ბოსტნეული, სალათები

ჭარხალი ქინძმარში (1)

მოხარშული ჭარხლის ძირხვენა გაფცქვენით და ფიგურული დანით დაჭერით პატარა ნაჭრებად. მოასხით ქინძმარი და აურიეთ კარგად.

ქინძმარს ასე მოამზადებთ: 2 კონა ქინძი, 2 კონა კამა და 3-4 კბილი ნიორი დანაყეთ, ან გაატარეთ ხორცსაკეპში, შეურიეთ 1 ჩაის ჭიქა წყალი, შეაზავეთ ძმრით, მარილით და წიწაკით.

მასალა:

ჭარხალი - 1 კგ.
ქინძი - 2 კონა (საშუალო)
კამა - 2 კონა
ძმარი - 2-3 სუფრის კოვზი
მარილი, წიწაკა - გემოვნებით
წყალი - 1-1,5 ჩაის ჭიქა
ნიორი - 3-4 კბილი

 

ჭარხალი ტყემლის წვენში (1)

მოხარშული ჭარხალი გაფცქვენით და ალყა-ალყა დაჭერით. პატარა ზომის მინანქრის ქვაბში ან თასში ჩაასხით 1-1,5 ჩაის ჭიქა ტყემლის საწებელი, შეურიეთ 2 სუფრის კოვზი გადადუღებული ცივი წყალი, დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ერთი კონა ქინძი, 2 სუფრის კოვზი ზეთი. აურიეთ კარგად და შიგ ჩაალაგეთ დაჭრილი ჭარხალი. ქვაბს დაახურეთ სახურავი და შედგით მაცივარში. იგი დიდხანს ინახება.

მასალა:

ჭარხალი - 500 გ.
ტყემლის საწებელი - 1-1,5 ჩაის ჭიქა
ქინძი - 1 კონა (პატარა)
ნიორი - 3-4 კბილი
ზეთი - 2 სუფრის კოვზი
წყალი - 2 სუფრის კოვზი
მარილი - გემოვნებით

 

ნიგვზიანი სტაფილო (2)

გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ნიგოზი და ნიორი, დაუმატეთ წვრილად დაჭილი ხახვი, ქინძი, ზაფრანა, ბროწეული, ძმარი მარილი და წითელი პილპილი გემოვნებით. მოხარშულ და კანგაცლილ სტაფილოს გული ამოუღეთ და ნიგვზიანი ჩურჩით ამოავსეთ. დაჭერით რგოლებად, დააწყვეთ თეფშზე და მოასხით ნიგვზის ზეთი.

მასალა:

სტაფილო - 1 კგ. (მსხვილი)
ნიგოზი - 250 გ.
ქინძი - 1 კონა
ნიორი - 2 კბილი
ხახვი - 1 თავი
ზაფრანა, მარილი, ძმარი, ბროწეულის მარცვლები

 

ნიგვზიანი კომბოსტოს რულეტი (2)

გარეცხილი კომბოსტო მდუღარე წყალში ჩადეთ და ნელ-ნელა მოაცილეთ ფურცლები (მაგრად არ მოხარშოთ). დააწყვეთ საწურზე და როცა გაცივდება, ფრთხილად, ისე, რომ არ დაზიანდეს, გაწურეთ.

ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ნიგოზი და ნიორი, დაამატეთ ზაფრანა, ქინძი, პილპილი, მარილი, ძმარი გემოვნებით და ხელით ზილეთ, სანამ ზეთი არ გამოუვა. ზეთი ცალკე ჭურჭელში შეინახეთ. ნიგოზს კი დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გაათხელეთ ანადუღარი წყლით.

აიღეთ კომბოსტოს 4 ფურცელი და ხის დაფაზე კვადრატულად დაალაგეთ (2 ფურცელი ზემოთ, 2- ქვემოთ), თანაბრად წაუსვით ნიგვზიანი მასის ნახევარი, ზემოდან ისეთივე წესით დააფარეთ კომბოსტოს 4 ფურცელი, ამ ფენასაც წაუსვით ნიგოზი და რულეტივით გადაახვიეთ. ერთი რულეტი 32 ნაჭრად იჭრება. დააწყვეთ რულეტის ნაჭრები თეფშზე და მორთეთ ნიგვზის ზეთითა და ბროწეულის მარცვლებით.

მასალა:

კომბოსტო - 1 თავი
ნიგოზი - 300 გ.
ხახვი - 2-3 თავი
ნიორი - 4-5 კბილი
ხმელი ქინძი, ზაფრანა, მარილი, წითელი პილიპი, ძმარი, ბროწეულის მარცვლები

 

კომბოსტოს სალათა (1)

კომბოსტოს მოაშორეთ უვარგისი ფოთლები, გარეცხეთ და დაჭერით წვრილ ღერებად, მოაყარეთ მარილი და ხელით ასრისეთ. როცა დარბილდება, გაწურეთ კარგად. მოათავსეთ სასალათეში, მოასხით შაქრიანი ძმარი. 30-40 წუთის შემდეგ დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ზეთი და აურიეთ კარგად.

მასალა:

კომბოსტო - 500 გ.
ძმარი - 1/4 ჩაის ჭიქა
შაქრის ფხვნილი - 0,5 ჩაის კოვზი
ზეთი - 1 სუფრის კოვზი
მარილი - გემოვნებით

 

მოშუშული კომბოსტო (1)

აადუღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ზეთი, შეურიეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე. დაუმატეთ 1-2 სუფრის კოვზი ტომატი და აურიეთ კარგად. ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი 1,5 კგ. კომბოსტო და მოასხით ნახევარი ჩაის ჭიქა წყალი. როცა კომბოსტო ჩაითუთქება, ამოურიეთ. შეაზავეთ დანაყილი ქინძით, ნივრით და მარილით. ბოლოს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

მასალა:

კომბოსტო - 1,5 კგ.
ზეთი - 0,5 ჩაის ჭიქა
ხახვი - 3 თავი
წყალი - 0,5 ჩაის ჭიქა
ქინძი - 1 კონა
ნიორი - 2 კბილი
ტომატი - 1-2 სუფრის კოვზი
ოხრახუში - 1 კონა
მარილი - გემოვნებით

 

ყვავილოვანი კომბოსტო ნიგვზით (1)

გარეცხილი ყვავილოვანი კომბოსტო დაანაწევრეთ კონებად და მოხარშეთ მარილწყალში (ძალიან არ გადახარშოთ).

დაფქულ ნიგოზს შეურიეთ: დანაყილი ნიორი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, დაჭრილი ქინძი, ოხრახუში და აურიეთ ერთმანეთში. მოასხით ცოტაოდენი ანადუღარი ცივი წყალი იმდენი, რომ სქელი ფაფისმაგვარი მასა მიიღოთ. შეაზავეთ წიწაკით, ძმრით და მარილით.

ყვავილოვანი კომბოსტოს თითოეული კონა ამოავლეთ ნიგვზიან მასაში და წრიულად განალაგეთ ბრტყელ თეფშზე. ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა და ბროწეული მარცვლები.

მასალა:

ყვავილოვანი კომბოსტო - 2 კგ.
ნიგოზი - 2 ჩაის ჭიქა
ნიორი - 4-5 კბილი
ხმელი ქინძი, უცხო სუნელი - თითო ჩაის კოვზი
ყვითელი ყვავილი - 1 ჩაის კოვზი
ქინძი, კამა - თითო პატარა კონა
წიწაკა, მარილი, ძმარი - გემოვნებით
ბროწეული - 1 ცალი

 

ბულგარული წიწაკა ბრინჯით (1)

ბულგარულ წიწაკას მოაჭერით ყუნწი და ამოიღეთ რბილობი. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ ნახევრად მოხარშული ბრინჯი და მსხვილ სახეხზე გახეხილი პამიდორი (ან წყალში გახსნილი ტომატი). შეაზავეთ უცხო სუნელით, ხმელი ქინძით, მარილით, წიწაკით და შავი პილპილით.

ბულგარული წიწაკა კარგად გატენეთ ამ გულსართით და ფენებად მოათავსეთ ქვაბში (თავებით ზემოთ). მოასხით ცოტაოდენი ზეთი და გახეხილი პამიდორი (პამიდვრის ნაცვლად შეგიძლიათ იხმაროთ ტომატი). დაუმატეთ მარილით განზავებული ცხელი წყალი იმდენი, რომ დაიფაროს და ადუღეთ ნელ ცეცხლზე ბრინჯის მოხარშვამდე.

მასალა:

ბულგარული წიწაკა - 2 კგ.
ბრინჯი - 3 ჩაის ჭიქა
ხახვი - 3-4 თავი
უცხო სუნელი, ხმელი ქინძი - თითო ჩაის კოვზი
მარილი, წიწაკა, შავი პილპილი - გემოვნებით
პამიდორი - 1 კგ. ან ტომატი - 2 სუფრის კოვზი
ზეთი - 1 ჩაის ჭიქა

 

ამოლესილი კაკალი ლობიო (1)

ლობიო მალე რომ მოიხარშოს, მთელი ღამით დატოვეთ ცივ წყალში, დილით წყალი გადაწურეთ, დაასხით ცივი წყალი და დადგით მოსახარშად. თუ ხარშვის პროცესში წყალი ჩაშრება, დაუმატეთ ცივი (და არა ცხელი). ნახევრად მოხარშულ ლობიოს შეურიეთ დაჭრილი ნიახური, პრასი, ნიორი, წიწაკა და დაფნის ფოთოლი. როცა ლობიო კარგად მოიხარშება, დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში, ქინძი, ქონდარი (შეგიძლიათ იხმაროთ ხმელი ქონდარიც), რეჰანი და 1-2 წუთის შემდეგ კარგად ამოლესეთ ხის კოვზით. შეაზავეთ ძმრით და მარილით. თუ გსურთ შეურიეთ 1 სუფრის კოვზი დანაყილი ნიგოზიც.

ამოლესილი ლობიო გემრიელია მჭადთან და მწნილებთან ერთად.

მასალა:

ლობიო - 500 გ.
ხახვი - 2-3 თავი
ნიორი - 3-4 კბილი
დაფნის ფოთოლი - 1-2 ცალი
მარილი, ძმარი - გემოვნებით
პრასი - 2-3 ძირი
ოხრახუში, ქინძი, ქონდარი, ნიახური, რეჰანი - თითო კონა

 

კაკალი ლობიო ნიგვზით (1)

მოხარშული ლობიო გადაწურეთ საწურზე (ნახარში წვენი შეინახეთ). ხახვი დაჭერით სიგრძეზე (წვრილ ღერებად). ოხრახუში, ქინძი, ქონდარი წვირად. მოათავსეთ მინანქრის ქვაბში, შეურიეთ დანაყილი ნიგოზი. ზემოდან მოაყარეთ მოხარშული ცხელი ლობიო. ქვაბს დაახურეთ სახურავი და გააჩერეთ 10 წუთი. აურიეთ კარგად, შეაზავეთ დანაყილი ნივრით, წიწაკით, მარილით, მიხაკით, დარიჩინით, ხმელი ქინძით და ძმრით. მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები და ფრთხილად აურიეთ. თუ სქელი გამოგივიდათ, დაუმატეთ ნახარში წვენი.

მასალა:

ლობიო - 1 კგ.
ნიგოზი - 2 ჩაის ჭიქა (დანაყილი)
ხახვი - 3-4 თავი (საშუალო)
ნიორი - 4-5 კბილი
ხმელი ქინძი - 1 ჩაის კოვზი
დარიჩინი - 0,5 ჩაის კოვზი
მიხაკი - დანის წვერით
მარილი, წიწაკა, ძმარი - გემოვნებით
ქინძი, ოხრახუში - თითო პატარა კონა
ბროწეული - 1 ცალი

 

ვინეგრეტი (1)

მოხარშეთ ჭარხალი, სტაფილო და კარტოფილი. ცალკე მოხარშეთ ნახევარი კოლოგრამი ლობიო. მოხარშული ჭარხალი, სტაფილო და კარტოფილი დაჭერით კუბიკებად, შეურიეთ მოხარშული ლობიო, დაჭრილი ხახვი და მჟავე კიტრი. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და აურიეთ ერთმანეთში, შეაზავეთ ზეთით, მარილით და შავი პილპილით.

მასალა:

კარტოფილი - 1 კგ.
ჭარხალი - 400 გ.
სტაფილო - 200 გ.
ლობიო - 0,5 კგ.
მჟავე კიტრი - 4-5 ცალი
ხახვი - 1-2 მოზრდილი თავი
ზეთი - 0,5 ჩაის ჭიქა
ძმარი, მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით

 

პამიდვრიანი კარტოფილი (1)

გაფცქვნილი კარტოფილი სიგრძეზე ოთხად დაჭერით. ღრმა ტაფაზე მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, შეურიეთ დაჭრილი კარტოფილი, დაფნის ფოთოლი და შეაზავეთ მარილით.

1-1,5 ჩაის ჭიქა წყალში გახსენით ტომატი, მოასხით კარტოფილს, ტაფას დაახურუთ სახურავი და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ გამზადებამდე. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან.

მასალა:

კარტოფილი - 1 კგ.
ხახვი - 2 თავი
ზეთი - 2-3 სუფრის კოვზი
დაფნის ფოთოლი - 1 ცალი
ტომატი - 1-2 სუფრის კოვზი
მარილი - გემოვნებით
კამა, ოხრახუში - თითო პატარა კონა

 

კარტოფილის „სოუსი“ (1)

წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ მსხვილ სახეხზე გახეხილი პამიდორი და ტომატი, დაამატეთ დაფნის ფოთოლი, წიწაკა და დაჭრილი ნიორი. როგორც კი წამოდუღდება, ჩაყარეთ მსხვილად დაჭრილი კარტოფილი, დაასხით ცივი წყალი იმდენი, რომ კარტოფილი დაიფაროს. შეაზავეთ მარილით და ერთხელ კარგად მოურიეთ. ადუღეთ ნელ ცეცხლზე კარტოფილის მოხარშვამდე. მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან.

მასალა:

ზეთი - 100-150 გ.
ხახვი - 3-4 თავი
კარტოფილი - 1,5 კგ.
ქინძი, ოხრახუში - თითო კონა
პამიდორი - 1 კგ. ან ტომატი - 2 სუფრის კოვზი
ნიორი - 2-3 კბილი
წიწაკა, მარილი - გემოვნებით

 

კარტოფილის კატლეტი (1)

კარტოფილი, ხახვი, ნიორი, ოხრახუში, კამა, ქინძი გაატერეთ ხორცსაკეპში. გატარებული მასა მოათავსეთ საწურზე, რომ წყლისაგან დაიწუროს. გადაიტანეთ მინანქრის თასში, შეურიეთ წინასწარ დამბალი და კარგად გაწურული პური. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით. აიღეთ პატარა ულუფები, მიეცით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ ორცხობილას საფანელში და შეწვით ორივე მხრიდან.

მასალა:

კარტოფილი - 2 კგ.
პური - 200-300 გ.
ხახვი - 4-5 თავი
ზეთი შესაწვავად - საჭირო რაოდენობით
ოხრახუში,  ქინძი, კამა - ორ-ორი ძირი
მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით
დაფქული ორცხობილა - 1 ჩაის ჭიქა
ნიორი - 2 კბილი

 

კატლეტი ბრინჯით და წიწიბურათი (1)

მოხარშეთ გარეცხილი ბრინჯი და წიწიბურა. გადაიტანეთ თუშფალანგზე და როცა კარგად დაიწურება, გაატარეთ ხორცსაკეპში ბოსტნეულთან და წინასწარ დამბალ პურთან ერთად. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით. აიღეთ პატარა ულუფები, დაამრგვალეთ, მიეცით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ ორცხობილის საფანელში და შეწვით ტაფაზე, ცხელ ზეთში.

მასალა:

ბრინჯი - 1 ჩაის ჭიქა
წიწიბურა - 1 ჩაის ჭიქა
ხახვი - 4-5 თავი
მწვანე ხახვი - 2-3 ძირი
ნიორი - 2-3 კბილი
ოხრახუში,  ქინძი, კამა - გემოვნებით
მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით
თეთრი პური - 200 გ.
ზეთი - 0,5-1 ჩაის ჭიქა
ორცხობილას საფანელი - 1 ჭიქა

 

შილაფლავი სოკოთი (1)

დაკონსერვებული სოკო გადაიტანეთ თუშფალანგზე და ზემოდან მოასხით მდუღარე წყალი, როცა კარგად დაიწურება, დაჭერით პატარა ნაჭრებად.
წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ დაჭრილი სოკო და ხახვთან ერთად მოშუშეთ. დაასხით მდუღარე წყალი, შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით. ჩაყარეთ გარეცხილი ბრინჯი, კარგად ამოურიეთ და ადუღეთ ბრინჯის მოხარშვამდე.

მასალა:

ბრინჯი - 3 ჩაის ჭიქა
ზეთი - 0,5-1 ჩაის ჭიქა
ხახვი - 3-4 თავი
წყალი - 12 ჩაის ჭიქა
მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით
დაკონსერვებული სოკო - 1 ქილა (800 გ.)

 

ბადრიჯანი მაიონეზით (2)

ბადრიჯანი გათალეთ, დაჭერით ირიბად, მოაყარეთ მარილი და 15-20 წუთი გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში, შემდეგ გაწურეთ და შეწვით ზეთში. გარეცხილი მწვანილი და ნიორი დაჭერით წვრილად, თესლებგამოცლილი ბულგარული წიწაკა კი - წრიულად. ღრმა თეფშზე ფენებად მოაწყვეთ ბადრიჯანი, მოაყარეთ მარილი და პილპილი; შემდეგ - მწვანილი, დაჭრილი პომიდორი, ისევ მოაყარეთ მარილი და მოასხით მაიონეზი; ბოლოს დარჩენილი მწვანილი, ბულგარული წიწაკა, მარილი და შავი პილპილი მოაყარეთ.

მასალა:

ბადრიჯანი - 1 კგ.
პომიდორი - 3-4 ცალი
მწვანე ხახვი - 1 კონა
ოხრახუში, კამა, ქინძი - 2-3 ღერი
ნიორი - 2 კბილი
სამარხვო მაიონეზი, მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით

 

ფარშირებული ბადრიჯანი (2)

ბადრიჯანს დააჭერით ყუნწები და დანით ოთხ სხვადასხვა ადგილად ჩაჭერით გრძივად (ისე, რომ ნაჭრები ერთმანეთს არ მოშორდეს). არ დაამარილოთ, ისე მოთუშეთ ზეთსა და ცოტაოდენ წყალში. როცა გაცივდება, ჩაჭრილი ადგილები შემდეგი წესით მომზადებული ფარშით ამოავსეთ: ზეთში მოშუშეთ დაჭრილი ხახვი, შეურიეთ გახეხილი სტაფილო, დაჭრილი ნიახური და გააგრძელეთ შუშვა მანამ, სანამ სტაფილო არ დარბილდება. დაუმატეთ 3-4 გახეხილი პომიდორი, წვრილად დაჭრილი ნიორი, ოხრახუში, დაფნის ფოთოლი და მარილი. ყოველივე ეს ღუმელში საშუალო ცეცხლზე შედგით სითხის ამოშრობამდე.

ფარშირებულ ბადრიჯანს თავზე მოაწყვეთ პომიდვრის ნაჭრები, მოაყარეთ დაფქვილი ორცხობილა და 15 წუთით შედგით ღუმელში. სუფრაზე მიტანის წინ მოასხით ლიმონის წვენი.

მასალა:

ბადრიჯანი (საშუალო ზომის) - 800 გ.
მცენარეული ზეთი - 100 გ.
ხახვი - 500 გ.
სტაფილო - 100 გ.
ნიახური - 50 გ.
პომიდორი - 500 გ.
ნიორი - ნახევარი თავი
ოხრახუში - 1 კონა
დაფშვნილი ორცხობილა - 30 გ.
დაფნის ფოთოლი - 1 ცალი
ლიმონი - 1 ცალი
შავი პილპილი, მარილი - გემოვნებით

 

ბადრიჯნის ბეფსტროგანოვი (1)

ბადრიჯანი გათალეთ და დაჭერით კუბიკებად. მოაყარეთ მარილი, გააჩერეთ 30 წუთი, გაწურეთ და შეწვით ზეთში. ამოიღეთ შემწვარი ბადრიჯანი და დარჩენილ ზეთში (თუ საჭიროა დაუმატეთ) ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ. მოშუშული ბადრიჯანი და ხახვი შეურიეთ ერთმანეთს. როცა გაცივდება, მოასხით ნივრით შეზავებული სამარხვო მაიონეზი. შეაზავეთ მარილით, აურიეთ კარგად და შედგით მაცივარში.

მასალა:

ბადრიჯანი  - 2 კგ.
ხახვი - 4 თავი
ნიორი - 3-4 კბილი
სამარხვო მაიონეზი - 200 გ.
ზეთი - 100-150 გ.
მარილი - გემოვნებით

 

ყვავილოვანი კომბოსტო ორცხობილით

ყვავილოვან კომპოსტოს მოაცილეთ მწვანე ფოთლები, დაალბეთ წყალში ორ საათს. შემდეგ ჩაყარეთ მდუღარე მარილწყალში, მოხარშეთ, დაწურეთ ცხრილზე, გადაიღეთ ლანგარზე, მირთმევისას მოასხით ნიგვზის ზეთში დაწითლებამდე მოხრაკული ორცხობილა.

 

კარტოფილის ალადები

კარტოფილი გათალეთ და სწრაფად გახეხეთ სახეხზე, რომ არ გაშავდეს. მოათავსეთ ჯამში, დაამატეთ წყალში გახსნილი საფუარი, მარილი, ფქვილი. ყველაფერს კარგად მოურიეთ და დადგით თბილ ადგილას, რომ აფუვდეს. შემდეგ გამოაცხვეთ ზეთმოსხმულ ტაფაზე, კოვზით ამოიღეთ ცომი და ჩვეულებრივ, მოათავსეთ ტაფაზე.

მასალა:

კარტოფილი - 0,5 კგ.
საფუარი - 25 გ.
მარილი - გემოვნებით
ფქვილი - 0,5 ჭიქა