წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოძღვრება იდ-სა კვირიაკესა ზედა

იგავი მეფის-ძის ქორწილსა ზედა (მათ. კბ. ბ-იდ.)

იგავით მეფის-ძის ქორწილისათა სახარება დღეს წარკითხული გვასწავებს ჩვენ ყოველთა, ძმანო ქრისტიანენო, ვითარითა სიფრთხილითა და შიშითა ქრისტიანენი უნდა ასრულებდენ ცხოვრებასა თვისთასა, ვინაითგან არცა ერთი მათგანი, რომელნი იყვნენ წოდებულ, არ გამოჰჩნდა ღირს დასწრებად ქორწილსა შინა, არამედ პატივი ესე ეღირსათ სხვათა, რომნელნიცა პირველითგანვე არ იყვნენ წოდებულ.

ემსგავსა სასუფეველი ღვთისა კაცსა მეუფესა, რომელმან ჰყო ქორწილი ძისა თვისისა.

მეფე აქა ნიჰშნავს თვით ღმერთსა, ხოლო ქორწილი მოასწავებს ყოველსა მას განგებულებასა და მოქმედებასა და მადლსა, რომელი ზეციერმან მამამან ჩვენმან იხმარა დასაბამითგან ჩვენისა განათლებისა და ცხოვრებისათვის. გარნა ვინაითგან ღმერთი მამა კაცობრივსა ნათესავსა გამოიხსნის, განანათლებს და აცხოვნებს საშუალობითა ძისა თვისისათა, ამისათვის იგი ქორწილსა ამას უწოდებს ქორწილად ძისა თვისისა.

და წარავლინა მონანი თვისნი... ვინ არიან მონანი, რომელნი ღმერთმან წარავლინა წოდებად ქორწილსა ზედა? იგინი არიან ყოველნი მოძღვარნი წინასწარმეტყველნი, მამათ-მთავარნი, მღვდელნი და მღვდელ-მთავარნი, რომელთაც ღმერთი დასაბამითგან მიანდობდა ქადაგებასა სიტყვისა თვისისა, და მსახურებასა კაცთა ქორწილსა ზედა, ესე იგი ასწავლიდენ, რათა მიიღონ მაცხოვარებითი მადლი, ისარგებლონ მით და შევიდნენ სასუფეველსა ცათასა. გარნა ჩინებულთა მათ არ ინებეს მისვლა. ჩინებული სასუფევლისათვის ღვთისა უწინარეს ყოველთა იყო ტომი ისრაელისა, გარნა ისრაიტელნი ხშირად უარ-ჰყოფდენ მოწოდებასა ღვთისასა.

კვალად წარავლინა სხვანი მონანი და ჰრქვა: არქვით ჩინებულთა მათ... მიჰხედეთ მოწყალებასა და კაცთ-მოყვარებასა ღვთისასა! თუმცა ჩინებული ხშირად უარ-ჰყოფს წოდებასა ღვთისასა, გარნა ღმერთი მაინც არ ივიწყებს მას, კვალად და კვალად უწოდებს მას და შთააგონებს ყოვლითა სახითა და ჰსურს, რათა მიიზიდოს იგი ყოვლითა საშუალობითა. პური ჩემი მზა მიყოფიეს, ზვარაკები და უსხები ჩემი დაკლულ-არიან და ყოველივე სხვა მზა არს, მივედით ქორწილსა ჩემსა. პური, ზვარაკები და უსხები ნიჰშნავენ აქ ყოველსა მას დამატკბობელსა და ნუგეშინის-მცემელსა მადლსა, რომელსაცა ჩინებული მიიღებს საღმრთოსა ქორწილსა შინა მეუფისა ძისა. ესე იგი, სასუფეველსა შინა მისსა.

ხოლო მათ უდებ-ჰყვეს და წარვიდეს რომელიმე თვისსა აგარაკსა და რომელიმე სავაჭროსა თვისსა.

აქ სახარება ცხად-ჰყოფს მიზეზსა, რომლისათვისცა მრავალნი ჩინებულნი უარ-ჰყოფდენ მისვლად ქორწილსა მისსა. მიზეზი იქმნების ის, რომ კაცი უმეტესად შეიყვარებს ანგაარებასა, სოფლის ნუგეშსა და პატივსა, ვიდრე ჩინებულებასა ღვთისასა.

ხოლო სხვათა შეიპყრნეს მონანი მისნი, აგინებდეს და მოსწყვიდნეს. ისრაიტელნი ხშირად იქმოდენ ამას, ესე იგი მრავალთა წინასწარმეტყველთა აგინებდენ, რომელთამე მოჰკვლიდენ და სტანჯვიდენ. ერთობ საკვირველ-არს ესე და დაუჯერებელ! მონანი ღვთისანი, ღვთისაგან მოვლინებულნი უწოდებენ ჩინებულთა ქორწილსა შინა, აღუთქმიდენ მათ დიდსა და გამოუთქმელსა ნუგეშსა და განათლებასა, გარნა ნაცვლად მადლობისა მიიღებდენ გინებასა და შეურაცხებასა. დაუჯერებელი არის ეს, გარნა ახლაცა მოჰხდება ესრეთი მაგალითი მრავალ-გზის.

ხოლო მეფე იგი განრისხნა, ესმა რა ესე... სიტყვათა ამათ შინა მაცხოვარი წინადვე აუწყებდა ურიათა იმ საშინელსა სასჯელსა, რომელიცა მიავლინა მათ ზედა ღმერთმან მერმედ. ვინაითგან მით უარ-ჰყვეს წოდება მისი, მრავალნი წინასწარმეტყველნი მოსწყვიდნეს და ბოლოს თვით ძეცა იგი მეუფისა, რომელი მოუწოდდა მათ საკუთარსა თვისსა ქორწილსა ზედა, მოჰკლეს. ამისათვის, შემდგომად ამაღლებისა ზეცად უფლისა იესო ქრისტესისა, მოჰსრნა იგინი მტერმან და ქალაქი მათი იერუსალიმი, მოსწვა ცეცხლითა.

მაშინ ჰრქვა მონათა თვისთა: ქორწილი ესე მზა არს...

ვინაითგან პირველნი წოდებულნი, ისრაიტელნი, არ იყვნენ ღირს ქორწილისა, ამისათვის უფალმან იესო ქრისტემან უბრძანა მონათა თვისთა, ესე იგი მოციქულთა და მოწაფეთა წარსვლა ყოველთა ქვეყანათა ქადაგებად სიტყვისა ღვთისა და მოწოდებად ყოველთა ტომთა ქორწილსა ზედა, ესე იგი, ქრისტიანულსა ეკკლესიასა შინა.

და განვიდენ მონანი იგი მისნი გზათა ზედა...

მოციქულთა აღასრულეს ბრძანება ღვთისა; მათ მოიარეს ყოველი ქვეყნები, ახარეს ყოველთა მოწოდება ღვთისა, რომელთა ისმინესცა სიტყვა მათი, მიანიჭეს მათ ნათლისღება და შემოიყვანეს ქორწილსა, ესე იგი ეკკლესიასა შინა. აქ, ძმაო ჩემო, მიაქციე საკუთარი ყურადღება სიტყვათა ამათ ზედა.

და შეჰკრიბეს ყოველი, რაოდენი ჰპოვეს ბოროტი და კეთილი. - რად ჰქმნეს ესრეთ მოციქულთა და მოწაფეთა? კეთილთა თანა რად შეჰკრიბეს ბოროტნიცა? მისთვის, რომელ მაცხოვარმან არ მიანდო მათ განრჩევა კეთილისა და ბოროტისა, არამედ ამცნო შეწყნარება ყოველთა, რომელნიცა ისმენდენ სიტყვასა მათსა და ითხოვდენ შესვლასა ქორწილსა მას შინა, და არა დაბრკოლებად მათდა. და ესრეთ ახლაც ოდესცა შენ, ძმაო ჩემო, მოითხოვე მღვდლისაგან, რათა შეგიყვანოს ქორწილსა შინა, ანუ რომელ არს ეკკლესია, ესე იგი მოგანიჭოს ნათლისღება, ანუ ზიარება, ანუ სხვა მაცხოვარებითი მადლი, იგი ვერ დაგიშლის შენ; გარნა უკეთუ შენ არ ხარ ღირს, უკეთუ ხარ ბოროტ, გეშინოდეს. რისა უნდა გეშინოდეს? აჰა რისა:

ხოლო რა შევიდა მეუფე იგი ხილვად მეინახეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე და ჰრქვა მას... (მ. ია, იბ, იგ.).

თუ გსურს შესვლა საღმრთოსა ქორწილსა შინა და ჭამა პურისა მუნ, ესე იგი შესვლა წმიდასა ეკკლესიასა შინა და მიღება ეკკლესიის მადლისა, უნდა გქონდეს სამოსელი საქორწინე; სამოსელი ნიჰშნავს სულიერსა სამკაულსა, ესე იგი სათნოებასა, კეთილ-მოქმედებასა, კეთილს ყოფა-ქცევასა. თუ გაბედე შესვლა ეკკლესიასა შინა, ანუ მიღება ქრისტიანობისა და არ ჰცდილობ შეიმოსო სამოსელი საქორწინე. ოდესმე ღმერთი გკითხავს შენცა: მოყვასო ვითარ შამოხვედ აქა? რაღა პასუხი გექმნება შენ მაშინ? შენ დასდუმდები მაშინ მეუფე ეტყვის მსახურთა: შეუკრენით მაგას ხელნი და ფერხნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა, მუნ იყოს ტირილი და ღრჭენა კბილთა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ.

ღმერთო, მაცხოვარო ჩვენო! განაშორე ჩვენგან სასჯელი ესე და გვეყავ ჩვენცა ყოველნი შორის რჩეულთა შენთა. ამინ.