აკაკი მინდიაშვილი

ფულის სიყვარულისა და მოწყალებითი საქმეების
სასწაულებრივი ძალის შესახებ

ერთხელ არსენ დიდს მდიდარი ნათესავის ანდერძი მოუტანეს, რომელმაც უზარმაზარი მემკვიდრეობა დაუტოვა, არსენმა გამოართვა ანდერძის ფურცელი, მისი დახევა უნდოდა, მაგრამ მოულოდნელად ის, ვინც დოკუმენტი გადასცა, მის წინაშე მუხლებზე დაემხო და შეევედრა: გთხოვთ, ანდერძს ნუ დახევთ, თორემ ცოცხალს არ დამტოვებენ. არსენ დიდმა მიუგო, ჩემი ნათესავი სულ ახლახანს მოკვდა, მე კი მასზე გაცილებით დიდი ხანია, რაც მოვკვდიო (ის გულისხმობდა, რომ ბერად აღკვეცის შემდეგ მოკვდა ყოველივე ამქვეყნიურისათვის, ამსოფლიურისათვის, მათ შორის, ქონებისთვისაც, რათა მხოლოდ უფლისათვის ეცოცხლა).

არსენ დიდს ანდერძის მომტანი შეებრალა და ანდერძი უკან დაუბრუნა. ასე, რომ, მისთვის განკუთვნილი მემკვიდრეობიდან არაფერი არ მიუღია.

მართლაც, რატომ ეშინოდათ ჭეშმარიტ ღვთისმოსავ მამებს მემკვიდრეობის, საბოძვრის, საჩუქრების და საერთოდ, რაიმეგვარი შემოწირულობის მიღებისაც კი. უპირველეს ყოვლისა, ისინი შიშობდნენ, რაიმე შემთხვევის გამო რომელიმე ძვირფასი ნივთის ან ბევრი ფულის მიღებას მათ გულში იმედი არ გაეჩინა ამ ნივთისა თუ ფულის მიმართ, და ამას მათი სასოება არ შეემცირებინა უფლის მიმართ, მეტიც, დროთა განმავლობაში უფლისადმი სასოების დაკლებას ღვთისადმი სრული გაცივება და გაუცხოებაც არ გამოეწვია.

ნიტრიის უდაბნოს ერთ-ერთმა ბერმა დაივიწყა, რომ უფალი იესო ქრისტე ოცდაათ ვერცხლად გაიყიდა, ამ ბერმა ხელსაქმით ასი ოქრო დააგროვა და შეინახა. როდესაც გარდაიცვალა, ბერებმა ნახეს ეს ფული და ვერ გადაწყვიტეს, რა ექნათ ამ ფულისათვის. იქ მცხოვრები ხუთი ათასი ბერიდან ერთნი ამბობდნენ, რომ უპოვართათვის მიეცათ, მეორენი მიიჩნევდნენ, რომ ნათესავებისათვის გადაეცათ, მესამენი კი ფიქრობდნენ, რომ უპრიანი იქნებოდა, ეკლესიისათვის შეეწირათ. მაგრამ დიდმა წმ. მამებმა - მაკარიმ, პამვომ, ისიდორემ და სხვა ღირსმა მამებმა, სული წმიდის შთაგონებით დაადგინეს, რომ ეს ფული მთლიანად მის პატრონთან ერთად მიწაში დაემარხათ და როცა ეს აღასრულეს, მიცვალებულს მიმართეს:

შენი ვერცხლი შენვე გქონდეს შენს დასაღუპად (საქმ. 8,20).

როდესაც ამის შესახებ შეიტყვეს ეგვიპტის მეუდაბნოე მამებმა, ისეთი შიში და ძრწოლა გაუჩნდათ, რომ იმ დროიდან ბერებს უმძიმეს ცოდვად მიაჩნდათ ერთი ოქროს მონეტის შენახვაც კი.

საერთოდ, ქონების, ძვირფასი საჩუქრების, ფულის მიღება ხშირად ჩვენში ვერცხლისმოყვარეობის მომაკვდინებელ ვნებას აღვიძებს, ნოყიერ ნიადაგს უქმნის ანგარების ცოდვას და ფულისა და ძვირფასეულობის დაგროვების სიყვარულს კვებავს. ეს სიყვარული არცთუ იშვიათად ისეთ დაუჯერებელ, კოშმარულ ხასიათსა და ისეთ საშინელ გამოხატულებებსა და სახეებს იღებს, რომ მათთან შედარებით თვით ჰოფმანისა და ფრანც კაფკას მხატვრული ფანტასმაგორიებიც კი საკვირველებად და უცნაურობად აღარ გვეჩვენება.

როგორც უშუალოდ ცხოვრებიდან, ისე მხატვრული ლიტერატურიდან თუ კრიმინალური ქრონიკებიდან ცნობილია უამრავი მდიდარი ადამიანი, რომლებიც სიხარბისა და სიძუნწის ვნებით შეპყრობილნი სიკვდილის წინ ითხოვდნენ არა მათ მიერ დაგროვილი დიდი ქონებისა და ფულის ახლობლებისათვის, სათნოების სახლებისათვის, ღარიბ-ღატაკებისა თუ ქვრივ-ობლებისათვის გაცემას, არამედ ფულის, ძვირფასეულობის, თვალ-მარგალიტისა და ოქრო-ვერცხლის საფლავში ჩაყოლებას.

ერთმა ძალიან მდიდარმა კაცმა სიკვდილის წინ მსახურებს უბრძანა ბრილიანტებჩატანებული ღვეზელები გამოეცხოთ, და როდესაც ბრძანება შეუსრულეს, ის შემზარავი სიხარბით შეუდგა მათ ჭამას. ამას მისი ძმა შეესწრო და შეეცადა ღვეზელების წართმევას და მის გონს მოყვანას, მაგრამ სიხარბისა და ვერცხლისმოყვარეობის ვნებით შეპყრობილმა, და ფაქტობრივად, ამ ნიადაგზე ჭკუიდან გადასულმა, შეშლილმა ძმამ მას ხელები ძაღლივით დაუკბინა.

საერთოდ, მიწიერი სიკეთეების სიჭარბე, უხვი ქონება თუ მოწყალებითი საქმეებისათვის არ მოიხმარება და მხოლოდ პირადი კეთილდღეობისა და განცხრომა-ფუფუნებაში ცხოვრებისათვის გროვდება, მაშინ ეს სიმდიდრე არა მარტო ცალკეულ ადამიანებს, არამედ ხალხებსაც კი აუცხოებს და აცილებს ღმერთს.

და ასეთ ხალხებზე ღვთის რისხვა მოიწევა მაშინ, როცა, წმ. ერემია წინასწარმეტყველის თქმით, პატარიდან დიდამდე ყველა მომხვეჭელია, წინასწარმეტყველიღაჩ მღვდლამდე ყველა ყალბისმქმნელია (იერ. 6,13).

წმ. წერილიდან ვიცით, რომ ფულისა და მხოლოდ მიწიერი კეთილდღეობისადმი დამღუპველი სიყვარულით არა მარტო ცალკეული, კონკრეტული ადამიანები, არამედ მთელი ხალხებიც კი ავადდებიან, ვერცხლისმოყვარეობის ვნება, ანგარების მომაკვდინებელი ცოდვა, დროსტარების, განცხრომა-ფუფუნებისა და მოხვეჭა-დაგროვების სიყვარული და მათი სავალალო შედეგები, კერძოდ, ღვთის დავიწყება, ზნეობრივი დეგრადირება, სულიერი გაღატაკება, ცოდვების უკიდურესი გამრავლება ის მესაფლავენი აღმოჩნდნენ, რომელთაც არაერთ ქვეყანას გაუთხარეს საფლავი და მიწაში დამარხეს.

წმ. წერილში ვკითხულობთ ერთ-ერთი ქალაქის შესახებ, რომ როცა გასუქდა და მოჰყვა ტლინკვას, გათქვირდა და ჩამრგვალდა, დაივიწყა ღმერთი, თავისი შემოქმედი და არად ჩააგდო თავისი გადარჩენის ბურჯი... ეს დაინახა უფალმა და ბრაზისაგან უარყო თავისი ვაჟები და ასულები... და თქვა, გადაგვარდა ეს მოდგმა... ვიფიქრე გავფანტავ მათ, წავშლი-მეთქი მათ სახსენებელს კაცთა მოდგმიდან (მეორე 32:15,19,26).

სხვათა შორის, სწორედ წმ. წერილის წინასწარმეტყველების თანახმად, ბოლო ჟამს ადამიანებს მანამდე არნახული ძალით დაი პყრობს და დაიმონებს ვერცხლისმოყვარეობის, ფულის სიყვარულის ვნება და მიწიერი ცხოვრების გაუმჯობესებისათვის ზრუნვა და ბრძოლა მათ ღვთის სრულ დავიწყებამდე მიიყვანს.

წმ. პავლე მოციქულის წინასწარმეტყველებით, უკანასკნელ დღეებში დადგება საზარელი ჟამი, ვინაიდან ადამიანები იქნებიან... ვერცხლისმოყვარენი, თავმოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმინდურნი, მოძულენი, ცილისმწამებელნი, მოღალატენი, სასტიკნი... (2 ტიმ. 3,1-3).

ამასვე წინასწარმეტყველებდა არაერთი წმინდა მართლმადიდებელი მამა.

დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, რომ ეს პირქუში წინასწარმეტკველებანი ჩვენს თვალწინ აღსრულდება.

მთელს დედამიწაზე ჭეშმარიტი ღვთისადმი მსახურებას ფულისადმი მსახურება ცვლის და ფულის დიქტატურა მყარდება ყველგან.

როდესაც მთელს ჩვენს იმედებს ფულზე, სიმდიდრეზე ვამყარებთ, მაშინ ჩვენი გულიც ფულს ეჯაჭვება, მთელი ჩვენი ცხოვრება, საქმიანობა, ფიქრები, აზროვნება, სურვილები ფულს დასტრიალებს და, ამდენად, ღმერთსა და სულის ცხონებაზე ზრუნვა და ფიქრი გვეზარება, ღვთივგამოცხადებული მოძღვრების მიმართ ვცივდებით, ვივიწყებთ მარადისობას, თხემიდან ტერფამდე გადაგებული ვხდებით მიწიური ცხოვრების კეთილმოწყობაზე, ამქვეყნიური ცხოვრების გაუმჯობესებასა და კომფორტზე, ყველა ხორციელი და თვალთა გულისთქმის დაკმაყოფილებაზე, ამქვეყნიური ცხოვრებით განლაღებაზე და აი, ასე თანდათანობით, ხშირად შეუმჩნევლად, ვკარგავთ სიყვარულს მაცხოვრისადმი, ვკარგავთ თვით მაცხოვარს, რომელმაც მარადიული დაუსრუღებელი ნეტარებისათვის გამოგვისყიდა, ხოლო წმ. პავლე მოციქულის თქმით, ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, იყოს შეჩვენებული (1კორ. 16,22). ე.ი. ასეთი ადამიანი სულიერად კვდება და მარადიული სატანჯველისათვის გაიწირება.

ამიტომ იმთავითვე, როგორც კი ჩაისახება ჩვენში ღვთისდამკარგავი სიყვარული ფულისადმი, სიმდიდრისადმი, უნდა ვეცადოთ, დაუყოვნებლივ, ყოველგვარი გადავადების გარეშე აღმოვიფხვრათ და ამოვიგლიჯოთ გულიდან ეს მომაკვდინებელი ვნება, ეს ცოდვა ანგარებისა სინანულის საიდუმლოში და ყურად ვიღოთ გაფრთხილება წმ. პავლე მოციქულისა:

„გამოიფრდიდით ჟამთა, რამეთუ დღენი ბოროტნი არიან“ (ეფეს. 5,16).

* * *

საერთოდ, გამდიდრებისათვის ბრძოლას იწყებენ ხოლმე გაჭირვებული ადამიანების დახმარების მოტივით, და გამდიდრებას ამთავრებენ გაჭირვებული ადამიანების სიძულვილით და ხშირად პათოლოგიური სიძულვილით. მართლაც, ხშირად ხდება ხოლმე, როცა ცხოვრება თვით ღვთისმოსავი ადამიანებისაც კი რადიკალურად იცვლება უარესისაკენ, როგორც კი ისინი გარკვეული სიმდიდრის მფლობელნი ხდებიან.

მათ როდესაც მხოლოდ იმდენი აქვთ, რამდენიც ნორმალური არსებობისათვის სჭირდებათ, მცირედითაც კმაყოფილნი არიან, საკუთარ სოციალურ მდგომარეობას არ ემდურიან, ყველაფრისთვის მადლობენ ღმერთს, მაგრამ როგორც კი მდიდრდებიან, როგორც კი ჭარბ ქონებას აგროვებენ, სიმდიდრით გამოიცდებიან და მარცხდებიან (იშვიათი გამონაკლისები, ცხადია, არსებობს), და მაშასადამე, სულიერად იღუპებიან. როგორც პავლე მოციქული ამბობს: გამდიდრების მსურველნი განსაცდელსა და მახეში, მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში ცვივიან, რომელნიც გასანადგურებლად და დასაღუპად უბიძგებენ ადამიანს (1 ტიმ. 6,9).

სწორედ ამიტომ მოგვიწოდებს და გვირჩევს უფალი:

- დავიცვათ თავი ყოველი ანგარებისაგან, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლე სიმდიდრის სიუხვეზე არ არის დამოკიდებული (ლუკა 12,15).

პავლე მოციქულის თქმით, მატერიალურ სიმდიდრეზე უფრო დიდი შენაძენი ღვთისმოსაობაა კმაყოფილებასთან ერთად, რადგან არც არაფერი მოგვიტანია წუთისოფლად, და ვერც ვერაფერს წავიღებთ მისგან. ამიტომ თუ საზრდო და ტანსაცმელი გვაქვს, დავჯერდეთ ამას (1ტიმ. 6,6-7).

ღვთივგამოცხადებულ ამ ბიბლიურ ჭეშმარიტებას ამოწმებს და ადასტურებს ჩვენი ცხოვრებაც და არაერთი მაგალითი ეკლესიის ისტორიიდან.

საილუსტრაციოდ შეგახსენებთ ევლოგის ისტორიას, რომელიც იუსტინე იმპერატორის დროს ცხოვრობდა. ეს ისტორია იმაზეც დაგვაფიქრებს, თუ რატომ არ უშვებს ღმერთი ყველას გამდიდრებას და იმაზეც, რომ ქრისტიანი სულიერი სრულყოფილების გზაზე მეტად წარემატება სიღარიბეში, ვიდრე სიმდიდრეში, რადგან სიღარიბე გვასწავლის ყველაფერში ვსასოებდეთ უფლის მიმართ.

წმ. დავით წინასწარმეტყველი მიმართავს უფალს: უფალო, შენ გესავ, არ შევრცხვები, არ იზეიმებს მტერი ჩემზე.

სიმდიდრე კი განუწყვეტლივ შეგვასმენს - ვსასოებდეთ ფულის მიმართ, რომელიც წარმავალია და რომელიც მარადიულ ცხოვრებაში თან ვერ წაგყვება.

იმავე დავით წინასწარმეტყველის თქმით, თუ კაცი გამდიდრდება, თუ გამრავლდება მისი სახელის დიდება... როცა მოკვდება, ვერაფერს წაიღებს, და თან არ ჩაჰყვება მისი დიდება.

ერთხელ აბბა დანიელი, მონასტრის წინამძღვარი ფიბაიდაში გაემგზავრა, თან თავისი ერთ-ერთი მოწაფე წაიყვანა. ისინი მდინარე ნილოსის დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდნენ ნავით და როდესაც ერთ რომელიღაც სოფელს მიაღწიეს, - ბერმა მენავეები აკურთხა, ნაპირისაკენ გაეცურათ, მოწაფეს კი უთხრა, რომ ჩვენ აქ უნდა გავჩერდეთო. მოწაფემ მიუგო: როდემდე უნდა ვიხეტიალოთ, დავბრუნდეთ სავანეში. ბერმა უარი უთხრა, - ჩვენ აქ უნდა დავრჩეთო! ისინი სოფლის შუაგულში მოედანზე დასხდნენ, მოწაფემ საყვედურით მიმართა მოძღვარს, ნუთუ მოსაწონი იქნება ღვთისათვის ის, რომ ჩვენ აქ, მოედანზე საეროებივით ვსხედვართ. ბოლოს და ბოლოს, სოფლის ეკლესიაში მაინც შევიდეთ. ბერმა კვლავ იგივე გაუმეორა, არა, ჩვენ აქ უნდა ვიყოთ. მოწაფე თავის უკმაყოფილებას სულ უფრო და უფრო ხმამაღლა და მძაფრად გამოხატავდა. აქ მანამდე ისხდნენ, ვიდრე კარგად არ მოსაღამოვდა და სიბნელე არ ჩამოწვა.

ამ დროს მათ ერთიანად გაჭაღარავებული ერისკაცი მიუახლოვდა.

მან მისალმების შემდეგ მუხლი მოიდრიკა აბბა დანიელის წინაშე.

მოწაფემ შენიშნა, რომ მას ცრემლები ღაპა-ღუპით მოსდიოდა, მერე ორივეს შესთავაზა: თუ ინებებთ, ჩემს სახლში წამობრძანდითო. ორივენი გაჰყვნენ მოხუცს, რომელიც ფარნით ხელში სიბნელეში მწირებსა და მოგზაურებს ეძებდა. და ყველა, ვინც მოიძია, ბერთან და მის მოწაფესთან ერთად სახლში მიიყვანა.

ფეხსაბან ჭურჭელში წყალი ჩაასხა და ყველას რიგრიგობით დაბანა ფეხი. მას ღვთის გარდა არც სახლში, არც სადმე სხვაგან არავინ არ ჰყავდა და არანაირი ქონება, არანაირი სიმდიდრე არ გააჩნდა. შემდეგ ატრაპეზა ისინი. ვახშმობის შემდეგ რაც კი გადარჩა, საჭმელად ძაღლებს გადაუყარა.

მას, საერთოდ, ასეთი ჩვეულება ჰქონდა: თავისთვის მეორე დღისათვის არასოდეს ერთ ნამცეც პურსაც კი არ იტოვებდა.

მასპინძელი და მამა დანიელი განმარტოვდნენ და დილამდე საუბრობდნენ სულიერ საგნებზე...

გამთენიისას ერთმანეთს გამოემშვიდობნენ...

გზად მოწაფემ მოძღვარს სთხოვა: ღირსო მამაო, გთხოვ გამაგებინე, ვინ არის ეს ადამიანი, საიდან იცნობ მას... მაგრამ მამა დანიელი დუმდა. მოწაფე დაჟინებით უმეორებდა თხოვნას: მამაო, რამდენი რამ გისწავლებია ჩემთვის, რამდენი რამ მოგიყოლია, ამ კაცზე კი არასოდეს არაფერი არ გითქვამს, და ახლაც არ გსურს, რაიმე მის შესახებ მითხრა.

მართლაც, მამა დანიელს არაერთი რამ მოეთხრო მრავალი წმინდანის ღვთისმოსავი ცხოვრების შესახებ, ამ ხანდაზმულ კაცზე კი არასოდეს არცერთი სიტყვა არ დასცდენია და, როგორც ჩანდა, რაიმეს თქმას არც ამჯერად აპირებდა, რამაც ძალზე გაანაწყენა და დიდად დააღონა მოწაფე.

მთელი გზა ხმა აღარ ამოუღია, მოძღვრისათვის არაფერი აღარ უთქვამს. სავანეში დაბრუნდნენ; თავ-თავიანთ სენაკებში განმარტოვდნენ.

მოწაფგს წესისამებრ ოთხი საათისათვის მოძღვრისათვის სადილი არ შემოუტანია. მოსაღამოვდა.

მამა დანიელი მოწაფესთან მივიდა და უთხრა: შვილო ჩემო, რას ნიშნავს შენი სულიერი მამის მშივრად დატოვება?! მოწაფემ მიუგო: მე რომ მამა მყოლოდა, მაშინ მამა თავისი შვილის მიმართ მეტ სიყვარულს აჩვენებდა და თხოვნას აუცილებლად შეუსრულებდაო. მამა დანიელი შემობრუნდა და მოწაფის სენაკიდან გასვლა დააპირა, მაგრამ მოწაფემ შეაჩერა, ფეხებში ჩაუვარდა და კიდევ ეროხელ შეევედრა, მოეთხრო იმ უცნაური მოხუცი კაცის შესახებ. მოწაფეს არ უნდოდა გულნატკენი და დამწუხრებული დაეტოვებინა თავისი მოძღვარი, რომელიც ძალიან უყვარდა.

მამა დანიელი დარჩა სენაკში, მოწაფეს კი უთხრა, რომ მორჩილება მოძღვრისადმი სულისცხონების საწინდარია, ხოლო უმორჩილობა საწინდარია სულის წარწყმედისა, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მორჩილების სათნოების შეყვარება და მისი მოხვეჭა. არავის არ უამბო იმის შესახებ, რასაც მოგითხრობ. იმ მოხუც კაცს ევლოგი ჰქვია. პროფესიით ქვისმთლელია. მთელ დღეს თავაუღებელ შრომაში ატარებს, საღამომდე უზმოა, არაფერს არ ჭამს. როგორც კი მოსაღამოვდება, შინ ბრუნდება, სადაც თან მიჰყავს ყველა მოგზაური და ღარიბი, ვინც კი დასახლებაში შეხვდება, - საერონიც და სასულიერონიც. ფეხს ბანს მათ, უმასპინძლდება და ღამეს ათევინებს თავის სახლში. ტრაპეზიდან მონარჩენს ძაღლებს უყრის. ქვისმთლელობას ჭაბუკობიდან მისდევს. ამჟამად უკვე ას წელზე მეტი ხნისაა, მაგრამ იმ სიყვარულისა და მსახურების საზღაურად, მოყვასთა მიმართ რომ იჩენს, ღმერთი ჭაბუკობისდროინდელ ჯანმრთელობასა და შემართებას უნარჩუნებს. თავისი შრომით ყოველდღიურად ერთ ოქროს მონეტას გამოიმუშავებს...

ამ სოფელში მოვხვდი ორმოცი წლის წინათ. ევლოგიმ მეც და სხვებიც, რომელთაც ამ სოფელში დაუღამდათ და წასასვლელი არსად არ ჰქონდათ, სახლში მიგვიპატიჟა და სიყვარულის ამ საქმეს, როგორც შენ თავად ნახე, დღევანდელ დღემდე სიხარულითა და ღვთისადმი მადლიერებით ასრულებს. ერთ დღესაც მკაცრ მარხვას შევუდექი და ღმერთს შევთხოვდი, გლახაკთშემწყნარებელი, სტუმართმოყვარე და მოყვასთმსახური ევლოგისათვის ფული გაემრავლებინა იმ საქმისათვის, რასაც ის ჭეშმარიტი ქრისტიანული სულისკვეთებით აკეთებდა.

სამი კვირა დავყავი მკაცრ მარხვასა და ლოცვაში. და აი ერთხელაც, მარხვით დასუსტებული, ძილთაშორის ხილვაში ვხედავ სასულიერო შესამოსელში პიროვნებას, რომელიც მეკითხება, რა გჭირს, რა დაგემართა. მივუგე, რომ აღთქმა მაქვს დადებული, მანამდე არ მივიღო პური, ვიდრე უფალი ევლოგისათვის ჩემს ლოცვა-ვედრებას არ შეისმენს. ამის თქმა იყო და პასუხად მომესმა შემდეგი სიტყვები:

- ევლოგის სულის ცხონებისათვის ყველაზე საუკეთესოა იმ მდგომარეობაში ყოფნა, რომელშიც იმყოფება.

მე კი ვეუბნები:

- არა, უფალო, გთხოვ, შეეწიე, გაუმრავლე ფული, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს რომ ემსახუროს, რათა რაც შეიძლება მრავალი ადამიანის გულში განდიდდეს შენი სახელი.

მაგრამ ის, ვისაც ხილვაში ვხედავ, იგივეს მიმეორებს:

- ევლოგისათვის საუკეთესოა იმ მდგომარეობაში ყოფნა, რომელშიც დღემდე რჩება, მაგრამ რადგან დაჟინებით მთხოვ, თხოვნას შეგისრულებ, ოღონდ იმ პირობით, თუ დამთანხმდები მის სულისათვის თავდებობასა და პასუხისმგებლობაზე.

მე, რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი.

გამოღვიძებისას გულისხმავყავ, რომ უფალმა ჩემი ლოცვა-ვედრება შეისმინა და ვადიდე ღმერთი.

ერთხელაც, დილით ადრე, ევლოგი ჩვეულებისამებრ შეუდგა უზარმაზარი ლოდის მტვრევას, მაგრამ პირველი დარტყმებისთანავე მიხვდა, რომ ეს ჩვეულებრივი ლოდი არ იყო, კიდევ რამდენიმე დარტყმა, ჩატყდა ლოდის ზედაპირი, შიგნით შეიხედა და მასში ურიცხვი რაოდენობის ოქროს მონეტა დაინახა.

შიში დაეუფლა. არ იცოდა, რა ეღონა, როგორ მოქცეულიყო. იფიქრა: თუ სახლში წავიღებ ოქროს, ჩვენი სამსახურის უფროსი, როგორც კი შეიტყობს ამის შესახებ, ოქროს აუცილებლად წამართმევს და მიისაკუთრებს, და ღმერთმა უწყის, მე თვითონ რა განსაცდელებს შემამთხვევს. ამიტომ ნაპოვნი განძის შესახებ არავის არ გავაგებინებ. ისეთ ადგილას გადავიტან ჩუმად, სადაც მას ვერავინ ვერ მიაგნებს.

ბოლოს, გადაწყვიტა, ღამ-ღამობით თავის სახლში გადაეზიდა ეს ძვირფასი საგანძური.

მისი გული ამიერიდან უკვე ოქროს მონეტებს ეკუთვნოდა, და არა მწირებს, გლახაკებსა და უბინაოებს. მან უპოვართა და უცხოთშემწყნარებლობის ღვთის მოსაწონი და სულის მაცხოვნებელი შვიდთაგან ეს ერთ-ერთი ხორციელი მოწყალებითი კეთილი საქმე მიატოვა. შემდეგ სიმშვიდედაკარგულმა ევლოგიმ თავისი ადგილსამყოფელი მიატოვა და კონსტანტინეპოლში გაემგზავრა. ამ დროს იმპერატორი იყო იუსტინე; მას და სხვადასხვა დიდებულებს დიდძალი ოქრო უბოძა და სანაცვლოდ მაღალი თანამდებობა მიიღო. აიშენა დიდი სასახლე.

ორი წლის შემდეგ ძილში კვლავ მეცხადება ის, ვინც მაშინ პირველად ვიხილე. დგას წმინდა აღდგომის ტაძარში. ამ დროს ჩემთვის ვკითხულობ. სად არის ევლოგი? და ვხედავ, ევლოგის ღვთის სახლიდან ეთიოპელები როგორ აძევებენ, გამოვიღვიძე თუ არა, ჩემდა უნებურად წამოვიძახე, ვაი, მე ცოდვილს! იმ სოფლისაკენ გავეშურე, სადაც ოდესღაც ევლოგი ცხოვრობდა. ჩავედი თუ არა სოფელში, იმ ადგილას დავჯექი, სადაც ქვისმთლელს ჩვეულებად ჰქონდა გამოვლა. დავჯექი იმ იმედით , რომ საღამოსთვის ევლოგი აუცილებლად გამოჩნდებოდა და სახლში მიმიპატიჟებდა.

მაგრამ მოსაღამოვდა და ის ჩემი ლოდინი ამაო აღმოჩნდა. ის-ის იყო წასასვლელად გავემზადე, რომ ჩემსკენ მომავალი ხანდაზმული დედაკაცი დავინახე, რომელსაც პური მოჰქონდა ჩემთვის. მაშინ გამახსენდა, რომ მთელი დღის მშიერი ვიყავი. ჩემს გვერდით ჩამოჯდა. ვკითხე, თუ ცხოვრობდა ვინმე ამ სოფელში ღვთის მოშიში და უცხოთშემწყნარებელი. მან ღრმად ამოიოხრა და მითხრა: ეჰ, მამაო და მეუფეო, ჩვენი თანასოფლელი იყო სათნო პიროვნება - ევლოგი. ხედავდა რა ყოვლადმოწყალე ღმერთი მის უანგარო სტუმართმოყვარეობასა და ქველმოქმედებას, თავისი უხვი წყალობა გადმოაფრქვია მასზე და დღესდღეობით ის ვიცით, რომ კონსტანტინეპოლში ერთ-ერთი დიდებულია და ჩინებულ სასახლეში ცხოვრობს.

ეს რომ გავიგე, მწარედ ამოვიოხრე. ევლოგი სულიერად მკვდარია, მკვლელი კი მე ვარ და დაუყოვნებლივ გავემგზავრე ალექსანდრიაში, იქიდან - ხომალდით კონსტანტინეპოლში. გამოვიკითხე, სად მდებარეობდა ევლოგის სასახლე, ჩამოვჯექი სასახლის ჭიშკართან.

რამდენიმე ხნის შემდეგ ვხედავ, ოდესღაც თავმდაბლობითა და უბრალოებით გამორჩეული ქვისმთლელი წარმოუდგენელი ამპარტავნებითა და უაღრესი ქედმაღლური იერით გამოვიდა თანმხლებ პირებთან ერთად. დავუძახე:

- გთხოვ, მომისმინო, მნიშვნელოვანი რამ მაქვს შენთვის სათქმელი.

მან კი არა თუ დრო არ დამითმო საამისოდ, არამედ ყურადღების ღირსადაც არ ჩამთვალა; მეტიც თავის მსახურებს უბრძანა, ეცემათ ჩემთვის.

მიუხედავად ამისა, მოვახერხე და ნაცემ-ნაგვემი წამოვეწიე გზის მეორე მხარეზე მიმავალს, თხოვნა კვლავ გავუმეორე. იმანაც კვლავ გასცა ბრძანება, კიდევ უფრო მეტი სისასტიკით ეცემათ ჩემთვის. და ასე და ამგვარად თითქმის ერთი თვე გავატარე მისი სასახლის ჭიშკართან, - წვიმაში, თოვლსა და სიცივეში, მაგრამ მასთან გამოლაპარაკების ყოველი ცდა ამაო აღმოჩნდა. ყოველი მცდელობა გამოლაპარაკებისა მისი ბრძანებით მსახურთა მიერ ჩემი ცემით მთავრდებოდა.

ქანცგაწყვეტილმა, დაღლილმა და დასუსტებულმა დავტოვე იქაურობა.

იესო ქრისტეს ხატის წინ მუხლმოდრეკილი ცრემლებით ვევედრებოდი, გავეთავისუფლებინე ევლოგის გამო აღებული პასუხისმგებლობისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბერმონაზავნობის დატოვებასა და ერში დაბრუნებას ვაპირებდი.

ერთხელაც ლოცვით დაღლილს ჩამეძინა, და აი, მესმის უჩვეულო ხმა:

„დედოფალი მოდის“!

დედოფლის წინ ათასობით და ათასობით, დაუთვლელი რაოდენობის ხალხი მიდიოდა. შევღაღადე:

„დედოფალო, შემეწიე მე!“ შეჩერდა და მკითხა, რა მსურდა. ვთხოვე, ევლოგის გამო აღებული პასუხისმგებლობისაგან გავეთავისუფლებინე. მან მიპასუხა, რომ ეს მის ხელმწიფებაში არ შედიოდა, - როგორც გსურს, ისე აგე პასუხი შენს მიერ აღებულ შუამდგომლობასა და თავდებობაზეო.

გამოღვიძებისას გადავწყვიტე: სიკვდილიც რომ მწეოდა, ევლოგის სასახლის კარს არ მოვცილებოდი, ვიდრე მასთან გამოლაპარაკებას არ მოვახერხებდი.

კვლავ ევლოგის სასახლისკენ გავემართე, მაგრამ როგორც კი სასახლის კარიბჭეს მივუახლოვდი, იქიდან მოულოდნელად გამოვარდა ერთი მონა, რომელმაც ისე დაუნდობლად მცემა, რომ მიწაზე უგონოდ დავვარდი. გონს რომ მოვედი, გადავწყვიტე, უკან დავბრუნებულიყავი, მონასტერში. გზაში ვფიქრობდი, თუ ღვთის ნება იქნება, თავისი საღვთო განგებულებითა და ჩემი ლოცვით, იმ გზებითა და საშუალებებით, რომლებიც თავად უწყის, უთუოდ იხსნიდა ევლოგის სულს. ალექსანდრიისაკენ მიმავალი ხომალდი მოვძებნე და ავედი თუ არა ხომალდზე, მკვდარივით ჩამეძინა.

ძილში ჩემს თავს კვლავ წმინდა აღდგომის ტაძარში ვხედავ, ვხედავ ტაძარში უფალსაც, რომელიც თავისი პატიოსანი საფლავის ქვაზე ზის. ისე მრისხანედ შემომხედა, შიშისაგან კინაღამ გული გამიჩერდა. მითხრა:

„რატომ არ მოქმედებ ისე, როგორც შენი პასუხისმგებლობა გავალდებულებს, - ნურასოდეს ნუ მოჰკიდებ ხელს ისეთ საქმეს, რომელიც შენს ძალებს აღემატება და ნუ ეწინააღმდეგები ღმერთს“. შიშისაგან დავდუმდი. ორ წინამდგომს მოუხმო და ჩემი დასასჯელად წაყვანა ბრძანა. ამ დროს მოისმა ხმა: ქვეყნიერების დედოფალი მოდისო. ამან რამდენამდე გამამხნევა და ჩემთვის წავიჩურჩულე. „დედოფალო შემიწყალე!“ მან, როგორც პირველად, ახლაც მკითხა: „რას ითხოვ?“ ვუპასუხე: ევლოგის გამო თავდებობისათვის უნდა დამსაჯონ-მეთქი. მანუგეშა, რომ მიშუამდგომლებდა. მიუახლოვდა უფალს, თაყვანისცა მას. უფალს შევევედრე: „მომიტევე, გამათავისუფლე პასუხისმგებლობისაგან“. მიბრძანა: „სენაკში დაბრუნდი და ამიერიდან ევლოგიზე ნუღარ იდარდებ, - მას თავის ძველ, ადრინდელ მდგომარეობაში დავაბრუნებ“.

ენით უთქმელი სიხარულით აღვსილმა გამოვიღვიძე, რომ ასეთი მძიმე პასუხისმგებლობისაგან გავთავისუფლდი, რომ ევლოგის სულსაც საფრთხე აღარ დაემუქრებოდა და მადლობა შევწირე უფალს და დედა ღვთისმშობელს.

სამი თვის შემდეგ ჩემამდე მოაღწია ხმამ იუსტინე იმპერატორის სიკვდილის შესახებ. ახალ იმპერატორს იუსტინეს დროინდელი დიდმოხელეების დევნა-დაპატიმრებისათვის მიეყო ხელი. დევნილთა თუ დასაპატიმრებელთა შორის მოხვედრილიყო ევლოგიც, რომელიც ამის გამო ქვისმთლელის სამოსგადაცმული თავის ძველ ადგილას დაბრუნდა. მასთან უამრავი ხალხი მოდიოდა. ეკითხებოდნენ, შენს შესახებ გავიგეთ, რომ დიდმოხელე გამხდარხარო. ევლოგი კი პასუხობდა: მე რომ დიდებული გავმხდარიყავი აქ, თქვენთან ხომ ვეღარ ვიქნებოდი. მე მხოლოდ და მხოლოდ წმინდა ადგილების მოსალოცად ვიყავი წასული სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის, კონსტანტინეპოლშიო.

ერთი სიტყვით, წუთისოფლის ამაოებისაგან დამთვრალი და გონდაბანგული ევლოგი სულიერად გამოფხიზლდა, საკუთარ თავს შეუძახა, მორჩილო ევლოგი შენი იარაღი აიღე და შენს სამუშაოს დაუბრუნდი, აქ კონსტანტინეპოლი არ გეგონოსო, აქ ეგვიპტეა.

მივიდა იმ ადგილას, სადაც თავის დროზე დიდძალ ოქროს წააწყდა იმ იმედით, რომ ასეთ ჩინებულ ძღვენს კვლავაც იპოვიდა, მაგრამ - ამაოდ! მაშინ მას თვალწინ წარმოუდგა ის ფუფუნება და განცხრომა-სიამოვნებანი, კონსტანტინეპოლის მდიდრულ სასახლეში მოჭარბებული რომ ჰქონდა.

ქვისმთლელი ევლოგი ადრინდელ ღვთისმოსავურ ცხოვრებას უბრუნდებოდა, ყოვლადმოწყალე და სამართლიანმა ღმერთმა არ დაივიწყა მისი ძველი სათნო ცხოვრება, მისი სიქველენი...

რამდენიმე წლის შემდეგ მე კვლავ მომიხდა ევლოგის სოფელში ჩასვლა. ევლოგის რომ შევხვდი, თვალზე ცრემლი მომადგა და ამოვიოხრე:

„უფალი შემწეა ყველა დაცემულისა, და გამმართავი ყველა წელში მოხრილისა... რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო, ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია (ფსალ. 144,12; 103,24).

უფალო, ვინ შეძლო შეეცნო გზანი უფლისანი, ვინ ჩასწვდება შენს საღვთო განგებულებათა საიდუმლოს...“

მან ძველი ჩვეულებისამებრ სახლში მიმიწვია. წყალი მოიტანა. ფერხნი დამბანა, შემომთავაზა ვახშამიც, რომლის დასრულებისას ვკითხე, - როგორ იყო, თავს როგორ გრძნობდა. მთხოვა: „მამაო, ცოდვილი ვარ, გთხოვ, ილოცო ჩემთვის. სრულიად უპოვარი, არაფრის მქონე ვარ.“ მე ვუთხარი: „ნეტავი, ისიც არ გქონოდა, რაც გქონდა-მეთქი“ და ამის შემდეგ მოვუყევი ის, რასაც შენ გიყვები. ორივე ვტიროდით. ევლოგიმ კვლავ მთხოვა: „ილოცე, მამაო, ჩემთვის, ეგების ამიერიდან მაინც გამოვსწორდე და სათნო ვეყო ღმერთს“. მივუგე: „ყოველდღიური პატიოსანი შრომის საზღაურად დასჯერდი იმას, რაც გეძღვნა და ეს საზღაური ღვთისგან ბოძებულად ჩათვალე, ეს სრულიად საკმარისია, როგორც შენი არსებობისათვის, ისე მოწყალებითი საქმეებისათვის“.

მამა დანიელმა ამ ამბის გასრულებისთანავე აკურთხა თავისი მოწაფე და უთხრა, არავისთვის მოეთხრო ის, რაც მისგან მოისმინა. მართლაც, მოწაფემ მოძღვრის გარდაცვალებამდე საიდუმლოდ შეინახა ეს ისტორია იმის შესახებ, თუ რა მაცხოვნებელი ძალა აქვს სიყვარულით აღსრულებულ კეთილ საქმეებს და რა გასაოცარია კაცთმოყვარე ღმერთის ზრუნვა თითოეული ჩვენგანის სულის ცხონებისათვის იმ გზებითა და საშუალებებით, რომლებიც თავად უწყის.

* * *

დიახ, ქრისტიანებს ყოველთვის ეშინოდათ ქონების დაგროვებისა, რადგან სიმდიდრე ქრისტიანის სულის დაუძლურებასა და დასუსტებას განაპირობებს.

სიმდიდრე მართლაც სტომაქივითაა, - მან განძღომა და დაკმაყოფილება არ იცის,

ჩვენ მხოლოდ მაშინ ვხდებით ჭეშმარიტად მდიდრები, როდესაც მთლიანად ვანადგურებთ ჩვენში სიმდიდრის სიყვარულს. სიმდიდრის სიყვარულს უფლისადმი ჩვენი რწმენა, იმედი და სიყვარული ფულზე გადააქვს. ის სწორედ ამიტომ არის მომაკვდინებელი ცოდვა.

მას, ვისაც ფული უყვარს, წმ. სვიმონ ახალი ღვთისმეტყველის თქმით, თუნდაც არ ფლობდეს მას, ღვთისაგან ისიც ისევე განიკითხება, როგორც ვერცხლისმოყვარე.

ვერცხლისმოყვარეობის ვნებას დამონებულმა იუდამ უმცირეს ფასად გაყიდა ფასდაუდებელი ქრისტე, თავისი კეთილისმყოფელი და მოძღვარი, და ასე და ამგვარად მარადიული სატანჯველი შეიძინა.

იგივე ბედი ელოდება ყველა მოუნანიებელ ვერცხლისმოყვარეს, რომელნიც არანაირ ცოდვასა და ბოროტებას არ ერიდებიან გასამდიდრებლად თუ მიწიერი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.

სიყვარული და სასოება ფულზე ადამიანში შეფარულ ურწმუნოებასა თუ მცირედმორწმუნოებას ამხელს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჭეშმარიტად მდიდრებრ მხოლოდ მაშინ ვხდებით, როდესაც ჩვენში სიმდიდრის სიყვარულს ვანადგურებთ და ვმდიდრდებით ღვთით, როდესაც მთელი ჩვენი იმედები ფულიდან და სიმდიდრიდან ღმერთზე გადაგვაქვს, როდესაც იმავდროულად ვმდიდრდებით მოწყალების სიყვარულით, რისი მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია მიწიერი საუნჯეები ზეციურად ვაქციოთ.

გაგრძელება...