმიდა მამამ თავისთან იხმო იგი. ძმებმა უთხრეს, რომ არ შეეძლო მოსვლა; წმიდა გრიგოლმა კი თქვა: „ჩემგან გადაეცით, რომ „გიწესს შენ მამაი გრიგოლ“. ბასილმა შეიტყო თუ არა, რომ იხმობდნენ, თავისი მოძღვრის ბრძანებით გაძლიერდა და მასთან მივიდა. ნეტარმა გრიგოლმა ჰკითხა: „რა გტკივა?“ ყრმამ ხელით უჩვენა წყლული, რომელსაც უკვე დიდი ადგილი მოეცვა. მაშინ წმიდა გრიგოლმა მაგრად დაარტყა ხელი მტკივან ადგილს და ბასილს უთხრა: „ამაოდ წარგიკვეთავს სასო, რამეთუ არა არსა ვნებაი შენ შორის სრულიად“. ყრმამ წყლულზე ხელი მოისვა და ავადმყოფობის კვალიც კი გაქრა. ხოლო ისინი, ვინც ეს სასწაული იხილა, ადიდებდნენ უფალს.

 

ნეტარი ეპიფანე - სხვათა ცრემლის შემწყნარებელი

დიდი ეპიფანე სულიერებით თავის მოძღვარს, წმიდა გრიგოლს გაუტოლდა. იგი ცრემლის დათხევით უკეთურ სულებს განაგდებდა, სნეულებს სწრაფად კურნავდა და სხვა მრავალ სასწაულს აღასრულებდა, ურჩთ გვემით განსწავლიდა და მორწმუნეებს სიკვდილისაგან ლოცვით იხსნიდა. ერთხელ, ზაფხულში რამდენიმე ძმასთან ერთად ხორასუნთან მთებით გადმოდიოდა. მათ ერთი კარგი ადგილი შეამჩნიეს და პურის საჭმელად დასხდნენ. ამ გზაზე ერთი დედაკაციც მოდიოდა, რომელსაც შვიდი წლის ვაჟი მოჰყავდა თან. ბავშვი კარგი გარეგნობისა და ფხიზელი გონებისა იყო. როდესაც ისინი ნეტარ მამა ეპიფანეს მიუახლოვდნენ, ყრმას სასიკვდილო ტკივილები დაეწყო და მისი სული სხეულიდან განსვლას ლამობდა. შეშინებულმა დედამ ხელში აიტაცა ბავშვი, წმიდანისკენ გაიქცა და საცოდავად უხმობდა: „ჰოი, წმიდაო ღმრთისაო, შემეწიე შეუწევნელსა ამას, რადგან მიკვდება შვილი და ღვთის შემდგომ შენდამი მოვივლტი“. ქალმა თავისი ძე ეპიფანეს ფეხებთან დაუწვინა. ნეტარი ბერი კი ცრემლით აღსავსე ადგა, რადგან ბუნებით მოწყალე იყო, ქრისტეს წინაშე მუხლი მოიდრიკა და თქვა: „უფალო, ღმერთო ჩვენო იესო ქრისტე, იხილე ჩემი და ამ საწყალი დედაკაცის ცრემლი და წყალობით გადმოხედე ამ ყრმას და უბრძანე მის სულს მრავალი წელი დამკვიდრდეს თავის სხეულში ამ გლახაკის ნუგეშის საცემელად და შენს სადიდებლად, მხოლოისა ძისა თანა მამით და სულით წმიდითურთ საუკუნეთა მიმართ, ამინ“. ყრმას ჯვარი გადასახა, ხელში აიყვანა და თქვა: „განგკურნავს უფალი იესო ქრისტე, ადექ ყრმაო და ცოცხალ იქმენ!“ ბავშვის სხეულს ტკივილები და უძლურებანი სასწრაფოდ დაუამდა და მის სულს ყოველგვარი ურვა გაშორდა. მხიარულად ადგა, ნეტარმა ეპიფანემ დედას დაუბრუნა და უბრძანა, მისთვის საჭმელი მიეცა. გახარებულმა ქალმა მადლი შესწირა უფალსა და წმიდა მამას და შვილთან ერთად მშვიდობით გაუდგა გზას. ეს ყრმა სიბერებდე კეთილად ცხოვრობდა და ადიდებდა ღმერთს.

„წმიდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხედვით მოამზადა თამარ ასათიანმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 45(253), 2003 წ.