ნიკოდიმოს მთაწმინდელი

უხილავი ბრძოლა

 

ნაწილი პირველი

თავი 47

გონიერი ანუ შინაგანი ლოცვა და მისი სახეობები

გონიერი ანუ შინაგანი ლოცვა ნიშნავს მლოცველის მიერ გონების გულში მოკრებას და იქიდან ღვთისადმი უხმო ლოცვის აღვლენას, უფლის დიდებას და მადლიერებას. ამ დროს კაცი გულშემუსვრილებით აღიარებს ღვთის წინაშე საკუთარ ცოდვებს და თავისთვის საჭირო სულიერ და ხორციელ სიკეთეთ გამოითხოვს. არა მხოლოდ სიტყვით უნდა ვილოცოთ, არამედ გონებითაც, და არა მხოლოდ გონებით, გულითაც. გონება ნათლად უნდა ხედავდეს და ისმენდეს, რაც სიტყვით წარმოითქმის, ხოლო გული გრძნობდეს, რასაც ამ დროს გონება გაიაზრებს. ყოველივე ეს ერთად წარმოადგენს ჭეშმარიტ ლოცვას. თუ შენს ლოცვაში ასეთი რამ არ არის, ის არასრულყოფილია, ანდა სულაც არ არის ლოცვა.

ალბათ, გსმენია: სიტყვიერი ლოცვა, გონიერი ლოცვა, გულისმიერი ლოცვა. თითოეულ მათგანზე გარკვეული აზრიც გამოუთქვამთ. საიდან მომდინარეობს ლოცვის ნაწილებად დაყოფა? ჩვენი დაუდევრობის მიზეზით ხანდახან ენა ლოცვის წმიდა სიტყვებს წარმოთქვამს, გონება კი სად არ დახეტიალობს. ანდა გონებას ესმის სიტყვები, გული კი მათ მიმართ უგრძნობელი რჩება. პირველ შემთხვევაში ლოცვა მხოლოდ სიტყვიერია და სულაც არაა ლოცვა; მეორეში - სიტყვიერს გონებრივი ლოცვაც უერთდება, მაგრამ ეს არასრულყოფილი ლოცვაა; ჭეშმარიტად სრულყოფილია მაშინ, როდესაც ლოცვით სიტყვას და ლოცვით აზრს ლოცვითი გრძნობაც ეთანხმება.

ღვთის მადლის მოქმედების შედეგია გულისმიერი ლოცვა, ესაა სულიერი ლოცვა, რომელიც გულში სულიწმიდის მიერ მოძრაობს. მლოცველი შეიგრძნობს მას, მაგრამ თავად კი არ ლოცულობს, ლოცვა თავისთავად აღევლინება მასში. ამგვარი რამ სრულყოფილთა ხვედრია. ნებისმიერისათვის კი შესაძლებელია ის, რომ ლოცვით სიტყვებს მუდამ ეთანხმიერებოდეს აზრი და გრძნობა.

არსებობს ლოცვა, რომელიც ღვთის წინაშე წარდგომად სახელდება. ამ დროს მლოცველი გულში შემოიკრებს ყურადღებას და შესაბამისი გრძნობების მეშვეობით შინაგანად შეიმეცნებს თავის თავში არსებულ ღმერთს - ზოგჯერ შიშითა და მისი დიდებულებისადმი კეთილკრძალული მოწიწებით, რწმენითა და სასოებით, ზოგჯერ სიყვარულითა და ღვთის ნების ერთგულებით, ზოგჯერ კი - გულშემუსვრილებითა და ნებისმიერი მსხვერპლის გასაღებად მზადყოფნით. ასეთი მდგომარეობა მაშინ მიიღწევა, როდესაც მლოცველი სიტყვით, გონებითა და გულით ჩაუღრმავდება ჩვეულებრივ ლოცვას. ვინც ხანგრძლივად და ჯეროვნად ლოცულობს, ხშირად მიაღწევს ასეთ სიმაღლეს. და ბოლოს, შესაძლოა, მუდმივად ამ მდგომარეობაში იყოს, რასაც უფლის წინაშე სვლა ეწოდება და დაუცადებელი ლოცვა გახლავთ. სწორედ ასე ლოცულობდა წმიდა დავით წინასწარმეტყველი, რომელიც გვიმოწმებს: წინაისწარ ვხედავ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა (ფს. 15,8).

ასე რომ, ძმაო, თუ გსურს, შენი შრომა კეთილნაყოფიერი იყოს, მხოლოდ სიტყვიერი ლოცვით ნურასოდეს შემოიფარგლები. გონებითაც ილოცე და გულითაც. გონებით გაიაზრე და შეიმეცნე ლოცვის სიტყვები, გულით კი შეიგრძენი ყველაფერი. მეტწილად გულით ილოცე. გულიდან წამოსული ლოცვა ელვისებურად კვეთს ზეცას და ყოვლადმოწყალე უფლის ტახტამდე აღწევს. და ღმერთიც მეტწილად მას შეიწყნარებს და შეისმენს. ასე ილოცა მოსე წინასწარმეტყველმა მეწამულ ზღვასთან და მყისვე მოესმა ხმა უფლისა: რას შემომბღავით (გამოსვ. 14,15)? და მიიღო კიდეც ძალა უფლისგან, რათა საკუთარი ხალხი მოსალოდნელი უბედურებისგან ეხსნა.

 

თავი 48

როგორ ვილოცოთ ამ წესით

ვფიქრობ, წაკითხულის შემდეგ გაგიჩნდა კითხვა, თუ როგორ დაეუფლო ასეთ ლოცვას. აი, პასუხიც: შეეჩვიე, მუდამ ასე ილოცო, ანუ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ გონებითაც და გულითაც, და შეძლებ. როგორ ისწავლე კითხვა? - დაიწყე მეცადინეობა და შრომა და შეისწავლე. როგორ დაეუფლე წერას? - დაიწყე წერა და დაეუფლე. თუ ამ წესით ილოცებ, სწორედ ასევე შეძლებ ლოცვის სწავლასაც.

ლოცვის სიტყვები, რა თქმა უნდა იცი, ბავშვობიდანვე გასწავლიდნენ. ისინი მოცემულია ლოცვანში და ეკლესიის საღვთისმსახურო წიგნებში. ეს ლოცვითი ნაკადია, წმიდა მამათა და დედათა გულიდან ამონახეთქი, როდესაც სულიწმიდის მიერ აღძრულნი ღვთის წინაშე აღავლენდნენ საკუთარ გულისწადილს. მათში ლოცვის სულია აღბეჭდილი. ამავე სულით აღივსები შენც, თუ ისე წაიკითხავ, როგორც საჭიროა; როგორც გულისყურიანი მკითხველი გრძნობს მწერლის სულს. ეს ყველას განუცდია და, ვფიქრობ, შენც.

სიტყვები ჩვენს ლოცვანშია თავმოყრილი. მათ შესაკრებად შრომა არ დაგჭირდება. გქონდეს ლოცვანი და, განკუთვნილ დროს - დილა-საღამოს იკითხე. ყოველ სიტყვას ჩასწვდი, გაიაზრე ისე, როგორც იქაა გამოსახული. შეეცადე, იმგვარივე გრძნობები გააღვიძო გულში, როგორც წაკითხულ ლოცვაშია. ამაშია მთელი სიბრძნე. როგორც წესი, ყველა ასე იქცევა.

ასე იქცევა ყველა, მართალია, იტყვი შენ, - მაგრამ რატომ ყველას არ შეუძლია ჯეროვნად ლოცვა? - იმიტომ, რომ საქმით კი აკეთებენ ასე - ანუ იღებენ ლოცვანს, დგებიან ხატების წინ და კითხულობენ, მაგრამ გულსა და გონებას არ ატანენ. გონება სხვაგან დახეტიალობს, გულიც სხვა რამით ტკბება და არა ლოცვით. შენ კი ეცადე, გონება ლოცვის სიტყვებით შებორკო, ლოცვის სიტყვებში ჩაკეტო, ხოლო გულით შეიგრძნო მათ მიერ წარმოთქმული. მერწმუნე, მყისვე იგრძობ ამგვარი ლოცვის ნაყოფს.

ასე რომ, ლოცვის სიტყვები ხელთა გაქვს. იცი, რასაც ნიშნავს მათი შემეცნება და შეგრძნება. ეს ყველაფერი შენს ხელთაა. შენს ხელთაა ლოცვა და მასში წარმატება. დაუზარებლად იშრომე და წარმატებას მიაღწევ. აქვე სახელმძღვანელოდ რამდენიმე სასარგებლო რჩევას შემოგთავაზებ:

1) გაისარჯე და არა ლოცვითი კანონის შესრულებისას, არამედ თავისუფალ დროს გაიაზრე და შეიგრძენი მოცემული ლოცვები. თუ ასე მოიქცევი, ადვილად შეძლებ უკვე წაკითხულის შინაარსის აღდგენას. როგორც კი ლოცვას დაიწყებ, მისი აზრი და გრძობა ცნობიერებაში წარმოგიდგება და ისე გაიმეორებ სიტყვებს, თითქოს ისინი შენ გეკუთვნოდეს, შენი გულიდან მოდიოდეს, იქ იყოს წარმოშობილი და არა ჩადებული.

2) შეეცადე, ლოცვის გააზრებისა და განცდის შემდეგ ტექსტი ზეპირად დაისწავლო. თუ ასე მოიქცევი, მუდამ თან ატარებ ლოცვას. ვიდრე ის ლოცვანშია, შენს გარეთაა, ხოლო როდესაც დაისწავლი, შენში იქნება. და რა ვითარებაშიც უნდა აღმოჩნდე, შენი ლოცვანი მუდამ თან გექნება. ამასთან ერთად, ტექსტის დამახსოვრებით უფრო ღრმად აღიბეჭდავ ლოცვით აზრებსა და გრძნობებს, ვიდრე მათი უბრალოდ განსჯა და შეგრძნებაა. თუ მხოლოდ ლოცვანის სიტყვებს კი არ დაისწავლი, იმ აზრებსა და გრძნობებში მყოფობასაც შეძლებ, რაც მათშია გამოხატული, შენში ერთგვარი ლოცვითი ნაკადი წარმოიშობა. ეს საუკეთესო გზაა ჭეშმარიტი ლოცვის დასაუფლებლად.

3) როდესაც დრო მოაწევს, უცბად ნუ მოწყდები საქმეს და ლოცვას ნუ დაიწყებ. წინასწარ მოემზადე საამისოდ: „ცოტა ხანს მდუმარედ დაჰყავი, ვიდრე გრძნობა მიჩუმდება“, - როგორც ლოცვანი გვასწავლის. გაიაზრე, რა საქმის დაწყებას აპირებ, ვინა ხარ შენ - მლოცველი და ვინაა ის, ვის წინაშეც უნდა აღავლინო ლოცვა, რა უნდა წარმოთქვა და როგორ. ასეთი მომზადება აუცილებელია, რადგან დილით სული ძილისგან დამძიმებულია და გაღვიძებისთანავე დამდეგი დღის საზრუნავი ახსენებს თავს. საღამოს კი, განვლილი დღის მრავალფეროვანი შთაბეჭდილებანი და სხვადასხვა უსიამოვნო თუ სასიამოვნო შემთხვევები რომ წარიხოცოს, შეეცადე, ყველაფერი გამოდევნო ცნობიერებიდან. მთელი შენი გულისყური ლოცვამ უნდა დაიპყროს და მხოლოდ მას უნდა დაუთმო დრო. შთამბეჭდავი შემთხვევები, რომელთაგანაც თავის დახსნას ვერ შეძლებ, ლოცვისას მადლობის საგნად აქციე, შემწეობა ითხოვე მისგან გასათავისუფლებლად, ან ყველა და ყველაფერი ღვთის ნებას მიანდე.

4) ლოცვის დაწყებისთანავე, კეთილკრძალული შიშით აღვსილმა, გონებითა და გრძნობით თავი ღვთის წინაშე წარმოიდგინე და გულში მტკიცე რწმენა ჩაისახე, რომ უფალი გხედავს და გისმენს. ის პირს არ იბრუნებს მლოცველთაგან, კეთილისმყოფლურად უმზერს მათ და გჯეროდეს, მზადაა და ნამდვილად აღგისრულებს თხოვნას, თუ ეს უკანასკნელი შენი სულისთვის მარგებელია.

5) ამ განწყობით წარმოთქვი ლოცვის სიტყვები, მთელი არსებით ჩაუღრმავდი მათ და შეეცადე, იმგვარად მოედინებოდნენ გულიდან, თითქოს საკუთარი იყოს და არა დასწავლილი. ნუ მისცემს ყურადღებას სხვა მხარეს გადახრის, ხოლო აზრებს - გაფანტვის უფლებას. როგორც კი მიხვდები, რომ ასე ხდება, აზრები შენს შიგნით დააბრუნე და იმ ადგილიდან განაგრძე ლოცვა, სადაც ყურადღება გაგეფანტა. იცოდე, თუ გულში ლოცვითი გრძნობებია, ყურადღება არ იფანტება. ამიტომ ყველაზე მეტად ამაზე იზრუნე. ლოცვისას ნურასოდეს ნუ აჩქარდები, მოთმინებითა და მოწიწებით ჩაამთავრე, როგორც წმინდა საქმე.

6) თუ ასეთი განწყობით ლოცვისას რაიმე განსაკუთრებით იმოქმედებს გულზე, ყურადღებას მიიპყრობს, როგორც შენთვის მახლობელი რამ და საკუთარი ლოცვის სურვილს აღგიძრავს, უყურადღებოდ ნუ დატოვებ ამ შემთხვევას, შეჩერდი და შენი სიტყვებით ილოცე, ვიდრე წარმოშობილი ლოცვითი გრძნობა თუ მოთხოვნილება არ დაკმაყოფილდება.

7) თუ გაირჯები და ასე ილოცებ, შედეგად მიიღებ ლოცვით განწყობილებას, რომელსაც უნდა მოუფრთხილდე და დაიცვა. ამიტომ ლოცვის დასრულებისთანავე ჩვეულ საქმეს ნუ მიაშურებ, ნუ იფიქრებ, რომ ლოცვითი კანონის აღსრულებით უკვე დაასრულე ღმერთთან ურთიერთობა და ახლა შეგიძლია საკუთარ აზრებსა და გრძნობებს თავისუფლება მისცე. არა, უნდა ეცადო, მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნო ის მდგომარეობა, ლოცვისას რომ გქონდა. ამას მაშინ შეძლებ, თუ არ დაივიწყებ, რომ უფლის წინ იარები და მისი მარჯვება გაკავებს არარაობის უფსკრულის თავზე. ამგვარი აზრით აღსავსემ ყოველი საქმე, დიდიც და პატარაც, ღვთის სურვილისამებრ აღასრულე. მისგან გამოითხოვე ლოცვა-კურთხევა და ყველაფერი მისი სახელის სადიდებლად აკეთე. თუ ასე მოიქცევი, საღამოს ლოცვად დადგომამდე შეინარჩუნებ კეთილ ლოცვით განწყობილებას. თუ საღამოს კანონსაც ასე აღასრულებ, ღამითაც მშვიდად იძინებ. ესეც შენი ლოცვითი განწყობილების ოცდაოთხი საათი. ასე გაატარე ყოველი დღე და რამდენიმე თვეში, ანდა რამდენიმე კვირაში ძლიერი მლოცველი გახდები. და ლოცვა, როგორც ჩაუქრობელი კანდელი, მუდმივად გაგითბობს სულს.

8) ერთ წესსაც დავუმატებ: ეს არის ლოცვის შუწყვეტლობა - დაწყებიდან იმ დრომდე, ვიდრე წარემატებოდე... თუ დღეს კარგად ილოცებ და ლოცვით განწყობილებას შეინარჩუნებ, ხვალ კი თავს ნებას მისცემ და დროს თავაშვებულეაბში გაატარებ, ვერასოდს წარემატები ლოცვაში. ეს ერთდროულად შენებასა და ნგრევას ნიშნავს... ასე შეიძლება საერთოდაც ჩაკვდეს ლოცვა და სული მისთვის გამოუსადეგარი გახდეს. თუ დაიწყებ, მოთმინებით უნდა ილოცო, შრომა არ შეასუსტო და შეღავათებით არ გაინებივრო თავი.

 

თავი 49

საკუთარი ლოცვის შესახებ, რომელიც თავად მლოცველის მიერ ითხზვება

რაც აქამდე ვისაუბრეთ, სხვის მიერ შექმნილი მზა ლოცვის აღვლენას შეეხებოდა. მართალია გულისყურითა და გრძნობით აღსრულებულს, მაგრამ მაინც სხვის ლოცვას. მხოლოდ ამით უნდა შემოვიფარგლოთ თუ არა? ამაზე პასუხს თავად ლოცვა იძლევა. დადექი ლოცვად, აღასრულე, როგორც წესია, დასწავლილი ლოცვები. ის თავიდანვე დაემყნობა სულს და როგორი ძალითაც დაემყნობა, იმგვარადვე აღუძრავს მლოცველს სურვილს, თავადაც საკუთარი მოთხოვნილებისაებრ გულიდან ამოთქვას ლოცვა. და ისიც მუდმივად აღავლენს უფლისადმი ასეთ ვედრებას. ასე რომ, ლოცვით ღვაწლში თავისი წილი უდევს საკუთარ ლოცვასაც.

წინა თავში უკვე აღვნიშნეთ, რომ თუ ლოცვისას რომელიმე სიტყვა გულში ჩაგწვდება, უყურადღებოდ არ დატოვო, უნდა შეჩერდე და თავად ილოცო იმისდა კვალად, რამაც შენი სული დაიპყრო. ასეც მოიქეცი. ასევე ხდება საღვთო წერილისა და სულისთვის სასარგებლო წიგნების კითხვისას, ღვთაებრივ საგნებზე ფიქრისას, ღვთის დიდებულებისა და სრულყოფილების, მისი გასაოცარი შემოქმედებითი ძალის, ყოვლისმპყრობელობის, ჩვენს საცხოვნებლად განხორციელებული ღვთაებრივი განგებულების გააზრებისას, ცხოვრების შთამბეჭდავ და გამაოგნებელ მოვლენებზე ფიქრისას, როდესაც რაიმე საგანი განსაკუთრებულ კვალს ტოვებს სულზე, მის ყურადღებას იპყრობს და მოუწოდებს, ლოცვით ამაღლდეს უზენაესამდე. ყოველ ასეთ შემთხვევაში უყურადღებოდ ნუ დატოვებ წარმოშობილ სურვილს, დროებით შეწყვიტე საქმე, რასაც აკეთებ და ილოცე.

ეს უცაბედი მოწოდება - სურვილი იმას ნიშნავს, რომ ლოცვა გულში მკვიდრდება და ავსებს მას. ასეთი განწყობა თავიდანვე კი არა, ლოცვითი ჩვევის დაუფლებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ჩნდება. ეს მდგომარეობა მოწმობს, რომ ლოცვის საქმე წარმატებით მიდის წინ. რაც უფრო ხშირია ამგვარი შინაგანი სურვილი, მით მეტად ივსება ლოცვითი სულით ადამიანი. ამ დროს ყოველთვის საკუთარი ლოცვით უნდა ილოცო. მაგრამ საკუთარი მუდამ ზოგადი ლოცვისას წარმოიშობა. ორივე ერთმანეთის მსგავსი და თანაბარი ღირსებისაა და მათი შეცვლა მხოლოდ ღვთის წინაშე უსიტყვო მჭვრეტელობითი ლოცვით შეიძლება. ამ დროს ზოგჯერ გარკვეული ლოცვის სურვილი წარმოიშობა, ზოგჯერ კი სურვილთან ერთად მლოცველის გულიდან უშრომლად მოედინება ლოცვაც. პირველ შემთხვევაში თავად მოგიწევს შესაბამისი ლოცვითი სიტყვების შექმნა, ხოლო მეორეში დამორჩილდი და ხელი არ შეუშალო გულიდან მომავალ ნაკადს. აქვე შეგახსენებ: ნუ გაცდუნებს შინაგანი ნდომისა და საჭიროების გარეშე საკუთარი ლოცვის შექმნის სურვილი. შეგიძლია ძალზე ჭკვიანური ტექსტიც დააწყო უფლისადმი, მაგრამ ეს ლოცვა კი არა, სიტყვებისა და აზრების შეთანხმება იქნება ლოცვითი სულის გარეშე. ნუ მოიქცევი ასე. საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენასა და ცუდმედიდობას ვერ გაექცევი, ისინი კი ჭეშმარიტ ლოცვას ჩაახშობენ და დათრგუნავენ.

რაც შეეხება გულში წამოსული სურვილის შედეგად აღმოცენებულ ლოცვას - როდესაც საკუთრივ შენთვის კეთილსასურველ საგანზე გსურს ილოცო. იგი ხანდახან შენგან მომდინარეობს იმ ლოცვითი ელემენტებისაგან, რომლებიც მზა ლოცვების შესწავლა-შეთვისებისას ჩნდება გულში, ხანდახან კი ღვთის მადლის ზემოქმედების შედეგია. ეს იმ სულიერი ლოცვის ჩანასახად გვევლინება, რომელზედაც 47-ე თავში ვისაუბრეთ. თუ ასეთ მდგომარეობას მიაღწევ, ეს ნიშნავს, რომ შენთვის შესაძლო სრულყოფილების ზღვარს უახლოვდები. მადლობა შესწირე უფალს და უფრო მეტი შიშითა და თრთოლვით იგულმოდგინე. რაც უფრო ძვირფასია ეს განძი, მით ძლიერი შურით აღინთება მტერი.

 

თავი 50

მოკლე ლოცვები, ანუ ღვთისადმი მოკლე ლოცვითი სულთქმა

უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჭეშმარიტი ლოცვა არა მარტო სიტყვებით, არამედ გონებითა და გულით აღსრულებული შინაგანი ლოცვაა. ასეთი ლოცვა სრულად იკრებს გულისყურს და გულში აჩერებს. შიგნითმყოფობა ჭეშმარიტი ლოცვის განუყოფელი ნაწილი და მისი მთავარი პირობაა. ყურადღების გულში მოქცევას მუდმივად თან ახლავს ფიქრი უფლის შესახებ, რომელიც ყოველთვის ხედავს და ისმენს. ამ დროს სხვა დანარჩენი გულისსიტყვები უკან იხევენ, რასაც სიფხიზლე ანუ გულის დაცვა ეწოდება. ლოცვით ღვაწლს შემდგარი და წარმატების მოსურნე ადამიანი მუდმივად გულის ზღურბლთან უნდა იდგეს და ფხიზლად იცავდეს მას ყოველგვარი გულისსიტყვებისგან. რასაც უნდა აკეთებდეს, მხოლოს უფალი ახსოვდეს, არ მოაშოროს გულისყური და მასთან თანამყოფობის შეგნებით იყოს აღსავსე, თითქოსდა უფლის წინაშე იდგეს. ეს ლოცვითი ღვაწლის უმაღლესი ქმედებაა. მისკენ და მისი საჭიროებისა და მოთხოვნილების განცობიერებისკენ მივყავართ ლოცვას, რომელზედაც უკვე ვისაუბრეთ. პირველად ის შეასწავლის გონებას ყურადღების გულში მოკრებას და მხოლოდ უფლის ხმის სმენას. როდესაც ლოცვის ღვაწლს შემდგარი ადამიანი შეიცნობს, თუ რამდენად სასარგებლოა მისთვის ყურადღების მოკრება, უკვე ბუნებრივად სურს, რომ მისი სული მუდმივად ასეთ მდგომარეობაში იყოს, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება დაიბადოს დაუცადებელი ლოცვა. ყველა, ვინც ამ მოთხოვნილებას იგრძნობს, ეძიებდა და ეძიებს მას. წმიდა მამების სწავლანი გულის სიფხიზლისა და დაცვის შესახებ სწორედ ამისკენაა მიმართული და ამგვარ ღვაწლში წარმატებულთა გამოცდილებას გადმოგვცემს.

თუ შენც იგრძნობ ამ მოთხოვნილებას, ბუნებრივია, კითხვაც დაგებადება: როგორ შევიძლო ღვთის წინაშე ეს აუცილებელი შიგნითმყოფობა და როგორ დავიცვა გულის სიფხიზლე? ლოცვა ამის წინაპირობას ქმნის, მაგრამ საქმე თავისთავად არ მიგვიყვანს სრულყოფილებამდე. ლოცვა მრავალ სირთულეს შეიცავს. ის ჩვენს ყურადღებას მიაპყრობს უამრავ საგანს, რომელიც, თუმცა წმინდაა, მაგრამ შეუძლია გაგვახსენოს სხვა რამ - ყოფითი, ცხოვრებისეული და ამსოფლიური საგნები, შეუფერებელი თანწყობა აზრებისა და წარმოსახვებისა. ასეც ხდება ხოლმე. ყველაზე გულმოდგინე ლოცვის დროსაც კი შეიძლება გაგვებნეს აზრი. ამით ლოცვა იმღვრევა და არაწმინდა ხდება, ამიტომ არ არსებობს მლოცველი, ამას რომ არ უჩიოდეს და ამ უძლურებისგან თავდასხნა არ სურდეს. ამაზე მოსაგრეობის დასაწყისშივე გაამახვილეს ყურადღება. რით შეიძლება ვუმკურნალოთ ასეთ მდგომარეობას? მოიფიქრე მოკლე ლოცვები, რომლებიც აზრს აკავებენ ღვთის წინაშე, გონებას გაფანტვის საშუალებას არ აძლევენ და ცდილობენ, შიგნით ამყოფონ. წმიდა კასიანე მოწმობს, რომ მის დროს ეგვიპტეში ასეთი ღვაწლი არსებობდა. სხვა წმიდა მამათა სწავლეებებიდან ვიგებთ, რომ მოკლე ლოცვები გამოიყენებოდა სინას მთაზე, პალესტინაში, სირიასა და მთელ ქრისტიანულ სამყაროში. მოწოდება: უფალო შეგვიწყალე! და სხვა მოკლე ლოცვები, რომლებიც ხშირად გვხვდება ლოცვანში და ღვთისმსახურებისას, განა ამაზე არ მეტყველებს? სჯობს, აირჩიო ერთი ან რამდენიმე მოკლე ლოცვა და მათი ხშირი განმეორებით ისეთ მდგომარეობას მიაღწიო, რომ ამ ლოცვებს ენა თავისთავად იმეორებდეს, ხოლო გონება მხოლოდ ღმერთზე ფიქრს უტრიალებდეს.

ყველას საკუთარი სურვილისამებრ შეუძლია აირჩიოს მოკლე ლოცვები. იკითხე ფსალმუნი. ნებისმიერ ფსალმუნში ღვთისადმი მოწოდებას შეხვდები. მათგან შეარჩიე, რომლებიც მოგწონს და ყველაზე მეტად შეეფერება შენს სულიერ მდგომარეობას, დაისწავლე და მუდმივად იმეორე. ისინი შეუნაცვლე შენს ლოცვებს და ნებისმიერი საქმის კეთებისას, ლოცვიდან ლოცვამდე იმეორე. წმიდა იოანე ოქროპირის ოცდაოთხი მოკლე ლოცვის მიხედვით შეგიძლია საკუთარი ლოცვებიც შეადგინო.

მეხსიერება რომ არ დაგეძაბოს და ყურადღება არ გაგეფანტოს, ძალიან ბევრ მოკლე ლოცვას ნუ დააგროვებ. ეს ყურადღების მოკრების ნაცვლად სრულიად საწინააღმდეგო შედეგს მოგიტანს. წმიდა იოანე ოქროპირის ოცდაოთხი მოკლე ლოცვა სრულიად საკმარისია, ნაკლებიც შეიძლება. მრავალფეროვნებისა და სულიერი გემოვნების გასაცოცხლებლად კარგია რამდენიმე ლოცვა. არ გირჩევ ლოცვისას სწრაფად გადახვიდე ერთიდან მეორეზე. იმით დაიწყე, რომელიც ყველაზე ახლოსაა შენს სულიერ მოთხოვნილებასთან; მოუხმე ღმერთს, ვიდრე ლოცვისადმი მისწრაფება არ გაგინელდება. შეგიძლია შენი ლოცვები ნაწილობრივ ან მთლიანად ასეთი მოკლე ლოცვებით შეცვალო და ისინი მცირე მუხლმოდრეკის თანხლებით რამდენჯერმე - ათჯერ, ორმოცდაათჯერ, ასჯერ გაიმეორო.მუდამ გახსოვდეს უმთავრესი - გულისყური განუშორებლად უნდა მყოფობდეს ღმერთთან.

ასეთ ღვაწლს ღვთისადმი მოკლე ლოცვითი სულთქმა ეწოდება და დღე-ღამის ნებისმიერ დროს აღესრულება, როდესაც არ გძინავს.