წმიდა ეფრემ ასური

სინანულისათვის

„ნუ განმიყვან უდროოდ ამ სოფლიდან“

„უფალო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე“, რადგან ვუწყი, სახიერო, შეუძლებელია არ წარვსდგე საშინელი და შესაძრწუნებელი სამსჯავროს წინაშე, როცა ცხადად განცხადდება ჩემი ცოდვები ანგელოზთა, მთავარანგელოზთა და ყოველთა დაბადებულთა წინაშე. ჰოი, მოწყალეო, ჩემი ცოდვები გარდამეტებულია და მოტევებისაგან შორს არის, რადგან უმეტეს განვარისხე შენი წმიდა სახელი, ყოველ ცოდვილზე უარესად აღვასრულე დღენი, მრავალი ტალანტის მქონეზე მეტად გავამრავლე ჩემი ცოდვები, მეძავზე მეტად შევაგინე ჩემი სული, ქანანელთა ცოდვებზე გარდამეტებულად დავიმძიმე ჩემი ცოდვების ტვირთი და შეცდომილი, შენდა მიმართ ვღაღადებ - უფალო, მიწყალე მე, რომელმაც შენი წმიდა სახელი განვარისხე, სული შენი წმიდა შევაწუხე, შენი მცნებანი არ დავიმარხე, შენი სიმდიდრე უგულვებელვყავი, სული ჩემი, რომელიც არის ხატი შენი - დანაშაულთა სიმრავლით შევაგინე, ტაძარი შენი, რომელიც არის გვამი ჩემი - უკეთურებით შევამწიკვლე, ჟამნი ჩემნი და დღენი, რომელიც მიბოძე - ცოდვაში გავასრულე, პირი ჩემი, რომელიც შენ განანათლე - ბრალით შევარცხვინე, ბაგენი, რომელიც შენ განწმიდე - უკეთურებით შევაგინე, თვალნი ჩემნი, რომელიც შენ განმინათლე - ცოდვით დავიბნელე. და მე, ვუწყი უფალო, წარვსდგები საშინელი სამსჯავროს წინაშე და განცხადდება ცოდვანი ჩემნი, ვერავინ დამეხმარება, ჩამომაშოროს ისინი და მაშინ - „ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე“.

ჰოი, უფალო, მოწყალეო და მწყალობელო, შენ ჭეშმარიტად უწყი ჩემი დაფარული ცოდვანი, ნუ მამხილებ მე და „ნუ მარცხუენ“. ნუმც განეცხადება ჩემი ცოდვები შენი ანგელოზებისა და კაცთა წინაშე, ნუ სახიერო, „ნუ გულისწყრომითა მამხილებ მე და ნუცა რისხვითა მსწავლი მე“, თუმცა ღირსი ვარ ყოველგვარი სატანჯველისა და გვემისა.

სწავლა შენი ნუ იქნება რისხვით, სახიერო. ვუწყი, მოწყალეო, ავაზაკი გევედრებოდა შენ შენდობას და სამოთხე მიანიჭე მას, მეძავი გულით გთხოვდა და მიანიჭე მას წყალობა მიტევებისა, მეზვერემ გულით შეინანა და განათავისუფლე ცოდვებისაგან. მე არ ვარ მათი მსგავსი, რადგან არა მაქვს მხურვალე ცრემლი, არც სინანული, არც გვამის სიწმიდე, არც სიგლახაკე, არც მოწყალება და სიყვარული. და რა პირით და როგორი კადნიერებით ვითხოვო ცოდვათა მოტევება, რამეთუ მრავალგზის აღგითქვი სინანული და მოგატყუე, მრავალგზის მხურვალედ გევედრე ეკლესიაში, იქედან გამოსული კი ჩემივე ცოდვებს დავუბრუნდი, მრავალგზის შეურაცხგყავი და შემინდე, მრავალგზის განგარისხე და სულგრძელად მომიტევე, მრავალგზის შეგცოდე და როგორც მამამ, სახიერმა, ნუგეში მეცი, მრავალგზის დავეცი და მითხარი - „აღდეგ და მოიქეც ჩემდა და მომეახლე მე“, რადგან ვერ შეძელი შეურაცხგეყო შენი დაბადებული, ვერც შენი ხატი მოიძულე, რომელიც შენი ხელით შექმენი და რომლისთვისაც შენი უბიწო სისხლი დათხიე.

აწ უფალო, ვინაიდან აურაცხელია შენი მოწყალება, მიუთხრობელია შენი სახიერება და გამოუკვლეველია შენი კაცთმოყვარეობა, გევედრები შენ - „ნუ გულისწყრომითა მამხილებ მე და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე“. კვლავაც სულგრძელ იქმენ, ნუ განმიყვან უდროოდ ამ სოფლიდან, ნუ „მომკვეთ მე ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა“, წყალობითა და კაცთმოყვარებითა შენითა მომანიჭე მე სინანული და ნუ განმაშორებ ამ ქვეყანას კეთილ საქმეთაგან განძარცვულს, შენი წყალობით შემიწყალე მე, დაცემული, „რომელი არა ღირს ვარ ზე აღხილვად ყოვლადვე“... განმიღე მე უფალო და ნუ დამიხშავ შენი მოწყალების კარს, შემიწყალე მე, რამეთუ დანთქმულ ვარ მწიკვლოვან გულისთქმებში, „მიწყალე მე უფალო, რამეთუ უძლურ ვარ. მილხინე მე უფალო, რამეთუ შემიძრწუნდეს ძუალნი ჩემნი“ და არ ძალმიძს ზე აღდგომა და მკურნალის მოძიება, არც მტრისაგან გაქცევა. მომიძიე მე, უფალო, რადგან მოხვედი დაკარგული ცხვრების მოსაძიებლად, რამეთუ ჩემი სული შეძრწუნებულია, მოვიდა ჩემი მევალე და მე ცარიელი ვარ, ხელთ არაფერი მიპყრია.

მაცხოვნე მე, უფალო, შენი წმიდა სახელისათვის, რამეთუ თუკი მართალს შეიწყალებ, არ არის საკვირველი, თუკი წმიდას აცხონებ, არ არის დიდი, ჩემისთანა უღირსზე აჩვენე შენი მოწყალება, ნუ ძლევს ჩემი ბოროტება შენს სახიერებას, რამეთუ მიუწვდომელი და გამოუთქმელია შენი საქმენი და ვინც წმიდა გულით შეინანებს შენდა მომართ, მიჰმადლებ შენდობას, რადგან „შენია წყალობა და შენ გშვენის დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“.

წმიდა ეფრემ ასურის „მეექვსე ფსალმუნის განმარტების“
მიხედვით მომზადებულია ნინო გაგოშაშვილის მიერ