ნიკოდიმოს მთაწმინდელი

უხილავი ბრძოლა

 

ნაწილი მეორე

თავი 4

სულიერი ზიარების შესახებ

უფალთან ზიარება, მისი სისხლისა და ხორცის მეშვეობით, განსაზღვრულ დროს შეიძლება, იმის მიხედვით, ვინ როგორ გულოდგინეობს და ვის როგორ შეუძლია, ოღონდ დღეში ერთ ჯერზე მეტად არა. შინაგანად კი ყოველწამიერად შეგვიძლია ვეზიარებოდეთ, ანუ ღვთის მადლით უფალთან განუწყვეტლივ ერთობაში ვიყოთ და, როდესაც უფალი ინებებს, გულით შევიგრძნობდეთ ამ ურთიერთობას. ქრისტეს სისხლისა და ხორცის მაზიარებელი, უფლისავე აღთქმის თანახმად, ღვთისა და მისი მადლისმიერი ნიჭების მატარებელია და გულიც შეიგრძნობს ამას. ვინც ჭეშმარიტად ეზიარება, მისი მადლისმიერი მდგომარეობა საგრძნობია. ამ დროს გული სულიერად იგემებს ხოლმე ღმერთს.

მაგრამ რამდენადაც სხეული გვბოჭავს, გარს გარეგნული ურთიერთობები და საქმეები გვარტყია და უამრავი მოვალეობა გვაკისრია, ჩვენი ყურადღებისა და გრძნობის გაორების გამო, უფალთან სულიერი ერთობა დღითიდღე სუსტდება, იჩრდილება და ქრება. უფალთან ზიარების შეგრძნება იკარგება, მაგრამ არ წყდება მასთნ ურთიერთობა, თუ ჩვენდა საუბედუროდ, რაიმე შეცოდება არ დაარღვევს მადლისმიერ მდგომარეობას. უფალთან ზიარების სიტკბოებას ვერაფერი შეედრება. ამიტომ, როგორც კი მოშურნე ამ მდგომარეობის დაკნინებას იგრძნობს, მაშინვე ცდილობს, აღიდგინოს და შემდეგ თითქოსდა ხელახლა იგემებს უფალს. ეს ღმერთთან სულიერი ზიარების მაუწყებელია.

მაშასადამე, სულიერი ზიარება წმიდა ზიარებებს შორისაა. ის შეიძლება მუდმივად მკვიდრობდეს მასში, ვინც წმინდად ინახავს გულს და გრძნობა და გულისყური განუწყვეტლივ ღვთისკენა აქვს მიპყრობილი. ასეთი მდგომარეობა მადლის ზემოქმედების შედეგია და მხოლოდ გულმოდგინე და საკუთარი თავის მიმართ დაუნდობელ მოსაგრეებს მიეცემათ.

თუ ვინმე დროდადრო სულით იგემებს უფალს, ესეც მადლისმიერია. ჩვენია მხოლოდ წყურვილი და გულმოდგინე ძიება ამ ნიჭისა. ასეთი მდგომარეობა თითქოსდა ყოველთვის უცაბედად მოდის ხოლმე, მაგრამ მას რომ ჩვენი სულისკენ გზა გაეხსნას, საჭიროა გულიდან მომავალი ბავშვურად წრფელი და წმინდა ლოცვა და თავგანწირვა სათნოებების მოხვეჭის გზაზე. როდესაც სული უცოდველია, ვნებიანი ფიქრები და გრძნობები სძულს, ანუ როდესაც წმინდაა და ღმერთს სასოებს, რა შეუშლის უფალს ხელს, რომ ის თავისთან ზიარების ღირსი გახადოს და სულმაც იგემოს ეს მადლი? ასეც ხდება, თუ ღმერთი სულისთვისვე სასარგებლოდ, ცოტა ხნით არ გაახანგრძივებს დაუკმაყოფილებლობის წყურვილს. თავგანწირვის გამოვლინებებს შორის ყველაზე ძლიერია მდაბალი მორჩილება და საკუთარი თავის სხვათა ფეხქვეშ გათელვა, განთავისუფლება მომხვეჭელობისგან, ლანძღვა-გინების დიდსულოვნად დათმენა, ღვთის ნებისადმი მთელი სულით მინდობა. ასეთი ღვაწლი ადამიანს ყველაზე მეტად აახლოებს უფალთან და ღმერთიც მის სულს საშუალებას აძლევს, იგემოს იგი. უფლის ყველა მცნების გულმოდგინედ და სიწმინდით აღსრულების შედეგად გულში მამასა და სული წმიდასთან ერთად მაცხოვარი მკვიდრდება (იოან.14,23).

უფალთან სულიერი ზიარება არ უნდა ავურიოთ მის სისხლსა და ხორცთან ზიარებისდროინდელ განცდებთან და მოგონებებთან, თუნდაც მას თან ახლდეს უფლის წმიდა საიდუმლოსთან ჭეშმარიტი ზიარებისადმი სწრაფვა და ძლიერი სულიერი შეგრძნებები. არ უნდა ავურიოთ არც ის, რაც ტაძარში, ჩვეულებრივ, ევქარისტიის დასრულების შემდეგ გვეძლევა, რაც ღვთის კურთხევის მსგავსია და უფლის კეთილი ნების გამოვლინებაა. ეს იმათი ხვედრია, ვინც უსისხლო მსხვერპლს რწმენით, გულშემუსვრილებით და ღვისადმი თავგანწირვისთვის მზადყოფნით იღებს. მაგრამ ეს სულიერი ზიარება არ გახლავთ, თუმცა ამ დროსაც შესაძლებელია სულიერი ზიარება.

 

თავი 5

ღვთისადმი მადლობის აღვლენის შესახებ

ყოველივე კეთილი, რაც გაგვაჩნია და ყოველი სიკეთე, რასაც ვიქმთ, ღვთისაა და მისგან მოდის. ამიტომ ჩვენი ვალია, მადლიერნი ვიყოთ ყველაფრისათვის, რასაც უფალი თავისი მადლიანი მარჯვენით გვანიჭებს: ხილული თუ უხილავი სიკეთე, სათნო საქმე, ღვაწლი თუ ჩვენი ცხონების მტრებზე გამარჯვება; მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, რადგან ასეთია თქვენდამი ნება ღმრთისა ქრისტე იესოში (თეს. 5,18). ეცადე, თვალის გახელის პირველი წუთებიდანვე მადლიერება გამოხატო ღვთის მიმართ, შემდეგაც მთელი დღე ჰმადლობდე მას და ასეთივე სიტყვებით დაიძინო. შენ ხომ ღვთის მადლით ხარ გარემოცული და ძილიც მისი ერთ-ერთი საჩუქარია.

უფალს არ სჭირდება შენი მადლობა, მაგრამ შენ აუცილებლად გესაჭიროება ღვთის ქველმოქმედება. მისი საცავი და თავშესაფარი შენი მადლიერი გულია. „საკუთარი კეთილისმყოფელის ქველისმოქმედების შენარჩუნების საუკეთესო საშუალება წყალობის ხსოვნა და მუდმივი მადლიერებაა“, - ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი, წმიდა ისააკი კი წერს: „მიმღების მადლიერება გამცემს უფრო მეტის გაცემისკენ უბიძგებს. ვინაც მცირედისთვის არაა მადლიერი, იმას დიდის იმედიც გაუცრუვდება. ძღვენი მხოლოდ მაშინ არ იზრდება, თუ მისით მადლობელნი არ არიან“. წმიდა ბასილი დიდი ასეთ კეთილისმყოფლურ შეგონებასაც უმატებს: „რადგან არ ვმადლობთ უფალს მის მიერ ბოძებული წყალობის გამო, მაშინ აუცილებელია, წაგერთვას ეს სიკეთე, რათა გონს მოვეგოთ. როგორც თვალი ვერ ხედავს ძალზედ ახლოს და გარკვეული მანძილი ესაჭიროება აღსაქმელად, ასევე უმადური სული სიკეთის წაგვრით მიხვდება ძველი წყალობის ფასს.და თუ სარგებლობისას არანაირ მადლიერებას არ ამჟღავნებდნენ ძღვენის გამღებისადმი, მისი დაკარგვის შემდეგ ელოლიავებიან წარსულს“. (სიტყვა მადლიერების შესახებ, ტ.4).

ალბათ, იკითხავ, როგორ გავაღვივოთ და დავიცვათ ღვთისადმი მადლიერების გრძნობა. გაიაზრე ღვთის ყველა წყალობა და სიკეთე კაცობრიობის მიმართ, შენს მიმართ. ხშირად იფიქრე ამაზე, მუდამ გახსოვდეს და, თუ გული გიძევს საგულეში, შეუძლებელია სამადლობელი არ აღავლინო უფლისადმი. ამის ნიმუშებს ლოცვებსა და წმიდანთა ნაწერებში იხილავ. აი, როგორ აღწერს წმიდა ბასილი დიდი ღვთის უდიდეს გულმოწყალებას ჩვენდამი: „ჩვენ უმყოფელობიდან ყოფიერში მოვივლინეთ, შემოქმედის ხატად და მსგავსად შევიქმენით, ვფლობთ გონებასა და სიტყვას, რომლებიც ჩვენი ბუნების სრულყოფილებას წარმოადგენენ, და რომელთა მეშვეობითაც ღმერთი შევიმეცნეთ. როდესაც გულმოდგინედ შევისწავლით შექმნილ სილამაზეს, მისი მეშვეობით, როგორც რაიმე დაწერილით, ღვთის დიდებული ჩანაფიქრი და სიბრძნე გვეხსნება, შეგვიძლია კეთილის და ბოროტის გარჩევა, ბუნებით გვჩვევია, ავირჩიოთ სასარგებლო და ზურგი ვაქციოთ საზიანოს. ცოდვით გაუცხოებულები კვლავ მოწოდბულნი ვართ ღმერთთან ურთიერთობისთვის და სამარცხვინო მონობისგან მხოლოდშობილი ძის სისხლით ვართ გამოსყიდულნი. ხოლოს აღდგომის იმედი, ანგელოსური სიკეთეებით ტკბობა, ზეციური სასუფეველი და აღთქმული სიკეთენი ყოველგვარ სიტყვასა და გონებაზე აღმატებულია (იქვე,გვ.51). წაიკითხე უფლის სახიერებათა ეს ჩამონათვალი, შეარჩიე სხვა ან თავად შეადგინე და ღვთის მიერ პირადად შენთვის ბოძებული სიკეთენიც გაიხსენე. ფიქრითა და სიტყვით ხშირად იმეორე, არა მარტო ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმეც და მუდამ ღვთის მადლიერი იქნები.

მაგრამ აღტყინებულ გრძნობას დამალვა არ უყვარს, ცდილობს, გადმოიღვაროს, რათა შეამჩნიონ. როგორ გამოვამჟღავნოთ ღვთისადმი მადლიერების გრძნობა? გააკეთე ის, რაც სურს შენგან უფალს, ვინც განუზომლად გულუხვია შენს მიმართ. რა სურს? უფალს, რომელიც გარს გარტყია თავისი სახიერებით, სურს, მუდამ გახსოვდეს იგი და შენც მუდამ გახსოვდეს; სურს, სიყვარულით მიეწებო და შენც მიეკარი; სურს, ყველაფერში მისი ნების აღმასრულებელი იყო და მას სათნოეყოფოდე და ასეც მოიქეცი; სურს, მხოლოდ მისი იმედი გქონდეს და მიენდე კიდეც; სურს, რომ შენ, რომელმაც საკუთარი კეთილისმყოფელი მრავალგზის შეურაცხყავი ბილწი და ბოროტი საქმეებით, მოინანიო, გული შეიმუსრო და იტირო ცოდვების გამო; და შენც იგლოვე, ვიდრე საკუთარ სინდისს არ დაუზავდები და არ მიხვდები, რომ ღმერთმა შეგინდო.

ხედავ, რამდენნაირად შეიძლება მადლიერების გამოხატვა და ამ ვალის აღსრულება? გაიაზრე, რამდენად სცოდავს ის, ვინც ჯეროვნად არ იქცევა და ამ ცოდვით მაინც ნუღარ დამძიმდები. უმადურობა ადამიანთა შორისაც სამარცხვინოა. რა შეიძლება ეწოდოს უმადურობის გამოვლინებას უფლის წინაშე? საკუთარ თავში მუდმივად ღვთისადმი მადლიერების გრძნობა აღანთე. ამას განსაკუთრებით ტაძარში, უსისხლო მსხვერპლშეწირვის საიდუმლოს აღსრულებისას შეეცადე, მას ხომ ევქარისტია, ანუ სამადლობელი ეწოდება. სხვაგვარად ვერაფრით შეძლებ ღირსეულად მადლობდე უფალს, თუ არა მისი ყოვლადწმიდა სახელის სადიდებლად, შენი თავისა და ყოველივე საკუთარის მსხვერპლად მიტანით.

 

თავი 6

ღვთის ნების ერთგულების შესახებ

მონანული ღვთის სამსახურს იწყებს, უფალს მისი მცნებების დაცვით ემსახურება და მის ნებას ემორჩილება. იწყება ოფლისმღვრელი შრომა და ღვაწლი. მცნებების დაცვა ძნელი არ არის, მაგრამ მათი შესრულებისას უამრავი დაბრკოლებაა მოსალოდნელი, როგორც გარეგნული მიზეზების, განსაკუთრებით, მოღვაწის შინაგანი ჩვევებისა და მიდრეკილებების გამო. დაუღალავი მოსაგრე ღვთის შემწეობით საბოლოოდ ყველაფერს მოიპოვებს: შინაგან სიმშვიდეს და გარეგნული საქმეების წყნარად წარმართვას.

მოღვაწე თავად მოქმედებს, ოღონდ ღვთის დახმარებით. გამოცდილება პირველი დღეებიდანვე ასწავლის, რომ თუ რაიმე კეთილი კეთდება, მხოლოდ ის, რასაც ზეციური ძალა შეეწევა. დროთა განმავლობაში უფრო მეტად ვრწმუნდებით ამ ჭეშმარიტებაში. სიმშვიდის დამკვიდრებასთან ერთად ეს რწმენა უფრო და უფრო წარმმართველი ხდება და საბოლოოდ ღვთის ნებისადმი სრული ერთგულებით, ანუ ღვთისადმი სრული მინდობით მთავრდება. ღვთის მოქმედება ცხონების მოსურნეში პირველივე წუთებიდან იწყება, როგორც კი უფალს მივმართავთ. ამას თავად ეს მიმართვა სჩადის. ღვთის ზემოქმედება იზრდება იმის მიხედვით, თუ რამდენად განუდგება საკუთარ თავს მოღვაწე და შეიცნობს საკუთარ უძლურებას, რამდენად მიეწებება ღმერთს და სასოებს მას. როდესაც საბოლოოდ შესწირავს თავს ღმერთს, უფალი ამოქმედდება მასში და უჩვენებს, როგორ მოიქცეს და შეეწევა კიდეც. ეს ქრისტიანული სრულყოფილების მწვერვალია: რადგანაც ღმერთია, რომელიც შეიქმნს თქვენში ნდომასაც და ქმედებასაც თავისი კეთილნებელობით (ფილ. 2,13). ამის მარცვალი, როგორც უკვე ავნიშნეთ, საკუთარი თავის უნდობლობასა და ღვისადმი სასოებაში ძევს, აქ კი საბოლოოდ მომწიფდება.

ადამიანის ღვთის ნებისადმი სრული ერთგულება მაშინ შეიცნობა, როდესაც მთელი ძალით გამოვლინდება. ეს თავისთავად ხდება, მის მოსახვეჭად რაიმე განსაკუთრებული წესი ან გარკვეულ ქმედებათა თანმიმდევრობა არ არსებობს. ის შეუმჩნევლად იზრდება საკუთარი თავის უნდობლობისა და ღვთის სასოების მეშვეობით. წინა თავის დასასრულს ღვთისათვის თავის მსხვერპლად მიტანაზე საუბარმა მოითხოვა, ღვთის სრული სასოებაც მეხსენებინა. მისი ნების სრული ერთგულება არის სწორედ საკუთარი თავის უფლისათვის ყოვლადდასაწველ მსხვერპლად შეწირვა.

ამ მდგომარეობას მოწმობს თვითმოკვდინება - საკუთარი გონების, გულისსიტყვების, სურვილების, გრძნობების მოკვდინება, რათა ღვთის ნებით, მისი გონებითა და მასთან ზიარებით ვიცხოვროთ. ამ საქმეში მაცხოვარი მიგვიძღვის წინ. მან სრულად შესწირა თავი მამა-ღმერთს და ჩვენ, რადგან ჩვენ მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი (ეფ. 5,30). მივყვეთ მის კვალს, რადგან მან სასოებით აღუთქვა მამა ღმერთს (იოან. 17,19), რომ ჭეშმარიტად ასეთნი ვიქნებით და ასე ვიცხოვრებთ.

რატომ აღესრულება ეს მსხვერპლშეწირვა საბოლოოდ და არა დასაწყისში?- იმიტომ, რომ საუფლო მსხვერპლი სრულყოფილი უნდა იყოს, უმწიკვლო და უზადო. დასაწყისში სრულყოფილება ძიების საგანია და არა ფლობილი. როდესაც სრულყოფილებას მოიპოვებენ, მსხვერპლის გაღებაც მაშინაა მართებული. თავიდან ადამიანი საკუთარ თავს სამსხვერპლო ძღვნად განამზადებს, საბოლოოდ კი მსხვერპლად ეწირება. სრულყოფილების გარეშე საკუთარი თავის ყოვლადდასაწველ მსხვერპლად მიტანა შეუძლებელია. შეიძლება გავიღოთ სხვაგვარი მსხვერპლი (მოწყალების, განწმენდის, მადლობის სახით), მაგრამ არა ყოვლადდასაწველი. მცდელობა და ამაზე საუბარი შეიძლება, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვა იქნება და არა საქმე. საქმე კი უსიტყვოდ აღესრულება.

იცოდე, თუ ისევ მიელტვი რაიმე მიწიერს, ღვთის გარდა საკუთარ თავში ან სხვაგან ეძებ საყრდენს, ისევ გხიბლავს რაიმე ქმნილება და ტკბები მისით, ესე იგი, ჯერ არ ვარგიხარ ყოვლადდასაწველ მსხვერპლად. შეეცადე, განიშორო ყველაფერი, ჩაიკლა ყოველგვარი სურვილი, რათა შენში მხოლოდ ღვთისთვის სიცოცხლის სურვილი დარჩეს. ანუ შენ კი არა, მამა ღმერთი, მაცხოვარი იესო ქრისტე და სულიწმიდა ცხოვრობდნენ შენში. და მაშინ საკუთარ თავს უფალს მიუძღვნი და მისი შეიქნები. მანამდე კი ღმერთს მსხვერპლად მიართვი სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული და, დრომდე ამით დაკმაყოფილდი. მაგრამ საბოლოოდ უნდა შეძლო, რომ თავი ყოვლადდასსაწველ მსხვერპლად მიუძღვნა უფალს.