წმიდა იოანე ბოლნელი

ქადაგება „ხორცთა აღების“ დღეს
განმარტება სახარებისა ფარისეველისათვის და ცოდვილი დედაკაცის შესახებ,
რომელმაც ნელსაცხებელი სცხო უფალსა ჩუენსა იესო ქრისტეს

საყვარელნო, ისმინეთ ჩემის სიტყვა. აგერ უკვე მოვიდა ჟამი მარხვისა, დროა განვიღვიძოთ ძილისაგან, რამეთუ „ღამე იგი განგვეშორა და ნათელი შემოგუეახლა. განვიშორნეთ აწ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისა სიმართლისაი და განათლებულნი დღესა შინა შუენიერად ვიდოდით, ნუ სიმღერითა და მთვრალობითა და ნუცა საწოლითა და ბილწებითა, არამედ მღვიძარებითა და ლოცვითა, ფსალმუნითა და გალობითა, ქებითა და შესხმითა სულიერითა, და ყოველივე ზრუნვაი ამის სოფლისაი დაუტეოთ“.

ძმანო, მოგმართავთ თქვენ, რომელნიც შეკრებილხართ წმიდა ეკლესიაში, საყვარელნო და სასურველნო ქრისტესნო, განა არ იცით, რომ ძე ღვთისა განმზადებულია მოსვლად, რათა თავს იდვას სოფლის ყველა ცოდვა? აწ, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, საყვარელნო? საჭიროა მსწრაფლ განვიღვიძოთ ძილისაგან, მხურვალედ წარვემართოთ მისკენ, მივეგებოთ სიხარულით, თაყვანი ვცეთ სიწმიდით, სინანულით მოვიდრიკოთ მუხლნი მის წინაშე, შეუვრდეთ ცრემლით, ვაღიაროთ იგი და ვილოცოთ: ივნე, უფალო, ივნე და მოგვიძიენ ჩვენ, ცხოვარნი შეცდომილნი, რომელთაც არა გვყავს მწყემსი. ივნე, უფალო, ივნე და შეგვიწყალენ ჩვენ, მწყემსო კეთილო, რომელიც მოხვედი დაკარგული ცხვრის მოსაძიებლად, ჩვენ მოგვიძიე უფალო, ჩვენ, წარწყმედილნი მოგვიძიენ, რომელთაც არა გვყავს მწყემსი.

და კვლავაც გავიმეოროთ: ივნე, უფალო, ივნე  და გვაცხოვნენ ჩვენ, რომელიც იმისთვის მოხვედი, რომ მოიძიო და შეიწყნარო ცხოვარნი, რომელნიც შენი ეზოსი არ არიან; შეიყვანე ისინი შენს წმინდა ეკლესიაში და არა ურიათა შესაკრებელში, რათა იყვნენ ერთი სამწყსო და ჰყავდეთ ერთი მწყემსი.

წინასწარ განვიწმიდოთ ჩვენნი თავნი, ძმანო, სამეფო ღირსებით, რადგან აგერ უკვე მოდის ჩვენთან სიმდიდრე; საღმრთო კეთილის ბოძება ნიშნავს იმას, რომ იგი მოვიდა, რათა საკუთარი ნებით ივნოს თავი და ყოველნი შეცოდებული უფალ ღმერთს შეგვარიგოს იმ პატიოსანი სისხლით, რომელიც ძელზე გაკვრით დაღვარა. მოვიდა იგი, რათა მოიძიოს დაკარგული ცხოვარი და განაცხადა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ“.

ხედავთ ძე ღვთისას სულგრძელებას? ხედავთ მის აურცხელ კაცთმოყვარებას? როგორი სიმდაბლით ღაღადებს იგი, როგორ არ მოიძაგებს და არ შეურაცხყოფს ცოდვილთ.

განჰფენს ყოველთა ზედა საკუთარ სახიერებას, დიდ მოწყალებას, გვიჩვენებს მიუწვდომელ სიტკბოებას და, როგორც ჭეშმარიტი მკურნალი, სალბუნს გვადებს მტკივნეულ ადგილებზე. გვიყურებს მხიარული პირით, რათა არ შეგვეშინდეს და არ შეგვრცხვეს ვაჩვენოთ მას ჩვენი წყლულები. არ ვძულვართ, როდესაც გვეხება ჩვენ და არ გვერიდება ჩვენი სიმყრალის გამო, რაც ჩვენი შეცოდების გამო გვჭირს.

ენა მისი არ ცხრება და მოგვიწოდებს: „მოვედით ჩემდა“... მან თავს იდვა ყოველი ჩვენი შეცოდებანი, სიკვდილს მიეცა ჩვენი ურჯულოების გამო და ჯვარცმა დაითმინა ჩვენი ცხონებისათვის. ვინ შეიძლება იყოს მასზე უმდაბლესი, რამეთუ მამასთან თანამჯდომარე სიმდაბლით გარდამოხდა ზეციდან ქვეყანაზე და დაემკვიდრა ქალწულის საშოში, იშვა გამოქვაბულში, როგორც ჩვილი ყრმა, სახვევლით შეიხვია და პირუტყვთა ბაგაში მიეწვინა, სახე მონისა შეიმოსა, კაცთ ემსგავსა, ადამიანთა შორის მიმოვიდოდა და ღაღადებდა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვითმძიმენი და მე განგისუენო თქუენ“.

ეს რომ ისმინეს მეზვერეებმა და ცოდვილებმა, შემოიკრიბნენ მის გარშემო. შევიდა იგი მეზვერე ზაქეს სახლში სატრაპეზოდ და მიმადლა სიცოცხლე მის სახლს. ასევე იპოვა მან მეზვერე მათე, რომელიც საზვერეზე იჯდა. ვინ არის მეზვერე, და რა არის საზვერე? მეზვერე მებაჟე არის, ხოლო საზვერე ადგილი, სადაც ბაჟს იხდიან. სწორედ იქ იჯდა მათე, როდესაც უთხრა იესომ: „მომდევდი მე“. ისიც ადგა და მიჰყვა მას, რის შემდეგაც მახარებელი შეიქმნა. ამას რომ ხედავდნენ ურიები, ძალიან უკვირდათ. ამიტომაც დაიწყეს დრტვინვა მღვდელთმოძღვრებმა, მწიგნობრებმა, ფარისევლებმა, უხუცესებმა და სადუკევლებმა და ეუბნებოდნენ იესოს მოწაფეებს: „რაისთვის მეზუერეთა და ცოდვილთა შეიწყნარებს და მათ თანა ჭამს და სვამს მოძღუარი თქუენი?“ როცა ესმა უფალს ეს სიტყვები, მიმართა მათ: „არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. არა მოვედ მე წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა, რაითა შეინანონ“.

ამ დროს ერთმა ფარისეველთაგანმა (სიმონ კეთროვანმა) იესოს სთხოვა, მის სახლში, სადაც სხვა სტუმრებიც იყვნენ შეკერბილნი - პური ეჭამა.

ამავე ქალაქში იყო ერთი ფრიად ცოდვილი და უსჯულო დედაკაცი; გარდამეტებულად ურიცხვი გახლდათ მისი ცოდვები. როდესაც შეიტყო, რომ იესო მათ ქალაქში იმყოფებოდა და ფარისევლის სახლში იჯდა, დაიწყო ფიქრი საკუთარ ცოდვებზე, იხსენებდა იმ უსჯულო საქმეებს, რომელიც ჩაედინა, განიცდიდა საკუთარ არაწმიდებას და გულში ამბობდა: როგორ მივიდე უკვდავი მეუფის წინაშე მე საწყალი? როგორ შევხედო ჩემი თვალებით მსაჯულს ცოცხალთა და მკვდართა? როგორ შევეხო სოფლის მაცხოვარს, სავსე არაწმიდებით? ან როგორ ვცე თაყვანი ღვთის ძეს, არაღირსმა? როგორ მოვუხმო მის წმიდა სახელს? მსმენია მისი სახიერება, სულგრძელობა, მრავალმოწყალება, მოთმინება, ვიცი მისი სიტკბოება და აურაცხელი  სიმდაბლე. მესმის, როგორ ღაღადებს: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ“, რომელთაგან ერთ-ერთი მე ვარ - ცოდვით დამაშვრალი და უსჯულოებით დამძიმებული...

მიუხედავად ყველაფრისა, დედაკაცმა გადაწყვიტა, მისულიყო უკვდავ მეუფესთან, შევრდომოდა მრავალმოწყალე ღმერთს და თაყვანი ეცა კაცთმოყვარისათვის.

იგი ფიქრობდა, რა მიერთმია ძღვნად მსაჯულისათვის, ვინც არც საფასურს უთხოვს, არც ქრთამს იღებს, მხოლოდ სინანულის ცრემლს ეძიებს. აწ აღვდგები და მივალ მასთან, თუმცა ჩემი არაწმიდების გამო, სიტყვის თქმის უფლებაც არ მაქვს. ამიტომ მივუახლოვდები მას, დავიჩოქებ მის წინაშე, ჩამოვიშლი თმას, ცრემლს დავღვრი და შევევედრები გულთმეცნიერ ღმერთს, თავად გულისხმაყოს, თუ რა სწადის ჩემს სულს, რამეთუ მან იცის დაფარულნი ყოველთა კაცთა და მოსულია ყოველთა შესაწყნარებლად.

დედაკაცმა შინ ნელსაცხებლით სავსე ჭურჭელი იპოვა და წაიღო, თან ამბობდა, თუ დამრთავს ნებას, რომ მივეახლო და ცრემლით დავბანო ფეხები, ჩემი თმით შევწმენდ. ვიცი და მწამს, რომ აღხოცავს ჩემს ყოველ უსჯულოებას და შეიწირავს ამ ნელსაცხებელს, რათა ვცხო იგი მის თავს და ფერხთ. ასევე ვიცი და მწამს, რომ შეიწყნარებს ჩემს სულს. ეს როცა თქვა დედაკაცმა, აიღო ძვირფასი ნელსაცხებლით სავსე ჭურჭელი და გულმოდგინედ წარემართა ფარისევლის სახლისკენ. დედაკაცი დიდი სარწმუნოებით შევიდა უფლის წინაშე და მის ფეხებთან დაიჩოქა. ტიროდა მტკივნეულად, ცრემლები, როგორც წყლის ნაკადული, ისე სცვიოდა თვალთაგან. საკუთარი ცრემლით ბანდა მაცხოვარს ფეხთ, თმით წმენდდა და ეამბორებოდა. როდესაც მსაჯულმა ცხოველთა და მკვდართა შეიწყნარა დედაკაცის ცრემლი, გათამამდა, აიღო ძვირფასი ნელსაცხებლით სავსე ჭურჭელი, თავსა და ფეხებზე სცხო მას და სახლი ნელსაცხებლის კეთილსურნელებით აივსო.

ფარისეველმა გონებაში გაიფიქრა, თუ ეს კაცი წინასწარმეტყველია, „იცოდამცა, რამეთუ არაწმიდა დედაკაცი შეეხების მას“.

გულისხმაჰყო იესომ, რას ფიქრობდა ფარისეველი და მიმართა მას: „სიმონ, მაქუს რამე სიტყუად შენდა“, ხოლო მან უთხრა: „იტყოდე მოძღუარ“. იესომ თქვა: იყვნენ ორნი მევალენი „ვისიმე მასესხებლისა“. ერთის მისი ხუთასი დრაჰკანი ემართა, მეორეს - ორმოცდაათი. ვინ არის მსესხებელი, ან ვინ არიან ისინი, ვინც მისგან სესხულობენ? მასესხებელი და უხვად მიმცემი - უფალი ღმერთია. ხოლო რომლებიც სესხულობენ - ძენი კაცთანი, რომელთაც უფალი უხვად აძლევს მადლს, ისინი კი უგუნურებით განაბნევენ. როცა მოვიდა უფალი, ითხოვა მოსაგებელი მათგან, მაგრამ მევალეებს არაფერი ჰქონდათ, რომ დაებრუნებინათ. ისინი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: უგუნურად მოვიქეცით, აწ კი ვიტიროთ და ცოდვათა შენდობა ვითხოვოთ სახიერი და გულმოწყალე ღმრთისგან. როცა შემოქმედმა ღმერთმა იხილა მათი სინანული, ორივეს შეცოდებანი მიუტევა.

მასესხებელმა ერთს მეტი მიუტევა, ვიდრე მეორეს. მაცხოვარი ეკითხება ფარისეველს: „ამათ ორთაგანმან ვინ უფროის შეიყუაროს მასესხებელი იგი?“ სიმონმა უპასუხა: „უფალო, მე ესრე მგონიეს, ვითარმედ რომელსა-იგი უფროისად მიუტევა, მანაც უფროის შეიყუაროს იგი“, და თქვა იესომ: „მართლად გამოარჩიე იგი“.

მაშინ მიხედა მაცხოვარმა დედაკაცს სიტკბოებით და უთხრა ფარისეველს: „ამას დედაკაცს მიეტევნენ უსჯულოებანი მაგისანი მრავალნი, რამეთუ ფრიად შემიყუარა მე, რამეთუ რომელსა ფრიად მიეტეოს, ფრიადცა შეიყუაროს იგი და რომელსა მცირედ მიეტეოს, მცირედცა შეიყუაროს იგი“. ხოლო დედაკაცი დიდი სიხარულით გამოვიდა ფარისევლის სახლიდან და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც მას ცოდვები მიუტევა.

აწ, მოგმართავთ თქვენ, საყვარელნო, შეიმოსეთ ამ დედაკაცის მსგავსი სარწმუნოება და გულმოდგინება, რათა მასთან ერთად ჩვენს მივიღოთ ყოველი ცოდვის მიტევება.

აწ, უკვე ისმის შემაძრწუნებელი ხმა უფლის ვნებისა, განვემზადოთ ამ დღისთვის, ვიმარხულოთ ღირსეულად, სიწმიდით, ვედრებით უფლის მიმართ, რათა ერთობით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ძველი ქართული ტექსტის მიხედვით
მოამზადა ნინო გაგოშაშვილმა
„წმიდა მამათა ქადაგებანი“, თბილისი, 2002 წ.