დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი

სიტყვა უძღები შვილის კვირიაკეს

კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე. და ჰრქუა უმრწემესმან მან მამასა თჳსსა: მამაო, მომეც მე, რომელი მხუდების ნაწილი სამკჳდრებელისაჲ. და განუყო მათ საცხორებელი იგი. და შემდგომად არა მრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი უმრწემესმან მან ძემან და წარვიდა შორსა სოფელსა და მუნ განაბნია ნაყოფი იგი მისი, რამეთუ ცხოვნდებოდა იგი არაწმიდებით. და ვითარცა წარაგო მან ყოველივე მისი, იყო სიყმილი ძლიერი მას სოფელსა, და იწყო მან მოკლებად. და მივიდა და შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა, ხოლო მან წარავლინა იგი ველად თჳსა ძოვნად ღორთა. და გული-ეტყოდა განძღებად მუცლისა რქისა მისგან, რომელსა ჭამედ ღორნი, და არავინ სცის მას. და მოეგო რაჲ თავსა თჳსსა, თქუა: რაოდენთა სასყიდლით-დადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური, და მე აქა სიყმილითა წარვწყმდები. აღვდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ვჰრქუა მას: მამაო, ვცოდე ცად მამართ და წინაშე შენსა, და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი. და აღდგა და მოვიდა იგი მამისა თჳსისა. და ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა. და მირბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა და ამბორს-უყოფდა მას. და ჰრქუა მას ძემან მან: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა. ჰრქუა მამამან მისმან მონათა თჳსთა: გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას და შეაცუთ ბეჭედი ჴელსა მისსა და ჴამლნი ფერჴთა მისთა. და მოიბთ ზუარაკი იგი ჭამებული და დაკალთ, და ვჭამოთ და ვიხარებდეთ, რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა. და იწყეს განცხრომად. და იყო ძე იგი მისი უხუცესი ველსა გარე. და ვითარცა მოვიდოდა და მოეახლა სახლსა მას, ესმა ჴმაჲ სიხარულისაჲ და განცხრომისაჲ. და მოუწოდა ერთსა მონათაგანსა და ჰკითხვიდა, ვითარმედ: რაჲ არს ესე? ხოლო მან ჰრქუა მას, რამეთუ: ძმაჲ შენი მოსრულ არს, და მამამან შენმან დაკლა ზუარაკი იგი ჭამებული, რამეთუ ცოცხლებით მოვიდა იგი. ხოლო იგი განრისხნა და არა უნდა შინა შესლვად. ხოლო მამაჲ მისი გამოვიდა ჰლოცვიდა მას. და მან მიუგო და ჰრქუა მამასა თჳსსა: აჰა ესერა ესოდენნი წელნი გმონენ შენ და არასადა მცნებასა შენსა გარდავჰჴედ, და არასადა მომეც ერთი თიკანი, რაჲთამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე. და ოდეს ძე ესე შენი მოვიდა, რომელმან შეჭამა საცხორებელი შენი მეძავთა თანა, დაუკალ მას ზუარაკი იგი ჭამებული. ხოლო მან ჰრქუა მას: შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ, და ჩემი ყოველი შენი არს. ხოლო აწ მხიარულებაჲ და სიხარული ჯერ-არს, რამეთუ ძმაჲ ესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა (ლუკა 15,11-32).

1. განვლო არა ასწლეულებმა, არამედ ათასწლეულებმა, რაც ადამიანებს ესმათ იგავი უძღებ შვილზე, მაგრამ იგი დღესაც ჰმწყსის მრავალთა გულებს. თითქოს ახლახანს მომხდარი შემთხვევაა, ეს-ესაა მიღებული დამამძიმებელი ცნობა საბრალო მამასა და გაუბედურებულ შვილზე.

ვინ არ ყოფილა მოწმე, ვის არ სმენია ახალგაზრდებზე, რომლებიც მანკიერი განწყობილების გავლენით უარყოფენ მშობლების სიყვარულსა და სიბრძნით მზრუნველობას, როგორც რამ დამამძიმებელ უღელს, და ცდილობენ გასაქანი მისცენ ჯერეც უმწიფარ, განუმტკიცებელ ნებელობას? ისინი მშობლებს გაურბიან არა მათი ხასიათის ზოგიერთი თვისების უზნეობის გამო, არა ცუდი მაგალითების გამო, რომელნიც ხრწნიან ახალგაზრდა, ნათელ, სუფთა ჰორიზონტს ჭაბუკური სულებისა, არამედ, ანგარიშმიუცემლად, მეოცნებეობის ზეგავლენით იგი უცნობს უფრო ძვირფასად ხატავს, ვიდრე ნაცნობს. ის გულისთქმას, ტკბობის წამიერ გაელვებას ასურათებს, როგორც ხანგრძლივ, უბერებელ ბედნიერებას, რომელსაც ნებელობად სახელსდებს.

უცხო თვალისთვისაც კი ძნელია, უჭვრეტდეს ადამიანებს, რომელთაც დავიწყებიათ თავიანთი წარმომავლობა, რომელნიც უგულებელსყოფენ თავიანთ მოვალეობას, ვინც უკმაყოფილო არიან თავიანთი მდგომარეობით, გაურბიან თავისას, რათა იგი ჰპოვონ სხვაგან.

უმადურობის გრძნობას, მშობლიურისადმი უსიყვარულობას, ბედნიერების ასეთ საეჭვო მეძიებლობას, ყოველთვის მძიმე შედეგები მოსდევს. ისინი იმ საბრალო ნაოსნებს ჰგვანან, რომლებიც ნაპირს მოცილებოდნენ, მაგრამ არც ძალა და არც გამოცდილება აქვთ, ღრმა მდინარე გადაცურონ, ან უკან – ნაპირთან დაბრუნდნენ. და რამდენი იღუპება ამ გზაჯვარედინზე! ერთი ცხოვრებისეული, ყოფითი ტალღაც საკმარისია, რომ ასეთი ქარაფშუტა ნაოსანი, როგორც უვარგისი ტვირთი, ფსკერზე დანთქას. საუკუნოვანი გამოცდილება ამოწმებს: ვისაც ღვთისმოსავი, ფხიზელი მშობლიური სახლი გულზე არ ეხატება, ვისაც მამის, პატიოსანი შემოსავალი არ აკმაყოფილებს, ცხოვრებაშიც არ ექნება თავისი წილი. ოჰ, ღმერთო, საშინელებაა, ცხოვრებაში არ გქონდეს არანაირი დანიშნულება! ასეთ ადამიანს ცხოვრების ძაფი ფრიად დახლართვია. საკუთარი ხელებით მას ვერასდროს გამოხსნის.

2. ადამიანი, რომელმაც უგულებელყო მშობლის დარიგებანი, რომელსაც არ უყვარს თავისი სახლი, უმეტეს შემთხვევაში მთელი ცხოვრების მანძილზე უკმაყოფილოა. მისი სულიერი მდგომარეობა, უმზეო ღამესავით, მრუმეა.

ადამიანი, რომელმაც ღვთის ნებასა და კანონს გადაუხვია, – ჭეშმარიტად უბედურია ამსოფლად. მას კეთრივით მოსდებია მანკიერებები. სული შიმშილობს, ბუნებითი საზრდო მოჰკლებია. ჩვენი სულის საზრდელი წყარო კი კეთილზნეობა, ჭეშმარიტებისა და სიკეთის სიყვარულია. მაგრამ ადამიანი, რომელსაც საყვარელი მშობლის დარიგებები დაჰვიწყებია, რომელიც თანამედროვეობის სულს გაუტაცია, სხვების გარეგანი მიბაძვით, ჰგავს იმ არსებას, რომელიც შიმშილს არაბუნებრივი საკვებით იკლავს. ამგვარია ყველა გრძნობისმიერი, ხორციელი განცხრომანი. რამდენადაც არ უნდა სარგებლობდეს მისით ადამიანი, სულიერი მოთხოვნილებები მაინც ძალაში რჩება. არც უხვი სუფრა, არც მდიდრული სამოსელი, არც დიდებული საცხოვრებელი, არც მომაჯადოვებელი სანახაობანი, - ერთი სიტყვით, არაფერი გარეგანი არ ასაზრდოებს სულს.

აი, რატომ ვხვდებით მოწყენილობას, ინტრიგებს, სევდას, ფიზიკურად ძალადაშრეტილ ადამიანებს, რომელნიც, მამხილებელი ხალხური გამოთქმა რომ ვიხმაროთ, თავიანთ ცხოვრებას ანიავებენ და არ განანათლებენ მას განგებულებისადმი სიყვარულის, მოთმინების, სასოებისა და სარწმუნოების ნათლით.

უდიდესი ნიჭითაა ადამიანი დაჯილდოებული, სწორედაც – მშვენიერებისადმი, ჭეშმარიტებისადმი, სამართლიანობისადმი სულის დაუდუმებელი მოთხოვნილებით. ეს მოთხოვნილებანი არ წყდება არც მეზვერეში, არც ფარისეველში, არც ავაზაკში, არც უძღებ შვილში, არც გზაარეულ ქალიშვილში. საკმარისია, ადამიანი თავის თავს ჩაუღრმავდეს, განვლილს, განცდილს გონების თვალი გადაავლოს, რომ განვლილი ცხოვრების ყოველ მონაკვეთზე იგრძნობს, ერთის მხრივ, ღვთის უდიდეს მოწყალებას, ხოლო მეორეს მხრივ – თავის პირად უსუსურებასა და არაარსებითობას. შეუძლებელია ადამიანმა არ შეიგრძნოს, რომ იგი მხოლოდ ღვთის დაშვებით, ღვთის უმაღლესი ნებით არსებობს. თავად იგი უბადრუკი და უძლურია. მარტოოდენ სულიწმიდის მადლის კეთილისმყოფლობით დაიძლევა ადამიანური ბუნების სიღატაკე. მის გარეშე ადამიანი – ცოცხალი ლეშია. თვალისთვის, გარეგანი გრძნობისთვის შესაძლოა ლამაზი ჩანდეს მიცვალებულის უსულო გვამიც. აკი, ბრწყინვალე კუბოებიც არსებობს. მაგრამ არცერთი საბრალო პატიმარი არ ისურვებდა მშვენივრად გამოწყობილ მიცვალებულს წააგავდეს, ან მოოქროვილ, ბრილიანტებითა და ყვავილებით მორთულ კუბოში დაეკავებინა ადგილი. დიახ, ადამიანს აქვს უმაღლესი სწრაფვა. ამ ღვთიურ ნაპერწკალს ვერ ჩააქრობს, თუნდაც ზღვა სოდომისა. მხოლოდ უმაღლეს განზრახვას ეფუძნება სიცოცხლის ბედნიერება; მის გარეშე ადამიანი უსახლკაროდა და უსამშობლოდ დარჩენილ დაღუპვის გზაზე მიმავალს წააგავს; იგი გზააბნეული შვილია უცხო მხარისა; მადლიანი გასხივოსნების გარეშე იგი უძღები შვილია ზეციური მამისა, რომელსაც ცისა და ბუნების მიერ ბოძებული ნიჭები გაუფანტავს.

უძღებ შვილზე იგავის ყურადღებით მსმენელებს, იგი ბევრს მოგვაგონებს და სამხილებელად და სამოძღვრებელად ბევრს გვიჩვენებს. იგი აბნეულ, ქარაფშუტულ და უზრუნველ ცხოვრებას ამხელს; სულიერ სიხარულთან შედარებით ხორციელი განცხრომის არჩევას განაქიქებს; გვიჩვენებს, რომ ცხონებისადმი გულგრილი დამოკიდებულება საშიშია; რაოდენ საცოდავი, მოსაწყენი, უხამსი და ერთფეროვანია ცხოვრება, აღსავსე მანკიერი სიამოვნებებით.

უნდა ახსოვდეს ქრისტიანს, რომ ცხოვრება მისგან ითხოვს შრომას, ღვაწლს, სიმამაცეს, ჩვენ კი ხშირად ცხოვრებაში მხოლოდ თამაშსა და გართობას ვეძებთ. ვთამაშობთ ყველაფრით, თვით უმაღლესი აზრითაც კი, მაგრამ ეს თამაში ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე თამაში ცეცხლით. ქრისტიანს უნდა ახსოვდეს, რომ ცხოვრების უმაღლესი დანიშნულება თვითუარყოფა, თვითშეზღუდვაა... ჩვენთვის კი მთელი ცხოვრება ვნებიან გატაცებათა ჯამია, – და რაც უფრო სევდისმომგვრელია, – უძღები შვილი თავის გატაცებებს თვითუარყოფას უწოდებს! ქრისტიანს უნდა ახსოვდეს, რომ მისი ცხოვრების უმაღლესი ამოცანაა – თავის თავში განავითაროს და შეინარჩუნოს პირადი თავისუფლება; მაგრამ მრავალნი თავისუფლებას ვნებებზე ცვლიან. თავისუფლება აყალიბებს ხასიათს, ვნება კი ართმევს მას. თავისუფალი იგია, ვინც თავის თავში ღვთის სულს ატარებს: „სადაც არს სული ღვთისა, მუნვე არს თავისუფლება“.

ქრისტიანი ცათა სასუფეველს უნდა ეძებდეს; მისკენ უნდა მიმართოს გონებაც, ნებელობაცა და გრძნობაც. უფრო ხშირად კი ადამიანი სულერთიანად მხოლოდ მიწიერ ამაოებაშია ჩაფლული, ჩაჰყურებს რა მიწას, როგორც თავის მარადიულ თავშესაფარს. და ბოლოს, ქრისტიანი მუდამ ღმერთთან უნდა იყოს. მას და მხოლოდ მას ერთს მიუთვლიდეს საკუთარ თავს, მხოლოდ ის ერთი ახსოვდეს... მაგრამ ხშირად, იგავისეული უძღები შვილივით, მხოლოდ სტომაქის ამოვსებაზე ფიქრობს.

მოვა დრო, დრო საზარელი, როდესაც ყველა უძღები ვაჟი და ქალიშვილი, ჭაბუკნი და სრულისა ჰასაკისანი და მოხუცებულნიც, ჩვენთვის ცნობილნი და უცნობნი, ამჟამად მხიარულნი და უზრუნველნი, გულით სასტიკნი, ზნით თავნებანი, მაშინ კი მწუხარენი და სასოწარკვეთილნი, ერთ ურიცხვ ლეგიონად შეიკრიბებიან და პირუთვნელი მსაჯულის, უფლის წინაშე წარსდგებიან. მათ დაეკითხებიან: იყვნენ რა ღვთის შვილნი, უმანკონი და საყვარელნი, რად დაკარგეს ხატება ღვთისა, რად ჩაკლეს საკუთარ თავში სიწმინდე და კეთილშობილება, სიკეთე და სინაზე, უბრალოება და სიცხადე? რა პასუხს გასცემენ? – დიახ, რასაც უპასუხებენ, სწორედ ამაზე – განკითხვის დღეზე – მოგვითხრობს მომდევნო კვირიაკის სახარების საკითხავი... ამინ.

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა