სარჩევზე გადასვლა

მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე)

გამოსათხოვარი სიტყვა დავით ეპისკოპოსისა

არაერთხელ ვმდგარვარ წინაშე მიტოვებულთა, ნახევრად დანგრეულთა ტაძართა და მონასტერთა, რომელნიც მრავლად არიან ჩვენს ქვეყანაში, დაბურულ ტყეებში, მინდვრებსა და მთებში. იმათს დანახვაზე მწარე ფიქრთ მივსცემივარ და მწუხარებით წარმომითქვამს: ნუთუ ახლანდელი ჩვენი ეკლესია გაგრძელებაა იმ ძველი საქართველოს ეკლესიისა, რომლის შვილებმაც ასეთი დიდებული სამლოცველო შენობანი აღმართეს? ნუთუ ახლანდელნი ქართველნი არიან შთამომავალნი იმ ძველ სახელოვან ქართველთა, რომელნიც იყვნენ მხურვალე მორწმუნენი, რომელთაც გულში ანთებული ჰქონდათ ცხოველი და ღრმა სიყვარული ღვთისა და მოყვასისადმი, და რომელნიც ამ უმაღლეს სულიერ განწყობილებათა, გრძნობათა ცხადყოფდნენ, აჩენდნენ მშვენიერის ტაძრების აშენებით, მრავალი მონასტრის დაარსესებით და იმათის შემკობითა ძვირფასი ხატებითა და სხვა სამკაულებითა; ნუთუ ჩვენ ვართ შვილიშვილნი იმ ძველ ქართველთა, რომელთაც თავისი წრიდან წარმოშვეს ფრიად განსწავლულნი ღვთისმეტყველნი, საამო მგალობელნი, განათლებულნი და სამშობლოსთვის თავდადებულნი მოღვაწენი?

დიაღ, ოდესღაც ყვაოდა ჩვენი ეკლესია, მადლი ღვთისა ცხადად იფინებოდა, ჩანდა მას ზედა.

აწ კი ჩვენ სიბნელითა ვართ მოცულნი და ვართ საწყლები. უბედურება ჩვენი მდგომარეობს იმაში, რომ ხალხმა ეკლესიას თავი მიანება. დღეს ჩვენი ტაძრები კვირა-უქმე დღეებში თითქმის ცარილია; ერი, ნამეტურ ნასწავლი, საეკლესიო ღვთისმსახურებას გაურბის. სამღვდელოებასთან მჭიდრო კავშირი არა აქვს. რადგან სამღვდელოება მიტოვებულია, ზურგგაუმაგრებელი, ამიტომ იგი, ერთი რომ, თავის მაღალ მოვალეობას გულგრილად ეკიდება, არა ფხიზლობს, და, მეორეც ის რომ მას ბოროტნი ადამიანნი ადვილად იბრიყვებენ, თავის ნებაზე ამოქმედებენ.

როგორია ჩვენი სარწმუნოებრივ-ზნეობრივი მდგომარეობა? ეს ყველამ კარგად იცის. სანამ ხალხი, ინტელიგენცია, შორს იქნება ეკლესიისა და სამღვდელეობისაგან, სანამ იგი ყურადღებას არ მიაქცევს საეკლესიო საქმეებს, მანამ ჩვენი მდგომარეობა სასიკეთოდ არ შეიცვლება; ძალა, ხსნა ხალხშია.

შეიყვარეთ, ძმანო, ეკლესია! დაუახლოვღით სამღვდელოებას, მოსთხოვეთ მას, თავისი მოვალეობა ნათლად შეასრულოს, გაამხნევეთ, გაამაგრეთ იგი სიტყვითა და საქმით; და მაშინ, მხოლოდ მაშინ, გაუმჯობესდება ჩვენი საეკლესიო ცხოვრება, და ამასთანავე გაძლიერდება ეროვნული თვითცნობიერება.

ათი წელიწადია, რაც ჩვენს ცხოვრებას ვაკვირდები. ნამეტურ, ოთხი წელიწადია, რაც მას უფრო დაახლოვებით თვალ-ყურს ვადევნებ. და მართალი გითხრათ, მუდამ მწუხარებასა ვგრძნობდი.

ოთხი წელიწადია, აქ ვმსახურობ მღვდელმთავრის ხარისხითა, ოთხი წელიწადია, მღვდელ-ვმოქმედებ, ვწირავ სიონში და სხვა ტაძრებში, მაგრამ ძე თქვენ ვერ გიცნობდით საკმაოდ, და თქვენ მე ვერ მიცნობდით ჯეროვნად; ჩვენ შორის ზნეობრივი, მოძღვრული ურთიერთობა არა სუფევდა.

ვინ არის დამნაშავე?

თქვენცა და მეც!

თქვენ, - რომ არ დაიარებოდით ეკლესიაში წირვა-ლოცვის მოსასმენადა, რომ არ გქონდათ სიყვარული ღვთისმსახურებისადმი, რომ არ გინდოდათ, თქვენი ყოფნით ეკლესიაში გაგემხნევებინათ, წაგექეზებინათ მოქმედებისადმი თქვენი მოძღვარი. ვარ დამნაშავე მეც, რომ არა მაქვს ცოდნა, მეცნიერება წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველისა, მჭევრმეტყველება წმ. იოანე ოქროპირისა, მოქალაქობა-გავლენა წმ. ბასილი დიდისა, ზნეობრივი სისპეტაკე წმ. ნიკოლოზისა, რათა მიმეპყრო თქვენი ყურადღება, მომეზიდნა თქვენი გული და შემეყვარებინა თქვენთვის წმ. ეკლესია. მაგრამ ამ განშორების დღეს ნუ გავკიცხავთ ერთმანეთს, არამედ მშვიდობა და სიკეთე ვუსურვოთ ერთიმეორეს...

მივდივარ სამშობლოდან, ვშორდები საქართველოს, მაგრამ თან მიმაქვს ძლიერი სიყვარული მამულისადმი. სადაც ვიქნები, ყოველგან მექნება გულში ღრმა მწუხარება ჩვენი ეკლესიისა გამო და მუდამ მზად ვიქნები, შეძლებისდაგვარად მას ვემსახურო. მე შემიძლია, სამშობლოს ვემსახურო ორი საქმით. ვრაცხ ჩემს წმიდა მოვალეობად როგორც აქამომდე, აღვნიშნო საჭიროებანი ჩვენი ეკლესიისა, ვთქვა სიმართლე, მაგრამ რა თავისიანებში თავის მოსაწონად, არა კერძო ბაასში, არა სუფრაზე, არამედ იქ, სადაც ჯერ არს. და როცა ამას მოითხოვს საქმე და ნამდვილი სარგებლობა ჩვენი ხალხისა. ვთვლი წმ. მოვალეობად, ჩემი ჯიბე გავხადო საერთო, საძმო ჯიბედ, ჩემი ქონება მოვახმარო იმ დაწესებულებათა, რომელთა მიზანს შეადგენს ჩვენი ხალხის განათლება, გათვითცნობიერება. მექნება ბევრი, ბევრს მოვახმარ საზოგადო საქმეებს, - მექნება ცოტა, ცოტას გავიღებ...

მშვიდობით, ჩემო ტკბილო მშვენიერო სამშობლოვ! მივდივარ შენგან არა იმიტომ, რომ არ მიყვარდე, - არა, გშორდები, რადანაც ძლიერ მიყვარხარ... მშვიდობით... მშვიდობით!