ცივი სასმელები

კივის სასმელი (1)

3-4 ცალი კივი გათალეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად და მოათავსეთ მინანქრის ქვაბში. მოაყარეთ 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი (შეიძლება ნაკლებიც), მოასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და მიქსერით კარგად ათქვიფეთ. განაზავეთ დარჩენილი წყლით და მოათავსეთ მაცივარში. როცა კარგად გაცივდება, ჩაასხით გამჭირვალე ხელადაში და ისე მიიტანეთ სუფრაზე. კივის სასმელი საკმაოდ არომატულია, ორგანიზმისთვის მეტად სასარგებლო და ამასთანავე სასიამოვნო ფერისაა.

მასალა:

კივი - 3-4 ცალი
წყალი - 1 ლ.
შაქრის ფხვნილი - 1 ჩაის ჭიქა

 

ალუბლის სიროფი (1)

1 კილოგრამი ალუბალი და 700 ცალი ალუბლის ფოთოლი გარეცხეთ, მოათავსეთ მინანქრის ქვაბში, დაასხით 7 ლიტრი წყალი და დადგით ცეცხლზე. დუღილის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. გააცივეთ და შემდეგ გაწურეთ. გაწურული წვენი 7 ლიტრი უნდა გამოვიდეს. თუ აკლია, შეავსეთ წყლით. შეურიეთ 7 კგ. შაქრის ფხვნილი და ადუღეთ 15 წუთი. დუღილის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე დაუმატეთ 6 ჩაის კოვზი ლიმონის სიმჟვე. მდუღარე ჩაასხით სუფთა ბოთლებში და მოუკარით თავი. შეინახეთ გრილ ადგილას.

მასალა:

ალუბალი - 1 კგ.
ალუბლის ფოთოლი - 700 ცალი
წყალი - 7 ლ.
შაქრის ფხვნილი - 7 კგ.
ლიმონის მჟავა - 6 ჩაის კოვზი