დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი

სიტყვა ხორციელის კვირიაკეს

მათე 25, 31-46

იქნება დრო არაჩვეულებრივი. გათენდება, როგორც ყოველთვის... აღმობრწყინდება მზე, ამოძრავდებიან ადამიანები, ძველებურად ხელს მიჰყოფენ ამაო საქმეებს, მიეცემიან ფიქრსა და მარჩიელობას ხვალინდელ დღეზე... ყველაფერი ერთის შეხედვით მშვიდად იქნება. მაგრამ აი, ცაზე რაღაც ახალს შეამჩნევენ... ერთი წამი – და ცანი ხმაურით გარდავლენ; მზე დაბნელდება და მთოვარე არ გამოსცემს თავის ნათელს; მოულოდნელობისაგან მთელს დედამიწას მოიცავს მწუხარება, მოთქმა, ტირილი, ძრწოლა... და წარმოსდგება მიქაელი, თავადი დიდი, და მაშინ გამოჩნდება ძე კაცისაჲ, მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა... და ოთხივ კუთხიდან ანგელოსნი შეკრებენ კაცთა...

ყოველივე ეს იქნება უკანასკნელ დღეს. ყველანი – მკვდარნიცა და ცოცხალნიც – წარმოსდგებიან და ყოველნი ჭეშმარიტ ხატად შეიცვლებიან, და შემოკრბებიან ერთ აურაცხელ სახედ.

მთავარანგელოსის საყვირი ამცნობს ღვთიურ სამსჯავროზე. ადამიანურ გრძნობათა და საქმეთა ბუნებრივი წესითა და რიგით თვისიანი თვისიანთან დადგება, მოყვასი მოყვასთან, ნაცნობი ნაცნობთან!... მაგრამ ეს ყოველივე ერთ წამისყოფაში... უხილავი ძალა განყოფს ადამიანებს ერთურთისაგან და განაცალკევებს... დააცალკევებს ორ ნაწილად...

ერთი მხარისთვის დაიწყება სამსჯავრო საშინელი, ხოლო მეორისთვის – სამსჯავრო სასიხარულო.

საშინელი სამსჯავრო... და რისთვის? მსაჯული ხომ სამართლიანი იქნება; ადამიანი ხომ არ იქნება მსაჯული...

მაგრამ მით უფრო საშინელია. ადამიანს დედამიწაზე, რაც არ უნდა იყოს ქრისტესგან, არ ეშინია არანაირი მიწიერი სამსჯავროსი. თავს ინუგეშებს, რომ ცხოვრებაში არც სასამართლოს დაქვემდებარებია და არც ჯარიმას... სხვებს კი სინდისიც არ აწუხებთ.

მაგრამ აი, საცნაურდება სამსჯავრო ღვთისა. მის წინაშე ყოველივე გამჟღავნებულა, ჩვენი საძაგელი საქმეებიც, უხეირო განზრახვებიც, ცილისწამებებიც, განკითხვანიც, მოტყუებანიც, - ყველაფერი გამოაშკარავდება, გადმოიშლება საერთო განხილვისთვის. სად დავმალავთ საკუთარ სახეს? მილიონობით თვალი დაინახავს ჩვენს საქციელს... დედები და მამები დაინახავენ თავიანთი შვილების საქმეებს, ხოლო შვილები საკუთარი მშობლების სამარცხვინოდ განვლილ გზას. ამ სამსჯავროზე, ძმანო, სულით და ხორცით შიშველნი ვიქნებით. იქ უკვე შეუძლებელი იქნება უცოდველი სახის მიღება, იქ შეუძლებელია თვალთმაქცობა და მზაკვრობა. თავად განსაჯეთ, როგორი იქნება საშინელ სამსჯავროზე ცოდვილის მდგომარეობა, იმ ადამიანისა, რომელიც ამსოფლად მიჩვეულია თვალთმაქცობას, ეშმაკობას, პირფერობას... საშინელია სამსჯავრო ესე ამგვარი ადამიანებისთვის.

ამაქვეყნად ყოველთვის როდია მოსამართლე მიუკერძოებელი. ხდება, რომ უგვანო ადამიანი ნეტარებს, უზნეო ზეიმობს, უვარგისი მდიდრდება და ჯილდოვდება, ხოლო პატიოსანი ადამიანი დამცირებულია, უბინაოდ ცხოვრობს, ევნება და იტანჯება, იტანჯება და ევნება...

მაგრამ აი, საცნაურდება სამსჯავრო ღვთისა, საშინელი სამსჯავრო. იქ ერთად წარდგომილან მონა და ბატონი, მეფე და მხედარი, მდიდარი და ღარიბი, თანასწორი ღირსებით, - შიშველნი სულით და ხორცით. უკვე ვეღარავინ გამოესარჩლება საბრალო ცოდვილს: ვერც ძმა, ვერც მეგობარი, ვერც ყრმა, ვერც მეფე, ვერც ანგელოსი ღვთისა. აწინდელი დღის კანონში წერია: „ანგელოსთა მიმართ მიხედავნ და ურგებად ევედრების, კაცთა მიმართ ხელთა განართხმენ და არავინ არს შემწე მისდა“.

მაგრამ საშინელ სამსჯავროზე ყველაზე მძიმე და ყველაზე საშინელი, ესაა განაჩენი უფლისა... იგი ეტყვის ცოდვილებს: „წარვედით ჩემგან, წყეულნო“... (მათე 25, 41)

დაფიქრდით, ვინ ეტყვის ამგვარ საშინელ სიტყვებს ცოდვილებს? იგი, ვინც ტვირთმძიმეა და დამაშვრალთა მოუხმობდა თავისკენ, ვინც იყო და არის „მშვიდი გულითა“ და „სულგრძელ“... ალბათ ბევრ ჩვენთაგანს უნახავს სიკვდილი ახლობელი ადამიანისა. მძიმე მდგომარეობაა, როდესაც ხედავ, თუ სამუდამოდ როგორ შორდები შენთვის ახლობელ ადამიანს... მაგრამ იცოდეთ, შეუდარებლად მძიმეა ცოდვილი ადამიანის საუკუნოდ განშორება ღვთისაგან. უფალო, უფალო, იტყვის ბევრი მათგანი, ჩვენ ქრისტიანები ვართ, ჩვენ მღვდლები ვიყავით, ჩვენ გემსახურებოდით შენ, შენი სახელით „ძალნი მრავალნი აღვასრულეთ“... სხვები შეჰღაღადებენ: „უფალო, უფალო, ჩვენ ეკლესიაში ვიარებოდით, საღვთო სჯულს ვასწავლიდით, სახარებას ვისმენდით“... „უფალო, უფალო, - ეტყვიან მესამენი, - ჩვენი მამები და დედები გევედრებოდნენ შენ“. მაგრამ უფალი ეტყვის: „არა გიცნი, ვინანი ხართ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი“ (ლუკა 13, 27).

განაჩენი წარმოთქმულია... და მიემართებიან ესენი საუკუნო სატანჯველში. აქაა დასაბამი იმ ჯოჯოხეთური ავადმყოფობისა, რომლის წარმოდგენაც კი გაგვიჭირდება... წყვდიადი, შიშნეულობა, მოწყენილობა, გაუთავებელი ძრწოლა, გულის შეგუბება, კაეშანი, მოთქმა, ტირილი, ტყება, ღრჭიალი კბილთა... აი, რითი იწყება საუკუნო ტანჯვა...

მე თქვენთვის, სახარების მიხედვით, ვქადაგებდი საშინელი სამსჯავროს დასაწყისს. ვქადაგებდი იმ მიზნით, რომ იმ დღეებში თქვენი აზროვნება წარმემართა ჩვენი ეკლესიისადმი მოვალეობისა და მისი სიდიადის შეგრძნებისაკენ.

ხვალინდელი დღიდან იწყება შვიდეული, რომელშიც ურწმუნო ადამიანები და მათთან უმეცარნიც ჩვეულ-არიან მიეცნენ ათასგვარ გემოთმოყვარებას. შეუდექ ქრისტიანობის კეთილ ბილიკს. გახსოვდეს განკითხვის დღე, რომლის შესახებაც იკითხებოდა დღეს სახარება და რომლის ხსენებაც საეკლესიო მსახურებაში მთელი შვიდეულის განმავლობაში იქნება. ვისურვებდი, რომ ჩემმა სიტყვამ შეგაკავოთ იმათ მიბაძვიდან, ვისი სახელიც ლეგეონია, ვისაც არც ღვთისა ერცხვინება, არც კეთილი ადამიანების ერიდება, და არ ახსოვს, რომ დადგება, უცილობელად დადგება განკითხვის დღე...

ვისურვებდი და შევვედრიდი ღმერთს, რათა თითოეული ჩვენთაგანი წარდგეს ღვთის სამსჯავროზე და ესმას იესუ ტკბილის სალმიანი სიტყვა: „მოვედით ჩემდა კურთხეულნო მამისა ჩემისანო“...

ვილოცებთ და ვიმედოვნებთ, რათა მადლითა მისითა ვსცხონდეთ. ამინ.

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა