სვეტიცხოველი

ჯვარი პატიოსანი

ჯვარი პატიოსანი, რომელიც სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარშია დაბრძანებული, ერთ-ერთი იმ ჯვართაგანია, რომელიც წმინდა ნინომ გამოაკვეთინა სასწაულთმოქმედი ხისგან და აღამართვინა მტკვრისა და არაგვის შესართავთან (დღევანდელი ჯვრის მონასტერი).

ჯვარში ჩაბრძანებულია ცხოველსმყოფელი ჯვრისა და წმინდა ნინოს ვაზის ჯვრის წმინდა ნაწილები („ქართლის ცხოვრება“).

მირიან მეფეს და ახლადმოქცეულ ქართველობას ჯვრისათვის შესაწირი შეუწირავს და მისი მსახურების დღეც დაუდგენიათ. ჯვარი უზომო სასწაულებსა და კურნებებს აღასრულებდა. საუკუნეების განმავლობაში არსებობდა ფიცის დადების ტრადიცია ამ ჯვრის წინაშე. რადგან ვერავინ იკადრებდა სიცრუეს წინაშე მისსა („მოქცევაი ქართლისაი“).

1725 წელს, მეფე თეიმურაზ II-მ პატიოსანი ჯვარი ვერცხლის პერანგით შემოსა. ლეკთა შემოსევისას გაძარცვული სიწმინდე, 1751 წელს, ხელმეორედ შეამკო ვერცხლის პერანგით ნაზირმა დავით ავალიშვილმა.

1964 წელს იგი ორგზის გაუძარცვავთ.

2004 წლის 16 თებერვალს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილის, არქიმანდრიტ ილიას (ნასიძე) მიერ შემჩნეულ იქნა წმინდა ჯვრიდან მირონდენა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჯვარს რესტავრაცია ჩაუტარდა (რესტავრატორი თ.ჯაფარიძე).

მრავალგზის გაძარცვული ჯვარი, 2004 წლის 24 ივნისს, ჩააბრძანეს ძველი ქართული ტრადიციქული მინანქრული წესით შესრულებულ ვერცხლის მოოქროვილ ლუსკუმაში (ხატმწერი დ.კაკაბაძე).

საუკუნეებგამოვლილი ჯვარი-პატიოსანი დღესაც სასწაულებრივად კურნავს სასოებითა და რწმენით მიახლოვებულთ.