ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „შენ ხარ ვენახის“
მიერ აღსრულებული სასწაულები

(პირველი ნაწილი)

პირველი სასწაული ხატისა ,,შენ ხარ ვენახი“

ვიყავი ათეისტი. ეჭვი მეპარებოდა ღმერთის არსებობასა და ყოვლისშემძლეობაში. ვგმობდი ღმერთს. ხშირად მითქვამს, ჩემი თავის ღმერთი მე ვარ. მყავს მორწმუნე მეუღლე. მაღიზიანებდა მისი ლოცვა, განსაკუთრებით, მუხლის მოდრეკა. არაფრად მიმაჩნდა ეკლესია. პატივს არ ვცემდი მღვდლებს. მეგონა, ისინი ხალხს ატყუებდნენ.

მიუხედავად ჩემი დაჟინებული მოთხოვნისა, მეუღლემ არ მიატოვა ეკლესია. ზოგჯერ მიყვებოდა უფლის, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ან რომელიმე წმინდანის მიერ მოხდენილ სასწაულებს. ყოველივე სისულელედ მიმაჩნდა, ხალხის მოსატყუებელად მოგონილი მეგონა.

ქრისტეშობის წინა დღეს, 6 იანვარს (25 დეკემბერი) მეუღლე შემეხვეწა, მხოლოდ ერთხელ წავყოლოდი ტაძარში საღამოს ლოცვების მოსასმენად. დავეთანხმე და წავედი მოციქულთა თავთა წმინდათა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში. ვიგრძენი მორწმუნეთა გასაოცარი სიყვარული ერთმანეთის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ინვალიდი ვარ, ფეხი მტკივა და წელის არეშიც ძლიერი ტკივილები მქონდა, ლოცვისას ფეხზე დგომა არ გამჭირვებია.

ამ საბედნიერო დღეს ერთ-ერთი მორწმუნის მიერ დაწერილი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის „შენ ხარ ვენახის“ ხატი აკურთხეს.

ლოცვამ ჩემზე გასაოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. პირველად დავესწარი რა ლოცვას ეკლესიაში, პირველად ვემთხვიე ხატებს. პირველი ხატი, რომელსაც ვემთხვიე ზეთისცხების წინ, იყო ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი „შენ ხარ ვენახი“. ამ დღის შემდეგ მე წელი არ მტკივა. ვირწმუნე ღმერთი.

ოტია ნაჭყებია. 24.01.96

P.S. მეორე კურნების შესახებ, რომელიც იმ საღამოს მოხდა და უხერხულობის გამო ვერ ჩაწერა განკურნებულმა, ტაძრის წინამძღვარს უშუალოდ ამცნო პირად საუბარში.

 

* * *

14 იანვარს მეორედ ვიყავი მოციქულთა თავთა წმინდათა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში და ვისმენდი თქვენს მიერ აღვლენილ წირვას. ,,რომელი ქერუბიმთას“ გალობისას თქვენ რომ აკმევდით, დავინახე საკურთხეველში დაბრძანებული ღმრთისმშობლის ხატი „შენ ხარ ვენახი“ მთლიანად გაბრწყინდა არაჩვეულებრივი ბრწყინვალებით. ჩემს დას, რომელიც ჩემს გვერდით იდგა ვკითხე, ხედავდა თუ არა ხატის ბრწყინვალებას, მიპასუხა, ვერ ვხედავო. ვიფიქრე, შეიძლება მზის სხივია-მეთქი, მაგრამ კვლავ განმეორდა. საკურთხეველში რომ ეზიარებოდით, ღმრთისმშობლის ხატი კვლავ მთლიანად გაბრწყინდა. მრევლის ზიარებისას ბრწყინავდა მხოლოდ ღმრთისმშობლის გვირგვინი. ეს უჩვეულო გაბრწყინება ნელ-ნელა გამოკრთებოდა და მეორდებოდა.

მეორე გაბრწყინებისას ისევ მივმართე ჩემს დას, კვლავ მითხრა, არ დამინახავსო.

წირვის შემდეგ ვფიქრობდი, რომ ყველაფერი მზის სხივის ზემოქმედებით ხდებოდა, თუმცა მზის სხივი არც ერთი მხრიდან არ ეცემოდა ხატს. ეს აზრი ჩემს დას გავუზიარე. მან მიმითითა სხვა ხატზე, რომელსაც მზის სხივი ეცემოდა და მკითხა, ასეთი ნათელი ხომ არ ჰქონდა იმ დროს ღმრთისმშობლის ხატსო. მე უარვყავი, ვინაიდან ის იყო უჩვეულო, სხვანაირი ბრწყინვალება.

ჯვრის მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ ბასილის
სულიერი შვილი ნაირა დიასამიძე საგურამო.
17.01.96

 

* * *

მოციქულთა თავთა წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში ვნახე საკურთხეველში დაბრძანებული ახლადნაკურთხი ღმრთისმშობლის ხატის ,,შენ ხარ ვენახის“ გაბრწყინება. განათდა ღმრთისმშობლის სახის ნახევარი იესოსთან ერთად. ვიფიქრე სარკმლიდან შემოსული მზის სხივი ხომ არ ეცემა-თქო, მაგრამ როდესაც შევადარე მზის სხივით განათებულ სხვა ხატს, ისინი ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავდებოდა. ღმრთისმშობლის სახეს, ყრმით, თეთრი ღრუბელივით ნათება ედგა და ნახევრად ბუნდოვნად ჩანდა სახეები. რასაც ვხედავდი, თვალი მოვარიდე, ისევ შევხედე, ხატი ისევ ისე იყო განათებული. ჩავაშტერდი, კარგად დავაკვირდი და ვიგრძენი, როგორ მომაწვა თვალებზე რაღაც ძალა და თითქოს თვალებში შემოჭრას ლამობდა, ვერ გავუძელი, თვალი ავარიდე, მეგონა გადავვარდებოდი, ისე შემაწუხა თვალებზე მოწოლილმა ძალამ. კვლავ შევხედე ხატს. განათებული იყო, ცოტა ხნის შემდეგ ნათება გაქრა.

ვიფიქრე, ალბათ მომეჩვენა, ჩემისთანა ცოდვილი ასეთი სასწაულის ხილვის ღირსი როგორ გავხდებოდი-თქო. ეს ყველაფერი გადამავიწყდა. რამოდენიმე კვირის შემდეგ მოძღვარმა ამბიონიდან თქვა, რომ მრევლს ჰქონდა ხილვა ამ ხატიდან. არც მაშინ გამახსენდა, რაც ვნახე. მხოლოდ გაზეთ „7 დღის“ 1996 წლის პირველი ნომრის მეორედ გადაკითხვის შემდეგ, სადაც დაბეჭდილი იყო წერილი ამ ხატის სასწაულებზე, გადავწყვიტე მომეთხრო ყოველივე.

ლალი, ტაძრის მრევლი
19.05.96

 

* * *

აპრილის შუა რიცხვებში პირველად ვიყავი მოციქულთა თავთა წმინდათა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში, სადაც საკურთხეველში დასვენებულია ღმრთისმშობლის ახალი ხატი ,,შენ ხარ ვენახი“, რომლის დანახვა მხოლოდ მგალობელთა ქორედიდან შეიძლება.

შთაბეჭდილება და რწმენა იმდენად დიდი იყო, რომ იმ ღამეს სიზმარში ვნახე, თითქოს ამ ეკლესიაში დიდი ზეიმი იყო. უამრავი ხალხი მოსულიყო სალოცავად. ეკლესიის შიგნით თუ გარეთ ხალხის ტევა არ იყო. ირგვლივ ისმოდა გალობა, ლოცვა, ინთებოდა სანთლები. ხალხს ეკლესიაში შესვლა უნდოდა, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ ახერხებდნენ. მე მოვახერხე შიგნით შესვლა. ტაძარში ფეხის წვერებზე ვიწეოდით ღმრთისმშობლის ახალი ხატის ,,შენ ხარ ვენახის“ დასანახად. მაგრამ ხატი არ ჩანდა, ხალხი ვერ ხედავდა და იძახდნენ ადგილი უნდა შეეცვალოს, ისეთ ადგილზე უნდა დაასვენონ, რომ ყველამ დაინახოსო.*

მზია ივანეს-ას ხუროშვილი
18.05.96

 

* * *

მე, ჩემი შვილები და შვილიშვილები მივდიოდით მანქანით. მუხრუჭმა უმტყუნა. სიჩქარის შენელება და მანქანის გაჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა. ქუჩა საკმაოდ ვიწრო იყო და ჩახერგილი ორივე მიმართულებით მიმავალი მანქანებით. ერთდროულად რამდენიმე მანქანა უნდა შეჯახებოდა ერთმანეთს და შედეგიც უმძიმესი იქნებოდა. თითქმის სასოწარკვეთილებმა შევყვირეთ და შემწეობა ვთხოვეთ ღმრთისმშობლის ხატს ,,შენ ხარ ვენახი“ (ეს ხატი, უკურთხებელი, უბეში ედო ჩემს შვილს). არანაირი გამოსავალი არ ჩანდა... არც ადამიანის გონებას, არც მოხერხებას არ შეეძლო ამ სიტუაციიდან თავის დაღწევა. ჩვენ არ ვიცით, როგორ გავიარეთ ერთმანეთთან მიჯრილ მანქანებში და აღმოვჩნდით უსაფრთხო ადგილას. დიდხანს ვისხედით მანქანაში მომხდარი სასწაულით გაოგნებულები და ხმას ვერ ვიღებდით, მხოლოდ შეშინებული ბავშვის ტირილმა გამოგვაფხიზლა.

დიდება უფალს.

მანანა არჩვაძე

 

* * *

16 აპრილს, ღამით, საავადმყოფოში მივიყვანეთ ახლობელი, რომელსაც ნეკნების მოტეხილობა და ფილტვის ქსოვილის დაზიანება დაუდგინდა. მოსალოდნელი იყო შემდგომი გართულებები. მდგომარეობა საკმაოდ მძიმე და სახიფათო იყო. თითქმის უჩერდებოდა სუნთქვა. საჭირო გახდა ძლიერი ტკივილგამაყუჩებლის გაკეთება.

საავადმყოფოში წავაბრძანეთ ხატი ,,შენ ხარ ვენახი“, აღვავლინეთ ღმრთისმშობლის პარაკლისი. შუაღამისას მორიგე ექიმმა რომ გასინჯა, მდგომარეობა ბევრად უკეთესი იყო. დილით კვლავ გასინჯა ორმა სხვა ექიმმა. ავადმყოფის მდგომარეობა დილით და მდგომარეობა რენდგენის მიხედვით, რომელიც მას საავადმყოფოში მიყვანისთანავე გაუკეთდა, შეუსაბამო იყო. დილით ის თითქმის ჯანმრთელად გრძნობდა თავს. ჩვენ კი ეჭვი არ შეგვპარვია, რომ კურნება მოგვიხდინა ხატმა ,,შენ ხარ ვენახი“.

მანანა არჩვაძე

 

* * *

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის „შენ ხარ ვენახის“ კურთხევას ვერ დავესწარი.

შობას წირვაზე აღსავლის კარი რომ გაიღო, ხატი პირველად მაშინ ვიხილე. სიხარულით ამევსო გული. ჩუმად, ხელებაფარებული ვტიროდი. ხატს შუბლსა და თვალებზე ცისფერი ნათელი ედგა. ბოლოში ვიდექი და მხოლოდ ღმრთისმშობლის სახეს ვხედავდი. წირვა რომ დამთავრდა და ჯვარს ვუახლოვდებოდი, ვნახე ხატს მთლიანად ცისფერი ნათელი ედგა ისე, რომ მაცხოვარი ვერ შევნიშნე. მეორედ რომ მივედი ტაძარში, მხოლოდ მაშინ დავინახე მაცხოვარი. ნათლისღების დღესასწაულზე ხატი ვიხილე ისევ ცისფერ ნათელში. 18 თებერვალს კი ჯვარზე მთხვევისას თვალებზე ედგა მკრთალი ცისფერი ნათელი. ჯვრის მთხვევა რომ მთავრდებოდა, ხატი მთლიანად მოიცვა ცისფერმა ნათელმა.

ქეთევან ღამბაშიძე
18.02.96

 

ყოფილი ,,იეღოველის“ მონათხრობი

ურწმუნო არასოდეს ვყოფილვარ, რაღაცის ყოველთვის მწამდა და მჯეროდა. ამ ბოლო დროს ძალიან ვირწმუნე ღმერთის, რომელსაც იეღოვას ეძახიან. წავიკითხე ძველი და ახალი აღთქმა. ვკითხულობდი ყოველგვარ ჟურნალებსა თუ ბროშურებს, რომელსაც ,,საგუშაგო კოშკს“ ეძახიან. ვისმენდი სისტემატიურად მათ ქადაგებებს, რომელიც მომწონდა და მიზიდავდა. ბოლოს ვირწმუნე კიდეც. როცა ჩემი მეზობელი გიორგი მართლმადიდებლობაზე მესაუბრებოდა, ვუსმენდი, მაგრამ არაფერი მჯეროდა. არ მჯეროდა არც ხატების, სანთლების, ეკლესიის და მღვდლების. ვერც სულის უკვდავება ვირწმუნე, სასაცილოდ მეჩვენებოდა.

ერთხელ ეზოში გიორგი რაღაცას წვავდა. შევეკითხე რას წვავ-მეთქი. ეკლესიიდან ღმრთისმშობლის ხატი ,,შენ ხარ ვენახი“ მოვიტანე, გარშემო ზედმეტი ქაღალდები შემოვაჭერი და იმას ვწვავო. ამ ხატმა ბევრი სასწაული მოახდინა და მომავალშიც მოახდენსო.

სასაცილოდ არ მეყო, როგორ ყველაფრის სჯერა-თქო. დახატულ ხატს რა უნდა შეეძლოს, მოიგონებენ რაღაცას და ირწმუნებენ-თქო.

დავიწყე რომანის კითხვა. გული ვერ დავუდე. რატომღაც ძალიან მინდოდა ხატის ნახვა. თან მეშინოდა. რაღაცამ მძლია და ავედი გიორგისთან. ვუთხარი მაჩვენე შენი ხატია თუ სურათი მეთქი, თან მეცინებოდა. ხატს რომ დავხედე, ფერები მომეწონა, კარგი ნამუშევარია-თქო და მაგიდაზე დავდე. მერე ჩემდა უნებურად ისევ ავიღე და დავაკვირდი, მომეჩვენა თითქოს ხატმა ფერი იცვალა, თვალები დაახამხამა, თვალის გუგა გაუცისფერდა. ყურადღება არ მივაქციე, მომეჩვენა-თქო და გავიცინე. შემდეგ გიორგის ძმას ვაჩვენე, თემო, კარგად დააკვირდი, თუ ამჩნევ რაიმეს? მაგრამ ისევ გამოვტაცე და კარგად დავაკვირდი, იგივე დავინახე, ოღონდ ახლა ღმრთისმშობელს თავსაბურავი გადაუსრიალდა და დიდი ნაწნავები გამოუჩნდა. შიშმა ამიტანა, თავბრუ დამესხა, ცუდად გავხდი და გარეთ გავვარდი. შევედი მეზობელთან, რომელიც იეღოვას მორწმუნეა, სულმოუთქმელად მოვუყევი, რაც ვიხილე. ისტერიულად ვტიროდი. მან დამიყვირა, გადი აქედან, არ დამენახო, ეშმაკები დაგეუფლა, სად გინახავს სურათი თვალებს გიპაჭუნებდესო.

ტირილით შევედი სახლში ჩემს დასთან, ვკანკალებდი. რომ დავმშვიდდი, ავედი გიორგისთან. გიორგიმ მაჩვენა ხატი, მაგრამ ვერ დავხედე. მეორე დღეს მეზობლის მოცემული ,,იეღოვას“ ჟურნალები და წიგნები მათვე დავუბრუნე. ხოლო დანარჩენი ეკლესიაში წავიღე და დავწვი. 17 წლის ვარ და მონათვლაზე არ მიფიქრია, არც ვაპირებდი, მშობლებსაც არ დავემორჩილე. ვარ ლტოლვილი გალიდან, რატომღაც მჯერა, იქნებ მართლაც დამიბრუნოს რწმენა ღმრთისმშობლის ამ ხატმა. ერთი სული მაქვს, როდის მოვინათლები. სისტემატიურად ვივლი ეკლესიაში. ეს ხატი ყოფილიყოს ჩემი მფარველი.

ნანი უზარაშვილი
11.04.96.

P.S. – გარკვეული მომზადების შემდეგ ნანა მოინათლა და მოციქულთა თავთა წმინდათა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის მრევლი გახდა (დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი)

 

* * *

ქრისტეს შობის წინა დღეს, 6 იანვარს, ახლად შექმნილი ხატის ,,შენ ხარ ვენახის“ კურთხევამ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

იმ დღეებში ბებია შეუძლოდ იყო, აღარ ჭამდა და სარეცელიდან წამოდგომაც უჭირდა. მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, ლოგინს მიეჯაჭვა. ღმერთს სთხოვდა, ამ ქვეყნიდან გამიყვანეო. ოჯახს იმედი გადაეწურა.

შაბათი იყო. ლოცვაზე მაგვიანდებოდა. ჩვეულებისამებრ, სახლიდან გასვლის წინ ბებიას ვეუბნებოდი – წავედი-თქო, ის კეთილ მგზავრობას მისურვებდა. არც ამჯერად ვუღალატე ჩვეულებას, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე, მისუსტებული იწვა და ხმას არ იღებდა.

დამწუხრებული წავედი ტაძარში. ლოცვა დაიწყო, საკურთხევლის კარი გაიღო და აცრემლებულმა ღმრთისმშობლის „შენ ხარ ვენახის“ ხატს შევევედრე ბებიას განკურნება, ვთხოვდი ფეხზე დაეყენებინა.

ლოცვის შემდეგ სახლში რომ დავბრუნდი, კარის გაღებისთანავე გაკვირვება ვერ დავმალე. ბებია მაგიდასთან მიმჯდარიყო და მადიანად მიირთმევდა, დამინახა და შემომძახა, ნუ გეშინია, კარგად ვარო და ჭამა გააგრძელა.

გაოცებული ხმას ვერ ვიღებდი. შემდეგ ვკითხე, ვინ წამოგაყენა, სუფრა ვინ გაგიშალა? ომახიანად მიპასუხა, რომ ყველაფერი თვითონ შეძლო, დაუხმარებლად. თან დააყოლა, შენ რომ ეკლესიაში წახვედი, ნახევარ საათში ძალ-ღონის მომატება ვიგრძენიო.

ეს ნახევარი საათი დაემთხვა ზუსტად იმ დროს, რაც მე მჭირდებოდა ეკლესიამდე მისასვლელად და ზუსტად იმ მომენტს, როცა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელ მარიამს შევევედრე. თხოვნა და განკურნება ერთდროულად მოხდა.

სიხარულს ვერ ვფარავდი, დიდება ღმერთს, მადლობა ღმრთისმშობელს.

ეს ამბავი ზოგმა დაიჯერა, ზოგმა არა, შემთხვევითობას მიაწერდნენ ყველაფერი დაემთხვაო, მაგრამ მწამს, რომ ბებია ახლად შექმნილმა ხატმა განკურნა.

 

* * *

შობის წინა დღეს ლოცვისას ,,შენ ხარ ვენახის“ ღმრთისმშობლის დიდებული ხატი მოაბრძანეს. როგორც შევხედე, ვიცანი, ეს ის ხატი იყო, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ სიზმარში გულზე დამაბნია. მის მერე გულში ვატარებ. მეტი სიხარულისაგან ამ ხატის მომხატველ ირაკლის ვეამბორე. მას შემდეგ ძალიან ხშირად მახსენდებოდა ჩემგან სიზმრად ნანახი და მინდოდა, ჩემი მოძღვრისთვის მეთქვა. ერთხელაც სიზმარში იგივე ხმამ მომიყვანა ტაძარში, დამაყენა აღსავლის კართან და ვთქვი: მამაო, ეს ის ხატია, უფალმა გულზე რომ დამაბნია, ოღონდ ის პატარა იყო-მეთქი.

მეორე დღეს გვეუბნებით, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ამ დიდებული ხატის რეპროდუქცია, სახლში სალოცავად გექნებათ. კიდევ არ ვაპირებდი ნანახის მოყოლას, მაგრამ ახლა კი სიზმარში სახელით მომმართა: მასტრიდია, უთხარი მოძღვარს, რატომ არ ეუბნები? და მეც გიამბეთ, როგორც იყო.

მასტრიდია გობეჯიშვილი-რეხვიაშვილი

 

* * *

ამა წლის 21 აპრილს, კვირაცხოვლობას, დიდი გამოსვლის შემდეგ, უეცრად დიდმა სინათლემ მიიქცია ჩემი ყურადღება: იგი აშკარად ღმრთისმშობლის ,,შენ ხარ ვენახის“ ხატიდან გამოდიოდა. გაკვირვება ვერ მოვასწარი, რომ ღმრთისმშობლის მარჯვენა მხარე ზღვისფერი ნისლით დაიბურა. იგი იწყებოდა ნორჩი რტოდან და ნახევარ სახეს ფარავდა; ცოტა ხანში მარცხენა მხარეს გადაინაცვლა, შემდეგ კი თითქოს მსუბუქი, გამჭვირვალე ცისფერი პირბადე ჩამოეფარა დედაღმრთისას და მხოლოდ თვალები უჩანდა. გაოგნებული მივჩერებოდი ხატს და ცრემლები ღაპა-ღუპით მდიოდა. ,,ლია, ხატს შეხედეო“ – სწორედ ამ დროს მითხრა იამ. ,,შენ რას ხედავ?“– ჩუმად ვკითხე. ,,ცისფერი მოსახვევი ჩამოიფარა სახეზეო“ – მითხრა. მანაც ზუსტად იგივე დაინახა, რაც მე. ერთი წუთით თვალები დავხუჭე. როცა გავახილე, შარავანდედი და თავსარქმელიც ოქროსფრად უციმციმებდა. იაც ხედავდა. სხვებისთვის არაფერი მითქვამს. იმ დილით, ძლივს მოვედი ეკლესიაში, ყველა სახსარი მტკიოდა, ახლა კი მხოლოდ ტერფების ტკივილს ვგრძნობდი. ,,რა იქნება, ისეთი ფეხსაცმელი მქონდეს, ტერფები არ მტკიოდეს-მეთქი“ – უნებურად გავიფიქრე და 100-ჯერ ვთქვი სკვნილზე ,,შენ ხარ ვენახის“ იამბიკო.

სახლში დაბრუნებულს, ჩემი ქალიშვილი ნათია მრავალმნიშვნელოვანი ღიმილითა და გაბრწყინებული სახით შემხვდა: „აბა ნახე, დედიკოო!“ – და ჩანთიდან „ამოაძვრინა“ ძალიან რბილი, დაბალ ქუსლიანი ფეხსაცმელი. ჩავიცვი დასიებულ ფეხებზე და ჩუსტივით მომერგო. უდიდესი სიხარული დამეუფლა: ჯერ ერთი, დავრწმუნდი, რომ ღმრთისმშობელმა ნამდვილად მაჩვენა თავისი ბრწყინვალების რაღაც ნამცეცი, რადგან ასე უცებ ამისრულა ის უნებური ნატვრა, ტერფების ტკივილმა რომ წამომაცდენინა; და მეორეც, ჩემი გოგონას ყურადღებამ გამახარა: მადლობა ღმერთსა და ღმრთისმშობელს ასეთი მეგობარი შვილები რომ მაჩუქეს!

ლია ბარბაქაძე

 

* * *

მარტის შუა რიცხვებში სამხრეთ აფრიკაში გასამგზავრებლად ვემზადებოდი. ჩემმა მეუღლემ, რომელიც გაზეთ ,,7 დღის“ მორიგე რედაქტორი იყო, გაზეთის ახალი ნომერი მოიტანა და მირჩია წამეკითხა სტატია ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატზე, რომელიც მოციქულთა თავთა წმინდათა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარს დაეწერა სპეციალურად ,,7 დღისათვის“. სტატიის წაკითხვა აფრიკაში ჩასვლიდან მხოლოდ რამოდენიმე დღის შემდეგ მოვახერხე, ინდოეთის ოკეანის ნაპირზე მდებარე ქალაქ ისთ-ლონდონის სასტუმროში, სადაც ჩვენი სემინარი ტარდებოდა.

ერთ საღამოს, აფრიკული ნაკრძალიდან ახლად დაბრუნებულმა დიდი შთაბეჭდილებებით და საკმაოდ დაღლილმა, პირველად იქ ყოფნისას, მოვინდომე ოკეანეში ბანაობა. თითქმის ძალით წავიყვანე ჩემი მეგობარი – რუსი კოლეგა.

ოკეანე ღელავდა, როგორც მერე გავარკვიე, მიქცევა დაწყებულიყო, მობანავენი არ ჩანდნენ. ჩვენ საკმაოდ შორს შევცურეთ და უკან რომ მოვცურავდით, სისუსტე ვიგრძენი. აღმოჩნდა, რომ ნაპირიდან ძალიან შორს ვიყავი.

ჩემი მეგობარი კი უკვე ნაპირზე გასულიყო.

ძლიერი ტალღები მირტყამდა. წყალიც ვყლაპე. პანიკამ მომიცვა. ვგრძნობდი, წინ ვერ მივიწევდი, ყვირილი დავიწყე, შველას ვითხოვდი. ჩემი მეგობარი მოცურდა, გამამხნევა და ისევ ნაპირისაკენ გაცურა. სასოწარკვეთილს ნაპირი ძალიან შორს მეჩვენებოდა... ამ დროს მეხსიერებაში ამოტივტივდა და ცაზე გამოჩნდა ,,შენ ხარ ვენახის“ ხატი, რომლის შესახებ წინა დღეს ვკითხულობდი. შველა ვთხოვე... ცოტა ხნის შემდეგ ფეხქვეშ სილა ვიგრძენი. რის ვაი-ვაგლახით ნაპირზე გავედი და ქვიშაზე დავეგდე... იმ ღამეს სიცხე მომცა.

ეს ამბავი ჩემს მეუღლეს ვუამბე და ვთხოვე ,,შენ ხარ ვენახის“ ხატი ტაძარში ერთად გვენახა. ორჯერ მივედით მოციქულთა თავთა წმინდათა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში, მაგრამ ხალხმრავლობის გამო შიგნით ვერ შევედით. მესამედ მოძღვარს შევუთანხმდით და მივედით მთელი ოჯახი ჩვენს პატარა გოგონასთან ერთად. საუბრის შემდეგ მამა არჩილმა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის მცირე ასლი გადმოგვცა.

მოხდა საოცარი დამთხვევა – სანამ ხატს სახლში შევასვენებდით, ეზოში შესვლისას დავინახე, რომ უსინათლო მოხუცმა მეზობელმა, რომელიც ფანჯრიდან იყურებოდა, ჩვენს შესვლას ჯვარი გადასახა და დაილოცა. შემდეგ დავადგინე, ის თურმე ასე გადაწერს ხოლმე პირჯვარს თავის ვაჟს სახლიდან გასვლისას.

დიდება უფალს.

მიხეილ ადეიშვილი
თბილისი, ივნისი, 1996 წ.

 

* * *

1999 წლის 20 იანვარს ვიყავი აღსარებაზე მოციქულთა თავთა წმინდათა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში. მოძღვარმა მომისმინა და მირჩია, მიმეტოვებინა სიგარეტის წევის მავნე ჩვევა იმიტომ, რომ სიგარეტი არა მარტო ორგანიზმს აავადებს, არამედ სულსაცო. მოვისმინე ეს კარგი დარიგება, მაგრამ ყურად არ ვიღე. ეკლესიიდან წამოსვლის შემდეგ კვლავ იმ ტემპით ვეწეოდი, როგორც ადრე. დამეწყო კუჭიდან ფარული სისხლდენა. ავად გავხდი, რადგან მოძღვრის რჩევა არაფრად ჩავაგდე და გულგრილად მივუდექი. ფარულმა სისხლდენამ ძალიან დამასუსტა და ადგომის თავიც აღარ მქონდა.

სისხლდენა 21 იანვარს დაიწყო. 23-ში საღამოს ოჯახში გადავწყვიტეთ, რომ მეორე დილით ექიმთან წავსულიყავი, მაგრამ მოხდა სასწაული. 23-ში ღამით ავიღე „შენ ხარ ვენახის“ ხატი, საწოლთან მოვათავსე და ჩაძინებამდე ვკითხულობდი ხატის ტროპარს. ძილში მეჩვენებოდა, თითქოს მოციქულთა თავთა წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარში ვიდექი, ჩემს წინ ეს ხატი იყო დაბრძანებული და ვევედრებოდი შველას, გათენებისას აღმოჩნდა, რომ ხატს სასწაული მოეხდინა. არა მარტო სისხლდენა შემიჩერდა, კუჭიც აღარ მტკიოდა. მწამს, არ ამტკივდება, სანამ მოძღვრის რჩევა-დარიგებას დავუჯერებ.

გიორგი

 

* * *

დაახლოებით 15 წლის წინ მამაჩემმა, ჩვენი საცხოვრებელი სახლის ფანჯრის წინ, დარგო ვაზი. მახსოვს, თავიდან ვუვლიდით, ვრწყავდით, მაგრამ... ნაყოფს არ გვაძლევდა. ამის მიზეზად ჩავთვალეთ ადგილი, ვინაიდან ქუჩის პირია, საკმაოდ ხმაურიანი, მტვრიანი და მზე მხოლოდ 4-5 საათს უყურებს. ამ ვაზს ყოველ წელს რამოდენიმე მტევანი გამოჰქონდა, შემდეგ ეს მწვანე მტევნები ჭკნებოდა და ცვიოდა, მაგრამ სილამაზის გამო ვაზს არ ვჭრიდით.

მამის გარდაცვალების შემდეგ ეს ვენახი უფრო ძვირფასი გახდა. როდესაც ჩემს ცხოვრებაში ცვლილებები მოხდა, ისე აეწყო, რომ სალოცავი კუთხე სწორედ იმ ფანჯარასთან გაკეთდა, სადაც ვაზი იყო. ეკლესიური ცხოვრების სურვილმა, ჩემი ტაძრის გარდა, თქვენს ტაძარშიც მომიყვანა. იმ დღეს, პირველად რომ გამოთქვით „შენ ხარ ვენახის“ ხატის შექმნის სურვილი და მაშინაც, როცა ეს ხატი უნდა გეკურთხებინათ, თქვენს ტაძარში ვიყავი. მერე შევიძინე ამ ხატის ფოტოასლი, ფიცარზე დავამაგრე, ჩემს მოძღვარს ვაკურთხებინე და სახლში რომ დავასვენე, გადავწყვიტე, დილა-საღამოს, ლოცვებში შემეტანა ამ ხატის ტროპარი.

გაზაფხულზე ვენახი გავსხალი და ზაფხულში, როდესაც პატარა მტევნები გამოჩნდა, შევამჩნიე, რომ ადრინდელზე ძლიერი და ბევრი იყო. არ მეგონა, თუ შერჩებოდა და მით უმეტეს – დამწიფდებოდა.

აგვისტო-სექტემბერი ქალაქში არ ვიყავი, რომ დავბრუნდი, ხატების ოთახში შევედი, ფარდა გადავწიე და წარმოიდგინეთ, მამაო, ფანჯრიდან დამწიფებული, შავ მტევნებიანი ვენახი ჩანდა. ძალიან გამიხარდა. შემდეგ ბევრი ვიფიქრე ამ მოვლენაზე, ჩემს მეგობრებს მოვუყევი. მე მგონია, რომ ყოველივე „შენ ხარ ვენახის“ ხატის მადლით მოხდა მათთვის, ვისაც ეს ამბავი გააძლიერებს და გაამხნევებს.

გიორგი დუნდუა

 

* * *

1996 წლის სექტემბრის თვეში კისრის მარჯვენა მხარეს ამომჭრეს სამას გრამზე მეტი ქსოვილი. დროთა განმავლობაში ქსოვილი ისევ გაიზარდა და დამიჩირქდა. 1999 წელს განმეორებით გამიკეთდა ოპერაცია, ჩამიდგეს ჩირქის სადინარი. ჭრილობის გასუფთავების შემდეგ მესამე ოპერაცია უნდა გაკეთებულიყო. ქსოვილი დღითი-დღე იზრდებოდა. ტაძარში დავდიოდი უძლური, სიცხიანი, ღია ჭრილობით. არანაირი იმედი არ გამაჩნდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ სიმსივნე მქონდა. ერთხელ წირვის შემდეგ სასანთლეში შევიძინე „შენ ხარ ვენახის“ პატარა მოცულობის ხატი. როგორც კი ხატს შევეხე, კისერზე მწარედ მიპწკინა რაღაცამ და ამეწვა. ასე განმეორდა რამოდენიმეჯერ.

მე ტაძარში ამოვედი და ყველაფერი გიამბეთ, თან გთხოვეთ, გელოცათ ჩემთვის ამ ხატთან. თქვენ მაშინვე გადამიხადეთ პარაკლისი „შენ ხარ ვენახის“ ხატთან. ირინემ კი, თქვენი კურთხევით, გადამიწერა ტროპარი („შენ ხარ ვენახი“) და გამომატანა კანდელის ზეთი. თქვენ ხშირად მიხდიდით ხოლმე პარაკლისებს. სამ თვეში სავსებით განვიკურნე. ამ ტაძარში ძალიან ბევრს ვახსოვარ ღია ჭრილობით. ახლა მხოლოდ ორი ოპერაციის ნაიარებიღა მეტყობა. მესამე ოპერაციას გადავურჩი.

გულიკო ჯანაშია-გაჩეჩილაძე
19.12.2002

 

* * *

პატარა ბარბარე, სამი წლის, წირვაზე ყოველთვის მშვიდად და წყნარად იყო. პირველ იანვარს კი ვერ ისვენებდა, შფოთავდა, არ უჯერებდა თავის დას, რომელსაც ზიარება უნდა მიეღო, გამოვართვი ბავშვი და ჩავისვი კალთაში. ცოტა ხნის შემდეგ ბავშვმა მთხოვა, მგალობელთა ქორედიდან ძირს გადამახედეო. თხოვნა შევუსრულე. დავინახეთ „შენ ხარ ვენახის“ ხატი. მას და მფარველ ანგელოზს შევევედრე, დაწყნარებულიყო და დამშვიდებულიყო პატარა ბარბარე. „შენ ხარ ვენახის“ ხატს თვალები მოელვარე გაუხდა და ბარბარესკენ სხივები გამოუშვა. ბავშვი მოითენთა და მთხოვა, კალთაში ჩამესვა, შევამჩნიე, ეძინებოდა. გადავიწვინე მკლავზე და ჩაეძინა. ზიარებისას გამოვაღვიძეთ. წირვის დამთავრებამდე ბარბარე მშვიდად და წყნარად იყო. მამაო, ეს სასწაული ჩემი თვალით ვიხილე.

პატივისცემით ქეთევან მაისურაძე
1 იანვარი, 1998 წ.

 

* * *

ვარ პედიატრი. 8 წლის წინ სპეციალობა შევიცვალე – ახლა ვმუშაობ ბავშვთა თვალის ექიმად. ერთდროულად ორ სპეციალობაში მაღალი პროფესიული დონის მიღწევა ძნელია. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პედიატრად აღარ ვმუშაობ, როცა დახმარებას მთხოვენ, უარს ვერ ვეუბნები და მივყვები.

დიდმარხვის მიწურულს ერთმა ნაცნობმა, 4 შვილის დედამ, შეწუხებულმა შვილის ავადმყოფობით, მთხოვა ბინაზე წავყოლოდი. 14 წლის გოგონა საწოლში იწვა და იღიმებოდა. სახეზე იყო კვებითი მოწამვლის ნიშნები. ანამნეზი მძიმე არ იყო, მაგრამ რაღაც სიმძიმე ვიგრძენი. შინ დაბრუნებული საკუთარი თავით უკმაყოფილო ვფიქრობდი, რომ რაღაც გამომრჩა. არც ადგილი მომეწონა, სადაც ბავშვი იწვა. თითქოს რაღაცაში ვერ გავრკვეულიყავი. დედა გავაფრთხილე, რომ დანიშნულება შეესრულებინა და საჭიროების შემთხვევაში დაუყონებლივ მოემართა. გავიდა 3-4 დღე. დიდ პარასკევს დედამ სამსახურში მომაკითხა ჩივილით, რომ მკურნალობა უშედეგოა. შემდეგი ნახვისას ვურჩიე ინფექციონისტისთვის მიემართა.

შაბათს ბავშვი ინფექციონისტისგან ქირურგთან, შემდეგ ექოსკოპისტთან, იქედან კი ჩირქოვანი პერიტონიტის დიაგნოზით საოპერაციო მაგიდაზე აღმოჩნდა. პერიტონიტის ნიშნები გასინჯვით არც ერთ ექიმს არ უნახავს, იმიტომ რომ სახეზე არ იყო. მუცელი რბილი იყო, თავისუფლად იძლეოდა პალპაციის საშუალებას.

შაბათს ბავშვის ამბავი რომ ვიკითხე, მითხრეს ოპერაციაზეა გაყვანილი გაურკვეველი დიაგნოზითო. მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. მთელი უბანი შეწუხებული ტიროდა.

საავადმყოფოში ჩემმა მეუღლემ წამიყვანა. ბავშვი უკვე პალატაში იყო. ელდა მეცა, ისე დალეულ-გადათეთრებულიყო. ოპერატორმა თქვა, რომ მუცელში 1,5 ლიტრი ჩირქი იდგა. მოჭმული იყო საშვილოსნოს ფუძე, ნაწლავები ერთიანი შეხორცებული მასით იყო წარმოდგენილი. ასე რომ, ბავშვის გადარჩენა შეეძლო მხოლოდ უზენაესს.

აღდგომა თენდებოდა. ეკლესიიდან დაბრუნებული გავედი ახალ სახლში (სადაც ჯერ არ ვცხოვრობდით), გავიტანე ხატები – უფლისა, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა – „შენ ხარ ვენახი“, წმინდა სერაფიმე საროველისა, კელაპტარი და აკანკალებულმა დავიწყე ლოცვა. სასოწარკვეთილს ლოცვაც არ შემეძლო. ცრემლით შევთხოვე უფალს, რომ თავისი ბრწყინვალე აღდგომის მადლით აღედგინა გოგონა. გულში ვიხუტებდი ღმრთისმშობლის ხატს და ვთხოვდი, მოეხდინა სასწაული. ის ღამე საშინელ განცდაში გავატარე. ყეფდნენ ძაღლები, ისმოდა ხმები და მეგონა, რომ გარდაცვლილი გოგონა სახლში მიასვენეს და ხალხი ტიროდა. გამთენიისას დავბრუნდი ძველ სახლში, სადაც თურმე ჩემს მეუღლეს ღმრთისმშობლის პარაკლისი წაეკითხა.

შუადღემდე სახლიდან გასვლას ვერ ვბედავდი, მეგონა, გოგონა აღარ იყო ცოცხალი. ბოლოს, წავედით სანახავად. თან მქონდა „შენ ხარ ვენახის“ ხატი, კელაპტარი, სახარება. გასვლის წინ აღდგომის ხატს შევხედე. იქიდან უფალი მამხნევებდა, თითქოს მამცნობდა, რომ ბავშვი კარგად იყო.

მართლაც, გოგონა თითქმის ისეთივე იყო, როგორიც უწინ. თავთით დავუსვენე ხატი, სახარება, სანთელი, მივულოცე გადარჩენა და ვუთხარი, რომ ეს ღვთის წყალობა იყო. გახარებული, არ მოვერიდე ხალხს – ზოგს მორწმუნეს, ზოგს – ურწმუნოს, საწოლზე და ოთახში ვაპკურე ნაკურთხი წყალი, წავიკითხე ლოცვა ყოველგვარ სნეულებასა ზედა. გოგონა რამდენიმე დღეში სახლში დაბრუნდა.

გაგრძელება...