ნიკოდიმოს მთაწმინდელი

უხილავი ბრძოლა

 

ნაწილი პირველი

თავი 32

მტრის ხრიკები იმათ წინააღმდეგ, ვინც კეთილ გზაზე შედგა

და თუნდაც ვინმემ პირველი ორი დაბრკოლება გადალახოს, ცოდვის ბორკილებისგან განთავისუფლება მოისურვოს და მოქმედებასაც შეუდგეს, მტერი მაინც არ დატოვებს. ის მხოლოდ ტაქტიკას ცვლის, თუმცა კვლავ სურს და ცდილობს, რომელიმე ცოდვით დასცეს და დაღუპოს. წმიდა მამები ასეთ ადამიანს ყოველი მხრიდან დაისრულს გამოხატავდნენ - ზემოდან და ქვემოდან, მარჯვნიდან თუ მარცხნიდან, წინიდან თუ უკნიდან მოფრინავენ ისრები. ზემოდან მომავალი ისრები მტრის ჩაგონებაა სულიერი ღვაწლის უზომო სიძნელეების შესახებ; ისრები ქვემოდან ჩააგონებს, თვითსიბრალულის, მცონარებისა და უზრუნველობის გამო შეამცირონ ან და საერთოდ მიატოვონ ღვაწლი; მარჯვნიდან წამოსული ისრები მტრის ცდუნებას ნიშნავს, როდესაც რაიმე კეთილი საქმის ან წამოწყების გამო ცდილობს, განსაცდელი მოგვივლინოს და ცოდვით დაგვცეს; მარცხინდან - როცა მტერი აშკარად წარმოგვიდგენს საცდურს და ცოდვისკენ გვიბიძგებს; წინიდან - როცა მტერი გვაცდუნებს და გვარცხვენს ყოფითი გულისსიტყვებით; ზურგიდან მომავალი ისრები წარსული საქმეებისა და მოვლენების გახსენებით გვაცდუნებენ და გვაშფოთებენ. და ყველა ეს მაცდური გულისსიტყვა ან შინაგანი გზით, ან გარეგანად მიეზრდება სულს: შინაგანად ფანტაზიის მიერ ცნობიერებაში აღბეჭდილი სახეებითა და წარმოდგენებით, გულში უჯერო აზრების ჩასახვით, რასაც, ჩვეულებრივ, თან სდევს ვნებათა აღძვრა. გარეგნულად - გარეგანი გრძნობების შთაბეჭდილებებით, რომლებიც, როგორც უკვე ვთქვით, მუდმივად გვაწყდება. მტერს შემწედ ჰყავს ჩვენი ძველი ცოდვიანი ჩვევები და დაცემით დაზიანებული ჩვენი ბუნება. შეუძლია, ამდენი საშუალება გამოიყენოს ჩვენს წინააღმდეგ და ამიტომ პირველი წარუმატებლობის შემდეგ სულაც არ ფერხდება; მუდმივად ცდილობს, ბრძოლაში ჩართოს ხან ერთი, ხან მეორე საშუალება და დააზიანოს და გზას ააცდინოს ქრისტეს ერთგული მსახური.

როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, დატოვოს ბოროტების გზა და ასევე იქცევა, მტერი, უპირველესად, ცდილობს, განწმინდოს სამოქმედო არეალი, რათა ხელი არავინ შეუშალოს. ამას წარმატებით ახერხებს კიდეც, როდესაც სიკეთის გზაზე შემდგარს ჩააგონებს, მარტომ, თავისით იმოქმედოს და ყური არავის რჩევას არ ათხოვოს, ვინც ღვთისსათნო ცხოვრებაში უხელმძღვანელებდა. მას, ვინც თავის შინაგან თუ გარეგან ქმედებას ერის ეკლესიებში - მღვდლებს, ხოლო სავანეში გამოცდილ მოძღვრებს ანდობს, მტერი ვერაფერს დააკლებს. ბოროტმა რაც უნდა მოიმოქმედოს, გამოცდილი თვალი ადვილად შეამჩნევს და თავის მოწაფეს დაიფარავს. ასე გაცამტვერდება მისი მზაკვრობა. ხოლო ვინც ზურგს შეაქცევს კეთილისმყოფელ ხელმძღვანელს, ბოროტი მყის თავბრუს დაახვევს და გეზს დაუკარგავს. საამისოდ ბევრი შესაძლებლობა არსებობს, რაც ცუდი არ გვგონია და სწორედ მათ ჩაგვაგონებს მტერი. გამოუცდელი ახალბედაც უჯერებს და ალყაში ექცევა. აქ იგი უკვე დიდ ხიფათს წააწყდება ანდა საბოლოოდ დაიღუპება.

მტერი იმასაც ცდილობს, რომ ახალბედა არა მხოლოდ ხელმძღვანელის, შემწეობის გარეშეც დატოვოს. რჩევისა და ხელმძღვანელობის გარეშე ცხოვრებას შეჩვეული ადამიანი მალე ასკვნის, რომ საქმისა და ღვთისსათნო ღვაწლისათვის სხვის დახმარებას სულაც არ საჭიროებს. მტერიც ხელს უწყობს ასეთი დასკვნის გამოტანას, ფარულად მოქმედებს და თავს არ ესხმის ახალდამწყებს. ეს უკანასკნელიც, იგრძნობს რა ამგვარ თავისუფლებასა და შეღავათს, ოცნებობს, რომ ასეთი კეთილსაიმედო მდგომარეობა მისი ძალისხმევის ნაყოფია. შედეგად ადამიანი მოსვენებას ეძლევა და ლოცვისას ზეციურ შემწეობას ნაძალადევად გამოითხოვს, მხოლოდ იმიტომ, რომ ლოცვანში ასე წერია. ხსნას არ ეძიებს და არც არსაიდან ჩანს. ასე რომ, ახალბედა მარტო რჩება, საკუთარი ძალების იმედად. ასეთს კი მტერი იოლად გაუმკლავდება.

ამგვარი ხიბლის შედეგად ზოგი უდროოდ იღებს თავზე საკუთარი ძალებისთვის შეუფერებელ შრომას. ასეთს პირველ ხანებში ძალას ჰმატებს თავდაჯერებულობით მოზღვავებული ენერგია და გარკვეული დროის განმავლობაში უძლებს კიდეც მძიმე ღვაწლს. შემდეგ ძალ-ღონე ელევა და ზომიერი შრომის ტვირთვაც აღარ ძალუძს, ხშირად კი ამაზედაც უარს ამბობს. სხვანი უფრო მეტად აღაგზნებენ თვითშემოქმედებით ენერგიას და იმგვარ თავდაჯერებულობამდე მიდიან, რომ ყველაფერი შესაძლებელი ჰგონიათ. ასე აღგზნებულნი დამღუპველ ნაბიჯს დგამენ: ამომშრალ ჭებში ცვივიან, კლდიდან თუ გამოქვაბულიდან ხტებიან, საერთოდ აღარ იღებენ საზრდოს და ა.შ. ყოველივე ამას მტერი ხიბლში მყოფთათვის შეუმჩნევლად აკეთებს.

ხიბლში მყოფთა კიდევ ერთი თვისებაა ის, რომ წარმატებას თავად მიიწერენ და საკუთარ თავს სხვადასხვა შეღავათისა და სისუსტის უფლებას აძლევენ. გარკვეულწილად საცდურია ის, რომ როდესაც ცხოვრებაში რაიმე სიახლე იწყება, დღეები თვეებად, კვირები კი წელიწადებად იქცევა ხოლმე. ასე ემერთება მონანულსაც. ამიტომ მას, ვინც ახლებურ ყოფას შეუდგება და შრომით დაიღლება, მტერი ადვილად ჩააგონებს: უკვე ამდენი ვიშრომე, ვიმარხულე, ღამეების განმავლობაში არ მძინებია, შეიძლება ცოტათი კიდეც დავისვენო. „დაისვენე, - უკიჟინებს ბოროტი, - მოასვენე სხეული, შეიძლება ცოტა კიდეც გაერთო“. როგორც კი გამოუცდელი ახალბედა ამაზე დათანხმდება, შეღავათს შეღავათი მოჰყვება და ბოლოს ღვთისსათნო ცხოვრების წესრიგი დაირღვევა. ადამიანი კვლავ ძველ, უდარდელ და მცონარა ცხოვრებას უბრუნდება და, როგორც იტყვიან, მხრებს ჩამოყრის.

ამ ცდუნებებით - სხვათა რჩევა-დარიგებების უგულვებელყოფით, წარმატების საკუთარ თავზე მიწერით, გადაჭარბებული ღვაწლით ანდა შეღავათებით - მტერი არა მარტო სათნო ცხოვრების დასაწყისში გვებრძვის, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ცდილობს მსგავსი აზრების ჩაგონებას. ამიტომ თავადვე მიხვდები, ნებისმიერი საქმის კეთებისას რამდენად აუცილებელია სხვათა რჩევის გათვალისწინება. თუნდაც სულ მცირე წარმატებაც არასოდეს მიაწერო საკუთარ თავს, საკუთარ ძალებსა და გულმოდგინებას. ეცადე, თავი აარიდო ყოველგვარ გადაჭარბებას თუ სისუსტეს და ზომიერად, მაგრამ ენერგიულად და ხალისით იცხოვრე. ყურად იღე წმინდანთა მიერ უკვე დადგენილი და აღიარებული მაგალითები და თანამედროვე გამოცდილი ადამიანების დარიგება.

 

თავი 33

როგორ გვაშორებს მტერი კეთილ საქმეთ და წაახდენს მათ

მტერი მუდმივად ცდილობს, ამგვარი მზაკვრობით მოშალოს კეთილი ცხოვრების წესი. მას, ვინც მყარად დგას სათნოების გზაზე, მტერი განსხვაევბული ხერხითა და საცდურით ებრძვის. ამ დროს ბოროტი მთელი ცხოვრების განმავლობაში კი არა, დროდადრო მოქმედებს - თითოეული საქმისას, რასაც კი წამოიწყებს ღვთისმოყვარე ქრისტიანი.

დილიდან, თვალის ახელიდან დაღამებამდე, თუ სიზარმაცითა და უდებებით არ ვართ დაავადებულნი, გარშმორტყმულნი ვართ საქმეებით, რომლებიც ერთიმეორეს მოსდევენ და თავისუფალ დროს და ადგილს არ გვიტოვებენ. ამასთან არა მარტო ღვთისადმი ლოცვითი მისწრაფება, არა მარტო სხვათათვის აღსრულებული სიმართლისა და სიყვარულის საქმენი და თვითმოკვდინების გზაზე საკუთარ თავში სულისა და სხეულის თანასწორობის შენარჩუნება, არამედ ყოფითი საქმეებიც მკაცრი ყურადღებით, საცხოვნებლად, გულმოდგინედ და მხნედ უნდა კეთდებოდეს. მოშურნეთ ღმერთი ეხმარება ყველაფრის ჯეროვნად წარმართვაში; მადლით თანამოქმედებს და ანგელოზთა და წმიდანთა ლოცვებით იცავს. მაგრამ მტერსაც არ სძინავს. ყოველი საქმისას ცდილობს, როგორმე აამღვრიოს წყალი და საჭირო ქმედების ნაცვლად არასაჭიროზე მიგვმართოს: ხან საქმის დაწყებას უშლის ხელს, ხან მათი შეწყვეტა სურს, ხანაც, თუ ამას ვერ მოახერხებს, ცდილობს, ფუჭად დაასრულოს ისინი. და თუ აქაც ხელი მოეცარება, ცუდმედიდობასა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის აღძვრით ესწრაფვის ღვთის წინაშე მათ დამცირებას.

წმიდა იოანე კიბისაღმწერელი ამის შესახებ ამბობს: „ნებისმიერი ქმედებისას, რომლითაც ვცდილობთ, სათნოვეყოთ ღმერთს, ეშმაკი სამ ორმოს გვითხრის: პირველ რიგში იბრძვის, წინ აღუდგეს ჩვენს კეთილ საქმეს. თუ პირველი თავდასხმისას დამარცხდა, შეეცდება, დასრულებული საქმე არ იყოს ღვთისთვის სათნო, ხოლო თუ ამ განხზრახვასაც ვერ აღასრულებს წარმატებით, მაშინ უკვე უხმოდ მოადგება ჩვენს სულს და თავს გვიქონავს, თითქოს ყველანაირად ღვთისსათნოდ ვცხოვრობდეთ. პირველ საცდურს ჩვენი მხურვალე მისწრაფება და სიკვდილის ხსოვნა ეწინააღმდეგება; მეორეს - სინანული და სიმდაბლე; ხოლო მესამეს - საკუთარი თავის მუდმივი დამუნათება. ესე არს შრომა ჩემ წინაშე, ვიდრემდის შევიდე მე სიწმიდესა (ფს. 72, 16-17), და ვიდრე ჩვენს სანათურში ღვთაებრივი ცეცხლი აენთება. მაშინ უკვე აღმოიფხვრება ჩვენში ბოროტი ჩვეულებები, რადგანაც ჩვენი ღმერთი არის ცეცხლი შთანმთქმელი (ებრ. 12,29) „ყოველნაირი ავხორცობის, ყოველი ბოროტი ჩვევის, განრისხების, შინაგანი თუ გარეგანი, ხილული თუ აზრობრივი სიბნელისა“ (სიტყვა, 26,8).

ყოველივეს დაწვრილებით აღწერა კალამს არ ძალუძს. გონებაში მხოლოდ ერთი აღიბეჭდე: მუდამჟამს, მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო საქმისას სათნოეყო ღმერთს და თავად ცხოვრება გასწავლის მტრის მზაკვრობის ნათლად დანახვას და გამოცნობას, აქვე რამდენიმე მაგალითს შემოგთავაზებ, თუ როგორ გვიმღვრევს სულს ბოროტი, რათა გააუფასუროს ჩვენი საქმეები, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში მიმდინარეობს.

მაგალითად, როდესაც ავადმყოფი ცდილობს, მშვიდად გადაიტანოს სნეულება და ასეცაა განწყობილი, მტერმა უწყის, რომ ამით სნეული მოთმინებაში განმტკიცდება და ცდილობს, დაარღვიოს მისი კეთილგანწყობა. ამ მიზნით გონებაში წარმოუდგენს უამრავ კეთილ საქმეს, რომელთა აღსრულებასაც შეძლებდა, ასეთ მდგომარეობაში რომ არ იყოს; ცდილობს დაარწმუნოს, როგორ სარგებელს მოუტანდა საკუთარ თავსა და სხვებს, როგორ სათნოდ ემსახურებოდა ღმერთს, ჯანმრთელი რომ ყოფილიყო: ივლიდა ეკლესიაში, ისაუბრებდა, წაიკითხავდა, დაწერდა ახლობელთა დასამოძღვრად და ა.შ. როდესაც შეამჩნევს, რომ ასეთი აზრები შეწყნარებულია, მტერი უფრო ხშირად მოჰგვრის მათ, განამრავლებს, განამშვენებს და ადამიანში მსგავსი საქმეების აღსრულების სურვილსა და მისწრაფებას გააღვიძებს; წარმოუდგენს, თუ როგორი წარმატებით გაუძღვებოდა საქმეს და სინანულს მოჰგვრის, რომ ავადმყოფობითაა ხელ-ფეხშეკრული. ასეთი სურვილებისა და განწყობების სიხშირის შედეგად სინანული უკმაყოფილებასა და გულისდაწყვეტაში გადაიზრდება. უწინდელი დიდსულოვანი მოთმინება განქარდება და ავადმყოფობა უკვე ღვთის მიერ მოვლენილ კურნებად და მოთმინების მოსახვეჭ ასპარეზად კი აღარ აღიქმება, არამედ ცხონებისათვის არასასურველად. ავადმყოფს სნეულებისგან განთავისუფლების დაუძლეველი სურვილი უჩნდება და დარწმუნებულია, რომ ასე უფრო აღასრულებს კეთილ საქმეებს და სათნოეყოფა ღმერთს. ასეთ მდგომარეობაში მყოფს მტერი უჩუმრად ააცდენს კეთილსასურველ მიზანს და მხოლოდ ჯანმრთელობის სურვილს უტოვებს. ადამიანიც ავადმყოფობას სიკეთის გზაზე დაბრკოლებად კი არა, თავისთავად საძულველ მოვლენად აღიქვამს. შედეგად ძლიერდება მოუთმენლობა, რომელიც კეთილგონიერებით ვერ იკურნება და დრტვინვაში გადაიზრდწება, რაც სნეულს უწინდელ სიმშვიდესა და მოთმინებას წარსტაცებს. მტერი კი ამით ხარობს. ზუსტად ასე შეაშფოთებს, მოშლის ბოროტი ღატაკსაც, რომელიც მოთმინებით იტანდა საკუთარ ხვედრს და წარმოუსახავს, თუ როგორი სათნო საქმეებით განმშვენდებოდა იგი, სიმდიდრე რომ ჰქონოდა.

ასევე ცდილობს მტერი იმათ დამარცხებას, ვინც სავანეში ან რომელიმე ბერის მორჩილებაშია. არწმუნებს, რომ ასეთი ცხოვრებით დიდხანს ვერ მიაღწევენ სასრუველ სრულყოფილებას და მათში დაყუდების ან განდეგილობის სურვილს აღძრავს. ზოგჯერ მტრის ამგვარ ჩაგონებებს ემორჩილებიან ხოლმე, მაგრამ შემდეგ, განმარტოებისას, მცონარებენ და იმასაც ჰკარგავენ, რაც მორჩილებით შეიძინეს.

პირიქითაც ხდება: მტერი ახერხებს განდეგილობიდან და დაყუდებიდან მოაბრუნოს ზოგიერთი. ამ დროს ცდილობს დაარწმუნოს, რომ მათი ყოფა, მათთვისაც და სხვებისთვისაც, სრულიად უსარგებლოა, მაშინ, როცა სავანეში შეეძლო დღედაღამ სასარგებლო საქმე ეკეთებინა. როდესაც ასეთი მოღვაწე სავანეში მიდის საცხოვრებლად, ვერ ასწრებს სასარგებლო საქმის კეთებას და იმასაც კარგავს, რაც უდაბნოში მოსაგრეობით შეიძინა.

უამრავი სხვა შემთხვევაც ვიცით, როდესაც მტერი ცდილობს, ადამიანი ერთი სახის ქმედებას მოწყვიტოს სხვა, თითქოსდა უფრო სასარგებლო საქმეზე მიტყუებით. ამით კი ორივეს ჩაშლის ხოლმე.

ამ საცდურს ადვილად ის დააღწევს თავს, ვისაც გამოცდილი მრჩველი, ხელმძღვანელი და თანამოსაუბრე ჰყავს და მდაბალი მორჩილებით ასრულებს მათ რჩევა-დარიგებას. ხოლო ვინც ამგვარ სიკეთეს მოკლებულია, მან, დაე, ისწავლოს ავის კარგისგან გარჩევა იმ ქრისტიანული საწყისების მიხედვით, რომლებითაც უნდა წარიმართოს ჩვენი ცხოვერბა. თუ ჩვენს კეთილს საქმეს დაბრკოლება აღუდგება წინ, ჩვენი ნებით კი არა, ღვთისგან იქნება მომდინარე, თვინიერად მიიღე და ყურს ნუ ათხოვებ ჩაგონებას, აზრს, რომელიც მოთმინების გზიდან გადაგახვევინებს. ასეთ შემთხვევას ღმერთი გიგზავნის და შესაბამისი მოქმედების გარდა არაფერს მოელის შენგან. სნეული ხარ თუ ღატაკი, დაითმინე. უფალი მოთმინების გარდა არაფერს ითხოვს შენგან. თუ დიდსულოვნად დაითმენ, მუდამჟამს სიკეთეს აღასრულებ. უფალი მუდამჟამს იხილავს, რომ თუ მშვიდად იტან ყოველივეს, სიკეთესაც იქმ და სათნოდაც ცხოვრობ, მაშინ, როდესაც ჯანმრთელ ადამიანს მხოლოდ დროდადრო თუ მისდის საქმე კარგად. ამიტომ როდესაც შენი მდგომარეობის შეცვლას ესწრაფვი, კარგის ცუდზე შეცვლას ცდილობ.

თუ ვითარება, რომელშიც შემთხვევით აღმოჩნდი და რომელიც, შენი აზრით, ცუდად მოქმედებს კეთილ საქმეებზე, შენზედ იქნებოდა დამოკიდებული, ალბათ, განსჯიდი და ისე მიიღებდი გადაწყვეტილებას. უერთგულე ამ განსჯას და აზრებს გაფანტვის საშუალებას ნუ მისცემ. ეცადე, გულისყური იმ ერთზე გაამახვილო, რაც ჯერ-არს შენდა გასაკეთებლად. მშვიდად განაგრძე საქმე და მტკიცედ გჯეროდეს, თუ ყველაფერს უფალს მიუძღვნი და თვითგანდიდებაზე არ იზრუნებ, შენი ქმედება აუცილებლად ნაყოფს გამოიღებს და ღვთის მიერ შეიწირება, როგორც ყველაზე დიდი მსხვერპლი. და მშვიდად იყავი.