ნიკოდიმოს მთაწმინდელი

უხილავი ბრძოლა

 

ნაწილი პირველი

თავი 27

ქრისტეს მებრძოლი ყოველნაირად უნდა ერიდოს წუხილს და
გულის მშფოთვარებას, თუ მტერზე გამარჯვება სურს

როდესაც გულის სიმშვიდეს დაკარგავს, ყველა ქრისტიანის გადაუდებელი ვალია, ყველა ხერხი იღონოს მის აღსადგენად. არასოდეს დაუშვას, რომ მიმდინარე ცხოვრების ყოფითმა მოვლენებმა აამღვრიონ ეს სიმშვიდე. ჩვეულებრივ, ესენია: ავადმყოფობები, ახლობელთა გარდაცვალება, ომები, ხანძრები, მოულოდნელი სიხარული, შიში და მწუხარება, წარსულის შეცდომათა და ქმედებათა გახსენება, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც აღელვებს და წუხილს ჰგვრის გულს. ამ დროს არ უნდა აღელდე, რადგან აღელვებული ადამიანი საკუთარ თავს ვეღარ ფლობს და მოვლენების ნათლად ხედვისა და შესაბამისი ქმედებების უნარს ჰკარგავს. ეს კი მტერს შესაძლებლობას აძლევს, უფრო მეტად ააღელვოს იგი და რაიმე გამოუსწორებელი, ან და ძნელად გამოსასწორებელი ნაბიჯი გადაადგმევინოს.

იმის თქმა კი არ მსურს, მწუხარებები არ დაუშვა-მეთქი, ეს ჩვენს ხელთ არცაა. ნუ მისცემ საშუალებას მწუხარებას, შენს გულს დაეუფლოს და ააფორიაქოს. ეცადე, გულს გარეთ შეაჩერო იგი და იმდენად მოარბილო და მოათვინიერო, რომ ჯანსაღი განსჯა და სამართლიანი მოქმედება დაგანებოს. ღვთის შეწევნით ეს ხელგვეწიფება, თუ ჩვენში ზნეობრივ-რელიგიური გრძნობა და განწყობა შესუსტებული არ არის.

მწუხარებათაგან ყველა თავისებურია და მათ საწინააღმდეგოდაც სხვადასხვა ხერხის გამოყენებაა საჭირო. ამჯერად მათ ზოგად თვისებაზე მოგახსენებ - შეაშფოთონ და ააღელვონ სული. ვეცდები ამ ზოგადის საწინაღმდეგო საშუალება შემოგთავაზო. ესაა რწმენა კეთილი განგებულებისა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას, მთელი თავისი შემთხვევითობებით, საკუთრივ ჩვენთვის კეთილად წარმართავს. ესაა ღვთის ნებისადმი დიდსულოვანი მორჩილება, რის გამოც სულის სიღრმიდან აღვავლენთ: იყავნ ნება შენი! დაე, ისე იყოს, როგორც უფალი ინებებს და ეს ჩვენდა სასიკეთოდ იქნება.

ამ სიკეთეს ადამიანები განსხვავებულად შეიცნობენ და შეიგრძნობენ. ზოგი აღიარებს, რომ ღვთის სახიერებას იგი სინანულისკენ მიჰყავს; მეორე გრძნობს, რომ საკუთარი ცოდვებისგან განსაწმენდად ატარებს საღვთო ეპიტიმიას; მესამე ფიქრობს, ალბათ, უფალი გამომცდის, წრფელად ვემსახურები თუ არა; მას, ვინც მწუხარე ადამიანს გვერდიდან აკვირდება, შეიძლება ჰგონია, რომ ეს ღვთისგანაა დაშვებული. მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ მწუხარებათა დასრულებისა და ღვთის აშკარა და პირდაპირი შემწეობის შემდეგ ჩნდება ხოლმე. დამწუხრებული ადამიანის გულში მხოლოდ პირველი სამი გრძნობა შიძლება არსებობდეს. და სამივე ისეთი თვისებისა და ძალის მქონეა, რომელიც უნდა შევიდეს გულში, ნებისმიერი მათგანი ადვილად ჩააცხრობს წუხილის ტალღას და სიმშვიდეს დაამკვიდრებს.

აი, მწუხარეაბათა თავდასხმისგან გულის დასამშვიდებელი ზოგადი საშუალებაც: ყოველნაირად განიმტკიცე რწმენა ღვთის კეთილი განგებულების შესახებ და სულში ღვთის ნებისადმი მორჩილება გააცოცხლე. გული ასეთი აზრებით აღივსე და აიძულე შეიგრძნოს, რომ ამჟამინდელი მწუხარებით უფალი გამოგცდის, ან განსაწმენდად ეპიტიმიას გადებს, სინანულისკენ გიბიძგებს ზოგადად, ან უკვე დავიწყებული გამოუსწორებელი საქმის გამო. როგორც კი გული ასე განეწყობა, მწუხარება მაშინვე ჩაცხრება და საშუალებას მოგცემს, ამის კვალდაკვალ ორი დანარჩენი შეგრძნეაბც გაითავისო. სამივე ერთად კი გულს ისეთი სიმშვიდითა და კრძალვით აღგივსებს, რომ შეუძლებელი იქნება, არ აღმოთქვა: კურთხეულ იყოს სახელი უფლისა უკუნისამდე! ეს გრძნობები ისე ჩააცხრობენ გულის მწუხარებას, როგორც ღელვის დასასრულს ზღვაზე დიდებული მყუდროება დაისადგურებს ხოლმე.

ასე დააშოშმინე ხოლმე გული, რაც უნდა აღელვებული იყოს. თუ საკუთარ თავზე ხანგრძლივი შრომითა და სულიერი ღვაწლით გულში მსგავს გრძნობებს დაამკვიდრებ, ისე რომ, მათ აღავსონ იგი, მაშინ არანაირი მწუხარება აღარ შეგაშფოთებს. ასეთი განწყობა საგულდაგულოდ დაგიცავს მისგან. მაგრამ არ იფიქრო, რომ სევდა-წუხილი საერთოდ აღარ მოგეკარება, არა, შემოგიტევს, მაგრამ მაშინვე უკან დაიხევს, როგორც ზღვის ტალღები კლდოვანი ნაპირისგან.

 

თავი 28

როგორ მოვიქცეთ, როდესაც ბრძოლაში დავიჭრებით

როდესაც საკუთარი უძლურების ან უზნეობის გამო ცოდვით დაეცემი და დაჭრილი ხარ (ვგულისმხმობთ საპატიებელ ცოდვებს: შეუფერებელი სიტყვის წამოცდენა, გაბრაზება, გონებაში ცუდი აზრის გაელვება, უჯერო სურვილის აღძვრა და სხვ.), ნუ იქნები სულმოკლე და ნუ აფორიაქდები. ნუ გაამახვილებ ყურადღებას საკუთარ თავზე და ნუ იტყვი: როგორ მოვითმინე ეს, როგორ დავუშვი?! - ეს საკუთარ თავზე ამაყი წარმოდგენის ამოძახილია. პირიქით, დამდაბლდი და უფალს მინდობილმა მთელი გრძნობით წარმოთქვი: „მეტს რას უნდა ელოდო ჩემგან, უფალო, ასეთი უძლურისა და უზნეოსაგან“. და მაშინვე მადლობა შესწირე ღმერთს, რომ ამჯერად ამით დასრულდა შენი დაცემა. აღიარე: „რომ არა შენი უსაზღვრო სახიერება, უფალო, ალბათ, არ შევჩერდებოდი და უარეს ცოდვაში ჩავეფლობოდი“.

თუმცა ასეთი გრძნობისა და განცდისას იფრთხილე და უზრუნველობა და მაამებლობა არ შემოგეპაროს, რომ რადგან ასეთი ხარ, უფლებაც გაქვს, რაიმე შეუფერებელი ჩაიდინო. მიუხედავად შენი უძლურებისა და უზნეობისა, ყოველივე შეუფერებელი, რასაც აკეთებ, დანაშაულად გეთვლება. რადგან საკუთარი ნება გაგაჩნია, ყველაფერი, რაც შენგან მომდინარეობს, შენივე ნებელობით ხდება და, როგორც სიკეთეს იწონებ, ასევე სიავე შეიძაგე. ამიტომ, როდესაც საკუთარ უკეთურებას შეიცნობ, დანაშაულიც აღიარე. განსაჯე და დაამუნათე თავი, მხოლოდ საკუთარი თავი. სხვაგან ნუ დაუწყებ დამნაშავეს ძებნას. არც გარშემომყოფნი, არ მოვლენათა მიმდინარეობა არაა დამნაშავე შენს ცოდვაში. დამნაშავე მხოლოდ შენი ბოროტი ნებაა, ამიტომ საკუთარი თავი დაამუნათე.

მაგრამ ნურც მათ დაემსგავსები, ვინც ამბობს: დიახ, მე ჩავიდინე ეს, მერედა რა? - არა გაცნობიერებისა და საკუთარი თავის დამუნათების შემდეგ ღვთაებრივი სიმართლის წინაშე უნდა წარდგე. იჩქარე, რომ სინანულმა გაიღვიძოს, გაიღვიძოს გულშმუსვრილებისა და ტკივილის განცდამ, არა ცოდვით საკუთარი თავის დამცირების, არამედ ამ ცოდვით ღვთის შეურაცხყოფის გამო. უფალმა ამხელა სახიერება გამოიჩინა, სინანულისკენ მოგიწოდა, ძველი ცოდვები შეგინდო, ღვთაებრივ საიდუმლოთა მადლს მიგაახლა, ჭეშმარიტი გზა გიჩვენა და თავადვე მიგიძღვის ამ გზაზე.

რაც უფრო ღრმაა გულშემუსვრილება, მით უკეთესი. მაგრამ რაც უნდა ძლიერი იყოს ეს გრძნობა, შეწყალების იმედი არ გადაიწურო. შეწყალება აქვეა, მთელი ცოდვები ჯვარზეა გამოსყიდული. უფალი მხოლოდ თითოეულის სინანულს ელის, რათა მათაც მთელი მსოფლიოს ცოდვების ჯვრით აღხოცვის ძალა მიანიჭოს. ასეთი სასოებით, სულითა და ხორცით დაემხე და შეჰღაღადე: შემიწყალე უფალო, შენი უდიდესი სახიერების გამო, - და ნუ შეწყვეტ ღაღადს, ვიდრე თავს შენდობილ დამნაშავედ არ იგრძნობ და, ვიდრე წყალობა და დანაშაული ერთ გრძნობად არ შეერთდება.

ეს მადლი ბოლოს ყველა მონანულზე გადმოდის. მაგრამ მას თან უნდა ახლდეს აღთქმის განმტკიცებული გადაწყვეტილება, რომ არ ვუშღავათებთ და დავიცავთ თავს არა მარტო დიდი, მცირე ცოდვებისგანაც. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ღვთის წინაშე გულმოდგინე ლოცვა, რათა მადლი და შემწეობა მოგვანიჭოს. როდესაც საკუთარი ძალების ამგვარ არასაიმედოობას გამოცდი, თავისთავად წამოვა გულიდან ამოძახილი: გული წმიდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა.

ყოველივე ეს - თვითგანსჯა, შემუსვრილება, შეწყალებისათვის მსასოებელი ლოცვა, გამამხნევებელი გადაწყვეტილება მომავალში სიფხიზლის შესახებ და მადლის მიერი შემწეობის გამოთხოვა - მუდმივად უნდა გიტრიალებდეს შინაგანად, როდესაც თვალით, სმენით, ენით, აზრით, გრძნობით შესცოდავ. ყოველწამიერად გულწრფელი სინანულით მოინანიე ღვთის წინაშე და გულში უღიარებელი ცოდვის ნასახიც არ დაიტოვო. თუ ისევ დაეცემი, იგივე მოიმოქმედე და, თუნდაც უამრავჯერ შესცოდო, ამდენჯერვე განიწმინდე სული ღვთის წინაშე. თუ შესაძლებლობა გაქვს, საღამოს ყველაფერი სულიერ მოძღვარს მოუყევი. ხოლო თუ იმავე საღამოს ვერ შეძლებ, მაშინ, როდესაც შემთხვევა მოგეცემა. სულიერი მოძღვრის წინაშე ასეთი აღსარება და გულის გადაშლა ჩვენს ბრძოლაში ყველაზე სასიკეთოა.

არაფერი ისე არ აფრთხობს მტერს და არ განაქარვებს მის მზაკვრობას, როგორც ასეთი ქმედება. სწორედ ამიტომ ის გარეგნულ და შინაგან წინააღმდეგობებს აძლიერებს - შინაგანად აზრებისა და გრძნობების, გარეგნულად სხვადასხვა შემთხვევისა და შეხვედრის მეშვეობით. როდესაც ბრძოლაში ჩაებმები, ამ დაბრკოლებებს თავადვე იხილავ. მხოლოდ ერთს შეგახსენებ: მტერი დაჟინებით ცდილობს ჩაგაგონოს, რომ მაშინვე, შეცოდებისთანავე კი არ განიწმინდო შინაგანად, სულ ცოტათი მოიცადო. არა ერთი დღე ან ერთი საათი, არამედ - სულ ცოტა. მაგრამ როგორც კი ამ აზრს დაეთანხმები, იქვეა ჩასაფრებული მეორე ცოდვა; ენით შეცოდებას თვალით ან გრძნობის სხვა ორგანოთი შეცოდება მოჰყვება და შენდაუნებურად გადადებ მისგან განწმენდას, რადგან ჯერ წინა შეცოდებაა ჩამოსარეცხი. ასე გაგრძელდებ მთელ დღეს და, ცოდვებით აგევსება სული. საღამოს კი, როდესაც სინანულით განწმენდას მოისურვებ, სულში უამრავი დაცემისგან გამოწვეული ფორიაქის, ხმაურისა და უკუნის გარდა ვერაფერს შეამჩნევ. სული მტვრით ამოვსებულ ან ჭუჭყისგან ამღვრეულ წყალს დაემსგავსება. ვერაფერს გაარჩევ და საერთოდაც შეწყვეტ სინანულს, სულიც კვლავ მშფოთვარე და დაბინდული დარჩება. ამის გამო საღამოს ლოცვაც დაუდევრად ჩაივლის და ცუდი სიზმრებიც შეგაწუხებს. ამიტომ წამითაც არასოდეს გადადო შინაგანი განწმენდა, როგორც კი საკუთარ თავს რაიმე უკეთურებას შეამჩნევ.

მეორე, რასაც მტერი ჩაგვაგონებს, ისაა, რომ ამ შემთხვევის შესახებ არაფერი გავუმხილოთ სულიერ მოძღვარს. არ მოუსმინო ასეთ აზრებს, პირიქით, ყველაფერი აღიარე. რამდენადაც დიდია ასეთი გამხელის სიკეთე, იმდენად და უფრო მეტადაც ძლიერია ზიანი დამალვის გამო. ხოლო ის, რაც დავფარეთ, ჩვენში რჩება და მუდმივად თან გვდევს.

 

თავი 29

როგორ წარმართავს სატანა სულიერ ბრძოლას ადამიანთა წინააღმდეგ
და როგორ აცდუნებს განსხვავებული ზნეობის მქონეთ

საყვარელო, იცოდე, სატანა მხოლოდ იმას ცდილობს, როგორ დაღუპოს თითოეული ჩვენგანი. საამისოდ არაერთგვაროვანი ხერხებითა და საშუალებებით იბრძვის. ეს რომ შენთვის ნათელი და ადვილად გასაგები იყოს, ზნეობრივი მდგომარეობის მიხედვით ხუთი ტიპის ადამიანს წარმოგიდგენ და მტრის შესაბამისი მზაკვრობის, ხერხისა და საცდურის შესახებ გეტყვი. მდგომარეობები ასეთია: ერთნი ცოდვას არიან დამონებულნი და აზრადაც არ მოსდით მისგან განთავისუფლება; მეორენი თუმცა სურთ და ფიქრობენ კიდეც თავის დახსნაზე, საამისოდ არაფერს აკეთებენ; ზოგი ცოდვებისაგნ განთავისუფლებისა და სათნოებების მოხვეჭის შემდეგ კვლავ ეცემა და დიდ ზნეობრივ გახრწნილებამდე ეშვება. ამ უკანასკნელთაგან ერთნი, საკუთარი თავით მოხიბლულნი, ფიქრობენ, რომ ამის მიუხედავად, მაინც სრულყოფილებისკენ მიისწრაფვიან; მეორენი უდარდელობის გამო სათნოებების გზიდან გადაუხვევენ ხოლმე; სხვანი კი საკუთარ სათნოებას თავისთვისვე ბოროტების მიზეზად და საბაბად აქცევენ.

ყველა მათგანზე მტერი თითოეულის განწყობილების მიხედვით მოქმედებს.

 

თავი 30

როგორ განამტკიცებს სატანა ცოდვილთ ცოდვის მონობაში

როდესაც სატანა ვინმეს ცოდვის მონობაში ამყოფებს, განსაკუთრებით ცდილობს, რაც შეიძლება მეტად დაუბნელოს და დაუბრმავოს სული. მისგან იმ კეთილ გულისსიტყვებს განაგდებს, რომელთაც ძალუძთ ადამიანს საკუთარი ყოფის დამღუპველი არსი შეაცნობინონ. და არამარტო კეთილ გულისსიტყვებს განაშორებს მისგან, რომელთაც შეეძლოთ სინანული აღეძრათ ცოდვილში და სათნოებებისკენ შემოებრუნებინათ, მათ მაგივრად ბილწ და გამრყვნელ გულისსიტყვებსაც მოუვლენს. ამასთანავე, ცოდვისთვის ხელსაყრელ საბაბს აძლევს და ხშირად უფრო მძიმე შეცოდებითაც დასცემს. ამიტომ საბრალო ცოდვილი სულ უფრო ბრმავდება და ბნელდება. სიბრმავე მასში უფრო ხშირი და მუდმივი შეცოდების ჩვევას ამკვიდრებს. ის უბედურიც, ცოდვისგან სიბნელეში ჩათრეული, ისე ტრიალებს, როგორც მორევში. და ასე გასტანს სიკვდილამდე, თუ გადასარჩენად ღვთის განსაკუთრებული მადლი არ გარდამოევლინება.

ვისაც ამგვარი უბედური მდგომარეობიდან თავდახსნა სურს, დაუყოვნებლივ უნდა ყურად იღოს კეთილი აზრი, ანუ შთაგონება, როგორც კი ეს უკანასკნელი მოუხმობს. ეს ხმა სიბნელიდან სინათლისა და ცოდვიდან სათნოებისაკენ მომწოდებელია. მაშინვე გულმოდგინედ უნდა შეუდგეს საქმეს და გულის სიღრმიდან შესთხოვოს ყოველივე სახიერის უხვად მომნიჭებელს: „შემეწიე უფალო ღმერთო ჩემო, მსწრაფლ შემეწიე და ნუღარ დამტოვებ ცოდვის უკუნში“. დაე, ნუ დაიღლება ადამიანი ამგვარი ან სხვა სიტყვებით მოწოდებისას. ამასთანავე, მიწიერი შემწეობაც ეძიოს, რჩევისა და ხელმძღვანელობისათვის საქმის მცოდნეთ მიმართოს, რათა წარმატებით განთავისუფლდეს ცოდვის მონობისგან. თუ ამის გაკეთება მაშინვე არ არის შესაძლებელი, გააკეთოს, როდესაც შეძლებს; ოღონდ ნუ შეწყვეტს ჩვენთვის ვნებული მაცხოვრისა და მისი ყოვლადწმიდა დედის - ღვთისმშობლის მოხმობას. იგი შეიწყალებს და მსწრაფლშემწეობას არ მოაკლებს. უწყოდეს, რომ მხოლოდ მაშინ გაიმარჯვებს და დაძლევს მტერს, თუ ამ საქმეს არ გადადებს და კეთილ შეგონებასაც მყისვე ყურად იღებს.

 

თავი 31

როგორ ამყოფებს მტერი თავის ბადეში მას, ვინც საკუთარი გაჭირვებული
მდგომარეობა იცის და თავდახსნაც სურს, მაგრამ საქმეს ჯერ არ შესდგომია;
და რატომაა, რომ ჩვენ კეთილი ზრახვები ხშირად არ სრულდება

მტერი ცდილობს, მას, ვინც საკუთარი ყოფის სიავე და უბედურება შეიცნო, თავისი ძალაუფლება ასეთი უბრალო, მაგრამ ძლიერი შეგონებით მოახვიოს თავს: „შემდეგ, შემდეგ, ხვალ, ხვალ“. ამგვარი ჩაგონებით მოხიბლული საბრალო ცოდვილიც გადაწყვეტს: „მართლაცდა, ხვალ. ახლა საქმეებს მოვიმთავრებ და შემდეგ უკვე სრული უზრუნველობით დავემორჩილები ღვთის მადლს და უყოყმანოდ შევუდგები სულიერ ცხოვრებას. ახლა ამას და ამას გავაკეთებ, ხვალ კი მოვინანიებ“. ჩემო ძმაო, მტერი სწორედ ამ მახით ღუპავს ბევრს და მთელი ქვეყანა უპყრია ხელთ. ჩვენი მცონარება და სიბრმავეა იმის მიზეზი, რომ ეს ბადე მტკიცედ გვავლია გარს. უდებებისა და სიბრმავის გარდა ვერაფრით ავხსნით იმას, რომ ისეთ მნიშვნელოვან რაიმეს, რაზედაც ჩვენი ცხონება და ღვთის დიდების მოვლინებაა დამოკიდებული, მყისვე არ ჩავჭიდებთ ხელს, როგორც ყველაზე უბრალო და მსუბუქ, ამასთანავე, ყველაზე ქმედით იარაღს; მაშინვე მთელი ენერგიითა და სიმხნევით არ ვეტყვით საკუთარ თავს: „ახლავე! ახლავე ვიწყებ სულიერ ცხოვრებას და არა შემდეგ. ახლა მოვინანიებ და არა ხვალ. დღევანდელი დღე ჩემს ხელთაა. ხვალე და შემდგომი კი ღმერთს ეკუთვნის. მაგრამ თუ ღმერთი ინებებს და მიბოძებს ხვალეს და შემდეგს, შეიძლება კი დარწმუნებული ვიყო, რომ მაშინაც მეწვევა ცხოვრების გამოსწორების კეთილი აზრი?“ როდესაც სენის განსაკურნავად უებარ წამალს გთავაზოებნ, განა უაზრობა არ იქნება, თქვა: „მაცადეთ, ცოტას კიდევ ვიავადმყოფებ“. ჩვენი ცხონების გზაზე გადადება სწორედ ამგვარ რაიმეს ემსგავსება.

მაშ, თუ გსურს, მტრის ხიბლს თავი დააღწიო და დაამარცხო იგი, მყისვე მის წინააღმდეგ საიმედო იარაღს ჩასჭიდე ხელი. მაშინვე ყურად იღე და საქმით დაემორჩილე ღვთისგან ჩანერგილ კეთილ ზრახვებსა და ჩაგონებებს, რომლებიც სინანულისკენ მოგიწოდებენ. მცირე ხნითაც ნუ შეყოვნდები და ნუ მისცემ უფლებას საკუთარ თავს, თქვას: „მტკიცედ გადავწყვიტე მოვინანიო ცოტა ხნის შემდეგ და არ გადავუხვევ ამ აზრს“. ნუ მოიქცევი ასე, მსგავსი გადაწყვეტილება ყოველთვის მაცდუნებელი აღმოჩნდება ხოლმე. ბევრი, ვინც ასე ფიქრობდა, სხვადასხვა მიზეზის გამო ცხოვრების ბოლომე მოუნანიებელი დარჩა.

ა) ამ მიზეზთაგან პირველი ის გახლავთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები დაფუძნებული არაა საკუთარი თავის უნდობლობასა და ღვთისადმი მტკიცე სასოებაზე. ამიტომ ჩვენთვის უცხო არაა საკუთარ თავზე ამაყი წარმოდგენა, რის უშუალო შედეგიცაა ჩვენგან ღვთის მადლისმიერი შემწეობის განშორება და ამის გამო გარდუვალი დაცემა. ვინც გადაწყვეტს, ხვალ აღარ შევცოდავო, მას ყოველთვის საწინააღმდეგო რამ ემართება - აღმასვლის მაგივრად ცოდვით ეცემა და ერთ შეცოდებას მეორე მოსდევს. ღმერთიც განგებულებით ხანდახან დაუშვებს ამას, რათა თავდაჯერებულ ადამიანს საკუთარი უძლურება დაანახვოს და უფლისთვის შემწეობის სათხოვნელად აღძრას; რათა მან საკუთარი თავის ყოველგვარი იმედი უკუაგდოს და მოიკვეთოს. ადამიანო, გსურს იცოდე, როდის იქნება შენი გადაწყვეტილებანი მტკიცე და კეთილსაიმედო? - როდესაც საკუთარი თავის არანაირი იმედი არ გექნება და მხოლოდ ღვთისადმი მორჩილებასა და მტკიცე სასოებას შეიძენ.

ბ) მეორე მიზეზი ისაა, რომ ასეთი გადაწყვეტილებებისას, ჩვენს თვასწინაა და ჩვენს თუნდაც სუსტ ნებას იზიდავს სათნოებების გარეგნული მიმზიდველობა და სინათლე, ხოლო მათი სირთულენი, რა თქმა უნდა, მხედველობიდან გამოგვრჩება ხოლმე. ეს იმიტომ ხდება, რომ თუ დღეს სათნოებების სილამაზის სურვილი ატყვევებს ნებას, ხვალ, როდესაც ჩვეული საქმე და საზრუნავი მოგვეძალება, ეს სურვილიც შესუსტდება, თუმცა მიღებული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გვემახსოვრება. სურვილის შესუსტებისას ნებაც სუსტდება და საკუთარ ბუნებრივ უძლურებას უბრუნდება. გარდა ამისა, წინ წამოიწევს და თვალწინ წარმოგვიდგება სათნოებების მოპოვების მთელი სირთულე. სათნოებების გზა თავისი არსით მართლაც ძნელია და ყველაზე მეტად ამ გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმა ჭირს. თუნდაც ის, ვინც გუშინ გადაწყვიტა, დღეს შესდგომოდა ამ გზას და აპირებს კიდეც, - საკუთარ თავში საყრდენს ვეღარ მოიძევს კეთილ საქმეთა აღსასრულებლად: სურვილი არ იქნება მხურვალე, ნება შესუსტდება, თვალწინ მხოლოდ დაბრკოლებები წარმოუდგება - საკუთარი თავისგან, ყოფიერისა თუ სხვებისგან მომდინარე. ამიტომაც გადაწყვეტს: ცოტას მოვიცდი, ძალებს მოვიკრებ, - დღე დღეს მიჰყვება და ასე შეიძლება მთელი ცხოვრება გალიოს. მაგრამ გუშინვე რომ შესდგომოდა საქმეს, როდესაც გამოსწორების გამამხნევებელი სურვილი გაუჩნდა, ამ მოთხოვნილების მიხედვით რომ შეეცვალა ცხოვრება, დღეს სურვილი და ნება ასე არ დასუსტდებოდნენ და პირველივე დაბრკოლების წინაშე უკან არ დაიხევდნენ. დაბრკოლებები არ დაილევა, და თუ საკუთარ თავში საყრდენს მოიძევდა, ძნელად, მაგრამ მაინც გადალახავდა მათ. ამას თუ მთელ დღეს მოანდომებდა, მეორე დღეს ნაკლებად იგრძნობდა მათს სიმძიმეს, მესამე დღეს - უფრო ნაკლებად და თუ ასე გააგრძელებდა, სათნოების გზასაც დაადგებოდა.

გ) თუ ცოდვისგან გამოფხიზლებული კეთილ ზრახვებს შეუსრულებლად დატოვებ, ისინი ადვილად აღარ გეწვევიან. და რომც გეწვიონ, ძველებური სიძლიერით აღარ იმოქმედებენ ნებაზე. ნებაც ისე სწრაფად აღარ მოიმართება მათს აღსასრულებლად, და თუ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს, სუსტსა და ნაკლებად ენერგიულს. ხოლო როდესაც ძლიერ სურვილს ადამიანი ხვალამდე გადადებს, შემდეგ კი სულ დაკარგავს, მომავალში მათი დავიწყება უფრო გაუადვილდება, რაც ხშირად გადავდებთ კეთილი სურვილების აღსრულებას, მით უფრო შესუსტდება მათი მოქმედება. შემდეგ ეს სურვილები მთლად უმოქმედონი გახდებიან, უკვალოდ გაჩნდებიან, გაქრებიან და საბოლოოდ, აღარც მოვლენ. ადამიანი სრულიად დაეცემა. გული გაუუხეშდება და კეთილი ზრახვების მიმართ ზიზღი გაუჩნდება. ასე მივყავართ გადადებას საბოლოო სიკვდილამდე.

ერთსაც შევნიშნავ, დაყოვნებას მხოლოდ მაშინ კი არ მოაქვს ზიანი, როდესაც ცუდი ცხოვრების კეთილად შეცვლის შინაგანი იძულება ჩნდება, არამედ მაშინაც, როცა კაცი წესიერია, მოულოდნელად სიკეთის გაკეთების შესაძლებლობა ეძლევა, ის კი სახვალიოდ, ანდა განუსაზღვრელი დროით გადადებს. ამ დროს იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რაზედაც ვისაუბრეთ და იგივე შედეგს ვიმკით. იცოდე, ვინც ხელიდან უშვებს სიკეთის კეთების შესაძლებლობას, არა მარტო ვერ მიიღებს ნაყოფს იმ სიკეთისას, რომელიც შეეძლო გაეკეთებინა, არამედ ღმერთსაც შეურაცხყოფს. უფალი მას გაჭირვებულს უგზავნის, ის კი ეუბნება: „გამეცალე, მერე“. მართალია, ადამიანს პასუხობს, მაგრამ ეს ღვთისთვისაა ნათქვამი, ვინაც ეს ადამიანი გამოუგზავნა. უფალი გაჭირვებულისთვის სხვა კეთილისმყოფელს მონახავს, უარის მთქმელი კი უპასოხოდ არ დარჩება.