ნიკოდიმოს მთაწმინდელი

უხილავი ბრძოლა

 

ნაწილი მეორე

თავი 19

კეთილგონიერება მოყვასის სიყვარულის დროს - რათა სულის მშვიდობა გვქონდეს

სახარებაში უფალი ამბობს, რომ იგი მოვიდა, რათა სიყვარულის ცეცხლი აღაგზნოს ჩვენს გულებში და რომ ძლიერ სურს ამ ცეცხლის მალე ანთება (ლუკ. 12,49). ღვთისადმი სიყვარული უსაზღვროა, როგორც თავად ღმერთია უსაზღვრო და დაუსაბამო. მაგრამ ახლობელთა მიმართ სიყვარულს უნდა ჰქონდეს საზღვარი და დასაბამი. თუ ამ სიყვარულს შესაბამის საზღვრებში არ მოაქცევ, შეიძლება მან ღვთისადმი სიყვარულს განგაშოროს, უდიდესი ზიანი მოგიტანოს და დაღუპვამდე მიგიყვანოს. ჭეშმარიტად უნდა გიყვარდეს მოყვასი, მაგრამ ისე, რომ ამით სული არ დაიზიანო. ყველა საქმე უბრალოდ და წმიდად აღასრულე, ნურაფერს ეძიებ ღვთის სათნოყოფის გარდა და ეს მოყვასის სიყვარულისას ყოველგვარი არასწორი ნაბიჯისგან დაგიცავს.

ამ საქმეში ძალზე მნიშვნელოვანია მოყვასის ცხონებისათვის ხელშეწყობა, მაგრამ ამ დროს ხშირად თავს იჩენს არაგონივრული მოშურეობა, რომელიც მხოლოდ ზიანის მომტანია შენთვისაც და მოყვასისთვისაც. გულწრფელი სარწმუნოებისა და სათნო ცხოვრების მაგალითი აჩვენე და მოციქულთა მსგავსად ქრისტეს კეთილსურნელებას მიემსგავსები, რომელიც უფლისკენ იზიდავს ყველას. უღონდ განურჩეველი სიტყვით თავს ნუ შეაწყენ ირგვლივ მყოფთ. ამით მხოლოდ საკუთარ და სხვათა სიმშვიდეს დაარღვევ. ფიცხელი მოშურნეობა და ძლიერი სურვილი გქონდეს, რათა ყველამ შეიცნოს ჭეშმარიტება იმგვარი სრულყოფილებით, როგორც შენ; რათა მათაც იგემონ ის ღვინო, რომელიც უფალმა აღგვითქვა და ახლა ყველას უშურველად აძლევს (ეს. 55,1), მუდამ გქონდეს მოყვასის ცხონების ასეთი წყურვილი. მაგრამ იგი ღვთის სიყვარულიდან უნდა მომდინარეობდეს და არა უგუნური მოშურნეობიდან. ღმერთი შენი სულის ყოველივესგან განშორებით თავად დათესს მასში მოძმის მიმართ სიყვარულს და თავის დროზე მოვა ნაყოფის მოსამკელად. შენით ნუ ეცდები მის დანერგვას, მხოლოდ ყოველგვარი ეკალ-ბარდისგან განწმენდილი გულის მიწა მიართვი უფალს და ის დათესს, რაც და როგორაც სურს. როცა ჟამი დადგება, სწორედ ეს თესლი გამოიღებს ნაყოფს.

გახსოვდეს, უფალს სურს, შენი სული განაშოროს ყოველივეს, რათა თავად შეიერთოს. უფალს შენში მოქმედების ნება მიეცი და საკუთარი ნების ჩარევით წინ ნუ გადაეღობები მას. მხოლოდ ერთი გულისწადილი გქონდეს - მუდამ სათნოეყო უფალს მისი ნებისადმი მორჩილებით. უკვე გამოვიდა სახლის მეუფე და სახარებისეული იგავის თანახმად, თავისი ვენახისთვის მუშაკებს ეძიებს. ყოველგვარი საზრუნავისა და გულისსიტყვისაგან განიძარცვე, მიატოვე საკუთარ თავზე ზრუნვა და დროებითისადმი სწრაფვა და უფალი შეგმოსავს თავისი თავით და მოგცემს იმას, რის წარმოდგენაც არ ძალგიძს. რამდენადაც შეძლებ, დაივიწყე საკუთარი თავი, დაე, სულში მხოლოდ ღვთისადმი სიყვარული ცოცხლობდეს.

ამავე დროს, წინდახედულად უნდა მოზომო სხვებისთვის მოშურნეობის სიმხურვალე. მშვიდობა და სულის სიმშვიდე არ მოგაკლოს უფალმა. იფრთხილე, რომ სხვისთვის სარგებლის მოტანაზე უგუნური ზრუნვის გამო, შენმა სულმა თავისი მთავარი სათნოება - გულის სიმშვიდე არ დაკარგოს. ამ მადლიანი სიმშვიდის წყარო ყველაფრისგან განშორება და საკუთარი სულის ღვთისადმი სრული დამორჩილებაა. სამაგიეროს მიღების მოლოდინით ნურაფერს მოიმოქმედებ და ნურასოდეს იფიქრებ, რომ რაიმე ღირებულს აკეთებ. ღმერთია ყოველივეს მოქმედი და შენგანაც სხვა არაფერი სურს, გარდა მის წინაშე დამდაბლებისა, გარდა იმისა, რომ მხოლოდ მას მიუძღვნა ყოველგვარი მიწიერისგან თავისუფალი სული და გულის სიღრმეში მხოლოდ ერთი სურვილი ცოცხლობდეს - რომ ყველგან და ყოველთვის ღვთის ნება აღესრულებოდეს შენზედ.

 

თავი 20

საკუთარი ნებისგან განძარცვილმა სულმა უფალს უნდა მიუძღვნას თავი

ძმაო, სასოებდე უფალს, რომელიც ყველას მოუწოდებს: მოდით ჩემთან ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ (მათ. 11,28). ამ მოწოდებას მიჰყევი და სულიწმიდის გარდამოსვლის იმედი გქონდეს. თვალდახუჭული გადაეშვი ღვთაებრივი განგებულებისა და კეთილი ნების ზღვაში. დაე, ღვთის ნების მძლავრი ტალღები გატარებდნენ როგორც უსულო საგანს, რომელიც არანაირ წინააღმდეგობას არ ეწევა. ისინი სწრაფად მიგიყვანენ ცხონებისა და ქრისტიანული სრულყოფილების ნავთსაყუდელში. დღეში რამდენჯერმე მოიმოქმედე ეს დ ყოველნაირად ეცადე, რაც შეიძლება ხშირად განმარტოვდე, როგორც შინაგანად, ისე გარეგანად. ასე შეძლებ მთელი ძალით მიეცე იმგვარ ღვაწლს, რომელიც განსაკუთრებული სიძლიერით აღძრავს ღვთის მტკიცე სიყვარულს. ესენია: ლოცვა, მაცხოვრის უტკბესი სახელის განუწყვეტელი მოხმობა, მისი სიყვარულით გამოწვეული ცრემლთა ღვრა, თბილი და სიხარულის მომგვრელი კეთილკრძალულება უფლის წინაშე და სხვ. ასეთი ქმედებანი ბუნებრივად და ძალდაუტანებლად აღასრულე, რათა იძულებითი სავარჯიშოებით არ გადაიქანცო და არ გამოიფიტო, არ გაუხეშდე და მადლის ზემოქმედებისადმი გამოუსადეგარი არ გახდე. ამ გზაზე გამოცდილი ადამიანების რჩევაც გაითვალისწინე, რათა შეეჩვიო და მუდმივად ღვთის სიწმიდისა და მისი ურიცხვი ქველისმოქმედეის ჭვრეტაში იმყოფებოდე. სიმდაბლით მიიღე ის უტკბესი წვეთები, რომლებიც ღვთის გამოუთქმელი სახიერებისგან მოწვეთავენ შენს სულში.

შენდამი ღვთის ასეთი კეთილი ნების გამოვლინების შესახებ თავს ნუ შეაწყენ უფალს. სიმდაბლით განმარტოვდი საკუთარ შინაგან ადამიანში და ღვთის ნების აღსრულებას ელოდე. და როდესაც უფალი შენი მცდელობის გარეშე აღასრულებს თავის ნებას, მაშინ გამოცდი სიტკბოებასა და კეთილნაყოფიერებას. გასაღები, რომლითაც სულიერი ნიჭების - შემეცნებისა და ღვთაებრივი სიყვარულის იდუმალი საგანძური იხსნება - სიმდაბლე, თავგანწირვა და ღვთისადმი საკუთარი თავის მიძღვნაა, ყოველთვის და ყველა დროს. ამავე გასაღებით იკეტება უმეცრებისა და სულიერი სიცივის კარი.

შეიყვარე მდუმარედ დგომა წმიდა მარიამთან, უფლის ფერხთით და ყურად იღე, რას ეტყვის უფალი შენს სულს. იფრთხილე, რომ მტრებმა, რომელთაგან უდიდესი შენა ხარ, ხელი არ შეგიშალონ ღვთის წინაშე ამ მდუმარე წარდგომისას. როდესაც გსურს, გონებით მიწვდე უფალს და მასში განისვენო, საკუთარი უძლურებითა და მწირი ფანტაზიით ნუ შეეცდები ღვთის ადგილსამყოფელის განსაზღვრას, რადგან ღმერთი უსაზღვროა, იგი ყველგან და ყველაფერშია, უფრო სწორად, მასშია თავმოყრილი ყველაფერი. შენ ამას ჰპოვებ შენს შიგნით, სულში, ყოველთვის, როცა კი ჭეშმარიტად მოიძევ. მას თავად სურს ჩვენთან, ადამიანებთან ყოფნა, რათა თავისი ღირსნი გაგვხადოს, თუმცა სრულებით არ საჭიროებს ამას.

როდესაც წმიდა წერილს კითხულობ, მხოლოდ ფურცელ-ფურცელ ნუკი გადაიკითხავ, გონებით ჩაწვდი ყოველ სიტყვას. თუ რომელიმე სიტყვა საკუთარი თავის ჩაღრმავებას გაიძულებს, გულშემუსვრილებას მოგგვრის, ან სულიერი სიხარულითა და სიყვარულით აღგავსებს, შეჩერდი. ამ დროს უფალი გიახლოვდება. მდაბლად მიიღე იგი წრფელი გულით, როგორც მას სურს და, უფალს ეზიარები. თუ ამ დროს კითხვის ან სულიერი მეცადინეობის შეწყვეტა მოგიწევს, ნუ შეწუხდები, რადგან ყოველგვარი სულიერი ვარჯიშის მიზანი უფალთან ზიარებაა. და როცა მოგვეცემა ეს, აღარაა საჭირო ამ მიზნის მოსაპოვებელ საშუალებებზე შეჩერება. ასევე, როდესაც რაიმე ღვთაებრივ მოვლენაზე ფიქრობ, განსაკუთრებით, მაცხოვრის ვნების რომელიმე ეპიზოდზე, შეჩერდი და მთელი გულისყური მიაპყარი იმას, რაც სიხარულს მოგგვრის, რათა ეს წმინდა გრძნობა დიდხანს შეინარჩუნო.

ჩემო ძმაო, სულიერი სიმშვიდის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი უდიდესი დაბრკოლება საკუთარი თავის აუცილებელი კანონით შებოჭვაა - დღეში რამდენიმე ფსალმუნის, სახარებისა და სამოციქულოს კითხვა. ვისაც ასეთი კანონი აქვს შესასრულებელი, როგორც წესი, ჩქარობს, ყველაფრის წაკითხვა რომ მოასწროს და არ ზრუნავს იმაზე, წარმოიშობა თუ არა გულში სიხარული წაკითხულისაგან, ან გონებაში თუ გაკრთება სულიერი აზრი და ჭვრეტა. ხოლო როცა ყველაფრის წაკითხვას ვერ ასწრებენ, იმის გამო კი არ ღელავან და ფორიაქობენ, რომ შინაგანი ადამიანის შენება-შექმნას სულიერი ნაყოფი მოაკლდა, წაუკითხავის გამო წუხან, ისმინე, რას ამბობს ამის შესახებ წმიდა ისააკი: „თუ გსურს დატკბე ლექსთაწყობით და შენს მიერ წარმოთქმულ სულიწმიდის სიტყვებს ჩაწვდე, გვერდზე გადადე ლექსთა ზომა და ოდენობა და გონებით სულიწმიდის სიტყვათა შესწავლას ჩაუღრმავდი. ასე მოიქეცი, მანამ შენი სული საღვთო განგებულებისადმი განცვიფრებითა და უმაღლესი შემეცნებით არ აღეგზნება და შედეგად დიდებისმეტყველებისკენ, ან სულისთვის სასარგებლო სევდისკენ არ მიიდრიკება. მონურ ქმედებაში არაა გონების სიმშვიდე. ხოლო ფორიაქი გემოს უკარგავს აზრსა და შინაარსს წარსტაცებს, თითქოს წურბელა სისხლსა და სიცოცხლეს სწოვდეს სხეულიდან“.

თუ ნამდვილად გსურს ცხოვრების სათნოდ გატარება, ღვთის შეძინების გარდა სხვა მიზანი არ გქონდეს. დაე, სადაც ინებებს, იქ განგეცხადოს უფალი. და როდესაც ამის ღირსი შეიქნები, ყველანაირი საქმე შეწყვიტე, ყველაფერი დაივიწყე და მხოლოდ ღმერთში განსვენება ეძიე. როდესაც მისი უდიდებულესობა განშორებას ინებებს, მაშინ შეგიძლია კვლავ განაგრძო ჩვეული სულიერი ვარჯიში და მისი საშუალებით კვლავ იგივე დაისახო მიზნად - ანუ უფალთან მიახლება. შემდეგ კვლავ ისე უნდა მოიქცე, როგორც უკვე გითხარი, ანუ შეწყვიტო ნებისმიერი საქმე და მხოლოდ ღმერთში განისვენო. დაიმახსოვრე ეს რჩევა, რადგან ბევრი სულიერი პიროვნებაა, ვინც საკუთარ თავს სულიერი ღვაწლისა და სიმშვიდის მაცხოვნებელ ნაყოფს ართმევს იმით, რომ არ წყვეტს ამ ღვაწლს, რადგან ფიქრობს, თუ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანს, დაზარალდება. ეს, რა თქმა უნდა, ცრურწმენაა, რომ თითქოსდა ასე მივაღწევთ სრულყოფილებას. ამგვარად ისინი საკუთარ ნებას მისდევენ, ბევრს შრომობენ და იტანჯებიან, მაგრამ ჭეშმარიტ სიმშვიდეს და შინაგან მშვიდობას ვერ აღწევენ, რითაც ნამდვილად შეიძინება და რაშიც ჰგიებს ღმერთი.

 

თავი 21

მხოლოდ ღმერთი ეძიე და არა სიამე-სიტკბოებანი

მუდამ სიმძიმე და მწუხარება გერჩიოს და სიამეს და სიტკბოებას ნუ შეიყვარებ. ისინი არაფერს რგებენ სულს. სხვების მორჩილება და საკუთარი ნების მათთვის დამორჩილება შეიყვარე. დაე, ყოველი ქმედება ღმერთთან მიახლოებისაკენ გადადგმული ნაბიჯი იყოს და არც ერთი არ გექცეს დაბრკოლებად ამ გზაზე. გიხაროდეს და მხოლოდ უფალი იყოს შენთვის უტკბესი ნუგეში. სხვა ყოველივე კი - სიმწარე. შენი ყოველი სიმძიმე ღმერთთან აზიდე. ის შეიყვარე მთელი გულით და მას უერთგულე ყოველგვარი შიშისა და განსჯის გარეშე. უფალი განგიქარვებს ეჭვებს და დაცემულს წამოგაყენებს. ერთი სიტყვით, თუ ღმერთს შეიყვარებ, მისგან ყოველგვარ სიკეთეს მიიღებ. მთლიანად შესწირე თავი ღმერთს მსხვერპლად, სულის სიმშვიდითა და სიწყნარით.

წარმატებით, გადაღლისა და ფორიაქის გარეშე რომ იარებოდე ამ გზაზე, საკუთარი ნება ღვთისას მიანდე. რაც სრულად შეიძლებ ამას, მით მეტ ძალასა და ნუგეშს ჰპოვებ. დაე, ისე მოიმართოს შენი ნება, რომ მხოლოდ ის სურდეს, რაც ღმერთს ნებავს და არაფერი უნდოდეს, რაც უფალს არ სურს. მუდმივად, ნებისმიერი საქმისას განაახლე შენი სულის გადაწყვეტილება და სურვილი - ყველაფერში სათნოეყო ღმერთს. ნუ იფიქრებ მომავალზე, რადგანაც არ იცი, რას დაბადებს დღე (იგავ. 27,1). ოღონდ თავისუფალი იყავი და თავი არაფრით შეიბოჭო. თუმცა არავის ეკრძალება გონივრული ზრუნვა და მცდელობა იმისა, რაც საჭიროა თითოეულის მდგომარეობისა და წოდების შესაბამისად. ამგვარი მზრუნველობა ეთანხმება ღვთის ნებას და პიროვნების შინაგან სამყაროს ღვთის ერთგულებასა და სულიერ წარმატებაში ხელს არ უშლის. ნებისმიერი საქმისას ეცადე გააკთო ყველაფერი, რაც შეგფერის, შეგიძლია და აუცილებელია შენთვის. სხვა დანარჩენის მიმართ გულგრილობა შეინარჩუნე და სიმდაბლით დაუმორჩილე იმას, რაც შენგან დამოუკიდებლად მოხდება.

ის, რაც შეგიძლია მუდამჟამს აკეთო, საკუთარი ნების ღვთისთვის მსხვერპლად მიტანაა. ამის გარდა არაფერი ისურვო. შედეგად მუდამ თავისუფალი იქნები, არავინ და არაფერი შეგბოჭავს და მუდმივი სიხარული და სიმშვიდე დაისადგურებს შენში. სულის ასეთი თავისუფლებაა ის უდიდესი სიკეთე, რომლის შესახებაც წერენ წმიდანთა ცხოვრებაში. ეს სხვა არაფერია, თუ არა შინაგანი კაცის თავის თავში მკვიდრობა, საიდანაც ის გარეთ არ გამოდის და არაფერს ეძიებს. თუ ასეთ თავისუფლებას მიაღწევ, მასთან ერთად მუდმივად იგემებ იმ ღვთაებრივ და გამოუთქმელ სიხარულს, რომელიც ღვთის სასუფევლისგან განუყოფელია და ჩვენშივეა, როგორც უფალი ამბობს: ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია (ლუკ.17,21).

 

თავი 22

ნუ იქნები სულმოკლე, როდესაც გტოვებს ან წყდება შინაგანი სიმშვიდე

ღვთის გზაზე მავალთ ხშირად გამოუცდიათ, თუ როგორ ტოვებს მათ ან წყდება წმინდა სიმშვიდე, ტკბილი შინაგანი განმარტოება და თავისუფლება. ხანდახან კი გულის მოძრაობის შედეგად შიგნით ისეთი მტვერი წარმოიშობა, რომ აღარა ჩანს გზა, რომლითაც უნდა იარონ. როდესაც თავადაც გამოცდი მსგავსს, იცოდე, ეს ღვთისგან დაიშვება შენდა სასიკეთოდ. სწორედ ესაა ის ბრძოლა, რომლის გამოც ღვთის წმინდანები ნათელი გვირგვინებით იმოსებოდნენ. გახსოვდეს და მხნედ დაითმინე მოწეული განსაცდელი. ამ დროს, ისევე, როგორც ნებისმიერი მღელვარებისას, მთელი გულით შეჰღაღადე უფალს: „უფალო ღმერთო ჩემო! მოხედე შენს მონას, დაე,აღსრულდეს ნება შენი. მწამს და ვაღიარებ, რომ შენი სიტყვების ჭეშმარიტება მტკიცეა და შენი აღთქმა მართალი. მათით ვსასოებ, ვდგავარ და არ ვიყოყმანებ შენს გზაზე“. ნეტარია ის სული, რომელიც სიმძიმილისა და ფორიაქის განცდისას ყოველთვის უფლის ერთგულია. და თუ ბრძოლა მაინც არ წყდება და შენც, როგორც გსურდა, ისე სწრაფად არ ძალგიძს საკუთარი ნების ღვთის ნებასთან შერწყმა-შეთანხმება, ნუ იურვი და სულმოკლეობას ნუ გამოიჩენ. უფლის ერთგულება შეინარჩუნე, ქედი მოიდრიკე მისი განგებულების წინაშე და გაიმარჯვებ. გაიხსენე როგორ ბრძოლას გაუძლო მაცხოვარმა გეთსიმანიის ბაღში, როდესაც მისი ადამიანური ბუნება შედრკა მოწვდილი სასმისის წინაშე: მამაო, თუკი შესაძლოა, ამცდეს ეს სასმისი, - ხოლო შემდეგ, საკუთარ თავში დაბრუნებულმა, თავისუფალი ნებით სრულად მიანდო სული ღმერთს და ღრმა სიმდაბლით წარმოთქვა: თუმცა არა როგორც მე მნებავს, არამედ როგორც შენ (მათ. 26,39).

როდესაც რაიმე სიძნელე შეგხვდება, ნურაფერს იღონებ, ვიდრე გონების თვალს ჯვარცმულ უფალს არ მიაპყრობ. იქ დიდი ასოებით წარწერილს იხილავ, თუ როგორ უნდა გეჭიროს თავი გასაჭირის დროს. გადმოიწერე ეს შენში, ასოებით კი არა, საკუთარი ქმედებებით: როდესაც თავისმოყვარებისა და საკუთარი თავის სიბრალულის შემოტევას იგრძნობ, სულმოკლეობას ნუ გამოიჩენ და ნუ ჩამოხვალ ჯვრიდან, ილოცე და მდაბლად დაითმინე. ეცადე, გაიმარჯვო საკუთარ ნებაზე და მტკიცედ ისურვო ღვთის ნების აღსრულება. თუ ლოცვის შედეგად ასეთ ნაყოფს მოიმკი, იხარებდე და ზეიმობდე. თუ ამას ვერ მიაღწევ, შენი სული მარხული დარჩება, საჭირო საკვებს ვერ იგემებს. იღვაწე, რომ სულში ღვთის გარდა, თუნდ მცირე ხნითაც, სხვა არაფერი ჩასახლდეს. ნურაფერზე ინაღვლებ და გულს ნუ გაიტეხ. მზერას ნუ მიაპყრობ სხვათა ცბიერებას და ცუდ მაგალითს. ბავშვს მიემსგავსე, რომელიც თავისი უბოროტობის წყალობით ვერ ამჩნევს მათ და უხიფათოდ უქცევს გვერდს.