ნეტარი მატრონას მიერ აღსრულებული სასწაულები

1942 წელს მოსკოვი შიმშილობდა. ქუჩაში თოვლი მუხლებამდე იდო. მე და დედას ძალიან გაგვიჭირდა. ჩემმა უფროსმა თანამშრომელთან ერთად მივლინებით რიაზანში წასვლა შემომთავაზა, ნივთების პროდუქტებზე გადასაცვლელად. მე ვიუარე იმ საბაბით, რომ ასეთი რამე არ მეხერხებოდა. მატრონამ მითხრა:

„გაემგზავრე, ნუ გეშინია, გაემგზავრე, ყველაფერს შეძლებ და სახლში ღვთის ფრთებით მოფრინდები. მე შენთვის ვილოცებ.“ გავემგზავრე. რიაზანში ვერაფერი გადავცვალე. ჩავედი რიაჟსკში. სოფელ-სოფელ ვიარეთ და როგორც იქნა ციგები პროდუქტებით დავტვირთეთ. დილით ადრე ავდექით და გზას დავადექით. დაახლოებით სამი კილომეტრი გავიარეთ. ძლივს მივარღვევდით მუხლებამდე თოვლს. ვექაჩებოდით ციგებს და უცბათ ორივენი სანგარში ჩავცვივდით. ძალაგამოცლილები ძლივს ვსუნთქვდით. გონს რომ მოვსულიყავით, თოვლის ჭამა დავიწყეთ. უცბად სასოწარკვეთილმა შევყვირე: „წმინდაო ნიკოლოზ, მიშველე, ვიღუპები!“ წამიც არ გასულა, ჩემმა თანამგზავრმა თავი წამოსწია და თქვა: „შეხედეთ, შეხედეთ, რაღაც შავი წერტილი გვიახლოვდება.“ პასუხის გაცემაც კი ვერ მოვასწარი, ვხედავ, ცხენიანი მარხილი გვიახლოვდება. ღირსეული გარეგნობის, შავ ტანსაცმელში შემოსილი, თავზე შავსკუფია დახურული, დარბაისელი კაცი გადმოვიდა და გვეუბნება: „მე რატომღაც გზიდან გადავუხვიე, ალბათ, თქვენი გულისთვის.“ და აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარით, ისე დატვირთა ჩვენი ჩანთებით მარხილი. თან გვეკითხება: „საით გაგიწევიათ?“ „რიაჟსკამდე.“ ის: „თქვენ მიდიხართ რიაზანამდე, იქიდან რომ მოსკოვს გაემგზავროთ.“ ისეთი გახევებული ვიყავი, არც კი გამკვირვებია, საიდან იცოდა, სად მივდიოდით. „მე თქვენ რიაზანამდე მიგიყვანთ.“ ვიარეთ, ვიარეთ და მოხუცმა თქვა: „ღამის გასათევად გავჩერდეთ.“ გაშლილ მინდორზე, მოულოდნელად მუხის მორებით შეკრული სახლი გამოჩნდა. „შედით ქოხში.“ შევედით. ქოხი ცარიელია, მარჯვნივ კუთხეში კედელზე ხატებია მოთავსებული; დგას მაგიდა. მაგიდის წინ, გრძელთმიანი, ფერმკრთალი მოხუცი იდგა მუხლებზე და ლოცულობდა. ჩვენთვის მას ყურადღება არ მოუქცევია, არც ხმა გაუცია. უცბად აგიზგიზებული ღუმელი დავინახეთ და გასათბობად მივცვივდით. ამდენი განცდისა და სიცივისაგან აკანკალებულები ღუმელს ჩავეხუტეთ. იქვე დავსხედით და ჩაგვეძინა. დილით ადრე გზას გავუდექით. მოხუცი, რომელიც მარხილს მართავდა, არ ლაპარაკობდა. სადგურზე მიგვიყვანა. ჩემი ციგა აიღო: „ჩქარა, ჩქარა, მოსკოვის მატარებელი უკვე გადის.“ მატარებელთან მივედით, მაგრამ იმდენი ხალხია, ბაქანი და ვაგონები გადაჭედილია. შესასვლელში მამაკაცები დგანან. შიგნით არავის აღარ უშვებენ. ჩვენმა მოხუცმა ხელის აწევით ანიშნა და მიმართა: „აბა, გაიწ-გამოიწიეთ და ესენი ვაგონში შეუშვით.“ ასვლაშიც დაგვეხმარნენ და ჩვენი ბარგიც აიტანეს. ისეთი დაღლილი და გაოგნებული ვიყავი, მოხუცითვის მადლობაც არ მითქვამს. არც დავმშვიდობებივარ. ჩამოვედით სახლში. მატრონა მეკითხება: „აბა, მითხარი, ვისი ფრთებით მოფრინდი?“

წლები გავიდა, სანამ ამ კითხვის პასუხს მივხვდი. ბინა გამოვიცვალეთ და მედვედკოვოში გადავსახლდით. ღვთისმშობლის წმინდა საფარველის სახელობის ეკლესიაში წავედი. სანთელს ვანთებ წმინდა ნიკოლოზის ხატთან და... უცებ გონება მინათდება: „ღმერთო, ხატზე გამოსახული წმინდანი და მოხუცი ხომ ის არის, ის, ვინც იქ, ტრამალზე, თოვლში დაგვეხმარა.“ მას შემდეგ გული მადლიერების გრძნობით ამევსო და წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მთელი ჩემი ძალით შევიყვარე.

დიდი დრო გავიდა ამ ამბის შემდეგ და ახლა გაკვირვებული ვუსვამ ჩემს თავს კითხვებს: „როგორ შეძლო ასე სწრაფად ციგამ ჩვენთან მოსვლა, იმ გადათხრილ, თოვლით სავსე ტრამალზე? როგორ გამოჩნდა დახმარება მაშინ, როგორც კი შველა წმინდა ნიკოლოზს შევთხოვე? რა სახლი იდგა იქ, იმ ტრამალზე? საიდან იცოდა მეეტლემ, საიდან ვიყავით და მატარებლის გასვლამდე როგორ მოვასწარით მისვლა? ვინ იყო ის მოხუცი, რომელიც ქოხში ხატებთან ლოცულობდა? და საერთოდ, იყო კი ქოხი?“

როგორ მეცოდებიან ის მცირედმორწმუნე ადამიანები, რომელბსაც ეჭვი ეპარებათ იმ სასწაულებში, ჩვენს დროში რომ ხდება.

ზინაიდა ვლადიმერის ასულ ჟდანოვას მონათხრობი

* * *

1950 წლის 6 იანვარს დამაპატიმრეს ორმოცდამეთვრამეტე მუხლით: „საეკლესიო მონარქიული დაჯგუფება.“ დაკითხვაზე ძალიან ვიღლებოდი. დედა მატრონამ იცოდა ჩემი პატიმრობის შესახებ და უხილავად მეხმარებოდა. „იქ“ ვერაფერს მიმტკიცებდნენ. ჩემთვის მოიწვიეს ჰიპნოზის სპეციალისტი და მისი ზემოქმედებით ერთ-ერთ ოქმს ხელი მოვაწერე. (საშინელებაა, როცა ამას ვიგონებ)! ის ჩემგან ყოველთვის ითხოვდა თვალებში ყურებას და მიმეორებდა: „თქვენ დამნაშავე ხართ! თქვენ დამნაშავე ხართ.“ მე ვგრძნობდი, რომ კონტროლს ვკარგავდი. ისინი დიდი დანაშაულის დაბრალებას ცდილობდნენ. ერთ დღეს ხელის მოსაწერად კიდევ ერთი ოქმი მომცეს. თვალებს არ დავუჯერე... ომიდან ახლადდაბრუნებულ ძმას, საშინელ ბრალდებას ვუყენებდი. მივხვდი, რომ ხელი მაშინ მომაწერინეს, როდესაც ჰიპნოზის ქვეშ ვიმყოფებოდი. ჩემი ხელმოწერა სასწრაფოდ გადავშალე. ვიცოდი, ჰიპნოზის სეანსები კვლავ გაგრძელდებოდა და ლოცვა გავაგრძელე. უცებ გამახსენდა მამაჩემის სიტყვები: „ჰიპნოზის წინააღმდეგ 90-ე ფსალმუნი უნდა წაიკითხო.“ - კამერაში ვიპოვე ქალი, რომელმაც ეს ფსალმუნი იცოდა. დახმარება ვთხოვე. საღამოსთვის ეს ლოცვა უკვე ზეპირად ვიცოდი. ღამით კვლავ დაკითხვაზე გამომიძახეს იგივე ადამიანი ჩემგან ითხოვდა, თვალებში მეცქირა მისთვის. მეც უშიშრად ვუყურებდი თვალებში. გონებაში კი 90-ე ფსალმუნს ვიმეორებდი. ჰიპნოზიორი თანდათანობით მდგომარეობიდან გამოდიოდა და მიყვიროდა: „შეწყვიტეთ ფიქრი!“ სიბრაზისაგან სახესა და ხელებზე ვენები დაებერა. ბოლოს ერთიანად გაოფლიანებული, გაწითლებული ტყავის დივანზე გაიშხლართა და აღმოხდა: „მე უძლური ვარ, არაფრის გაკეთება აღარ შემიძლია.“

ერთ-ერთი ყველაზე რთული დაკითხვის შემდეგ გამომძიებლის ოთახში იატაკზე მწოლიარე მოვედი გონს. აზროვნება ნელ-ნელა მიბრუნდებოდა და ქუთუთოებზე თუჯისებრ სიმძიმეს ვგრძნობდი. ყურში ძლივს მესმოდა ხმები. როგორც ჩანს, ექიმი გამოიძახეს. თავზე მზრუნველი ხელის გადასმა ვიგრძენი და მესმის: „რა უყავით!“ ქვედა ყბა ჩამოვარდნილი მქონდა. ექიმი ცდილობდა მის ჩასმას. ისევ დავკარგე გონება. გონს რომ მოვედი, ისევ სკამზე დამსვეს. რამდენ ხანს გაგრძელდა ასე, არ მახსოვს. შემდეგ ორი ჯარისკაცი შემოვიდა, იღლიებში ამომიდგნენ, დერეფანში გამათრიეს, კამერაში საწოლზე გარდიგარდმო დამაგდეს, თან ისე, რომ თავით გადმოკიდებული ვიყავი. განძრევის თავიც კი არ მქონდა. სისხლი თავში მომაწვა, მაგრამ საწოლზე მაინც ვერ ვსწორდებოდი. გონებაში მხოლოდ ერთი ლოცვა მიტრიალებდა: „ღმერთო მიშველე, ღმერთო მიშველე“ და უცებ მესმის ხმა, თანაც მკაცრი: „გახსოვდეს, ღმერთი მოწყალეა, ღვთის მიმართ ლოცვა არასოდეს არ იკარგება.“ თითქოს ძალა მომეცა, ღვთის დახმარებით ლოგინზე გავსწორდი და ისევ ბურანში გავეხვიე. ამის მერე კიდევ ბევრი საშინელება გადავიტანე ციხესა და ბანაკში, მაგრამ დედა მატრონას ლოცვით ცოცხალი გადავრჩი. ამ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე მომხდარი ამბავი მინდა გიამბოთ. როდესაც დამაპატიმრეს, დედაჩემმა დამშვიდობებისას მატრონას მიერ ნაჩუქარი კვიპაროსის ჯვარი მომცა. როგორც პატიმარი, ჩელიაბინსკში არსებულ №1 ციხეში გამანაწილეს. კამერაში ორმოცდამეთვრამეტე მუხლით ისხდნენ ქურდი ქალები. ავძვერი ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე. მძიმე ჰაერი იდგა. რამოდენიმე ხნის შემდეგ ირგვლივ სასიამოვნო სურნელი დატრიალდა. ყველას უკვირდა, ცდილობდნენ გაეგოთ, რას ასდიოდა ეს სურნელი. მეც გაოცებული ვყნოსავდი ჰაერს. უცბათ ჩემს გვერდით მყოფმა ქალმა მითხრა: „თქვენგან მოდის ეს სურნელი, თქვენი ჯვარი გამოსცემს ამ სურნელს.“ ყველა მთხოვდა, ჯვარი მიმეწოდებინა, რათა ამ სასწაულში დარწმუნებულიყო. ჯვარს სასიამოვნო და ძლიერი არომატი ასდიოდა. ბევრმა ლოცვა და ტირილი დაიწყო. კამერის ბოლოში ხანშიშესული ებრაელი ქალი იჯდა და განუწყვეტლივ იმეორებდა: „მე ამის მსგავსი არაფერი მინახავს და არც გამიგონია, მომეცით, მომეცით, მეც ვუყნოსო!“ მასაც გადასცეს ჯვარი, მაგრამ როგორც კი სახესთან ახლოს მიიტანა, სურნელი მაშინვე შეწყდა.“

ღამით მატრონა ლოცულობდა ნახევრად მჯდომარე, წამოწოლილი თვლემდა. ერთხელ როდესაც მასთან დავრჩი ღამის გასათევად, ჩუმად ვუთვალთვალებდი: იგი წინ გადაიხარა და ვირაც უხილავს ელაპარაკებოდა დაბალი ხმით. უცბად შემობრუნდა ჩემს მხარეს და საყვედურით მომმართა: „აი, აი, აი, ასე რატომ იქცევი?“

ჩემი დაპატიმრების შემდეგ დედა მატრონამ კიდევ ორი წელი იცოცხლა; ნათელი იყო, თუკი ეკლესიურობისთვის დააპატიმრებდნენ, რა ელოდა მას. ამიტომ სულ ვლოცულობდი: დაე, მე დამაპატიმრონ, ოღონდ მატრონა არა.“ მზად ვიყავი, სიცოცხლე გამეწირა, ოღონდ მისთვის ხელი არ ეხლოთ.

და აი, ჩემი საქმის გამოძიებაც დამთავრდა. მისაღებში გამომიძახეს. მაგიდასთან სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა იდგა. მისი გარეგნობა იმდენად არ შეეფერებოდა იქაურობას, რომ მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება. ეს იყო სასიამოვნო, კეთილშობილი სახის ცისფერთვალება ახალგაზრდა. მან უხეშად დამიწყო ყვირილი და მოულოდნელად ჩურჩულით მეუბნება: „მატრონას გამო ნუ ინერვიულებთ, ის ცოცხალია და თავს ჯანმრთელად გრძნობს. ამჟამად ზაგორსკშია. ხალხს ისევ ღებულობს, როგორც ღებულობდა.“ და ისევ ყვირილი განაგრძო. რაც კი შემეძლო, თავი შევიკავე. სახე გავიქვავე, ეს მწველი სიხარული როგორმე რომ დამემალა. მივხვდი, რომ ცნობა მატრონას კარგად ყოფნის შესახებ სიმართლეს წარმოადგენდა. და უცბად გონება გამინათდა. გამახსენდა, რომ ეს ადამიანი დედაოსთან მყავდა ნანახი.

დედამ გადასახლებაში ყოფნისას მომწერა მატრონა უკანასკნელი სიტყვები:

„დაე, ნურავის შიში ნუ ექნება: არც წყალში ჩაიძირება და არც ცეცხლში დაიწვება. ეს ახსოვდეს ყოველთვის და ისე იცხოვროს, როგორც პარატა ბავშვმა, - ღმერთი თავად წარმართავს მის ცხოვრებას.“

მატრონა სიკვდილის შემდეგაც მეხმარებოდა. ჩემი მომავალი მეუღლე ბანაკში იხდიდა სასჯელს. სიზმარში მატრონა გამოეცხადა და თავისი ვინაობა გაუმხილა. ხელში ეჭირა ჭიქით ჩაი, რომელიც იქვე მაგიდაზე დადგა და ესაუბრა: „მოდი, ერთად დავლიოთ ჩაი. შენ ზინას კიდევ შეხვდები, მე - არასასოდეს.“ ამ სიზმრის შემდეგ ტუნდრაში გამაგზავნეს სამუშაოდ. ჩემს შესახებ ოჯახში არაფერი იცოდნენ. მატრონას სიზმრად გამოცხადებით კი დამშვიდდნენ. მიხვდნენ, რომ ცოცხალი ვიყავი.

მატრონას ღმერთის წინაშე თავისი ლოცვით შეეძლო ადამიანის ბედის შეცვლა. მასთან ცხოვრობდა სამი წლის ობოლო გოგონა, ნინა. ის ნამდვილ ანგელოზს ჰგავდა. თუკი ვინმე ტკბილეულს მოუტანდა, თავისთვის ვერ იმეტებდა, ინახავდა. და თუ ვინმე გაჭირვებული და შეწუხებული მოვიდოდა მატრონასთან, გოგონა კითხულობდა: „ჰყავს მას შვილიშვილები?“ და მთელ ტკბილეულს მათ აძლევდა. რაღაც განსაკუთრებული იყო ეს გოგონა. 7 წლის უნდა გამხდარიყო, ერთი კვირით ადრე კი მოულოდნელად დიფტერიით გარდაიცვალა. ყველამ ძალიან განვიცადეთ, ვტიროდით. მატრონამ გვითხრა: „ნუ ტირით, მას რომ ეცოცხლა, საშინელი ცხოვრება ექნებოდა. ის იქნებოდა უდიდესი ცოდვილი და სულს წარიწყმედდა. მე შემეცოდა ნინა და ღმერთს ვევედრე, რომ ბავშვი ამ ქვეყნიდან გაეყვანა.“ გავიდა დრო და მატრონამ გვითხრა: „პატარა ნინა ვიხილე, - ის სამოთხეშია.“

ზინაიდა ჟდანოვას მოგონება

* * *

სებინოდან ოთხი კილომეტრით დაშორებულ სოფელ უსტში ინვალიდი კაცი ცხოვრობდა, - ფეხები ჰქონდა წართმეული. დახმარება მატრონას სთხოვეს. „დაე ჩემთან თავისით მოვიდეს, როგორც მოახერხებს. თუ დილით წამოვა, შუადღის შემდეგ უკვე აქ იქნება.“

იმ კაცმაც რწმენით, რომ მატრონა აუცილებლად მოარჩენდა, ის ოთხი კილომეტრი ხოხვით გამოიარა. უკან კი თავისი ფეხით დაბრუნდა. მატრონამ განკურნა იგი.

ანტონინა ბორისის ასულ მალახოვას მოგონება

* * *

ცარიცინოში პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი ეკლესია იყო. ბოლშევიკები ეკლესიის დასანგრევად და ზარის წასაღებად მოვიდნენ. მატრონამ თქვა: „კარგი, რადგან ასეა, თუ დანგრევას შეეცდებიან, ყველა ისე დაიღუპება, ტაძარში ვერც კი შევა.“ და, აი სამი კომკავშირელი შევიდა ტაძარში, იქ კი იმდენი წყალი იყო, ჩაძირვა დაიწყეს, დაიზაფრნენ. ვერაფერს მიხვდნენ, რა ხდებოდა. რაიონის აღმსასრულებელი კომიტეტიდან კიდევ ოთხი კაცი გამოგზავნეს. მათ გარედან სცადეს კიბით სამრეკლოზე ასვლა. უცებ საიდანღაც ვეება ფილა მოირღვა და ხალხი იმ სიმაღლიდან ჩამოცვივდა, ფილა ზემოდან დაეცათ და ყველა დაიღუპა.

ტაძარი დალუქეს, რამდენიმე ხნის შემდეგ, კვლავ მოვიდნენ, რაიონის აღმსარულებელი კომიტეტიდან, სურდათ, ენახათ, რა სასწაულები ხდებოდა ტაძარში. კარები გააღეს, შესვლა უნდოდათ, ვერ შეძლეს, კინაღამ გაიგუდნენ...

* * *

მატრონას ესტუმრა ერთი ქალი, რომლსაც თურმე ძალიან უნდოდა მონასტერში სალოცავად წასვლა, მაგრამ საამისო ფული არ გააჩნდა. მატრონამ მისი აზრები მაშინვე წაიკითხა: „მონასტერში გინდა და ფული არა გაქვს? გექნება, გექნება.“ რამდენიმე დღის შემდეგ ვიღაც უცნობმა ქალმა მატრონას ასი მანეთი მოუტანა. მან ეს ფული იმ ქალს მისცა და უთხრა: „ხომ გინდოდა მონასტერში წასვლა, აიღე ეს ფული და გაემგზავრე.“ ქალს ძალიან გაუხარდა. არც ელოდა ასე სწრაფად თუ შეუსრულდებოდა სურვილი. გაემგზავრა, მაგრამ უკან დასაბრუნებელი ფული აღარ ჰქონდა. შემდეგ ეს ქალი რომ ჩამოვიდა, გვიამბო, რომ კონტროლიორები ამოწმებდნენ ბილეთებს. როცა ამ ქალთან მივიდნენ და აღმოაჩინეს, რომ ბილეთი არ ჰქონდა, უთხრეს: „ბილეთი არა გაქვს, ჩადი მატარებლიდან.“ ქალს გვერდით სამხედრო პირი ეჯდა. უცბად ამ კაცმა კონტროლიორებს მიმართა: „მე კორესპონდენტი ვარ. თუ ამ ქალს თავს არ დაანებებთ, მოსკოვში უმაღლეს ინსტანციებში გიჩივლებთ.“ ისინი მაშინვე შედრკნენ და ქალს შეეშვნენ. ჩამოსვლისთანავე ამ ქალმა მატრონას ნახვა და მადლობის გადახდა გადაწყვიტა. აიღო ჩანთა, ჩაალაგა ხახვი, კიტრი, კიდევ სხვა საჩუქრები და გაემგზავრა.

ჩვენ კი ამ დროს კერძს ვამზადებდით და ხახვი არ გვქონდა. მატრონა გვამშვიდებდა: „ახლავე, ახლავე, ოც წუთში ბაზარში წავალ და ხახვიც მექნება.“ ეს ქალი ზუსტად ოც წუთში მოვიდა და ხახვიც მოიტანა. მატრონა კმაყოფილი იყო: „აი, ხომ ხედავთ, ხახვი რა ჩქარა მოვიტანეო.“

* * *

1994 წლის დიდი მარხვის დროს ქალაქ კოლომენსკიდან მოსკოვში მამა სერგი ჩამოვიდა. თან ახლდა ამავე ქალაქის ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მრევლი. მათი ჩამოსვლის მიზანი იყო, პანაშვიდი გადაეხადათ მატრონას საფლავზე და შემწეობა ეთხოვათ: კოლომენსკთან ახლოს, სადაც მართლმადიდებლებმა ჯვარი აღმართეს და სამრეკლო უნდა აშენებულიყო, ბაპტისტები თავიანთი ცენტრის აშენებას აპირებდნენ. ლოცვის ჩატარების შემდეგ მოძღვარმა მატრონას საფლავის მიწა წაიღო, რომელიც ლოცვით ჯერ ჯვრის, შემდეგ კი ამაღლებისა და გიორგიევსკის ტაძრის ირგვლივ მიმოაბნია (ამ ორ ტაძარს მუზეუმი ეპატრონებოდა და მორწმუნე ხალხს არ უთმობდა). ამის შემდეგ არც ბაპტისტების ცენტრი აშენდა და ამ ტაძრების მრევლისთვის გადაცემის საკითხიც ერთ კვირაში მოგვარდა. თვითონ მამა სერგი კი განიკურნა ისეთი ქრონიკული დაავადებისაგან, დიდი ხნის მანძილზე რომ აწუხებდა.

* * *

მოწყალე ღმერთი დედა მატრონას ლოცვით ჩემი ოჯახის განწმენდისა და ხსნის გზაზე დასაყენებლად დამეხმარა.

რამდენიმე ხნის წინ ხალხური მკურნალობის კურსები იმ იმედით დავამთავრე, რომ ჩემს ხალხს დაავადებებისგან განვკურნავდი. იმ პერიოდში ეკლესიაში იშვიათად დავდიოდი. ვიცოდი რამდენიმე ლოცვა. ხალხი ნელ-ნელა გებულობდა ჩემს შესახებ და პაციენტების რიცხვი თანდათან იზრდებოდა. მკურნალობის გასამრჯელოდ იმას ვიღებდი, ვინც რას მაძლევდა. აღებული ფული მე და ჩემს შვილს საკვებისთვის გვყოფნიდა. სეანსების დროს, სანთლებს ვანთებდი, ვიყენებდი ექსტრასენსული მკურნალობის მეთოდებს, ფსიქოთერაპიას. ყველა პაციენტი თუ ბოლომდე არ იკურნებოდა, მდგომარეობა მაინც უუმჯობესდებოდათ. დრო გადიოდა. ნელ-ნელა ჩემი საქმეები უკან-უკან წავიდა. თანაც ჩემს გოგონას დიდი ხნის ქრონიკული დაავადება გაუმწვავდა. ვერც მე და ვერც ჩემმა ნაცნობმა მკურნალებმა ჩვენი მეთოდების გამოყენებით ბავშვს შვებაც ვერ მივანიჭეთ. გოგონას მდგომარეობა თანდათან მძიმე ხდებოდა. ვერც კი შევნიშნე, ბნელი ძალების გავლენის ქვეშ როგორ მოვექეცი: ვკითხულობდი ოკულტურ ლიტერატურას, ვატარებდი სეანსებს, მაგრამ როგორც ჩანს უფალმა მაინც არ გამწირა, ბოროტ სულს უფალმა არ მისცა, ჩემზე გაბატონებულიყო. დაცემული ანგელოზი უფრო ჭკვიანია, ვიდრე ადამიანი. მან იცის მისი სუსტი ადგილი. ჩემი სუსტი ადგილი ჩემი გოგონა იყო, რომელივ დახმარებას საჭიროებდა. ნაცვლად იმისა, რომ შემწეობისათვის უფლისათვის ღვთისმშობლისა და წმინდანებისათვის მიმემართა, ჭეშმარიტ გზას ავცდი. მაგრამ უფალი არ მტოვებდა მიუხედავად იმისა, რომ ჩემს საქმეს მაინც განვაგრძობდი - ავადმყოფებს ვღებულობდი. ფულზე დახარბებული არ ვიყავი. გულწრფელად მინდოდა, ხალხისთვის დახმარება გამეწია.

ერთხელ მორწმუნე ხალხისაგან გავიგე მატრონას შესახებ. წავედი მის საფლავზე. რიგში დგომისას, ფიქრით შევთხოვე, ელოცა უფლის წინაშე ჩემი და ჩემი შვილისთვის. ჩემთვის ვთხოვე, გავერკვიე, რა ძალებით ვკურნავდი ავადმყოფებს. თუ ეს ბოროტი ძალებისგან იყო, მიეტოვებინა და ჩემთვის განწმენდის გზა ეჩვენებინა, დამხმარებოდა და არ მივეტოვებინე.

სასაფლაოზე ვიყიდე წიგნი მატრონას შესახებ. საფლავიდან წამოვიღე სანთლები, წყალი, ზეთი. სახლში მოსვლისთანავე წიგნი წავიკითხე, სანთლები დავანთე, წყალი დავლიე. ხატები დავაბრძანე, მათ გვერდით მატრონას სურათი და ცრემლით ვევედრე, გამეგო, ვისი ძალებით ვმოქმედებდი პაციენტებთან. მოულოდნელად, წინააღმდეგ ჩემი სურვილისა, თითები ისე მომეკრუნჩხა, რომ სანთლის დამტვრევას და ჩაქრობას ცდილობდნენ, მაგრამ მატრონას სანთელს ვერ მიეკარნენ. ეს იყო სწორედ ის პასუხი, რომელიც ეჭვს არ იწვევდა.

ამ მომენტიდან, ყოველდღიურად ბიბლიის კითხვას შევუდექი (ძველი აღთქმიდან გავიგე, რომ ეშმაკს შეუძლია სასწაულების ჩადენა). ვლოცულობდი დილას, შუადღესა და საღამოს. ის კი არა, ღამეც ვდგებოდი, რომ სინანულის ლოცვები წამეკითხა მაცხოვრის, ღვთისმშობლის და მფარველი ანგელოზის მიმართ. ლოცვებში შემომიერთდნენ შვილი და დედა. გარდა ამისა, დღეში რამდენჯერმე ვსვამდით მატრონას საფლავიდან წამოღებულ წყალს და ვიცხებდით ზეთს. დავდიოდი ნეტარის საფლავზე. ერთხელ იქიდან წამოღებული მიწა თავზე დავიდე, სანთელი ავანთე და შევევედრე მაცხოვარსა და მატრონას, განვწმენდილიყავი ცოდვებისაგან. უეცრად იატაკზე დავეცი, კანკალი დამაწყებინა, ყვირილი აღმომხდა. ეს რამდენჯერმე განმეორდა. სისტემატურად შვილთან და დედასთან ერთად საფლავზე დავდიოდი, ერთად ვლოცულობდით, ვეზიარებოდით. ბავშვის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. დედაჩემს, რომელსაც რამდენიმე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, ტკივილები აღარ აწუხებდა. ტაძარში, რომლის მრევლიც ვარ, მოძღვარმა მითხრა, ძველი ცხოვრება ცოტაც რომ გამეგრძელებინა, მძიმედ დავავადდებოდი და ვერაფერი ვეღარ მიშველიდა. დღეს ოჯახში ყველა კარგად ვგრძნობთ თავს, მუდმივად ვანთებთ სანთელს, ვლოცულობთ და ვმადლობთ უფალს.

1996 წ. ვალენტინა. მოსკოვი.

* * *

ჩემს ქალიშვილს ორი გოგონა ჰყავს, რომლებიც ხშირად ავადმყოფობენ. სამსახურის ხშირი გაცდენის გამო ხელმძღვანელმა მისი სამსახურიდან განთავისუფლება გადაწყვიტა. სწორედ ამ დროს წავიკითხე წიგნი ნეტარ მატრონაზე. წავედი სასაფლაოზე და დახმარება ვთხოვე. მან მომაწოდა აზრი: „უფროსს გაათავისუფლებენ, შენი შვილი იმუშავებს“. ასეც მოხდა. ჩემი შვილი გენერალურ დირექტორთან გასაუბრებაზე გამოიძახეს, რაც მიზეზი იყო იმისა, რომ ჩემი შვილის უშუალო უფროსმა მისი გათავისუფლება მოითხოვა. გასაუბრების შემდეგ იგი სხვა უბანზე გადაიყვანეს. ხელმძღვანელი კი გაათავისუფლეს.

მეორედ მატრონას ჩემს შვილიშვილ იურიზე მთხოვე. საბაჟოზე საცდელი ვადით მიიღეს. ამ დროის გასვლის შემდეგ აყოვნებდნენ მის დამტკიცებას სამსახურში იმ მიზეზით, რომ მისი პირადი საქმე დაიკარგა. როგორც კი მატრონასთან სასაფლაოზე წავედი თხოვნით, მეორე დღესვე მთავარ ინსპექტორად დაამტკიცეს და თანაც კარგი ხელფასით.

მესამედ დახმარება დედაჩემის ბინის პრივატიზაციასთან დაკავშირებით ვთხოვე. მანამდე ორი თვე მატარეს, ყოველდღე სხვადასხვა ცნობებს თხოულობდნენ. დავიტანჯე. მატრონას საფლავს მივაშურე თხოვნით. როგორც კი უკან დავბრუნდი, დედამ მითხრა, რომ ბინის თაობაზე დამირეკეს. მეორე დღეს მიმიღეს როგორც ძალზე ახლობელი. არავითარი კომისია, არავითარი ცნობები არ მოუთხოვიათ. დიდ ყურადღებას იჩენდნენ ჩემს მიმართ. გამიკვირდა მათი ასეთი შეხვედრა. როგორც ჩანს, ჩემთან ერთად იქ დედა მატრონა იყო, რომელიც მმფარველობდა. უმოკლეს დროში ბინის პრივატიზაციის მოწმობა მომცეს. მადლობა მატრონას!

მარია. მოსკოვი.

* * *

1993 წელს პირველ ნაბიჯებს ვდგამდი ღვთისაკენ. ლოცვებს ვკითხულობდი, მაგრამ აზრი ვერ გამომქონდა. ამ პერიოდში მოვხვდი მატრონას საფლავზე. მაშინ არაფერი მსმენოდა მის შესახებ. არც წიგნი მქონდა წაკითხული მასზე. უამრავი ცხოვრებისეული პრობლემა მეხვია თავს. მატრონას საფლავის მონახულებიდან მეორე დღეს, დილით, როცა ლოცვებს ვკითხულობდი, აღმოვაჩინე, რომ ყველა ლოცვას ზეპირად ვამბობდი და ყველაფერი გასაგები იყო ჩემთვის. ამ პერიოდში პრობლემები, რომლებიც გადაუჭრელი მეგონა, თანდათანობით მოგვარდა. ჩემი გოგონა, რომელიც საკვირაო სკოლაში სწავლობდა, „მამაო ჩვენოს“-აც კი ვერ იმახსოვრებდა და ზეპირად ვერ წარმოსთქვამდა. მატრონას საფლავზე ყოფნის შემდეგ კი ყველაფერი მოგვარდა.

ჩემი მეუღლე უმუშევარი იყო. ძალზედ გვიჭირდა ეკონომიურად. ვევედრებოდი მატრონას, დახმარება გაეწია ჩვენთვის. ჩემი მეუღლე ერთგან გასაუბრებაზე იყო დაბარებული. იმდენად იმედგადაწურულები ვიყავით, რომ გადავწყვიტეთ, კომისიაზე არც გასულიყო. დილით სიზმარში ვნახე, ვითომ მატრონას საფლავზე ვიყავი. მისი ხმა კი მეუბნება: „აუცილებელია გასაუბრებაზე წასვლა. პირველად მოგეჩვენება, რომ ეს ის არ არის, რაც გინდათ, მაგრამ შენი ქმარი აუცილებლად უნდა წავიდეს.“ ეს იყო ოთხშაბათს. ხუთშაბათს მეუღლე გასაუბრებაზე წავიდა. ორშაბათს კი უკვე მუშაობა დაიწყო.

დიდება უფალს! მატრონას ლოცვით უკვე ერთი წელია სოლიდურ დაწესებულებაში თავისი სპეციალობით მუშაობს და თანაც – მაღალი ანაზღაურებით.

იულია სილჩენკოვა. ზელენოგრადი. მოსკოვის ოლქი.

* * *

ჩემს ნაცნობ ქალს ათი წლის შვილიშვილი – გოგონა გაუხდა ავად. ბავშვი რეანიმაციაში იწვა. იმდენად კრიტიკული იყო ბავშვის მდგომარეობა, რომ ექიმები მშობლებს გადარჩენის იმედს არ აძლევდნენ. მშობლები, ბებია, ბაბუა, ამას, ცხადია, მტკივნეულად განიცდიდნენ. და... ბებია ნეტარი მატრონას საფლავისკენ გაეშურა. შევნიშნავ, რომ ეს ქალი მთელი თავისი სიცოცხლე ურწმუნო იყო, თანაც – მოუნათლავი. მრავალი წელი სკოლაში ისტორიისა და ათეიზმის პედაგოგად მუშაობდა. და აი, საფლავზე მიიღო კურთხევა: სასწრაფოდ მონათლულიყო ტაძარში და ქრისტიანული ცხოვრების ყველა წესი შეესრულებინა. ამით ის დაეხმარებოდა ავადმყოფ შვილიშვილს. ყოველივე ეს მატრონას საფლავზე მომსახურე მონაზონმა უთხრა, მან ზედმიწევით შეასრულა. ბავშვი გამოჯანმრთელდა, სკოლაში დადის, ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობს და ახლობლების გულს ახარებს. გმადლობთ მატრონა.

ო. მარკინა. მოსკოვი. 1997 წ.

თარგმნა ნინო წერეთელმა
„ნეტარი მატრონას ცხოვრება და სასწაულები“, თბილისი, 2003 წ.