როგორ აფასებენ მიცვალებულები ცოცხალთა ლოცვებს

ყველაზე უფრო ამაღელვებელი წეს-ჩვეულება მართლმადიდებლურ ეკლესიაში არის მიცვალებულთა მოხსენება და მათთვის ლოცვის აღვლენა.

წმინდა ეკლესია, გააცილებს რა მომაკვდავი ადამიანის სულს უკანასკნელ გზაზე, არც შემდეგში ტოვებს ამ სულს ლოცვითი შეწევნის გარეშე. მთელი რიგი გულისამაჩუყებელი თხოვნებით, რომლებიც ეგრეთწოდებულ პანაშვიდის ლოცვას შეადგენენ, ეკლესია თავისი გარდაცვლილი სულიერი შვილისთვის ცოდვების მიტევებას და მარადიულ ნეტარებას გამოითხოვს; აგრეთვე, ცდილობს შეამსუბუქოს იმქვეყნიური ხვედრი ადამიანისა იმ ძალით, რომლითაც ევქარისტიის საიდუმლოა აღბეჭდილი. სახელდობრ, ლიტურგიის პირველი ნაწილის, პროსკომიდიის დროს, მორწმუნეებს თავიანთ ახლობელ მიცვალებულთა მოსახსენებლად მიაქვთ სეფისკვერები, რომელთაგან ხდება კვეთა და იმავდროულად აღნიშნულ მიცვალებულ პირთა სახელების მოხსენიება. წირვის დასასრულს, მორწმუნეთა ზიარების შემდეგ, ხდება ამ ნაწილთა ჩაშვება ბარძიმში, რომელშიც წმიდა ნაწილები განისვენებენ და ასე ხდება მათი შეხება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცთან და სისხლთან. ამ დროს მღვდელმსახური წარმოთქვამს შემდეგ სიტყვებს: „განბანე, უფალო, ცოდვანი აქა მოხსენიებულთა სისხლითა შენითა პატიოსნითა ლოცვითა წმიდათა შენთათა“.

ქრისტიანთა რწმენით და ლოცვით, ასევე განმაცხოველებელ ნაწილთა საიდუმლო ძალით დიდი შეწევნა აქვთ მიცვალებულთა სულებს. ცოდვილთა სულებს ამ დროს ტანჯვა უმსუბუქდებათ, მართალი სულები კი სიხარულში წარემატებიან.

იმას, თუ რა ძვირფასია ეკლესიის ლოცვა მიცვალებულ სულთათვის, მოწმობს ის ორი უტყუარი, ეკლესიურად საინტერესო ამბავი, რომელიც ქვემოთ იქნება მოთხრობილი. ერთი მათგანი გვიჩვენებს იმას, თუ როგორ სწყურიათ მიცვალებულ სულებს, რათა ვინმემ ცოცხალთაგან ლოცვა ჰყოს მათთვის და თუ როგორი მადლიერნი არიან მლოცველი ადამიანებისა. მეორე კი ცხადჰყოფს, თუ როგორ მწუხარებენ სულები, რომელთათვისაც არავინ ლოცულობს, და თუ მძიმეა პასუხისმგებლობა იმ ადამიანებისა, რომელნიც არ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, რათა ლოცვით შეეწიონ ამ ქვეყნიდან წასულ ძმას თვისას.

პირველი ამბავი:

იმ დროს, როცა მოსკოვის ეპარქიას მარად სახსოვარი მიტროპოლიტი ფილარეტი მართავდა, მოსკოვის ერთ-ერთ მრევლს ემსახურებოდა მღვდელი, კაცი მხურვალე მორწმუნე, კეთილი, ეკლესიის მოყვარული, მაგრამ ლოთობის საშინელი სენით შეპყრობილი. ამ მღვდელმა წესად დაიდო, რათა ელოცა ყველა მიცვალებულისთვის, რომლის სახელიც კი მის ყურს მისწვდებოდა. ქუჩაში პროცესიას რომ წააწყდებოდა, მიცვალებულის სახელს იკითხავდა, ჩაწერდა და გულმოდგინედ იხსენიებდა მას უფლის ტრაპეზის წინაშე. ვინმე საწყალი ადამიანის გარდაცვალება რომ გაეგო, ან უბედური შემთხვევის მსხვერპლზე ვინმეს რამე მოეთხრო, იგივეს აკეთებდა. ამავე დროს მრევლი ძალზე აღშფოთებული იყო მოძღვრის მძიმე სნეულებით, რომელიც ხშირად ლოცვის ჩაშლის მიზეზი ხდებოდა. მიტროპოლიტის ყურამდე მიაღწია ხმებმა იმის შესახებ, თუ როგორ გამწყრალა მრევლი თავის წინამძღვარზე.

მიტროპოლიტმა, თუმცა კი შეებრალა მღვდელი, გადაწყვიტა მსახურებისგან მისი დაყენება (მღვდელმსახურების აკრძალვა), და ბრძანა, რათა შეედგინათ სათანადო საბუთი. გვიან საღამო ხანს, როცა იგი ხელს აწერდა ქაღალდებს, ფიქრობდა იმ საბუთზეც მოეწერა ხელი, რომელზეც იყო განკარგულება მღვდლის მსახურებიდან დაყენების შესახებ, და რომელიც მაგიდაზე იყო გამზადებული, მაგრამ რაღაც მძიმე გრძნობამ აიძულა იგი, კალამი გვერდზე გადაედო და ქაღალდზე ხელი დილით მოეწერა. ამ განწყობილებით დაწვა და დაიძინა.

მან ნახა სიზმარი: იდგა გაშლილ ვაკე ადგილას, და ვიღაცა ხალხი ეხვია გარს. ზოგიერთი მათგანი უჩვეულოდ გამოიყურებოდა, ძონძები ემოსა, ზოგი წყალში დამხრჩვალს ჰგავდა, წყლით იყო გაბერილი. ისინი ყველანი ერთად, ხმამაღალი შეძახილებით მოითხოვდნენ, რათა მიტროპოლიტს მოძღვარი შეეწყალებინა... დაჟინებით ითხოვდნენ და სულ უფრო და უფრო მჭიდროდ ერტყმოდნენ მეუფეს. ბოლოს გაიღვიძა მიტროპოლიტმა. ბოროტის მიერ მოგვრილ ბრძოლად ჩათვალა ეს სიზმრისეული ჩვენება, გადაწყვიტა, გადაელახა იგი, ადგა, შევიდა თავის კაბინეტში, მიუახლოვდა საწერ მაგიდას, რათა ხელი მოეწერა ქაღალდზე, რომელშიც მოძღვრის მსახურებიდან დაყენების შესახებ ეწერა, და ყველაზე თვალსაჩინო ადგილას იდო, მაგრამ, როცა ხელში უკვე მელანში ამოწობილი კალამი ეჭირა, რაღაც აუხსნელმა, ძალაუფლების მქონე გრძნობამ კვლავ დაუჭირა ხელი, რათა ჩვეული მოძრაობით ადამიანის ბედის გადამწყვეტი ხელმოწერა არ დაესვა ქაღალდზე. კვლავ დილისთვის გადადო ეს საქმე მიტროპოლიტმა. საძინებელში დაბრუნდა და ჩაწვა ლოგინში და კვლავ ნახა იგივე სიზმარი. უცნობი ადამიანები კიდევ უფრო მეტი გულმოდგინებით თხოვდნენ, ევედრებოდნენ მას, რათა მოძღვარი თავის ადგილას დაეტოვებინა. ძლიერი მღელვარებით გაღვიძებული მიტროპოლიტი მყისვე წამოდგა და გადამწყვეტი ნაბიჯით გაემართა კაბინეტისკენ, სადაც ის საბედისწერო ქაღალდი იდო, მაგრამ ისევ ვერ შეძლო ხელმოწერა. რაღაც ბევრად უფრო მძლავრმა, ვიდრე იყო მეუფის ცნობილი, შეურყეველი ნება, ამჯერადაც შეაკავა იგი. კვლავ დაბრუნდა საძინებელში და დაწვა მოსასვენებლად. ძილში ისევ შემოერტყა ის ხალხი დამნაშავე მოძღვარზე დაჟინებული თხოვნით: „შეეშვი, შეეშვი მას“, - ყვიროდნენ ისინი, - გაგვიჭირდება მის გარეშე. ის გამუდმებით ლოცულობს ჩვენზე. შეეშვი მას!“ მეუფე ისეთი ბრძენი იყო, ისე სწამდა ურთიერთობა ორ სამყაროს შორის, რომ გადაწყვიტა გაერკვია მომხდარი, რათა უყურადღებოდ არ დაეტოვებინა სამგზისი სიზმრისეული ჩვენება. მან დაუყოვნებლივ იხმო მოძღვარი... ძრწოლით წარდგა დამნაშავე მკაცრი და სამართლიანი მწყემსმთავრის წინაშე - მიტროპოლიტმა მას მოახსენა ყველაფერი, რაც გაეგო მის შესახებ. თავმდაბლად, ღრმა სინანულით იმეორებდა მოძღვარი: „სიმართლეა ეგ ყველაფერი, მეუფეო, ცოდვილი ვარ, ხედავს უფალი - მძიმე ცოდვილი ვარ“ და თავს არ იმართლებდა. - კარგი, - განაგრძო მიტროპოლიტმა, - ახლა მითხარი, რა არის შენში კეთილი. ვიცი, რომ შენში კეთილი მხარეებიცაა.

- არა, ჩემში კეთილი არაფერია, მეუფეო.

- დაფიქრდი, იქნებ ლოცულობ ვინმესთვის,  სხვათათვის ლოცვა დიდი საქმეა.

- აი, მეუფეო, - ერთად-ერთი, რაც კეთილია ჩემში, ისაა, რომ მიცვალებულებს ვიხსენიებ. იმათ გარდა, რომელთაც მე წესს ვუგებ, იმ მიცვალებულთა სახელებსაც ვიწერ, რომელთა შესახებაც გავიგებ, წავიკითხავ. ყველა მათგანს მუდმივად ვიხსენიებ პროსკომიდიაში.

- კარგადაც შვები, - თქვა მეუფემ, - შენ მათთვის ლოცულობ, ისინი კი შენთვის, - და აცნობა მას თავისი გადაწყვეტილებისა და სიზმრისეულ ჩვენებათა შესახებ. იმათმა ლოცვამ გადაგარჩინა. გტოვებ შენს ადგილზე, რათა გამოსწორდე. ილოცე მიცვალებულთათვის წინანდებურად. მაგრამ გახსოვდეს, ვალდებული ხარ, რომ შენი სამწყსოს ცოცხალ წევრებზეც იზრუნო და პირადი მაგალითით დამოძღვრო ისინი“.

მოძღვარი მიტროპოლიტისაგან სრულიად შეძრული გამოვიდა. იმ დღიდან მის პირს წვეთი ღვინო აღარ გაჰკარებია. იგი მოღვაწე მღვდლის ნიმუშად იქცა. მაგრამ ამ მკვეთრი შემობრუნების შემდეგ მხოლოდ ერთი წელი იცხოვრა. ერთი წლის შემდეგ სამწყსომ ცხარე ცრემლით დაკრძალა ჭლექით განლეული თავისი მწყემსი, რომელსაც ღმერთმა თავისი სიკეთის გამო სინანული მისცა და სიკვდილის წინ ცოდვა გამოასყიდვინა.

მეორე ამბავი:

ერთ ადგილზე დანიშნულ ერთ მოძღვარს პირველივე წირვის დროს მისი წინამორბედი მღვდელი გამოეცხადა უსაზღვროდ მწუხარე სახით - იგი ჯაჭვებით იყო შებოჭილი და, ეტყობოდა, უქრობი ცეცხლი წვავდა. იგი თვალით ანიშნებდა სამსხვერპლოსთან მდებარე კედელზე. მოძღვარმა გადაწყვიტა, გადაეხედა სამსხვერპლოს იქით. კედელსა და სამსხვერპლოს შორის მან, მორწმუნეთა მიერ პროსკომიდიის დროს შეგზავნილი უამრავი მოსახსენებელი იპოვა, როგორც მოძღვარი მიხვდა, ეს მისი წინამორბედის მიერ წაუკითხავი ბარათები იყო. მან ილოცა და კვეთა ამ სახელებზე, განსაკუთრებით ტაძრის შესვენებულ წინამძღვარზე ლოცულობდა. რამდენიმე დღის ლოცვის შემდეგ მას ისევ გამოეცხადა გარდაცვლილი მოძღვარი ჯაჭვების გარეშე მხიარული სახით და მუხლებში ჩაუვარდა.

აი, ამდენად მნიშვნელოვანია მიცვალებულთა მოხსენიება!

თარგმნა ბარბარე სულამანიძემ

ჟურნალი „წყარო“ № 27, 1994 წ.