სარჩევზე გადასვლა

მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე)

სულიერი ცხოვარის ჩივილი „მე ვერ ვიპოვე მოძღვარი!“

ვეძიებდი ჭეშმარიტებას: მინდოდა ზეაღსვლა და ღმერთთან დაკავშირება. ამისთვის მსურდა, მენახა მოძღვარი, გზის მანათებელი, მღელვარე გულის დამამშვიდებელი, დაწყლულებული და დამძიმებული სულის მკურნებელი და ზეაღმყვანელი, ზეციური მადლის გადმომავლინებელი, - და აი ვიწყე გაცნობა სულიერ მწყემსთა.

ვნახე ერთი მოძღვარი. მოვისმინე ეკლესიაში იმის მშვენიერი და მხურვალედ წარმოთქმული სიტყვა სიყვარულზე, ერთიმეორეს დახმარებაზე, ქველმოქმედებაზე; დავტკბი, მიველ მასთან ბინაზე. ყოველიფერი მოწმობდა, რომ იგი შეძლებული იყო. მელაპარაკა მაცხოვრის სწავლაზე; მწარედ ნაღვლობდა, რომ ქრისტიანენი იესოს მცნებათ არ ასრულებენ. ვსიამოვნებდი, ვპოვე მწყემსი კეთილი, - გულში ვამბობდი. კარი გაიღო: მოსამსახურე შემოვიდა და მოახსენა: „ბატონო; აი, იქ ჩვენ პირდაპირ ქოხში ქვრივი დედაკაცი რომ ცხოვრობს, გვთხოვს, ცოტა რამ მივსცეთ, ბავშვები მთელი დღე მშივრები არიანო“. „წავიდეს იქით, მე ჩემი შვილების რჩენაც მეყოდა, და ისინიც კიდე მე ავიკიდო?“ გაისმა მრისხანე ხმა სულიერი მამისა. ოხ, ღმერთო ჩემო, როგორ ვცდებოდი, ქრისტე ამასთან არა ყოფილა, - ვთქვი მე და გულნატკენი გამოვემშვიდობე. ვნახე მეორე მოძღვარი. წირვაზე მიველ; კრძალულებით მღვდელმოქმედობდა; სიტყვებს გრძნობიერად წარმოთქვამდა; მსმენელთ გულში სასოებას უღვიძებდა. ახლა კი ვნახ მადლმოცული მწყემსი; იგი განკურნებს და დააამებს ჩემს აღშფოთებულ სულს, - ვთქვი და წაველ მასთან ბიაზე. კარგად მიმიღო, მელაპარაკა ჯერ ცხონებაზე, მერე ამ სოფლის უკუღმართობაზე, კერძოდ, უსამართლობაზე „ბევრ, ბევრი უსამართლობა ხდება ამ ქვეყანაზე, - თქვა მან, - მაგალითად, მეც უსამართლოდ მექცევიან. არ იქნა, ვერ ვასიამოვნე მთავრობას… ჩემი ტოლები ახლა ყველა დეკანოზები არიან, და მე ჯერ ჯვარიც არა მაქვს. მცირე მრევლში ვარ; შემოსავალი ნაკლები მაქვს, შვილები სასწავლებელში მყავს და ხარჯებს ვერ ავუდივარ. რამდენჯერ ვითხოვე უკეთეს მრევლში გადაყვანა, მაგრამ არაფერი მეღირსა, ქრთამებს ვერ ვაძლევ“. ეხ, ამაშიც მოვტყუვდი, - ვთქვი მე და გულდაკოდილი გამოვეთხოვე. ვნახე მესამე მოძღვარი. შეკრებულობაში მოვისმინე მისი აღფრთოვანებული, მჭევრმეტყველური ლაპარაკი სამღვდელოების წმიდა მოვალეობაზე. „მღვდელი ერისთვის არის, მას უნდა მსახურებდეს მთელ თვის ძალ-ღონეს მას უნდა ახმარდეს და იმის კეთილმდგომარეობისთვის თავს უნდა წირავდეს, - ამბობს იგი. „სწორედ რომ ეს უნდა იყოს მწყემსი კეთილი, - ვუთხარი მე ჩემს მეზობლებს, - ნეტა იმ სამრევლოს, სადაც იგი მღვდლობს“. „არა, კაცო, ცარიელი სიტყვაა; ლაქალაქი უყვარს; ისე კი არაფრად ვარგა; მრევლი მიტოვებული ჰყავს და ბევრი უზიარებელი და უნათლავი კვდება“. დავღონდი. ვნახე მეოთხე მოძღვარი; სახეზე ეტყობა ფიქრი, ზრუნვა, შრომისმოყვარეობა, მხოლოდ მისი მოქმედება მის ოჯახს იქით არ მიდის. როგორ არჩინოს ცოლ-შვილი, როგორ დაზარდოს შვილები, როგორ შეიძინოს ქონება. - აი მთელი პროგრამა იმისი ცხოვრებისა. ხოლო თუ როგორ დამწყსოს სულიერნი ცხოვარნი თვისნი, ამაზე ფიქრით თავს არ იწუხებს, ეს მას არ ესმის.

ერთ ადგილას რამდენიმე მღვდელი თავმოყრილი იყო: ცხარედ ბაასობდნენ. იქნება მათ შორის ვნახო მწყემსი კეთილი-მეთქი და მიველ იმათთან. „რის ძმობა, რა საჭიროა ოცნებობა, მხოლოდ თავის გამოჩენისათვის შვრება, კაპეიკსაც არ შევსწირავ“, - გაიძახოდა ერთი მღვდელი. ლაპარაკი ჰქონდა განმანათლებელი საზოგადოების დაარსების შესახებ. ნუთუ ამისთანა სიმპათიური დაწესებულების წინააღმდეგია ეს მღვდელი-მეთქი? შემდეგ მამებმა სხვა საგნებზე განაგრძეს ბაასი. არცერთს იმათგან სულიერობა, საზოგადო საქმეებზე წრფელი და მხურვალე მზრუნველობა არ ემჩნეოდა. ერთ მღვდელზე მითხრეს, აი, ის კარგი, განათლებული, პატიოსანი მღვდელიაო. გავეშურე გასაცნობად. ბევრი მებაასა და სულ ამქვეყნიურ საგნებზე, სადილზე მიმიწვია, საჭმელი სახსნილი იყო, თუმცა მარხვა დღე იყო. ღამეც იქ დავრჩი; ნაშუაღამევს გამომეღვიძა. მღვდლის საწოლი ოთახიდან შემომესმა მტლაშა-მტლუში... ქვრივი კი იყო. მიველ ერთ მოძღვართან; შევხედე და რა დავინახე? - ჩასუქებულა. თვალები დასიებია; ცხვირი გასწითლებია; მისი დარდია, მუცელი გაიძღოს, ღვინით ავისოს, გამხიარულდეს, სიმღერა შემოსძახოს, დრო გაატაროს. უკანასკნელად ვცადე. შეველ ერთს ეკლესიაში, იქნება, იქ ვნახო მწყემსი კეთილი-მეთქი. საკურთხეველში დავდექი. წირვას მღვდელი უსულგულოდ ასრულებდა; წმ. საიდუმლოს მიღების დროს სხვებს ემუსაიფებოდა. იცინოდა კიდეც. ეს კი ვერ მოვითმინე…

არა, ძმებო, ეს არ ვარგა. როგორ დაგვიხუჭავს თვალები? ამისთანა სამღვდელოება თავზე როგორ დაგვისვამს? ხმა ამოვიღოთ; მოვითხოვოთ სამღვდელოების განახლება. ვიყოლიოთ მართლა მოძღვარნი, მართლა სასუფევლის გზის მაჩვენებლნი, და არა გზის ამრევნი; მართლა სულიერნი მამანი, და არა ბიწიერნი სამსახურის კაცნი; მართლა კეთილი ცხოვრებისანი, და არა მძიმე ცოდვებით დატვირთულნი. მაშ, შევუდგეთ სამღვდელოების გასუფთავებას! ხმა… ხმა…! ეკლესიას მარტო მღვდელნი კი არ შეადგენენ, არამედ ერნიცა.