მღვდელი ბიძინა გუნია

სვეტიცხოვლის ფრესკის ფრაგმენტი „ზოდიაქოს რკალი“


ფოტო №1

ფოტო №3

ფოტო №2

ფოტო №7

ფოტო №8

ფოტო №4

ფოტო №5

ფოტო №6

 

წინასიტყვაობა

ჩვენი დღევანდელი სინამდვილისათვის ნიშანდობლივია სხვადასხვა სექტებისა და ცრუ სწავლებების მოძალება, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ცნობიერებას და უპირველესად მოზარდი თაობისათვის არის დამღუპველი. აქ საჭიროა იმის გაცნობიერებაც, რომ არა თუ საკუთარი თავის იმედითა და ამაო ცნობისმოყავრეობით ცრუ სწავლებების განჩხრეკას მივყოთ ხელი, არამედ ორი აღთქმის კეთილგონიერებას მინდობლნი, ეკლესიის წიაღში წმიდა მამათა ღვთივსულიერ სწავლებას დავეწაფოთ. სხვაგვარად, სულიერი ექსპანსიისა და ძალადობის დროში, მთელი ერი გარდაუვლად სულიერი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება.

ფართო მკითხველისათვის აღნიშნული სიტყვები შეიძლება ზედმეტად გადაჭარბებულადაც ჩანდეს, რის გამოც დავძენთ, რომ არაერთი შემთხვევაა, როცა მართლმადიდებლურ ტრადიციად თუ სწავლებად ინათლება ის წარმართული ცრურწმენები და სწავლებები, რომლებსაც ეკლესია საუკუნეთა მანძილზე ებრძოდა!

სამწუხაროდ, ამგვარი დამოკიდებულება ქართველი ხალხის სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერის - სვეტიცხოვლის სულიერ მემკვიდრეობასაც შეეხო. ასე განსაჯეთ, ავრცელებენ აზრს, რომ თითქოს ქრისტიანობა არ უარყოფდა ასტროლოგიას და ამის საბუთად სვეტიცხოლის სამხრეთი კედლის ფრესკაზე გამოსახული ზოდიაქოს ნიშნები მოჰყავთ (?!) უფრო მეტიც, თვლიან, რომ X საუკუნის ხელნაწერის - „ფსალმუნის დამატებაში“ (აქ იგულისხმება A-38 ხელნაწერის - „მცხეთის დავითნის“ დანართში მოცემული თხზულება „ცნობისათვის და უწყებისათვის“...) ასტროლოგიური კალენდარია წარმოდგენილი და სხვა.

აღნიშნული ნათელი მაგალითია იმისა, რომ საკმაოდ ბევრისათვის მართლმადიდებლური სარწმუნოება უცხო სამყაროა, ხოლო ცრუ სწავლებები კი უფრო მახლობელი. ამდენად ცხადია, რომ ამ საშიშროებათა წინააღდგომისათვის საკმარისი არაა მარტოოდენ მართლმადიდებლური რწმენისადმი პასიური სიმპათიის გამოვლენა, არამედ საჭიროა რელიგიური ცხოვრებისათვის ესოდენ აუცილებელი შინაგანი გამოცდილება, ურყევობა, შეუორგულებელი სარწმუნოება და, რაც მთავარია, წმიდა მამათა სწავლებით ხელმძღვანელობა.

მეტი გულისხმისყოფისათვის უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II (1999 წლის) სააღდგომო ეპისტოლედან მცირე ფრაგმენტს წარმოვადგენთ, სადაც ნათლად ჩანს, თუ რა სათუთად უნდა უფრთხილდებოდეს თითოეული ჩვენგანი საუკუნეებით განმტკიცებულ ჩვენს სულიერ-კულტურულ ღირებულებებს.

„ნათელია, რომ მეტად რთულ დროში გვიწევს ცხოვრება. მატერიალურ სიდუხჭირეს ისიც დაემატა, რომ ეს არის ხანა მარადიული ღირებულებების რყევისა და მსხვრევისა. ხდება გაუფასურება საუკნოვანი ტრადიციებისა და ცხოვრების წესისა, ინგრევა იერარქიული რიგი...

რა არის მიზეზი ამ საშინელი გადაგვარებისა?

პასუხი მხოლოდ ერთია - ჩვენ ვცხოვრობთ სულიერი, კულტურული და ზნეობრივი კრიზისის პერიოდში. რამდენ ხანს გასტანს იგი ძნელი სათქმელია; ყველაფერი მაინც ისევ ჩვენზეა დამოკიდებული.

ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ მოვესწარით ახალი ათასწლეულის დასაწყისს. სულ მალე იესო ქრისტეს შობის 2000 წლისთავთან ერთად ჩვენი ხალხი იზეიმებს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავს, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 და საქართველოს ეკლესიისათვის დამოუკიდებლობის მინიჭებიდან 1500 წლისთავს.

როდესაც 2000 წლის ქრისტიანული ცხოვრების გადასახედიდან ვუყურებთ ჩვენი ქვეყნის წარსულს, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ აწმყოსა და მომავლის წინაშე. საქართველო ხომ ძველი, თვითმყოფადი ქრისტიანული კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაა. ამან გადაგვარჩინა და განაპირობა ჩვენი ინდივიდუალური სახის შენარჩუნება. აი, ამ ტრადიციებს უნდა მივყვეთ კვლავაც...

ასე რომ, თუ მოვინდომებთ, თითოეულ ჩვენგანს შესწევს ძალა დაიცვას თავისი თავი, თავისი გარემო და საუკუნეობით განმტკიცებული ჩვენი სულიერ-კულტურული ღირებულებანი... და თუ ჭეშმარიტი რწმენა, სიყვარულითა და სასოებით შევიმოსებით, და მივენდობით უფალს, ყველანაირ განსაცდელს გავუძლებთ და გავიმარჯვებთ“ (იხ. სააღდგომო ეპისტოლე - 1999 წ. გვ. 7-10).

ვფიქრობთ, წინამდებარე ნაშრომი საინტერესო იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის, ვისთვისაც ღირებულია ჩვენი სულიერი მემკვიდრეობა და სადაც შეძლებისდაგვარად წარმოვაჩინეთ ქრისტიანული სწავლება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

აქვე, ვსარგებლობთ რა შემთხვევით, ფრაგმენტის ფოტოპირების მოპოვების, მისი  სქემატური გამოსახულების შექმნისა და მასზე არსებული ბერძნული წარწერების გაშიფვრისას გაწეული დახმარებისათვის გულითად მადლობას ვუძღვნით: სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს არქიმანდრიტ იოაკიმე ასათიანს, ბ-ნ ზურაბ მანწკავას, ბ-ნ თამაზ ხიზანიშვილს და ქ-ნ ეკატერინე ჭყოიძეს.

მღვდელი ბიძინა გუნია

* * *

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი ერთიანი ქრისტიანული საქართველოს ერთ-ერთ უმნიშნველოვანეს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენს, სადაც ოდითგანვე ფართოდ იყო გაშლილი საგანმანათლებლო მუშაობა. იგი XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების უბრწყინვალესი ძეგლია, რომელიც თბილისიდან 20 კილომეტრის დაშორებით ქ. მცხეთაშია აგებული და ყველაზე უფრო დიდი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის.

სვეტიცხოვლის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა, რომლის ზომებიც გეგმაში 57,7x27,0 მ. სიმაღლე კი - 49 მ-ია. ტაძრის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ წაგრძელებული მკლავებით, რომელთა გადაკვეთის ადგილას, თავისუფლად მდგომ ოთხ ბურჯზე, მაღალყელიანი, თექვსმეტსარკმლიანი გუმბათია დამყარებული. ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი რბილი ნაცრისფერი-მოყვითალო და მომწვანო ტონის ქვიშაქვის და ტუფის კვადრებით, ხოლო ზოგიერთი არქიტექტურული ელემენტის ხაზგასმის მიზნით წყობაში გამოყენებულია სხვადასხვა ფერის (ღვინისფერი და მწვანე) ქვები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ფიგურული რელიეფები, რომლებიც ქართული საეკლესიო ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშებს წარმოადგენენ.

ტაძარს თავიდან სამი კარიბჭე ჰქონია - სამხრეთით, ჩრდილოეთით და დასავლეთით, ხოლო XIX საუკუნის პირველ ნახევარში, იმჟამინდელი სასულიერო ხელისუფალთა მითითებით, სამხრეთისა და ჩრდილოეთის კარიბჭეები მოუშლიათ. მას გარს არტყავს ქვის გალავანი, რომელიც 1787 წელს მეფე ერეკლეს ბრძანებით აუგიათ.

ჯერ კიდევ IV საუკუნეში პირველ ქრისტიან მეფეს წმიდა მირიანს, წმიდა ნინოს რჩევით ამ ადგილას პირველი ხის ეკლესია აუშენებია, რომელსაც დღემდე არ მოუღწევია. მემატიანეს ცნობით ამ ეკლესიის დანგრევის შემდეგ, V საუკუნის მე-2 ნახევარში, აქვე წმიდა მეფემ ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი აღმართა, ხოლო XI სუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი - სვეტიცხოველი ააგო, რომლის ხუროთმოძღვარიც არსუკიძე გახლდათ.

თავისი არსებობის მანძილზე სვეტიცხოველს მრავალგზის დამუქრებია განადგურების საფრთხე, მაგრამ ღვთის განგებითა და ტაძარში საიდუმლოდ დაცული წმიდა კვართის ძალით, იგი განერა ჟამთა სიავეეს და დღესაც, ისე როგორც საუკუნეების წინ, თავის კალთის ქვეშ უამრავ მორწმუნეს იფარებს.

უინტერესო არ იქნება იმის აღნიშვნაც, რომ 1950 და 1967-75 წლებში აქ ჩატარებული სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ხის პირველი ეკლესიის საძირკვლის ნაშთები, საკურთხეველში ბაზილიკის ფრაგმენტები, სადიაკვნეში კელაპტრები, ხოლო ტაძრის გუმბათქვეშა ორი ბურჯის ქვეშ კი ამავე ბაზილიკის ორნამენტიანი ბაზისები.

XI საუკუნეში ტაძარი მთლიანად ყოფილა მოხატული, მაგრამ ამ ხანის მხატვრობიდან მცირე ფრაგმენტებიღა თუა შემორჩენილი. დღეს არსებული კედლის მხატვრობაა, სპეციალისტთა აზრით, XVI-XVII საუკუნეებს განეკუთვნება. ამ ფრესკებზე გამოსახულ წმიდათა სახეები და მათი შესამოსელი ქართულია, წარწერები კი ქართული და ბერძნული, რაც ბიზანტიური სკოლის გავლენაზე მეტყველებს.

განსახილველი საკითხი სვეტიცხოვლის ტაძრის სამხრეთ კედელზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ განფენილ ერთ-ერთ ფრესკას უკავშირდება, რომელზეც აპოკალიფსის ამსახაველი ფრაგმენტებია გამოსახული. ამ ფრესკის მთლიანად განხილვა ფრიად საინტერესოა, მაგრამ ჩვენი საუბრის თემატიკიდან გამომდინარე, ამჯერად მხოლოდ მის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულ ფრაგმენტს შევეხებით, სადაც კონცენტრულ წრეებში მაცხოვარი და მის გარშემო ოთხი ცხოველი, ანგელოზთა დასი, ზოდიაქოს რკალის თანავარსკვლავედების აღმნიშვნელ ცხოველთა გამოსახულებები, (ხოლო მათ შორის) მზე, მთავარე და ვარსკვლავებია წარმოდგენილი (იხ. ამ ფრაგმენტის სქემატური გამოსახულება).

განსახილველი ფრაგმენტის სქემატური გამოსახულება (იხ. ფოტო №1)

მეტი სიცხადისათვის, განსახილველ ფრაგმენტთან დაკავშირებით, ძალზე მოკლედ ზოგიერთ ასტრონომიულ ცნებას განვიხილავთ.

მზის გარშემო დედამიწის ჭეშმარიტი მოძრაობა, დედამიწაზე მყოფი დამკვირვებლისათვის, ცაზე - ვარსკვლავების ფონზე, მზის წლიური ხილული მოძრაობით გამოიხატება. ამრიგად, ცის სფეროს დიდ წრეწირს, რომელზეც წარმოებს ვარსკვლავების შორის მზის ხილული წლიური მოძრაობა, ეკლიპტიკა ეწოდება. ეკლიპტიკის წრე იმავე სიბრტყეში ძევს, რა სიბრტყეშიც მდებარეობს მზის გარშემო დედამიწის გარემოქცევის ტრაექტორია (ორბიტა).

ჯერ კიდევ შორეულ წარსულში, ვარსკვლავები გააერთიანეს ჯგუფებად, ე.წ. თანავარსკვლავედებად, რომლებსაც სახელებიც მიაკუთვნეს. სულ მთელ ცაზე გამოყოფილი და სახელდებულია 88 თანავარსკვლავედი, რომელთაგან თითოეული გარკვეულ საზღვრებშია მოქცეული. ამ 88 თანავარსკვლავედს შორის ეკლიპტიკის გასწვრივ მხოლოდ 12 თანავარსკვლავედია განლაგებული. ამდენად, მზე წელიწადის სხვადასხვა დროს თავისი ხილული გადაადგილებისას, სხვადასხვა თანავარსკვლავედში იმყოფება. იმ წრიულ ზოლს, სადაც განლაგებულია ეს თანავარსკვლავედები, ზოდიაქოს უწოდებენ.

თითოეულ თანავარსკვლავედს ზოდიაქოს გასწვრივ დაახლოებით 30˚ უკავია. მაშასადამე, მზე, რომელმაც მთელი ზოდიაქოს ზოლი 12 თვეში უნდა გაიაროს, დაახლოებით თითო თვეს იმყოფება თითოეულ თანავარსკვლავედში. საგულსხმოა, რომ ზოდიაქოს თანავარსკვლავედებზე, გარდა მზის ხილული წლიური გზისა, მზის სისტემის პლანეტების ხილული წლიური გზებიც გადის.

სიტყვა „ზოდიაქო“, ბერძნული სიტყვიდან „ძოონ“ (ცხოველი) არის წარმომდგარი, რომლის ამგვარი სახელწოდებაც იმით არის განპირობებული, რომ თანავარსკვლავედებს უძველეს დროიდანვე (უმთავრესად) ცხოველთა სახელებით მოიხსენიებდნენ. ცნება „ზოდიაქოს“ აღსანიშნავად ძველ-ქართულ ენაში რამდენიმე ტერმინი გვხვდება: „ცხოველთა-სახილველი“ ანუ „ცხოველთა-სახილავი“, „ბურჯი“ და „ეტლი“ (იხ. სულხან-საბა ორბელიანის „ლექსიკონი ქართული“).

ვინაიდან საუბარი მართლმადიდებლურ ფრესკას და მასზე გამოსახულ „ცხოველთა-სახილველებს“ ეხება, უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად მიგვაჩნია, იმ საკითხის განხილვა, თუ რამდენადაა მისაღები მართლმადიდებლური ცნობიერებისათვის ზოდიაქოს თანავარსკვლავედებითა და მათი ნიშან-გამოსახულებებით სარგებლობა. საკითხის ამ კუთხით წარმოჩენა იმან გვაფიქრებინა, რომ საზოგადოებაში მოარული მცდარი აზრის თანახმად, ზოგიერთი ზოდიაქოს თანავარსკვლავედებს ადამიანთა ბედის განმსაზღვრელად მიიჩნევს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამგვარი შეხედულების რეკლამირებას ზოგიერთი ტელეარხი და ჟურნალ-გაზეთიც უწყობს ხელს, რაც მცდარ გზაზე მიმართავს ადამიანთა ცნობიერებას.

ამ მიმართებით თავიდანვე ხაზი გვინდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ მართლმადიდებლობისათვის არათუ რომელიმე, არამედ ნებისმიერი სახის მკითხაობა და მათ შორის ადამიანთა ბედის ვარკსკვლავთა და პლანეტების ურთიერთგანლაგებასთან დაკავშირებაა მიუღებელი, მაგრამ არამც და არამც ხილული ზეცის - ვარსკვლავიერი ცის თანავარსკვლავედებად დაყოფა, სხვადასხვა ასტრონომიული თუ (მართლმადიდებლობისათვის მისაღები) ზოდიაქური გამოთვლებისათვის.

ამის თაობაზე ვფიქრობთ უმჯობესია ეკლესიის ერთ-ერთ უდიდეს ავტორიტეტს, წმიდა იოანე დამსაკელს (VIII ს.) მოვუსმინოთ, რომელიც ასე გვმოძღვრავს: „ელინები ამბობენ, რომ ყოველი ჩვენი საქმიანობა ვარსკვლავთა, აგრეთვე მზისა და მთვარის ამოსვლით, ჩასვლითა და მათი ურითიერთმიახლოებით (ურთიერთგანლაგებით - ბ.გ.) წარიმართება, რასაც ასტროლოგია სწავლობს. ჩვენ პირიქით, ვამტკიცებთ, რომ მზე, მთვარე და ვარსკვლავები წვიმისა თუ დარის, ნოტიო თუ მშრალი ამინდის, აგრეთვე ქარებისა და სხვა მისთანათა მომასწავებელია, და არანაირად არ განაპირობებენ ჩვენს ქცევებსა და საქმეებს. და ეს ცხადია, რადგან ღმერთმა თავისუფალნი შეგვქმნა (მოგვანიჭა რა თავისუფალი ნება და არჩევანის საშუალება - ბ.გ.), და ჩვენვე ვართ ბატონ-პატრონი ჩვენი საქმეების. თუკი ყველაფერს ვარსკვლავთა მოძრაობის ზემოქმედებით, ესე იგი აუცილებლობით ვაკეთებთ და არა ჩვენი თავისუფალი ნებით... უფრო მეტიც: თუკი ყოველივე აუცილებლობით ხდება და წარიმართება, მაშინ არც ღვთის განგებულება ყოფილა სამყაროში და არც მის მიერ წარმართვა მთელი ქმნილებისა“.

შემდეგ წმიდა მამა დასძენს: „ამდენად, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ვარსკვლავები ქვეყნად აღსრულებული არცერთი საქმის, არცერთი მოვლენის მიზეზნი არ არიან, არც აღმოცენებადის აღმოცენებისა და არც განქარვებადის დაღუპვისა. ... მავანმა შეიძლება ისიც თქვას, რომ ... რაგვარობა ჰაერისა, რაც მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავებზეა დამოკიდებული, სხვადასხვა სახით განაპირობებს განსხვავებული ტემპერატმენტის, ჩვევებისა და მიდრეკილებების ჩამოყალიბებას ადამიანებშიო. მაგრამ, ჩვევებიც ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული, რადგან ისინი ჩვენს გონებას ექვემდებარება და მისი ხელმძღვანელობით იცვლება“ (იხ. 2, წგ. II, თ. 7, გვ. 200).

ვფიქრობთ, ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ მკითხველისათვის სავსებით ცხადია ეკლესიის დამოკიდებულება დასმული საკითხისადმი, რის გამოც უშუალოდ ხსენებული ფრაგმენტის განხილვაზე გადავალთ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფრაგმენტის ცენტრში იესო ქრისტეა გამოსახული, მჯდომარე „საყდართა დიდებისა თვისისათა“, ... „და ყოველნი ანგელოსნი მისნი მის თანა“ (მთ. XXV, 31), რომლის შესახებაც წმიდა წერილი გვაუწყებს: „მე ვარ ანი და ჰოე, ... რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი“ (გამოცხადება I, 8).

ვფიქრობთ, უმჯობესია თავდაპირველად აღნიშნული ფრაგმენტი ქრისტიანული მსოფლმხედველობის შუქზე განვიხილოთ, რათა უკეთ გავაცნობიეროთ აქ წარმოდგენილი საღმრთო ისტორიის მნიშვნელობა.

მართლმადიდებლური სწავლებით სამყარო თვითმყოფადი არ არის,იგი ღვთის მიერ არის შექმნილი. უწყება სამყაროს შექმნის შესახებ ბიბლიაში გადმოცემულია სიტყვებით - „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქვეყანაჲ“ (დაბადება I, 1). სიტყვა „დასაბამად“ იმ საწყის მომენტზე მიუთითებს, რომელშიც შეიქმნა უხილავი და ხილული სამყარო (იხ. 5, გვ. 172). უხილავ სამყაროში ანგელოზები იგულისხმება, ხილული სამყარო კი ეს არის მთელი ხილული კოსმოსი, მატერიალური - ნივთიერი სამყარო.

უხილავი - სულიერი სამყარო ზეციურია, ხოლო ხილული - ნივთიერი კი - მიწიერი. მიუხედავად იმისა, რომ წარმოადგენენ ქმნულ სამყაროთა განსხვავებულ სახეებს, ისინი ერთნი არიან ღმერთში, როგორც მათი საერთო შემოქმედში. ღმერთი შეურევნებლად იმყოფება თითოეულში და მათ ჰარმონიულ, მადლისმიერ ერთობას განუწესებს. ისინი ერთმანეთსაც ავსებენ და ამავე დროს ორ განსხვავებულ (ქმნულ) სამყაროდაც რჩებიან. ამასთან, ზეციურ, უხილავ სამყაროს ამ ერთობაში იერარქიულად უპირატესი ადგილი უკავია მიწიერ, ხილულ სამყაროსთან შედარებით (იხ. 4, გვ. 7). განსახილველ ფრაგმენტზე ხილულ სამყაროში მზე, მთვარე და ვარსკვლავები - ზოდიაქოს თანავარსკვლავედები „იხილვება“, უხილავი სამყარო კი ანგელოზთა დასითაა წარმოდგენილი.

ხილული სამყარო ორ ეტაპად არის შექმნილი. თავდაპირველად (საწყის მომენტში), ღმერთმა არაფრისაგან სიტყვით პირველმატერია (თავდაპირველი ნივთიერება) შექმნა, შემდეგ კი (ბიბლიურ) ექვს დღეში მოაწყო იგი (იხ. 5, გვ. 196). ეს საწყისი მომენტი არის ზღვარი დროსა და მარადისობას შორის. ამ მომენტიდან (რომელსაც არა აქვს ხანგრძლივობა) იწყება სამყაროში სხვადასხვა პროცესები, რომლებიც განაპირობებენ კიდეც დროის არსებობას. სამყაროს გარეშე არ არსებობს დრო, ვინაიდან მარადისობაში არ არსებობს ხანგრძლივობა. ამდენად, მართებულია თუ ვიტყვით, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო არა დროში, არამედ დროსთან ერთად (იხ. 5, გვ. 173). აქ იმასაც დავძენთ, რომ უხილავ სამყაროში არ არის დრო და სივრცე, ხოლო ხილული სამყარო კი ექვემდებარება დროისა და სივრცის კანონებს (იხ. 4, გვ, 7).

ბიბლიური სწავლებით ღმერთმა მეოთხე დღეს ცის მნათობები - მზე, მთვარე და ვარსკვლავები შექმნა (იხ. „დაბადება“, I, 14-19). მნათობები დღე-ღამისა და წელიწადის დროთა რიტმულ მონაცვლეობას თავიანთი მიმოქცევით განაპირობებენ, რაც ეგზომ აუცილებელია ცოცხალი არსებებისათვის. რაც შეეხება დროის პერიოდს (ბიბლიურ) მეოთხე დღემდე, წმ. იოანე დამასკელის სწავლებით შესაქმის პირველი სამი დღის განმავლობაში დღე და ღამე იმის მიხედვით დგებოდა, რომ საღმრთო ბრძანებით, ნათელი ხან ვრცელდებოდა, ხან იკუმშებოდა (იხ. 2, გვ. 196).

წმიდა იოანე ოქროპირი აღნიშნავს, რომ „როცა განასრულა (ღმერთმა) ცის გამშვენება, დასხნა რა მას ზედა ვარსკვლავები და შექმნა ორი დიდი მნათობი (მზე და მთვარე - ბ.გ.), მაშინ დაუდო დასასრული დღეს“... (იხ. 1, გვ. 47 - ქვ. 22-20), და რომ მზეც, მთვარეცა და ვარსკვლავებიც... „ჩვენი კეთილდღეობისა და ხსნისათვის არიან შექმნილნი (იხ. იქვე - ქვ. 12-11), ...რათა ეჩვენებინა ჩვენთვის, თუ როგორ აფასებს იგი ადამიანთა მოდგმას, და (გვასწავლის იმას), რომ ჩვენ, ამით ძღვანებულნი, მისი სადარი პატივი მივაგოთ მას. და როგორი უგუნურება იქნებოდა, ქმნილებათა სილამაზით მოხიბლულნი, მათზე რომ შევჩერდეთ, და არ აღვაპყროთ გონიერი მზერა შემოქმედისაკენ, არ ჩავწვდეთ ნეტარი პავლეს (სიტყვებს-  ბ.გ.), რომელიც ამბობს: „რამეთუ უხილავი იგი მისი, დაბადებითგან სოფლისათ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების“ - რომ. I, 20 (იხ. იქვე - ქვ. 10-1).

ციური სხეულები მორწმუნე ადამიანის მზერას ღვთის სიტყვის მორჩილ აღმსრულებლადაც წარმოუდგება, რომელთაგან თითოეული „რჩება რა საკუთარ საზღვრებში, არასდროს გადადის დადგენილ მიჯნას“ (იხ. იქვე - გვ. 46 - ქვ. 15-13). ამასთან, ისინი ღვთის „სადიდებელსაც“ აღავლენენ, რაზეც წმიდა წერილი შემდეგი სიტყვებით გვამცნობს - „ცანი უთხრობენ დიდებასა ღვთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“ (ფს. 181). ეკლესიის მამათა სწავლებით „ამ ადგილას (სიტყვები - ბ.გ.) ცანი და სამყარო ერთი და იგივეს ნიშნავს“... ანუ ... „სადაც დასხმულ არიან ვარსკვლავნი, მზე და მთოვარე“ (იხ. 6, გვ. 109).

განიხილავს რა ამ საკითხებს უფრო ვრცლად, წმიდა იოანე ოქროპირი გვმოძღვრავს: „თუ ჩვენ ყოველდღიურად ვიფიქრებთ ამაზე, თვით გავხდებით გონიერნი, და უფალსაც, ჩვენი ძალის  შესაბამისად, მის სადარ დიდებას აღვუვლენთ“ (იხ. 1, გვ. 48 - ზ. 16-19).

რიცხვი 12-ის სიმბოლიკას ღრმა შინაარსი და მყარი საფუძველი აქვს ქრისტიანობაში. „იგი სულიერ სისავსეს, ჰარმონიულ დასრულებულობას განასახიერებს: ისრაელთა 12 ტომი, 12 მსაჯული, 12 მოციქული. წმიდა პასექი (მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღე - ბ.გ.) ხომ 12 საუფლო დღესასწაულთა სულიერი ცენტრია“ (იხ. 4, გვ. 18 - ზ. 1-5). სწორედ ამიტომ, განსახილველი ფრაგმენტის 12 ზოდიაქოს თანავარსკვლავედი, აღიქმება კიდეც ვარსკვლავიერი ცის „მოწყობის“ ჰარმონიულ დასრულებულობად.

ბიბლიურ მე-6 დღეს ღმერთმა ადამიანი შექმნა და მას განსაკუთრებული ადგილი განუკუთვნა სამყაროში. ადამიანი, რომელიც შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად, მოწოდებულია განახორციელოს თავის თავში ჰარმონიული ერთობა ღვთაებრივის - ზეციურისა და მიწიერისა.

ცოდვით დაცემა პირველად ზეციურ სამყაროში მოხდა, რის გამოც ანგელოზთა ნაწილი განეშორა ზეცას და „ბნელ გარესკნელში“ (მთ. VIII, 12; XXII, 13), ე.ი. ღვთაებრივი ნათელის მიღმა, შემოქმედისა და ქმნილების მადლისმიერი ერთობისააგან განშორებული აღმოჩნდა.

ადამის ცოდვით დაცემის შედეგად სამყაროში არსებული ჰარმონია და კოსმოსის თავდაპირველი წესრიგი დაირღვა. ადამიანი ღვთის მადლს მოაკლდა და ცოდვის სასჯელად სიკვდილი ერგო. დაზიანდა ადამიანის ცნობიერება. მის ცნობიერებაში მიწიერი ღვთაებრივსა და ზეციურს მოსწყდა და გაბატონება მიწიერმა დაიწყო.

იესო ქრისტეს განკაცებით აღდგენილ იქნა ადამიანის დაცემული ბუნება, მისი ცნობიერება. ჯვარცმით, აღდგომითა და ამაღლებით მაცხოვარმა განაღმრთო ადამიანური ბუნება და განაქარვა ადამიანის ბუნებაზე სიკვდილის ბატონობა, რითაც ყველა მართლმადიდებელ მორწმუნეს საშუალება მიეცა ეკლესიური ცხოვრებით ცათა სასუფეველში მარადიული ცხოვრების დამკვიდრებისა (იხ. 4, გვ. 8-9).

აქ აუცილებლად მიგვაჩნია იმის აღნიშვნაც, რომ მართლმადიდებლური ტაძარი (წარმოადგენს რა ღვთივქმნული სამყაროს ორგანულ ნაწილს) იმ წმიდა ჰარმონიულ მდგომარეობას განასახიერებს, რომელშიც ზეცა და ქვეყანა იმყოფებოდა ადამის ცოდვით დაცემამდე (იხ. 4, გვ. 19). კოსმოსი კი გარკვეული თვალსაზრისით ლიტურგიკული ორგანიზმია. კოსმოსის ამგვარი ხედვა მხოლოდ სულიერ მზერას ძალუძს, რომელიც ქმნულ სამყაროს სიღრმეებს ჭვრეტს და ხორციელი თვალისათვის მიუწვდომელ იმ გრანდიოზულ და ენით აღუწერელ უმშვენიერეს სურათს აღიქვამს, რომელსაც „კოსმიური ლიტურგია“ წარმოადგენს.

კოსმიური ღვთისმსახურება, რომლის უწყვეტობა წარმოადგენს კიდეც სამყაროს არსებობის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას, თავის სიმბოლურ გამოხატულებას მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთისმსახურების ციკლებში პოულობს (იხ. 4, გვ. 9). ეკლესია, რომელიც კოსმიური ღვთისმსახურების თანაზიარია, ცისკრის ჟამნის ლოცვაზე („დიდებამაღალიანის“ გალობის წინ) მორწმუნეთა გულისყურს წმიდა წერილის შემდეგ სიტყვებისაკენ წარმართავს: „აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი. აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკვლავნი და ნათელნი“... (ფს. 148, 1-3), რომელთაც უშუალო კავშირი აქვთ ზემოთ ხსენებულ ფრაგმენტთან და რასაც მოგვიანებით ქვემოთ შევეხებით.

ამდენად, ხილული სამყარო როგორც ხორციელი, ისე სულიერი თვალით შეიძლება მოვიხილოთ, და თუ ხორციელი მზერისათვის საგანთა და მოვლენათა მხოლოდ გარეგნული ნიშნების აღქმაა შესაძლებელი, სულიერი თვალით მათ უკან დაფარული აზრი იხილვება. მაგრამ, სულიერი მზერა შეუძლებელია ჭეშმარიტი რწმენის გარეშე. რწმენისა, რომელიც ლოცვით, მარხვითა და ქრისტიანული სხვა სათნოებებით არის განმტკიცებული. სწორედ რწმენის უქონლობა გახლავთ უმთავრესი მიზეზი სამყაროზე, ადამიანზე, სიცოცხლესა თუ სიკვდილზე არასწორი წარმოდგენების ჩამოყალიბებისა, და შედეგად ამისა მეორედ მოსვლის გარდაუვალობის გაუცნობიერებლობისა.

წმიდა წერილიდან ცნობილია, რომ მეორედ მოსვლის ჟამს, საშინელ სამსჯავროზე თვით უფალი იესო ქრისტე იქნება სრულუფლებიანი მსაჯული, რადგან: „არცაღა მამაი სჯის არავის, არამედ ყოველი სასჯელი მოსცა ძესა“ (ინ. V, 22). თუმცა სამსჯავროზე ღვთაებრივი და განუყოფელი სამების სამივე პირი იქნება, მთელ სამსჯავროს მაინც მხოლოდ ძე წარმართავს, რადგან მან ჩვენთვის ტანჯვანი დაითმინა. წმიდა წერილის მიხედვით ქრისტეს გარდა მსაჯულები სხვებიც იქნებიან. „რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაი საყდართა დიდებისა თვისისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა (ეუბნება უფალი მოწაფეებს - ბ.გ.) განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა“ (მთ. XIX, 28). „არა უწყითა, რამეთუ წმიდათა სოფელი განიკითხონ? არა უწყითა, რამეთუ ანგელოზნი განვიკითხნეთ?“ (1 კორ. VI, 1-3; შეადარეთ მთ. XII, 41-42). ამასთან, მოციქულები და ზოგიერთი წმიდანი, არა თვითმპყრობელური და დამოუკიდებელი სამსჯავროთი, არამედ თანამონაწილეობითა და თანანებელობით განსჯიან. აქ აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ ქრისტეს სამსჯავრო განსხვავებული იქნება კაცთა სამსჯავროსაგან, რადგან მასზე არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ აზრითაც იქნებიან მხილებულნი.

წმიდა ეკლესია მაცხოვრის მეორედ მოსვლის, საშინელი სამსჯავროს, იესო ქრიტესა და მის რჩეულთა დაუსრულებელ (საუკუნო) სუფევაზე, სარწმუნოების სიმბოლოს (მრწამსის) მე-7 წევრის სიტყვებითაც გვასწავლის: „და კუალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ“. აქ იმასაც გავიხსენებთ, რომ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ თვით ანგელოზმა აუწყა მოციქულებს, რომელნიც ზეთისხილის მთაზე იდგნენ და უცქეროდნენ ზეცად ამაღლებულ იესოს - „კაცნო გალილეველნო, რასა სდგათ და ხედავთ ზეცად? ესე იესო, რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვალს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად“ (საქმე მოც. I, 11). მეორედ მოსვლისას, განსხვავებით პირველისა, მაცხოვარი მოვა „დიდებითა თვისითა და ყოველნი ანგელოსნი მისნი მის თანა. მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თვისისათა“ (მთ. XXV, 31).

ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ წმიდა წერილის ზემოთ მოყვანილი სიტყვებით გადმოცემული საღვთო ისტორიაა ასახული წინამდებარე ფრაგმენტზე, სადაც მაცხოვარი ანგელოზთა დასით არის გარშემორტყმული. ამდენად, ამ ფრესკის უპირველესი დანიშნულება, მეორედ მოსვლის ჟამზე, საშინელ სამსჯავროზე ფიქრით, ყოველი ადამიანის სულიერი სიფხიზლისაკენ, სინანულის, ცოდვათა აღიარებისა და გულმხურვალე ლოცვისაკენ მოწოდება გახლავთ, რომელიც ეკლესიის მამათა მიერ შემდეგი ლოცვითი სიტყვებით არის გადმოცემული: „გეგულვების დაჯდომაჲ საყდართა ზედა, რომელმან შეჰქმენ სიტყვით ცანი და ქვეყანა და გვეგულვების ყოველთა წარდგომად შენდა და მითხრობად ცოდუათა ჩვენთა, უწინარეს უკუეი დღისა მის სინანულად შემიწყნარე, უფალო პირველ სრულიად წარწყმედად ჩემდამდე მაცხოვნე მე“ (იხ. მარხვანი, დიდი მარხვის V შვიდეულის ოთხშაბათის მწუხრი, გვ. 351).

ფრაგმენტზე წარმოდგენილ ანგელოზთა რაოდენობა ცამეტია, თუმცა კი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წმიდა წერილის მიხედვით ისინი ურიცხვნი არიან (იხ. დაბად. XXXIIმ 1-2; დანიელის წინასწ. VII, 10; ლკ. II, 13 და სხვა). აქ მათი იერარქიული განსხვავებაც შეიმჩნევა. ასე მაგალითად, ადვილად ამოვიცნობთ მთავარანგელოზ მიქაელს, რომელსაც მარცხენა ხელში ისრიანი კვერთხი უპყრია. მისი გარე შესამოსელი ლურჯია, შიდა კი წითელი. (ჩვენგან) მის მარცხნივ მთავარანგელოზი გაბრიელია გამოსახული, რომელსაც მარცხენა ხელში სფერო, მარჯვენაში კი კვერთხი უპყრია. მისი გარეთა შესამოსელი წითელია, შიგნითა კი ლურჯი (იხ. განსახილველ ფრაგმენტზე მზის ქვეშ გამოსახული ანგელოზი). აქ გამოსახულია აგრეთვე სერაფიმი, ქერუბიმები და სხვანი.

ფრაგმენტზე მაცხოვრის მახლობლად ოთხი ცხოველია გამოსახული, რომელთა შესახებაც წმიდა წერილში შეგვიძლია ამოვიკითხოთ: „და ყოველნი ანგელოზნი დგეს გარემოის საყდრისა... და ოთხთა მათ ცხოველთაისა“... (გამოცხ. VII, 11); ... „და პირველი იგი ცხოველი მსგავსი იყო ლომისა, და მეორე ცხოველი მსგავსი იყო კუროისა, და მესამე ცხოველსა აქუნდა პირი კაცისა, და მეოთხე მსგავსი არწივისა მფრინველისა“ (გამოცხ. IV, 7).

წმიდა ანდრია კესარია-კაბადუკიელის განმარტებით: ... „ესენი სახე არიან ქრისტეს განგებულებისა, რამეთუ ლომისა პირი სახეი არს მისი, ვითარცა მეუფისაი; და კუროისაი, ვითარცა მღვდელისაი, და უფროისად მსხუერპლისაი; ხოლო კაცისაი, ვითარცა ჩვენთვის განკაცებულისაი; ხოლო არწივისაი, ვითარცა სულისა წმიდისა მომცემელისაი, რომელი ფრინავნ ჩუენ ზედა ზეცით“ (იხ. 3, გვ. 17-18).

ფრაგმენტის შიდა წრეზე ბერძნული წარწერაა, რომელიც ქართულად შემდეგნაირად იკითხება: „აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა. აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას მზე და მთოვარი, აქებდით მას ყოველნი ვარსკვლავნი“. აღნიშნული ტექსტი წმიდა წერილიდან არის აღებული და იგი 148-ე ფსალმუნის 1-3 მუხლებს წარმოადგენს.

აპოკალიფსის ამსახველ ფრესკაზე დავით წინასწარმეტყველის ზემოთ მოხმობილი სიტყვები ყოველი ადამიანის ღვთის სადიდებლად მოწოდება გალხავთ, რაც ჩვენი სულების უგულისხმო და უდარდელი მდგომარეობიდან გამოფხიზლებას ემსახურება. წმიდა ანგელოზთა დასისა და უსულო ქმნილებათა (მზის, მთვარისა და ვარსკვლავების) მოხმობით, სიტყვა აქ ადამიანთა გულებისაკენ არის მიმართული, რათა ოდნავ მაინც ვცდილობდეთ ღვთის მიერ აღსრულებულ საქმეთა წვდომას და ღვთის შიშითა და სიყვარულით აღძრულნი, ერთობლივად, ყველა ქმნილებასთან ერთად ვადიდებდეთ მას. (შევნიშნავთ, რომ ფსალმუნთა იმ ქართულ რედაქციაში, რომლითაც დღეს სარგებლობს ეკლესია, ზემოთ მითითებული ტექსტი ბოლოვდება სიტყვებით - „და ნათელნი“, ხოლო ფსალმუნთა ბერძნულ რედაქციაში კი ეს ორი სიტყვა არ გვხვდება - იხ. SEPTUAGINTA, ფს. 148).

ფრაგმენტზე მაცხოვარს მარცხენა ხელში (ანუ ჩვენგან მარჯვნივ) ნახევრად გახსნილი გრაგნილი უჭირავს, რომელზეც ბერძნულად იკითხება შემდეგი: „იდეტე, იდეტე, ჰოტი ეგო ეიმი თეოს“, რაც ქართულად ითარგმნება, როგორც: „იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი“. აღნიშნული სიტყვები ბიბლიიდანაა აღებული, რომელშიც ვკითხულობთ: „იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ, და არა არს ღმერთი ჩემსა გარეშე“ (მე-2 სჯულ. 32, 39). წმიდა წერილის ეს სიტყვები, დიდმარხვაში, სამშაბათობით, „უმცირესთა“ (10 ბიბლიურ საგალობელთა მუხლები, რომლებიც ჩაერთვის საცისკრო კანონთა 9 გალობას) II გალობის დროს იგალობება (იხ. ჟამნი, გვ. 61, ქვ. 2-1 და Ирмологии, გვ. 148, ქვ. 7-6).

ერთი თვალის გადავლებაც კი საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ მთლიანად ფრესკა მასზე წარმოდგენილი აპოკალიფსის ამსახველი ფრაგმენტებით, ერთობ შთამბეჭდავია, მაგრამ გრაგნილზე არსებული ტექსტიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ფრესკის ავტორს (ან მის დამკვეთს) სრულებით არ ჰქონდა განზრახული განეცვიფრებინა ან ამაო ცნობისმოყვარეობით მიეზიდა მნახველი, არამედ საშინელ სამსჯავროზე ფიქრით, ღვთის შიში და სიყვარული ჩაენერგა მლოცველთა გულებში, და მსგავსად წმიდა ანდრია კრიტელისა ელოცათ: „იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ მეუფე (ღმერთი - ბ.გ.), ისმინე შენ სულო ჩემო, ღაღადება უფლისა, და ევლტოდე პირველსა ცოდუასა და ჰსძრწოდე, ვითარცა მსაჯულისა, და ვითარცა ღვთისაგან“ (იხ. მარხვანი - დიდი მარხვის I შვიდეულის ოთხშაბათის სერობის ანდრია კრიტელის კანონის მე-2 გალობა, გვ. 127).

მლოცველ ადამიანს, მთლიანად ფრესკა და გრაგნილზე მითითებული სიტყვები წმ. ანდრია კრიტელის ზემოთ მოხმობილ ლოცვასთან ერთად, უთუოდ შემდეგ კონდაკსაც გაახსენებს: - „სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდეგ რასა გძინავს, აღსასრული მოახლოებულ-არს, და გეგულვების აღშფოთება. განიღვიძე რათა შეგიწყალოს შენ ქრისტემან ღმერთმან, რომელი ყოველთაგან არს და ყოველსავე აღავსებს“, რომლის გალობასაც წმიდა ეკლესია დიდი მარხვის I შვიდეულის პირველ ოთხ დღეს აღასრულებს.

(შენიშვნა: საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ბერძნული წარწერების სრული კრებული, „ბერძნული წარწერები საქართველოში“, თ. ყაუხჩიშვილს აქვს გამოცემული 1951 წელს. ამ წიგნში ჩვენთვის საინტერესო ფრაგმენტის ბერძნულ წარწერებზეც არის საუბარი, რის შესახებაც დავძენთ, რომ მკვლევარს (მიზეზთა გამო) ბოლომდე ზუსტად ვერ ამოუკითხავს ზოგიერთი ბერძნული სიტყვა და ასო, და ფაქტიურად აღნიშნული წარწერები გაუშიფრავი დარჩა (იხ. 9, გვ. 216 და 217). აქვე დაინტერესებულ მკითხველს ვაცნობებთ, რომ ფრაგმენტის ფერადი ფოტოპირები, საიდანაც ფაქტიურად მოხდა წარწერების ამოკითხვა, ამ ნაშრომის ავტორთან ინახება).

გარდა ხსენებული ფრაგმენტისა, ფრესკაზე აპოკალიფსის ამსახველი არაერთი ფრაგმენტის წარმოდგენილი, რომელთაც წმიდა წერილის შემდეგი სიტყვები შეესაბამება: „და აჰა დგა საყდარი ცათა შინა და საყდარსა ზედა მჯდომარე“... (გამოცხ. IV, 2); „საყდართა მათ ზედა ოც და ოთხნი მღვდელნი მსხდომარენი, შემოსილნი სამოსლითა სპეტაკითა, და თავთა ზედა გვირგვინი ოქროისანი“ (გამოცხ. IV, 4); „ოთხნი ანგელოზნი, მდგომარენი ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა და ეპყრნეს ოთხნი იგი ქარნი ქუეყანისანი, რაითა არა ქროდიან ქუეყანას ზედა, არცა ზღუასა, არცა ხეთა“ (გამოცხ. VII, 1); „და აჰა ვეშაპი ცეცხლისაი დიდი, რომელსა ედგნეს თავნი შვიდნი და რქანი ათნი, და თავთა ზედა მისთა შვიდნი გვირგვინნი“ (გამოცხ. XII, 3), და მრავალი სხვა, რომელთაც განსახილველი საკითხის თემატიკიდან გამომდინარე აღარ შევეხებით.

ფიქრი სამყაროს აღსასრულის ჟამზე და მისი გამოძიება ადამიანისათვის სასარგებლოცაა და საზიანოც. რის გამოც ორიოდ სიტყვით თვით გამოცხადებასა და თითოეული ადამიანის მისდამი დამოკიდებულების საკითხს მიმოვიხილავთ.

წმ. ანდრია კესარია-კაბადუკიელის განმარტებით, „გამოცხადება არს დაფარულთა საიდუმლოთა ჩვენებაი, რაჟამს განათლდეს გონებაი გინა თუ საღმრთოითა სიზმრითა, გინა თუ განცხადებულითა ხილვითა“ (იხ. 3, გვ. 2, ზ. 12-14). შემდგომ დასძენს: „ესრეთ იტყვის (მოციქული იოანე - ბ.გ.) ვითარმედ ...სულითა წმიდითა გამოისახა გონებაი ჩემი, და ვიხილე შინაგანითა თუალითა“... (იხ. 3, გვ. 16, ზ. 11-13).

ამდენად, ცხადია, რომ მახარებელმა და ღვთისმეტყველმა წმ. იოანემ სამყაროს ბოლო ჟამის შესახებ საღვთო ისტორია არა საკუთარი ძალისხმევით იხილა, არამედ თვით ღმერთმა „გამოუცხადა მოვლინებითა ანგელოზისა მისისათა მონასა მისსა იოვანეს“ (იხ. 3, გვ. 2, ქვ. 5-4), რადგან „არა კაცობრივ თვალითა სახილველ ანუ ყურითა სასმენელ იყო“ (იხ. 3, გვ. 5, ზ. 16-17) ხილვა იგი!

გამოცხადებაში ვკითხულობთ: „ნეტარ არს, რომელი იკითხვიდეს და რომელნი ისმენდნენ სიტყუათა ამის წინასწარმეტყველებისათა და დაიმარხონ, რაი იგი მას შინა წერილ არს, რამეთუ ჟამი ახლოს არს“ (გამოცხ. I, 3). მაგრამ, საკუთარი თავის იმედითა და ამაო ცნობისმოყვარეობით დაფარულის საიდუმლოებაში შეღწევა, სამყაროს აღსასრულზე გადამეტებული ფიქრი, ფრიად საზიანოა ადამიანისათვის. არ უნდა დავივიწყოთ საზღვრები ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობებისა და ღვთის განგების ყველაზე უფრო მიუწვდომელ სიღრმეთა წვდომას ჩვენი გონებით არ უნდა ვცდილობდეთ, არამედ წმიდა მამათა სწავლებაზე დაყრდნობით, რწმენით უნდა ჩავწვდეთ მას. და თუ ნაცვლად გამოცხადების თვითნებური განმარტებისა, წმიდა ეკლესიის ორი აღთქმის კეთილგონიერებას მივენდობით, ადვილად დავიცავთ თავს მკრეხელური თუ ერეტიკული აზრებისაგანაც.

ახლა გვინდა მკითხველს აღნიშნული ფრაგმენტი - „ზოდიაქოს რკალი“ სულ სხვა კუთხით დავანახოთ, რისთვისაც უპირველეს ყოვლისა მოკლედ A-38 ხელნაწერზე ვისაუბრებთ.

დღემდე ჩვენამდე მოღწეულია არაერთი ხელნაწერი (ხელნაწერთა ინსტიტუტის: H-1670, A-85, A-38 და სხვა), რომლებშიც ქრონოლოგიურ-პასქალური თხზულებებია მოცემული. აღნიშნული ხელნაწერები მრავალმხრივ არის ჩვენთვის საყურადღებო და მათი კვლევა უაღრესად საშურ საქმეს წარმოადგენს, რაც სამომავლოდ არაერთ გაურკვეველ საკითხს მოჰფენს ნათელს. ზემოთ აღნიშნული ხელნაწერი - „მცხეთის დავითნი“, ყოფილი საეკლესიო მუზეუმის №38, ამჟამად ხელნაწერთა ინსტიტუტის A-38 ხელნაწერია. იგი საეკლესიო მუზეუმში მცხეთიდანაა შემოსული, რის გამოც მას „მცხეთის დავითნი“ ეწოდა. სრული სახით ეს ხელნაწერი ქალბატონმა მზექალა შანიძემ გამოსცა (1960 წელს) - „ფსალმუნის ძველი ქართული რედაქციები X-XIII საუკუნეთა ხელნაწერების მიხედვით“.

A-38 ხელნაწერში ზოდიქური გამოთვლების თვალსაზრისით საინტერესო ერთ-ერთი თხზულებაა, რომლის სათაურია - „ცნობისათვის და უწყებისათვის“... (იხ. 8, გვ. 461 - დანართი II). ვფიქრობთ, ზოდიაქურ გამოთვლებს ერთგვარი კავშირი აქვს ჩვენს მიერ ზემოთ განხილულ ფრაგმენტის ზოდიაქოს რკალთან, რის გამოც ქვემოთ აღნიშნულ გამოთვლებს წარმოგიდგენთ:

1. „უკუეთუ გინდეს ცნობის, თუ მზეჲ რომელსა ეტლსა ზედა ზის, იპყარ მარტისაგან ია (11 - ბ.გ.) და ყოველნი თუენი ვიდრე მუნ დღედმდე, რომელსა ზედა სდგე, და იგი თანა-შეათუალე. და (30 - ბ.გ.) გაუტევე და ცან, რავდენი ლ იყოს, ვერძისაი თავ-ყავ და ყოველსა ეტლსა ლ-ლ (30-30 - ბ.გ.) მისცემდი და რომელსაცა ზედა მიგიყვანოს, მას ეტლსა ზედა ჯდეს მზეი“;

2. „უკუეთუ გინდეს ცნობის, თუ მთოვარეჲ რომელსა ეტლსა ზედა ზის, იპყარ რიცხვი მთოვარისაჲ (ანუ მთვარის ასაკი - ბ.გ.), თუ რავდენ იყოს, და იბ (12 - ბ.გ.) შეკეცე და გაყავ და რაჲ მზისა აკლდეს -ეულსა, მთოვარისაჲთა გაასრულე და მზისა ეტლითგან წაღმართ ყოველსა ეტლსა ლ-ლ-სა მისცემდი და რომელსა ეტლსა ზედა მიგიყვანოს, მასცა ეტლსა ზედა ჯდეს მთოვარეჲ. დაჰყოფს მზეჲ ეტლსა ზედა ლ და დაჰყოფს მთოვარეჲ ჟამსა “;

3. „უკუეთუ სხუებრ გინდეს ცნობაჲ მზისაჲ, თუ რომელსა ეტლსა ზედა იყოს, სეკტენბერითგან თუენი აიპყრენ მუნ დღედმდე, რომელსა ზედა სდგე და იგი თანა-შეათუალე და დაურთე მას ზედა რჲდ (164 - ბ.გ.) და გაუტეობდ ლ სახელებსა ზედა ცხოველთ-სახილველთა. ვერძი თავ-ყავ და რომელსა ეტლსა ზედა დაგელიოს -ეული, ცან ჭეშმარიტად, მას ზედა იყოს მზეჲ“;

4. „უკუეთუ სხუებრ გინდეს ცნობაჲ მთოვარისაჲ, თუ რომელსა ეტლსა ზედა იყოს, მთოვარეჲ რავდენ იყოს, ეგდენჯერ იბ იპყარ და ჟამი რავდენი გაქუნდეს, ეგდენი თითოჲ დაურთე და მზეჲ, რომელსა ეტლსა ზედა დაგეტეოს და აკლდეს, -ეულად მთოვარისაჲთა გაასრულე და მერმე გაუტეობდი ლ-ლ-ეულსა სახელებსა ზედა ცხოველთა-სახილველთასა: ვერძი თავ-ყავ და ყოველსა ეტლსა ეგრეთვე ლ-ლ-ეულსა მისცემდი; და რომელსა ეტლსა ზედა დაგელიოს, მას ზედაცა იყოს მთოვარეჲ, იცოდე“;

5. „ესე არიან იბ-ნი ეტლნი: ვერძი, კუროჲ, ტყუბი, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, ღრიაკალი, მშვილდოსანი, თხის რქა, წყლის საქანელი, თავზი“ (იხ. 4, გვ. 466).

ხელნაწერში მოცემულია აგრეთვე ზოდიაქოს თითოეულ ნიშანში მზის შესვლის ვადები, როგორც ებრაულ თვეთა, ისე იულიუსის კალენდრის თარიღებით, რომელთაც ცხრილის სახით წარმოგიდგენთ, სადაც შედარებისათვის წმიდა იოანე დამასკელისა და გრიგოლის კალენდრის მიხედვით განსაზღვრულ ანალოგიურ თარიღებსაც მივუთითებთ (იხ. 8, გვ. 463-464 და 2, გვ. 199).

ზოდიაქოს თანავარსკვლავედების ეტლთა მზის შესვლა ეტლში
დასახელება ნიშანი ებრაულ თვეთა მიხედვით იულიუსის კალენდრით გრიგოლის კალენდრით
A-38 ხელნაწერის მიხედვით წმ. იოანე დამასკელის მიხედვით
1 ვერძი ნისან 20.03 21.03 18.04
2 კურო იარედ 20.04 23.04 14.05
3 ტყუბი სივან 20.05 24.05 21.06
4 კირჩხიბი თამუთ 20.06 25.06 20.07
5 ლომი აბდა 20.07 25.07 11.08
6 ქალწული ილოლ 20.08 25.08 17.09
7 სასწორი თემრიმ 20.09 25.09 31.10
8 ღრიანკალი მრუშვალ 20.10 25.10 22.11
9 მშვილდოსანი ქასილე 20.11 25.11 18.12
10 თხის რქა ხებალ 20.12 25.12 19.01
11 წყლის საქანელი შბატ 19.01 25.01 16.02
12 თევზი ადარ 19.02 24.02 12.03

ამ ცხრილში წარმოდგენილია A-38 ხელნაწერში მოცემული ზოდიაქოს თანავარსკვლავედებში მზის შესვლის ვადები, როგორც ებრაულ თვეთა, ისე იულიუსის კალენდრის მიხედვით. ამასთან, შედარებისათვის მითითებულია წმიდა იოანე დამასკელისა და გრიგოლის კალენდრის მიხედვით განსაზღვრული ანალოგიური ვადებიც.

მკითხველისათვის გაურკვეველი რომ არ დარჩეს ზემოთ წარმოდგენილი ზოდიქური გამოთვლების შინაარსი, პირველი მათგანის განმარტებას შემოგთავაზებთ: - იმის გასარკვევად, თუ კალენდარული წლის ამა თუ იმ დღეს, მზე რომელ ზოდიაქოს თანავარსკვლავედში იმყოფება, 21 მარტიდან (შენიშნვნა: ხელნაწერში მითითებულია 11 მარტი, რაც ჩვენი აზრით სწორი არ არის) ამ დღემდე ათვლილი დღეთა რაოდენობა 30-ზე უნდა გაიყოს, ხოლო განაყოფის მთელი ნაწილი ზოდიაქოს წრეზე ვერძის თანავარსკვლავედიდან საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა გადაითვალოს. რომელ ზოდიაქოს ნიშანზეც გასრულდება თვლა, იმ „ეტლსა ზედა ზის“ მზე.

აქ მკითხველთა ყურადღებას იმ ფაქტზე გავამახვილებთ, რომ ზოდიაქოს რკალზე მზის ან მთვარის მდებარეობის განსაზღვრისას, აუცილებელია ვერძის ნიშნიდან „სახელებსა ზედა ცხოველთა-სახილველთასა“ (იხ. ფრაგმ. 4) ...„წაღმართ ყოველსა ეტლსა“ (იხ. ფრაგმ. 2)... ზედა გადათვლა, რისი გაკეთებაც წარმოსახვით ერთობ რთულია. ვფიქრობთ, აქ მითითებული ზოდიაქური გამოთვლები თავისთავად გულისხმობს შესაბამისი თვალსაჩინოების არსებობას, რომლის ერთ-ერთ „ნიმუშსაც“, ჩვენი აზრით, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის აღნიშნული ფრაგმენტიც აძლიერებს:

1. ხსენებულ ფრაგმენტზე ზედმიწევნით ზუსტად არის გამოსახული „ცხოველთა-სახილველები“ და მათი განლაგება, რაც ვფიქრობთ აპოკალიფსის ამსახველი ფრესკისათვის ერთობ „უცნაურად“ გამოიყურება. ჩვენ, სხვა ავტორთა მიერ შესრულებული მსგავსი ფრაგემნტებიც მოვიძიეთ, მაგრამ არსად შევხვედრივართ „ცხოველთა-სახილველებს“ (იხ. მაგალითად - „Толкование на апокалипсис Святого Андрея, Архиепископа Кесарийского“, изд. 4-ое, Москва - 1901 г.). მხოლოდ ერთგან, ათონის მთაზე, დიდი ლავრის მონასტრის მე-18 საუკუნის ფრესკაზე - „დიდება უფლისა“, ვხვდებით ზოდიაქოს რკალს ცხოველთა გამოსახულებებით, სადაც ისინი ნაკლებად თვალსაჩინოდ არიან წარმოდგენილნი (იხ. Sotiris Kadas - "MOUNT ATHOS", Athens - 1986, გვ. 157-158). უფრო მეტიც, განსხვავებით ათონის ფრესკისა, ჩვენს ფრაგმენტზე „ცხოველთა-სახილველებთან“ ერთად მზეც არის გამოსახული (ვარსკვლავებთან და მთვარესთან ერთად), რომელიც A-38 ხელნაწერში მითითებულ ეტლთა ჩამონათვალის „წინ“ არის „დასმული“ (იხ. A-38 ხელნაწერის მე-5 ფრაგმენტი და ფრაგმენტის - „ზოდიაქოს რკალის“ სქემატური გამოსახულება), რაც ვფიქრობთ შემთხვევითი არ არის, და იგი ხელნაწერში მითითებული ზოდიაქური გამოთვლების ზეგავლენის შედეგია.

2. საგულისხმოა ისიც, რომ მთელ საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა სვეტიცხოვლისა) არსად გვხვდება ხსენებული ფრაგმენტის მსგავსი ფრესკა, ხოლო A-38 ხელნაწერი - „მცხეთის დავითნი“, რომელშიც მითითებულია ზოდიაქური გამოთვლები, ქალაქ მცხეთაში ინახებოდა. აღნიშნული იმის ფიქრის საფუძველს გვაძლევს, რომ ფრესკის ავტორი (ან მისი დამკვეთი), კარგად იცნობდა ამ ხელნაწერში მოცემულ ზოდიაქურ გამოთვლებს, რაც „გამოისახა“ კიდეც ფრესკაზე;

3. დამაფიქრებელია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ფრაგმენტი, ტაძრის სამხრეთ კედელზე ზუსტად ორი სარკმლის შუა, ოდნავ მათ ქვემოთაა გამოსახული (იხ. ფოტო №2), რაც ვფიქრობთ სრულებით არ არის შემთხვევითი. აქ ჩვენ იმ აზრს ვუშვებთ, რომ ხსენებული სარკმლები ვარსკვლავიერი ცის მოსახილველი ერთგვარი „ობიექტივებია“, რომელთა დამზერის წერტილის მოზიებაც (ტაძრის შიგნით), სირთულედ არ გვეჩვენება.

4. არ გვინდა ვინმემ უნებლიედ იფიქროს, ამ მოსაზრებათა ავტორს ქრისტიანული ტაძარი რაღაც „ობსერვატორიის“ მსგავსად წარმოუდგენიაო (ნუ იყოფინ!), რისთვისაც წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებს მოვუხმობთ, რომელიც საუბრობს რა ვარსკვლავთა მნიშნველობაზე, აღნიშნავს, რომ: „მათი მსვლელობა (იგულისხმება მზის, მთვარისა და ვარსკვლავებისა, რაც გამოსახულია კიდეც ჩვენს „ზოდიაქოს რკალზე“ - ბ.გ.) გვაძლევს ცოდნას ჟამთა და მოქცევათა, დღეთა სათვალავთა დ აწლის ხანგრძლივობის შესახებ, რაც ჩვენ შეგვიძლია მათი საშუალებით ამოვიცნოთ“. (იხ. 1, გვ. 46). ამდენად, არც გვიკვირს, როცა A-38 ხელნაწერში ვკითხულობთ: „აქა დაესრულების სრბაჲ მზისაჲ და მოქცევაჲ წელიწადისაჲ“ (იხ. 8, გვ. 464), და არც ის, რომ სვეტიცხოვლის ტაძრის ერთ-ერთ ფრესკაზე მზე, მთვარე, და „ცხოველთა-სახილველებია“ გამოსახული.

ვფიქრობთ, შეიძლებოდა უფრო მეტი დროც დაგვეთმო განხილული საკითხების უფრო ღრმად წარმოჩენისათვის, რასაც სამომავლოდ შევეცდებით, აქ კი მოკლედ დასკვნის სახით ჩვენს ორ მოსაზრებას წარმოგიდგენთ:

პირველი - მთლიანად ფრესკა „მკვდართა აღდგომა“ (იხ. 9, გვ. 214, ზ, 6) და ხსენებული ფრაგმენტი „დიდება უფლისა“ (ბ.გ.), მორწმუნე ადამიანის სულში ღვთის შიშსა და სინანულს, სამარადისო ცხოვრებისათვის ყოველდღიური მზადებისა და ყველა ქმნილებასთან ერთად ღვთის სადიდებლის აღვლენის სურვილს უნდა აღძრავდეს;

მეორე - პრაქტიკული თვალსაზრისით სხენებული ფრაგმენტი „ზოდიაქოს რკალი“ (ბ.გ.), საქართველოში კარგად ცნობილი ხელნაწერის, „მცხეთის დავითნში“ მოცემული ზოდიაქური გამოთვლების ერთგვარ „თვალსაჩინოებას“ წარმოადგენს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1. Св. Иоанн Златоуст - «Творения», т. IV, кн. 1-я (С.Петербург - 1898 г.);

2. Св. Иоанн Дамаскин - «Полное собрание творении», т. I (С.Петербург - 1913 г.);

3. წმ. ადნრია კესარია-კაბადუკიელი - „თარგმანებანი იოვანეს გამოცხადებისა“ (თბ. 1961 წ.);

4. Настольная книга священно служителя - т. IV (Москва - 1983 г.);

5. Архимандит Алипий н Исаия - « Догматическое Богословие» (Свято-Тройцкая Сергиева лавра - 1994 г.);

6. Архиепископ Ириней - «Толковая псалтирь», ч. I (Москва - 1903 г.);

7. „ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნები“ - საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა (თბ. 1996 წ.);

8. მზ. შანიძე - „ფსალმუნის ძველი ქართული რედაქციები“ (თბ. 1960 წ.);

9. თ. ყაუხჩიშვილი - „ბერძნული წარწერები საქართველოში“ (თბ. 1951 წ.);

10. А. Натроева - «Мцхета и его соборь СВЕТИЦХОВЕЛИ» (Тф. - 1990  г.).