ცომეული

ტარხუნის ღვეზელი (2)

მწვანილი წვრილად დაჭერით და ზეთში მოშუშეთ. აურიეთ წინასწარ მოხარშული ბრინჯი, დაუმატეთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.

ცომი: 2 ჩაის კოვზი მარილი, 1,5 ჩაის კოვზი შაქარი, 1 სუფრის კოვზი საფუარი, 0,5 ჭიქა ზეთი აურიეთ ნახევარ ლიტრ თბილ წყალში, ჩააყარეთ პურის ფქვილი, მოზილეთ ფაფუკი ცომი და 1-2 საათი თბილ ადგილას დადგით.

ცომი მოაგუნდავეთ, გააბრტყელეთ, ჩაუდეთ ტარხუნის გული და გამოაცხვეთ.

მასალა:

ბრინჯი - 200 გ.
ტარხუნა - 2 კონა
ახალი ხახვი
მარილი, შავი პილპილი
პურის ფქვილი - 1-1,5 კგ.
საფუარი

 

კარტოფილის ხინკალი (1)

ფქვილს შეურიეთ მარილი და წყლით მოზილეთ მაგარი ცომი (დიდხანს ზილეთ). მოზელილი ცომი ამოაგუნდავეთ ფქვილმოყრილ ხის ფიცარზე, გააბრტყელეთ და ჭიქით ამოჭერით რგოლები.

თითოეული რგოლი გააბრტყელეთ, მასზე მოათავსეთ კარტოფილის გულსართი და თავი მოუკარით ნაოჭებად (ისე, როგორც ხორცის ხინკალს აკეთებთ).

გამზადებული ხინკალი მოათავსეთ მდუღარე მარილიან წყალში და მოხარშეთ. როდესაც ხინკალი ამოტივტივდება, ის უკვე მზად არის. მიირთვით სამარხვო კარაქთან ერთად.

კარტოფილის გულსართის მომზადების წესი: მოხარშული კარტოფილი გაფცქვენით და დაჭერით პატარა ნაჭრებად. ალუმინის ქვაბში მოათავსეთ სამარხვო, ნებისმიერი ცხიმი, როგორც კი წამოდუღდება, ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ (ხახვი ცხიმში თეთრად უნდა მოიშუშოს). შეურიეთ დაჭრილი კარტოფილი, ქვაბს დაახურეთ სახურავი და გააჩერეთ ნელ ცეცხლზე. როგორც კი კარტოფილი ჩაითუთქება, ჩაზილეთ კარგად. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით.

მასალა:

ფქვილი - 1 კგ.
მარილი - 0,5 ჩაის კოვზი
კარტოფილი - 1-1,5 კგ.
სამარხვო კარაქი - 50 გ.
ზეთი - 100-150 გ.
მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით

 

ხინკალი სოკოთი (1)

ცომის მომზადების წესი იხ. კარტოფილის ხინკალის რეცეპტში (ზემოთ).

გულსართის მომზადების წესი: დაკონსერვებული სოკო გადაწურეთ საწურზე, მოასხით ცხელი წყალი, როცა დაიწურება, დაჭერით პატარა ნაჭრებად.

წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში ან სამარხვო კარაქში. შეურიეთ დაჭრილი სოკო და მოშუშეთ ხახვთან ერთად. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, აურიეთ კარგად, გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.

მოზელილი ცომი გააბრტყელეთ. ჭიქით ამოჭერით რგოლები. თითოეული რგოლი სათითაოდ გააბრტყელეთ, მოათავსეთ სოკოს გულსართი და თავი მოუკარით (ისე, როგორც ხორცის ხინკალს აკეთებთ). გამზადებული ხინკალი მდუღარე მარილწყალში ჩააწყვეთ და მოხარშეთ.

შეგიძლიათ გამზადებული ხინკალი მაცივრის საყინულეში გაყინოთ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ (ასევე შეიძლება კარტოფილის ხინკალიც).

მასალა:

წყალი - 0,5 ლ.
ფქვილი - 1 კგ.
მარილი - 0,5 ჩაის კოვზი
სოკო - 800-1000 გ. (1 ქილა)
ზეთი ან სამარხვო კარაქი - 100 გ.
მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით

 

კარტოფილის ფუნთუშები (1)

1 სუფრის კოვზი საფუარი გახსენით ნახევარ ლიტრ ნელთბილ წყალში და გააჩერეთ თბილ ადგილას 10 წუთი. შეურიეთ 1 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი, 1 სუფრის კოვზი სპირტი ან არაყი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, 2 სუფრის კოვზი ზეთი, მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ საშუალო სიმაგრის ცომი (დიდხანს ზილეთ). შეფუთეთ და დაელოდეთ ცომის აფუებას (ზაფხულში შეფუთვა არ არის საჭირო, მხოლოდ ტილო გადააფარეთ).

აფუებული ცომი ამოაგუნდავეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად, ამოავლეთ ფქვილში და სათითაოდ გააბრტყელეთ. თითოეულზე მოათავსეთ კარტოფილის პიურე და მოუკარით თავი სიგრძეზე. ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი ბლომად და აადუღეთ. მოათავსეთ გამზადებული ფუნთუშები და შეწვით ორივე მხრიდან.

კარტოფილის პიურე შემდეგნარად მზადდება: მოხარშული კარტოფილი გაფცქვენით და დაჭერით პატარა ნაჭრებად. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ დაჭრილი კარტოფილი, მოასხით 1 სუფრის კოვზი წყალი, ქვაბს დაახურეთ სახურავი და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ. როცა კარტოფილი ჩაითუთქება, ჩაზილეთ კარგად. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით.

მასალა:

საფუარი - 1 სუფრის კოვზი
წყალი - 0,5 ლ.
შაქრის ფხვნილი - 1 სუფრის კოვზი
სპირტი - 1 სუფრის კოვზი
მარილი ცომისთვის  - 0,5 ჩაის კოვზი
ზეთი შესაწვავად - 1,5-2 ჩაის ჭიქა
ზეთი ცომისთვის - 2 სუფრის კოვზი
ფქვილი - რამდენიც საჭიროა
კარტოფილი - 1,5 კგ.
ხახვი - 2-3 თავი
შავი პილპილი, მარილი - გემოვნებით

 

ფუნთუშები ისპანახით (1)

1 სუფრის კოვზი საფუარი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, 2 სუფრის კოვზი ზეთი, აურიეთ ერთმანეთში, დაასხით ნახევარი ლიტრი ნელთბილი წყალი, მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ საშუალო სიმაგრის ცომი (ზილეთ დიდხანს). შეფუთეთ და დაელოდეთ ცომის სრულ ამოსვლას.

აფუებული ცომი ამოაგუნდავეთ ფქვილმოყრილ ხის ფიცარზე. დაანაწევრეთ პატარა ულუფებად, სათითაოდ გააბრტყელეთ. ზედ მოათავსეთ ისპანახის გულსართი და თავი მოუკარით სიგრძეზე. შეწვით მდუღარე ზეთში, ორივე მხრიდან.

გულსართის მომზადების წესი: მოხარშეთ ორი კონა ისპანახი, გადაიტანეთ საწურზე და როცა გაცივდება, კარგად გაწურეთ. აკეპეთ დანით, შეურიეთ წვრილად დაჭრილი კამა და ქინძი. შეაზავეთ დანაყილი ნივრით, წიწაკით, შავი პილპილით და მარილით. თუ გსურთ შეურიეთ ჯავზიც („მუსკატი“).

მასალა:

საფუარი - 1 სუფრის კოვზი
მარილი - 0,5 ჩაის კოვზი
ზეთი - 2 სუფრის კოვზი
წყალი - 0,5 ლ.
ფქვილი - რამდენიც საჭიროა
ისპანახი - 2 კონა
ქინძი, კამა - თითო კონა
ნიორი - 4-5 კბილი
ზეთი შესაწვავად - 1,5-2 ჩაის ჭიქა
წიწაკა, მარილი, შავი პილპილი, ჯავზი - გემოვნებით

 

პიცა სოკოთი ან ბადრიჯნით (1)

1. ერთი ქილა (800 გ.) სოკოს კონსერვი გადაწურეთ, მოასხით მდუღარე წყალი, წამოადუღეთ და გადაწურეთ თუშფალანგზე. როცა კარგად დაიწურება, დაჭერით პატარა ნაჭრებად და წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად მოშუშეთ ზეთში. შეაზავეთ მარილით და წიწაკით. ან 1,5 კგ. ბადრიჯანი გათალეთ, დაჭერით პატარა კუბიკებად, შეამარილეთ, გააჩერეთ ერთი საათი, გაწურეთ და ხახვთან ერთად მოშუშეთ ზეთში. შეაზავეთ მარილით და წიწაკით.

2. მაგარი, წითელი პამიდორი დაჭერით ბრტყელ ნაჭრებად (რგოლებად).

3. თითო ცალი მწვანე და წითელი ბულგარული წიწაკა დაჭერით რგოლებად.

4. მწვანე ხახვი, ოხრახუში და კამა დაჭერით წვრილად.

5. ზეთისხილი გაჭერით შუაში და ამოაცალეთ კურკა.

მოამზადეთ ცომი შემდეგნაირად: 2,5 ჩაის ჭიქა ფქვილი, 15 გ. საფუარი, მარილი გემოვნებით, 2 სუფრის კოვზი ზეთი აურიეთ ერთმანეთში და ცოტაოდენი წყლით მოზილეთ ცომი. კარგად შეფუთეთ და დაელოდეთ აფუებას.

ამოსული ცომი გააბრტყელეთ თუნუქის ფირფიტის ზომაზე, ზემოდან გადაუსვით წინასწარ მოშუშული პამიდორი ან ტომატი, დაჭრილ ერთ კბილ ნიორთან ერთად (ან შეგიძლიათ იხმაროთ გამზადებული შეზავებული ტომატი). შემოუწყვეთ შუაზე გაჭრილი ზეთისხილი, ზედაპირი მოფინეთ ზეთში მოშუშული სოკოთი ან ბადრიჯნით და თანაბრად გაანაწილეთ მთელ ზედაპირზე. მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი, შავი პილპილი და მარილი. შემოუწყვეთ ბრტყლად დაჭრილი პამიდორი და რგოლებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ისევ მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი. ზემოდან მოასხით სამარხვო მაიონეზი (ალაგ-ალაგ) და შედგით წინასწარ გაცხელებულ ქურაში, საშუალო ტემპერატურაზე გამოსაცხობად.

გამომცხვარი პიცა დაჭერით ოთხკუთხედ ნაჭრებად და ცხლად მიიტანეთ სუფრაზე.

მასალა:

ფქვილი - 2,5 ჩაის ჭიქა
საფუარი - 15 გ.
ზეთი - 2 სუფრის კოვზი
ზეთი ხახვისთვის - 2-3 სუფრის კოვზი
სამარხვო მაიონეზი - 100-150 გ.
მარილი, წიწაკა, შავი პილპილი - გემოვნებით
ტომატი - 2 სუფრის კოვზი
პამიდორი - 4 ცალი
ბულგარული წიწაკა - 2 ცალი
მწვანე ხახვი - 2 ძირი
ოხრახუში, კამა - სამ-სამი ღერო