მარიამ ნინიძე

დაცარიელებული ბეთლემი

 (წმიდა ილია მართლის პოემა „განდეგილის“ შესახებ)

„...იგი მწირიცა მწყრალი, გულმშრალი...“

პოემა „განდეგილის“ მთავარი გმირი ბეთლემის გამოქვაბულში განმარტოებული ბერია. თუმცა კრიტიკულ ლიტერატურაში ამის შესახებ მრავალი განსხვავებული აზრი არსებობს, პოემის ტექსტიდან გამომდინარე, მაინც ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ასკეტური ცხოვრების გზა, რომელსაც ბერი ადგას, ზოგადად მიუწვდომელი არ არის. ბერის მისვლამდე აქ იყვნენ სახვა მამები, რომლებმაც ბოლომდე ღირსეულად ატარეს განდეგილური ცხოვრების მძიმე ჯვარი და თუ ბერმა ეს ვერ შესძლო, ამის მიზეზი მასში უნდა ვეძიოთ და არა ცხოვრებისაგან განდგომის შეუძლებლობაში, როგორც ამას ზოგი კრიტიკოსი წერს. დამაჯერებლად არც ის გვეჩვენება, თითქოს ბერის დაღუპვის მიზეზი კანონის გამკაცრება იყოს. (იხ. ფირუზ მეტრეველი, განდეგილის პრობლემატიკა, ჟურნ. „ღელიგია“ 1993, №2) პოემის იმ ეპიზოდში, სადაც მისი განდეგილური ცხოვრების წესია აღწერილი, მწერალი არცერთი მხატვრული ნიუანსით არ გამოხატავს უარყოფით დამოკიდებულებას მისდამი. არც ის არის სადმე აღნიშნული, თითქოს ამ ბერს გამოქვაბულში მანამდე მცხოვრებ მამათა კანონი შეეცვალოს და გაემკაცრებინოს, არადა

მათ ხომ მიაღწიეს სულიერ ამაღლებას. ბერის ცხოვრების წესი რომ ღვთისათვის სათნო არ ყოფილიყო განა ნიშნად მადლისა სასწაულს მოუვლენდა? ჩვენი აზრით განდეგილის ცხოვრება იმ ეპიზოდამდე, როდესაც იგი მზის ჩასვლას ხარბად დააცქერდება, სრულიად სწორი გზით მიდიოდა და ამის დასტურია ის, რომ მზის სხივი იმ დღესაც, როგორც ჩანს, ჩვეულებრივ უჭერდა ლოცვანს.

დავაკვირდეთ პოემის ტექსტს იმ ეპიზოდიდან, სადაც იწყება ძირითადი სიუჟეტური ხაზი ანუ ამბავი, რომელიც თავს გადახდა ბერს ერთი ღამის განმავლობაში:

„ერთხელ, საღამოს, ლოცვით დაღლილი,
გადმომდგარიყო ზღუდის კარებსა
და დაფიქრებით გადმოჰყურებდა
მწვანით დაფენილს მთისა კალთებსა.“

სიტყვები - „ლოცვით დაღლილი“ თითქოს ერთგვარად გვაფიქრებინებს, რომ ბერი ლოცვისაგან დასასვენებლად გამოვიდა სენაკის კართან და განსვენებას ხორციელი თვალის ტკბობით განიცდიდა. ესეც სიფხიზლის მოდუნებაა. ამის შემდეგ მწერალი ხატოვნად აღწერს ჩამავალი მზის სურათს და მის შემყურე განდეგილს. ბერი უყურებდა ამ სანახაობას, როგორც „უბიწო ხილვას“, „ვით ცხოველს ხატს ღვთის დიდებისას.“ მას, როგორც ჩანს, არ ახსოვდა ღვთის გაფრთხილება: ფრთხილად იყავი, რომ „ცისკენ ახედვისას და მზისა, მთვარისა და ვარსკვლავების, ცის მთელი მხედრობის დანახვისას არ შეცდე და თაყვანი არ სცე მათ...“ (II რჯული, 4,19) ამიტომ პოეტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ ხილვით განცვიფრებაში მოსული ბერი “წრტყვევნილ იქმნა“ ანუ ამ სიტყვის საბასეული განმარტება რომ მოვიშველიოთ, სრულიად დატყვევებულ იქმნა.“

წუთისოფლის მზეს, როგორც ჩანს, აქვს ერთგვარი ხიბლი. ალბათ ამიტომ თუ დასჭირდა დავით გურამიშვილს ხაზგასმით ეთქვა თავის პოემაში, ჭეშმარიტ მზეს, სიმართლის მზეს - ძე ღვთისას ამ ხილულ მზეზე - თინათინზე არ გავცვლი ანუ საწუთროს მარადიულ სასუფეველზეო:

„რა გინდ მე ასრე გავგიჟდე,
თავი ვახალო ტინზედა;
მხეცნი, ფრინველნი ვასერო
ჩემსა ხორცსა და ტვინზედა
ვგონებ არც მაშინ გავცვალო
იგი მზე თინათინზედა.“

მზისგან განდეგილის წარტყვევნას რომ ღრმა მნიშვნელობა აქვს და უბრალო აღწერილობითი დეტალი არ არის, ამას მოწმობს ის, რომ მწყემსი ქალის მონათხრობის მიხედვით ისიც ეს - წუთისოფლის მადიდებელი არსება, ისევე უყურებდა ამ სურათს, როგორც ბერი. ქალი და განდეგილი ერთნაირად დაატყვევა ჩამავალი მზის ხიბლმა. ქალი ამბობს:

„ლამაზი იყო ამ დღის საღამო,
რარიგ შვენოდა მზე დამავალი!
შევხედე თუ არ იმ მზეს, იმ ცასა,
გავშტერდი, ვეღარ მოვსხლიტე თვალი.
ღვთის სახესავით გარს შუქმოსხმული
მთის წვერზედ დიდი მზე ბრწყინვალებდა
და საკვირველი ის სანახავი
თვალთანა ერთად გულსა მტაცებდა.“

„თუ ოდესმე მზის ხილვისას მის ბრწყინვალებაში და დიდებულად მოარული მთვარისა იდუმალ მოცთუნებულიყოს ჩემი გული და მეკოცნოს ჩემი ხელისათვის... ესეც სამსჯავრო დანაშაული იქნებოდა, რადგან მაღლა ღვთის უარმყოფელი ვიქნებოდი“, - ამბობს მართალი იობი. ასე რომ, ამ ეპიზოდს მართლაც ღრმა შინაარსობრივი დატვირთვა აქვს. ქალის მხრივ, რომელიც ყველაფერს ხორციელი თვალით უყურებს და აფასებს, ბრწყინვალე მზით აღფრთოვანება გასაკვირი არ არის, მაგრამ ამ საამო საცქერალმა, როგორც ვნახეთ, წარტყვევნა თვით ბერიც. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ფრაზაში - „წარტყვევნულ იქმნა განყენებული“, ხაზგასმულია, რომ ხორციელმა თვალმა არა უბრალო ადამიანის, - განყენებული ბერის სულიერი სიფხიზლე მოადუნა. ეს ერთგვარი სამხილია ბერისა. აქედან იწყება მისი სულიერი დაღმასვლა.

გვინდა გავიხსენოთ ერთი რამ, პოემა „აჩრდილში“ ამ საღამოსავით მომხიბლველი დილაა აღწერილი, ასევე მყინვარის ფონზე:

„... ისეთი მშვიდი, ნარნარი
იყო იმ დღისა ლამაზი დილა,
რომ თვით მყინვარის რისხვა და ზარი
იმ დილის მადლსა დაემორჩილა.“

მაგრამ ამ მომხიბლველმა სანახაობამ ვერ დაატყვევა და ვერ აცდუნა პოემის ლირიკული გმირი. იგი ამბობს:

„ხოლო კი ჩემი უნდო გონება
არ მოიხიბლა იმ დილითაცა...
„ნუ გჯერსო, - მითხრა, - ეს მყუდროება,
სტყუისო ზეცაც და ქვეყანაცა!
ამგვარი დილა ქვეყანას ბედკრულს
ბევრჯერ სხვა დროსაც გასთენებია,
მაგრამ არც ერთხელ მის გულსა ვნებულს
მადლი ცისა არ მიჰკარებია.“

პოეტი თითქოს თავს იმცირებს, „უნდო გონება მაქვსო, ეს მხატვრული ხერხია. სინამდვილეში მას უნდო კი არა, ფხიზელი გონება აქვს, რაც არ აღმოაჩნდა „განდეგილის“ ბერს. ამიტომ „აჩრდილის“ ლიირიკული გმირი ღვთისაგან „ყოვლად მხსნელ სასოებას“ და „მაცხოვნებელ ნუგეშს“ იღებს, ბერი კი ამ ნუგეშს კარგავს და იღუპება.

„ჩვენში ხორციელი თვალი უფრო მოქმედობს, ვიდრე თვალი სულისაო“ ზემოთაც ვახსენეთ ილიას სიტყვები და განდეგილში მწერალი თვალნათლივ გვიჩვენებს, რამდენად საბედისწეროა ეს.

დავუბრუნდეთ კვლავ განსახილველ ეპიზოდს და დავაკვირდეთ, რა მოჰყვა ჩამავალი მზის სურათის ხარბ ცქერას. ქალი გაშტერდა, ვეღარ მოსხლიტა თვალი მზის მშვენიერებას და ამ ხილვამ თვალთან ერთად გულიც მოსტაცა. მას დაავიწყდა თავისი მოვალეობა - ცხვარი გაფანტა და დაღუპა, მაგრამ მარტო მას მოუვიდა ასე? ჩანს, რომ ქალივით ბერმაც ვერ უთხრა თავის გულს, „კარგ სანახავზე ნუ ხარ ხარბიო“ და დაავიწყდა, რომ აქ სწორედ წუთისოფლის საცდურთაგან განსარიდებლად და მარადიულ ჭეშმარიტებასთან საზიარებლად იყო ამოსული. მას ჯერ ჩამავალი მზის ბრწყინვალებამ მოსტაცა თვალი, შემდეგ კი მწყემსი ქალის გარეგნულმა სიტურფემ:

„და რაღაც ძალით ქალზედ კვლავ დარჩა
თვალი ტყვე-ქმნილი, გაშტერებული -
რად შეემსჭვალა თვალი იმ სახეს?
ის სახე ატკბობს თუ ეოცება?
მორიდება ჰსურს და ნეტა თვალი
რად ეურჩება და არ ჰნებდება?
დიდხანს დასცქერდა...“

ცდუნება რომ პოემაში სწორედ წარმტაცი ხილვით იწყება, ამაზე მიგვანიშნებს ავტორის საგანგებო გაფრთხილება წუთისოფლის შესახებ:

„...სად ყოვლი ნიჭი მაცდურებაა,
სად თვით სიტურფე და სათნოება
ეშმაკის მახე და ცდუნებაა.“

განდეგილის თვალი გაიტაცა ჩამავალი მზის ცქერამ. როგორც ჩანს, იგი იმით ცდუნდა, რომ, როგორც „ღვთის დიდების ხატს“, ისე უყურებდა ამ სურათს, მაგრამ განა ღვთის დიდების ჭვრეტა შეიძლება ხორციელი თვალით? მზე მარტოოდენ ქმნილებაა ღვთისა. მოვა დრო, როდესაც ისიც დაბნელდება და მთვარეც აღარ გამოსცემს ნთელს (მათე 24,29) მარადიული, დაუსრულებელი ნათელი მხოლოდ თვით ღმერთია. წმინდა გრიგოლ ნოსელი „ქება ქებათაის„ განმარტებაში წერს: „ვინაითგან უკუე ერთი ხოლო არს სამარადისოდ ერთსა ზედა მდგომარე. უხილავი იგი და უნივთოი ბუნებაი ხოლო ნივთი წარვალს ცვალებითა რაითამე და დინებითა მარადის შეცვალებული. და ესე უცილობელ არს, რამეთუ რომელი მტკიცესა განეშოროს, იგი დაუდგრომელისადა შეყოფილ არს უეჭველად და მის თანა დის და იქცევის და რომელი წარმავალსა ამას სდევდეს და წარუვალი იგი დაუტევოს, უეჭველად ორთაგანვე გამოეხუების. ერთსა მას დატევებითა და მეორესა, რამეთუ დამჭირვად შეუძლებელ არს. (იხ. წმ . კლიმენტი რომაელი, კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე, ჟურნ. „Gზა სამეუფოს“ დანარტი #3, 1997 წ. ამდენად ბერი მაინც წარმავალის ცქერამ გაიტაცა და მარადიულზე ფიქრს მოსწყვიტა. ხორციელმა ხიბლმა სულიერად მოადუნა. იგივე გრძელდება მწყემსი ქალის გამოჩენის შემდეგაც. ქალი, თითქოს იცისო ბერის სუსტი წერტილი, მოაგონებს მას, რომ ეს ქვეყანაც ღვთის შექმნილია:

„ვფიქრობდი: ნეტა მაშ რისთვის მორთო
ესე ლამაზად წუთისოფელი?“

სიტყვებით:

„მაგრამ მიბრალა ჩემმა გამჩენმა
და შენამდე ხმა ამოვაწვდინე...“

კი ერთგვარად იმაზეც მიანიშნებს, იმასაც მოაგონებს ბერს, რომ თავადაც, ასეთი ტურფა და მშვენიერი, ღვთის დანაბადია.

შემთხვევითი არ არის სულიერი სიფხიზლის შესასუსტებლად აქ ჩამავალი მზის სახის გამოყენება. მზის ჩასვლას სიბნელე მოჰყვება. ამიტომ „ჩამავალი მზე“ ალეგორიული მნიშვნელობით ილიასთან არაერთგზის გვხვდება ადამიანის სულიერ შესუსტებაზე მისანიშნებლად. გარკვეული მხატვრული დატვირთვა აქვს მას მოთხრობებში „სარჩობელაზედ“, „გლახის ნაამბობი“ და სხვ. ბერი, რომელიც მზის სხივით ამოწმებდა თავის სიწმინდეს, მით უფრო ფხიზლად უნდა ყოფილიყო მზის ჩასვლის შემდეგ, როდესაც ეს ნიში აღარ ეძლეოდა, მაგრამ არ ჩანს, რომ ის ამაზე ფიქრობდეს. მსგავსება ბერისა და მწყემსი ქალის მიერ ჩამავალი მზის ჭვრეტაში უკვე მიგვანიშნებს ბერში მიმდინარე არასასურველ ცვლილებაზე. ამას აშკარად მოწმობს ისიც, რომ ჩამავალი მზის ცქერით მოხიბლული ბერის განცდების აღწერა პოემაში მოულოდნელად წყდება სიტყვებით:

„უეცრად ასტყდა რამ ნიავქარი
დაჰბერა კლდეთა, ნაპრალთ და მღვიმეთ
და მყინვარიდამ, ვითა ვეშაპი,
შავი ღრუბელი დაიძრა მძიმეთ.“

ეს შავი ღრუბელი ბოროტი ძალების აღძვრისა და მოახლოებული განსაცდელის მომასწავებელია, რომელსაც ცასთან შეჯახებისას გამაფრთხილებელი ქუხილი მოჰყვა:

„დაიძრა მძლავრი, უზარმაზარი,
ცაზედ განერთხო და გაიშალა,
და იქ, თითქო მტერს შეეჯახაო,
ჭექა-ქუხილით დაიგრიალა.“

ეს არ არის ამინდის უბრალო ცვალებდობა. აკი წინდაწინ გვითხრა მწერალმა:

„თუ არ ღვთის ღირსი, სხვა ვერვინ თურმე
ამ წმინდა ადგილთ ვერ შეეხება,
და თუ შეჰბედავს, მსწრაფლ რისხვა ღვთისა
ჭექა-ქუხილით მოევლინება.“

ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ ჭექა-ქუხილს ასეთივე ალეგორიული დატვირთვა აქვს წარმოდგენილ ეპიზოდშიც:

„შეირყა მთელი ცა და ქვეყანა
იმა ჭექით და იმა ქუხილით...“

განდეგილმა ბერმა მარადიულ ჭეშმარიტებას მოსწყვიტა სულიერი თვალი და ხორციელი თვალით დატყვევებულ იქმნა წარმავალი მზის მიერ.

მწყემსმა ქალმა მამის დარიგება დაივიწყა და მისთვის მინდობილი ცხვარი დაფანტა. განა ამის შემდეგ ამ ფაქტებისაგან მოწყვეტით უნდა განვიხილოთ მყინვარის შესაბამისი სახეცვლილება, რომლის ალეგორიულობაზეც ავტორი თავადვე მიგვანიშნებს?

„ესე ყოველნი, ერთად რეულნი,
ჰგავდნენ ცით ვლენილს რისხვას ღვთისასა,
თითქო ღმერთი სჯის ქვეყანას ცოდვილს
დღეს მას საშინელს განკითხვისასა.“

ბერი ვერ აცნობიერებს თავის სულიერ მოდუნებას. ვერ ხვდება, რომ ეს გაფრთხილება ციდან შესაძლოა მისთვისაც იყოს მოვლენილი. მან ხომ ასე სიამით გააცილა მთის გადაღმა თავისი სიწმინდის შემამოწმებელი მზის სხივი.

ატეხილი ავდრის გამო განდეგილი ხელაპყრობილი, ცრემლით ევედრება ღვთისმშობელს ქვეყნის გადარჩენას, მაგრამ მის ლოცვას ალბათ უკვე აღარ აქვს ის მადლი, რომ მთელი ქვეყნისთვის შეეძლოს შუამდგომლობა ღვთის წინაშე. ეს ის დროა, როცა მან ასევე მხურვალედ ჯერ საკუთარი გადარჩენისათვის უნდა ილოცოს, რომ კვლავ მადლით აღივსოს და სხვისი მეოხებაც შესძლოს. მაგრამ განდეგილი ამას ვერ გრძნობს და სულიერად შესუსტებული ტვირთულობს ქვეყნისთვის ლოცვას. იგი მწყემსი ქალის სახით სენაკში უშვებს ღვთის რისხვისაგან გადასარჩენად სწორედ ამ ქვეყანას, მაგრამ თავისი სულიერი შესუსტების, საკუთარ ძალებში ზედმეტი დაჯერებულობის გამო, თავადაც ეცემა.

ბერმა იცის, რომ ღმერთმა შეიძლება დაუშვას მისი გამოცდა, მაგრამ არ ჩანს, რომ უფალს ამ განსაცდელის ჟამს გაძლიერებას სთხოვდეს. მას ზედმეტად სჯერა თავისი თავისა. განდეგილი გამოხატავს მზადყოფნას, შეხვდეს განსაცდელს და უშვებს სენაკში უცნობს, რომელიც მისგან შველას ითხოვს:

„მართალი ხარ შენ... თუ ხარ ძე კაცის,
ცოდვაა გარეთ დაგტოვო ამ დროს;
თუ მაცდური ხარ, სჩანს ღმერთს სწადიან,
მწირი ცოდვილი დღეს გამომცადოს.
ამოვედ, ვინც ხარ... იყავნ ნება ღვთის!...“

ამბობს ბერი. იაკობ მოციქულის ეპისტოლეში ვკითხულობთ: „ნუვინ განცდილთაგანი იტყვინ, ვითარმედ ღმრთისა მიერ განვიცდები, რამეთუ ღმერთი გამოუცდელ არს ბოროტისა და არავის განსცდის იგი. არამედ კაცად-კცადი განიცდების თვისისაგან გულისთქუმისა, მიიზიდვის და სცთების. მერმე გულის თქუმაი იგი მიუდგის და შვის ცოდვაი და ცოდვაი იგი სრულ იქმნის და შვის სიკუდილი.“ * (იხ. ახალი აღთქმა და ფსალმუნები, გვ. 295)ამრიგად მიზეზი ამ განსაცდელის აღძვრისა თავად ბერის სულიერი მოდუნება იყო, რამაც ბოროტს საშუალება მისცა განეცადა იგი. რაკი სტუმარი თავისუფლად შედის სენკში, ბერი ამას იმის ნიშნად მიიჩნევს, რომ „დედაღვთისამ“ შეუშვა და არ შერისხა, მაგრამ რატომ უნდა შეერისხა, თუ ეს გამოცდა ღვთის დაშვებით ხდებოდა? მეორეს მხრივ, მზის ხილვით მოცდუნებული ბერი იყო კი კვლავ სასწაულის ღირსი, რომელიც მას, როგორც მწერალი გვეუბნება, „ნიშნად მადლისა“ ჰქონდა მოვლენილი?

უცნობი აღმოჩნდა ახალგაზრდა, სიცოცხლით და ვნებით აღსავსე მწყემსი ქალი. შევიდა იგი სენაკში და თითქოს თან შეჰყვა ბერის მიერ უარყოფილი და მიტოვებული მთელი ქვეყანა. მაგრამ განდეგილი თითქოს ამისთვისაც მზად არის - გულში ამბობს:

„მაგრამ იქნება ბედმა ეგე ჰქმნა
მისდა საცდელად თვით უფლის ნებით!..
და კისრად იდო, ვით ნება ღვთისა
სასოებით და გულდამშვიდებით.“

განსაცდელის ჟამს სიფხიზლე და ღვთისადმი ვედრებაა საჭირო და არა „გულდამშვიდება“. უფალმა უთხრა მოწაფეებს: „იღვიძებდით და ილოცევდით, რაითა არა შეხვიდეთ განსაცდელსა“ (მათე 26, 41). ადამიანი, რომელიც რაღაც განსაცდელის წინაშე დგას და თავისი თავის ამაო იმედი არა აქვს ან ემძიმება განსაცდელი, ღმერთს ევედრება ხოლმე მის აცილებას ან თავისი თავის გაძლიერებას. მაგალითად, ლექსში „ლოცვა“ თვით ილია ამას სთხოვს ღმერთს, როდესაც ურწმუნოებისა და მაცდურების დემონი საწამლავიან თასს მომაწვდის:

„ნუ მანდობ, ღმერთო, ბედისა ტრიალს,
ნუ დამაწაფებ დემონის ფიალს
და უკეთუ არს შესაძლებელი,
მე განმარიდენ იგი სასმელი!“

ამ სიტყვების შემდეგ ილიას ლირიკული გმირიც იმასვე დასძენს, რასაც განდეგილი: მაგრამ თუ ჩემი გამოცდა გსურს, „იყავნ ნება, უფალო შენიო“, თუმცა, ბერისაგან განსხვავებით, რომელსაც მწყემსმა ქალმა სწორედ ასეთი შხამით სავსე ფიალა მიაწოდა, მას ის სიფხიზლე აქვს, რომელიც პირველ რიგში თავის თავში შეაეჭვებს ხოლმე მორწმუნეს და განსაცდელის არიდებას ათხოვნინებს ღვთისაგან.

იმის გამო, რომ უფალს კაცობრივი ბუნებაც სრულად ჰქონდა მიღებული, ადამიანური განცდები (ცოდვის გამოკლებით) მისთვის უცხო არ იყო. ჯვარცმის წინ ისიც, თუ ეს შესაძლებელი იყო, პირველად იმ „სასუმელის“ არიდებას ითხოვდა მამისაგან და თუ არა, მაშინ გაძლიერებას. ღვთის შემწეობის გარეშე არავის ძალუძს განსაცდელის გადატანა, რადგან: „ყოველივე ძალსა თვისსა მინდობილი მსწრაფლ მისდრკების გზათაგან სიმართლისათა შურითა ეშმაკისათა.“ ბერი თუ ამპარტავნებაში არ იყო ჩავარდნილი და თავის თავს არ იყო მინდობილი, მაშინ იგი გულდამშვიდებული არ უნდა ყოფილიყო და სასოებაც ღვთისა უნდა ჰქონოდა და არა საკუთარი თავისა.

გამოცდას ბოროტისაგან ასე გულდამშვიდებით შეხვდა ბერი.

„ვის არ მოიმხრობს, მოინადირებს
ყოვლად ძლიერი მშვენიერება!“

წერს ავტორი. მწყემსი ქალი არის საოცრად შთამბეჭდავი განსახიერება ადამიანის გარეგანი სიტურფისა, ღვთის ხატებისა, რომელიც უმთავრესისაგან - ღვთიური სულისაგან განძარცულია და ბოროტის ხელში ადამიანის საცდურადაც არის ქცეული. აი ამ ძალამ დასძლია ღვთიურ მადლს მოკლებული ბერი:

„და დაუწყნარდა ძალს შვენებისას
იგი მწირიცა მწყრალი, გულმშრალი.“

ძალიან ზუსტად, გამოზომილად აქვს აქ მწერალს შერჩეული სიტყვა „გულმშრალი“. წყალი ილიასთან საღმრთო წერილის მსგავსად ძალიან ბევრგან ღვთისმიერ მადლს განასახიერებს, უდაბნო კი ცოდვიანობას. ლექსში „კითხვა-პასუხი“ უკვე ვნახეთ „ურწყული უდაბნოს“ და წრფელი გულის „ნამის“ მხატვრული სახეები. აქ, როგორც ჩანს, მწერალს უნდა მიგვანიშნოს სწორედ იმაზე, რომ ბერის გულს მოაკლდა ღვთიური მადლი, სულიწმინდის მადლი - წყალი მაცოცხლებელი.

ზემოთ საუბარი გვქონდა ჩამავალი მზის ხილვით ბერის წარტყვევნაზე. ეს ტყვეობა ამჯერად ქალის ხიბლს დამორჩილებული, კვლავ გრძელდება:

„ქალს შეაჩერა ტყვექმნილი თვალი...“
„და რაღაც ძლით ქალზედ კვლავ დარჩა
თვალი ტყვექმნილი, გაშტერებული...“

თუ რომელ ტყვეობაზეა აქ ლაპარაკი, თავად ბერი განგვიმარტავს ერთგან თავის სიტყვებში: სული

„...ტყვე არის წუთისოფლისა
და ეგ ყოველი მის ბორკილია.“

ბერი განერიდა წუთისოფლის სიტკბოებასა და საცდურს ამ ტყვეობიდან თავის გასათავისუფლებლად, მაგრამ მაინც ვერ შესძლო ამ ბორკილებისაგან თავის დაღწევა. იგი მოცილდა ცოდვილ ადამიანებს, მაგრამ მასაც, როგორც ადამიანს, თან ახლდა თავისი მიძინებული ვნებები და წუთიერი მოდუნება სიფხიზლისა საკმარისი აღმოჩნდა, რომ კვლავ ამ ბორკილების ტყვეობაში აღმოჩენილიყო.

სენაკში ქალის შესვლის შემდეგ განდეგილი თანდათან სულ უფრო კარგავს სიფხიზლეს, შეუფერებლად სიტყვამრავლობს, მარტოობას არ ეძებს, არ ლოცულობს და შემდეგ ამისა უნებლიედ ღვთის სამდურავი დასცდება. ჯერ იტყვის:

„შენვე სთქვი, სხვა ვინ მოხედავს ქვეყნით
ერთს დავიწყებულს და განდეგილს მწირს!“

შემდეგ კი ფაქტიურად უბედურებად ჩათვლის იმ გზას, რომელსაც ის ადგას: გზა ხსნისა ასეთი მერგო მე უბედურსაო...“

მისი დატყვევებული თვალები ამ წუთისათვის უკვე მწყემსი ქალის თვალთახედვით იმზირებიან. პავლე მოციქული ეპისკოპოს ტიმოთეს თავის ეპისტოლეში არიგებს, რომ განერიდონ „ყბედებს“, და „ცნობისმოყვარეებს“, რომლებიც „იტყვიედ უჯეროსა.“ (I ტიმოთე, 5,13) ეპისკოპოსისათვის განკუთვნილი ეს რჩევა მით უფრო უნდა შეესრულებინა განდეგილ ბერს, ის კი დაუჯდა ამ ქალს და მანამ ელეპერაკა, სანამ თავადაც ღვთის გმობაში არ ჩავარდა. ბერის მჭვრეტელობის არიდან თანდათან ქრება ყოველივე სულიერი და შემოდის ხორციელი. ამიტომ ბერი, რომელიც თავის ბედზე გამწყრალი და გულგამშრალია, ჯერ თვალით არის დატყვევებული და გული უცოდველი აქვს, მაგრამ მალე ბოროტი იქაც აღწევს:

„ეს რა სურვილი გულს გაიტარა!..“
„დაგძლიე თუ არ!..- ეს ვინ გაჰკივის
გახარებული იმის მკვდარ გულში!“

ამას კი მოჰყვება ყველაზე საშინელი რამ:

„სული გულს იწვევს ღვთისა ვედრებად,
გული სხვას ამბობს, არა ჰნებდება...“

ყოველივე ეს კი ხდება იმიტომ, რომ როდესაც ბერს ღვთის სამდურავი დასცდება და გააცნობიერებს ამას, მწყემსი ქალის მსგავსად, წუთიერი სინანულის შემდეგ, თავისი თავის გარეთ დაუწყებს ძებნას დამნაშავეს. იგი ფიქრობს, როგორ მოხდა, რომ მე არ ვიკმარე ჩემზე უხვად მომადლებული ღვთის კურთხევა, სულის მშვიდობა, მყუდროება და უკმაყოფილება გამოვთქვიო და:

„მიმოიხედა თვის გარს საბრალომ,
თითქო მტერს ეძებს შემაცდენელსა.
არავინ იყო... ხოლო ცეცხლაპირს
ქალს დაღალულსა მისძინებოდა
და ცეცხლის შუქი მის ტურფა სახეს,
ვით საყვარელსა, ზედ დაჰხაროდა.“

ბერს რომ მის მიერ ჩადენილი ცოდვის მიზეზი თავის გარეთ კი არა, თავის თავშივე ეძებნა, მისი განსაცდელი შეიძლება ასე არ დამძიმებულიყო, მაგრამ თვალი, რომელიც მისი ცდუნების მიზეზს ეძებდა, უცებ გადააწყდა კვლავ ამ ცდუნებას. მწირი გულისთქმამ შეიპყრო და ქალის საკოცნელად დაიხარა. იგი მალევე მოეგო გონს, მაგრამ ეს გულისთქმა, როგორც უფალი გვასწავლის, იგივე ცოდვაა, რადგან „ყოველნი, რომელი ჰხედვიდეს დედაკაცსა გულისთქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა (მათე 5,28) და ეს, რა თქმა უნდა, იცის ბერმა.

კვლავ დავუბრუნდეთ მწყემსი ქალის მონათხრობს. რა მოხდა, როდესაც ჩამავალი მზის ყურებამ მას თვალთან ერთად გულიც მოსტაცა? დაავიქყდა მამის ნათქვამი:

„ნუ ენდობიო, შვილო ამ მყინვარს,
ნახავ, მზე ადგას, უცებ გაწყრება
და წამოხეთქვს ციდამ ნიაღვარს.“

როგორც ამბობენ, ასეთია ბერ-მონაზვნური ცხოვრებაც. იგი განსაკუთრებით სათნო და გამორჩეულია ღვთის თვალში სხვა ღვაწლთა შორის, მაგრამ ბრძოლები და წინაღმდეგობებიც დიდი აქვს და დაცემის შემთხვევაში - განსაცდელი უფრო ძლიერი. როგორც მყინვარზეა ნათქვამი: „უცებ სამოთხეს ჯოჯოხეთად ჰქმნის.“ შესაძლოა მწყემსი ქალის ნათქვამით მწერალს აქ იმაზე უნდოდა მინიშნება, რომ ამ ქალივით თვალის ტყვექმნილმა ბერმაც დაივიწყა თავისი ზეციური მამის მოწოდება სიფხიზლისაკენ და გაფრთხილება სულიერი ამინდის ცვალებადობის შესახებ. ბოროტმა ჯერ თვალი მოსტაცა, შემდეგ - გული და ბოლოს იმედიც დააკარგვინა.

როდესაც მწყემსი ქალი გონს მოეგო, ცხვრის გამობრუნება მოინდომა, მაგრამ გვიანღა იყო. ფარა სეტყვამ დაუფრთხო და დაღუპა. ატყდა თუ არა ავდარი, ბერიც სენაკში შებრუნდა და „ცრემლით ალტობდა ღვთისმშობლის ხატს“, რომ ქვეყანა - მისი გაფანტული ფარა - ადამიანები გადაერჩინა, მაგრამ, როგორც ვხედავთ, მაინც დააგვიანა, რადგან არა თუ ქვეყანა, თავიც კი ვეღარ გადაირჩინა.

ბერის დაცემის შემდეგ ეს ქალი პოემიდან ქრება, აღარ ჩანს, თითქოს მისი მისია ამოიწურა. იგი ერთგვარი საშუალებაა პოემის მთავარი გმირის - ბერის სახის წარმოსაჩენად და მისი შინაგანი გარდატეხის საჩვენებლად. ამ სახეს ავტორი იყენებს იმისათვის, რომ განდეგილად მცხოვრები ბერი კვლავ შეახვედროს და შეაჯახოს წუთისოფელს, მაგრამ, ამას გარდა, მწერალი აქ უნდა იყენებდეს კიდევ ერთ უცნაურ ხერხს, რომელზედაც ჩვენ სხვა ნაწარმოებების განხილვისასაც გავამახვილეთ ყურადღება. გმირის სახის გასაშლელ-გამოსავლენად იგი ზოგჯერ ყურადღებას გადაგვატანინებს ხოლმე სულ სხვა გმირზე ან სხვა მოვლენაზე, მაგრამ მისი დახასიათებით მხედველობაში აქვს ის პირველი, უფრო მნიშვნელოვანი სახე. იმ ანდაზის მსგავსად, „ძაღლსა სცემდნენ, რძალს ასმენდნენო“. მაგალითად „ოთარაანთ ქვრივში“ იმისათვის, რომ მიგვანიშნოს, შვილმკვდარ ქვრივთან თვალყურის საგდებად მისულ დედაკაცს თავისი მოვალეობა დავიწყებოდა და „გულიანად ეძინაო“, რამდენჯერმე, აშკარა ხაზგასმით ხან მთხრობელს და ხან მწყემსებს აქებინებს ძაღლს, რომელსაც იმ ქალისაგან განსხვავებით, ქვრივის შინიდან გასვლა არ გამოეპარა. „ფრთხილს ძაღლს პატრონის გარედ გასვლა არ გამოეპარა...“ამბობს მთხრობელი; „დახე, ძაღლი პატრონს არ მოჰშორებია!.. დალოცვილი პირუტყვია. ბარაქალა, ძაღლო, ბარაქალა!...“ წამოიძახებს თუში მეცხვარე. „მემცხვარემ და ნამეეეეტნავად თუშმა იცის ყადრი ამ ერთგულის და მართლა საქებარის ოთხფეხისა...“ ამბობს ისევ მთხრობელი. ერთადერთხელ არის ნათქვამი - „ბებერმა დედაკაცმა კი ვერ შეუტყო ავადმყოფს გაპარვა, - იმას ისევ გულიანად ეძინაო“, მაგრამ ძაღლის ასეთი დაჟინებული ქება ფაქტიურად ამ ქალის უგულისყურობის სამხილია. მწყემსი ქალის მიერ წარმტაცი სანახაობით დატყვევების გამო მამის ნათქვამის დავიწყება და ფარის დაღუპვაც „განდეგილში“ ასეთივე არაპირდაპირი მიზნით, ფაქტიურად ბერის ხასიათის წარმოსაჩენად უნდა იყოს შემოტანილი.

საბოლოოდ რამ დაღუპა ბერი? თვალი მივადევნოთ პოემის სიუჟეტის შემდგომ განვითარებას. განდეგილი ელოდა მზის ამოსვლას, როგორც თავის „უკანასკნელ ნუგეშს“. იგი კვლავ ითხოვდა ღვთისაგან სასწაულს, რომელიც მას ნიშნად მადლისა მოუვლინა უფალმა. მზე რომ ამოვიდა, მწირი გახარებული შევარდა სენაკში; მზის სხივი რომ დაინახა, გულზედ მოეშვა და სასოება დაუბრუნდა და, როდესაც ღვთისმშობლის ხატზე კვლავ მადლით და ნუგეშით გადმომზირალი დედა ღვთისა დაინახა და არა ის ქალი, როგორც იმ ღამით, იმედი მიეცა, რომ ღვთისაგან არ იყო შერისხული, მაგრამ დააყრდნო ლოცვანი სხივზე, სხივმა არ დაიჭირა და „უკანასკნელი ნუგეში“ გაქრა. ბერმა გამშრალმა და ზარდაცემულმა შეჰბღავლა ღმერთს და სული განუტევა.

ყურადღება მივაქციოთ ბერის ორიოდ გამონათქვამს. ერთგან იგი მწყემს ქალს ეუბნება:

„მე ნუ მიმადლი, შვილო, შენს დახსნას,
ღმერთია ყველას მშველელი, მხსნელი...
ღვთით არგაწირულს ყველგან წინ უძღვის
მისი მარჯვენე შემწყნარებელი.“

ბერის ნათქვამიდან ისე ჩანს, თითქოს ღვთისაგან გაწირული ადამიანიც არსებობდეს. იგივე აზრი ჩანს მის ფიქრებში საკუთარი თავის შესახებაც: „არ შერისხულა, სჩანს, ჯერედ ღვთისგან!..“ შესაძლოა ასეთმა ფიქრმა მიიყვანა იგი ბოლოს სასოწარკვეთილებამდე. ღმერთი თავისი ნებით არავის არ წირავს. მისი „მარჯვენე შემწყნარებელი“ ყველას უძღვის წინ მთელი ცხოვრების მანძილზე, ვისაც მისი სასოება აქვს. უფალმა ბრძანა წინასწარმეტყველის პირით: „ნებსით არა მნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და ცხოვრება მისი.“ სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ბრძანებს: „უწყი ვითარმედ არა სიდიდე შეცოდებათა, არცა ცოდვათა სიმრავლე აღემატების ღვთისა ჩემისა მრავალსა სულგრძელებასა და კაცთმოყვარებასა. არამედ წყალობითა და თანალმობითა მხურვალედ შემნანებელთა განჰსწმედ და განანათლებ და ნათელ-ჰყოფ ზიარებითა.“ ღვთის კაცთმოყვარეობის იმედით აღსავსე იოანე ოქროპირი კი ასე მიმართავს უფალს: „...რამეთუ მეძავი, ცრემლით მოსრული, არა განჰსდევნე, არცა ავაზაკი განარე, რომელმან იცნა მეუფება შენი. არცა რომელი მდევარ იყო დაუტევე, შეინანა რა, არამედ სინანულით მოსრული შენდა ყოველნი გუნდსა მოყვარეთა შენთასა დააწესენ...“ ბერი იმ შეცოდების გამო კი არ დაღუპულა, რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ, არამედ ამ ცოდვით გამოწვეული უიმედობის გამო.

წმინდა მამათა ცხოვრებიდან ცნობილია არაერთი შემთხვევა, რომ ამგვარი და უფრო მძიმე ცოდვების შემდეგაც კი ბერებს ღრმა სინანული უჩვენებიათ და გადარჩენილან. მაგალითად 1895 წელს ჟურნალ „ნივაში“ გამოქვეყნდა წმინდა მარტინიანის ისტორია. ბერთან, მისი შეცდენის განზრახვით, ასევე ქარიშხალში მივიდა მწყემსად გადაცმული ახალგაზრდა დიდგვაროვანი ქალი. აქაც ბერი მოიხიბლა ქალის გარეგნობით და აკოცა. მაგრამ დილით საოცარ სინანულში ჩავარდა და საკუთარი თავის დასასჯელად ცეცხლის ალზე ფეხები დაიწვა. ამის შემყურე ქალს

თავადაც სინანული დაეუფლა. ამბავი მთავრდება იმით, რომ ბერიც გადარჩება და ქალიც სხვა მონასტერში მონაზვნად აღიკვეცება. ამგვარი შემთხვევები, წმინდა მამას მის საცდუნებლად განზრახ მისული ადამიანი რომ გადაერჩინოს და ჭეშმარიტების გზაზე დაეყენებინოს, არაერთია. ასეთივე შესაძლებლობა მიეცა პოემის გმირ განდეგილსაც. იაკობ მოციქული წერს: „ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იმნეს და მოიღოს გვირგვინი ცხორებისაი, რომელი აღუთქუა ღმერთმან მოყუარეთა მისთა“ (1,12),

მაგრამ ბერმა გარდა იმისა, რომ ქალზე დადებითი გავლენა ვერ იქონია, თავად მოექცა მისი გავლენის ქვეშ და როცა ეს გააცნობიერა და ნახა, რომ მისი სიწმინდე შელახული იყო და ღვთისაგან ამ სიწმინდის ნიშნად მოვლენილი სასწაული აღარ ეძლეოდა, სასოწარკვეთილებით დაიღუპა. უიმედობა რომ არ ჰქონოდა, მისი გადარჩენა ალბათ შეიძლებოდა, მაგრამ სასოწარკვეთილება დამღუპველი აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, გარკვეული სინანული თავისი ცოდვის გამო იუდამაც გამოავლინა, მაგრამ მისი დაღუპვა უსასოობამ, უიმედობამ გამოიწვია. ასე დაემართა ბერსაც.

არსებობს აზრი, რომ „განდეგილის ლოცვის მთავარ მიზანს საკუთარი სულის გადარჩენა წარმოადგენს“* (იხ. გურამ ასათიანი, „საუკუნის პოეტები“, თბ. 1982); რომ „ილიას განდეგილი ეგოცენტრისტია, მისთვის არ არსებობს მოყვასის არსებობა და მისდამი სიყვარული... მისი სულიერი სალარო მრუდეა და მახინჯია, ცრუ და ყალბი. ყალბ ღირებულებათა „ანატოგე“ ამაღლება კი ობოლი ოცნებაა. ამიტომ დაამარცხა ილიამ თავისი განდეგილი“ (იხ. შალვა კალანდაძე, „ილია ჭავჭავაძის რელიგიის ფილოსოფია“, „ილია ემიგრანტთა თვალით“, ტ.I, გვ.198) მაგრამ არის კი ეს ასე? განა ავტორმა თავადვე არ გვითხრა, ჭექა-ქუხილის ატეხისას ბერი ქვეყნის ხსნას ევედრებოდა ღმერთსო? აქედან ის უფრო საფიქრებელია, რომ მოძმეთა გადარჩენისთვის მხურვალედ მლოცველ ამ გმირს ცხოვრების გზის არჩევისასაც მათზე ზრუნვა ჰქონოდა განზრახული. ზემოთაც ვთქვით, ბევრი წმინდა მამის ლოცვას ათასჯერ დიდი შემწეობა მოუტანია ადამიანებისათვის, ვიდრე სხვათა მატერიალურ ან ფიზიკურ დახმარებას. და თუ ბერს გზაც სწორი ჰქონდა არჩეული და არც „ეგოცენტრისტი“ იყო, რატომ დატრიალდა ყველაფერი ასე თავდაყირა?

ჩამავალი მზის ხარბად ყურება მიგვანიშნებს, რომ ბერშიც ხორციელმა თვალმა გაიღვიძა და მიაძინა სულიერი. აი ამ სულიერ სიცარიელეში, ამ ნაპრალში შემოაღწია საცდურმა - გარედან მოისმა ხმა. სულიერად მიძინებულ ბერს შეეპარა ზედმეტი თვითდაჯერება. წარმოიდგინა, რომ უკვე მზად არის გაუძლოს ცდუნებას და ცოდვაში არ ჩავარდეს. ამიტომ „გულდამშვიდებით“ გაუღო კარი იმ საცდურს, რომელსაც ადრე ერიდებოდა. სიფხიზლემოდუნებული და ამპარტავნებაშეპარული ბერი არ აღმოჩნდა იმ სულიერ სიმაღლეზე, რომ ამ შემოტევისათვის გაეძლო. ამჯერად სიძვამ სძლია. დაცემის შემდეგ მისი რწმენის კიდევ უფრო შესუსტება იმაში გამომჟღავნდა, რომ ცოდვის უფსკრულში ჩავარდნილი, სულიერების კიბის პირველ საფეხურზე შედგომას და თანდათანობით ამაღლებას კი არ შეეცადა, არამედ კვლავ მწვერვალზე მოინდომა უცებ აღმოჩენა - სასწაულებრივი ნიში მოითხოვა ღვთისაგან და როცა არ მიიღო, ჩავარდა უკანასკნელ და საბედისწერო ცოდვაში - სასოწარკვეთილებაში.

ბერის თავს გადახდენილ ამბავს შეიძლება ტრაგედია ვუწოდოთ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ - ის, რაც მის შესახებ არის მოთხრობილი პოემის ძირითად სიუჟეტურ ნაწილში (ჩამავალი მზის სურათის აღწერიდან...), სრულიად არ შეესაბამება განდეგილური ცხოვრების ჭეშმარიტ გზას. პირიქით, გმირის თითქმის ყოველი ნაბიჯი ამ გზიდან თანდათანობით გადახვევას განასახიერებს. ამიტომ სიუჟეტის პირდაპირ პლანში ტრაგედიას განიცდის ერთი კონკრეტული გმირი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ არის ასკეტური ცხოვრების ალეგორიული განსახიერება.

განდეგილს „რწმენის ტრაგედია“ უწოდეს (იხ. აკაკი ბაქრაძე. ილია ჭავჭავაძე, წიწამური, თბ.„ნაკადული“ 1984, გვ.108), მაგრამ ამ გამოთქმის ერთგვარი ორაზროვნების გამო იგი მოარულ ფრაზად იქცა სულ სხვაგვარი მნიშვნელობით, თითქოს თავისთავად რწმენაში და ასკეტური ცხოვრების წესში იყოს შინაგანი წინააღმდეგობა და იგი განიცდიდეს ტრაგედიას და არა კონკრეტული გმირი და კონკრეტული საზოგადოება. პოემის დედააზრის ამგვარი ინტერპრეტაცია ჩვენი აზრით მიუღებელია. „განდეგილის“ იგავური შინაარსის ამოხსნას აუცილებლად შემდგომი დაკვირვება და ანალიზი სჭირდება.

გაგრძელება...