ციცინო სუქნიძე

რატომ არის შეუფერებლად ჩაცმა დანაშაული
ჩადენილი საკუთარი თავისა და საზოგადოების წინაშე

გაგრძელება

დასაწყისი

ბავშვში ამა თუ იმ ჩვევის გამომუშავებაში თავიდანვე უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა. რადგან ჩვევა - ეს არის გაავტომატურებული პირობითი რეფლექსი, ამიტომ ერთი ჩვევის შეცვლა მეორეთი, ანუ ერთი ჩვევის შეცვლა მეორეთი, ანუ ერთი გამომუშავებული პირობითი რეფლექსის შეცვლა მეორეთი - იოლი არ არის, ეს მტკივნეული პროცესია. მშობელმა თავიდანვე უნდა მიაქციოს ყურადღება შვილების ჩაცმულობას, საქმიანობას, მიიღოს მონაწილეობა მისი პროფესიის შერჩევაში (ბავშვის სქესის გათვალისწინებით) და თუ შეამჩნევს, რომ გოგონას ბიჭური თამაშობანი მოსწონს, ან ბიჭუნა თოჯინებით ერთობა - რჩევისათვის უნდა მიმართოს ექიმს (ენდოკრინოლოგს). გოგონას თავიდანვე კაბა უნდა ჩავაცვათ, ე.წ. „პიჟამო“ გრძელი, ფოფიალა ღამის პერანგით შევცვალოთ; შესანიშნავია, როდესაც მოსწავლე გოგონა ატარებს ნაწნავს. ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ სადაც არ უნდა იყოს: ძველბურ ურემზე დაჯდება თუ თანამედროვე ბოინგის ტიპის თვითმფრინავში ჩაჯდება - მუხლისთავი მუხლისთავს არ უნდა დააშოროს და მუხლებზე კაბა უნდა ჩამოიფაროს. არა მარტო ბავშვის, არამედ ნებისმიერი ქალის სხვაგვარად მოქცევა გარშემო მყოფთა აბუჩად აგდებაა, მათი დამცირებაა, მამაკაცის ფიზიოლოგიისა და ფსიქოლოგიის გაუთვალისწინებლობაა და მას ცუდი შედეგი მოსდევს. ცოდო არ არიან ასეთ გარემოში გაზრდილი პატარა გოგო-ბიჭები, რომელთაც უსიყვარულობა და დასაჭურისება ელოდებათ? განა შეიძლება მამაკაცს პატივისცემა და მორიდება ჰქონდეს ისეთი ქალისა, რომელიც ადამიანის ფიზიოლოგიასა და ფსიქოლოგიას არაფრად აგდებს და თავისი ქცევით მის ჯანმრთელობას ვნებს?

უპატივცემულობას უპატივცემულობით პასუხობენ და მამაკაცმაც (მიმბაძველობით) ჩაიცვა მოკლე შარვალი, უსახელო პერანგი. მრავალი კი გრძელ, მაგრამ მეტად ვიწრო შარვალს ატარებს. კულტურული მამაკაცები მანდილოსანთან საუბრისას პერანგის ღილს საყელოსთანაც კი იკრავენ.

ტანსაცმლის მოდელიორს ადამიანის სულიერებაზე ზემოქმედების მძლავრი ბერკეტი უპყრია ხელთ. ეს მეტად საპასუხისმგებლო პროფესიაა და ადამიანისაგან დიდ განათლებას, ჭეშმარიტ რწმენას, შინაგან კულტურას, მაღალ ზნეობასა და კაცთმოყვარე გულს მოითხოვს (სასურველია, რომ ამ პროფესიის მსურველ აბიტურიენტისათვის უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდებისათვის საჭირო მოთხოვნები (კითხვები) ისე იყოს შედგენილი, რომ ადამიანის ამ თვისებების წარმოჩენა შეეძლოს). მრავალი თანამედროვე ტანსაცმლის მოდელიორი ფსიქოლოგიურ ომს უცხადებს ადამიანებს. ყოველ ომს ხომ ნგრევა და განადგურება ახასიათებს. მრავალი მათგანი ცდილობს დაანგრიოს ადამიანთა სწორი წარმოდგენა ჩაცმულობაზე და შესაბამისად - ქცევაზე, ცდილობს ჩაკლას ქალში ბუნებრივი მორცხოვბის გრძნობა, შესაბამისად - მოკრძალებული ქცევა.

ზოგიერთი საბრალო მოდელიორი თავისი საქმიანობისას მხოლოდ ფულის მოგებაზე ფიქრობს და ღმერთის არსებობა დავიწყებული აქვს. ამას გვაფიქრებინებს ის, რომ მრავალი თანამედროვე მოდის ტანსაცმელში შეიგრძნობა მოდელიორის უსიყვარულო და უპატივცემულო დამოკიდებულება ადამიანებისადმი. ხშირად მათ მიერ შემოთავაზებული ტანსაცმლის მოდელი ქალს მხოლოდ გარკვეული მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელ საგნად წარმოაჩენს, ამით კი შეურაცხყოფს და ამცირებს ადამიანის ღირსებას. ადამიანის მიმართ უსიყვარულობის და უპატივცემულობის გამოვლინებაა ის, რომ მრავალი თანამედროვე მოდელიორი ქალებს ზაფხულში სთავაზობს შავი ფერის ტანსაცმელს. ფიზიკიდან ცნობილია, რომ ღია ფერის ტანსაცმლისაგან განსხვავებით, რომელიც ირეკლავს და ფანტავს ჯანმრთელობისთვის საშიშ მზის ულტრაიისფერ გამოსხივებას, შავი ფერი - ინტენსიურად შთანთქავს მას. ამიტომ ადამიანი, რომელსაც კანი დაფარული აქვს ღია ფერის ხალვათი ტანსაცმლით, სიცხეს ნაკლებად შეიგრძნობს. შეამჩნევდით, ზაფხულში ის ადამიანები უფრო წუხან ხოლმე სიცხის გამო, ვისაც ძალიან შილიფად აცვია. ყოველ ამინდში შესაფერის ტანსაცმელს ხომ დამცველი ფუნქცია აკისრია. თანამედროვე მოდა ქალებს სთავაზობს ზამთარში მოკლე ქურთუკს. არადა, თუ პალტო მოკლეა და მუხლებს არ ფარავს, ის ვერც იცავს მცირე მენჯის ღრუში განლაგებულ მნიშვნელოვან ორგანოებს გაცივებისაგან (როგორც ექიმები აღნიშნავენ და ექოსკოპიური გამოკვლევები ადასტურებენ, ძალიან გახშირდა ამ ორგანოების ანთების შემთხვევები მოზარდებშიც, რაც ადრე უიშვიათესი შემთხვევა იყო და რაც შეიძლება უნაყოფობის მიზეზი გახდეს). ხოლო მამაკაცებისათვის მოდელიორის მიერ შემოთავაზებული გრძელი (თითქმის კოჭებამდე) პალტო მათ ხელს უშლის გადაადგან მამაკაცური, ენერგიული ნაბიჯი.

ზოგიერთი მოდელიორი ცდილობს მსგავსი და არა განსხვავებული მოდელის ტანსაცმელი შესთავაზოს ქალსა და მამაკაცს. ამით ისინი გარეგნულად ერთმანეთს ემსგავსებიან, ეს კი ფსიქოლოგიურად დიდ უარყოფით გავლენას ახდენს ზოგადად ქალისა და მამაკაცის ნორმალურ ურთიერთობაზე. გარდა ამისა, ასეთი ჩაცმულობა ხელს უწყობს მამაკაცის გაქალაჩუნებას, ხოლო ქალები მამაკაცურ თვისებებს (მიდრეკილებებს) იძენენ და თანდათანობით კარგავენ ქალურობას.

მრავალი თანამედროვე მოდელიორი ახდენს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის ფერის აღრევას. ისინი მამაკაცებს სთავაზობენ წითელ, ყვითელ, იასამნისფერ, შინდისფერ, ღია მწვანე ფერის, ზოგჯერ კი მოჩითულ ტანსაცმელს და ყელსახვევს, რაც ქალის შესაფერია, რადგან სახეს სინაზეს აძლევს (ჩვენში მამაკაცებმა არა ერთი ფერის, არამედ მოჩითული პერანგებისა და ასეთივე ყელსახვევების ტარება დაიწყეს მიმბაძველობით გასული, მე-20 საუკუნის, 70-იანი წლებიდან).

ჩვენ სრულიად არ ვფიქრობთ, რომ ამ ფსიქოლოგიურ ომს მოდელიორები მაინცდამაინც გაცნობიერებულად და მიზანდასახულად აწარმოებენ. შეიძლება ეს შედეგი იყოს სამედიცინო საკითხების, ადამიანის ფიზიოლოგიისა და ფსიქოლოგიის უცოდინარობისა. ადამიანის ქცევაზე და მიდრეკილებებზე დიდი ზეგავლენის გამო ჩაცმულობა არ არის უმნიშვნელო რამ. მისაღები ტანსაცმლის მოდელის შექმნა მოითხოვს სათანადო სამედიცინო განათლებასაც. ამისათვის მასობრივი წარმოებისათვის შემოთავაზებული ტანსაცმლის მოდელი ქვეყანაში სამედიცინო კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს.

შეუფერებელი ჩაცმულობა საზოგადოებისათვის ანგარიშის გაუწევლობასა და უპატივცემულობას გულისხმობს, მიუთითებს ადამიანთა ეგოიზმზე. ქრისტიანობისთვის ხომ უცხოა ეგოიზმი. მეგობრობა, სიყვარული და ეგოიზმი ურთიერთ შეუთავსებელი ცნებებია. ამიტომ ასეთი ჩაცმულობა ქართველების მეგობრობისა და სიყვარულის მაღალ გრძნობას უქმნის საფრთხეს. დღეს საქართველოში მრავალი ადამიანი პიროვნების თავისუფლებას არასწორად გაიაზრებს და უკულტურო ქცევას, ე.ი. ისეთ ქცევას, რომელსაც ზიანი მოაქვს საზოგადოებისათვის - პიროვნების თავისუფლებად აღიქვამს. სინამდვილეში ირღვევა გარშემო მყოფ ადამიანთა უფლებები. უკულტურო საქციელი დიდი დანაშაულია, რადგან ასეთ შემთხვევაში ადამიანი არღვევს საღვთო სჯულის ორი ძირითადი სწავლებიდან ერთს - „გიყვარდეს მოყვასი შენი“.

ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას შეუფერებელ ჩაცმულობაზე, როგორც ქალისა და მამაკაცის ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბების ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორზე იმიტომ, რომ ოჯახს სწორედ ისინი ქმნიან - ქალი და მამაკაცი. როდესაც მეუღლეები ერთმანეთს პატივს არ სცემენ და ანგარიშს არ უწევენ ერთმანეთის ფსიქოლოგიასა და ფიზიოლოგიას, ეს პირველ რიგში მათ სიყვარულის გრძნობაზე მოქმედებს, ჯერ ასუსტებს და შემდეგ კი მთლიანად გააქარწყლებს მას. ასეთ ოჯახში შვილებიც უსიყვარულონი და გულგრილები იზრდებიან. ამიტომ არის, რომ შეუფერებლად ჩაცმული ადამიანი სიყვარულის გრძნობის ჩაკვლას უწყობს ხელს. ისევე, როგორც ოჯახში, საზოგადოებაშიც, სადაც ერთმანეთს პატივს არ სცემენ და ანგარიშს არ უწევენ - გაუსაძლისი ხდება ცხოვრება.

დღეს საქართველოში ადამიანები მიმბაძველობით თვითონვე ქმნიან ისეთ გარემო პირობებს, სადაც უკიდურესად ძნელია ერთგულებისა და ოჯახის სიმტკიცის შენარჩუნება; როდესაც ადამიანის ქცევა როგორც საკუთარი თავის, ასევე საზოგადოების საზიანოდ არის მიმართული, ასეთ მოქმედებას გონივრულს ვერ ვუწოდებთ და ასეთ ადამიანს - განათლებულს.

ყოველი ადამიანი ანგარიშს უწევს საზოგადოებრივ აზრს. არავის არ სურს, რომ ის უწესობით გამოირჩეოდეს. ამიტომ ჩვენი საზოგადოების აზრი ქცევის ნორმებისა და ჩაცმულობის შესახებ უწინდელი უნდა დარჩეს. ე.ი. უნდა ემყარებოდეს ჭეშმარიტ რწმენას, ობიექტურ მეცნიერულ მონაცემებს, განათლებას და არა მიმბაძველობას, რაც არ უნდა მდიდრები და მრავალრიცხოვანი იყვნენ მისაბაძი ობიექტები. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოში ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის აღრევა და გამომწვევად ჩაცმა ყოველთვის უკულტურობად მიიჩნეოდა.

ახალი მოდის შექმნის სხვა გზაც არსებობს. მედიცინიდან ცნობილია, რომ ქალსაც და მამაკაცსაც ორივე სასქესო ჰორმონი გააჩნია. განსხვავება ის არის, რომ მამაკაცში სჭარბობს მამაკაცური ჰორმონი, ხოლო ქალებში - ქალური. მეცნიერებისათვის ცნობილია მრავალი გარეგანი ფაქტორი (რადიაცია, მაგნიტური ველი, ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება და სხვ.), რომელიც მოქმედებს ჰორმონალურ სისტემაზე. თუკი ასეთი ზემოქმედების გამო ზრდასრულ მამაკაცს დაერღვა ჰორმონალური წონასწორობა და შეუმცირდა მამაკაცური ჰორმონები, მას ეცვლება ფსიქიკაც: ატარებს ქალურ ვარცხნილობას, ზოგჯერ სამკაულს, იცვამს წითელ, ყვითელ, მოჩითულ და სხვა ნაზი ფერის ტანსაცმელს, თავზე იკრავს თავსაფარს („ბენდენა“), იცვამს მოკლე შარვალს (შორტებს), აჩენს შიშველ, ბეწვიან ფეხებს (რომელთა შეხედვაც სხვათა შორის, ქალებში ზიზღის მსგავს გრძნობას იწვევს), ირჩევს ქალურ პროფესიას (მაგალითად, საბავშო ბაღის აღმზრდელი) და სხვ. ქალები, ჰორმონალური წონასწორობის დარღვევისას იცვამენ მამაკაცურად, იკეთებენ ბიჭურ ვარცხნილობას, იტაცებთ მამაკაცური პროფესიები და საქმიანობა, ერთვებიან მამაკაცურ სპორტში (მაგალითად, ფეხბურთის თამაში) და სხვ. თუ ჰორმონალური წონასწორობის დარღვევის გამო ჩაცმულობა შეიცვალა რომელიმე პოპულარულმა მსახიობმა, ეს გაუცნობიერებელი საზოგადოების მიერ აღიქმება, როგორც ახალი მოდა და დაუფიქრებლად ბაძავს მას (ჰორმონალური წონასწორობის დარღვევის შედეგად ადამიანის ფსიქიკის შეცვლა გადმოცემულია სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენთათვის შედგენილ მრავალ სახელმძღვანელოში).

ფიზიოლოგია სიტყვა-სიტყვით ნიშნავს მოძღვრებას ადამიანის ბუნების შესახებ. იგი შეისწავლის როგორც მთლიანი ორგანიზმის, ასევე ცალკეულ ორგანოთა სისტემების მუშაობის მექანიზმებს, იმ მექანიზმებს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის, როგორც მთლიანის არსებობას და მის ურთიერთობას გარემოსთან. ფიზიოლოგია საშუალებას გვაძლევს გამოვიკვლიოთ ამა თუ იმ დაავადების დროს ამ მექანიზმის დარღვევის მიზეზი და მისი ბუნება, განვსაზღვროთ ორგანიზმზე ზემოქმედების ის გზები და მეთოდები, რომელიც აღადგენს დარღვეულ ფუნქციას; ამიტომ ფიზიოლოგია მედიცინის თეორიული საფუძველია.

ივ. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიური სკოლა უძლიერესია მთელს მსოფლიოში. აღნიშნულ დარგში ცოდნის გასაღრმავებლად საქართველოში ყოველი კუთხიდან ჩამოდიოდნენ და ახლაც ჩამოდიან მეცნიერები. ასევე, მთელს მსოფლიოშია აღიარებული გამოჩენილი ფსიქოლოგის დიმიტრი უზნაძის სწავლება განწყობის შესახებ. მისი სახელმძღვანელო ყველგან ყველა განათლებული ფსიქოლოგის სამაგიდო წიგნია. მეცნიერული გამოკვლევებით დადგენილი ფაქტები მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას როდი უნდა ემსახურებოდნენ, დაგროვილ ცოდნას ადამიანები პრაქტიკულად უნდა იყენებდნენ და მისით უნდა სარგებლობდნენ.

დღეს მრავალი ადამიანი ცდილობს, ერთმანეთს წაბაძოს ჩაცმულობაში. თითქოს დაიკარგა პიროვნების ინდივიდუალურობა და თავისთავადობა. გარეგნობაში მთავარი ხომ გამომეტყველება და თვალების სილამაზეა. თვალების სილამაზე კი სულის სილამაზეზე არის დამოკიდებული, რადგან „თვალები ადამიანის სულის სარკეა“. ამიტომ თვალების გალამაზება ყველას შეუძლია, თუკი მოინდომებს.

ამჟამად მრავალი მშობელი ბავშვს აცმევს არა ბავშვურად, არამედ დიდების მსგავსად, რაც არასწორია. საერთოდ, ბავშვს არ უნდა გავუმახვილოთ ყურადღება ჩაცმულობაზე, რადგან პატარაობიდანვე ყურადღების სწორად განაწილებას (რაც ქმნის სათანადო განწყობას) დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნების ჩამოყალიბებაში (რაც ცალკე საუბრის თემაა). გარეგნობისადმი და ჩაცმულობისადმი არაზომიერი, გადაჭარბებული ყურადღება (რაც ამჟამად შეიმჩნევა ჩვენს საზოგადოებაში), სულიერად ფიტავს ადამიანს. საერთოდ კი მოდისადმი მონური დამოკიდებულება, ისევე, როგორც ყოველგვარი მონობა, ადამიანის ღირსების შემლახავია.

განვიხილოთ, რამ განაპირობა ქალის გამომწვევი ტანსაცმლის მოდელის შექმნა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რამ გამოიწვია ზოგიერთ ქვეყანაში მამაკაცის ქალისადმი ბუნებრივი ბიოლოგიური ლტოლვის დაქვეითება, ინდიფერენტიზმი, რამაც აიძულა ქალი მიემართა ამ ხერხისათვის (საქართველოში ასეთი ჩაცმულობა საჭიროების გამო კი არა - მიმბაძველობის გამოა გავრცელებული). თუკი ძველი დოკუმენტური მასალის მიხედვით ვიმსჯელებთ, უწინ გამომწვევად მხოლოდ ერთეულებს (მეძავებს) ეცვათ, ახლა ასეთი ტანსაცმელი მასობრივად აცვიათ.

ყოველ მოვლენას თავისი გამომწვევი მიზეზი აქვს. ამ მოვლენასაც აქვს მიზეზი. ამ მოვლენის გამომწვევი მიზეზი არის ზოგიერთ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანაში ადამიანების მიერ რამდენიმე ათეული წლის წინ დაშვებული შეცდომა. გარკვეული როლი ითამაშა ადამიანის თავისუფალი ნების მცდარმა გაგებამაც. უშეცდომო ადამიანი არ არსებობს, მაგრამ ამ შეცდომას თავისი სიმძიმით ძნელად თუ შეედრება სხვა, თუ გავითვალისწინებთ იმ მძიმე შედეგს, რაც მას მოჰყვა. საქმე ის არის, რომ ზოგიერთ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანაში (ამერიკაში, დასავლეთ ევროპაში) უქორწინებლად ინტიმური კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის ბუნებრივ მოვლენად იქნა მიჩნეული და მას საზოგადოებრივი აზრი აღარ კიცხავდა. ამ ადამიანების მიერ მოხდა ღვთის მეშვიდე მცნების (კანონის) „არ იმრუშოს“ უარყოფა. ეს მოვლენა ცნობილია „სექსუალური რევოლუციის“ სახელწოდებით და როგორც მათი საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, ამის მიზეზი გამხდარა მე-20 საუკუნის 60-იან წლებში ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოგონება.

როდესაც პიროვნება სამოქალაქო, ანუ ადამიანის მიერ შექმნილ კანონს არღვევს, სასჯელი მცირეა. ღმერთის მიერ დადგენილი კანონის დარღვევისას კი სასჯელი, როგორც მოსალონდელი იყო, ძალიან მძიმე აღმოჩნდა: ასეთმა არაზნეობრივმა ქცევამ შეასუსტა მამაკაცის ბუნებრივი ლტოლვა ქალისადმი, შეასუსტა სიყვარული ცოლ-ქმარს შორის და ამის შედეგად კატასტროფულად გაიზარდა დანგრეული ოჯახების რიცხვი, გაიზარდა ნევროზით დაავადებულთა რიცხვი, გახშირდა შიდსი და ვენერიული დაავადებანი, ნარკომანია, პათოლოგიური მიდრეკილებები, ჰომოსექსუალიზმი. ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში გამომავალი მრავალრიცხოვანი, ათასგვარად დასურათებული ლიტერატურა, რომელიც ქალებს ასწავლის ხელოვნური, ადამიანის ღირსების დამამცირებელი მეთოდებით მამაკაცის აგზნებას, მიუთითებს მათ გასაჭირზე სექსუალურ სფეროში. ეს გასაჭირი მათ თვითონვე შეიქმნეს თავიანთი ქცევის, ღვთის მეშვიდე მცნების დარღვევით. აღსანიშნავია, რომ ამ გასაჭირიდან თავის დასაღწევად ისინი მიმართავენ მცდარ მეთოდს (გამომწვევი ქცევა, გამომწვევი ჩაცმულობა, აღმაგზნებელი მუსიკისა და სიმღერების მოსმენა და სხვ.), რაც მეტად ხანმოკლე შედეგს იძლევა და ამას მოსდევს კიდევ უფრო ღრმა ადაპტაციის პროცესი.

25 წელია, ივ. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ერთ-ერთი ლაბორატორია აკადემიკოს მიხეილ ხანანაშვილის ხელმძღვანელობით მუშაობს ექსპერიმენტულ ინფორმაციულ ნევროზებზე. 15 წლის წინ საფრანგეთიდან სპეციალურად (საკუთარი ინიციატივით) ექსპერიმენტული ნევროზის ჩვენი მოდელის გასაცნობად ჩამოვიდა პროფესორი, რომელსაც აინტერესებდა, გამოადგებოდა თუ არა აღნიშნული მოდელი ნერვული სისტემის დეპრესიის სამკურნალოდ. მეცნიერმა აგვიხსნა, რომ საფრანგეთში 28-დან 40 წლამდე მამაკაცებს შორის ძალიანაა გახშირებული ღრმა დეპრესიული ნევროზი, რომლის დროსაც ადამიანი სრულიად კარგავს შრომის უნარს და სიცოცხლის ხალისს. პროფესორმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის დამოკიდებული მათ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ეს დაავადება ქალებისადმი ბუნებრივი ლტოლვის შესუსტებისა და ღრმა ადაპტაციის პროცესის განვითარებითაა გამოწვეული.

ადამიანების სულიერი მდგომარეობა მუსიკაშიც აისახება. თუ ამ ქვეყნების ბოლო წლების მუსიკალურ მიმდინარეობებს დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ ეს არ არის დალხინებული და სულიერად მშვიდი ადამიანების გულის ნაჟური. ეს სიყვარულის გრძნობის შესუსტების გამო გამწარებული სულის კივილია, რომლის ხმა ჩვენამდეც აღწევს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ღვთის მეშვიდე მცნების („არ იმრუშოს“) დარღვევამ მეტად მძიმე პრობლემების წინაშე დააყენა ადამიანები. ამ პრობლემების შესახებ ისინი თვითონვე წერენ და საუბრობენ.

2000 წლის 26 მარტს ჩატარდა საუკეთესო კონოფილმისათვის ოსკარის მინიჭების ცერემონიალი. იგი გადაეცა რეჟისორ სემ მენდესის ფილმს „ამერიკული სილამაზე“. მეორე დღეს (ე.ი. 27 მარტს) კი ამ ფაქტთან დაკავშირებით რადიოთი გადმოიცა დიალოგი „ამერიკის ხმის“ წამყვან ჟურნალისტ ეთერ ფიჩხაძესა და ნიუ-იორკელ კორესპონდენტს მანანა ჯინჯიხაშვილს შორის. ეთერ ფიჩხაძის კითხვაზე, თუ რითი დაიმსახურა ესოდენ დიდი ჯილდო აღნიშნულმა ფილმმა, მანანა ჯინჯიხაშვილმა უპასუხა, რომ ფილნი ეხება მეტად აქტუალურ პრობლემას, პრობლემას, რომელიც მეტისმეტად აწუხებთ ამერიკელებს. ეს არის გაუცხოება (სხვაგვარად რომ ვთქვათ, სიყვარულის შესუსტება). როდესაც გაუცხოება ქვეყნის პრობლემაა, მას არა ცალკეული, არამედ მასობრივი ხასიათი აქვს. შემდეგ მანანა ჯინჯიხაშვილმა განმარტა, რომ ამერიკაში მასობრივად აღინიშნება გაუცხოება ცოლსა და ქმარს, მშობლებსა და შვილებს, თაობებს შორის (აღსანიშნავია, რომ დღეს გაუცხოება მრავალი ქვეყნის პრობლემაა).

რა უნდა იყოს ადამიანისათვის იმაზე დიდი პირადი ტრაგედია, ვიდრე ის, როდესაც გაუცხოებული არიან ყველაზე უახლოესი ნათესავები? როდესაც უკიდურესად შესუსტებულია ან თითქმის აღარ არსებობს მათ შორის სიყვარულის გრძნობა. ასეთი ადამიანები ხომ მოკლებული არიან სიყვარულისა და ნამდვილი ბედნიერების განცდას და მისი შევსება კარგ ეკონომიკურ პირობებსაც არ ძალუძს, თუმცა ფული კი იჩემებს ყოვლის შემძლეობას. ამ ფაქტმა კარგად დაგვანახა, რომ ნამდვილ, დიდ სიყვარულს ფულით ვერ იყიდი (ცნობილია, რომ აშშ-ში ეკონომიკურ სიდუხჭირეს არ განიცდიან).

„1996 წელს აშშ კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც იცავს ოჯახსა და ქორწინებას. ამერიკის კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ სახელმწიფოს ამოცანაა საზოგადოების აღორძინების უზრუნველყოფა, რის საფუძველსაც ოჯახი უნდა წარმოადგენდეს. ამერიკელებმა, რომლებმაც იგემეს „სექსუალური რევოლუციისა“და „თავისუფალი საზოგადოების“ მომხიბვლელობა შიდსის, ნარკომანიისა და სხვადასხვა დანაშაულობის გეომეტრიული პროგრესიით ზრდაში გამოვლენილი, სექსუალური განათლების პროგრამების ნაცვლად სკოლებში შემოიღეს ისეთ ტრადიციულ ფასეულობათა განმამტკიცებელი პროგრამები, როგორიცაა უბიწოება, ქორწინება და თავშეკავება, რაც გამოიხატება სექსუალური თავაშვებულობის, თამბაქოს, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე უარის თქმაში. ამ პროგრამების რეალიზაციაზე ყოველწლიურად გამოიყოფა 50 მლნ დოლარი, რამაც უკვე გამოიღო პირველი შედეგებიც: იმ შტატებში, სადაც ეს პროგრამები მოქმედებს, არა მხოლოდ შემცირდა აბორტების რიცხვი, არამედ ათჯერ იკლო ფეხმძიმობის შემთხვევებმა მოზარდ გოგონებში. ამერიკელები უბრუნდებიან ტრადიციული ოჯახის იდეალს, ხოლო ოჯახის ძირითად როლს ბავშვების აღზრდაში ხედავენ (ექიმი ა.პოლინსკი, მართლმადიდებელი სამედიცინო-საგანმანათლებლო ცენტრი „სიცოცხლე“).

ხალხში ვრცელდება ორი არასწორი მოსაზრება: 1. თითქოს თავშეკავება იწვევდეს ნევროზულ მდგომარეობას და 2. თითქოს მომავალი ოჯახის სიმტკიცისათვის აუცილებელი იყო წინასწარი (უქორწინებელი) ინტიმური კავშირი. როგორც ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების სამედიცინო სტატისტიკა თავად გვაუწყებს, ამ ქვეყნებში აღინიშნება ნევროზით დაავადების ძალიან მაღალი პროცენტი. ასევე ძალიან მაღალია გაყრილი ოჯახების რიცხვი. იგი 50-70%-ს (ზოგიერთ ქვეყანაში კი უფრო დიდ პროცენტს) შეადგენს. მათი ეს მონაცემები სრულიად ასაბუთებს ამ ორი მოსაზრების მცდარობას. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ეს მოსაზრება გაუცნობიერებელი ხალხის შეცდომაში შესაყვანად იყოს გავრცელებული.

ზნეობრივ ქცევას ალტერნატივა არ გააჩნია. ის ყოველთვის თანამედროვეა, მოდაშია, რადგან ადამიანის სასარგებლოს არის მიმართული. ზნეობრივი კანონები ითვალისწინებენ ადამიანის ფიზიოლოგიასა და ფსიქოლოგიას. იგი ადამიანისათვის ფარია, ჯავშანია, განამტკიცებს ადამიანებს შორის სიყვარულს, პატივისცემას, იცავს მათ ღირსებას.

განა შეიძლება ადამიანს წაბაძო იმის გამო, რომ შენზე ეკონომიკურად უკეთესად ცხოვრობს? ისტორიას თუ გადავხედავთ, მატერიალური კეთილდღეობა ადამიანს ერთ დღეს აქვს, მეორე დღეს კი შეიძლება წაერთვას. ჩვენ ხომ სულიერად მდიდარი ერი ვართ. სულიერი სიმდიდრის დაგროვებას კი საუკუნეების სჭირდება და მასზე უამინდობა არ მოქმედებს. ჩვენ არა დროებითი და წარმავალი, არამედ მარადიული ღირებულებით - სათნოებით ვართ მდიდარი. ჩვენს ძარღვებში ხომ დავითის, თამარის, ქეთევან დედოფლისა და ასიათასი მოწამე ქართველის „ნაქონი სისხლი“ მიედინება. ჩვენს სიყვარულიან, ადამიანურ ურთიერთობას ვინ გვასწავლის? მეზობლის თხოვნით (რომელსაც ბავშვი დასასვენებლად მიჰყავს) მის ბინაში რომ გაათევ ღამეებს, რათა იგი არ გაქურდონ, მრავალი უცხოელი ამას შენი პრობლემის სხვაზე თავის მოხვევას უწდებს, ჩვენებურად კი ამას კარგი მეზობლობა, მეგობრობა და სიყვარული, დაქალობა და ძმაკაცობა ჰქვია.

მოვიყვანთ კიდევ ორ მაგალითს, რომელიც შარშან მოხდა:

1. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ახალგზარდა ქალის პირველი მშობიარობა შესაძლებელია ძალიან რთულად წარმართულიყო მისი ზედმეტი წონის გამო. შეწუხებულმა მეუღლემ ღამის ორ საათზე სულიერი თანადგომისათვის ორ მეგობარს დაუკრეკა (თუმცა მშობლები და ნათესავები გვერდით ჰყავდა) და ის იანვრის ღამე ბავშვის დაბადებამდე ნახევრად ფეხზე მდგომებმა გაათენეს სამშობიარო სახლის დერეფანში.

2. იმერეთის სოფელში სამოც წელს მიტანებული, ფეხმტკივანი, ხელჯოხიანი ქალი აგვისტოს პაპანაქება სიცხეში ქალაქში წასვლას გადაწყვეტს, რადგან გაიგო, რომ ღამით, მოშორებით მცხოვრები მეზობლისათვის სასწრაფოდ ოპერაცია გაუკეთებიათ - პირველი ჯგუფის სისხლი მაქვს და იქნებ გამოადგეთო. მას არ აბრკოლებდა ძლიერი სიცხე, არც ის, რომ ქალაქში მიმავალს, ფეხმტკივანს, ავტობუსის გაჩერებამდე დაახლოებით ერთი კილომეტრი დაღმართიანი, აღმართიანი და კოლბოხიანი გზა უნდა გაევლო.

ადამიანებს გარშემო მყოფთაგან სიყვარულისა და თანადგომის შეგრძნება სიხარულსა და სულიერ სიმშვიდეს ანიჭებს. ასეთი სიყვარულის, მეგობრობისა და თანადგომის გამოხატვის შემთხვევა ხომ ერთული არ არის ჩვენს ქართულ სინამდვილეში. ამას მასობრივი ხასიათი აქვს. ერის მაღალი კულტურა, მაღალი დონის ცივილიზაციის გამოვლინება სწორედ სიყვარულით იზომება. ჩვენ სახარებაზე გაზრდილი წინაპრების შთამომავალნი ვართ. პავლე მოციქულის სწავლება: „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“ ძვალ-რბილში გვაქვს გამჯდარი. სიყვარულიანი ურთიერთობა სწორედაც რომ ჩვენგან უნდა ისწავლონ სხვებმა, რაც არ უნდა მრავალრიცხოვანნი და მდიდრები იყვნენ ისინი. ცხოვრების წესის შეცვლისას, ჩვენი ტრადიციების უარყოფისას, სწორედ ჩვენს სიყვარულიან ურთიერთობას ემუქრება საფრთხე.

ჩემო კარგო! რამდენი წელია, რაც შენ გამომწვევად გაცვია და შეგეცვალა ქცევა. დავაკვირდეთ, ამის გამო შენი ცხოვრება გახდა უკეთესი?

1. ამ წლების განმავლობაში მამაკაცების მხრივ შენდამი ინტერესი, ყურადღება და პატივისცემა კი არ გაიზარდა, არამედ შემცირდა (შენ კი გეგონა, საწინააღმდეგო შედეგს მიიღებდი);

2. არც სულიერად ხარ უფრო მშვიდად, პირიქით. გარდა ამისა, როდესაც წესიერი ადამიანი არასწორად იქცევა, მას მუდმივად ამხილებს შინაგანი ხმა. შენ ხომ ხშირად სულიერი ტკივილის ფასად ირგებ ასეთ ტანსაცმელს?

3. რაც ყველაზე მთავარია, შენი საქციელით აწყენინე უფალს, და თუკი შენთვის და შენს გარშემო მყოფთათვის მხოლოდ ცუდის მომტანია შენი ქცევა და ჩაცმულობა, რატომ უნდა გააგრძელო ასე?

დასაფიქრებელია მე-17 საუკუნეში მოღვაწე წმინდა მამის, ღირსი ნილოს მირონმდინარე ათონელის წინასწარმეტყველება ბოლო ჟამის შესახებ: „ვეღარ მოხერხდება ერთურთისაგან ქალისა და მამაკაცის გარჩევა, იმდენად შეურაცხი იქნება ფორმა მათი სამოსისა და ვარცხნილობისა“. აი, რას წერს მსოფლიო დიდი მოძღვარი ბასილი დიდი მეშვიდე ფსალმუნის განმარტებისას: „მე ვფიქრობ, რომ ყველა სამართლიანი მსაჯულის მიერ ერთნაირად როდი განისჯება. წარმოიდგინეთ, რომ სამსჯავროზე მრუშობა განისჯება, მაგრამ ერთმა შესცოდა იმიტომ, რომ ქვეყნად გარყვნილი მშობლებისგან გაჩნდა, ყრმობიდანვე უკეთური ჩვეულებებით: ლოთობით, თამაშით, სამარცხვინო საუბრებით აღიზარდა. მეორეს კი ბევრი რამ ჰქონდა ისეთი, რაც ზნეობრივი ცხოვრებისაკენ მოუწოდებდა: აღზრდა, მასწავლებელნი, მოსმენა ჭვთის სიტყვებისა, სულის მხსნელი საკითხავები, მშობელთა შეგონებანი, საუბრები, რომელიც პატიოსნებისა და უმანკოების ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს, ზომიერება საზრდელის მიღებისას. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ჩათრეულ იქნა პირველი ცოდვის მსგავს ცოდვაში და პასუხი უნდა აგოს თავისი ცხოვრებისათვის. განა სამართლიანად არ არის ეს უკანასკნელი პირველთან შედარებით უფრო მძიმე სასჯელის ღირსი?“

მრავალი ქვეყნის მოქალაქენი გემი „ტიტანიკის“ მგზავრებს ჰგვანან. ნუ გაგაოცებს და ნუ დაგაბნევს მათი მრავალრიცხოვნება. ცდუნება ძალიან დიდია, მაგრამ ნუ შეეცდები ამ გემის მგზავრი გახდე. მისი ბედი ხომ ცნობილია!

ადამიანებზე ტექნიკურმა პროგრესმა ფსიქოლოგიურად იმოქმედა - ზოგი ააღელვა, ზოგი დააბნია. განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა კოსმოსური ხომალდის გაშვებამ და ტელევიზორის შექმნამ. ტექნიკურმა საშუალებებმა შეცვალა გარემო, რომელშიაც ადამიანი ცხოვრობს. როგორც ჩანს, ტექნიკური პროგრესი არ შეჩერდება, ანუ ერთი ტექნიკური მოწყობილობა კვლავ შეიცვლება მეორეთი. როგორც აღვნიშნეთ, გარემო პირობები, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს, ცვალებადია. ამიტომ მრავალმა ადამიანმა შეცდომით იფიქრა, რომ გარემოს ცვალებადობასთან ერთად უნდა შეცვლილიყო ადამიანის თვისებები და ადამიანური ურთიერთობები. ეს აბსოლუტურად მცდარი აზრია, რადგან ადამიანი გარემო პირობებს ეგუება თავის ტვინის საშუალებით, ხოლო ადამიანის თავის ტვინი ანატომიურად, ბიოქიმიურად და ფიზიოლოგიურად არ იცვლება. იგი დღესაც ისევეა აგებული, როგორც იყო პირველ საუკუნეში და უფრო ადრეც. ამიტომ ადამიანს დღესაც იგივე მიზეზი ანიჭებს სიხარულს ან მწუხარებას, აყენებს ტკივილს, უნარჩუნებს ან აკარგვინებს სულიერ სიმშვიდეს, როგორც პირველ საუკუნეში. ადამიანს დღესაც იგივე ინსტიქტები გააჩნია, რაც ადრე ჰქონდა.

ამერიკაში და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ე.წ. „სექსუალური რევოლუციის“ სახით ღვთის მეშვიდე მცნების დარღვევის არნახული მასშტაბის დიდი ექსპერიმენტი ჩატარდა და მისი დამანგრეველი შედეგი, რომელიც გამოვლინდა არა ომისა და კრიზისის, არამედ ამ ქვეყნების ეკონომიკური აღმავლობის ვითარებაში: შიდსის, ნარკომანიის, სხვადასხვა დანაშაულობათა გეომეტრიული პროგრესიით ზრდასა, განქორწინებათა გახშირებასა და ადამიანთა ურთიერთგაუცხოებაში - უნდა გავითვალისწინოთ ქართველებმა. გონიერი და განათლებული ადამიანი ხომ სხვის შეცდომებზე სწავლობს და არა საკუთარზე.

ყოველი ადამიანი ანგარიშს უწევს საზოგადოებრივ აზრს. საზოგადოებრივი აზრი ქცევის ნორმებისა და ჩაცმულობის შესახებ უნდა ემყარებოდეს ფიზიოლოგიის, ფსიქოლოგიისა და მედიცინის დარგში მოპოვებულ ობიექტურ მეცნიერულ მონაცემებს, განათლებას, ჭეშმარიტ რწმენას და არა დაუფიქრებელ მიმბაძველობას.

ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების ჟურნალისტებისადმი მიმართვაში გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მსოფლიოში არსებულ მასობრივი განადგურების სტრატეგიულ საშუალებათა შორის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფსიქოლოგიური იარაღია (გაზეთი „მედიცინა“, 8 თებერვალი, 2000 წელი). ამ ომში რომ არ დავმარცხდეთ, არ ვცდუნდეთ და არ დავიღუპოთ, საჭიროა მტკიცე მართლმადიდებლური ქრისტიანული რწმენა, მეცნიერული ცოდნა, განათლება, მულხჩაუხრელი ფიზიკური და გონებრივი შრომა, მშობლიური ენისა და სამშობლოს უზომო სიყვარული. უცხო ქვეყნების გავლენისაგან, ასევე უკულტურობისაგან თავის დაცვის სხვა საშუალება არ არსებობს. დამღუპველია დაუფიქრებელი მიმბაძველობა. ფსიქოლოგიურ ომს ერთი მეტად დამახასიათებელი თვისება აქვს: ამ ომში დამარცხებას, შესაძლებელია ზოგიერთ შემთხვევაში, დროებითი ხასიათი ჰქონდეს. ეს ხდება მაშინ, როდესაც სათანადო ცოდნის შეძენის შემდეგ ადამიანი მიხვდება თავის შეცდომას, გაიცნობიერებს მას და როდესაც ეყოფა მას ძალა და ნებისყოფა ამ შეცდომის დასაძლევად. უკეთურებას ზოგჯერ თითქოსდა უვნებელი, ზოგჯერ კი მომხიბლავი ნიღაბი უკეთია. შვილების თავგანწირულმა სიყვარულმა უნდა შეაძლებინოს მშობელს ჩამოიხსნას ეს ნიღაბი და უკეთურების ნამდვილი სახე გამოაჩინოს, რათა დაღუპვისაგან იხსნას ისინი.